ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე ზირაქისა

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ნუ გეიმედება შენი ქონება და ნუ იტყვი, საკმარისი მაქვსო.

   
2 ნუ აყვები შენს სულსა და შენს შეძლებას, ნუ ივლი გულისთქმის კვალზე.    
3 ნუ იტყვი, ვინ გამიბატონდებაო? რადგან უფალია შენი დამსჯელი.    
4 ნუ იტყვი, შევცოდე და რა დამემართაო, რადგან სულგრძელია უფალი.    
5 შეწყალების იმედით უშიშარი ნუ იქნები და ცოდვას ცოდვაზე ნუ დაურთავ.    
6 ნუ იტყვი, გულმოწყალება მისი დიდია და მრავალ ცოდვებს შემინდობსო, რადგან შეწყალებაცა და რისხვაც მასთანაა და ცოდვილებზე გადმოვა მისი გულისწყრომა.    
7 ნუ აყოვნებ მოქცევას უფლისაკენ და სახვალიოდ ნუ გადადებ, რადგან მყისვე გადმოვა უფლის რისხვა და შურისგების ჟამს წარიწყმედები.    
8 ნუ გეიმედება უსამართლოდ მონახვეჭი, რადგან განსაცდელის დღეს სარგებლობას ვერ მოგიტანს.    
9 ნუ აჰყვები ყველა ქარს და ყოველი გზით ნუ ივლი, როგორც ორპირი ცოდვილები იქცევიან.    
10 იყავი მტკიცე შენს ცოდნაში და ერთი იყოს სიტყვა შენი.    
11 იყავი სწრაფი მოსასმენად და პასუხი სულგრძელობით გაეცი.    
12 თუ გაქვს ცოდნა, მოყვასს უპასუხე, თუ არა და, ბაგეზე გედოს ხელი.    
13 პატივი და უპატიობა სიტყვებშია და კაცის დამღუპველი მისი ენაა.    
14 ნუ განითქმები დამსმენად და ენით ნუ იმზაკვრებ, რადგან ქურდს სირცხვილი, ორპირს კი სასტიკი განაჩენი ერგება წილად.    
15 ნურც დიდში და ნურც მცირეში უგუნური ნუ იქნები, თუ მოყვარე ხარ, მტრულად ნუ მოიქცევი, რადგან აუგიანი სახელი სირცხვილსა და კიცხვას დაგიმკვიდრებს ორპირი ცოდვილივით.