ლუკას სახარება

თავი 1

წიგნის მიძღვნა

1. რაკი უკვე ბევრმა მიჰყო ხელი ჩვენს შორის აღსრულებულ ამბავთა თანმიმდევრულ აღწერას,

2. როგორც გადმოგვცეს თავიდანვე თვითმხილველებმა და სიტყვის მსახურებმა,

3. მეც მივიჩნიე, რომ მას შემდეგ, რაც გულდასმით გამოვიკვლიე ყოველივე თავიდან, თანმიმდევრულად აგიწერო, ღირსეულო თეოფილე,

4. რომ შეიცნო იმ მოძღვრების ჭეშმარიტება, რომელიც გისწავლია.

 

წინასწარუწყება იოანე ნათლისმცემელზე

5. იუდეის მეფის, ჰეროდეს, დღეებში იყო მღვდელი ვინმე, სახელად ზაქარია, აბიას რიგიდან, ხოლო მისი ცოლი იყო აარონის ასულთაგანი, სახელად ელისაბედი.

6. ისინი ორივენი მართლები იყვნენ ღვთის წინაშე, უმწიკვლოდ იქცეოდნენ უფლის ყოველი მცნებითა და წესდებით.

7. მათ არ ჰყავდათ შვილი, ვინაიდან ელისაბედი ბერწი იყო, და ორივენი უკვე ხანგადასულნი იყვნენ.

8. ერთხელ, როცა თავისი ყოველდღიური რიგისამებრ, მსახურებდა ღვთის წინაშე,

9. მღვდელთა სამსახურის წესით, მას წილად ხვდა კმევა და შევიდა უფლის ტაძარში.

10. უამრავი ხალხი ლოცულობდა გარეთ კმევის დროს, -

11. ეჩვენა მას უფლის ანგელოზი, საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ მდგარი.

12. და შეკრთა მისი ხილვით ზაქარია და შიში დაეცა მას.

13. უთხრა მას ანგელოზმა: „ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილია შენი ლოცვა, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იოანეს.

14. გექნება შენ სიხარული და მხიარულება და მრავალი გაიხარებს მისი შობით.

15. ვინაიდან დიდი იქნება ის უფლის წინაშე, ღვინოსა და თაფლუჭს არ დალევს და სულიწმიდით აღივსება დედის მუცლიდანვე.

16. მრავალ ისრაელიანს მოაქცევს უფლისაკენ - მათი ღვთისაკენ.

17. და ის ივლის მის წინაშე ელიას სულით და ძალით, რომ მოაქციოს მამათა გულები შვილთა მიმართ, ხოლო ურჩნი მართალთა გონებაზე და წარუდგინოს უფალს მომზადებული ხალხი“.

18. უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: „რითი გავიგებ ამას? მე ხომ მოხუცებული ვარ და ჩემი ცოლიც უკვე ხანგადასულია“.

19. მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: „მე ვარ გაბრიელი, ღვთის წინაშე მდგომელი. წარმოგზავნილი ვარ, რათა გელაპარაკო და გახარო ეს.

20. და აჰა, დადუმდები და ვერ შეძლებ ლაპარაკს იმ დღემდე, ვიდრე ეს ახდება, რაკი არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც აღსრულდება თავის დროზე“.

21. ხალხი კი იდგა და ელოდა ზაქარიას და უკვირდათ მისი დაყოვნება ტაძარში.

22. როცა გამოვიდა, მათთვის ხმის გაცემა ვერ შეძლო. და მიხვდნენ, რომ ჩვენება იხილა ტაძარში. ანიშნებდა მათ და დარჩა უტყვად.

23. და როცა დასრულდა მისი მსახურების დღენი, შინ წავიდა.

24. იმ დღეების შემდეგ დაორსულდა ელისაბედი, მისი ცოლი. ხუთ თვეს იმალებოდა და ამბობდა:

25. „ასე მიყო უფალმა ამ დღეებში, როცა მომხედა, რომ მოეშორებინა ჩემთვის სირცხვილი ადამიანთა თვალში“.

 

ხარება

26. მეექვსე თვეს კი წარმოიგზავნა ღვთისაგან გაბრიელ ანგელოზი გალილეის ქალაქს, რომლის სახელია ნაზარეთი,

27. ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, სახელად იოსებზე, დავითის სახლიდან, და ქალწულის სახელი იყო მარიამი.

28. და შევიდა მასთან და უთხრა: „გიხაროდეს, მიმადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ შენ დედათა შორის“.

29. ის შეშფოთდა ამ სიტყვებზე და ჩაფიქრდა: რას უნდა ნიშნავდესო ეს მისალმება?

30. და უთხრა მას ანგელოზმა: „ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან.

31. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ.

32. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. და მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს. 33. და საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული“.

34. უთხრა მარიამმა ანგელოზს: „როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“

35. მიუგო ანგელოზმა და უთხრა: „სულიწმიდა გადმოვა შენზე და მაღლის ძალა მოგიჩრდილავს. ამიტომ წმიდა შობილი იწოდება ღვთის ძედ.

