ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 | |||
2 | ნუ აღზევდები შენს ფიქრებში, ხარივით რომ არ დაიფლითოს შენი სული. | ||
3 | შეჭამ შენს ფოთლებს და დაღუპავ ნაყოფს და დარჩები გამხმარ ხესავით. | ||
4 | ბოროტი სული დაღუპავს თავის პატრონს და მტრების დასაცინად აქცევს. | ||
5 | ტკბილი ბაგე მეგობრებს იმრავლებს, ამოდმეტყველი ენა კი - კეთილ განწყობას. | ||
6 | მშვიდობისმყოფელნი მრავლად გეყოლოს, რჩევის მომცემნი კი - ათასიდან ერთი. | ||
7 | თუ მეგობრის შეძენა გსურს, განსაცდელში შეიძინე, და მყისვე ნუ მიენდობი მას. | ||
8 | რადგან ზოგი მეგობარი თავისთვის ზრუნავს, გასაჭირის დღეს მხარში არ ამოგიდგება. | ||
9 | ზოგი მეგობარი მტრად გადაგექცევა და იბრძოლებს შენს დასამცირებლად. | ||
10 | ზოგი მეგობარი პურს გატეხს შენთან, მაგრამ გასაჭირის დღეს მხარში არ ამოგიდგება. | ||
11 | შენს მოკეთეთა შორის შენსავით მოიქცევა და შენს სახლეულებთან გულწრფელად ისაუბრებს; | ||
12 | მაგრამ თუ დაეცემი, გადაგიდგება და აღარ დაგენახვება. | ||
13 |
მტრებს მოერიდე და ფრთხილად იყავი მეგობრებთან. |
||
14 | ერთგული მეგობარი მტკიცე სიმაგრეა, მისი მპოვნელი საგანძურის მპოვნელია. | ||
15 | ერთგულ მეგობარს ვერავინ შეცვლის და მისი სიკეთე არ განიზომება. | ||
16 | ერთგული მეგობარი ცხოვრების წამალია: უფლის მოშიშნი იპოვიან მას. | ||
17 | უფლის მოშიში მეგობრობას ისე წარმართავს, რომ როგორიც თვითონაა, იმგვარივე იყოს მისი მახლობელი. | ||
18 | შვილო, სიყრმიდანვე იზრუნე სწავლაზე და იპოვი სიბრძნეს, ვიდრე ჭაღარით შეიმოსებოდე. | ||
19 | მხვნელ-მთესველივით მიეახლე მას და მის კეთილ ნაყოფს დაელოდე; რადგან მასზე ზრუნვაში მსუბუქად დაიღლები, მის ნაყოფს კი სწრაფად იგემებ. | ||
20 | ის სასტიკი ჩანს უსწავლელთათვის და უგუნური მასთან ვერ დარჩება. | ||
21 | დასძალავს მას მძიმე საჯილდაო ლოდივით და არ დააყოვნებს მის გადაგდებას. | ||
22 | რადგან სიბრძნე თავისი სახელივით არის და მრავალთ როდი ეცხადება. | ||
23 | მისმინე, შვილო, მიიღე ჩემი შეგონება და ნუ უგულებელყოფ ჩემს რჩევას. | ||
24 | ფეხებზე მისი ბორკილები დაიდევი და ქედზე მისი ჯაჭვი. | ||
25 | ბეჭები მიუშვირე და იტვირთე იგი, ნუ მოგბეზრდება მისი ბორკილები. | ||
26 |
მთელი შენი სულით მიეახლე მას და მთელი შენი ძალით დაიცავი მისი გზები. |
||
27 | გამოიკვლიე და ეძებე, და შეიცნობ მას; და როცა მისი მფლობელი შეიქნები, ნუღა მიატოვებ. | ||
28 | რადგან საბოლოოდ მასში ჰპოვებ შვებას და სიხარულად მოგიბრუნდება. | ||
29 | მისი ბორკილები შენთვის ძლიერი საფარველი იქნება, ხოლო ჯაჭვი მისი - შესამოსელი დიდებისა. | ||
30 | რადგან უღელი მისი ოქროსია, ხოლო ბორკილები მისი - იაკინთისაგან დაწნული. | ||
31 | როგორც დიდების სამოსით, ისე შეიმოსები მისით, და სიხარულის გვირგვინს დაიდგამ. | ||
32 | თუ ისურვებ მას, შვილო, განისწავლები; თუ სულით მიენდობი, დახელოვნდები. | ||
33 | თუ სიყვარულით მოუსმენ, შეითვისებ, და თუ ყურს მიუპყრობ, ბრძენი გახდები. | ||
34 | მოხუცთა საკრებულოში დადექ. ვინ არის ბრძენი? მას მიეახლე. | ||
35 | ყველა საღმრთო ამბის მოსმენა ისურვე და ბრძნული იგავები არ გამოგეპაროს. | ||
36 | თუ სწავლულს იხილავ, დილაადრიანად ეწვიე; გაცვითოს შენმა ფეხებმა მისი კარის ზღურბლი. | ||
37 | ჩაუფიქრდი უფლის ბრძანებებს და დღენიადაგ სწავლობდე მის მცნებებს. ის განამტკიცებს შენს გულს და სიბრძნის წყურვილი მოგეცემა. |