1 |
წყალობის გამღები სესხს აძლევს მახლობელს და თავისი ხელით მისი მომაღონიერებელი
მცნებათა დამცველია.
|
|
|
2 |
ასესხე მახლობელს მისი გასაჭირის ჟამს და თავადაც დროზე
დაუბრუნე ვალი. |
|
|
3 |
მტკიცედ დაიცავი სიტყვა, მისი ერთგული იყავი და ყოველ
ჟამს იპოვი შენთვის საჭიროს. |
|
|
4 |
ბევრმა მიიჩნია სესხი ნაპოვნად და ტანჯვაში ჩააგდო თავისი
შემაწევარნი. |
|
|
5 |
ვიდრე მიიღებდეს, ხელებს დაუკოცნის მას და მახლობლის
ფულზე ლაპარაკისას ხმას დაუწევს, გადახდისას კი დროს გააჭიანურებს,
დაუდევრად გასცემს პასუხს და დროს მოიმიზეზებს. |
|
|
6 |
თუკი შეძლებს გადახდას, ნახევარს ძლივს მიუტანს და
მსესხებელს ნაპოვნად ჩაეთვლება; თუ არა და, დაუკარგავს თავისი ფული და
ტყუილუბრალოდ მტერიც შეუძენია, რადგანაც წყევლას და გინებას შეუთვლიან და
ნაცვლად პატივისა უპატიობას მიაგებენ. |
|
|
7 |
ამგვარი ვერაგობის გამო მრავალნი უარს ამბობენ სესხებაზე.
ეშინიათ, ტყუილუბრალოდ არ იზარალონ. |
|
|
8 |
მაგრამ ღარიბის მიმართ სულგრძელი იყავი და მოწყალებას ნუ
დაუგვიანებ. |
|
|
9 |
შეეწიე გლახაკს მცნებისამებრ და გასაჭირში მყოფს
ხელცარიელს ნუ გაუშვებ. |
|
|
10 |
დახარჯე ვერცხლი ძმისა და მეგობრის გულისათვის და ნუ დაჟანგავ მას ლოდის ქვეშ
დასაღუპავად. |
|
|
11 |
შენი საუნჯე უზენაესის მცნებისამებრ დააწყვე და ოქროზე
მეტ სარგებლობას მოგიტანს. |
|
|
12 |
სამადლოდ გასაცემი შენს საგანძურში დააგროვე და იგი გიხსნის ყოველგვარ გასაჭირში, |
|
|
13 |
და მტკიცე ფარზე და მძიმე შუბზე უკეთ დაგიცავს მტრისგან. |
|
|
14 |
კეთილი კაცი მახლობელს თავდებად დაუდგება,
სირცხვილდაკარგული კი მიატოვებს. |
|
|
15 |
ნუ დაუკარგავ თავდებობის მადლს, რადგან შენთვის გასცა მან თავისი სიცოცხლე.
|
|
|
16 |
თავმდების დოვლათს დაავსებს ცოდვილი და უმადური თავის
მხსნელს მიატოვებს. |
|
|
17 |
თავდებობამ ბევრი შეძლებული დაღუპა და, როგორც ზღვის
ტალღამ, შეარყია. |
|
|
18 |
სახლიდან განდევნა ძლიერი ვაჟკაცები და უცხო ტომებში
ახეტიალა. |
|
|
19 |
ცოდვილი, თავდებობის მტვირთველი და მოგებას
გამოდევნებული, სასჯელს იტვირთავს. |
|
|
20 |
შეეწიე მახლობელს შენი შეძლებისამებრ და უფრთხილდი, რომ
თავადაც არ ჩავარდე. |
|
|
21 |
დასაბამი სიცოცხლისა წყალი და პურია, სამოსელი და სახლი
კი - სირცხვილის დამფარველი. |
|
|
22 |
ფიცრულში ერჩიოს ღატაკს ცხოვრება უცხოთა შორის ბრწყინვალე
ნადიმებს. |
|
|
23 |
მცირედითაც და დიდითაც მადლიერი იყავი და სახლეულის
საყვედურს არ მოისმენ. |
|
|
24 |
ცუდია სიცოცხლე სახლიდან სახლამდე ხეტიალში; სადაც ხიზნად
ხარ, პირს ვერ გააღებ. |
|
|
25 |
უმასპინძლებ და ასვამ უმადლოდ და, ამასთან ერთად,
მწარესაც მოისმენ. |
|
|
26 |
მოდი აქ, გადამთიელო, სუფრა გაშალე და, თუ რამე გაქვს,
მეც მაჭამეო. |
|
|
27 |
დაუთმე ადგილი, გადამთიელო, პატივსაცემ კაცს, ძმა
მესტუმრა და სახლი მჭირდება. |
|
|
28 |
მძიმეა ეს მგრძნობიარე კაცისათვის: თავშესაფრის დამადლება
და სესხის დაყვედრება. |
|
|