იოანეს სახარება

თავი 1

დასაწყისში იყო სიტყვა

1. დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.

2. ის იყო დასაწყისში ღმერთთან.

3. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა.

4. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი.

5. ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.

 

იოანე ნათლისმცემლის მოწმობა იესოზე

6. იყო კაცი, მოვლინებული ღვთისგან; სახელი მისი იყო იოანე.

7. იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ, რათა ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით.

8. იგი არ იყო ნათელი, არამედ რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ.

9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც უნათებს სოფლად მომსვლელ ყოველ ადამიანს.

10. იყო სოფელში და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმა ვერ იცნო იგი.

11. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი.

12. ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.

13. ისინი იშვნენ არა სისხლისაგან, არა ხორცის ნდომისაგან, არა მამაკაცის ნდომისაგან, არამედ ღვთისაგან.

14. სიტყვა ხორცი იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე. და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც დიდება მამისაგან მხოლოდშობილისა

15. იოანე მოწმობს მასზე და ღაღადებს: „ეს იყო, ვისზეც ვთქვი: ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო.

16. მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ.

17. ვინაიდან რჯული მოცემულია მოსეს მიერ, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა“.

 

იოანე უთითებს ღვთის კრავზე

18. ღმერთი არასოდეს არავის უნახავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, გააცხადა.

19. აჰა, მოწმობა იოანესი, როცა იუდეველებმა მიუგზავნეს იერუსალიმიდან მღვდელნი და ლევიანები, რათა ეკითხათ მისთვის: „ვინ ხარ შენ?“

20. მან აღიარა და არ უარყო, აღიარა: „მე არა ვარ ქრისტე“.

21. და ჰკითხეს მას კვლავ: „მაშ ვინა ხარ? ელია ხარ?“ ამბობს: „არა ვარ“. „წინასწარმეტყველი ხარ?“ მიუგებს: „არა“.

22. მაშინ უთხრეს მას: „ვინა ხარ, რომ პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომგზავნელთ: რას იტყვი შენზე?“

23. თქვა: „მე ვარ ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: მოუსწორეთ გზა უფალს, როგორც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა“.

24. წარმოგზავნილები კი ფარისეველთაგან იყვნენ.

25. და ჰკითხეს მას და უთხრეს: „აბა, რაღატომ ნათლავ, თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია, არც წინასწარმეტყველი?“

26. მიუგო მათ იოანემ და უთხრა: „მე ვნათლავ წყლით, მაგრამ თქვენს შორის დგას, ვისაც ვერ იცნობთ.

27. ის ჩემს შემდეგ მოდის, მაგრამ მე მის სანდლებზე თასმის შეხსნის ღირსიც არა ვარ“.

28. ეს ბეთანიაში მოხდა, იორდანეს გაღმა, სადაც იოანე ნათლავდა.

29. მეორე დღეს იხილა მან მისკენ მომავალი იესო და თქვა: „აჰა, ღვთის კრავი, რომელმაც აიღო სოფლის ცოდვა.

30. ეს არის, ვისზეც ვთქვი: ჩემს შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო-მეთქი.

31. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ იმიტომ მოვედი წყლით სანათლავად, რომ ის გამოეცხადოს ისრაელს“.

32. მოწმობდა იოანე და ამბობდა: „მე ვიხილე ციდან მტრედივით გადმომავალი სული, რომელმაც დაივანა მასზე.

33. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა წყლით სანათლავად, მან მითხრა: „ვისზეც დაინახო სული, გადმომავალი და დავანებული, ის არის სულიწმიდით ნათლისმცემელი“.

34. მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს არის ძე ღვთისა“.

35. მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და ორი მისი მოწაფეთაგანი.

36. დაინახა მომავალი იესო და თქვა: „აჰა, ღვთის კრავი“.

37. ორმა მოწაფემ გაიგონა მისი სიტყვა და გაჰყვა იესოს.

38. იესო მობრუნდა და დაინახა, რომ მიჰყვებიან, და ეუბნება მათ: „რას ეძებთ?“ მათ უთხრეს: „რაბი (რაც თარგმანით ნიშნავს: მოძღვარო), სად დგახარ?“

39. ეუბნება მათ: „წამოდით და ნახავთ“. წავიდნენ და ნახეს, სადაც იდგა. ის დღე მასთან დაჰყვეს. იქნებოდა ასე მეათე საათი.

40. ერთი ამ ორთაგანი, რომელთაც იოანესგან მოისმინეს და გაჰყვნენ იესოს, იყო ანდრია, ძმა სიმონ-პეტრესი.

41. მან პირველად თავისი ძმა სიმონი ნახა და უთხრა: „ჩვენ ვიპოვეთ მესია“ (რაც თარგმანით ნიშნავს ქრისტეს).

42. მიიყვანა იგი იესოსთან. შეხედა მას იესომ და უთხრა: „შენ ხარ სიმონი, იოანეს ძე. ამიერიდან შენ გერქმევა კეფა (რაც თარგმანით ნიშნავს კლდეს, პეტრეს).

43. მეორე დღეს მოისურვა გალილეას წასვლა, და იპოვა ფილიპე. უთხრა მას იესომ: „გამომყევი“.

44. ხოლო ფილიპე ბეთსაიდიდან იყო, ანდრიას და პეტრეს ქალაქიდან.

45. ფილიპე შეხვდა ნათანაელს და უთხრა: „ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც დაწერეს რჯულში მოსემ და წინასწარმეტყველებმა: იესო, იოსების ძე, ნაზარეთიდან“.

46. უთხრა მას ნათანაელმა: „ნაზარეთიდან რა სიკეთე შეიძლება იყოს?“ უთხრა მას ფილიპემ: „წამოდი და ნახე“.

47. იესომ რომ დაინახა მისკენ მომავალი ნათანაელი, თქვა მასზე: „აჰა, ნამდვილი ისრაელიანი, რომელშიც არ არის მზაკვრობა“.

48. ეუბნება მას ნათანაელი: „საიდან მიცნობ?“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „ვიდრე ფილიპე დაგიძახებდა, ლეღვის ქვეშ დაგინახე“.

49. მიუგო მას ნათანაელმა: „რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მეფე ისრაელისა“.

50. მიუგო იესომ და უთხრა მას: „შენ იმის გამო გწამს, რომ გითხარი, ლეღვის ქვეშ დაგინახე-მეთქი? ამაზე მეტსაც იხილავ“.

51. ეუბნება მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღვთის ანგელოზებს, კაცის ძეზე აღმავალთ და ჩამომავალთ“.

 

თავი 2

პირველი სასწაული კანაში

1. მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში და იესოს დედაც იქ იყო.

2. იესო და მისი მოწაფეებიც იყვნენ მიწვეულნი ქორწილში.

3. და როცა ღვინო შემოაკლდათ, ეუბნება იესოს დედამისი: „ღვინო აღარა აქვთ“.

4. ეუბნება მას იესო: „რა გინდა ჩემგან, დედაკაცო? ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა“.

5. ეუბნება დედამისი მსახურებს: „გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით“.

6. იყო იქ ექვსი ქვის ჭურჭელი, იუდეველთა საწესო განწმედისთვის. თითოში ორი თუ სამი საწყაული ჩადიოდა.

7. ეუბნება მათ იესო: „დაავსეთ წყლით ეგ ჭურჭლები“. და მათაც დაავსეს პირთამდე.

8. და ეუბნება მათ: „ახლა ამოიღეთ და მიართვით სუფრის გამრიგეს!“ და მიართვეს.

9. როცა სუფრის გამრიგემ გემო უნახა ღვინოდ ქცეულ წყალს (არ იცოდა, საიდან იყო ეს, იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), მაშინ სუფრის გამრიგემ დაუძახა ნეფეს

10. და ეუბნება მას: „ყველა კაცი ჯერ კარგ ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა შეთვრებიან, მდარეს. შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს“.

11. ასე დაიწყო იესომ სასწაულების მოხდენა გალილეის კანაში და გამოავლინა თავისი დიდება. და ირწმუნეს მისმა მოწაფეებმა.

12. ამის შემდეგ ჩავიდნენ კაპერნაუმს ის და დედამისი, ძმები და მისი მოწაფეები. და იქ დარჩნენ რამდენიმე დღეს.

 

ტაძრიდან ვაჭრების გარეკვა

13. ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და იესო ავიდა იერუსალიმს.

14. ნახა ტაძარში ხარების, ცხვრების და მტრედების გამყიდველნი და მსხდომარე მეკერმენი.

15. გააკეთა საბლის შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარებიც და ცხვრებიც, კერმის გადამცვლელებს კერმა დაუბნია და დახლები აუყირავა.

16. მტრედების გამყიდველებს უთხრა: „გაიყვანეთ ესენი აქედან და ჩემი მამის სახლს ნუ გახდით სავაჭრო სახლად“.

17. გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია: „შენი სახლის შური შემჭამს მე“.

 

მისი სხეული ტაძარია

18. მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: „რა ნიშანს გვიჩვენებ, ამას რომ აკეთებ?“

19. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას“.

20. უთხრეს იუდეველებმა: „ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?“

21. ის კი თავისი სხეულის ტაძარზე ლაპარაკობდა.

22. როცა ის მკვდრეთით აღდგა, მისმა მოწაფეებმა გაიხსენეს, ამას რომ ამბობდა, და იწამეს წერილი და სიტყვა, რომელიც იესომ თქვა.

 

მისი სასწაულით ბევრმა ირწმუნა

23. ხოლო, როცა იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე იყო, ბევრმა ნახა მის მიერ მოხდენილი სასწაულები და იწამა მისი სახელი.

24. თვითონ იესო არ ენდობოდა მათ, ვინაიდან ყველას იცნობდა.

25. არც სჭირდებოდა, რომ ვინმეს დაემოწმებინა კაცის შესახებ, რადგან იცოდა, რა იყო კაცში.

 

თავი 3

ნიკოდემოსი იესოსთან

1. იყო ერთი კაცი ფარისეველთაგან, სახელად ნიკოდემოსი, იუდეველთა მთავარი.

2. იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: „რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ხარ მოძღვარი, ღვთისაგან მოსული, ვინაიდან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორსაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის“.

3. მიუგო იესომ და უთხრა მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს“.

4. ეუბნება მას ნიკოდემოსი: „როგორ შეუძლია კაცს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუთუ შეძლებს, რომ თავისი დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას?“

5. მიუგო იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში.

6. ხორცისაგან შობილი ხორცია და სულისაგან შობილი სულია.

7. ნუ გაგიკვირდება, რომ გითხარი: თქვენ ხელახლად უნდა იშვათ-მეთქი.

8. ქარი ქრის, სადაც მოისურვებს. მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისაგან არის შობილი“.

9. ნიკოდემოსმა მიუგო და უთხრა მას: „როგორ შეიძლება მოხდეს ეს?“

10. მიუგო იესომ და უთხრა მას: „შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და განა ეს არ იცი?

11. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ვიცით, და ვმოწმობთ, რაც გვინახავს, მაგრამ თქვენ არ ღებულობთ ჩვენს მოწმობას.

12. თუ მიწიერზე გითხარით და არ გწამთ, როგორ იწამებთ, ზეციერზე რომ გითხრათ?

13. არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ცაშია.

14. როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა.

15. რათა არც ერთი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

16. რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

17. რადგან იმისთვის კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე სოფლად, რომ განეკითხა სოფელი, არამედ გადარჩენილიყო სოფელი მის მიერ.

18. ვისაც ის სწამს, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე განკითხულია, რადგან არ ირწმუნა სახელი ღვთის მხოლოდშობილი ძისა.

19. განკითხვა კი ის არის, რომ ნათელი მოვიდა სოფელში და ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმეები.

20. ვინაიდან ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს ნათელი და არ მიდის ნათლისკენ, რათა არ იქნეს მხილებული მისი საქმეები.

21. ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი ნათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რადგან ღმერთშია ქმნილი“.

 

იოანე ნათლისმცემელი ისევ მოწმობს იესოზე

22. ამის შემდეგ იესო თავის მოწაფეებთან ერთად მივიდა იუდეას ქვეყანაში, იქ დარჩა მათთან და ნათლავდა.

23. იოანე კი ნათლავდა ენონში, სალიმის მახლობლად, ვინაიდან ბევრი წყალი იყო იქ, და მიდიოდნენ და ინათლებოდნენ.

24. ვინაიდან იოანე ჯერ კიდევ არ იყო საპყრობილეში ჩაგდებული.

25. მაშინ იოანეს მოწაფეებსა და იუდეველებს შორის დავა ჩამოვარდა განწმედის გამო.

26. მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: „რაბი, ის, ვინც შენთან იყო იორდენეს გაღმა, და ვისზეც შენ მოწმობდი, აჰა, ის ნათლავს და ყველანი მასთან მიდიან“.

27. მიუგო იოანემ და თქვა: „ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია, თუ ზეციდან არა აქვს მიცემული.

28. თქვენ თვითონ დამემოწმებით, რომ ვთქვი: მე არა ვარ ქრისტე, არამედ მოვლენილი ვარ მის წინ.

29. ვისაც საცოლე ჰყავს, ის სიძეა, ხოლო სიძის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს სიძის ხმაზე. ეს ჩემი სიხარული უკვე აღსრულდა.

30. ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე.

31. მაღლიდან მომავალი ყველაზე მაღლაა, ხოლო ვინც მიწიდან არის, მიწიერია, და მიწის შესახებ ლაპარაკობს. ზეციდან მომავალი კი ყველაზე მაღლაა.

32. რაც მან იხილა და მოისმინა, იმას მოწმობს და მის მოწმობას არავინ ღებულობს.

33. ვინც მიიღო მისი მოწმობა, დაბეჭდა, რომ ღმერთი ჭეშმარიტია.

34. რადგან ის, ვინც ღმერთმა მოავლინა, ღვთის სიტყვებს ლაპარაკობს. ვინაიდან ღმერთი გამოზომილად არ იძლევა სულს.

35. მამას უყვარს ძე და ყველაფერი მას მისცა ხელთ.

36. ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ძის ურჩი ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა დარჩება მასზე“.

 

თავი 4

ღმერთი არის სული

1. როცა შეიტყო იესომ, რომ ფარისევლებს გაგებული ჰქონდათ, იესო უფრო მეტ მოწაფეებს იძენს და ნათლავს, ვიდრე იოანეო,

2. (თუმცა ნათლავდა არა თვით იესო, არამედ მისი მოწაფეები),

3. დატოვა იუდეა და კვლავ გალილეას წავიდა.

4. მას სამარიაზე უნდა გაევლო.

5. მივიდა სამარიელთა ქალაქში, სიქარი რომ ეწოდება, იმ მინდვრის მახლობლად, რომელიც იაკობმა მისცა თავის ძეს იოსებს.

6. იქ იყო იაკობის ჭა. გზით დაქანცული იესო წყაროსთან ჩამოჯდა. ასე ექვსი საათი იქნებოდა.

