ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე ზირაქისა

თავი მეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ნუ ეჭვიანობ შენს თანამეცხედრეზე და ნუ მოძღვრავ შენსავე საზიანოდ ბოროტი მაგალითით.

   
2 ნუ მისცემ ცოლს შენს სულს, რათა წინ არ აღუდგეს შენს უფლებას.    
3 ნუ გახვალ მეძავი ქალის შესახვედრად, რათა მის მახეში არ გაება.    
4 მომღერალთან დიდხანს ნუ შერჩები, რათა მისმა ხელოვნებამ არ დაგატყვევოს.    
5 ქალწულს ნუ უთვალთვალებ, რათა არ შეგაცდინოს მისმა სილამაზემ.    
6 ნუ მისცემ მეძავებს შენს სულს, რათა არ დაღუპო შენი მემკვიდრეობა.    
7 თვალებს ნუ აცეცებ ქალაქის ქუჩებში და მის უკაცრიელ უბნებში ნუ დახეტიალობ.    
8 თვალი მოარიდე ტურფა ქალს და სხვის სილამაზეს ნუ უთვალთვალებ. ქალის სილამაზით მრავალნი შეცდენილან, ცეცხლივით ინთება მისგან სიყვარული.    
9 ქმრიან ქალთან არასგზით არ დაჯდე, ნუ მოჰყვები მასთან ღვინის სმას, რათა მისკენ არ მიიქცეს შენი სული და არ დაიღუპო თავი.    
10 ნუ მიატოვებ ძველ მეგობარს, რადგან ახალი მას ვერ შეედრება. ახალი მეგობარი ახალი ღვინოა; როცა დაძველდება, სიხარულით შესვამ.    
11 ნუ გშურს ცოდვილის დიდება, რადგან არ იცი, როგორი იქნება მისი ბოლო.    
12 ნუ მოიწონებ უწმინდურთა მოსაწონს; გახსოვდეს, ჯოჯოხეთამდე არ გამართლდებიან ისინი.    
13 შორს დაიჭირე თავი კაცისაგან, ვისაც მოკვლის უფლება აქვს, რომ არ გაგიჩნდეს სიკვდილის შიში; თუ დაუახლოვდები, არ შეცდე, რათა არ წაგართვას სიცოცხლე. იცოდე, საფრთხის შუაგულში დააბიჯებ და ქალაქის ქონგურებიანი კედლის მიღმა დადიხარ.    
14 შენი უნარისამებრ გამოიცანი შენი მახლობელნი და რჩევა ბრძენთაგან გამოიკითხე.    
15 გონიერ ხალხთან ისაუბრე და უზენაესის რჯულში იყოს ყოველი შენი ნალაპარაკევი.    
16 სამართლიანი ხალხი თანამეინახად გყავდეს და ღვთის შიშში იყოს შენი განდიდება.    
17 ნაკეთობა ხელოვანთა ოსტატობით შეიქება, ხალხის წინამძღოლის სიბრძნე კი - სიტყვით.    
18 ქალაქისათვის საშიშია ენაჭარტალა კაცი; შეიძულებს იგი სიტყვაში თავდაუჭერელს.