36. აჰა, შენს ნათესავ ელისაბედსაც სიბერეში ჩაესახა ძე და მეექვსე თვეშია უკვე.

37. ვინაიდან ღმერთთან არავითარი სიტყვა არ დარჩება შეუძლებელი“.

38. თქვა მარიამმა: „აჰა, უფლის მხევალი ვარ. მეყოს მე შენი სიტყვისამებრ“. და განეშორა მას ანგელოზი.

 

„ადიდებს სული ჩემი უფალსა!“

39. ადგა მარიამი იმ დღეებში და საჩქაროდ წავიდა მთიან მხარეში, იუდეის ქალაქში.

40. და შევიდა ზაქარიას სახლში და მიესალმა ელისაბედს.

41. როცა ელისაბედმა მარიამის მისალმება მოისმინა, ყრმა შეუტოკდა მუცელში. და აღივსო ელისაბედი სულიწმიდით.

42. და დაიძახა ხმამაღლა და თქვა: „კურთხეული ხარ დედათა შორის, და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი!

43. ვინა ვარ მე, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან?

44. ვინაიდან, როცა შენი მოსალმების ხმა მოსწვდა ჩემს ყურს, სიხარულით შეტოკდა ყრმა ჩემს მუცელში.

45. ნეტარია, ვინც ირწმუნა, ვინაიდან აღსრულდება უფლის მიერ თქმული მის მიმართ“.

46. და თქვა მარიამმა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა,

47. და იზეიმა სულმა ჩემმა ღმერთში, ჩემს მაცხოვარში.

48. ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს და ამიერიდან ნეტარად ჩამთვლის მე ყოველი თაობა.

49. ვინაიდან დიდი საქმე მიყო ძლიერმა და წმიდაა სახელი მისი.

50. და მისი წყალობა მის მოშიშებს თაობიდან თაობამდე.

51. ქმნა სიმტკიცე თავისი მკლავით; გაფანტა ამპარტავანნი მათი გულისზრახვებთან ერთად;

52. ტახტებიდან გადმოყარა ძლიერნი და აამაღლა თავმდაბალნი;

53. მშიერნი სიკეთით აღავსო და მდიდარნი ხელცარიელი გაუშვა;

54. შეეწია თავის მსახურს, ისრაელს, გაიხსენა წყალობა,

55. როგორც ეუბნებოდა ჩვენს მამებს - აბრაამს და მის მოდგმას საუკუნოდ“.

56. დარჩა მარიამი მასთან სამიოდე თვეს და დაბრუნდა თავის სახლში.

 

იოანეს შობა

57. ელისაბედს კი დაუდგა მშობიარობის ჟამი და შვა ვაჟი.

58. და ესმათ მის მეზობლებსა და ნათესავებს, რომ განადიდა უფალმა თავისი წყალობა მის მიმართ და მასთან ერთად ხარობდნენ.

59. მერვე დღეს მივიდნენ ბავშვის წინადასაცვეთად და უნდოდათ დაერქმიათ მამამისის სახელი - ზაქარია.

60. მიუგო დედამისმა და თქვა: „არა, იოანე ერქმევა მას“.

61. უთხრეს მას, რომ შენს ნათესაობაში არავინ არის, რომ ეგ სახელი ერქვას.

62. ნიშნებით ჰკითხეს მამამისს, რისი დარქმევა სურდა.

63. და ფიცარი მოითხოვა და დაწერა: „იოანეა მისი სახელი“. და ყველას გაუკვირდა ეს.

64. უცებ გაეხსნა მას პირი და ენა, ალაპარაკდა და ადიდა ღმერთი.

65. შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მათ ირგვლივ ცხოვრობდა. და ყოველივე ამაზე დიდი მითქმა-მოთქმა იყო მთელი იუდეის მთიანეთში.

66. ყველამ, ვინც მოისმინა ეს, გულში ჩაიდო და თქვა: „რა იქნება ეს ყრმა?“ და უფლის ხელი იყო მასთან.

67. მამამისი ზაქარია აღივსო სულიწმიდით და წინასწარმეტყველებდა და ამბობდა:

68. „კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რადგან მოხედა თავის ხალხს და გაუმზადა მას გამოსყიდვა.

69. აღგვიდგინა რქა ხსნისა თავისი მსახურის, დავითის სახლში,

70. როგორც ელაპარაკებოდა ძველთაგანვე თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით,

71. რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისა და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან;

72. წყალობას უყოფდა ჩვენს მამებს და გაიხსენებდა თავის წმიდა აღთქმას;

73. ფიცს, რომლითაც შეჰფიცა ჩვენს მამას, აბრაამს, რომ შეგვაძლებინებდა ჩვენ,

74. ჩვენი მტრების ხელიდან თავდახსნილთ,უშიშრად

75. გვემსახურა მისთვის სიწმიდით და სიმართლით მის წინაშე, მთელი ჩვენი სიცოცხლე.