7. მოვიდა ქალი სამარიიდან წყლის ამოსაღებად. ეუბნება მას იესო: „წყალი დამალევინე,“

8. რადგან მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასული საჭმელის საყიდლად.

9. ეუბნება მას სამარიელი ქალი: „როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაცს, დამალევინეო?“ (რადგან იუდეველებს არა აქვთ ურთიერთობა სამარიელებთან.)

10. მიუგო იესომ და უთხრა მას: „შენ რომ იცოდე რას იძლევა ღმერთი და ვინ არის ის, ვინც გეუბნება, წყალი დამალევინეო, მაშინ შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს“.

11. ეუბნება მას ქალი: „ბატონო, არც ასავსები ჭურჭელი გაქვს და ეს ჭაც ღრმაა. საიდან გაქვს ცოცხალი წყალი?

12. ნუთუ შენ მეტი ხარ ჩვენს მამა იაკობზე, რომელმაც ეს ჭა მოგვცა, და თვითონაც აქედან სვამდა, მისი შვილებიც და მისი საქონელიც?“

13. მიუგო იესომ და უთხრა მას: „ყველას, ამ წყლის შემსმელს, კვლავ მოსწყურდება.

14. ხოლო ვინც შესვამს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება. რადგან წყალი, მე რომ მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს“.

15. ეუბნება მას ქალი: „ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ“.

16. ეუბნება მას: „წადი, დაუძახე შენს ქმარს და მოდი აქ“.

17. მიუგო ქალმა და უთხრა: „მე არ მყავს ქმარი“. ეუბნება მას იესო: „მართალი თქვი, ქმარი არა მყავსო,

18. რადგან ხუთი ქმარი გყავდა და, ვინც ახლა გყავს, არც ისაა შენი ქმარი. მართალი თქვი“.

19. ეუბნება მას ქალი: „ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.

20. ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, იერუსალიმშია ადგილი, სადაც უნდა სცემდნენო თაყვანს“.

21. ეუბნება მას იესო: „ქალო, მერწმუნე, დგება ჟამი, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას.

22. თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს. ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგანაა.

23. მაგრამ დგება ჟამი და უკვე აქ არის, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის.

24. ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით“.

25. ეუბნება მას ქალი: „ვიცი, რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე. ის რომ მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს“.

26. ეუბნება მას იესო: „მე ვარ, ვინც შენ გელაპარაკება“.

27. ამ დროს მოვიდნენ მისი მოწაფეები და გაუკვირდათ, რომ იგი ქალთან საუბრობდა, მაგრამ არც ერთს არ უთქვამს: რას ეძიებ ან რას ელაპარაკებიო მას.

28. დატოვა თავისი ჭურჭელი ქალმა და წავიდა ქალაქში და ეუბნება ადამიანებს:

29. „წადით, ნახეთ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი ჩამიდენია. ის ხომ არ არის ქრისტე?“ 30. გამოვიდნენ ქალაქიდან და გაემართნენ მისკენ.

 

მომწიფდა სამკალად

31. ამასობაში მოწაფეებმა სთხოვეს მას და უთხრეს: „რაბი, ჭამე!“

32. მან უთხრა მათ: „მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით“.

33. ამიტომ მოწაფეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ნუთუ ვინმემ მოუტანა მას საჭმელი?“

34. ეუბნება მათ იესო: „ჩემი საჭმელია - ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე.

35. განა თქვენ არ ამბობთ, რომ კიდევ ოთხი თვე და დადგება მკა? აჰა, მე გეუბნებით თქვენ: აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად.

36. მომკელი ღებულობს თავის საზღაურს და მოაგროვებს ნაყოფს საუკუნო სიცოცხლისათვის, ისე რომ, მთესველი და მომკელი ერთად გაიხარებენ.

37. ამგვარად, ჭეშმარიტია ანდაზა: ერთი თესავს და სხვა იმკისო.

38. მე თქვენ მიგავლენთ იმის მოსამკელად, რაზეც არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს, თქვენ კი მათ ნამუშაკევში შეხვედით“.

 

სამარიელებმა იწამეს იესო

39. ბევრმა იმ ქალაქში მცხოვრებმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ ქალის სიტყვით, რომელიც ამოწმებდა: ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენიაო.

40. ამიტომ, როცა მოვიდნენ მასთან სამარიელები, სთხოვეს, მათთან დარჩენილიყო, და იგი ორ დღეს დარჩა იქ.

41. კიდევ მრავალმა ირწმუნა მისი სიტყვით.

42. ქალს უთხრეს: „უკვე გვწამს არა შენი ნათქვამის გამო, არამედ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშარიტად ის არის სოფლის მხსნელი“.

43. ორი დღე რომ გავიდა, წამოვიდა იქიდან გალილეაში.

44. რადგან თავად იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს თავის სამშობლოში არა აქვს პატივი.

45. როცა გალილეაში მივიდა, გალილეველებმა მიიღეს იგი, რაკი ყველაფერი ნახეს, რაც მოიმოქმედა იერუსალიმში დღესასწაულზე, რადგან ისინიც ესწრებოდნენ დღესასწაულს.

 

დიდებულის შვილის განკურნება

46. ასე რომ, იესო კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც წყალი ღვინოდ აქცია. და იყო იქ ერთი მეფის მოხელე, რომელსაც შვილი ჰყავდა ავად კაპერნაუმში.

47. როგორც კი გაიგო, იესო მოსულა იუდეიდან გალილეაშიო, მივიდა მასთან და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი შვილი, რადგან სიკვდილის პირას იყო.

48. უთხრა იესომ მას: „არ ირწმუნებთ, თუკი ნიშნებსა და სასწაულებს არ იხილავთ“.

49. ეუბნება მას მეფის მოხელე: „უფალო, წამოდი, სანამ ჩემი ბავშვი არ მომკვდარა“.

50. ეუბნება მას იესო: „წადი, ცოცხალია შენი შვილი“. ირწმუნა კაცმა, რაც იესომ უთხრა მას, და წავიდა.

51. შინ რომ ბრუნდებოდა, მისი მსახურები მიეგებნენ მას და უთხრეს, რომ ცოცხალია მისი ვაჟი.

52. ჰკითხა, თუ რომელ საათზე გამომჯობინდა. უთხრეს, რომ გუშინ მეშვიდე საათზე გაუარაო სიცხემ.

53. ამით მიხვდა მამა, რომ ეს ის საათი იყო, როცა იესომ უთხრა: „ცოცხალია შენი შვილი“. და ირწმუნა მან და მთელმა მისმა სახლმა.

54. ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ მას შემდეგ, რაც იუდეიდან გალილეაში დაბრუნდა.

 

თავი 5

განკურნება ბეთხაზდასთან

1. ამის შემდეგ იუდეველთა დღესასწაული იყო და ავიდა იესო იერუსალიმს.

2. იერუსალიმში, ცხვრის ჭიშკართან, აუზია, რომელსაც ებრაულად ბეთ-ხაზდა ეწოდება, და ხუთი სტოა აქვს.

3. იქ იწვა ძალიან ბევრი სნეული, ბრმა, ხეიბარი და ჩამომხმარი, რომლებიც წყლის ამღვრევას ელოდნენ,

4. რადგან უფლის ანგელოზი ჩამოდიოდა დროდადრო აუზში და ამღვრევდა წყალს. ხოლო მას შემდეგ, რაც წყალი აიმღვრეოდა, ვინც პირველი ჩავიდოდა, განიკურნებოდა, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი.

5. აქ იყო კაცი, რომელიც ოცდათვრამეტი წელი იტანჯებოდა თავისი სენით.

6. იესომ იხილა იგი მწოლარე და შეატყო, რომ უკვე დიდი ხანია სნეულია, და უთხრა: „გინდა, განიკურნო?“

7. მიუგო მას სნეულმა: „უფალო, კაცი არა მყავს, წყლის შემღვრევისას რომ ჩამიშვას აუზში. მანამ მე მივალ, სხვა მასწრებს“.

8. ეუბნება მას იესო: „ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე“.

9. და მაშინვე გაჯანსაღდა ეს კაცი. აიღო თავისი სარეცელი და გაიარა. იმ დღეს შაბათი იყო.

10. უთხრეს იუდეველებმა განკურნებულს: „დღეს შაბათია. ნება არა გაქვს სარეცლის აღებისა“.

11. მან მიუგო მათ: „ვინც განმკურნა, მან მითხრა: აიღე შენი სარეცელი და გაიარეო“.

12. ჰკითხეს მას: „ვინ არის ის კაცი, ვინც გითხრა, აიღე და გაიარეო?“

13. განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო იგი, რადგან იესო იმ ადგილას მყოფ ბრბოს შეერია.

14. ამის შემდეგ იესო ტაძარში შეხვდა მას და უთხრა: „აჰა, შენ გაჯანსაღდი, ნუღარ შესცოდავ, რათა რამე უარესი არ დაგემართოს“.

15. ის კაცი წავიდა და იუდეველებს უთხრა, რომ იესოა მისი განმკურნებელი.

16. იუდეველებმა დევნა დაუწყეს იესოს იმის გამო, რომ შაბათს ასეთი რამ გააკეთა.

17. იესომ მიუგო მათ: „მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ“.

18. ამიტომ იუდეველებმა უფრო მეტად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად, რადგან არა მარტო შაბათს ტეხდა, არამედ ღმერთს საკუთარ მამად იხსენებდა და თავს ღმერთს უტოლებდა.

 

იოანეს მოწმობა

19. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძე თვითონ ვერაფერს გააკეთებს, რომ არ ეხილოს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს.

20. რადგან მამას უყვარს ძე და, რასაც აკეთებს, ყველაფერს უჩვენებს მას. ამაზე უფრო დიდ საქმეებსაც აჩვენებს, ისეთებს რომ გაგიკვირდებათ.

21. რადგან, როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და აცოცხლებს, ასევე ძეც აცოცხლებს მას, ვისი გაცოცხლებაც სურს.

22. რადგან მამა არავის განიკითხავს, არამედ მთელი განკითხვა ძეს გადასცა,

23. რათა ყველამ სცეს პატივი ძეს, როგორც მამას სცემენ პატივს. ვინც ძეს არ სცემს პატივს, ის არც მამასა სცემს პატივს, მის მომავლინებელს.

24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემი მომავლინებელი სწამს, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე და განკითხვაზე არ მიდის, არამედ უკვე სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა.

25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოდის ჟამი, და უკვე არის ახლა, როცა მკვდრები მოისმენენ ღვთის ძის ხმას და ვინც მას მოისმენენ, იცოცხლებენ.

26. რადგან, როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე ძესაც მისცა, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.

27. სამართლის გაჩენაშიც ხელმწიფება მისცა მას, რადგან კაცის ძე არის იგი.

28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის ჟამი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ.

29. კეთილის მქნელნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მოქმედნი კი - განკითხვის აღდგომისთვის.

30. ჩემთავად არაფრის გაკეთება არ შემიძლია. როგორც ვისმენ, ისე განვიკითხავ, და ჩემეული განკითხვა სამართლიანია, რადგან მე ჩემს ნებას არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.

31. თუ მე ვმოწმობ ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა არაა ჭეშმარიტი.

32. სხვა არის დამმოწმებელი ჩემზე და ვიცი, რომ ჭეშმარიტია ის მოწმობა, რომლითაც ის ამოწმებს ჩემზე.

33. თქვენ გაგზავნეთ იოანესთან და მან დაამოწმა ჭეშმარიტება.

34. თუმცა ადამიანისგან არ ვიღებ მოწმობას, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ თქვენ გადარჩეთ.

35. იგი ანთებული და მანათობელი სანთელი იყო და თქვენ გინდოდათ გეხარათ ერთხანს მის ნათელში.

36. მე კი მაქვს უფრო დიდი მოწმობა, ვიდრე იოანესია, რადგან საქმენი, რომელნიც მამამ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ გაკეთებული საქმენი, მოწმობენ ჩემზე, რომ მამამ მომავლინა.

37. და მამა, რომელმაც მე მომავლინა, მოწმობდა ჩემზე, თქვენ კი არასოდეს მოგისმენიათ მისი ხმა და არც ხატი გიხილავთ მისი.

38. მისი სიტყვა არა გაქვთ შეწყნარებული, რადგან არა გწამთ მისი, რომელიც მან მოავლინა.

39. იკვლევთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემზე მოწმობენ.

40. თქვენ კი არ გსურთ ჩემთან მოსვლა, რომ სიცოცხლე გქონდეთ.

41. დიდებას არ ვღებულობ კაცთაგან,

42. მაგრამ მე გიცნობთ თქვენ: ღვთის სიყვარული არ არის თქვენში.

43. მე მოვედი მამაჩემის სახელით და არ მღებულობთ. სხვა ვინმე თუ მოვა თავისი სახელით, მას მიიღებთ.

44. როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, როცა ერთიმეორისაგან ღებულობთ დიდებას, ხოლო დიდებას ერთადერთი ღვთისაგან არ ეძებთ?

45. ნუ გგონიათ, რომ მამის წინაშე მე დაგდებთ ბრალს. თქვენი ბრალმდებელი მოსეა, ვისი იმედიცა გაქვთ.

46. რადგან, თქვენ რომ მოსესი გწამდეთ, მეც მიწამებდით, ვინაიდან მან ჩემზე დაწერა.

47. ხოლო, თუ მისი დაწერილისა არ გწამთ, როგორ იწამებთ ჩემს სიტყვებს?“

 

თავი 6

ხუთი ათასი კაცის გაძღება

1. ამის შემდეგ გავიდა იესო გალილეის ანუ ტიბერიის ზღვის გაღმა.

2. უამრავი ხალხი მიჰყვებოდა, რადგან იხილეს სასწაულები, რომლებსაც ის ახდენდა სნეულებზე.

3. ავიდა მთაზე იესო და დაჯდა იქ თავის მოწაფეებთან ერთად.

4. ახლოვდებოდა პასექი, იუდეველთა დღესასწაული.

5. იესომ გაიხედა და დაინახა, რომ უამრავი ხალხი მოდიოდა მისკენ და ეუბნება ფილიპეს: „სად ვიყიდოთ პური, ამათ რომ ვაჭამოთ?“

6. ამას გამოსაცდელად ეუბნებოდა, თორემ თავად კი იცოდა, რასაც მოიქმედებდა.

7. მიუგო მას ფილიპემ: „ორასი დინარის პურიც არ ეყოფათ, რომ თითოეულ მათგანს ცოტაოდენი მაინც ერგოს“.

8. ეუბნება მას ერთი მისი მოწაფეთაგანი, ანდრია, სიმონპეტრეს ძმა:

9. „აქ არის ერთი ბიჭი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, მაგრამ ამდენ ხალხს ეს რას ეყოფა?“

10. თქვა იესომ: „უთხარით ხალხს, დასხდნენ“. ხოლო იმ ადგილზე ხშირი ბალახი იყო. რიცხვით ხუთი ათასამდე კაცი დაჯდა.

11. აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და ჩამოურიგა მოწაფეებს, მოწაფეებმა კი იქ მსხდომთ, ასევე თევზიც, ვისაც რამდენი უნდოდა.

12. როცა დანაყრდნენ, უთხრა თავის მოწაფეებს: „მოაგროვეთ ნამუსრევი, რომ არაფერი არ დაიკარგოს“.

13. მოაგროვეს და აავსეს თორმეტი გოდორი იმ ხუთი ქერის პურის ნამუსრევით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა.

14. მაშინ იესოს მიერ მოხდენილი სასწაულის მხილველმა ხალხმა თქვა: „ესაა ჭეშმარიტად ის წინასწარმეტყველი, რომელიც სოფელში უნდა მოსულიყო“.

 

წყალზე სიარული ფეხით

15. იესომ იცოდა, რომ აპირებენ მოსვლას მის მოსატაცებლად, რათა გაემეფებინათ იგი, და კვლავ განმარტოვდა მთაზე.

16. როცა მოსაღამოვდა, ჩავიდნენ მისი მოწაფეები ზღვაზე.

17. ავიდნენ ნავზე და გაემართნენ ზღვის გაღმა, კაპერნაუმისკენ. უკვე ჩამობნელებული იყო, იესო კი ჯერაც არ მისულიყო მათთან.

18. ძლიერმა ქარმა დაუბერა და ზღვა აღელდა.

19. ოცდახუთი თუ ოცდაათი სტადიონი რომ გაცურეს, დაინახეს ზღვაზე მომავალი იესო, რომელიც ნავს უახლოვდებოდა, და შეეშინდათ.

20. ის კი ეუბნება მათ: „მე ვარ, ნუ გეშინიათ“.

21. უნდოდათ, ნავზე აეყვანათ იგი; და ნავი მაშინვე იმ ქვეყანაში გაჩნდა, სადაც მიდიოდნენ.

 

პური სიცოცხლისა

22. მეორე დღეს ზღვის გაღმა მდგომმა ხალხმა დაინახა, რომ იქ სხვა ნავი არ იყო, გარდა ერთისა, რომელშიც მისი მოწაფეები ჩასხდნენ, და რომ არც იესო ჩამჯდარა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, არამედ მხოლოდ მოწაფეებმა გაცურეს.

23. სხვა ნავებიც მოვიდა ტიბერიიდან იმ ადგილის მახლობლად, სადაც ჭამეს პური მას შემდეგ, რაც უფალმა მადლი შესწირა.

24. როცა დაინახა ხალხმა, რომ იქ არც იესოა და არც მისი მოწაფეები, ჩასხდნენ ნავებში და მივიდნენ კაპერნაუმს იესოს საძებრად.

25. და ნახეს იგი ზღვის გაღმა და უთხრეს მას: „რაბი, როდის მოხვედი აქ?“

26. მიუგო იესომ და უთხრა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იმიტომ კი არ მეძებთ მე, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმის გამო, რომ პური ჭამეთ და გაძეხით.

27. ნუ ირჯებით ხრწნადი საზრდოსათვის, არამედ იმ საზრდოსათვის გაისარჯეთ, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლისათვის, რომელსაც ძე კაცისა მოგცემთ თქვენ, რადგან მას დაასვა ბეჭედი მამა ღმერთმა“.

28. უთხრეს მას: „როგორ მოვიქცეთ, რომ ღვთის საქმენი ვაკეთოთ?“

29. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ღვთის საქმე ის არის, რომ ირწმუნოთ იგი, რომელიც მან მოავლინა“.

30. უთხრეს მას: „რა ნიშანს იძლევი, რომ დავინახოთ და გერწმუნოთ? რას მოიმოქმედებ?

31. ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია: „პური ზეციდან მისცა მათ საზრდოდ“.

32. უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ ჩემი მამა გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან.

33. რადგან ღვთის პური ისაა, რომელიც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს სოფელს“.

34. უთხრეს მას: „უფალო, მუდამ გვაძლიე ეს პური“.

35. უთხრა მათ იესომ: „მე ვარ პური სიცოცხლისა. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასოდეს მოსწყურდება.

36. მე კი გითხარით, რომ კიდევაც მიხილავთ, მაგრამ არ იწამებთ.

37. ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა. ჩემთან მოსულს გარეთ არ გავაძევებ.

38. რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა.

39. ეს არის ნება იმისი, ვინც მე მომავლინა, რათა რაც მომცა, არაფერი დამეკარგოს, არამედ აღვადგინო უკანასკნელ დღეს.

40. ჩემი მამის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს“.

 

პეტრე აღიარებს იესოს ღვთის ძედ

41. იუდევლები დრტვინავდნენ მის გამო, რადგან თქვა: „მე ვარ პური, ზეციდან ჩამოსული“.

42. თქვეს: „ეს იესო არ არის, იოსების ძე, რომლის მამას და დედას ვიცნობთ? როგორღა ამბობს, ზეციდან ჩამოვედიო?“

43. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ნუ დრტვინავთ ერთმანეთს შორის.

44. არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.

45. წინასწარმეტყველებს უწერიათ: „ყველა განისწავლება ღვთის მიერ“. ყველა, ვინც უსმენს მამას და სწავლობს, ჩემთან მოდის.

46. ისე კი არაა, თითქოს ყველას ეხილოს მამა. ვინც ღვთისგანაა, მხოლოდ მან იხილა მამა.

47. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს.

48. მე ვარ პური სიცოცხლისა.

49. თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და დაიხოცნენ.

50. ეს არის პური, ზეციდან გადმომავალი, რომ კაცმა შეჭამოს იგი და არ მოკვდეს.

51. მე ცოცხალი პური ვარ, ზეციდან გადმომავალი. ვინც ამ პურს შეჭამს, საუკუნოდ იცოცხლებს. პური, რომელსაც გავცემ, ჩემი ხორცია, რომელსაც სოფლის სიცოცხლისათვის გავცემ“.

52. იუდეველებმა დაიწყეს კამათი ერთმანეთში და ამბობდნენ: „როგორ შეუძლია, თავისი ხორცი მოგვცეს საჭმელად?“

53. უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში.

54. ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს. და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს.

55. რადგან ჩემი ხორცი ჭეშმარიტი საჭმელია და ჩემი სისხლი ჭეშმარიტი სასმელი.

56. ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის შემსმელი ჩემში რჩება, და მე - მასში.

57. როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და მე მამაში ვცოცხლობ, ასევე ჩემი მჭამელი იცოცხლებს ჩემში.

58. ეს არის ციდან ჩამოსული პური, ისეთი კი არა, თქვენმა მამებმა რომ ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს“.

59. ამას ამბობდა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა.

60. ბევრი მისი მოწაფეთაგანი ამის მოსმენისას ამბობდა: „მძიმე სიტყვაა, ვის შეუძლია ამის მოსმენა?“

61. იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები ბუზღუნებდნენ თავისთვის ამის გამო, და უთხრა მათ: „ეს გაცდუნებთ თქვენ?

62. თუ იხილავთ კაცის ძეს, იქ აღმავალს, სადაც წინათ იყო?

63. სული ცხოველმყოფელია, ხოლო ხორცი უსარგებლო. სიტყვები, რომლებიც გითხარით, სული და სიცოცხლეა.

64. მაგრამ თქვენ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც არ სწამთ“. რადგან იესომ თავიდანვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი.

65. და თქვა: „ამიტომ გეუბნებოდით, რომ ჩემთან არავის შეუძლია მოსვლა, თუ მამისგან არ ექნება მიცემული“.

66. ამის შემდეგ ბევრი მისი მოწაფეთაგანი გაბრუნდა უკან და აღარ მისდევდა მას.

67. მაშინ უთხრა იესომ თორმეტს: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“

68. მიუგო მას სიმონ-პეტრემ: „უფალო, ვისთან უნდა წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს.

69. ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენ ხარ ქრისტე, ღვთის წმიდა“.

70. მიუგო მათ იესომ: „თორმეტი არ აგირჩიეთ? ერთი თქვენგანი ეშმაკია“.

71. თქვა იუდა სიმონის ძეზე, ისკარიოტელზე, რადგან იგი, ერთი თორმეტთაგანი, აპირებდა მის გაცემას.

 

თავი 7

იესოს ძმებსაც არ სწამთ მისი

1. ამის შემდეგ იესო გალილეაში მიმოდიოდა, რადგან იუდეაში არ სურდა სიარული, რაკი იუდეველნი მოსაკლავად დაეძებდნენ.

2. ახლოვდებოდა იუდეველთა დღესასწაული, კარვობა.

3. უთხრეს მას მისმა ძმებმა: „წადი აქედან და მიდი იუდეაში, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი საქმეები, რომელთაც აკეთებ,

4. რადგან ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს. რაკი ასეთ საქმეებს აკეთებ, გამოეცხადე სოფელს“.

5. რადგან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი.

6. ეუბნება მათ იესო: „ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა, თქვენი დრო კი მუდამ მოწეულია.

7. სოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ იმის გამო, რომ მე ვამოწმებ მასზე, რომ მისი საქმეები ბოროტია.

8. თქვენ ადით დღესასწაულზე. მე კი არ ავალ ამ დღესასწაულზე, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ აღსრულებულა“.

9. ეს რომ უთხრა, დარჩა გალილეაში.

 

იესო ცხადად ასწავლის ტაძარში

10. მაგრამ როცა მისი ძმები დღესასწაულზე ავიდნენ, მაშინ თვითონაც ავიდა, მხოლოდ არა გაცხადებულად, არამედ ფარულად.

11. იუდეველნი კი ეძებდნენ მას დღესასწაულზე და ამბობდნენ, სად არისო?

12. ხალხში ბევრი მითქმამოთქმა იყო მასზე: ერთნი ამბობდნენ, კეთილიაო. მეორენი ამბობდნენ, არა, ხალხს აცდუნებსო.

13. ოღონდ ცხადად არავინ არ ლაპარაკობდა მასზე, რადგან იუდეველებისა ეშინოდათ.

14. უკვე შუა დღესასწაულზე ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა.

15. გაუკვირდათ იუდეველებს და თქვეს: როგორ იცის წერილები უსწავლელადო?

16. მიუგო მათ იესომ და თქვა: „ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა.

17. ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, იგი გაიგებს ამ მოძღვრების შესახებ - ღვთისგანაა თუ ჩემით ვლაპარაკობ.

18. ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს. ხოლო ვინც ეძებს იმის დიდებას, ვინც იგი მოავლინა, ჭეშმარიტია და უსამართლობა არ არის მასში.

19. განა მოსემ არ მოგცათ რჯული? მაგრამ არც ერთი თქვენგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად?“

20. მიუგო ხალხმა: „ეშმაკია შენში. ვინ გეძებს მოსაკლავად?“

21. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ერთი საქმე გავაკეთე და ყველას გიკვირთ.

22. მოსემ მოგცათ წინადაცვეთა, თუმცა იგი მოსესგან კი არა, მამებისგანაა - და შაბათობით წინადაცვეთთ ადამიანს.

23. თუ ადამიანი წინადაცვეთას მიიღებს შაბათს, რათა მოსეს რჯული არ დაირღვეს, მე რაღად მრისხავთ იმის გამო, რომ მთელი ხალხი განვკურნე შაბათს?

24. ნუ განიკითხავთ გარეგნობით, არამედ სამართლიანი განკითხვით განიკითხეთ“.

25. თქვეს ზოგიერთებმა იერუსალიმელთაგან: „ეს ის არაა, მოსაკლავად რომ ეძებენ?

26. აჰა, აშკარად ლაპარაკობს და ვერაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მთავრები, რომ იგი ნამდვილად ქრისტეა?

27. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, საიდანაცაა იგი. ხოლო ქრისტე რომ მოვა, არავის ეცოდინება, საიდან არის“.

28. შესძახა იესომ ტაძარში სწავლებისას და თქვა: „მე მიცნობთ და იცით, საიდან ვარ. ჩემით არ მოვსულვარ. მაგრამ ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ.

29. მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა“.

 

სიცოცხლის წყალზე

30. ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო მას, რადგან მისი ჟამი არ დამდგარიყო.

31. ხალხიდან ბევრი ერწმუნა მას და თქვეს: „როცა ქრისტე მოვა, განა იგი იმაზე მეტ სასწაულებს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?“

32. მოისმინეს ფარისევლებმა ხალხის ასეთი მითქმა-მოთქმა მასზე და მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა.

33. თქვა იესომ: „მე კიდევ მცირე ხანს ვარ თქვენთან და წავალ ჩემს მომავლინებელთან.

34. ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით. სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ“.

35. უთხრეს ერთმანეთს იუდეველებმა: „სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? ბერძნეთა შორის განთესილებთან ხომ არ წავა და ბერძნებს ხომ არ დაუწყებს სწავლას?

36. ეს რა სიტყვაა, რომელიც თქვა: ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთო?“

37. დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: „თუ ვინმეს სწყურია, ჩემთან მოვიდეს და შესვას.

38. ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები“.

39. ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ კიდევ არ იყო მოცემული სული, რაკი იესო ჯერ განდიდებული არ იყო.

40. ხალხიდან ბევრმა ამ სიტყვების გაგონებაზე თქვა: „ეს ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია“.

41. სხვებმა თქვეს: „ეს ქრისტეა“. სხვები ამბობდნენ: „განა გალილეიდან მოვა ქრისტე?

42. განა წერილი არ ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?“

43. და ჩამოვარდა ხალხში განხეთქილება მის გამო.

44. ზოგიერთ მათგანს მისი შეპყრობა უნდოდა, მაგრამ ხელი ვერავინ დააკარა.

 

არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია

45. მივიდნენ მსახურნი მღვდელმთავრებთან და ფარისევლებთან და მათ უთხრეს: „რატომ არ მოიყვანეთ იგი?“

46. მიუგეს მსახურებმა: „არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს“.

47. მიუგეს მათ ფარისევლებმა: „ნუთუ თქვენც გაცდუნათ?

48. ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ იწამა იგი?

49. მაგრამ ეს ხალხი, რჯულის უმეცარი, დაწყევლილია“.

50. ეუბნება მათ ნიკოდემოსი, რომელიც ღამით მივიდა მასთან და ერთი იმათთაგანი იყო:

51. „განა განიკითხავს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ წინასწარ არ მოუსმინა და არ გაიგო, რაც მან ჩაიდინა?“

52. მიუგეს და უთხრეს მას: „შენც გალილეიდან არა ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება“.

53. ყველანი თავ-თავიანთ სახლებში წავიდნენ.

 

თავი 8

მრუში დედაკაცის მიტევება

1. იესო წავიდა ზეთისხილის მთისკენ.

2. დილით კი შებრუნდა ტაძარში. მთელი ხალხი მასთან მივიდა და მჯდომარე ასწავლიდა მათ.

3. მოიყვანეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ, და შუაში ჩააყენეს.

