ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე ზირაქისა

თავი ორმოცდამეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სიმეონი, ძე ონიასი, მღვდელმთავარი, ვინც სახლი სიცოცხლეშივე შეაკეთა და თავის სიცოცხლეში ტაძარი გაამაგრა.

   
2 მის მიერ დაფუძნდა ორმაგი სიმაღლე - ტაძრის ზღუდის მაღალი ლიბო.    
3 მის სიცოცხლეში დაიკლო წყალსატევმა, ზღვასავით ტბის შემოწერილობამ.    
4 მზრუნველმა თავისი ხალხისთვის უბედურების ასაცილებლად გაამაგრა ქალაქი ალყისაგან თავდასაცავად.    
5 რა დიდებული იყო იგი ხალხით გარშემორტყმული, როცა კრეტსაბმელიდან გამოდიოდა!    
6 როგორც ღრუბლებში ცისკრის ვარსკვლავი და როგორც სავსე მთვარე!    
7 როგორც მზე, უზენაესის ტაძარზე მბრწყინავი და როგორც ცისარტყელა ღრუბელში გასხივოსნებული!    
8 როგორც ვარდის კოკორი გაზაფხულზე და როგორც შროშანი წყლის ნაპირებზე, როგორც ყლორტი საკმევლის ხისა ზაფხულის დღეს!    
9 როგორც ცეცხლი და საკმეველი საცეცხლურში, როგორც ჭურჭელი, ოქროსაგან გამოჭედილი და შემკული ყოველნაირი პატიოსანი ქვით!    
10 როგორც ზეთისხილის ხე, ნაყოფით დახუნძლული, და როგორც კვიპაროსი, ღრუბლებამდე აშოლტილი!    
11

როცა დიდების შესამოსელს გადაიცვამდა და შეიმოსებოდა სრულყოფილი სამკაულებით, წმიდა საკურთხეველზე ასვლისას დიდებას მოჰფენდა ირგვლივ საწმიდარს;

   
12 როცა საკურთხევლის კერასთან მდგარი, მღვდლების ხელიდან წილობებს იღებდა, ირგვლივ ძმებით შემოგვირგვინებული, ის ჰგავდა ახალგაზრდა ლიბანის ნაძვს, და ისინიც გარს ერტყმოდნენ მას ფინიკის რტოებივით,    
13 და ყველა აარონიანი თავიანთ დიდებაში და საუფლო შესაწირავით ხელში ისრაელის მთელი საკრებულოს წინაშე.    
14 საკურთხეველზე მსახურების დასასრულს, უზენაესი ყოვლისმპყრობელისათვის ძღვენის გასარიგებლად,    
15 ხელს იწვდიდა სამსხვერპლო თასისკენ, ასხამდა მასში ყურძნის სისხლს და საკურთხევლის კვარცხლბეკზე ღვრიდა უზენაესის, ყოველთა მეუფის ამოდსაყნოსველად.    
16 მაშინ შესძახებდნენ აარონიანები, ჩაბერავდნენ გამოჭედილ საყვირებს და ხმას აიმაღლებდნენ გასახსენებლად უზენაესის წინაშე.    
17 მაშინ ასწრაფდებოდა ერთიანად მთელი ხალხი და პირქვე დაემხობოდა, რათა თაყვანი ეცა თავისი უფლისათვის, უზენაესი, ყოვლისმპყრობელი ღვთისათვის.    
18 და შეაქებდნენ მას მგალობლები თავიანთი ხმებით და ფართო ტაძარში ტკბილი საგალობელი გაისმებოდა.    
19 შეევედრებოდა ხალხი უზენაეს უფალს ლოცვით მისი მოწყალების წინაშე, ვიდრე აღსრულდებოდა უფლის ქება და ასე დასრულდებოდა მისი მსახურება.    
20 მერე ჩამოსვლისას გაიწვდიდა ხელს ისრაელიანთა მთელ საკრებულოზე, რათა უფლის კურთხევა მიეცა თავისი ბაგით და მისი სახელით.    
21

ხალხი პირქვე დაემხობოდა განმეორებით უზენაესისგან კურთხევის მისაღებად.

   
22 აწ ადიდეთ ყოველთა ღმერთი, ყოველგან სიდიადეთა შემოქმედი, რომელიც საშოდანვე გვიგრძელებს ჩვენს დღეებს და თავისი წყალობისამებრ გვექცევა.    
23 მოგვცეს ჩვენ გულის სიხარული და მშვიდობა იყოს ჩვენს დროს ისრაელში საუკუნოდ.    
24 გაიღოს თავისი წყალობა ჩვენზე და დაგვიხსნას ჩვენ ჩვენს დღეებში.    
25 ორი ხალხი მოიძაგა ჩემმა სულმა და მესამე არც არის ხალხი.    
26 სეყირის მთაზე მცხოვრებნი, ფილისტიმელნი და ბრიყვი ხალხი - შექემის მკვიდრი.    
27 მოძღვრება ცოდნისა და შემეცნებისა აღწერა ამ წიგნში იესო იერუსალიმელმა, ძემ ზირაქისა, ელეაზარის ძისა, ვინც თავისი გულიდან სიბრძნე გადმოღვარა.    
28 ნეტარია ის, ვინც ამაებში გაიწაფება და, ვინც გულში ჩაიდებს მას, გაბრძენდება.    
29 თუ მათ აღასრულებს, ყოვლისშემძლებელი იქნება, რადგან უფლის ნათელია მისი გზა.