არიქმანდრიტი ვასილი
(ათონის ივერთა მონასატრის იღუმენი)

იგავი უძღები შვილისა

(ლუკა 15,11-32)

კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე. და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თჳსსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკჳდრებელისაჲ. და განუყო მათ საცხორებელი იგი. და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხოვნდებოდა იგი არაწმიდებით. და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა, და იწყო მან მოკლებად. და მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თჳსა ძოვნად ღორთა. და გული-ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, და არავინ სცის მას. და მოეგო რაჲ თავსა თჳსსა, თქუა: რაოდენთა სასყიდლით-დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები. აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა, და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი. და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას. და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა. ჰრქუა მამამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა და ჴამლნი ფერჴთა მისთა. და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ, და ვჭამოთ და ვიხარებდეთ, რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად. და იყო ძე იგი მისი უხუცესი ველსა გარე. და ვითარცა მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა ჴმაჲ სიხარულისაჲ და განცხრომისაჲ. და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმედ: რაჲ არს ესე? ხოლო მან ჰრქუა მას, რამეთუ: ძმაჲ შენი მოსრულ არს, და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოვიდა იგი. ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად. ხოლო მამაჲ მისი გამოვიდა ჰლოცვიდა მას. და მან მიუგო და ჰრქუა მამასა თჳსსა: აჰა ესერა ესოდენნი წელნი გმონენ შენ და არასადა მცნებასა შენსა გარდავჰჴედ, და არასადა მომეც ერთი თიკანი, რაჲთამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე. და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხორებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული. ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს. ხოლო აწ მხიარულებაჲ და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაჲ ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა.

 

ამბოხება უმრწემესი ძისა და მოქმედების სახე მამისა

უმრწმეს ძეს იგავისას იხსნის შეგრძნება იმისა, რომ არის ძე - შვილი მამისა. განიცდის და მეტყველებს ამ ლოგიკით, ცხოვრობს ამ ოჯახურ სივრცეში. ამიტომ ამბობს: „მამაო! მომეც მე“...

ცოდვა და სისუსტე მისი კი არის ის, რომ ჭეშმარიტად უმწიფარი, არ იცნობს არსს მამობისას, რომ არსი მამობისა იგივეა, რაც არსი შვილობისა. ჯერ არ გაუცნობიერებია ის, რასაც შემდგომ მამა ეტყვის უფროს ვაჟს: „ჩემი ყოველი შენი არს“ ამიტომაც ითხოვს მამისაგან ქონების კუთვნილ წილს.

ცოდვა, იგივე ბოროტება, არის განყოფა ანუ დანაწევრება, რომელიც ხდება თვით უმცროს ძეში. „პირობა ბოროტებისა მდგომარეობს არა მის ბუნებაში, არამედ არასრულ სიკეთეში“ (წმ. მაქსიმე, გვ. 4, 310 A).

მამა არის მეუფე სიყვარულისა. იგი არ ეძიებს თავისას. ეძიებს, რომ იხსნას ძე, რომლის ღირსება მისი ღირსებაცაა. სიყვარული მამისა გაცილებით ღრმაა, ვიდრე განსჯა საზოგადოებისა. არ სურს მამას განსწავლოს ძე სიტყვიერად. მან იცის, რომ სიტყვიერი დიდაქტიკა აქ უძლურია.

დამდგარა ჟამი ხეტიალისა, ვნებისა და შემდეგ თვითშეცნობისა. იცის მამამ, რომ ეს არის სასიკვდილოდ სახიფათო გზა, მაგრამ ვერ ხედავს პრობლემის გადაწვეტის ალტერნატივას.

იძლევა საგზლად სიყვარულს, რომელიც ისეთი უკიდეგანოა და უსაზღვრო, რომ თანაბრად ეფინება ახლოს თუ შორს. იძლევა უსიტყვო ზნეობრივ აღზრდას, იდუმალ განიცდის და გადის ჯვარზე - ლოდინის ჯვარზე.

აქ არა აქვს ადგილი თემას, რომ მამამ იძულებით დააკავოს შვილი თავისთან, არამედ აძლევს შესაძლებლობას, ქმნის წინაპირობას, რითაც ძე დაბრუნდება მშობელთან - ცხოვრების წყაროსთან.

ინდივიდუალური სვლა კვლავ მამისაკენ განსაზღვრავს ძის პიროვნებას. ნუთუ ფრაზა: „პირველითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲა იგი იყო ღმრთისა თანა“... (იოანე 1.11) (და არა „სიტყუაჲ იგი იყო ღმერთში“) არაფერს გვეუბნება ძეობისა და მამობის საიდუმლოებაზე?

აძლევდე სხვას შესაძლებლობას, რომ თავისუფლად დაბრუნდეს სახლში, ნიშნავს, იპოვოს და იგრძნოს ეს სახლი საკუთარ სახლად. სადაც უნდა იმყოფებოდეს, სწორი დამოკიდებულებითა და ურთიერთობით მშობელთან, ყოველჟამს იქნება მამის სახლში.

უსიტყვოდ „განუყო მათ საცხოვრებელი იგი“. მხოლოდ ამ ფორმას ურთიერთობისას ღებულობს ძე-შეცდომილი და მამამაც გაიღო ნაწილი ქონებისა, რომელიც ითხოვეს მისგან. მოკვეთილი ნაწილი საცხოვრებელისა კი არის ნასხლევი „ვენახი ჭეშმარიტისა“ ნასხლევი, რომელსაც „ვერ ჴელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თჳსით, უკუეთუ არა ეგოს ვენახსა ზედა“ (იოანე 15.4).

ძალმომრეობითა და ამბოხით მოპოვებულს მივყავართ არა ცათა სასუფეველში, არამედ სასოწარკვეთილებისა და კატასტროფისაკენ. შეკრებილი ძალმომრეობით - განიბნევა არაწმიდებით. „და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხონდებოდა იგი არაწმიდებით“.

...მსწრაფლი ჭკნობა და განბნევა, მდგომარეობა უნაყოფო და უპერსპექტივო, სადაც იმიჯნება ამაოება სულიერი ცხოვრებისაგან, სადაც სუფევს ხრწნა და აჩრდილი სიკვდილისა...

ხოლო წილი, რომელსაც გვაძლევს ჩვენ უფალი, არის სხეულისაგან ღმერთკაცისა, რომელიც ნაწილდება და არ განიბნევა, რომელიც იჭმევა და არაოდეს იხრწნება. იგია სულ მცირეოდენი საფუარი, ცათა სასუფევლის მთელი დინამიზმით, „რომელი მოიღონ და შეჰრთონ“ ღმრთის დემიურგიის „სამსა საწყაულსა, ვიდრემდე“ აცხოვნნეს ყოველი სოფელი. (მათე 13.33).