4. ეუბნებიან მას: „მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული.

5. მოსემ კი რჯულში მცნებად დაგვიდო, ასეთების ჩაქოლვა. შენ რას იტყვი?“

6. ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა მისი საწინააღმდეგო ბრალდება ჰქონოდათ. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა.

7. რომ არ მოეშვნენ შემკითხველნი, გასწორდა და უთხრა მათ: „ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად მან დაჰკრას ქვა!“

8. კვლავ დაიხარა და განაგრძო წერა მიწაზე.

9. ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიბნენ სინდისმხილებულნი, და დარჩა მარტო იესო, და შუაში მდგომი ქალი.

10. წამოიმართა იესო, ვერავინ დაინახა იმ ქალის მეტი და უთხრა მას: „ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?“

11. უთხრა მან: „არავინ, უფალო!“ უთხრა იესომ: „არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ“.

 

„მე ვარ ნათელი სოფლისა“

12. კვლავ ელაპარაკა მათ იესო და უთხრა: „მე ვარ ნათელი სოფლისა. ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას“.

13. უთხრეს მას ფარისევლებმა: „შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე. შენი მოწმობა არაა ჭეშმარიტი“.

14. მიუგო იესომ მათ და უთხრა: „მე თუ ჩემს თავზე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ.

15. თქვენ ხორცის მიხედვით განიკითხავთ, მე კი არავის არ განვიკითხავ. 16. მე თუ განვიკითხავ, ჩემეული განკითხვა ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო კი არ ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი“.

17. თქვენს რჯულშიც სწერია, რომ ორი ადამიანის მოწმობა ჭეშმარიტია.

18. მე ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამა, ჩემი მომავლინებელი.

19. უთხრეს მას: „სად არის შენი მამა?“ უთხრა მათ იესომ: „არც მე მიცნობთ, არც ჩემს მამას. მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცნობებოდათ“.

20. ეს სიტყვები წარმოთქვა იესომ საგანძურთან, როცა ტაძარში ასწავლიდა. ვერავინ შეიპყრო იგი, რადგან ჯერ არ მოსულიყო მისი ჟამი.

 

„მე კი სოფლისა არა ვარ“

21. კვლავ უთხრა მათ იესომ: „მე მივდივარ და თქვენ ძებნას დამიწყებთ, მაგრამ თქვენს ცოდვაში დაიხოცებით. სადაც მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ“.

22. თქვეს იუდეველებმა: „თავი ხომ არ უნდა მოიკლას, რომ ამბობს: სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ მოსვლასო?“

23. უთხრა მათ: „თქვენ ქვემოდან ხართ, მე კი მაღლიდან ვარ. თქვენ სოფლისანი ხართ, მე კი სოფლისა არა ვარ.

24. ამიტომ გითხარით, თქვენს ცოდვებში დაიხოცებითმეთქი. რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით“.

25. უთხრეს მას: „ვინ ხარ შენ?“ უთხრა მათ იესომ: „თავიდანვე გითხარით და ახლაც გეუბნებით თქვენ:

26. ბევრი მაქვს თქვენზე სალაპარაკო და განსაკითხველი, მაგრამ ვინც მე მომავლინა, ჭეშმარიტია, და რაც მისგან მოვისმინე, იმას ვლაპარაკობ სოფელზე“.

27. ვერ მიხვდნენ, რომ მამაზე ეუბნებოდა მათ.

28. უთხრა მათ იესომ: „როცა აამაღლებთ კაცის ძეს, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ.

29. ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის მოსაწონი“.

30. როცა ამას ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი.

31. უთხრა იესომ იმ იუდეველებს, რომლებიც ერწმუნენ მას: „თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ.

32. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“.

33. მიუგეს მას: „ჩვენ აბრაამის შთამომავალნი ვართ და არასოდეს არავისი მონები არ ვყოფილვართ. როგორღა ამბობ, თავისუფლები გახდებითო?“

34. მიუგო მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა.

35. მაგრამ მონა არ რჩება სახლში საუკუნოდ; ძე რჩება საუკუნოდ.

36. თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით.

 

ვინც ღვთისაგან არის, ის ისმენს ღვთის სიტყვას

37. ვიცი, რომ აბრაამის შთამომავალნი ხართ, მაგრამ ჩემს მოკვლას ცდილობთ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში.

38. მე იმას ვლაპარაკობ, რაც ჩემს მამასთან ვნახე, თქვენ კი აკეთებთ იმას, რაც თქვენი მამისაგან მოისმინეთ“.

39. მიუგეს და უთხრეს მას: „ჩვენი მამა აბრაამია!“ უთხრა მათ იესომ: „თქვენ რომ აბრაამის შვილები იყოთ, აბრაამის საქმეებს გააკეთებდით.

40. ახლა კი ჩემს მოკვლას ეძებთ, კაცისას, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, რაც ღვთისაგან მოვისმინე. აბრაამს ასეთი რამ არ გაუკეთებია.

41. თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ“. უთხრეს მას: „ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ჩვენ ერთი მამა გვყავს - ღმერთი“.

42. უთხრა მათ იესომ: „ღმერთი რომ მამა იყოს თქვენი, მაშინ მე გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღვთისგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.

43. რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვა.

44. თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა.

45. ხოლო, რაკი მე ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ, არა გწამთ ჩემი.

46. რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? და თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არა გწამთ ჩემი?

47. ვინც ღვთისგანაა, ღვთის სიტყვებს ისმენს. თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისგან არა ხართ“.

 

იუდეველების ბრალდება

48. მაშინ მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: „განა კარგად არ ვამბობთ, რომ შენ სამარიელი ხარ და ეშმაკია შენში?“

49. მიუგო იესომ: „ჩემში არ არის ეშმაკი, არამედ მე პატივს ვცემ ჩემს მამას, თქვენ კი უპატიომყობთ მე.

50. თუმცა მე არ ვეძებ ჩემს დიდებას. არის მძებნელი და განმკითხველი.

51. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვას ინახავს, იგი არ იხილავს სიკვდილს უკუნისამდე“.

52. უთხრეს მას იუდეველებმა: „ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკი გყავს. აბრაამი და წინასწარმეტყველნი დაიხოცნენ, შენ კი ამბობ: ვინც ჩემს სიტყვას ინახავს, არ იგემებსო სიკვდილს უკუნისამდე.

53. განა შენ ჩვენს მამა აბრაამზე დიდი ხარ, რომელიც მოკვდა? წინასწარმეტყველნიც დაიხოცნენ. რა გგონია შენი თავი?“

54. მიუგო იესომ: „მე თუ ჩემს თავს განვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე განმადიდებს ჩემი მამა, ვისზეც ამბობთ, ჩვენი ღმერთი არისო.

55. თქვენ ის ვერ შეიცანით, მე კი ვიცნობ მას. თუ ვიტყვი, რომ არ ვიცნობ მას, თქვენისთანა ცრუ ვიქნები. მაგრამ ვიცნობ მას და ვინახავ მის სიტყვას.

56. აბრაამს, მამათქვენს, უხაროდა, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა“.

57. უთხრეს მას იუდეველებმა: „ჯერ ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს?“

58. უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ“.

59. მაშინ აიღეს ქვები მის ჩასაქოლად, მაგრამ იესო თვალს მიეფარა და გავიდა ტაძრიდან.

 

თავი 9

ბრმადშობილის განკურნება

1. მიმავალმა დაინახა კაცი, დაბადებიდან ბრმა.

2. და შეეკითხნენ მოწაფეები: „რაბი, ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?“

3. მიუგო იესომ: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში.

4. ჩვენ უნდა ვაკეთოთ იმისი საქმეები, ვინც მე მომავლინა, სანამ დღეა. მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შეძლებს კეთებას.

5. სანამ სოფელში ვარ, სოფლის ნათელი ვარ“.

6. ეს რომ თქვა, მიწაზე დაანერწყვა, ნერწყვით ტალახი მოზილა და თვალებზე წაუსვა ბრმას.

7. უთხრა მას: „წადი და მოიბანე შილოახის საბანელში“ (რაც ნიშნავს, მოვლინებულს). წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი.

8. მეზობლებმა და მათ, ვისაც ადრე ენახათ, რომ მათხოვარი იყო, თქვეს: „ეს ის არ არის, რომ იჯდა და მათხოვრობდა?“

9. ერთნი ამბობდნენ: ეს სწორედ ისააო. სხვებმა თქვეს: არა, მაგრამ იმასა ჰგავსო. მან კი თქვა: მე ვარო.

10. მაშინ უთხრეს მას: „როგორ აგეხილა თვალები?“

11. მიუგო მან: „კაცმა, იესო რომ ჰქვია, მოზილა ტალახი, წამისვა თვალებზე და მითხრა: „წადი შილოახს და მოიბანე“. წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალები“.

12. და უთხრეს მას: „სადაა იგი?“ ამბობს: „არ ვიცი“.

13. მიიყვანეს ფარისევლებთან ის კაცი, წინათ რომ ბრმა იყო.

14. შაბათი იყო ის დღე, იესომ რომ ტალახი მოზილა და თვალები აუხილა.

15. კვლავ ჰკითხეს მას ფარისევლებმაც, თუ როგორ აეხილა თვალები. უთხრა მათ: „ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ“.

16. თქვეს ზოგიერთებმა ფარისეველთაგან: „ეს კაცი არ არის ღვთისაგან, რაკი შაბათს არ ინახავს“. სხვებმა კი თქვეს: „როგორ შეძლებს ცოდვილი კაცი ასეთი სასწაულების მოხდენას?“ და იყო მათ შორის განხეთქილება.

17. კვლავ ეუბნებიან ბრმას: „შენ რას იტყვი მასზე, თვალები რომ აგიხილა?“ მან თქვა, რომ წინასწარმეტყველიაო იგი.

18. არ დაუჯერეს იუდეველებმა, რომ ბრმა იყო და თვალები აეხილა, სანამ თვალახელილის მშობლებს არ დაუძახეს.

19. და ჰკითხეს მათ: „ესაა თქვენი ვაჟი, ვისზეც ამბობთ, რომ ბრმა დაიბადაო? ახლა როგორღა ხედავს?“

20. მიუგეს მისმა მშობლებმა და თქვეს: „ვიცით, რომ ეს ჩვენი შვილია და ბრმა დაიბადა,

21. მაგრამ ახლა როგორ ხედავს, არ ვიცით, ან ვინ აუხილა თვალები, არც ეგ ვიცით. ხომ სრულწლოვანია, მას ჰკითხეთ და თვითონ იტყვის თავის თავზე“.

22. ასე უთხრეს მისმა მშობლებმა, რადგან ეშინოდათ იუდეველებისა. ვინაიდან უკვე შეთქმულიყვნენ იუდეველები, რომ სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა, ვინც მას ქრისტედ აღიარებდა.

23. ამიტომ უთხრეს მშობლებმა: სრულწლოვანია, მას ჰკითხეთო.

24. მეორედ დაუძახეს იმ კაცს, ბრმა რომ იყო, და უთხრეს: „მიაგე დიდება ღმერთს. ჩვენ ვიცით, რომ ცოდვილია ის კაცი“.

25. მიუგო მან: „არ ვიცი, ის კაცი ცოდვილია თუ არა. ერთი რამ ვიცი: ბრმა ვიყავი და ახლა ვხედავ“.

26. კვლავ უთხრეს მას: „რა გაგიკეთა, როგორ აგიხილა თვალები?“

27. მიუგო მათ: „მე უკვე გითხარით და არ მისმინეთ, რად გინდათ კვლავ მოსმენა? ან იქნებ მის მოწაფეებად გახდომა გსურთ?“

28. მათ გალანძღეს იგი და თქვეს: „შენა ხარ მისი მოწაფე, ჩვენ კი მოსეს მოწაფეები ვართ.

29. ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკებოდა ღმერთი. ამაზე კი არაფერი ვიცით, საიდანაა იგი“.

30. მიუგო კაცმა და უთხრა მათ: „საკვირველი სწორედ ისაა, რომ თქვენ არ იცით, საიდანაა იგი, მან კი თვალები ამიხილა.

31. ჩვენ კი ვიცით, რომ ცოდვილებს არ უსმენს ღმერთი, არამედ, ვინც ღვთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, იმას უსმენს.

32. საუკუნითგან არ გაგონილა, რომ ვინმეს ბრმად დაბადებულისთვის თვალები აეხილოს.

33. ეს რომ ღვთისაგან არ ყოფილიყო, ვერაფერს გახდებოდა“.

34. მიუგეს და უთხრეს მას: „შენ მთლიანად ცოდვებში დაიბადე და ჩვენ გვასწავლი?“ და გარეთ გააგდეს იგი.

 

ბრმამ ირწმუნა

35. გაიგო იესომ, რომ გარეთ გააგდეს იგი, მონახა და უთხრა მას: „შენ გწამს ძე კაცისა?“

36. მიუგო მან და თქვა: „ვინაა იგი, უფალო, რომ ვიწამო?“

37. უთხრა იესომ: „შენ გინახავს იგი და, ვინც შენ გელაპარაკება, ისაა“.

38. მან თქვა: „მწამს, უფალო“. და თაყვანი სცა მას.

39. და თქვა იესომ: „განსაკითხავად მოვედი ამ სოფელში, რათა ბრმებმა დაინახონ, მხედველნი კი დაბრმავდნენ“.

40. გაიგონა მასთან მყოფმა ზოგიერთმა ფარისეველმა ეს და უთხრა მას: „ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?“

41. უთხრა მათ იესომ: „ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვა არ გექნებოდათ, მაგრამ რაკი ამბობთ, თვალხილულნი ვართო, თქვენი ცოდვა გრჩებათ“.

 

თავი 10

მე ვარ მწყემსი კეთილი

1. „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარიდან არ შედის ცხვრის ფარეხში და სხვა გზით გადადის, ქურდია იგი და ავაზაკი.

2. ვინც კარიდან შედის, ცხვრის მწყემსია იგი.

3. მეკარე უღებს მას, ცხვარს ესმის მისი ხმა, იგი სახელით მოუხმობს თავის ცხვარს და გამოჰყავს ისინი.

4. როცა თავისებს გამოუშვებს, იმათ წინ მიუძღვის და ცხვარიც მისდევს მას, რადგან სცნობს მის ხმას.

5. უცხოს არ გაჰყვება, გაექცევა, რადგან უცხოთა ხმას არ სცნობს“.

6. ეს იგავი უთხრა მათ იესომ, მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა.

7. კვლავ უთხრა იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა.

8. ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდი და ავაზაკია, და ცხვარმა არ უსმინა მათ.

9. მე ვარ კარი: ვინც შედის ჩემით, გადარჩება, და შევა და გამოვა და ჰპოვებს საძოვარს.

 

ბრალდება

10. „ქურდი მხოლოდ იმისათვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ და უხვად ჰქონდეთ.

11. მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვართათვის.