76. და შენ, ყრმაო, დაგერქმევა მაღლის წინასწარმეტყველი, ვინაიდან იწინამძღვრებ უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად,

77. რომ მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა მათი ცოდვების მიტევებით,

78. ჩვენი ღვთის გულმოწყალებით, რომლითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლიდან,

79. ბნელში და სიკვდილის ჩრდილში მსხდომარეთათვის გასანათებლად, ჩვენს ფერხთა წასამართავად სამშვიდობო გზაზე“.

80. ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა, და უდაბნოში იყო იმ დღეებამდე, ვიდრე ისრაელს გამოეცხადებოდა.

 

თავი 2

იესოს შობა

1. იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება: აღეწერათ მთელი მსოფლიო.

2. ეს აღწერა პირველი იყო სირიაში კვირენიოსის მმართველობისას.

3. ყველანი მიდიოდნენ ჩასაწერად, თითოეული თავის ქალაქში.

4. იოსებიც წავიდა გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ბეთლემი, ვინაიდან იგი დავითის სახლისა და ტომისა იყო.

5. რათა ჩაწერილიყო მარიამთან ერთად, რომელიც მასზე იყო დანიშნული და ორსულად იყო.

6. მათი იქ ყოფნისას შეუსრულდა მარიამს მშობიარობის დღეები

7. და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში არ იყო ადგილი მათთვის.

8. იმ მხარეში მწყემსები იყვნენ მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს.

9. და აჰა, უფლის ანგელოზი დაადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით.

10. და უთხრა მათ ანგელოზმა: „ნუ გეშინიათ. აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება:

11. ვინაიდან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი.

12. და ნიშნად ეს გექნებათ: იპოვით ყრმას შეხვეულს და ბაგაში მწოლარეს“.

13. და უეცრად გაჩნდა ანგელოზთან ერთად დიდძალი ციური ლაშქარი და აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ:

14. „დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყანად და კაცთა შორის სათნოება!“

15. როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: „წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ მომხდარი ამბავი, უფალმა რომ გვაუწყა“.

16. გაჩქარებულნი მივიდნენ და ნახეს მარიამი და იოსები, და ბაგაში მწოლარე ყრმა.

17. როცა დაინახეს, მოუთხრეს ამბავი, რაც ემცნოთ მათ ამ ყრმაზე.

18. ვინც კი ისმენდა, ყველას უკვირდა, რასაც მწყემსები ეუბნებოდნენ მათ.

19. მარიამმა კი ჩაიმარხა ყოველი სიტყვა და ჩაიდო ისინი გულში.

20. და დაბრუნდნენ მწყემსები და ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყოველივე იმის გამო, რაც ესმათ და იხილეს, როგორც ემცნოთ მათ.

 

მირქმა

21. და როცა შესრულდა რვა დღე, რათა წინადაეცვითათ მისთვის, დაერქვა მისი სახელი იესო, ანგელოზის მიერ დარქმეული მუცელში ჩასახვამდე.

22. და როცა გასრულდა მათი განწმედის დღეები მოსეს რჯულისამებრ, აიყვანეს იგი იერუსალიმს უფლის წინაშე წარსადგენად.

23. როგორც უფლის რჯულში სწერია: „ყოველ მამროვანს, რომელმაც განაპოს საშო, უფლის წმიდა ეწოდოს,

24. და შესწირონ მსხვერპლად, როგორც უფლის რჯულშია ნათქვამი, ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა“

25. და აჰა, იყო იერუსალიმში კაცი, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღვთისმოშიში, რომელიც მოელოდა ისრაელის ნუგეშისცემას, და სულიწმიდა იყო მასზე.

26. სულიწმიდისგან ჰქონდა ნაუწყები, რომ არ იხილავდა სიკვდილს უფლის ცხებულის ხილვამდე.

27. შევიდა სულით ტაძარში და, როცა მშობლებმა მიიყვანეს ყრმა იესო, რათა მოქცეოდნენ მას რჯულის წესისამებრ,

28. მან მიირქვა ყრმა მკლავებზე, ადიდა ღმერთი და თქვა:

29. „ახლა კი გამიშვი, ბატონო, შენი მონა მშვიდობით, როგორც ნათქვამი გაქვს.

30. ვინაიდან იხილა ჩემმა თვალმა შენი ხსნა,

31. რომელიც შენ განამზადე ყოველი ხალხის წინაშე,

32. წარმართთათვის ნათლის გამოსაცხადებლად და შენი ხალხის, ისრაელის, დიდებად“.

33. იოსებს და მის დედას კი უკვირდათ მასზე ნათქვამი.

34. და აკურთხა სიმონმა ისინი და უთხრა მარიამს, მის დედას: „აჰა, განწესებულია ეს მრავალთა დამხობად და აღდგენად ისრაელში და საცილობელ ნიშნად.

35. და თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი, რათა გაცხადდეს მრავალ გულთაგან ზრახვები“.

36. და იყო ანა წინასწარმეტყველი, ფენუელის ასული, აშერის ტომიდან, ღრმად მოხუცებული, თავისი ქალწულობის შემდეგ შვიდ წელიწადს ნაცხოვრები ქმართან.

37. იყო იგი ოთხმოცდაოთხი წლის ქვრივი, არ შორდებოდა ტაძარს, მარხვით და ვედრებით ემსახურებოდა დღე და ღამ.

