ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
დიდი ჯაფაა გაჩენილი ყოველი ადამიანისთვის და მძიმეა ადამის ძეთა უღელი დღიდან მათი გამოსვლისა დედის მუცლიდან იმ დღემდე, როცა ყოველთა დედას უბრუნდებიან. |
||
2 | აფიქრებს ადამიანს და შიშსა ჰგვრის წინათგრძნობა და აღსასრულის დღე, | ||
3 | დიდებულ ტახტზე მჯდომარედან დაწყებული მიწად და ნაცრად დამდაბლებულამდე, | ||
4 | ძოწეულისა და გვირგვინის მატარებლიდან ჯვალოთი შემოსილამდე; ყველასთანაა გულისწყრომა და ეჭვი, შფოთი და მღელვარება, სიკვდილის შიში, ცოფი და მტრობა. | ||
5 | საწოლზე მოსვენების ჟამს ღამის ძილი აშფოთებს მის გონებას. | ||
6 | მცირე ხნით ან, თითქმის, არასოდეს ისვენებს; ამიტომაც ძილშიაც ისევე ფხიზლობს, როგორც დღისით და შეძრწუნებულია მოჩვენებებით ბრძოლის ველიდან გაქცეულის მსგავსად. | ||
7 | უსაფრთხოების ჟამს გაიღვიძებს და გაოცდება, რომ საშიში არაფერია. | ||
8 | ასე ემართება ყველა ხორციელს ადამიანიდან პირუტყვამდე, ცოდვილებს კი შვიდჯერ უფრო მეტად. | ||
9 | სიკვდილი და სისხლი, შუღლი და მახვილი, განსაცდელი და შიმშილი, მწუხარება და მათრახი - | ||
10 | ყოველივე ეს შექმნილია ურჯულოთათვის და წარღვნაც მათ გამო მოხდა. | ||
11 |
ყველაფერი, რაც მიწისგანაა, მიწადვე მიიქცევა, და რაც წყლისგანაა, ზღვასვე უბრუნდება. |
||
12 | შეიმუსრება ყველა ქრთამი და უსამართლობა, რწმენა კი იდგომება სამარადჟამოდ. | ||
13 | უსამართლოთა ქონება ხევივით ამოშრება და, მსგავსად ძლიერი ქუხილისა თავსხმაში დაიგრგვინებს. | ||
14 | ვინც ხელგაშლილია, გაიხარებს, დამნაშავენი კი საბოლოოდ წარწყმდებიან. | ||
15 | უღვთოთა შთამომავლობა რტოებს ვერ გაიმრავლებს და უწმიდური ფესვები სალ კლდეზე ექნებათ. | ||
16 | წყლისა და მდინარის ნაპირთა ისლი ყველა ბალახზე უწინ აღმოიფხვრება. | ||
17 | მადლი სამოთხესავით კურთხეულია და მოწყალება საუკუნოდ დარჩება. | ||
18 | თავისი თავის მოიმედის და მშრომელის სიცოცხლე ტკბილია, მაგრამ განძის მპოვნელი ორივეს სჯობია. | ||
19 | შვილები და ქალაქის გაშენება სახელს ამკვიდრებენ, მაგრამ უმწიკვლო ცოლი ორივეს სჯობია. | ||
20 | ღვინო და მუსიკა ახარებს კაცის გულს, მაგრამ სიბრძნის სიყვარული ორივეს სჯობია. | ||
21 |
სალამური და ბარბითი ტკბილ ჰანგს გამოსცემენ, მაგრამ ტკბილი ენა ორივეს სჯობია. |
||
22 | მადლი და სილამაზე თვალს იტაცებს, მაგრამ მწვანე ჯეჯილი ორივეს სჯობია. | ||
23 | მეგობარი და ამხანაგი დროდადრო ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ ცოლ-ქმრის ერთად ყოფნა ორივეს სჯობია. | ||
24 | ძმები და შემწეობა - გასაჭირის ჯამს, მაგრამ მოწყალება იხსნის ორივეზე მეტად. | ||
25 | ოქრო და ვერცხლი ფეხს მყარად ადგმევინებს, მაგრამ კეთილი რჩევა ორივეზე საიმედოა. | ||
26 | ქონება და ძალა გულს ამაღლებენ, მაგრამ ორივეზე უფრო - შიში უფლისა; არ იქნება უფლის მოშიშის დამარცხება და არ სჭირდება მას მფარველის ძებნა. | ||
27 | უფლის შიში კურთხევის სამოთხეა, ყოველგვარ დიდებაზე მეტად შემოსავს მას. | ||
28 | შვილო, მათხოვრის ცხოვრებით ნუ იცხოვრებ, რადგან მათხოვრობას სიკვდილი სჯობია. | ||
29 | სხვისი სუფრის შემყურე კაცის ცხოვრება რა ცხოვრებაა - იგი ბილწავს თავის სულს სხვისი საჭმელით; გონიერი და ზრდილი კაცი კი თავს დაიცავს ამისგან. | ||
30 | ურცხვის პირში სათხოვარი თითქოსდა ტკბება, მაგრამ შიგნეულში კი ცეცხლად ინთება. |