12. მოჯამაგირე კი, რომელიც არ არის მწყემსი და არც ცხვარი ეკუთვნის, მოსული მგლის დანახვაზე ტოვებს ცხვრებს და გარბის. მგელი კი იტაცებს მათ და ფანტავს.

13. მოჯამაგირე კი გარბის, რადგან მოჯამაგირეა იგი და არ ზრუნავს ცხვრებზე.

14. მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე, 15. როგორც მამა მიცნობს მე და მე ვიცნობ მამას. ჩემს სულს ვდებ ცხვართათვის.

16. მე სხვა ცხვრებიცა მყავს, არა ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო და მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი.

17. იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ მე ჩემს სიცოცხლეს ვდებ, რათა კვლავ მივიღო იგი.

18. ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვითონ ვდებ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება კვლავაც მის მისაღებად. ეს მცნება ჩემი მამისაგან მაქვს მიღებული“.

19. ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველთა შორის.

20. თქვა ბევრმა მათგანმა: „ეშმაკეულია იგი და შეშლილი. რისთვის უსმენთ მას?“

21. სხვებმა თქვეს: „ეს სიტყვები ეშმაკეულისა არ არის. განა შეძლებს ეშმაკი, ბრმას თვალი აუხილოს?“

22. მაშინ სატფურების დღესასწაული იყო იერუსალიმში. ზამთარი იდგა.

23. და მიმოდიოდა იესო ტაძარში, სოლომონის სტოაში.

24. შემოეხვივნენ მას იუდეველნი და უთხრეს: „როდემდე უნდა გვაეჭვებდე? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ცხადად“.

25. მიუგო მათ იესომ: „გითხარით და არ ირწმუნეთ! ჩემი საქმეები, ჩემი მამის სახელით რომ ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე!

26. მაგრამ თქვენ არ გჯერათ, რადგან ჩემი ცხვრისანი არა ხართ, როგორც გითხარით.

27. ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ, და მე ვიცნობ მათ, და ისინი მე მომყვებიან.

28. მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს.

29. ჩემი მამა, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია, და ვერავინ გაიტაცებს მათ ჩემი მამის ხელიდან.

30. მე და მამა ერთი ვართ“.

31. კვლავ აკრიფეს იუდეველებმა ქვები მის ჩასაქოლად.

32. მიუგო მათ იესომ: „ბევრი კარგი საქმე გაჩვენეთ მამისგან, რომელი მათგანისთვის მქოლავთ?“

33. მიუგეს მას იუდეველებმა: „კეთილი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ ღვთისგმობისათვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად ხდი შენს თავს“.

34. მიუგო მათ იესომ: „განა თქვენს რჯულში არ სწერია, რომ „მე ვთქვი: თქვენ ღმერთები ხართ?“

35. თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც ღვთის სიტყვა იყო და ვის მიმართაც წერილი არ ირღვევა,

36. მას, რომელიც მამამ განწმიდა და მოავლინა სოფელში, ეუბნებით: ღმერთს გმობო, რაკი ვთქვი: ღვთის ძე ვარ-მეთქი?

37. თუ ჩემი მამის საქმეებს არ ვაკეთებ, ნუ მერწმუნებით.

38. და თუ ვაკეთებ და არ მერწმუნებით, საქმეებს ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ ჩემშია მამა და მე მამაში ვარ“.

39. კვლავ შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ დაუსხლტა მათ ხელიდან.

 

იორდანეს გაღმა წასვლა

40. წავიდა კვლავ იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც წინათ ნათლავდა იოანე, და იქ დარჩა.

41. ბევრნი მიდიოდნენ მასთან და ამბობდნენ, რომ იოანეს არ მოუხდენია არც ერთი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც იოანემ თქვა მასზე, ჭეშმარიტი იყოო.

42. და იქ ბევრი ერწმუნა მას.

 

თავი 11

ლაზარეს ავადმყოფობა და სიკვდილი

1. იყო ვინმე ავადმყოფი, ლაზარე ბეთანიელი, მარიამისა და მისი დის მართას სოფლიდან.

2. ეს ის მარიამი იყო, უფალს რომ ნელსაცხებელი სცხო და ფეხები თავისი თმებით შეუმშრალა. მისი ძმა ლაზარე იყო ავად.

3. გაუგზავნეს მისმა დებმა კაცი და შეუთვალეს: „უფალო, აჰა, ვინც შენ გიყვარს, ავადაა“.

4. მოისმინა იესომ და უთხრა: „ეს სნეულება სასიკვდილო არ არის, არამედ ღვთის სადიდებლადაა, რათა მისით განდიდდეს ძე ღვთისა“.

5. იესოს უყვარდა მართა, მისი და, და ლაზარე.

6. როცა გაიგო, რომ ავად იყო, ორი დღე დარჩა იმ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა.

7. ამის შემდეგ ეუბნება მოწაფეებს: „ისევ იუდეაში წავიდეთ“.

8. უთხრეს მას მოწაფეებმა: „რაბი, იუდეველები ახლახან შენს ჩაქოლვას ცდილობდნენ და კიდევ იქ მიდიხარ?“

9. მიუგო იესომ: „თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არ წაიბორძიკებს, რადგან ამ სოფლის ნათელს ხედავს.

10. ღამით მოარული კი წაიბოძიკებს, რადგან ნათელი არ არის მასში“.

11. ეს თქვა და მერე ეუბნება მათ: „ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა, მაგრამ მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“.

12. უთხრეს მოწაფეებმა მას: „უფალო, თუ დაიძინა, გამოკეთდება“.

13. იესომ მის სიკვდილზე თქვა, მათ კი ეგონათ, რომ ბუნებრივ ძილზე ამბობდა.

14. მაშინ უთხრა მათ იესომ გაცხადებით: „ლაზარე მოკვდა.

15. მიხარია თქვენს გამო, იქ რომ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ. მაგრამ მოდით, წავიდეთ მასთან“.

16. მაშინ თომამ, ტყუპის ცალად წოდებულმა, უთხრა თანამოწაფეებს: „ჩვენც წავყვეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ“.

 

ლაზარეს აღდგინება

17. იესო მივიდა და ნახა, რომ ის უკვე ოთხი დღის დამარხული იყო.

18. ბეთანია ახლოს იყო იერუსალიმიდან, ასე თხუთმეტი სტადიონის მანძილზე.

19. ბევრი მივიდა იუდეველთაგან მართასთან და მარიამთან, რათა ენუგეშებინათ ისინი ძმის გამო.

20. რომ გაიგო მართამ, იესო მოდისო, შეეგება მას. მარიამი კი შინ იჯდა.

21. მართამ უთხრა იესოს: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა.

22. მაგრამ ახლაც ვიცი: რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს ღმერთი“.

23. ეუბნება მას იესო: „აღდგება შენი ძმა“.

24. ეუბნება მას მართა: „ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“.

25. უთხრა მას იესომ: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს.

26. ყველა, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს ეს?“

27. ეუბნება მას: „ჰო, უფალო, მე მწამს, რომ შენ ქრისტე ხარ, ძე ღვთისა, ამ სოფლად მომავალი“.

28. ეს რომ თქვა, წავიდა და თავის დას, მარიამს, მოუხმო და ჩუმად უთხრა: „მოძღვარი აქ არის და შენ გიხმობს“.

29. როგორც კი გაიგონა, სასწრაფოდ წამოდგა და მივიდა მასთან.

30. იესო ჯერ დაბაში არ იყო შესული, იმავე ადგილზე იდგა, სადაც მართა შეეგება.

31. იუდეველებმა, რომლებიც მასთან იყვნენ სახლში და ანუგეშებდნენ, როცა დაინახეს, რომ მარიამი სასწრაფოდ წამოდგა და გავიდა, გაჰყვნენ უკან, ეგონათ, სამარხისკენ მიდიოდა სატირლად.

32. მარიამი მივიდა იმ ადგილას, სადაც იესო იყო და, რომ იხილა იგი, დაემხო მის ფერხთით და უთხრა: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“.

33. როცა იესომ დაინახა, რომ ტიროდა იგი და მასთან ერთად მოსული იუდეველებიც ტიროდნენ, შეიძრა სულით და აღელდა.

34. უთხრა: „სად დაასვენეთ იგი?“ ეუბნებიან: „უფალო, მოდი და ნახე“.

35. და აცრემლდა იესო.

36. თქვეს იუდეველებმა: „ნახე, როგორ ჰყვარებია!“

37. ზოგიერთმა მათგანმა კი თქვა: „ნუთუ ბრმის თვალის ამხელს არ შეეძლო ისე გაეკეთებინა, რომ ეს არ მომკვდარიყო?“

38. იესო კი, კვლავ შეძრული, მივიდა სამარხთან. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა აფარებული.

39. ამბობს იესო: „აიღეთ ლოდი“. ეუბნება მას მიცვალებულის და, მართა: „უფალო, უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა, რაც დავმარხეთ“.

40. ეუბნება მას იესო: „განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავმეთქი?“

41. აიღეს ლოდი. იესომ თვალები მაღლა აღაპყრო და თქვა: „მამაო, გმადლობ, რომ მისმინე.

42. მე ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ. მე მხოლოდ გარშემოკრებილი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე“.

43. ეს თქვა და დიდი ხმით შესძახა: „ლაზარე, გამოდი!“

44. და გამოვიდა მიცვალებული, ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეკრული და სახეც სუდარით ჰქონდა შეხვეული. ეუბნება მათ იესო: „გახსენით და გაუშვით, იაროს“.

45. მაშინ ბევრმა იუდეველთაგან, რომლებიც მოვიდნენ მარიამთან და იხილეს, რაც მან მოახდინა, ირწმუნა იგი.

 

მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა პირი შეკრეს იესოს მოსაკლავად

46. ზოგიერთი მათგანი კი წავიდა ფარისევლებთან და უთხრა, რაც მოახდინა იესომ.

47. შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: „რა ვქნათ, რადგან ეს კაცი ბევრ სასწაულს ახდენს?

48. თუ მივუშვებთ თავის ნებაზე, ყველა ირწმუნებს მას. მოვლენ რომაელები და დაიპყრობენ ჩვენს ადგილსაც და ერსაც“.

49. ერთმა მათგანმა, კაიაფამ, რომელიც მღვდელმთავრობდა იმ წელიწადს, უთხრა მათ: „თქვენ არაფერი გაგეგებათ,

50. ვერ მოგიფიქრებიათ, რომ გვიჯობს ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს“.

51. ეს თავისით არ უთქვამს, არამედ მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს და იწინასწარმეტყველა, რომ იესო ერისთვის მოკვდებოდა.

52. და არა მარტო ერისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ღვთის გაფანტული შვილები შეეკრიბა ერთად.

53. იმ დღიდან გადაწყვიტეს, მოეკლათ იგი.

54. აღარ უვლია იესოს იუდეველთა შორის გაცხადებულად, არამედ გაეცალა იქაურობას უდაბნოს მახლობელ მხარეში, ქალაქში, ეფრემი რომ ეწოდება, და იქ დარჩა მოწაფეებთან ერთად.

55. ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და ამ მხარიდან მრავალი ავიდა პასექამდე იერუსალიმში განსაწმედად.

56. ეძებდნენ იესოს და ტაძარში მდგომნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „როგორ ფიქრობთ, არ მოვა დღესასწაულზე?“

57. მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა განკარგულებები გასცეს, რომ ვინც შეიტყობდა, სად იყო იგი, ეცნობებინა, რათა შეეპყროთ.

 

თავი 12

ბეთანიელი მარიამი ნელსაცხებელს სცხებს იესოს

1. პასექამდე ექვსი დღით ადრე მივიდა იესო ბეთანიაში, სადაც იყო ლაზარე, რომელიც იესომ აღადგინა მკვდრეთით.

2. გაუმართეს მას პურობა იქ და მართა ემსახურებოდა, ლაზარე კი მისი ერთ-ერთი თანამეინახე იყო.

3. მარიამმა აიღო ერთი ლიტრა სუფთა, ძვირფასი ნარდის ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები. სახლი ნელსაცხებლის სურნელებით აივსო.

4. ამბობს იუდა ისკარიოტელი, ერთი მისი მოწაფეთაგანი, რომელსაც უნდოდა გაეცა იგი:

5. „რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ღარიბებს არ დაურიგდა?“

6. ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო. ყულაბა მას ჰქონდა და, რასაც ჩაყრიდნენ, იღებდა.

7. უთხრა იესომ: „დაანებე თავი, მან ჩემი დამარხვის დღისთვის გადაინახა იგი.

8. რადგან ღარიბები ყოველთვის თქვენთანა გყავთ, მე კი ყოველთვის არ გეყოლებით“.

9. გაიგო დიდძალმა ხალხმა იუდეველთაგან, რომ ის იქ იყო, და მივიდნენ არა მარტო იესოს გულისთვის, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც მან მკვდრეთით აღადგინა.

10. გადაწყვიტეს მღვდელმთავრებმა ლაზარეც მოეკლათ,

11. რადგან მის გამო ბევრი იუდეველი მოდიოდა და ერწმუნებოდა იესოს.

 

იესოს ზეიმით შესვლა იერუსალიმში

12. მეორე დღეს სადღესასწაულოდ მოსულმა დიდძალმა ხალხმა გაიგო, რომ იესო იერუსალიმში მიდიოდა.

13. აიღეს პალმის რტოები, მის შესაგებებლად გავიდნენ და იძახდნენ: „ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი, და მეფე ისრაელისა!“

14. იპოვა იესომ ერთი ჩოჩორი და ზედ შეჯდა, როგორც დაწერილია:

15. „ნუ გეშინია, სიონის ასულო; აჰა, შენი მეფე მოდის ჩოჩორზე მჯდომი“.

16. ეს ვერ გაიგეს მოწაფეებმა პირველად, მაგრამ, როცა იესო განდიდდა, მაშინ გაიხსენეს, რომ ეს მასზე იყო დაწერილი და ასე მოექცნენ მას.

17. ემოწმებოდა ხალხი, რომელიც მასთან იყო, როცა ლაზარე საფლავიდან გამოიხმო და მკვდრეთით აღადგინა.

18. ამიტომ შეეგება მას ხალხი, რაკი გაგონილი ჰქონდა, რომ ეს სასწაული მოახდინა.

19. ფარისეველებმა კი ერთმანეთს უთხრეს: „ხედავთ, რომ ვეღარაფერს ხდებით? მთელი ქვეყანა მას მიჰყვება“.

 

ბერძნებს უნდათ იესოს ნახვა

20. იყვნენ იქ ბერძნებიც ამოსულთაგან, რომ თაყვანი ეცათ დღესასწაულზე.

21. მივიდნენ ისინი ფილიპესთან, რომელიც გალილეის ბეთსაიდიდან იყო, სთხოვეს და უთხრეს: „ბატონო, იესოს ნახვა გვსურს“.

22. ფილიპე მივიდა ანდრიასთან და უთხრა. შემდეგ ანდრიამ და ფილიპემ უთხრეს იესოს.