38. ისიც იმავე ჟამს იყო მისული და ადიდებდა ღმერთს და ელაპარაკებოდა მასზე ყველას, ვინც კი გამოსყიდვას მოელოდა იერუსალიმში.

39. როცა აღასრულეს ყოველივე უფლის რჯულისამებრ, დაბრუნდნენ გალილეაში, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში.

 

თორმეტი წლის იესო ტაძარში

40. ხოლო ყრმა იზრდებოდა, მტკიცდებოდა სულით და ივსებოდა სიბრძნით და ღვთის მადლი იყო მასზე.

41. და დადიოდნენ მისი მშობლები ყოველ წელიწადს იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე.

42. და როცა თორმეტი წლისა გახდა, ავიდნენ იერუსალიმში ჩვეულებისამებრ, სადღესასწაულოდ. 43. ხოლო დღესასწაულის დამთავრების შემდეგ, უკან რომ დაბრუნდნენ, ყრმა იესო დარჩა იერუსალიმში, და არ იცოდნენ იოსებმა და მისმა დედამ.

44. ეგონათ, რომ მგზავრთა შორის იყო და ერთი დღის გზა რომ გაიარეს, დაუწყეს ძებნა ნათესავებსა და ნაცნობებს შორის. 45. რომ ვერ იპოვეს იგი, დაბრუნდნენ იერუსალიმში და ეძებდნენ მას.

46. სამი დღის შემდეგ იპოვეს ტაძარში მჯდომი მოძღვართა შორის, უსმენდა და ეკითხებოდა მათ.

47. და გაოცებული იყო ყველა მისი მსმენელი მისი გონებითა და პასუხებით.

48. რომ დაინახეს იგი, გაუკვირდათ, და დედამისმა უთხრა მას: „ეს რა გვიყავი, შვილო? აჰა, მამაშენი და მე შეწუხებულნი დაგეძებთ“.

49. მან უთხრა მათ: „რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცით, რომ მამის სახლში უნდა ვიყო?“

50. ხოლო მათ ვერ გაიგეს სიტყვა, რაც უთხრა მათ.

51. და გაჰყვა მათ და მივიდა ნაზარეთს და ემორჩილებოდა მათ. დედამისმა კი გულში ჩაიმარხა ყოველივე ეს.

52. ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღვთისა და ადამიანთა წინაშე.

 

თავი 3

იოანე ქადაგებს და ნათლავს

1. ტიბერიოს კეისრის მთავრობის მეთხუთმეტე წელს, პონტოელი პილატეს განმგებლობისას იუდეაში, და ჰეროდეს ტეტრარქობისას გალილეაში, მისი ძმის, ფილიპეს, ტეტრარქობისას იტურეასა და ტრახონიტის მხარეში, და ლისანიასის ტეტრარქობისას აბილენეში,

2. ანას და კაიაფას მღვდელმთავრობის დროს იყო სიტყვა ღვთისა იოანესადმი, ზაქარიას ძისადმი, უდაბნოში.

3. დადიოდა იგი იორდანეს მთელს არემარეში და ქადაგებდა სინანულის ნათლისღებას ცოდვათა მისატევებლად,

4. როგორც სწერია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში: „ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები.

5. ყოველი ხევი ამოივსება, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, მრუდე გასწორდება და ოღროჩოღრო გზა გავაკდება.

6. და ყოველი ხორციელი იხილავს ხსნას ღვთისაგან“.

7. მოსანათლავად მისულ ხალხს იოანე ეუბნებოდა: „იქედნეთა ნაშობნო, ვინ გაგაფრთხილათ, რომ გაექცეთ მომავალ რისხვას?

8. მაშ, გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფნი და ნუ მოჰყვებით ერთმანეთში ლაპარაკს: მამად აბრაამი გვყავსო. ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, რომ ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები.

9. ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ“.

10. ეკითხებოდა მას ხალხი და ეუბნებოდა: აბა, რაღა ვქნათო?

11. მიუგებდა და ეტყოდა მათ: „ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უქონელს. ვისაც საზრდო აქვს, ისიც ასე მოიქცეს“.

 

იესოს ნათლისღება

12. მოვიდნენ მებაჟენიც მოსანათლავად და უთხრეს მას: „მოძღვარო, რა ვქნათ?“

13. მან უთხრა მათ: „თქვენთვის დაწესებულის მეტს ნურაფერს მოითხოვთ“.

14. ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ: „ჩვენ რაღა ვქნათ?“ უთხრა მათ: „ნურავის შეავიწროვებთ, ცილს ნუ დასწამებთ და თქვენს ჯამაგირს დასჯერდით“.

15. როცა ხალხი მოლოდინში იყო და ყველა თავის გულში ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო,

16. მიუგებდა და ეტყოდა ყველას იოანე: „მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის სანდლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით,

17. რომლის ხელშია ნიჩაბი, რათა გაწმიდოს თავისი კალო და თავის ბეღელში მოაგროვოს ხორბალი, ბზე კი დაწვას ჩაუქრობელი ცეცხლით“.

