ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე ზირაქისა

თავი ორმოცდამესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

უზენაესი სიდიადეა მოწმედილი ცამყარი - სახე ზეცისა დიდების ხილვაში.

   
2 საკვირველი ქმნილება - მზე, შემოქმედება უზენაესისა, გამოჩნდება თუ არა, ამოსვლისთანავე, აცხადებს თავს.    
3 თავის შუადღისას უხმობს იგი ქვეყანას და მის მცხუნვარებას წინ ვინ დაუდგება?    
4 ქურას ახურებენ ნაკეთობათა გამოსადნობად, მაგრამ მზე სამგზის ბუგავს მთებს; ცეცხლის ალმურის აღმომსუნთქველია და თვალებს ჭრის ბრწყინვალე სხივებით.    
5 დიდია უფალი, მისი შემქმნელი, ვისი სიტყვითაც ისწრაფვის თავის სარბიელზე.    
6 მთვარეც ყველას უჩვენებს თავის დროზე ჟამს და საუკუნის ნიშნებს.    
7 მთვარისგანაა ნიშნები დღესასწაულისა, მისი ნათელი იკლებს გავსების შემდეგ.    
8 თვე მისი სახელით იწოდება; საკვირველად იზრდება ცვალებადობაში, ზეციურ მხედრობათა საჭურველი, ცის მყარზე მანათობელი.    
9 ცის მშვენება ვარსკვლავთა დიდებაა, სხივოსანი სამკაული უფლის ზესკნელში.    
10 წმიდის სიტყვით დგანან მწყობრად და არ იღლებიან თავიანთ სადარაჯოზე.    
11 შეხედე ცისარტყელას და აკურთხე შემქმნელი მისი, უმშვენიერესია თავისი ელვარებით.    
12

დიდებული რკალებით გარს ერტყმის ზეცას; უზენაესის ხელმა გადაჭიმა იგი.

   
13 თავისი განგებით მოავლენს თოვლს და ჩააქრობს ელვა მისი მსჯავრისა.    
14 ამისთვის გაიხსნენ საგანძურნი და გამოფრინდნენ ღრუბლები, როგორც ფრინველები.    
15 თავისი სიდიადით შეამკვრივა ღრუბლები და დაიმსხვრნენ სეტყვის ლოდები.    
16 მისი მზერისგან მთები ირყევიან და მისი ნებით ქრის სამხრეთის ქარი.    
17 მისი ქუხილის ხმა ათრთოლებს დედამიწას, ასევე ჩრდილოეთის ქარიშხალიცა და გრიგალიც.    
18 ჩამოჰყრის თოვლს თავქვე დაშვებული ფრინველების მსგავსად და კალიასავით ეფინება მიწას; მისი სისპეტაკის სილამაზე აოცებს თვალს და გულს იტაცებს მისი ბარდნა.    
19 მოაფრქვევს მიწაზე ჭირხლს მარილივით და გაყინვისას ეკალივით წაიმახება.    
20 დაბერავს ცივი ქარი ჩრდილოეთისა და წყალი ყინულად იქცევა; დაფარავს წყლის ყოველ შესაკრებელს და აბჯარივით შემოსავს წყალს.    
21 გადაჭამს მთებს და უდაბნოს ბუგავს და ცეცხლივით გადატრუსავს ბალახს.    
22 მაგრამ ყველაფრის სწრაფი მკურნალია ნისლი, ჩამოყრილი ცვარი აგრილებს ხორშაკს.    
23

თავისი ბრძანებით დააცხრო უფსკრული და აღმოაცენა მასზე კუნძულები.

   
24 ზღვაოსნები მოგვითხრობენ იქაურ განსაცდელზე და გვაოცებს, რასაც ჩვენი ყურებით ვისმენთ.    
25 იქ არის უცნაურობანი და საკვირველებანი - ყოველგვარი ჯურის ცხოველი და ზღვის ურჩხულნი.    
26 მისი წყალობით გზას იგნებს მისი მაცნე და მისი სიტყვით ყოველივე ერთიანდება.    
27 ბევრს ვილაპარაკებთ და ვერ გავსწვდებით, დავასკვნით მხოლოდ: ყველაფერია იგი.    
28 საიდან მოვიცეთ ძალა მის სადიდებლად? რადგან ყველა თავის ქმნილებაზე დიდია.    
29 საშიშია უფალი და დიდზე დიდი, საკვირველია მისი მეუფება.    
30 უფლის მადიდებლებმა აამაღლეთ იგი, რამდენადაც შეძლებთ, და მაინც უფრო აღმატებული იქნება. მოიკრიბეთ ძალა მისმა აღმაზევებლებმა, მაგრამ ნუ დაშვრებით, რადგან მაინც ვერ მიაღწევთ.    
31 ვის უხილავს იგი და აღუწერია? და ვის განუდიდებია იმგვარად, როგორიც არის?    
32 ბევრი რამ არის დაფარული ამაზე უფრო დიდი, ჩვენ კი მხოლოდ მცირე ნაწილი ვიხილეთ მის საქმეთაგან.    
33 რადგან ყოველივე უფალმა შექმნა და სიბრძნე ღვთისმოსავებს მისცა.