ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე ზირაქისა

თავი ოცდამეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ბევრმა შესცოდა წვრილმანთა გამო, სიმდიდრის მძებნელი კი თვალს მოარიდებს.

   
2 მიჯრილ ქვებს შორის ლურსმანი ჩაერჭობა, ასევე ყიდვა-გაყიდვაში ცოდვა შეიჭრება.    
3 უკეთუ კაცი მტკიცედ და ბეჯითად არ არის ღვთის შიშში, სწრაფად დაემხობა მისი სახლი.    
4 საცრის შერხევისას ნაგავი რჩება, ასევე კაცის უწმინდურობანი - მისი მსჯელობისას.    
5 თიხის ჭურჭელს ღუმელი გამოცდის, ხოლო კაცს მისი საუბარი.    
6 ხის მოვლა-პატრონობას ნაყოფი წარმოაჩენს, ადამიანის გულის ზრახვებს კი - სიტყვა.    
7 ნუ შეაქებ კაცს საუბრის დაწყებამდე, რადგან ეს არის ადამიანის გამომცდელი.    
8 თუკი სიმართლეს მისდევ, მისწვდები კიდევაც და შეიმოსავ მას, როგორც დიდების შესამოსელს.    
9 ფრინველნი თავიანთ მსგავსებთან სხდებიან და სიმართლეც იმათ დაუბრუნდება, რომელნიც მისით მოქმედებენ.    
10 როგორც ლომი უსაფრდება ნადავლს, ასევე ცოდვა - უსამართლობის ჩამდენთ.    
11

საუბარი ღვთისმოსავისა მუდამ სიბრძნეა, უგუნური კი მთვარესავით იცვლება.

   
12 უმეცრებთან დროს ნუ დაკარგავ, არამედ გონიერთა შორის დაყავი ხანი.    
13 ბრიყვთა საუბარი აუტანელია; მათი სიცილი ცოდვით თავის შექცევაა.    
14 მრავალმოფიცარის ყბედობა თმას ყალყზე აყენებს და მათი კამათი ყურთასმენას ახშობს.    
15 ქედმაღალთა ჩხუბი სისხლისღვრაა და მათი ლანძღვა - მძიმე მოსასმენი.    
16 საიდუმლოს გამცემი ნდობას დაკარგავს და სულის მეგობარს ვერასოდეს იპოვის.    
17 გიყვარდეს მეგობარი და იყავი ერთგული მისი, ხოლო თუ მის საიდუმლოებას გააცხადებ, ნულარ დაედევნები უკან.    
18 რადგან როგორც კაცი კლავს თავის მტერს, ასევე მოკალი შენ მახლობლის მეგობრობა.    
19 თითქოსდა ჩიტი გაგეშვას ხელიდან, ისე დაკარგე მახლობელი და ვეღარ მოინადირებ მას.    
20 ნუღარ დაედევნები, რადგანაც იგი შორს გაგიდგა და გაგექცა, როგორც შველი ხაფანგისაგან.    
21

რადგან შეიძლება ჭრილობის შეხვევა და შერიგება ჩხუბის შემდეგ, მაგრამ ვინც საიდუმლო გაამჟღავნა, შერიგების იმედიც დაკარგა.

   
22 ვინც თვალით ანიშნებს, ის ხრიკებს აწყობს და ვერავინ დააბრკოლებს მას.    
23 შენს თვალწინ ენას დაითაფლავს და გაიკვირვებს შენს სიტყვებს, ბოლოს კი შეირყვნის პირსაც და შენს სიტყვებშიც საცთურს აღმოაჩენს.    
24 ბევრი რამ შევიძულე, მაგრამ მის მსგავსად არავინ! და უფალიც შეიძულებს მას.    
25 ქვის მაღლა მსროლელი თავის თავს ესვრის და მზაკვრული დარტყმა ჭრილობას გახსნის.    
26 ორმოს მთხრელი თვითონვე ჩავარდება მასში და მახის დამგებიც თვითონვე გაებმება.    
27 ვინც ბოროტებას სჩადის, მასვე მიუბრუნდება და ვერც გაიგებს, საიდან დაატყდა თავს.    
28 ამპარტავნის საქმე დაცინვა და ლანძღვაა, მაგრამ შურისგება ჩასაფრებული ლომივით ელოდება მას.    
29 ღვთისმოსავთა დაცემის მოხარულნი მახეში გაებმებიან და სატკივარი სიკვდილამდე მოინელებს მათ.    
30 რისხვაც და წყრომაც სისაძაგლეა და ცოდვილი კაცი მათი მფლობელი იქნება.