 

სიცრუე უჩინარდება და გვტოვებს

სინამდვილის ცეცხლში გამოიცდება ხიბლის სიცრუე, რომელიც უჩინარდება, გვტოვებს მარტოს, მიუსაფარს და მშიერს უცხო ქვეყანაში, სადაც ყოველი იფლანგება და არ აღსგება: „მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი.“

მხოლოდ მას არ შემოხარჯვია ქონება, რადგან „იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა“. უცხო ქვეყანაში არავის უცხოვრია მარად უზრუნველად: ბოლოს ძლიერი შიმშილი სტანჯავს ყველას, რადგან არავის ძალუძს შველა. სუფევს გაუფასურება ყოველივესი, ბოგანოდ ქცევა და ადამიანის საბოლოოდ განადგურება.

და როცა ითხოვ შეწევნას, როცა მიხვალ, რათა შეუვრდე „ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა“ იგი გიბიძგებს უფრო დაბლა - წარგავლენს „ძოვნად ღორთა“ ანუ მწყემსად ვნებათა. უარყოფს ბუნებას, შენს კეთილშობილებას - გთვლის პირუტყვად.

„და გული ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჰსჭამედ ღორნი: და არავინ სცის მას“. სოფელსა ამას ენანება შენთვის ღორების სალაფავიც კი, მაგრამ როცა იძლევა, იძლევა თითქმის არაფერს. რჩები მშიერი, რადგან ღორების საკვებით „არა ცხონდების კაცი“ რამეთუ გაქვს მოთხოვნილება სხვა საკვებისა.

 

ჭეშმარიტი რჩება და გვიხსნის

უმრწმესი ძის გამოცდამ უცხო ქვეყანაში გამოაჩინა, თუ რა იმალებოდა მასში, რა გამძლეობა ჰქონდა, რა შერჩა ხელშეუხებელი, ვის შეეძლო შემწეობა, ვის უნდა შესდგომოდა... „მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენე შენი“ (ფს. 62.8), ვისთვის უნდა შეეფარებინა თავი, ვინ არს „შესავედრებელ და მწყალობელ“, სად არის პური ცხოვრებისა, ცხონება და აღდგომა ყველასათვის.

„აღვჰსდგე და წარვიდე მამისა ჩემისა, და ვჰრქუა მას: მამაო! ვჰსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა“ - წინაშე შენსა, რომელიც ხარ მამა-ზეციერი და გაგაჩნია ისეთი დიდი სიყვარული, რომელიც სრულყოფს ცასა და ქვეყანას. მოვიდე შენთან, რომელიც ჩემი თანამგზავრი ხარ ამ ჯოჯოხეთივით უკმარისობისა და უძღებების ქვეყანაში. „და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა“, დავკარგე პატივი ძეობისა, რაც არ არის მხოლოდ კუთვნილი წილი მამის ქონებიდან, რომელიც შეიძლება აღვადგინო ჩემი შრომით, რომ უკანვე დაგიბრუნო. შევბღალე მამაშვილური კავშირი. უძლური ვარ ვყო რაიმე, რამეთუ პატივი მეც უმეტესად, ვიდრე ვიმსახურებდი. მე მამხელს შენი ქმედება.

რომ არ ყოფილიყავ მფლობელი ესოდენ დიდი სიყვარულისა, რომ არ მოქცეულიყავ ისე, როგორც მოიქეცი, თუნდაც შეგშლოდა რამე, ან არ იყო ასე სრული ყოველივეში, იქნებ მეცადა თავის მართლება, მაგრამ მაფიქრებს და მამუნჯებს გონებამიუწვდომელი სიფაქიზე და დიდსულოვნება შენი, რომელიც ესესაა შევიცანი.

აუცილებელი იყო ასე შორს წასვლა, რომ ეს მეგრძნო?! უნდა მიმეღწია წარწყმედისა და სიკვდილისათვის, რომ გამეგო რას ნიშნავს ხსნა და ცხონება?! რა ვთქვა, ეს ყოველივე ამჟღავნებს: ჩემს უღირსებასა და უგნურებას, ხოლო შენს სულგრძელებასა და სიყვარულს, რაიც მე მთანგავს.

მოვილტვი შქსკენ, შენი სიყვარულით დატყვევებული, მქმენი მონა შენი, რამეთუ შენ ხარ სულგრძელება და თვით ცხოვრება.

„მამაო! ვჰსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა. და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი.“

 

უმცროსი ძისა და მამის შეხვედრა

„და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან, და შეეწყალა: და მიჰრბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას.“

მიხვდა ძე, მიიღო პასუხი: შეისმინა მამამ აღსარება, ვიდრე მას გამოთქვამდა. გრძნობს მამა მის სინანულს უთქმელადაც, ხედავდა თავის ძეს ამ ძნელ მოგზაურობაში, რადგან მასთან იმყოფებოდა უხილავად.

ხოლო ძე იწყებს აღსარებას. ეს არის აღსარება ერთი ამოსუნთქვით, რომელიც გამოდის მისი არსიდან, არსიდან, რომელიც შობს სიტყვებს, რათა განთავისუფლდეს, მაგრამ ვერ ამთავრებს სათქმელს.

„და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო! ვჰსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა, და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა“...

ზვავად მოვარდნილ სიყვარულის ნაკადში ხმა უწყდება, ვერ ამთავრებს ფრაზას: „მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი“.

ახლა სიტყვა მამაზეა... მამაც იგივე მანერით მეტყველებს, მდუმარედ და ნათლად. არ ეუბნება შვილს არაფერს საკუთარ თავზე: თუ როგორ განიცდიდა ტკივილს, როცა ძე წავიდა მისგან, ან რაოდენ გაახარა შვილის დაბრუნებამ. ეს ყოველივე გამოუთქმელია, შეუძლებელია სიტყვით დაისაზღვროს დაუსაზღვრავი, უძლურია ენა, გადმოსცეს უხილავი მამობრივი სიყვარული, იგი მხოლოდ დუმილით შეიძლება გამოითქვას.

ამ მისტიურ დუმილში ხდება მათი ფერიცვალება. ეს არის ნათლობა სიყვარულის ცეცხლით, რომელიც ენას უკარგავს მეტყველების უნარს.

