ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
უფალო, მამაო და მეუფეო ჩემი სიცოცხლისა, ნუ მიმაგდებ მათ ნებაზე და ნუ დაუშვებ, რომ დავეცე მათი წყალობით. |
||
2 | ვინ მიუჩენს წკეპლას ჩემს ზრახვებს და ჩემს გულს სიბრძნის მასწავლებელს, რათა არ დამინდონ ჩემს უმეცრებათა გამო და არ უგულებელყონ ჩემი ცოდვები. | ||
3 | რომ არ გამრავლდეს ჩემი უმეცრებანი და არ გაბევრდეს ჩემი შეცოდებები; არ დავეცე მოწინააღმდეგეთა წინაშე და არა იხაროს ჩემზე მტერმა. | ||
4 | უფალო, მამაო და ღმერთო ჩემი სიცოცხლისა, ამპარტავნულ მზერას ნუ დამანებებ | ||
5 | და ავი ზრახვები განმაშორე. | ||
6 | ნუ დამძლევს ღორმუცელობა და ვნებათაღელვა, და ურცხვ სულს ნუ მიმცემ მე. | ||
7 | ისმინეთ შვილებო, დარიგება ბაგეთათვის, ვინც მას დაიცავს, ცუდი არაფერი შეემთხვევა. | ||
8 | ცოდვილს თავისივე ბაგე შეიპყრობს და ავსიტყვა და თავხედი მასზე წაფორხილდება. | ||
9 | ფიცილს ნუ შეაჩვევ შენს პირს და ჩვევად ნუ გაიხდი წმიდის სახელის ხსენებას. | ||
10 | რადგან როგორც მონას, რომელიც წამდაუწუმ ისჯება, არ მოაკლდება წყლულები, ასევე სულმუდამ მოფიცარი და წმიდის სახელის მხსენებელი ცოდვისგან ვერ განიწმიდება. | ||
11 | მიწყივ მოფიცარი, უსჯულოებით აღივსება და მის სახლს შოლტი არ მოსცილდება; თუკი შესცოდავს, მისი ცოდვა მასთანვე იქნება, და თუკი არად ჩააგდებს, ორმაგად შესცოდავს; ხოლო თუ ტყუილუბრალოდ დაიფიცა, ვერ გამართლდება და მისი სახლი აღივსება უბედურებით. | ||
12 | არის სიტყვა სიკვდილით შემოსილი; ნუ იპოვებოდეს იგი იაკობის მემკვიდრეობაში! რადგან ყოველივე ეს შორს იქნება ღვთისმოსავთაგან და ცოდვებში არ გაებმებიან. | ||
13 | უშვერობას ნუ მიაჩვევ შენს პირს, რადგანაც მასშია მიზეზი ცოდვისა. | ||
14 | გახსოვდეს დედ-მამა, როცა დიდებულთა შორის ზიხარ, რათა თავი არ დაგავიწყდეს მათ წინაშე და ჩვეულების მიხედვით სისულელე არ ჩაიდინო; მაშინ ინატრებ, რომ არ დაბადებულიყავი და შენი დაბადების დღეს დაწყევლი. | ||
15 |
ლანძღვას მიჩვეული ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ გამოსწორდება. |
||
16 | ორი თვისება ცოდვას ამრავლებს, მესამე კი რისხვას მოიწევს. | ||
17 | გახურებული სული, როგორც ანთებული ცეცხლი, მანამ არ ჩაქრება, ვიდრე არ დაილევა. გარყვნილი კაცი თავის ხორციელ სხეულში მანამ ვერ მოისვენებს, სანამ ცეცხლი არ დაწვავს. გარყვნილი კაცისათვის ყველა პური ტკბილია და არ დაცხრება იგი აღსასრულამდე. | ||
18 | თავისი სარეცლის შემცოდე კაცი გულში ამბობს: ვინ მხედავს მე? ჩემს ირგვლივ წყვდიადია და კედლებიც მფარავენ, ვერავინ დამინახავს და რისი უნდა მეშინოდეს? უზენაესი არ გაიხსენებს ჩემს ცოდვებსო. | ||
19 | მას მხოლოდ ადამიანთა თვალები აშინებს და არ იცის რომ უფლის თვალი ათასჯერ ნათელია მზეზე. ის ადამიანთა ყველა გზას ჭვრეტს და დაფარულ ადგილებშიც აღწევს. | ||
20 | მისთვის ყოველივე ცნობილია შექმნამდე და მოწევნადიც აღსასრულის შემდგომ. | ||
21 | იგი ქალაქის ქუჩებში დაისჯება და, სადაც არ მოელის, იქ შეიპყრობენ. | ||
22 | ასევე ქალიც, ქმრის მიმტოვებელი, ვინც მემკვიდრეს უცხოსაგან იყოლიებს. | ||
23 | რადგან, ჯერ ერთი, არ დაემორჩილა უზენაესის კანონს და, მეორეც, შესცოდა თავის ქმრის წინაშე, და, მესამე, ავხორცობით იმრუშა და შვილები დაბადა უცხო კაცისაგან. | ||
24 | გამოიყვანენ მას საკრებულოს წინაშე და მისი შვილების ამბავს გამოიძიებენ. | ||
25 | მისი შვილები ფესვებს ვერ გაიდგამენ და ნაყოფს ვერ გამოიღებენ მისი რტოები. | ||
26 | თავის ხსოვნას საწყევლად დაიტოვებს და არ წარიხოცება სირცხვილი მისი. | ||
27 | დარჩენილები კი მიხვდებიან, რომ არაფერია უფლის შიშზე უმჯობესი და არაფერია უფრო ტკბილი, ვიდრე უფლის მცნებათა ყურად ღება. |