18. კიდევ ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს.

19. ხოლო ჰეროდემ, ტეტრარქმა, რომელსაც იგი ამხილებდა მისი ძმის ცოლის ჰეროდიას გამო და ყოველივე იმის გამო, რა ბოროტებაც ჩაედინა,

20. ყველაფერს ამას ისიც მიუმატა, რომ იოანე საპყრობილეში ჩასვა.

21. როცა მთელი ხალხი ინათლებოდა და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, გაიხსნა ცა

22. და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი, და გაისმა ზეცით ხმა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“.

 

იესოს წარმოშობა

23. თვით იესო, როცა იწყებდა, იქნებოდა ოცდაათი წლისა და, როგორც ფიქრობდნენ, იყო ძე იოსებისა, ყელისა,

24. მათათისა, ლევისა, მალქისა, იანაისა, იოსებისა,

25. მათითიასი, ამოცისა, ნახუმისა, ხესლისა, ნაგაისა,

26. მახათისა, მათითიასი, შიმყისა, იოსებისა, იოდასი,

27. იოხანანისა, რეშასი, ზერუბაბელისა, შეალთიელისა, ნერისა,

28. მალქისა, ადისა, კოსამისა, ელმადამისა, ყერისა,

29. იესოსი, ელეაზარისა, იორიმისა, მათათისა, ლევისა,

30. სიმონისა, იუდასი, იოსებისა, იონამისა, ელიაკიმისა,

31. მალეასი, მინასი, მათათასი, ნათანისა, დავითისა,

32. იესესი, ყობედისა, ბოყაზისა, სალმონისა, ნახშონისა,

33. ყამინადაბისა, ადმინისა, არნისა, ხეცრონისა, ფერეცისა, იუდასი,

34. იაკობისა, ისაკისა, აბრაამისა, თერახისა, ნახორისა,

35. სერუგისა, რეყუსი, ფელეგისა, ყებერისა, შალახისა,

36. კენანისა, არფაქშადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა,

37. მეთუშელახისა, ხანოქისა, იერედისა, მაჰალალელისა, კენანისა,

38. ენოშისა, შეთისა, ადამისა, ღვთისა.

 

თავი 4

იესოს გამოცდა

1. იესო, სულიწმიდით აღვსილი დაბრუნდა იორდანედან და სულით გაყვანილ იქნა უდაბნოში

2. და ორმოც დღეს სცდიდა მას ეშმაკი და არაფერი უჭამია იმ დღეებში, და მათი გასვლის შემდეგ მოშივდა.

3. უთხრა მას ეშმაკმა: „თუ ღვთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს“.

4. მიუგო მას იესომ: „დაწერილია, რომ არა მხოლოდ პურით უნდა ცოცხლობდეს კაცი, არამედ ღვთის ყოველი სიტყვით“.

5. და აიყვანა იგი მაღალ მთაზე და უჩვენა ერთ წამში მსოფლიოს ყველა სამეფო.

6. და უთხრა მას ეშმაკმა: „მოგცემ მთელს ამ ხელმწიფებას და მათ დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული და, ვისაც მინდა, იმას ვაძლევ.

7. თუ თაყვანსა მცემ, შენი იქნება ყოველივე!“

8. მიუგო იესომ და უთხრა მას: „დაწერილია: „უფალს, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე“.

9. წაიყვანა იგი იერუსალიმს, დააყენა ტაძრის ფრთაზე და უთხრა: „თუ ღვთის ძე ხარ, თავი გადაიგდე აქედან ძირს.

10. ვინაიდან დაწერილია, რომ „თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე, რომ დაგიცვან“

11. და რომ „ხელში აყვანილი გატარონ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა“.

12. და მიუგო და უთხრა მას იესომ: „ნათქვამია: „არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი“.

13. და როცა დაამთავრა ყველა გამოცდა, ეშმაკი გაშორდა მას სხვა ჟამის მოლოდინში.

 

ქადაგება გალილეაში. იესოს უარყოფა ნაზარეთში

14. დაბრუნდა იესო სულის ძალით გალილეაში და მისი ამბავი მოედო მთელ არემარეს.

15. ასწავლიდა მათ სინაგოგებში და განდიდებულ იყო ყველას მიერ.

16. და მივიდა ნაზარეთს, სადაც აღიზარდა. და შევიდა შაბათ დღეს, თავისი ჩვეულებისამებრ, სინაგოგაში და დადგა წასაკითხავად.

17. და მიაწოდეს მას ესაია წინასწარმეტყველის წიგნი, და გაშალა წიგნი და იპოვა ადგილი, სადაც დაწერილი იყო:

18. „უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად,

19. უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად“.

20. და დახურა წიგნი, გადასცა მსახურს და დაჯდა. ყველას თვალი სინაგოგაში მისკენ იყო მიპყრობილი.

21. და დაუწყო ლაპარაკი მათ: „დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ“.