ლაპარაკობს, აძლევს მონებს განკარგულებებს: „გამოიღეთ სამოსელი პირველი, და შეჰმოსეთ მას, და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა, და ჴამლნი ფერხთა მისთა. და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული, და დაჰკალთ, და ვჰსჭამოთ და ვიხარებდეთ. რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო, და განჰსცოცხლდა: წარწყმედულ იყო, და იპოვა“... მხოლოდ სხვებთან ძალუძს ილაპარაკოს შვილზე.

როცა ამბობს: „მომკუდარ იყო, და განჰსცოცხლდა: წარწყმედულ იყო, და იპოვა“ - მიანიშნებს იმ დიდ დრამასა და სიხარულზე, რომელიც გადაიტანა და განიცადა ორმა: მამამ და შვილმა.

იგავის დასაწყისში და ბოლოსაც მამის დუმილი არ ნიშნავს მის გულგრილობას, არცოდნას დრამის სიღრმისას, გაუცნობიერებლობას საფრთხისა, რომელიც ელოდა მის ძეს. არ ამჟღავნებს არცერთ ნიშანს აპათიისას, რაც გაამჟღავნებდა მის გულგრილობასა და გრძნობათა არქონას. ყველაფერი განიცადა, ყველაფერი გადალახა თვისი უნაპირო სიყვარულით. მას თვალს ადევნებს, მასთანაა თვით წარწყმედასა და სიკვდილშიც, მასთან ერთად იმარხება. იცის - თუნდაც არ მოუყვეს შვილი - თითოეული წვრილმანი, მთელი ეს ოდისეა. რომ ჭეშმარიტად იგემა ძემ ჯოჯოხეთი, წარწყმედა და სიკვდილი.

და იპოვა, და გადარჩა, აღსდგა სხვა ძალით, რაც ყოველთვის იყო მასში. არსებობს ძალა შვილობისა და მამობისა. იყო ძე, განშორებისას და დაბრუნებისასაც ამბოხს: „მამაო!“ ხოლო იგი იყო მამა, არ სურდა დაეთრგუნა თავისი ვაჟი, მიუხედავად მოსალოდნელი საფრთხისა. უბოძა რა საშიში თავისუფლება, იფარავდა თვისი იგავმიუწვდომელი სიყვარულით.

და სძლია სიკვდილს მამობრივმა სიყვარულმა! და აგიზგიზდა სადღესასწაულო სიხარული! იკვლება „ზუარაკი იგი ჭამებული“. როგორც ამბობენ მამები: „ზუარაკი იგი“ არის ძე ღმრთისა, ხოლო დღესასწაული - საღმრთო ლიტურღია, კრებული, ცხოვრება და სისავსე ეკლესიისა.

 

დაბრუნება, რომელიც გათავისუფლებს

უმრწმესი ძე ფიქრობდა, ეთხოვა მამისთვის რომ ეცხოვრა სახლში, როგორც ერთ მუშაკთაგანს. თხოვნა რომ დაკმაყოფილებულიყო, ეს მდგომარეობა მისთვის იქნებოდა სამოთხე, აერმონის ცვარი. უფალი-მამა კი მას ქმნის ცენტრალურ ფიგურად და მიზეზად დღესასწაულისა. ეს უზომო მოწყალება მას ცეცხლივით წვავს. „განსჯის უფალი სიმრავლისაებრ მოწყალებათა მისთა“ და ხედავ შენს უღირსებას ამის გამო. მიიწევ მონის ადგილისაკენ, რომელიც უფრო შეგეფერება და გაკმაყოფილებს, მაგრამ ეს არ აკმაყოფილებს უფალს, რომელსაც იმდენად უყვარხარ და გწყალობს, რომ შენ გთანგავს მისი უზომო სიყვარული და ტირი ამ სასწაულის გამო და ცრემლი ესე არს სიხარულისა, განცხრომისა და შვებისა.

წმინდანნი, ეს ჭეშმარიტად ბავშვები უფლისა, ქრისტეს მონებად სახელდებენ თავს და გრძნობენ, რომ პატივი ესე, კიდევაც აღემატება მათ ღირსებას, ხოლო უფლის მადლით მისი რჩეულობა, დღესასწაულის მიზეზად ქცევა, საერთოდ სცილდება ყოველგვარ ადამიანურ მოლოდინს, რასაც შესაძლებლად ხდის უფალი-მამის გამოუთქმელი სიყვარული.

როდესაც ეძიებ მცირეოდენს, ვერ იღებ ვერაფერს, ხოლო როცა არ ითხოვ არაფერს, იღებ ყველაფერს.

გულწრფელი სინანულით ძე იმკვიდრებს სასუფეველს. შეუნელებლად იზრდება მისი სიხარული, რაც კარგად იცის მამამ. ამიტომაც იკვლება „ზვარაკი იგი ჭამებული“. მოსავს სიხარულით, „სამოსელი პირველით“, ძეს ღირსს მამისას. ეს ხდება თავისთავად. როგორც ბნელი მიწის წიაღში კვდება თესლი, რომელიც შემდგომ აღორძინდება და აყვავდება, ასევე მრავალჭირნახული ძის შემუსრვილი გულიდან აღმოეცენება მრავალფერადი ნიჭი მადლისა, რომელიც მოსავს მას სინათლით.

და რომ არ ჰქონოდა შემუსრვილება გულისა, მასზე გადმოსული ეს დიდი მადლი დასწვავდა, განკვეთდა ამ სიყვარულის დღესასწაულიდან, როგორც განიკვეთა უფროსი ძე.

ხოლო აწ, არავის ძალუძს წარტაცოს და განაშოროს ეს მადლი მისგან, რამეთუ მასში ცხოვრობს თვით ქრისტე, მაცხოვარი ჩვენი.

 

განახლებული ტანჯვა მამისა, შეხვედრა უფროს ძესთან

ღორების შორეული საძოვრიდან ბრუნდება დამდაბლებული უმცროსი ძე და შედის სამოთხეში. მამის საძოვრიდან დაბრუნებული უფროსი ძე კი ამჟღავნებს ჯოჯოხეთს, რომელსაც გულით ატარებს და დუღს მასში. ხოლო იგი განჰრისხნა და არა უნდა შინა შესლუად“, რადგან შეიტყო მონებისაგან, თუ რა ხდებოდა სახლში.

იწყება განახლებული ტანჯვა მამისა... ეს ესაა დამთავრდა ერთი გამოცდა, იწყება - მეორე. იმ დროს, როცა უმცროსი ბრუნდება უძღებებიდან, უფროსი რომელიც არ განშორებია სახლს მამისას, უარს ამბობს შევიდეს შინ.