 

კაცის ძის განდიდება

23. იესომ მიუგო მათ და უთხრა: „მოვიდა ჟამი, რომ განდიდდეს ძე კაცისა.

24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება. და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს.

25. ვისაც თავისი სული უყვარს, კარგავს მას. ხოლო ვისაც თავისი სული სძულს ამ სოფელში, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას.

26. ვინც მე მემსახურება, მე მომყვეს და, სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა.

27. ახლა შფოთავს ჩემი სული და რა ვთქვა? მამაო, მიხსენი ამ ჟამისაგან! თუმცა ამისთვის მოვედი ამ ჟამს.

28. მამაო, განადიდე სახელი შენი!“ მოვიდა ზეციდან ხმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ“.

29. იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა, ქუხილიაო. სხვებმა კი თქვეს, ანგელოზი ელაპარაკებოდაო.

30. მიუგო იესომ და თქვა: „ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის.

31. ახლაა ამ სოფლის სამსჯავრო. ამ სოფლის მთავარი ახლა გარეთ გაიდევნება.

32. და როცა ავმაღლდები მიწიდან, ყველას ჩემთან მივიზიდავ“.

33. ამას იმის მისანიშნებლად ლაპარაკობდა, თუ როგორი სიკვდილით აპირებდა სიკვდილს.

34. მიუგო მას ხალხმა: „რჯულიდან გაგვიგონია, რომ ქრისტე სამუდამოდ რჩება. როგორღა ამბობ, ძე კაცისა უნდა ამაღლდესო. ვინაა ეს ძე კაცისა?“

35. უთხრა მათ იესომ: „კიდევ მცირე ხანს არის თქვენს შორის ნათელი. იარეთ, სანამ ნათელი გაქვთ, რათა ბნელმა არ მოგიცვათ. ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის.

36. სანამ ნათელი გაქვთ, იწამეთ ნათელი, რათა იყოთ ძენი ნათლისა“. ეს ილაპარაკა იესომ და წავიდა, და მათ თვალს მიეფარა.

 

ესაიას წინასწარმეტყველება თვალების სიბრმავეზე

37. ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე და მაინც არ ერწმუნენ მას,

38. რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის სიტყვა, რომელმაც თქვა: „უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენგან სმენილი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა?“

39. იმიტომაც ვერ ირწმუნეს, რომ, როგორც კიდევ თქვა ესაიამ:

40. „მან თვალები დაუბრმავა მათ და გული დაუხშო, რათა თვალებით ვერ ეხილათ და გულით ვერ მიმხვდარიყვნენ და არ მოქცეულიყვნენ, რომ განმეკურნა ისინი“.

41. ეს თქვა ესაიამ, რაკი იხილა მისი დიდება, და ლაპარაკობდა მასზე.

 

მთავრებმა ირწმუნეს, მაგრამ არ აღიარებენ

42. თუმცა ბევრი მთავარიც ერწმუნა მას, მაგრამ ფარისეველთა გამო ვერ აღიარებდნენ, რათა სინაგოგიდან არ მოეკვეთათ.

43. რადგან ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღვთის დიდება.

44. იესომ შესძახა და თქვა: „ვისაც ჩემი სწამს, ჩემი კი არ სწამს, არამედ იმისი, ვინც მე მომავლინა,

45. და ჩემი მხილველი ხედავს მას, ვინც მე მომავლინა.

46. მე ნათელი მოვედი სოფელში, რომ არც ერთი ჩემი მორწმუნე ბნელში არ დარჩეს.

47. თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, მე არ განვიკითხავ მას, რადგან სოფლის განსაკითხად კი არ მოვედი, არამედ სოფლის სახსნელად.

48. ვინც მე უარმყოფს და არ იწყნარებს ჩემს სიტყვებს, ჰყავს განმკითხველი. სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს.

49. რადგან მე ჩემით კი არ მილაპარაკია, არამედ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო.

50. და მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა. ამიტომ, რასაც ვლაპარაკობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვლაპარაკობ“.

 

თავი 13

ფერხთბანა

1. პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ დადგა ამ სოფლიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი. როგორც შეიყვარა თავისიანები, რომლებიც ამ სოფელში იყვნენ, ისევე ბოლომდე უყვარდა ისინი.

2. სერობის დროს, როცა ეშმაკმა უკვე ჩაუდო გულში იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს, რომ გაეცა იგი,

3. იესომ, იცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მისცა მას ხელთ, რომ ღვთიდან გამოვიდა და ღმერთთან მიდის,

4. წამოდგა სერობიდან, გადაიძრო ზედა სამოსელი, აიღო ტილო და წელზე შემოირტყა.

5. მერე ჩაასხა წყალი საბანელში და დაიწყო მოწაფეების ფერხთბანა და იმ ტილოთი შემშრალება, წელზე რომ ერტყა.

6. მივიდა სიმონ-პეტრესთან. ის კი ეუბნება: „უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხი?“

7. მიუგო იესომ და უთხრა მას: „რასაც ვაკეთებ, ახლა ვერ ხვდები, მერე კი გაიგებ“.

8. ეუბნება მას პეტრე: „უკუნისამდე არ დამბან ფეხს“. მიუგო იესომ: „თუ არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი“.

9. ეუბნება მას სიმონ-პეტრე: „უფალო, მარტო ფეხი კი არა, არამედ ხელიც და თავიც“.

10. ეუბნება მას იესო: „განბანილს აღარ სჭირდება დაბანა, გარდა ფეხისა, რადგან ის მთლიანად სუფთაა და თქვენც სუფთანი ხართ, ოღონდ ყველა არა“.

11. რადგან იცოდა, ვინც გასცემდა. ამიტომ თქვა: ყველანი არ ხართო სუფთა.

12. ფერხნი რომ დაბანა მათ და თავისი სამოსელი აიღო და კვლავ დაჯდა, უთხრა მათ: „იცით რა გიყავით?

13. თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს, და სწორად ამბობთ, რადგან ვარ.

14. ამიტომ, თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, დაგბანეთ ფერხნი, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფერხნი.

15. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ.

16. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მონა არაა თავის ბატონზე დიდი და მოვლინებული არ არის მომავლინებელზე დიდი.

17. რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ.

18. ყველა თქვენგანზე არ ვლაპარაკობ. მე ვიცი, ვინც ამოვარჩიე: მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: �ჩემი პურის მჭამელმა ჩემზე აღმართა ქუსლი.�

19. ახლა გეუბნებით, სანამ ეს ახდებოდეს, რათა, როცა ახდება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ.

20. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც მიიღებს იმას, ვისაც მე მივავლენ, მე მიმიღებს, ხოლო ვინც მე მიმიღებს, ჩემს მომავლინებელსაც მიიღებს“.

 

იესოს წინასწარუწყება გაცემაზე

21. ამის თქმის შემდეგ იესო სულით აღელდა, დაამოწმა და თქვა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს მე“.

22. გადახედეს მოწაფეებმა ერთმანეთს გაოგნებულებმა, ვისზე თქვაო.

23. იესოს უბეს მიყრდნობოდა ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს.

24. სიმონ-პეტრემ ანიშნა მას და უთხრა: ჰკითხე, ვინ არის, ვისზეც თქვაო.

25. გადაიხარა იგი იესოს მკერდისკენ და ეუბნება: „უფალო, ვინაა იგი?“

26. მიუგებს იესო: „ეს ისაა, ვისაც ამოვუწებ ლუკმას და მივცემ“. ამოაწო ლუკმა, აიღო და მისცა იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს.

27. ამ ლუკმის შემდეგ სატანა შევიდა მასში. ეუბნება მას იესო: „რაც გასაკეთებელი გაქვს, მალე გააკეთე“.

28. მაგრამ მეინახეთაგან ვერავინ მიხვდა, რად უთხრა ეს.

29. ზოგიერთმა იფიქრა, რაკი ყულაბა იუდას ჰქონდა, იესო ეუბნება, სადღესასწაულოდ გვიყიდე, რაც გვჭირდებაო, ან კიდევ, რომ რაიმე მიეცა ღარიბებისათვის.

30. ის კი, როგორც კი ლუკმა აიღო, დაუყოვნებლივ გავიდა. და იყო ღამე.

 

ახალი მცნება: „გიყვარდეთ ერთმანეთი!“

31. როცა გავიდა, ამბობს იესო: „ახლა განდიდდა ძე კაცისა და ღმერთი განდიდდა მასში.

32. რაკი ღმერთი განდიდდა მასში, ღმერთიც განადიდებს მას თავისთან და უმალვე განადიდებს მას.

33. შვილებო, კიდევ მცირე ხანსღა ვარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ, როგორც იუდეველებს ვუთხარი, სადაც მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთმეთქი მოსვლას, თქვენც იმასვე გეუბნებით ახლა.

34. ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.

35. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ“.

36. ეუბნება მას სიმონ-პეტრე: „უფალო, სად მიდიხარ?“ მიუგო მას იესომ: „ახლა იქ ვერ გამომყვები, სადაც მე მივდივარ, მერე კი გამომყვები“.

37. ეუბნება მას პეტრე: „უფალო, ახლავე რატომ ვერ გამოგყვები? სულს დავდებ შენთვის“.

38. მიუგო იესომ: „სულს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: მამალი არ იყივლებს, სანამ სამჯერ არ უარმყოფ.

 

თავი 14

მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე

1. „ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.

2. ჩემი მამის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით. მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ.

3. როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ.

4. სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა“.

5. ეუბნება მას თომა: „უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და გზა როგორღა გვეცოდინება?“

6. ეუბნება მას იესო: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით.

7. მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და ნანახი გყავთ იგი“.

8. ეუბნება მას ფილიპე: „უფალო, გვაჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის“.

9. ეუბნება მას იესო: „რა ხანია, თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მან მამაც იხილა. როგორღა ამბობ, მამა გვაჩვენეო?

10. არ გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია? სიტყვებს, რომელთაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ. ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეებს.

11. მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. თუ არა და, თვით საქმეებს მაინც ერწმუნეთ.

12. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, თავადაც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ.

13. რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში.

14. თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ.

 

აღთქმა სულიწმიდის მოვლინებისა

15. „თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით.

16. მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ,

17. ჭეშმარიტების სულს, რისი მიღებაც არ შეუძლია სოფელს, რადგან ვერ ხედავს და არ იცნობს მას. თქვენ კი იცნობთ მას, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება.

18. ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან.

19. კიდევ ცოტაც, და სოფელი ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ, რადგან მე ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ.

20. იმ დღეს გაიგებთ, რომ მე ჩემს მამაში ვარ და თქვენ ჩემში, და მე თქვენში.

21. ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს. მეც შევიყვარებ მას და მე თავად გამოვეცხადები“.

22. ეუბნება მას იუდა, ისკარიოტელი კი არა: „უფალო, როგორ იქნება, რომ შენ თავად გამოგვეცხადები ჩვენ და არა სოფელს?“

23. მიუგო იესომ და უთხრა მას: „ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. ჩვენც მივალთ და მასთან დავიდებთ სავანეს.

24. ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს. სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არაა, ჩემი მომავლინებელი მამისაა.

25. ამას გელაპარაკებოდით თქვენთან ყოფნისას,

26. ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს.

27. მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.

28. ხომ მოისმინეთ, რომ გითხარით: მივდივარ და დავბრუნდები თქვენთან. რომ გყვარებოდით, გაგიხარდებოდათ, რაკი მამასთან მივდივარ, რადგან ჩემზე დიდია მამა.

29. ახლა გითხარით ეს, სანამ ახდებოდეს, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება.

30. ბევრს აღარ ვილაპარაკებ თქვენთან, რადგან სოფლის მთავარი მოდის და მას ჩემში არაფერი ეკუთვნის.

31. მაგრამ, რათა გაიგოს სოფელმა, რომ მამა მიყვარს და, როგორც მამამ მიბრძანა, ისე ვაკეთებ. ადექით, წავიდეთ აქედან.

 

თავი 15

ჭეშმარიტი ვაზი და ლერწები

1. „მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მიწისმუშაკია.

2. ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის მაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი განწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს.

3. თქვენ უკვე განწმედილნი ხართ იმ სიტყვით, რომელიც გითხარით.

4. თქვენ ჩემში დარჩით, მე კი - თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით.

5. მე ვაზი ვარ, თქვენ კი - ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ.

6. ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და დაჭკნება. მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაიწვება.

7. თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.

8. ამით განდიდდება ჩემი მამა, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფეები იქნებით.

 

დარჩით ჩემს სიყვარულში

9. „როგორც მამამ შემიყვარა მე, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში.

10. თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები და ვრჩები მის სიყვარულში.

11. ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და თქვენი სიხარული სავსე იყოს.

12. ეს არის ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.

13. იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, როცა ვინმე თავს სწირავს თავისი მეგობრებისათვის.

14. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ.

15. მე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი, რაც ჩემი მამისგან მოვისმინე, თქვენ გამცნეთ.

16. თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ თქვენ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს, რათა, რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცეთ თქვენ.

17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი.

 

თქვენც დაგიწყებენ დევნას

18. „თუ თქვენ სოფელს სძულხართ, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა.

19. თქვენ რომ სოფლისანი ყოფილიყავით, სოფელს ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არ ხართ სოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ სოფლიდან, ამიტომ სძულხართ სოფელს.

20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: მონა არ არის-მეთქი თავის ბატონზე დიდი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას. თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ.

21. მაგრამ ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გაგიკეთებენ, რადგან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს.

22. მე რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა. ახლა კი არა აქვთ პატიება თავიანთი ცოდვებისათვის.

23. ჩემს მოძულეს ჩემი მამაც სძულს.

24. მე რომ არ გამეკეთებინა მათ შორის საქმეები, რაომელნიც სხვას არავის გაუკეთებია, ცოდვაც აღარ ექნებოდათ. ახლა კი იხილეს და შეგვიძულეს მეც და ჩემი მამაც.

25. მაგრამ აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: �უმიზეზოდ შემიძულეს.�

26. როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან - ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე.

27. თქვენც დაამოწმებთ, ვინაიდან თავიდანვე ჩემთანა ხართ.

 

თავი 16

ნუგეშისმცემლის მოვლინების დაპირება

1. „ეს ყველაფერი გელაპარაკეთ, რათა არ დაბრკოლდეთ.

2. სინაგოგიდან მოგკვეთენ, მაგრამ მოდის ჟამიც, როცა ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს ემსახურება.

3. ასე მოგექცევიან, რადგან არ იცნეს არც მამა, არც მე.

4. მაგრამ ეს გელაპარაკეთ, რათა, როცა მოვა ჟამი, გაიხსენოთ, რომ მე გითხარით. ეს არ მითქვამს თავიდანვე, რადგან თქვენთან ვიყავი.