22. და ყველამ დაუმოწმა მას და გაოცებულნი იყვნენ მისი პირიდან გამოსული მადლის სიტყვებით და ამბობდნენ: „ეს იოსების ძე არ არის?“

23. უთხრა მათ: „ნამდვილად მეტყვით ამ ანდაზას: „მკურნალო, განიკურნე შენი თავი. ყველაფერი, რაც კი კაპერნაუმში მოხდა, როგორც გავიგეთ, მოახდინე აქაც, შენს სამშობლოში“.

24. უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ არც ერთი წინასწარმეტყველი არაა მიღებული თავის სამშობლოში.

25. ჭეშმარიტებით გეუბნებით თქვენ, მრავალი ქვრივი იყო ისრაელში ელიას დროს, როცა დაიხშო ცა სამ წელიწადსა და ექვს თვეს ისე, რომ დიდი შიმშილობა იყო მთელ ქვეყანაზე.

26. და არც ერთ მათგანთან არ იქნა მივლენილი ელია, გარდა ქვრივი დედაკაცისა ციდონის ცარფათში.

27. კეთროვანიც მრავალი იყო ისრაელში ელისე წინასწარმეტყველის დროს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გაწმენდილა, გარდა ნეემან სირიელისა“.

28. ეს რომ მოისმინეს სინაგოგაში მყოფთ, ყველანი მძვინვარებით აღივსნენ. 29. წამოდგნენ და გააძევეს იგი ქალაქიდან, და მიიყვანეს იმ მთის წვერამდე, რომელზეც მათი ქალაქი იყო გაშენებული, რათა გადაეგდოთ იგი.

30. მაგრამ მან გაიარა მათ შორის და წავიდა.

 

იესო კაპერნაუმსა და გალილეაში

31. და ჩავიდა გალილეის ქალაქ კაპერნაუმში და იქ ასწავლიდა მათ შაბათობით

32. და გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, ვინაიდან ძალმოსილი იყო მისი სიტყვა.

33. სინაგოგაში იყო კაცი, უწმიდური სულით შეპყრობილი, და იყვირა ხმამაღლა:

34. „რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპავად მოხვედი? გიცნობ, ვინცა ხარ, ღვთის წმიდაო“.

35. იესომ შერისხა იგი და უთხრა: „გაჩუმდი და გადი მაგისგან!“ და დასცა იგი ეშმაკმა მათ შუაში და გამოვიდა მისგან, და არაფერი უვნია მისთვის.

36. ყველანი განცვიფრდნენ და ამბობდნენ ერთმანეთში: „ეს რა სიტყვაა, რომ ხელმწიფებითა და ძალით უწმიდურ სულებს უბრძანებს და ისინიც გამოდიან?“

37. და მოეფინა ხმა მის შესახებ იმ მხარის ყოველ ადგილს.

38. ადგა სინაგოგიდან და შევიდა სიმონის სახლში. ხოლო სიმონის სიდედრი შეპყრობილი იყო დიდი სიცხით და სთხოვეს მისთვის.

39. და დაადგა თავზე და შერისხა სიცხე. მანაც მიატოვა იგი. მყისვე წამოდგა და ემსახურებოდა მათ.

40. მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც ჰყავდა სხვადასხვა სნეულებებით დაავადებულნი, მასთან მიიყვანა, და მან ყოველ მათგანს ხელები დაასხა და განკურნა.

41. ბევრისგან ეშმაკებიც გამოდიოდნენ, ყვიროდნენ და ამბობდნენ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა!“ ის კი რისხავდა და უკრძალავდა ლაპარაკს, რადგან იცოდნენ მათ, რომ ქრისტეა იგი.

42. დღე რომ გათენდა, გამოვიდა იქიდან და წავიდა უდაბურ ადგილას. ხალხმა მოძებნა და მივიდნენ მასთან და აკავებდნენ, რომ არ წასულიყო მათგან.

43. მან კი უთხრა მათ: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვახარო ღვთის სასუფეველი, ვინაიდან ამისთვის ვარ მოვლენილი“.

44. და ქადაგებდა გალილეის სინაგოგებში.

 

თავი 5

პირველ მოწაფეთა მოწოდება

1. ერთხელ, როცა ხალხის ბრბო აწყდებოდა მას, რომ ღვთის სიტყვა მოესმინათ, და ის იდგა გენესარეთის ტბასთან,

2. დაინახა ტბასთან მდგომი ორი ნავი. ნავებიდან გადმოსული მებადურები ბადეებს რეცხავდნენ.

3. ავიდა ერთ ნავზე, რომელიც სიმონისა იყო. სთხოვა ნაპირს ცოტა გაშორებოდა, ჩაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს.

4. როცა ლაპარაკი დაამთავრა, უთხრა სიმონს: „შეცურდი ღრმად და მოისროლეთ ბადეები თევზის დასაჭერად“.

5. მიუგო სიმონმა და უთხრა: „მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ. მაგრამ შენი სიტყვით ვისვრი ბადეს“.

6. ასეც მოიქცნენ. იმდენი თევზი მოიმწყვდიეს, რომ ბადეები ეხეოდათ.