ყოველ ბედნიერებას თან ახლავს განსაცდელი, რომელიც ხდება მიზეზი მწუხარებისა. სურს, რომ გააფერმკრთალოს სიხარული, დაბინდოს ელვარება დღესასწაულისა და არ დატოვოს გული დაუკოდავი. მაგრამ მამა იგავისა არის ოკეანე სიყვარულისა და უბიწოებისა: „ხოლო მამა მისი გამოვიდა და ჰლოცჳდა მას“...

იცნობს მამა უფროსი ვაჟის სნეულებას, მის სიხარბესა და შურს. ამიტომ მოზომილია სიფაქიზის გამოვლენაში. აღარ მირბის შესახვედრად, როგორც უმცროსის დაბრუნებისას, არამედ მძიმედ, ტკივილათ გულდამძიმებილი მიემართება. არ ეამბორება, რადგან სნეულია ძის გული და უსაზღვრო სიყვარულს მამისას ვერ გაუძლებს. ელაპარაკება მხოლოდ მუდარით და სულგრძელად იღებს უსამართლო მრისხანებას მისგან.

უფროსი ძე თითქოს მზად იყო თავდასხმისათვის (როგორც უმცროსი სინანულისთვის) და ელოდა საბაბს, რომ გადმოენთხია დიდხანს ნაგროვები რისხვა: „აჰა ესერა, ესოდენი წელნი გმონენ შენ“...

არასოდეს უწოდებს „მამას“ მისი დამოკიდებულება მშობლისადმი პატრონ-ყმურია, რითაც თავს აყენებს მსახურის ხარისხში.

მთელ ამ სამართლებრივ დავაში აყვედრის თავის მსახურებას და აბსოლუტურად ადანაშაულებს მამას.

„არა სადა მცნებასა შენსა გარდავჰხედ“, ვარ წესრიგიანი, უმწიკვლო, არასოდეს მიცრუვნია.

შენ კი „არასადა მომეც ერთი თიკანი, რათამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე“.

არც ძმას იხსენიებს ძმად, არამედ „ძე ესე შენი“-თ და უფრო მეტ დანაშაულად უთვლის არა მამის შეურაცხყოფას, არამედ იმას, რომ „შეჰსჭამა საცხოვრებელი მეძავთა თანა“.

მიუხედავად უფროსი ვაჟის შეურაცხყოფისა, მამა პასუხს იწყებს სიტყვით: „შვილო!“ ძის განცხადებაზე: „არასადა მომეც-ერთი თიკანი...“ - მამა პასუხობს: „შვილო! შენ მარადის ჩემთანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს“.

სურს, ჩააქროს ვაჟის მრისხანება, გაამრთელოს ოჯახი და ლმობიერად შეაგონებს: „ხოლო აწ მხიარულება და სიხარული ჯერ არს, რამეთუ ძმა ესე შენი მომკუდარ იყო, და განცოცხლდა: წარწყმედულ იყო, და იპოვა“.

 

უმცროსი ძის დახასიათება

უმცროსი ძის ფენომენს მიესადაგება აპოკალიფსური შეგონება: „ჯერ იყო, რაჲთამცა ანუ გრილი იყო, ანუ ტფილი.“ (გამოცხ. 3.15).

უკიდურესად უშუალოდ ავლენს თავს ძე-შეცდომილი ორივე შემთხვევაში. ყაჩაღის მსგავსად „შეიკრიბა ყოველი უმრწმესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა“, უკანმოუხედავად გადაეშვა თავაშვებული ცხოვრების წუმპეში, გაფლანგა და დაკარგა ყველაფერი.

უკიდურეს გაჭირვებისას „შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა“ ,„შეუდგა“ მიანიშნებს მთელი არსებით მოწადინებას - მოეჭიდოს ხავსს.

შინ დაბრუნებისას იყო კვლავ უშუალო: მოვიდა, რომ მოინანიოს მთელი ცოდვები. ოდესღაც დაკარგული ქონების სანაცვლოდ იძლევა საკუთარ თავს სრულიად, გარეშე მერყეობისა, აწონ-დაწონისა და რაიმე წინაპირობისა.

ეგოიზმი ესაა დაავადებული „ეგო,“ რომლისთვისაც უცხოა სიყვარული. ამიტომ, აღუდგა რა მამას უძღები შვილი, დასნეულებული „ეგოს“ კარნახით წყდება ცხოვრების ღერძს, არღვევს თავის შინაგან ბუნებას, უცხოვდება სიყვარულისაგან. „და მოეგო რა თავსა თჳსსა,“ ბრუნდება სახლში, პოულობს მამას, რომელიც სიყვარულია.

 

უფროსი ძის დახასიათება

უფროსი ძე სნეულია, აქვს შიგნით ჯოჯოხეთი. მხოლოდ ტანჯვას და შფოთს იწვევს მასში სიყვარული მამისა და სიყვარული კაცთა შორის.

სახარების სხვა იგავი: ქორწილში დაპატიჟებული რჩეულნი უგულებელყოფენ პატივს, გაიზიარონ ლხინი მეუფესთან. მაშინ „ჰრქუა უფალმან მან მონასა მას: განვედ გზათა ზედა და ფოლოცთა და აიძულე შემოსლუად ყოველთა, რაჲთა აღივსოს სახლი ჩემი“ (ლუკა 14.23).

სნეული ძის შემთხვევაში ერთი ასეთი „აიძულე შემოსლუად,“ გამოიწვევდა მის გარდამეტებულ გაღიზიანებას და ჯოჯოხეთურ ტანჯვას.

იგი შეურყეველი არგუმენტებით განსჯის ყველას ამ დღესასწაულის მოწყობისათვის. მის ყურს აღიზიანებს „ჴმა სიხარულისა და განცხრომისა.“ მისთვის უცხო და მიუღებელია ღმერთმა შეიწყნაროს ცოდვილი, რომელიც ინანიებს და უბოძოს „სამოსელი პირველი“ ვერ იტანს ამ „უსამართლობას“, შეურაცხყოფას „ჭეშმარიტებისა“.

ხოლო „მამა მისი გამოვიდა და ლოცჳდა მას“ და ლმობიერად მოუწოდებდა სიხარულისა და სამადლობელო ტრაპეზთან. მისთვის ეს მოწოდება - გაიზიაროს საყოველთაო სიხარული - ჯოჯოხეთია. სიძულვილი დუღს და თუხთუხებს მის სულში, ალერსიანი მოწოდება მამისა კი განრისხებად და ექსორიად ეჩვენება.

