ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე ზირაქისა

თავი ოცდამეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ფხიზლობა სიმდიდრის გამო ხორცს განლევს და მასზე ზრუნვა ძილს აფრთხობს.

   
2 ფხიზელი ზრუნვა რულს განაგდებს და მძიმე სნეულებას ძილი მიაქვს.    
3 დაშვრება მდიდარი დოვლათის მოხვეჭაში და განსვენების ჟამს გულსაც მოიჯერებს ნაჭირნახულევით.    
4 დაშვრება ღატაკი ცხოვრების სიდუხჭირეში და განსვენების ჟამსაც ღატაკად დარჩება.    
5 ოქროს მოყვარული ვერ გამართლდება და ფულის მადევარს მისივე წყალობით აერევა გზა-კვალი.    
6 მრავალნი დაეცნენ ოქროს გულისთვის და მათსავე თვალწინ მოხდა მათი დამხობა.    
7 იგი შებრკოლების ძელია მისით აღტაცებულთათვის და ყოველი უგუნური შეიპყრობა მისით.    
8 ბედნიერია მდიდარი, რომელიც უმწიკვლო აღმოჩნდა და რომელიც უკან არ გამოდგომია ოქროს.    
9 ვინ არის იგი? ნეტარად შევრაცხავთ მას, რადგან სასწაულები მოახდინა თავის ხალხში.    
10 ვინ გამოიცადა ოქროთი და მაინც უმწიკვლო დარჩა? იყოს ეს მისთვის საამაყო. ვინ იყო, რომ შეეძლო ცოდვის ქმნა და არ შესცოდა? ბოროტება ჩაედინა და არ ჩაიდინა?    
11 მყარი იქნება მისი ქონება და მის მოწყალებებს გამოაცხადებს საკრებულო.    
12 მდიდრულ სუფრას მიუჯექი? ნუ დააღებ პირს და ნუ იტყვი: რა უხვი სუფრააო.    
13 გახსოვდეს, რომ ცუდია ხარბი თვალი. თვალზე უფრო გაუმაძღარი რა შექმნილა? ამიტომაც მისტირის ყველაფერს, რასაც კი ხედავს.    
14 საითკენაც გაიხედავს, ხელს ნუ გაიწოდებ, და ლანგარზე ნუ შეეხლები მეზობლის ხელს.    
15 მახლობელზე საკუთარი თავის მიხედვით იმსჯელე და ყოველ საქმეს დაუფიქრდი.    
16

როგორც კაცმა, ისე შეჭამე, რაც წინ გიწყვია და ნუ იცოხნები, რომ არ შეგიძაგონ.

   
17 პირველმა შეწყვიტე ჭამა ზრდილობის გამო და გაუმაძღარი ნუ იქნები, რომ არასოდეს ჩავარდე საცთურში.    
18 თუ მრავალთა შორის დაჯდები, ხელს პირველი ნუ გაიწოდებ.    
19 კარგად აღზრდილი კაცი მცირედსაც იკმარებს და საწოლზე ქშენას არ მოჰყვება.    
20 ჯანსაღი ძილი ზომიერ კუჭზეა; დილით ადრე ადგება და მასთანაა მისი სული. გაუმაძღარ კაცს კი უძილობა, ქოლერა და მუცლის გვრემა გასტანჯავს.    
21 სასმელ-საჭმელი თუ დაგამძიმებს, სუფრიდან ადექი და შეისვენე.    
22 მისმინე, შვილო, და ნუ უგულებელმყოფ მე და ბოლოს დააფასებ ჩემს სიტყვებს. ყველა შენს საქმეში სიფრთხილით იყავი და არავითარი ისინი არ შეგეყრება.    
23 პურადს ბაგენი დალოცავენ და მოწმობა მისი სიკეთისა სარწმუნოა.    
24 პურადძვირზე ქალაქი დრტვინვას დაიწყებს და მტკიცება მისი სიავისა სწორია.    
25 ღვინოში ნუ ივაჟკაცებ, რადგან ღვინოს ბევრი დაუღუპავს.    
26 ფოლადის სიმტკიცეს ქურა გამოცდის, ქედმაღალთა გულებს კი - ღვინო ჩხუბში.    
27 კაცთა სიცოცხლისთვის ღვინო საჭიროა, თუკი მას ზომიერად შესვამენ. რა არის სიცოცხლე ღვინის გარეშე? იგი ხომ კაცთა სასიხარულოდ შეიქმნა.    
28 გულის სიხარული და სულის შვებაა ზომიერად და დროის შესაფერისად შესმული ღვინო.    
29 სულის სიმწარეა ბევრი ღვინის სმა შფოთში და ჩხუბში.    
30 სიმთვრალე აშმაგებს ბრიყვს თავის საზიანოდ, ართმევს ძალასა და ჭრილობებს აყენებს.    
31 ნუ ამხილებ მახლობელს ნადიმზე ღვინის სმისას და მხიარულებაში მყოფს ნუ დაამცირებ; ნუ დაუწყებ საყვედურს და თხოვნით ნუ შეაწუხებ.