7. ნიშანი მისცეს ამხანაგებს მეორე ნავში, რომ მოსულიყვნენ მოსაშველებლად. მოვიდნენ და ისე აავსეს ორივე ნავი, რომ ლამის იძირებოდნენ.

8. ეს რომ დაინახა სიმონპეტრემ, დაეცა იესოს მუხლებთან და უთხრა: „გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ“.

9. რადგან შიშმა შეიპყრო იგი და ყველა მასთან მყოფი იმ თევზისჭერის გამო, მათ რომ დაიჭირეს.

10. ასევე იაკობი და იოანე, ზებედეს ძენი, სიმონის მოზიარენი. და უთხრა სიმონს იესომ: „ნუ გეშინია, ამიერიდან ადამიანთა დამჭერი იქნები“.

11. მიაყენეს ნავები მიწას, ყველაფერი მიატოვეს და გაჰყვნენ მას.

 

კეთროვნის და უძლურის განკურნება

12. ერთხელ, ერთ-ერთ ქალაქში მისი ყოფნისას, აჰა, მოვიდა კეთრით დაფარული კაცი. დაინახა იესო და დაემხო, ევედრებოდა და ეუბნებოდა: „უფალო, თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმედა“.

13. და გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: „მსურს, განიწმიდე!“ და მყისვე მოშორდა კეთრი.

14. და უბრძანა მას: „არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედისთვის, როგორც დაუდგინა მათ მოსემ მოწმობად“.

15. და უფრო და უფრო ვრცელდებოდა სიტყვა მის შესახებ და დიდძალი ხალხი დაჰყვებოდა მას, რათა მოესმინათ და განკურნებულიყვნენ თავიანთ სნეულებათაგან.

16. ის კი უდაბურ ადგილებში მიდიოდა და ლოცულობდა.

17. ერთ დღეს, როცა ის ასწავლიდა, ისხდნენ იქ ფარისეველნი და რჯულის მოძღვარნი, რომელნიც მოსულიყვნენ გალილეისა და იუდეის ყოველი კუთხიდან და იერუსალიმიდან, და უფლის ძალა იყო მასთან განსაკურნავად,

18. აჰა, კაცებმა საწოლით მოიყვანეს ადამიანი, რომელიც დავრდომილი იყო, და ცდილობდნენ, შიგნით შეეყვანათ და იესოს წინ დაეწვინათ.

19. და რომ ვერ მოახერხეს მისი შეყვანა ხალხმრავლობის გამო, ერდოზე ავიდნენ და კრამიტებს შორის საწოლიანად ჩაუშვეს შუაგულ ოთახში იესოს წინ.

20. რომ დაინახა მათი რწმენა, უთხრა: „ადამიანო, მოგეტევა შენი ცოდვები“.

21. და იწყეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მსჯელობა ურთიერთშორის და ამბობდნენ: „ვინ არის ეს, ღმერთს რომ გმობს? ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღვთის გარდა?“

22. იესო მიხვდა მათ ზრახვებს, და მიუგო და უთხრა: „რას კითხულობთ თქვენს გულში?

23. რა უფრო ადვილია, თქმა: შენი ცოდვები მოგეტევა, თუ თქმა: ადექ და გაიარე?

24. რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს მიწაზე აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება, - ეუბნება დავრდომილს: შენ გეუბნები, ადექ, აიღე შენი საწოლი და შინ წადი“.

25. და მყისვე წამოდგა მათ წინაშე, აიღო, რაზეც იწვა, და წავიდა თავის სახლში და ადიდებდა ღმერთს.

26. და განცვიფრებამ შეიპყრო ყველა და ადიდებდნენ ღმერთს და შეშინებულები ამბობდნენ: საოცრებანი ვიხილეთო დღეს.

 

ლევის მოწოდება. „არა მართალთა, არამედ ცოდვილთა“

27. ამის შემდეგ გამოვიდა და დაინახა მებაჟე, სახელად ლევი, რომელიც იჯდა საბაჟოში, და უთხრა მას: „გამომყევი მე“.

28. მანაც მიატოვა ყოველივე, წამოდგა და გაჰყვა მას.

29. და მოუმზადა ლევიმ მას დიდი ნადიმი თავის სახლში. და იყო იქ ბევრი მებაჟე და სხვანი, რომლებიც მათთან ერთად უსხდნენ სუფრას.

30. მათი მწიგნობარნი და ფარისეველნი დრტვინავდნენ და ეუბნებოდნენ მის მოწაფეებს: „რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“

31. და მიუგო იესომ და უთხრა მათ: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ.

32. მოვედი არა მართალთა მოსაწოდებლად, არამედ ცოდვილთა, რათა მოინანიონ“.

 

ახალი ღვინო და საკერებელი

33. მათ კი უთხრეს მას: „იოანეს მოწაფეები ხშირად მარხულობენ და ლოცვებს აღავლენენ, ასევე ფარისეველთანიც. შენები კი ჭამენ და სვამენ“.

34. იესომ უთხრა მათ: „როგორ აიძულებთ მექორწილეებს, იმარხულონ, ვიდრე ნეფე მათთან არის?

35. მაგრამ დადგება დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ, იმ დღეებში“.

