ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე ზირაქისა

თავი ორმოცდამეერთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ო, სიკვდილო, რა მწარეა შენი გახსენება ადამიანისთვის, რომელიც მშვიდად ცხოვრობს თავის სიმდიდრეში! უზრუნველი და ყოველმხრივ ბედნიერი კაცისთვის, ვისაც კიდევ შეუძლია საჭმლის ჭამა.

   
2 ო, სიკვდილო, მშვენიერია შენი განაჩენი გაჭირვებული, დაუძლურებული ადამიანისთვის, მიხრწნილისთვის და ყოველივეზე ზრუნვით გამწარებულისთვის, სასოწარკვეთილისთვის და თმენადაკარგულისთვის!    
3 ნუ გეშინია სიკვდილის განაჩენისა, გაიხსენე შენი წინაპრები და შენი მომავალნი.    
4 ეს სასჯელია უფლისგან ყოველი ხორციელისთვის და როგორ უარყოფ მას, რაც უზენაესს ესათნოება. რა ათი, რა ასი, რა ათასი წელი - არ აღირიცხება სულეთში სიცოცხლის ჟამი.    
5 ცოდვილთა შვილები საძაგლები არიან და ურჯულოებთან ერთად სახლდებიან.    
6 ცოდვილთა შვილების მემკვიდრეობა განადგურდება და მათი შთამომავლობა სამუდამოდ სირცხვილში იქნება.    
7 ურჯულო მამას შვილები გაკიცხავენ, რადგან მის გამო ჩაცვივდნენ სირცხვილში.    
8 ვაი თქვენდა, ურჯულო კაცნო, რომელთაც უზენაესი ღვთის რჯული დაგიგდიათ!    
9 როცა იბადებით, შესაჩვენებლად იბადებით, და როცა კვდებით, შეჩვენებაა თქვენი ხვედრი.    
10 ყოველი, რაც მიწისაგანაა, მიწადვე მიიქცევა, ასევე ურჯულონიც - შეჩვენებიდან წარწყმედისკენ.    
11 ადამიანები თავიანთ სხეულებს იგლოვენ, ხოლო ცოდვილთა უკეთური სახელიც კი წარიხოცება.    
12 იზრუნე სახელზე, რადგან იგი უფრო დიდხანს იქნება შენთან, ვიდრე ოქროს ათასი დიდი საგანძური.    
13 კარგი ცხოვრების დღეები დათვლილია, კარგი სახელი კი საუკუნოდ რჩება.    
14

დაიცავით, შვილებო, მცნება და მშვიდობით იყავით. დაფარული სიბრძნე და უჩინარი განძი - რა სარგებლობაა ამ ორისგან?

   
15 თავისი სისულელის დამფარველი კაცი სჯობს კაცს, თავისი სიბრძნის დამფარველს.    
16 ამიტომაც ყურადიღეთ ჩემი სიტყვები: ყოველგვარი სირცხვილის შენახვა როდია კარგი, და ყველაფერი ყველას მიერ ჭეშმარიტებით როდი ფასდება.    
17 გრცხვენოდეთ გარყვნილებისა დედ-მამის წინაშე და სიცრუისა წინამძღოლის და მეუფის წინაშე;    
18 შეცოდებისა მსაჯულისა და მთავრის წინაშე და ურჯულოებისა საკრებულოსა და ხალხის წინაშე;    
19 უსამართლობისა ნაცნობისა და მეგობრის წინაშე და ქურდობისა იმ ადგილზე, სადაც ცხოვრობ;    
20 გრცხვენოდეთ ღვთის სიმართლისა და აღთქმისა, და პურ-მარილზე იდაყვთა დაყრდნობისა,    
21 მოტყუებისა სესხება-მიცემისას და დუმილისა მომსალმებლის წინაშე,    
22 მეძავი ქალის ცქერისა და ნათესავისგან პირის შექცევისა,    
23 წილისა და ძღვენის წართმევისა და გულისთქმისა გათხოვილი ქალის მიმართ,    
24 არშიყობისა საკუთარ მხევალთან (და ახლოს არ გაეკარო მის საწოლს),    
25 მეგობრებისთვის დასაყვედრებელი სიტყვებისა (და გაცემის შემდეგ ნუღარ დაამადლით);    
26 გრცხვენოდეთ ჭორის გამეორებისა და დაფარულ სიტყვათა გამჟღავნებისა.    
27 იყავი ჭეშმარიტად მორცხვი და ყოველი ადამიანის სიყვარულს მოიპოვებ.