1 |
ახლა კი შევაქოთ სახელოვანი ვაჟკაცები და ჩვენი მამები თავ-თავიანთ თაობებში.
|
|
|
2 |
მრავალი დიდება შეუქმნია მათი მეოხებით უფალს, უკუნითიდან
არის მისი სიდიადე. |
|
|
3 |
ისინი იყვნენ განმგებელნი თავიანთ საბრძანებლებში და
კაცნი, ძლიერებით სახელგანთქმულნი, თავიანთი სიბრძნით მიმცემნი რჩევისა და
წინასწარმეტყველებებში გამომცხადებელნი. |
|
|
4 |
ხალხის წინამძღვარნი თათბირებში და მათ განსწავლაში,
ბრძნული იყო მათი სიტყვები დასამოძღვრად. |
|
|
5 |
მათ შექმნეს მუსიკის ჰანგები და ჰიმნები წარმოთქვეს
ჩასაწერად. |
|
|
6 |
კაცნი მდიდარნი, დაჯილდოებულნი ძალით, და მშვიდად
მცხოვრებნი თავიანთ სახლებში. |
|
|
7 |
ყველანი პატივდადებულნი იყვნენ თავ-თავიანთ თაობებში და
სიქადულნი იყვნენ თავიანთ დროში. |
|
|
8 |
ზოგიერთმა მათგანმა დატოვა სახელი სადიდებლად, |
|
|
9 |
ზოგიერთი მათგანის სახსენებელიც არ დარჩენილა, ისე
გაქრნენ, თითქოს არც ყოფილიყვნენ, და ისე იქმნენ, თითქოს არც შობილიყვნენ,
და მათ შემდგომად მათ შვილებსაც ასე მოუვიდათ. |
|
|
10 |
მაგრამ იყვნენ ისინი კაცნი მოწყალენი, რომელთა მართალი საქმეები არ დავიწყებულა. |
|
|
11 |
მათი თესლისგან დარჩა სასიკეთო მემკვიდრეობა - მათი
ნაშიერნი. |
|
|
12 |
აღთქმებში იქნება მათი თესლი და მათი შვილები მათივე წყალობით. |
|
|
13 |
მათი თესლი უკუნისამდე იარსებებს და მათი დიდება არ წაიშლება.
|
|
|
14 |
მათი გვამები მშვიდობაში დაიმარხნენ და მათი სახელი
თაობებში ცოცხლობს. |
|
|
15 |
ხალხები მოგვითხრობენ მათ სიბრძნეზე და საკრებულოც მათ
ქებას გვაუწყებს. |
|
|
16 |
ენოქი მოეწონა უფალს და წაყვანილ იქნა, თაობათათვის სინანულის ნიმუში გახდა. |
|
|
17 |
ნოე სრული და მართალი აღმოჩნდა, რისხვის ჟამს შეწყალებულ
იქნა; ამიტომაც მიწაზე ნატამალად დარჩა, როცა წარღვნა მოხდა. |
|
|
18 |
მიეცა საუკუნო აღთქმა, რომ არცერთი ხორციელი წარღვნით არ
დაიღუპებოდა. |
|
|
19 |
აბრაამი იყო დიდი მამა ბევრი ხალხისა, და დიდებაში მისი
მსგავსი არ იპოვებოდა. |
|
|
20 |
მან დაიცვა რჯული უზენაესისა და აღთქმით შეეკრა მას;
აღთქმა თავის ხორცში გაამყარა და განსაცდელში მტკიცე აღმოჩნდა. |
|
|
21 |
ამიტომაც უფალმა ფიცით აღუთქვა, რომ მის თესლში
იკურთხებოდნენ ხალხები, რომ ქვიშასავით გაამრავლებდა მიწაზე, მის თესლს
ვარსკვლავებივით აღამაღლებდა და ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის
კიდემდე მისცემდა სამკვიდროს. |
|
|
22 |
ისაკშიც ამგვარად დაადგინა მამამისის, აბრაამის გამო. |
|
|
23 |
ყოველი ადამიანის კურთხევა და აღთქმა იაკობის თავზე
დაავანა, სცნო იგი თავისი კურთხევით და მისცა მას სამკვიდრებელი,
განუსაზღვრა წილხვედრი და თორმეტ ტომში დაანაწილა. |
|
|