ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე ზირაქისა

თავი ოცდამერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

შურისმგებელი შურისგებას უფლისაგან იპოვის: ის ადევნებს თვალყურს მის ცოდვებს.

   
2 მიუტევე უსამართლობა შენს მახლობელს და მაშინ ვედრებისას შენც მიგეტევება შენი ცოდვები.    
3 ადამიანი ადამიანზეა გამწყრალი, უფლისგან კი ეძიებს განკურნებას.    
4 თავის მსგავს ადამიანს ვერ უთანაგრძნობს და საკუთარ ცოდვათა გამო კი ივედრება.    
5 თავადაც ხორციელი ბოღმას ინახავს და ვინ განწმიდოს იგი ცოდვებისგან?    
6 გაიხსენე აღსასრული და შეწყვიტე მტრობა; გახსოვდეს გახრწნა და სიკვდილი, და მცნებანი დაიცავი.    
7 მცნებები გაიხსენე და მახლობელზე ნუ განრისხდები; უზენაესის აღთქმა გახსოვდეს და უგუნურება მოიძულე.    
8 თავი შეიკავე ჩხუბისგან და ცოდვებს შეიმცირებ, რადგანაც გულფიცხი კაცი ჩხუბს დაანთებს.    
9 ცოდვილი კაცი მეგობრებში შფოთს შეიტანს და მშვიდად მცხოვრებთა შორის შუღლს ჩამოაგდებს.    
10 როგორიცაა შეშა, ისეთი გაჩაღდება ცეცხლიც; როგორიცაა ჩხუბის საფუძველი, ისეთი გაჩაღდება ჩხუბიც; როგორიც არის კაცის ძალა, ისეთივე იქნება მისი გულისწყრომა; რა ქონების პატრონიცაა იგი, ისე აიწევს მისი რისხვა.    
11 ცხარე შუღლი ცეცხლს აღაგზნებს, ცხარე ჩხუბისგან კი სისხლი დაიღვრება.    
12 ნაკვერცხლებს შეუბერავ და გაჩაღდება, დანერწყვავ და ჩაქრება; ორივე შენი პირიდან გამოდის.    
13 წყეულიმც იყოს დამსმენი და ცილისმწამებელი, რადგან ბევრი მშვიდობიანი ხალხები დაღუპეს.    
14

მესამე ენამ ბევრი შეარყია და დევნა ისინი ხალხიდან ხალხში; მტკიცე ქალაქები დაარღვია და დიდებულთა სახლები დაამხო.

   
15 მესამე ენამ ქველი დედაკაცები განდევნა და მოწყვიტა ისინი თავიანთ ნაჯაფარს.    
16 მოსვენებას ვერ იპოვის ჭორის მსმენელი და მშვიდად ვერ იცხოვრებს.    
17 შოლტის ცემა წყლულებს აჩენს, ენით ცემა კი ძვლებს შემუსრავს.    
18 მრავალნი დაეცნენ მახვილისგან, მაგრამ უმრავლესნი ენით.    
19 ბედნიერია, ვინც მისგან დაიცვა თავი, ვისაც არ დაატყდა მისი რისხვა, ვინც არ ათრია მისი უღელი და მისი ბორკილებით არ შეიკრა.    
20 რადგანაც უღელი მისი რკინის უღელია და ბორკილები მისი - სპილენძის ბორკილები.    
21 ავი სიკვდილია მისი სიკვდილი და ჯოჯოხეთიც კი უკეთესია მასზე.    
22 ვერ ეწევა იგი ღვთისმოსავებს და არ დაიწვებიან ისინი მისი ალით.    
23 უფლის მიმტოვებელნი კი დაექანებიან მისკენ და გაჩაღდება იგი მათ შორის, და აღარ ჩაქრება. მოევლინებათ მათ, როგორც ლომი და როგორც ჯიქი გაანადგურებს მათ.    
24 იცოდე, ეკლით მოზღუდე შენი ქონება და შეკარი შენი ოქრო-ვერცხლი.    
25 სასწორ-საზომი მიუჩინე შენს სიტყვებს და კარი და საკეტი გაუკეთე შენს პირს.    
26 უფრთხილდი, არ წაიბორძიკო მის გამო და მომნადირებელის წინ არ დაეცე.