ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე ზირაქისა

თავი ოცდამეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სამით შევიმკე და წარვდექი გამშვენებული უფლისა და კაცთა წინაშე: ძმათა ერთსულოვნებით, მახლობელთა სიყვარულით და ცოლ-ქმართა თანხმობით.

   
2 სამი ჯურის კაცი შეიძულა ჩემმა სულმა და ძალზე შევიძულე მათი ცხოვრება: ქედმაღალი ღატაკი, მატყუარა, მდიდარი და მოხუცი მრუში, ჭკუანაკლული.    
3 თუ სიჭაბუკეში ვერ შეაგროვე, როგორღა შეიძენ შენი სიბერის ჟამს.    
4 რარიგ შეშვენით ხანდაზმულთ განკითხვა და მოხუცებულთ მოცემა რჩევისა!    
5 რარიგ უხდება მოხუცებს სიბრძნე და დიდებულებს აზრი და რჩევა!    
6 მოხუცთა გვირგვინია მრავალნაცადობა და მათი სიამაყე - უფლის შიში.    
7 ცხრა ფიქრით დავიამე გული და მეათეს ენით ვიტყვი: კაცი, შვილებში გახარებული და თავის სიცოცხლეშივე მტერთა დაცემის მომსწრე.    
8 ნეტარია, ვინც გონიერ ქალთან ცხოვრობს, ვინც არ შესცოდა ენით და თავისზე უღირსს არ ემსახურა.    
9 ნეტარია, ვინც სიბრძნე მოიხვეჭა და მიუთხრობს მას ყურადმღებელთ.    
10 ხომ დიდია სიბრძნის მომხვეჭელი, მაგრამ უფლის მოშიშზე დიდი არავინაა.    
11 უფლის შიში ყოველივეს აღემატება; მის მქონებელს ვინ შეედრება?    
12 ყოველგვარი ჭრილობა დაითმინება, მაგრამ არა ჭრილობა გულისა; ყოველი სიავე, მაგრამ არა სიავე ქალისა.    
13      
14

ყოველი თავდასხმა, ოღონდ არა თავდასხმა მოძულეთა, და ყოველი შურისძიება, ოღონდ არა შურისძიება მტერთა.

   
15 არ არსებობს თავი უფრო შხამიანი, ვიდრე თავი უხსენებლისა და არ არსებობს გულისწყრომა უფრო დიდი, ვიდრე გულისწყრომა მტრისა.    
16 უმალ ლომთან და ურჩხულთან ერთად ვიცხოვრებდი, ვიდრე ავ ცოლთან.    
17 სიავე ქალს გამომეტყველებას უცვლის და დათვის სახესავით უბნელებს სახეს.    
18 მისი ქმარი დაჯდება მახლობელთა შორის და მოსმენისას მწარედ ამოიხვნეშებს.    
19 ვერარა ბოროტება ვერ მოვა ქალის ბოროტებასთან - ცოდვილის ხვედრი დაატყდება მას.    
20 რაღა მოხუცის ფეხებისთვის ქვიშიან აღმართზე სიარული და რაღა ანჩხლი ცოლი მშვიდი კაცისთვის.    
21 ნუ უთვალთვალებ ქალის სილამაზეს და ქალისადმი ვნებას ნუ აყვები.    
22 საწყრომია უპატიობა და დიდი სირცხვილი, როცა ცოლი ბატონობს ქმარზე.    
23 დამდაბლებული გული, სევდიანი სახე და გულის ჭრილობაა ავი ცოლი; დაშვებული ხელები და დაუძლურებული მუხლები, თავის ქმარს რომ არ აბედნიერებს.    
24 ქალისაგანაა სათავე ცოდვისა და მის გამო ვიხოცებით ყველანი.    
25 ნუ მისცემ წყალს გასავალს და სიტყვის უფლებას ავ დედაკაცს.    
26 თუ შენი ხელით ვერ წარმართე, მოიკვეთე იგი შენგან.