იქნებ ეს ყველაფერი გვეუბნება რაღაცას იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მეორედ მოსვლა უფლისა ჩვენისა და საყოველთაო განსჯა?

იქნებ განრისხებულ („განჰრისხნა, და არა უნდა შინა შესლუად“), ვერაგ გულს მკაცრი და დაუნდობელი ეჩვენება მხიარული და საყვარელი სახე მრავალმოწყალე ღვთისა?

იქნებ სიძულვილი არის ჯოჯოხეთი, რომელიც ნთქავს და ანადგურებს ჩვენს შინაგან სამყაროს? ღვთის სიყვარული კი კვლავ გვაბრუნებს მუდმივ ცხოვრებაში?

იქნებ იგივე სიყვარული უფლისა არის სასუფეველი ხსნილთათვის, რომელთაც აქვთ უნარი, უყვარდეთ, იყვნენ სინანულში და მარად ჰქონდეთ გონებაში ქრისტე? ხოლო იგივე სიყვარული ჯოჯოხეთია ავადმყოფთათვის, ანუ სიყვარულის უუნაროთა, სინანულს მოკლებულთა და ყველა მათთვის, ვისაც ქრიტე არ ჰყავს გონებაში?

იქნებ სიყვარულით მოწოდება უფლისა, (რომელსაც „არა ნებავს ჴელთა მისთა დაბადებულისა წარწყმედათ, არამედ ნებავს ყოველთა ცხოვრებათ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაჲ“ (წმ. ბასილი დიდი), სიყვარულის უუნაროთათვის ისმის, როგორც: „წარვედით ჩემგან, წყეულნო ცეცხლსა მას საუკუნესა“... და იგივე ძახილი სიყვარულის მატარებელთათვის ისმის როგორც: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო“?!...

იქნებ დღესვე განვიკითხებით იმისდა მიხედვით, გულს ვუღებთ სიყვარულს, თუ - არა, და ამით დღესვე განვსაზღვრავთ ჩვენსავე ადგილს ჯოჯოხეთსა თუ სასუფეველში?!

 

ორი ძმის შედარებითი დახასიათება

უმცროსი ძე დაბრუნების მაგალითით აჩვენებს, რა არის აღსარება: ნაყოფი სინანულისა, აღიარება პირადი შეცდომების და დანაშაულებების, წუხილი ცოდვების გამო და შენდობის ძიება.

უფროსი ძე არდაბრუნების მაგალითით აჩვენებს, რა არ არის აღსარება: დეკლარირება საკუთარი ღირსებებისა და სხვათა დანაშაულებებისა, გულქვაობა და სხვათა განკითხვა.

დრომ და მძიმე გამოცდილებამ უმცროსი ძე დაარწმუნა, რომ ღირებულს ვერაფერს იპოვიდა მამისა და მისი კერიდან მოშორებით. შეიგრძნო ცხოველმყოფელ წყაროს მოწყვეტილი ცხოვრების ამაოება.

საწინააღმდეგოდ მოქმედებს დროის მსვლელობა უფროს ძეზე, თავისი პოზიციის სისწორეში დარწმუნებული, ვერ აღწევს სულიერ სიმწიფეს. მუდმივად განიკითხავს სხვებს, უმეტესწილად მამას და დიდი წარმოდგენისაა საკუთარ თავზე.

უმცროსი ძე მოქმედებითაც და სიტყვითაც გამოხატავს სინანულს: ,„მამაო! ვჰსცოდე ცად მიმართ და - წინაშე შენსა“...

უფროსი ძე საწინააღმდეგოდ ამბობს: შენ ხარ დამნაშავე.

უმცროსი ძის ამბოხებას (სანამ წავიდოდა „შორსა სოფელსა“), კიდევ შეიძლება მოეძებნოს რამენაირად ახსნა.

ხოლო უფროსი ძის ამბოხება - როცა „აჰა ესერა, ესოდენი წელნი“ გასულან მამის მსახურებაში „და არა უნდა შინა შესლუად“ საერთო სიხარულში და ითხოვს თიკანს და არა კრავს, რათა მის მეგობრებთან ერთად იხაროს, (უეჭველია, მისი მეგობრებიც უფლის მიერ განყოფილი „მარცხენითნი თიკანნი“ არიან და არა „კურთხეულნი მამისა მიერ“ „ცხოვარნი მარჯუენითნი“ (მათე 25.33) - სიმძიმეა და ძნელად თუ იკურნება.

როცა გყავს ასეთი მამა - მიმსგავსებული მამა ზეციერს - გაქვს მასთან სხვა ურთიერთობა, საუბრობ სხვა ენაზე, სხვანაირია შენი დანაკარგი და მოგება. თავს არ იმართლებ, რადგან გაქვს შემუსრვლილება გულისა, თვლი შენს თავს დამნაშავედ მამის წინაშე, რომელსაც არამარტო უყვარხარ, არამედ თვითონაა სიყვარული.

ხოლო, როცა არად შერაცხავ მამას, რომელსაც უყვარხარ, აღსარება არ შედგება, კარგავს აზრს. და თუ მაინც კადნიერდები ასეთი აღსარების მიცემად, შედგება დამახინჯებული სასამართლო, სადაც ბრალდებულია არა აღმსარებელი, არამედ - უცოდველი და მართალი.

არადა, როცა შენს წინაშეა სამუშაოს დამკვეთი და ელის შენგან ჩაიბაროს შესრულებული საქმე, ემზადები წარუდგინო შენი ნამუშევარი და მასთან დაკავშირებული ფინანსურ-ეკონომიკური გათვლები იურიდიულ წესრიგში მოსაყვანად... აქ ცხადად ჩანს, ვინ ვის წინაშეა ანგარიშვალდებული.

თუ გვაქვს უნარი სიყვარულისა, შევიცნობთ კიდეც ჭეშმარიტებას ღვთისას, ხოლო აღვიმაღლებთ რა ხმას უსიყვარულოდ, ვადასტურებთ ჩვენი ცხოვრების ამაოებასა და სიცრუეს.

 

მამის დახასიათება

„უძღები შვილის იგავის“ მამამ იცის დრო, როდის ილაპარაკოს და როდის - არა. როდის განუყოს „საცხოვრებელი იგი“ უსიტყვოდ და როდის არ გასცეს თუნდაც ერთი თიკანი და არც განმარტოს, რატომ. როდის და რომელ შვილს ეამბოროს და როდის და რომელ შვილს არ ეამბოროს, მაგრამ ელაპარაკოს მუდარით და დამოძღვროს მამაშვილურად.