5. ახლა მივდივარ მასთან, ვინც მე მომავლინა, და არცერთი თქვენგანი არ მეკითხება: �საით მიდიხარ შენ?�

6. მაგრამ მწუხარებით აღივსო თქვენი გული, ეს რომ გითხარით.

7. მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით თქვენ: თქვენთვის უკეთესია, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ.

8. და როცა ის მოვა, ამხილებს სოფელს ცოდვის, სიმართლისა და განკითხვის გამო,

9. ცოდვის გამო, რომ არ მიწამეს,

10. სიმართლის გამო, მამასთან რომ მივდივარ და ვერასოდეს მიხილავთ,

11. განკითხვის გამო, რომ მთავარი ამ სოფლისა განკითხულია.

12. კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ იტვირთავთ.

13. როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში. თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გაუწყებთ თქვენ.

14. იგი განმადიდებს მე, რადგან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ.

15. ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით, ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი.

 

მე მამასთან მივდივარ

16. „ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ. კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, რადგან მე მამასთან მივდივარ“.

17. ზოგიერთმა მისმა მოწაფემ ერთმანეთს გადაულაპარაკა: „ამას რას გვეუბნება: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთო. კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, რადგან მამასთან მივდივარო?“

18. ასე ლაპარაკობდნენ: ამას რას ამბობს: ცოტაცო? არ ვიცით, რას ამბობსო.

19. მიხვდა იესო, რომ უნდოდათ მისთვის ეკითხათ, და უთხრა მათ: „იმიტომ ეკითხებით ერთმანეთს, მე რომ ვთქვი: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ, და კიდევ ცოტაც და, მიხილავთ-მეთქი?

20. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იტირებთ და ივალალებთ, სოფელი კი გაიხარებს. თქვენ დამწუხრდებით, მაგრამ თქვენი მწუხარება სიხარულად იქცევა.

21. დედაკაცი მშობიარობისას წუხს, რადგან მისი ჟამი დადგა. ხოლო ბავშვს რომ გააჩენს, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგან ადამიანი იშვა სოფელში.

22. თქვენც დამწუხრებულნი ხართ ახლა, მაგრამ კვლავ გიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული, და თქვენს სიხარულს ვეღარავინ წაგართმევთ.

 

ითხოვეთ ჩემი სახელით

23. „იმ დღეს არაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას, ჩემი სახელით მოგცემთ თქვენ.

24. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა თქვენი სიხარული სრულყოფილი იყოს.

25. ამას იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ მოდის ჟამი, როცა აღარ დაგელაპარაკებით იგავებით, არამედ პირდაპირ გაუწყებთ მამის შესახებ.

26. იმ დღეს შესთხოვთ ჩემი სახელით, ამიტომაც არ გეუბნებით, რომ მამას ვთხოვ თქვენთვის.

27. ვინაიდან თვით მამას უყვარხართ, რაკი მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღვთისგან გამოვედი.

28. მამისგან გამოვედი და სოფელში მოვედი. კვლავ ვტოვებ სოფელს და მივდივარ მამასთან“.

29. უთხრეს მისმა მოწაფეებმა: „აჰა, ახლა პირდაპირ ლაპარაკობ და არავითარ იგავს არ ამბობ.

30. ახლა ვიცით, რომ ყველაფერი იცი. არ გჭირდება, რომ ვინმემ გკითხოს. ამის გამო გვწამს, რომ ღვთისგან გამოხვედი“.

 

გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს

31. მიუგო მათ იესომ: „ახლა გწამთ?

32. აჰა, მოდის ჟამი, და მოვიდა კიდეც, როცა ყველა სათითაოდ გაიფანტება. მე დამტოვებთ, მაგრამ მე არა ვარ მარტო, ვინაიდან მამაა ჩემთან.

33. ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს“.

 

თავი 17

ლოცვა მოწაფეთათვის

1. ეს ილაპარაკა იესომ და ცას მიაპყრო თვალები და თქვა: „მამაო, დადგა ჟამი, განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ.

2. რადგან მიეცი მას ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველას, ვინც მას ჩააბარე, საუკუნო სიცოცხლე მისცეს.

3. ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე - იესო ქრისტეს.

4. მე განგადიდე მიწაზე იმ საქმის აღსრულებით, რომელიც მომეცი, რომ გამეკეთებინა.

5. ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავე დიდებით, რაც მქონდა შენთან სოფლის გაჩენამდე.

6. შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი სოფლისგან. შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, შენი სიტყვა დაიცვეს მათ.

7. ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა.

8. რადგან სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, მათ გადავეცი. მიიღეს მათ და ცნეს ჭეშმარიტად, რომ მე შენგან წამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე.

9. მათთვის გევედრები: სოფლისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, რომლებიც შენ მომეცი, რადგან შენები არიან ისინი.

10. ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი - ჩემი. და მე მათში განვდიდდი.

11. მე აღარა ვარ სოფელში, მაგრამ ისინი არიან სოფელში. მე კი შენთან მოვდივარ. წმიდაო მამაო, დაიცავი შენი სახელით ესენი, რომლებიც შენ მომეცი, რათა ჩვენსავით ერთნი იყვნენ.

12. როცა მათთან ვიყავი, ვიცავდი მათ შენი სახელით. ისინი, რომლებიც შენ მომეცი, მე დავიფარე, და მათგან არავინ დაღუპულა, დაღუპვის ძის გარდა, რათა აღსრულებულიყო წერილი.

13. ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას სოფელში ვლაპარაკობ, რათა აივსნენ ჩემი სიხარულით.

14. მე მათ მივეცი შენი სიტყვა და სოფელმა შეიძულა ისინი, რადგან არ არიან სოფლისანი, როგორც მე არა ვარ სოფლისა.

15. არ გევედრები, რომ სოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ დაიცვა ბოროტისაგან.

16. ისინი სოფლისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ სოფლისა.

17. განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა.

18. როგორც შენ მომავლინე სოფელში, მეც ასევე მივავლინე ისინი სოფელში.

19. ჩემს თავს განვწმედ მათთვის, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებაში.

 

ლოცვა ყველასათვის

20. „მე მხოლოდ ამათზე არ გთხოვ, არამედ იმათზეც, ვინც ჩემი მორწმუნენი იქნებიან თავიანთი სიტყვით.

21. რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი - შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს სოფელმა, რომ შენ მომავლინე.

22. და დიდება, რომელიც შენ მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი.

23. მე მათში და შენ ჩემში, რათა სრულყოფილნი იყვნენ ერთში და რათა იცოდეს სოფელმა, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.

24. მამაო, მსურს, რომ სადაც მე ვარ, ისინიც ჩემთან იყვნენ, რომელნიც შენ მომეცი, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც შენ მომეცი, რადგან შემიყვარე სოფლის დაფუძნებამდე.

25. მამაო მართალო, სოფელმა არ შეგიცნო, მე კი შეგიცან და ამათაც შეიცნეს, რომ შენ მომავლინე.

26. მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, იყოს მათში და მე მათში ვიყო“.

 

თავი 18

იესო გაცემულია

1. ეს თქვა იესომ და გავიდა თავის მოწაფეებთან ერთად კედრონის ხევს გაღმა, სადაც ბაღი იყო, რომელშიც შევიდნენ თვითონ და მისი მოწაფეები.

2. იცოდა იუდამაც, მისმა გამცემმა, ეს ადგილი, რადგან იესო და მისი მოწაფეები ხშირად იკრიბებოდნენ იქ.

3. იუდამ კი წაიყვანა რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთაგან მხლებელნი, და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და საჭურველით.

4. იესომ იცოდა ყველაფერი, რაც მოელოდა, და გამოვიდა და უთხრა მათ: „ვის ეძებთ?“

5. მიუგეს მას: „იესო ნაზარეველს“. ეუბნება მათ: „მე ვარ“. მისი გამცემი იუდაც მათთან იდგა.

6. როცა უთხრა, მე ვარო, დაიხიეს უკან და მიწაზე დაემხენ.

7. კვლავ ჰკითხა მათ: „ვის ეძებთ?“ მათ უთხრეს: „იესო ნაზარეველს“.

8. მიუგო იესომ: „გითხარით, მე ვარ-მეთქი. მე თუ მეძებთ, ესენი გაუშვით, წავიდნენ“.

9. რათა აღსრულებულიყო მისი ნათქვამი სიტყვა: „ვინც შენ მომეცი, მათგან არავინ დამიღუპავს“.

 

პეტრემ მახვილი იშიშვლა

10. სიმონ-პეტრემ, რომელსაც მახვილი ჰქონდა, ამოიღო და დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. მონას მალქოსი ერქვა.

11. უთხრა იესომ პეტრეს: „ჩააგე მახვილი ქარქაშში. სასმისი, რომელიც მამამ მომცა არ შევსვა?“

12. მაშინ რაზმმა, ათასისთავმა და იუდეველთა მხლებლებმა, შეიპყრეს იესო და შეკრეს

13. და პირველად ანასთან წაიყვანეს. ის იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს.

14. ეს ის კაიაფა იყო, რომელმაც იუდეველებს ურჩია, უმჯობესია, ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო.

15. იესოს მიჰყვებოდნენ სიმონ-პეტრე და სხვა მოწაფე. ის მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად მღვდელმთავრის ეზოში შევიდა.

16. პეტრე კი კარს გარეთ იდგა. შემდეგ სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, გამოვიდა, გადაულაპარაკა მეკარე ქალს და პეტრე შეიყვანა.

17. ეუბნება პეტრეს მხევალი მეკარე: „განა შენც იმ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ?“ ეუბნება იგი: „არა ვარ“.

18. იდგნენ მონები და მსახურნი და ნაკვერცხლები გაეღვივებინათ, რადგან სიცივე იყო, და თბებოდნენ. პეტრეც მათთან იდგა და თბებოდა.

 

იესო მღვდელმთავრების წინაშე

19. მღვდელმთავარმა ჰკითხა იესოს მის მოწაფეებზე და მის მოძღვრებაზე.

20. მიუგო მას იესომ: „მე აშკარად ველაპარაკებოდი სოფელს და მუდამ ვასწავლიდი სინაგოგასა და ტაძარში, სადაც ყველა იუდეველი იკრიბება. ფარულად არაფერი მილაპარაკია.

21. მე რას მეკითხები, ჰკითხე მსმენელებს, რას ველაპარაკებოდი მათ. აჰა, მათ იციან, რასაც ვამბობდი“.

22. ამ სიტყვებს რომ ამბობდა, ერთმა მსახურთაგანმა, იქ მდგომმა, გაარტყა იესოს და უთხრა: „ასე პასუხობ მღვდელმთავარს?“

23. მიუგო იესომ: „თუ ცუდად ვთქვი, დაამოწმე ცუდი, და თუ კარგად - რადა მცემ?“

24. ანამ შებოჭილი გაგზავნა იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან.

 

უარყოფა პეტრესგან

25. სიმონ-პეტრე კი იდგა და თბებოდა. უთხრეს მას: „შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ?“ უარყო და თქვა: „არა ვარ“.

26. მღვდელმთავრის ერთერთმა მონამ, პეტრემ რომ ყური ჩამოათალა, იმის ნათესავმა, უთხრა: „განა მასთან ერთად არ გნახე ბაღში?“

27. პეტრემ კვლავ უარყო და მყისვე მამალმა იყივლა.

 

პილატეს სამსჯავროზე

28. კაიაფასგან იესო პრეტორიუმში წაიყვანეს. ადრე იყო და პრეტორიუმში არ შესულან, რათა არ გაუწმიდურებულიყვნენ, რომ პასექის ჭამა შესძლებოდათ.

29. გამოვიდა პილატე მათთან გარეთ და თქვა: „რა ბრალსა სდებთ ამ კაცს?“

30. მიუგეს და უთხრეს მას: „ეს რომ ბოროტმოქმედი არ იყოს, არ გადმოგცემდით“.

31. უთხრა მათ პილატემ: „წაიყვანეთ თქვენთან და თქვენი რჯულით განიკითხეთ“. უთხრეს მას იუდეველებმა: „ჩვენ არავის მოკვლის უფლება არა გვაქვს“.

32. რათა აღსრულებულიყო იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.

33. პილატე კვლავ შევიდა პრეტორიუმში, იესოს დაუძახა და უთხრა მას: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“

34. მიუგო იესომ: „შენით ამბობ ამას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?“

35. მიუგო პილატემ: „განა მე იუდეველი ვარ? შენმა ერმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. რა გაქვს ჩადენილი?“

36. მიუგო იესომ: „ჩემი მეფობა არ არის ამ სოფლისა. ჩემი მეფობა რომ ამ სოფლისა ყოფილიყო, მაშინ ჩემი მხლებელნი იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი. არა, ჩემი მეფობა სააქაო არ არის“.

37. უთხრა მას პილატემ: „მაშ, მეფე ხარ?“ მიუგო იესომ: „შენ თავად ამბობ, რომ მეფე ვარ. მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი სოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისგანაა, ისმენს ჩემს ხმას“.

38. ეუბნება მას პილატე: „რა არის ჭეშმარიტება?“ ეს თქვა და კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: „ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.

39. ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ პასექზე ერთი გაგითავისუფლოთ. გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე?“

40. კვლავ აყვირდნენ და თქვეს: „ეს კი არა, ბარაბა“. ბარაბა კი ავაზაკი იყო.

 

თავი 19

ჯვარცმა

1. მაშინ წაიყვანა პილატემ იესო და გააშოლტვინა.

2. ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს, და ძოწეული მოახურეს.

3. მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!“ და სახეში სცემდნენ.

4. კვლავ გამოვიდა პილატე გარეთ და უთხრა მათ: „აჰა, მე გამომყავს იგი თქვენთან, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში“.

5. გამოვიდა იესო გარეთ, ეკლის გვირგვინით და ძოწეულით შემოსილი, და უთხრა მათ პილატემ: „აჰა, კაცი!“

6. როცა იხილეს იგი მღვდელმთავრებმა და მხლებლებმა, იყვირეს: „ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!“ ეუბნება მათ პილატე: „თავად წაიყვანეთ და აცვით ჯვარს, ვინაიდან მე ვერ ვპოულობ მასში ბრალს“.

7. მიუგეს მას იუდეველებმა: „ჩვენ გვაქვს რჯული და ჩვენი რჯულით უნდა მოკვდეს, ვინაიდან თავი ღვთის ძედ გაიხადა“.

8. როცა მოისმინა პილატემ ეს სიტყვა, უფრო შეეშინდა,

9. კვლავ შევიდა პრეტორიუმში და უთხრა იესოს: „საიდან ხარ?“ მაგრამ იესომ პასუხი არ გასცა მას.

10. ეუბნება მას პილატე: „მე არ მელაპარაკები? განა არ იცი, რომ ხელმწიფება მაქვს შენს განტევებაზე და შენს ჯვარცმაზე?“

11. მიუგო იესომ: „არავითარი ხელმწიფება არ გექნება ჩემზე, მაღლიდან თუ არ მოგეცა. ამიტომ მას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა შენ, უფრო დიდი ცოდვა აქვს“.

