ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ნუ ჩაიდენ ბოროტებას და არც შენ გეწევა ბოროტი. |
||
2 | განუდექი უსამართლოს და ისიც მიიქცევა შენგან. | ||
3 | შვილო, ნუ თესავ უსამართლობის კვლებში და არ მოიმკი მას შვიდწილად. | ||
4 | ნუ ითხოვ უფლისაგან ხელმწიფებას და ნურც მეფისაგან საპატიო ადგილს. | ||
5 | თავს ნუ იმართლებ უფლის წინაშე და წინაშე მეფისა ნუ ბრძენობ. | ||
6 | ნუ ცდილობ, მსაჯული გახდე, ვინძლო არ გამოჩნდეს შენი უძლურება უსამართლობის მოსპობაში, რომ მიკერძოება არ გამოიჩინო ძლიერის მიმართ და შენს სიწრფელეს ჩრდილი არ დაადგეს. | ||
7 | ნუ სცოდავ მოქალაქეთა წინაშე და ბრბოში თავს ნუ დაიმცირებ. | ||
8 | ორჯერ ნუ ჩაიდენ ცოდვას, რადგან ერთის გამოც ვერ გადარჩები დაუსჯელი. | ||
9 | ნუ იტყვი, მოხედავს იგი ჩემი ძღვენის სიმრავლეს და, როცა მაღალ ღმერთს მივართმევ, შეიწირავსო. | ||
10 | სულმოკლე ნუ იქნები შენი ვედრებისას და მოწყალების გაცემას ნუ უგულებელყოფ. | ||
11 | ნუ დასცინი კაცს, სულგამწარებულს, რადგან არსებობს ის - დამამდაბლებელი და აღმაზევებელი. | ||
12 | ნუ თესავ ტყუილს შენს ძმაზე და ნურც მეგობარს მოექცევი ასე. | ||
13 |
ნურასოდეს შეთხზავ სიცრუეს, რადგან მისი გახშირება სიკეთეს არ მოგიტანს. |
||
14 | ნუ მრავალსიტყვაობ მოხუცთა საკრებულოში და ნუ გაიმეორებ სიტყვას ვედრების დროს. | ||
15 | ნუ შეიძულებ მძიმე სამუშაოს და მიწისმუშაკობას, რომელიც უზენაესისგან არის დაწესებული. | ||
16 | თავს ნუ ჩაირიცხავ ცოდვილთა კრებულში; გახსოვდეს, რისხვა არ დააყოვნებს. | ||
17 | ძლიერად მოთრგუნე შენი სული, რადგან ცეცხლი და მატლია ურჯულოთა სასჯელი. | ||
18 | ნუ გაცვლი მეგობარს ფულზე, ნურც ღვიძლ ძმას - ოფირის ოქროზე. | ||
19 | ნუ მიატოვებ ცოლს, ჭკვიანს და კეთილს, რადგან მისი მადლი ოქროზე მეტია. | ||
20 | ბოროტს ნუ უყოფ მსახურს, ბეჯითად მშრომელს, ნურც მოჯამაგირეს, შენთვის თავდადებულს. | ||
21 | გონიერი მსახური შეიყვაროს შენმა სულმა და ნუ დაუჭერ მას თავისუფლებას. | ||
22 | გყავს საქონელი? მიხედე მას; თუ გჭირდება, შენთვის დაიტოვე. | ||
23 | გყავს შვილები? ასწავლე მათ და ყრმობიდანვე მოახრევინე ქედი. | ||
24 | გყავს ასულნი? იზრუნე მათ სხეულზე და მათ წინაშე პირმხიარული ნუ იქნები. | ||
25 |
ასული გაათხოვე და დიდ საქმეს აღასრულებ; გონიერ კაცს მიეცი იგი. |
||
26 | გყავს ცოლი სასურველი? ნუ გაუშვებ მას და საძულველს ნუ მიენდობი. | ||
27 | მთელი გულით განადიდე მამაშენი და ნუ დაივიწყებ დედაშენის ტკივილებს. | ||
28 | გახსოვდეს, რომ მათგან დაიბადე; რას მისცემ მათ ამის სანაცვლოდ? | ||
29 | მთელი სულით გწამდეს უფალი და პატივი მიაგე მის მღვდლებს. | ||
30 | მთელი ძალით შეიყვარე შემქმნელი შენი და მის მსახურებს ნუ მიატოვებ. | ||
31 | გეშინოდეს უფლისა და პატივი მიაგე მღვდელს, მიეცი მათ თავისი წილი, როგორც გებრძანა: ნათავარნი, ცოდვის გამოსასყიდი, ბეჭთა ძღვენი, განწმედის შესაწირავი და წმიდათა ნათავარი. | ||
32 | გლახაკს გაუწოდე ხელი, რათა აღსრულდეს შენი კურთხევა. | ||
33 | მისაცემლის მადლი მიაგე ყოველ ცოცხალს, მაგრამ წყალობას მკვდარსაც ნუ მოაკლებ. | ||
34 | ნუ დააკლდები მტირალთ და მგლოვიარეებთან ერთად იგლოვე. | ||
35 | ნუ დააყოვნებ სნეულის მონახულებას, რომ შეგიყვარონ ამგვარი საქმისთვის. | ||
36 | ყველა საქმეში შენი აღსასრული გაიხსენე და არასოდეს ჩაიდენ ცოდვას. |