არაა საჭირო მრავალსიტყვაობა და ბევრი ახსნა - განმარტება. საჭიროა დროის შეგრძნება, ინდივიდუალიზმი და მცდელობა, რომ გავიგოთ, (თუკი საერთოდ გავიგებთ), როდის რა ხდება.

ასე რომ, აქვს მნიშვნელობა ვიცოდეთ, ვის რა ვუთხრათ და რამდენი. და საჭირო დროს შევწყვიტოთ ახსნა - განმარტება.

მამა უმცროს შვილს არ ეკითხება, თუ რას აპირებს ძე და როდის. ქონების მიცემის შემდეგაც თავისუფლად ამყოფებს სახლში, თუმცა იგი იმავე დღეს არ მიდის და მიდის „შემდგომად არა მრავალთა დღეთა“. არ ეკითხება ახლოს მიდის, თუ -შორსა სოფელსა“ ყველაფერს წაიღებს თან, თუ - ნახევარს (1შეიკნაიბა ყოველი“).

არც უფროს შვილს ჰკითხა, რას აპირებს, ტოვებს თემას ღიად. მხოლოდ განუმარტავს, რა იყო საჭირო: „ხოლო აწ მხიარულება და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმა ესე შენი მომკუდარ იყო, და განცოცხლდა: წარწყმედულ იყო და იპოვა“.

ხოლო მუდარა და შეგონება მამისა რჩება უპასუხოდ, დასასრული უცნობია. წყდება საუბარი უეცრად, გვრჩება უკმარისობის განცდა: რატომ არ მთავრდება ეს ამბავი, რატომ წყდება თხრობა ასე?

ასე ხდება საერთოდ: არცერთი თემა არ მივა ლოგიკურ დასასრულამდე, როცა დიალოგი გაქვს ისეთ ადამიანთან, რომლის ბუნებაც ასე დაშორებულია ლოგიკასა და შეგნებას.

სხვანაირად - მხოლოდ საუბრებით - არც უმცროსი ძის ავადმყოფობა განიკურნებოდა. გარდა ერთი ფენომენალური მიტოვებით, მიშვებით, ისწავლოს ვნების გზის გავლით.

საუბრებს და შეგონებებს შედეგი არ მოაქვთ ადამიანებთან, რომელთაც შესმული აქვთ შხამის ფიალა თვითნებობისა, ლოგიკა - საკუთარი თავის მუდამ უდანაშაულობისა და სხვათა განკითხვისა. შეუძლიათ დაუზარებლად გიჩიჩინონ აღურიცხავი წვრილმანები, როგორც საკუთარი ღირსებებისა, ისე სხვათა ნაკლულევანებებისა. ადამიანთა ეს კატეგორია უძლურია შეიცვალონ შეხედულებები და მოინანიონ.

როგორ გვიყვარდეს ისინი, რომელთათვისაც უცხოა სიყვარული? ეს ხომ ერთი უზარმაზარი ჯვარია. უარყოფენ შენს სიყვარულს მათდამი და ამ სიყვარულის წილ ჯოჯოხეთურ ტკივილებს განიცდიან. იტანჯებიან, მაგრამ როგორ გინდა მათ თანაუგრძნო, გაიზიარო ტრაგიზმი მათი უსიყვარულო ცხოვრებისა? ისინი ხომ ესწრაფიან არა საუკუნო ცხოვრებას, არამედ სხვათა გასამართლებას და უარყოფენ ყველას და ყველაფერს...

ასე ასამართლებენ საკუთარ თავს. რა გაეწყობა, ასეთი ყოფილა კონსტიტუცია და მოქალაქობა ჯოჯოხეთისა.

მამა გაურბის, გვერდს უვლის უფროსი ვაჟის ბრალდებებს. დუმს: არც ბრალს დებს არაფერში, არც უქებს, თუ რაიმე სიკეთე ჩაუდენია.

დუმს, რადგან ესაა სიტუაცია, როცა არავის ძალუძს გზა გადაუკეტოს, მიმართულება უცვალოს ლოგიკას, რომელიც ადამიანს გარდაუვალი კრახისკენ, უეჭველი წარწყმედისაკენ მიაქანებს...

აქაა დრამა მამისა: როცა უფროსი შვილი ვერ მიმხვდარა, რომ თვითონ იგიც უძღები შვილია.

 

იგავი და ჩვენ

უშუალო კავშირი აქვს ამ იგავს თავისი მამა - ღმერთით, კაცობრიობის მოდგმასთან, რომელიც ხასიათით ორ ბანაკად - ორ შვილად იყოფა.

სად ვიმყოფებით ვისი პერსონიფიკაცია, ანუ ვისი განსახიერება ვართ?

ეს არაა იოლი კითხვა. საშიშია ნაუცბათევი პასუხი, ამას გვასწავლის ეს იგავი.

უმცროსმა შვილმა თავიდან, როცა დაჟინებით მოითხოვა წილი საერთო ქონებიდან, (ანკი ვინ უთხრა, რომ ჰქონდა რაიმე უფლება მსგავსი ქმედებისა?), ვიდრე გაფლანგავდა ყოველივეს და დაიწყებოდა საყოველთაო შიმშილი იმ შორეულ მხარეში და დაიმშეოდა თვითონ და სხვა მოქალაქენიც... ვიდრე მოხდებოდა ეს ყოველივე, იყო თავბრუდახვეული. მისი სულიერი მდგომარეობა არ იყო ჯანსაღი, არ ეკუავნოდა თავისთავს. მას არ ჰქონდა განსეჯის უნარი, რომ გაეცნობიერებინა, თუ რას ჩადიოდა. მხოლოდ ყოველივე ამის შემდგომ „მოეგო თავსა თჳსსა“.

ანუ, თუ ვიმყოფებით უმცრისი ძის სიტუაციაში, ნიშნავს, ვართ რეალობაში, როცა არ ვეკუთვნით ჩვენ თავს და არ ვიცით, რა ხდება, რას ჩავდივართ და თუ გვგონია, რომ „ვიცით“ - რაც ხშირად გვემართება - განვიგდებით „შორსა სოფელსა“ თუ უფლის შემწეობით მოვეგებით „თავსა თჳსსა“, მხოლოდ მაშინ აღმოვაჩენთ ჩვენს ბოგანოობასა და სიშიშვლეს.