12. ამის შემდეგ პილატე შეეცადა მის გათავისუფლებას, მაგრამ იუდეველები აყვირდნენ და თქვეს: „თუ ამას გაათავისუფლებ, არა ხარ მეგობარი კეისრისა, რადგან, ვინც მეფედ ხდის თავს, კეისარს ეურჩება“.

13. პილატემ რომ ეს სიტყვები მოისმინა, იესო გარეთ გაიყვანა და დაჯდა მსაჯულის ტახტზე, ადგილზე, რომელსაც ქვაფენილი ეწოდებოდა, ებრაულად კი გაბათა.

14. პასექის პარასკევი იყო, იქნებოდა მეექვსე საათი, და უთხრა იუდეველებს: „აჰა, თქვენი მეფე“.

15. მათ კი იყვირეს: „შორს, შორს! ჯვარს აცვი!“ ეუბნება მათ პილატე: „თქვენი მეფე ვაცვა ჯვარს?“ მიუგეს მღვდელმთავრებმა: „ჩვენ არ გვყავს მეფე, გარდა კეისრისა!“

16. მაშინ გადასცა მათ ჯვარზე საცმელად. და წაიყვანეს იესო.

17. თავად მოიკიდა ჯვარი და გავიდა თხემის ადგილზე, რომელსაც ებრაულად გოლგოთა ჰქვია,

18. სადაც ჯვარს აცვეს იგი, მასთან ერთად, აქეთ-იქით, ორი სხვა, შუაში კი - იესო.

 

იუდეველთა მეფე

19. პილატემ წარწერაც გააკეთებინა ფიცარზე და ჯვარს მიამაგრა. ეწერა: „იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე“.

20. ბევრი იუდეველი კითხულობდა ამ წარწერას, რადგან იესოს ჯვარცმის ადგილი ახლოს იყო ქალაქთან და დაწერილი იყო ებრაულად, რომაულად და ბერძნულად.

21. უთხრეს პილატეს იუდეველმა მღვდელმთავრებმა: „ნუ დაწერ: „იუდეველთა მეფე“, არამედ, როგორც თავად თქვა: „იუდეველთა მეფე ვარ“.

22. მიუგო პილატემ: „რაც დავწერე, დავწერე“.

 

წილისყრა კვართზე

23. ჯარისკაცებმა, როცა ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსელი და გაყვეს ოთხ წილად, თითოეულ ჯარისკაცს შეხვდა თითო წილი, და ცალკე იყო კვართი. კვართი კი უკერველი იყო, თავიდან ბოლომდე ნაქსოვი.

24. უთხრეს ერთმანეთს: „ნუ დავხევთ, წილი ვყაროთ მასზე. ვნახოთ, ვის შეხვდება“. რათა აღსრულებულიყო წერილი: „გაინაწილეს ჩემი სამოსელი და წილი ჰყარეს ჩემს კვართზე“. ჯარისკაცებმაც ასე გააკეთეს.

 

იესოს დედა

25. იდგნენ იესოს ჯვართან დედამისი, დედამისის და - მარიამ კლეოპასი - და მარიამ მაგდალელი.

26. იესომ დაინახა იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა, და ეუბნება დედას: „ქალო, აჰა, შენი ძე!“

27. მერე მოწაფეს ეუბნება: „აჰა, დედაშენი!“ და მოწაფემ მაშინვე თავისთან წაიყვანა იგი.

 

იესოს სიკვდილი

28. ამის შემდეგ, იცოდა რა იესომ, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი წერილის აღსასრულებლად, თქვა: „მწყურია!“

29. იქ ძმრით სავსე ჭურჭელი იდგა. ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი წამოაცვეს უსუპს და პირთან მიუტანეს.

30. როცა მიიღო ძმარი იესომ, თქვა: „აღსრულდა!“ და მიიდრიკა თავი და სული განუტევა.

31. იუდეველებმა, რაკი პარასკევი იყო, და გვამები შაბათს რომ არ დარჩენილიყო ჯვარზე (ის შაბათი კი დიდი დღე იყო), სთხოვეს პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ.

32. მოვიდნენ ჯარისკაცები და წვივები დაუმტვრიეს მასთან ერთად ჯვარცმულებს, ერთსაც და მეორესაც.

33. იესოსთან მისულებმა, როცა დაინახეს, რომ უკვე მომკვდარიყო, აღარ დაუმტვრიეს წვივები.

34. მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბით გაუგმირა ფერდი და მყისვე გადმოსკდა სისხლი და წყალი.

35. მხილველმა დაამოწმა ეს და მისი მოწმობა ჭეშმარიტია. მან იცის, რომ ჭეშმარიტებას ამბობს, რათა თქვენ ირწმუნოთ.

36. რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი: „მისი ძვალი არ შეიმუსრება“.

37. ასევე სხვა წერილიც ამბობს: „შეხედავენ მას, რომელსაც უგმირეს“.

 

დაკრძალვა

38. ამის შემდეგ სთხოვა პილატეს იოსებ არიმათიელმა, რომელიც იესოს მოწაფე იყო, ოღონდ ფარული, იუდეველთა შიშის გამო, ნება მიეცა მისთვის წაეღო იესოს ცხედარი. პილატემ დართო ნება. მივიდა იგი და წაიღო მისი ცხედარი.

39. მოვიდა ნიკოდემოსიც, უწინ ღამით რომ ეწვია იესოს, და მოუტანა ასიოდე ლიტრა სმირნისა და ალოეს ნაზავი.

40. აიღეს და შეახვიეს იესოს ცხედარი ტილოში სურნელებასთან ერთად, როგორც მიღებულია იუდეველებში დამარხვისას.

41. იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს იგი, ბაღი იყო, ბაღში კი - ახალი სამარხი, რომელშიც ჯერ არავინ ჩაესვენებინათ.

42. იქ ჩაასვენეს იესო, იუდეველთა პარასკევის გამო, რადგან ახლოს იყო სამარხი.

 

თავი 20

ცარიელი სამარხი

1. ერთშაბათს, დილაადრიან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, მივიდა მარიამ მაგდალელი სამარხთან და ხედავს, რომ ლოდი გადაგორებულია სამარხიდან.

2. გაიქცა და მივიდა სიმონპეტრესთან და სხვა მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: „უფალი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით, სად დადეს“.

3. მაშინვე გამოვიდნენ პეტრე და სხვა მოწაფე და მივიდნენ სამარხთან.

4. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფე პეტრეზე სწრაფად გაიქცა და პირველი მივიდა სამარხთან.

5. დაიხარა და დაინახა დაწყობილი ტილოები, მაგრამ არ შესულა.

6. მივიდა სიმონ-პეტრეც მის შემდეგ, და შევიდა სამარხში და დაინახა დაწყობილი ტილოები.

7. სუდარა, თავზე რომ ეხვია, იმ ტილოებთან კი არ იდო, არამედ ცალკე იყო დახვეული ერთ ადგილას.

8. მაშინ შევიდა სხვა მოწაფეც, სამარხთან პირველი რომ მივიდა, და იხილა და იწამა,

9. რადგან აქამდე არ იცოდნენ წერილიდან, რომ იგი მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო.

10. წავიდნენ კვლავ თავ-თავისთვის მოწაფეები.

 

აღმდგარი უფალი ეცხადება მარიამ მაგდალელს

11. მარიამი კი იდგა სამარხთან, გარეთ და ტიროდა. და მტირიალი სამარხისაკენ დაიხარა,

12. და დაინახა თეთრებში შემოსილი ორი ანგელოზი, მსხდომარენი ერთი თავთით და მეორე ფერხთით, სადაც იესოს გვამი ესვენა.

13. უთხრეს მას: „ქალო, რატომ სტირი?“ ეუბნება მათ: „ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დადეს“.

14. ამის თქმისას მოტრიალდა და დაინახა მდგომარე იესო. მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო.

15. ეუბნება მას იესო: „ქალო, რატომ სტირი, ვის ეძებ?“ მას მებაღე ეგონა იგი და ეუბნება მას: „ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დადე, და მე წამოვიღებ“.

16. ეუბნება მას იესო: „მარიამ!“ მოტრიალდა მარიამი და ებრაულად უთხრა: „რაბუნი!“ (რაც ნიშნავს: მოძღვარო)

17. ეუბნება მას იესო: „არ შემეხო, რადგან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი ჩემს ძმებთან და უთხარი: ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან“.

18. მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ უფალი იხილა და ეს უთხრა მას.

 

იესო ორჯერ ეცხადება შეკრებილ მოწაფეებს

19. იმავე დღის საღამოჟამს, ერთშაბათს, როცა იუდეველთა შიშის გამო დაკეტილი იყო კარი, სადაც მოწაფეები იყვნენ, მივიდა იესო და დადგა შუაში, და უთხრა მათ: „მშვიდობა თქვენდა!“

20. ეს რომ თქვა, უჩვენა ხელებიცა და ფერდიც. მოწაფეებმა გაიხარეს უფლის ხილვით.

21. კვლავ უთხრა მათ იესომ: „მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, მეც მიგავლენთ თქვენ“.

22. ეს რომ თქვა, სული შეუბერა და ეუბნება: „მიიღეთ სულიწმიდა.

23. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ“.

24. თომა, ერთი თორმეტთაგანი, ტყუპისცალად წოდებული, არ იყო მათთან, როცა იესო მოვიდა.

25. უთხრეს მას სხვა მოწაფეებმა: „ჩვენ ვიხილეთ უფალი“. მან უთხრა მათ: „თუ მის ხელებზე ნალურსმევს არ ვიხილავ და ნალურსმევში საკუთარ თითს არ ჩავყოფ და მის ფერდში - საკუთარ ხელს, არ ვიწამებ!

26. რვა დღის შემდეგ მისი მოწაფეები კვლავ შინ იყვნენ და თომაც მათთან იყო. შევიდა იესო ჩაკეტილ კარებში, დადგა შუაში და თქვა: „მშვიდობა თქვენდა“.

27. მერე თომას ეუბნება: „მოიტა აქ შენი თითი და გასინჯე ჩემი ხელები. მოიტა შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ“.

28. მიუგო თომამ და უთხრა მას: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“

29. ეუბნება მას იესო: „შენ მირწმუნე იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს“.

30. ბევრი სხვა ნიშანიც მოიმოქმედა იესომ მოწაფეების წინაშე, რაც ამ წიგნში არ დაწერილა.

31. ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა, და, რათა მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.

 

თავი 21

იესო ეცხადება შვიდ მოწაფეს ტიბერიის ზღვაზე

1. ამის შემდეგ კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიის ზღვაზე. ასე გამოეცხადა:

2. ერთად იყვნენ სიმონპეტრე, ტყუპისცალად წოდებული თომა, ნათანაელი გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა მისი მოწაფეთაგანი.

3. ეუბნება მათ სიმონ-პეტრე: „სათევზაოდ მივდივარ“. უთხრეს მას: „ჩვენც წამოგყვებით“. გავიდნენ და ჩასხდნენ ნავში. იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს.

4. უკვე გათენებული იყო და, იესო იდგა ნაპირზე, მოწაფეებმა კი არ იცოდნენ, რომ ეს იესო იყო.

5. ეუბნება მათ იესო: „შვილებო, არა გაქვთ საჭმელი?“ მიუგეს მას: „არა“.

6. უთხრა მათ: „ისროლეთ ბადე ნავის მარჯვენა მხარეს და იპოვით“. ისროლეს და ვეღარ გამოათრიეს თევზის სიმრავლის გამო.

7. მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, ეუბნება პეტრეს: „ეს უფალია“. სიმონპეტრემ რომ გაიგონა, უფალიაო, მოსასხამი მოიხვია, რადგან შიშველი იყო, და ზღვაში გადაეშვა.

8. სხვა მოწაფეები კი პატარა ნავით მოვიდნენ, რადგან შორს არ იყვნენ ხმელეთიდან, ასე ორას წყრთაზე, და გამოათრიეს ბადე თევზიანად.

9. ხმელეთზე რომ გადმოვიდნენ, ნახეს დაწყობილი ნაკვერცხლები და მათზე დადებული თევზი და პური.

10. ეუბნება მათ იესო: „იმ თევზისა მოიტანეთ, ახლა რომ დაიჭირეთ“.

11. წავიდა სიმონ-პეტრე და ხმელეთზე გამოათრია ბადე, სავსე ას ორმოცდაცამეტი დიდი თევზით და, სიმრავლის მიუხედავად, ბადე არ გახეულა.

12. ეუბნება მათ იესო: „მოდით, ისაუზმეთ“. მოწაფეთაგან ვერც ერთმა ვერ გაბედა, ეკითხა, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო.

13. მივიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ, ასევე თევზიც.

14. ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო მოწაფეებს, მკვდრეთით აღმდგარი.

 

სამჯერ ეკითხება იესო პეტრეს: „გიყვარვარ?“

15. რომ ისაუზმეს, იესო ეუბნება სიმონ-პეტრეს: „სიმონ იოანესო, ამათზე მეტად გიყვარვარ?“ ეუბნება მას: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ“. ეუბნება მას: „აძოვე ჩემი კრავები“.

16. ეუბნება მას კვლავ მეორედ: „სიმონ იოანესო, გიყვარვარ?“ ეუბნება მას: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ“. ეუბნება მას: „დამწყსე ჩემი ცხვრები“.

17. ეუბნება მას მესამედ: „სიმონ იოანესო, გიყვარვარ?“ პეტრე დაღონდა, მესამედ რომ უთხრა: „გიყვარვარ“? და ეუბნება მას: „უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი, რომ მიყვარხარ!“ ეუბნება მას იესო: „აძოვე ჩემი ცხვრები.

18. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი სარტყელს და მიდიოდი, სადაც გსურდა. როცა დაბერდები, გაშლი ხელებს და სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გსურს“.

19. ეს თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით განადიდებდა ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: „მომყევი“.

 

შენ მე მომყევი

20. მოტრიალდა პეტრე და დაინახა, რომ მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, მოსდევდა მათ. სწორედ ის, მისი მკერდისკენ რომ გადაიხარა სერობისას და უთხრა, უფალო, ვინ გაგცემსო?

21. ეს რომ დაინახა პეტრემ, ეუბნება იესოს: „უფალო, ამას რა?“

22. ეუბნება მას იესო: „თუ მე მსურს, რომ დარჩეს ჩემს მოსვლამდე, შენ რა? შენ მე გამომყევი“.

23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს არ უთქვამს მასზე, არ მოკვდებაო, არამედ, თუ მე მსურს, რომ დარჩეს, ჩემს მოსვლამდე, შენ რაო?

 

ჭეშმარიტი დამოწმება მოწაფისა

24. ეს არის ის მოწაფე, რომელიც ამოწმებს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია.

25. კიდევ ბევრი სხვაც არის, რაც იესომ მოიმოქმედა, რომელიც, დაწვრილებით რომ დაწერილიყო, ვფიქრობ, მთელი სოფელიც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.