არც უფროსი ძეა ნაკლებ გზააბნეული, არც ის ეკუთვნის საკუთარ თავს. არ ამჟღავნებს გონებაზე მოსვლის რაიმე ნიშანს, არ მიდის მამისაკენ, რომ მოინანიოს თავისი ავადმყოფური მდგომარეობა, აღიაროს ადამიანური უძლურება. ამის საპირისპიროდ, განსჯადაკარგული უტიფრად აღასრულებს თავის ნებას: „განჰრისხნა, და არა უნდა შინა შესლუად“. და დარწმუნებულია, რომ სიმართლე მის მხარესაა. სიმართლე კი იმასთანაა, ვინც ჰყოფს არა თავის ნებას, არამედ ნებას ზეციერი მამისას.

მისი სიტყვები და საქციელი ცხადყოფს უგუნურებასა და უაზრობას თვითდაჯერებულობისას, რაც ასე მიუღებელი და უცხოა უფლისათვის.

„აჰა ესერა, ესოდენი წელნი გმონენ შენ“: ანგარიშობს მიწიერ დროს და ხელითქმნილ მატერიას და არა დროის მიღმა მყოფ მუდმივ ცხოვრებასა და ხელთუქმნელ მადლს. მადლს, რომლის იმპულსმაც წამისყოფით ფერი უცვალა ჯვარცმულ, მონანიე ავაზაკს და გზა გაუხსნა საუკუნო ცხოვრებისაკენ (ლუკა 23.34).

კიცხავს უმცროს ძმას უძღებისა და მამის ნების წინააღმდეგობისათვის, როცა არც თვითონ გააჩნია მორჩილება მშობლის მიმართ: იმ დროს, როცა იქადის ხანგრძლივ, უმწიკვლო და მორჩილ მსახურებას: „აჰა ესერა, ესოდენი წელნი გმონენ შენ, და არასადა მცნებასა შენსა გარდავჰხედ,“ იმავ წუთს შესასრულებლად არამძიმე საქმეს - დაჰყვეს მამის ნებას და გამოხატოს თანადგომა საერთო ოჯახურ ბედნიერებაში - თავს არიდებს.

ამრიგად ძნელია, ვთქვათ რომელ მხარეს, რომელ ბანაკში ვიმყოფებით, რადგან შეიძლება დავისაჯოთ განგდებით „შორსა სოფელსა“. შესაძლებელია ჩვენი თავი ჩვენადვე არ გვეყუდნოდეს და წარმოდგენაც არ გვქონდეს ამაზე.

რა ძნელია იმყოფებოდე უსაშველოდ შორს, როცა სულიერად ეკუთვნი მამის სახლს. მაგრამ ძნელზე ძნელია „ესოდენი წელნი“ მსახურებდე მამას ყოვლისას და საბოლოოდ ვერ იგემო გემო „ზუარაკი იგი ჭამებული“-სა და ვერ გახდე თანამეინახე სამყაროს ბრწყინვალე ზეიმისა.

 

ჩვენ - სულიერი მამები

არსებობს ერთგვარი წონასწორობა ამ ისტორიაში, რამდენადაც მამა ყველაფერს განიცდის და ყოველივეს აწესრიგებს ღვთიურად, მშვიდად ეზიდება ოჯახის ჯვარს. ორივე ვაჟს ჰქონდა პრობლემები: დაიტანჯნენ და დატანჯეს იგიც. მხოლოდ მამა ირჯებოდა უბადლოდ, ღვთიურად: არც უმცროსი ძე ამხილა უძღებებაში და არც უფროსის თავმოგვარეობას შეხებია, ესაუბრა რა მას მუდარით. მისი მოქმედების მანერა ამჟღავნებს უძირო სიყვარულს და მოაქვს ნუგეში.

რადგან გვყავს ასეთი მამა-ღმერთი, შეგვიძლია გვქონდეს იმედი, რომ ვიპოვით სახლის გზას, საკუთარ თავს.

ადამიანები ღვთისათვის ყოველთვის შვილებად ვრჩებით და მაგალითი მამასთან დაბრუნებისა არის იგავის უძღები შვილი. მაგრამ ხშირად ვიმყოფებით მამის, ანდა სულიერი მამის ადგილზე. ამ შემთხვევაშიც მაგალითს, თუ როგორ მოვიქცეთ, როგორ უნდა ვეპყრობოდეთ შვილებს, გვაძლევს „მამა“ იგავისა.

ჩვენ - აწ უკვე სულიერ მამებს - თუ ოდესმე განგვივლია და განგვიცდია უმცროსი ძის მსგავსი განსაცდელი, როცა იგი ბრუნდება, ან დაბრუწდა მამის სახლში, მაშინ შეგვიძლია შევიწყნაროთ და გავუგოთ ჩვენს შვილებსაც. მაშინ შევძლებთ, ვიგრძნოთ და ვაღიაროთ, ვართ უძლურნი, საკმაოდ უძლურნი იმისათვის, რომ შევცვალოთ რამე, მაგრამ სასოწარკვეთილებას არ უნდა მივეცეთ, რადგან გვყავს უფალი „შემძლე ტჳრთუად უძლურებათა ჩუენთა“.

ხოლო, თუ ამჟამადაც ვიმყოფებით უმცროსი ძის მსგავს სულიერ მდგომარეობაში, როცა უძღებებით ცხოვრობდა „შორსა სოფელსა“ ან უფროსი ძის მსგავსად ყოველთვის „მართლები“ ვართ, მაშინ ყალბი მცდელობაა, ვბაძავდეთ „მამას!“ იგავისას... დავიტანჯებით და ყოველთვის დავიტანჯებით.

თანახმად ყოველივე ამისა, შეგვიძლია განვასხვავოთ სულიერ მამათა ორი ტენდენციური სახე:

პირველნი - ჩანან ლიბერალურნი, დამთმობნი, მომთმენნი, არ იძლევიან შენიშვნებს, ამართლებენ ახალგაზრდებს, არ კურნავენ მათ დაავადებებს (არც შეუძლიათ), რასაც არ უნდა აკეთებდნენ მათი შვილები, ყოველივეს თვლიან ბუნებრივად, მართებულად და სრულყოფილებად. ეს სიყვარულის ნაყოფი კი არა, შედეგია გულგრილობისა და ზედაპირულობისა, მცდელობაა, რომ დაამყარონ დროებითი მეგობრობა შვილებთან. ეს მოძღვრები თავის უუნარობასა და უმეცრებას მალავენ ყალბი კაცთმოყვარეობითა და იაფფასიანი გულისხმიერებით. სინამდვილეში კი ხდება აბსოლუტური იგნორირება და მიტოვება ადამიანისა, რომლის იდეალიც სულ სხვა სიმაღლისა და ღირსებისაა.

ასეთ წინამძღოლებს ახალგაზრდები მცირე ხნით მიჰყვებიან - მოტყუებულნი „გაბედული ავანგარდიზმით“ და ცრუ ლიბერალიზმით - და დროულად ანებებენ თავს, თუ აქვთ მტკიცე ხასიათი და მოთხოვნილება ნამდვილი სულიერებისა, რადგან შეიცნობენ მათ მჩატე ბუნებას. ეს მოძღვრები არ იცნობენ ცხოვრებას, ადამიანის ბუნებას და მის სიღრმისეულ მოთხოვნილებებს.

მეორენი - ხორციელად იმყოფებიან მამის სახლში, (როგორც უფროსი ძე), სინამდვილეში კი სულიერად შორს დგანან „მამის“ სიყვარულისაგან. თავით თვისით ესწრაფვიან ხელდასხმას სულიერ მამებად, (ისინი ხომ „ესოდენი წელნი“ მსახურებენ) და გვევლინებიან სხვათა მრისხანე და გაუთლელ მსაჯულებად. პირადი ომი სინანულისა და სიმდაბლის მოსაპოვებლად გასრულებული აქვთ და ახლა მოუცლიათ სხვათა პრობლემებისათვის. ეშურებიან არა „მამის“ უბიწო სიყვარულის მაგალითს, არამედ თავის ისედაც შურიანი და მუხთალი გულის ზრახვებს. - ასე უმალ ხდება ყველასათვის ცხადი მათი შინაგანად ქაოტური და ბოღმიანი ბუნება. ამ ცრუმოძღვართა ხმა და საქციელი განსხვავდება ჭეშმარიტი მწყემსის ხმისაგან, რომელმაც „სული თჳსი დადვას ცხოვართათვის“ (იოანე 10.11).

ამისთვის ტოვებენ ადამიანები მსგავს მოძღვრებს. რამდენადაც შორდებიან მათ (და სამართლიანადაც), იმდენად დემონურდებიან მიტოვებულნი და უთვლიან წყევლა-მუქარას ყველას, ვინც არ ცხოვრობს მათი კურთხევით.

არ შეგვიძლია, არა გვაქვს უფლება, გამოვავლინოთ - არც მეტად და არც ნაკლებად - შემწყნარებლობა ან სიმკაცრე, ვიდრე ამას ავლენს მამა-ზეციერი. სხვანაირად რომ ვთქვათ: ჩვენი შემწყნარებლობა და სიმკაცრე, არასაკმარისი ან ზედმეტია სხვათათვის. ის, რაც გვესაჭიროება, მხოლოდ დუმილია, (თუ შეგვიძლია ვიცხოვროთ იგავის იდეალით). დუმილი, რომელიც შესაბამის დროს და ადგილას უფრო მეტყველია, ვიდრე ვერბალურად თანწყობილ ბგერათა მთელი კასკადი. დიახ, დუმილია ის ერთადერთი სწორი დგომა, რითაც ხამს, რომ შევეგებოთ თვით საკუთარ სიკვდილსაც და აღგომასაც. ასე უნდა ვიცხოვროთ ჩვენთვის და ყველასათვის, ამით მივეახლებით წინამძღოლს ჩვენი ცხონებისას და არა ჩვენი უღირსი თანამგზავრით - საკუთარი შეხედულებებითა და ძალისხმევით.

ის, ვინც დაბრუნდა ან ახლა ბრუნდება, ხედავს მხოლოდ თავის უღირსებას („არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა“). ამიტომ განიცდის ფერიცვალებას და იწმინდება უფლის მადლითა და სიყვარულით. თვლის თავის თავს ცოდვილად და სხვებს - უცოდველად. ამ ადამიანის სიყვარული მსგავსია ღვთის სიყვარულისა, უყვარს ღვთის სიყვარულით, რომლის ხელშიცაა ცხონება და სჯა. ამ ადმიანის საშუალებით უყვარს და მისი სახით ცხადდება თვით ღმერთი ხდება ღმერთი ღვთის მადლით და არა ღმრთისმეტყველი საკუთარი ფანტაზიით. პირველი ძვირად მისაღწევია, მეორე კი მუქთაა და ყოველდღიური.

განწმენდილნი, წმინდანნი ნუგეშინისგვცემენ, გვეხმარებიან ცხონებაში. მათ ძალუძთ, აიღონ თავისთავზე ტვირთი უფლის საქმისა, რადგანაც ღაღადებენ ჭეშმარიტებას როგორც სიტყვით, ისე თვისი ცხოვრებით. აჩვენებენ, რომ მათი ომი გრძელდება ბოლომდე, სანამ ადამიანი არ ჩავა საფლავში. საქმე სინანულისა გრძელდება, სანამ ვცოცხლობთ. და დღე ჩვენი დასაფლავებისა არის დღე შაბათისა, დღე დასვენებისა.

ჩვენ უძლურნი, რომლებსაც მუდამ გვაქვს პრობლემები, ვუსმენთ და გვჯერა წმინდანების. გვინდა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ვიყოთ მათ სიახლოვეს. ვგრძნობთ, რომ ისინიც თავის მხრივ გვგრძნობენ და გვმკურნალობენ, რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი განკურნება. მათი კაცთმოყვარეობა ქმედითია, სიმკაცრე და შველა მათი კი - კაცთმოყვარული.

ღვთის სიყვარულისა და წმინდანთა შეწევნის გარეშე, რომლებიც გრძნობადად ხდიან უფლის სიფაქიზესა და მის ცხოველმყოფელ ნათებას, სიცოცხლე ქვეყანაზე ბჟუტავს და ჯოჯოხეთურად ცივა: მოქალაქენი „შორი სოფლისა“ გწირავენ და გაგზავნიან „ველად თჳსა, ძოვნად ღორთა“, ანუ მწყემსვად და მსახურებად ხორციელ ვნებათა, „უფროსი ძმის“ ტიპის „მართლები“ კი გასამართლებენ, შენი სინანულის წილ შენდობას არ გაძლევენ და ზურგს გაქცევენ.

ოღონდ ყოველთვის არსებობს „მამა“, რომელმაც გშობა სულიერად, სტკივა შენი ტკივილი, გელის და ზრუნავს შენზე.

ზესთა სოფლამდე ქვედა სოფელი მოგვეცა საცხოვრებელად კაცთა და იცხოვრება კიდეც, რამდენადაც გვყავს მამა - ღმერთი და ჭეშმარიტი თანამოძმენი ჩვენნი.

ბერძნულიდან თარგმნა გაიოზ მეხრიშვილმა