36. იგავიც უთხრა მათ: „არავინ მოხევს საკერებელს ახალ სამოსელს და არ დაადებს ძველ სამოსელს, თორემ ახალსაც დახევს და ძველსაც არ გამოადგება ახალი სამოსლის საკერებელი.

37. არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ახალი ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც დაიღუპება.

38. არამედ ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხას.

39. არც ერთი ძველის მსმელი არ მოისურვებს ახალს, რადგან იტყვის: ძველი სჯობიაო“.

 

თავი 6

ძე კაცისა შაბათის უფალიც არის

1. ერთხელ, შაბათს, ყანებზე გადავლა მოუხდა; და მისი მოწაფეები წყვეტდნენ თავთავებს, ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ.

2. ფარისეველთაგან ზოგიერთებმა უთხრეს მათ: „რატომ აკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შაბათს არაა ნებადართული?“

3. და მიუგო და უთხრა მათ იესომ: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა მოშივდა მას და მასთან მყოფებს?

4. როგორ შევიდა ღვთის სახლში, აიღო და შეჭამა საწინაშეო პურები და თავისთან მყოფთაც დაურიგა, რომლის ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა?“ 5. და უთხრა მათ: „შაბათის ბატონიც არის კაცის ძე“.

6. და მოხდა, რომ ერთ სხვა შაბათსაც შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა მათ. იქ იყო კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი გამხმარი ჰქონდა.

7. მწიგნობარნი და ფარისეველნი უთვალთვალებდნენ მას, აბა, შაბათს თუ განკურნავსო, რათა ეპოვათ როგორ დაედოთ ბრალი მისთვის.

8. მან იცოდა მათი ზრახვები და უთხრა კაცს, რომელსაც ხელი გამხმარი ჰქონდა: „ადექ და გამოდი შუაში!“ ისიც ადგა და დადგა შუაში.

9. უთხრა იესომ მათ: „გეკითხებით თქვენ: შაბათ დღეს კეთილის კეთება შეიძლება თუ ბოროტისა? სულის ხსნა შეიძლება თუ დაღუპვა?“

10. და თვალი მოავლო ყველას და უთხრა მას: „გაიწოდე შენი ხელი!“ ასეც მოიქცა და მოურჩა ხელი.

11. ისინი კი რისხვით აღივსნენ და ურთიერთშორის მსჯელობდნენ, რა ექნათ იესოსთვის.

 

თორმეტი მოციქულის არჩევა

12. იმ დღეებში წავიდა იგი მთაზე სალოცავად და მთელი ღამე ღვთისადმი ლოცვაში გაატარა.

13. დღე რომ დადგა, დაუძახა თავის მოწაფეებს და ამოირჩია მათგან თორმეტი, რომელთაც მოციქულები უწოდა:

14. სიმონი, რომელსაც პეტრე შეარქვა, მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართოლომე,

15. მათე და თომა, იაკობ ალფესი და სიმონი, მოშურნედ წოდებული.

16. იუდა იაკობის ძე და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.

17. და ჩავიდა მათთან ერთად და დადგა ვაკე ადგილას. იქ იყო მრავალი მისი მოწაფე და ბევრი ხალხი იუდეიდან და იერუსალიმიდან, და ზღვისპირეთიდან - ტვიროსიდან და ციდონიდან,

18. რომელნიც მოვიდნენ, რომ მისთვის მოესმინათ და თავიანთი სნეულებებისგან განკურნებულიყვნენ - უწმიდური სულით გატანჯულნიც - და იკურნებოდნენ.

19. მთელი ხალხი ცდილობდა შეხებოდა მას, ვინაიდან მისგან გამოდიოდა ძალა და ყველას კურნავდა.

 

ნეტართათვის. სიყვარული და სამსჯავრო

20. აღმართა მზერა თავის მოწაფეებზე და უთხრა: „ნეტარნი ხართ, გლახაკნი, ვინაიდან თქვენია ღვთის სასუფეველი.

21. ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, ვინაიდან გაძღებით. ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირით, ვინაიდან გაიცინებთ.

22. ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა გაგყრიან და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს განდევნიან, როგორც ბოროტს, კაცის ძის გამო.

23. გაიხარეთ იმ დღეს და გამხიარულდით, ვინაიდან, აჰა, დიდია თქვენი საზღაური ცაში, ვინაიდან ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთ მათი მამები.

24. მაგრამ, ვაი თქვენ, მდიდარნო, ვინაიდან უკვე მიიღეთ თქვენი ნუგეშისცემა.

25. ვაი თქვენ, მაძღარნო, აწ, ვინაიდან მოგშივდებათ. ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, ვინაიდან იგლოვებთ და იტირებთ. 26. ვაი თქვენ, როცა ყველანი კარგს ილაპარაკებენ თქვენზე. ასევე ექცეოდნენ ცრუწინასწარმეტყველთ მათი მამები.

27. ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს.

28. აკურთხებდეთ თქვენს მაწყევრებს და ლოცულობდეთ თქვენსავე შეურაცხმყოფელთათვის.

29. ვინც ლოყაში გაგარტყას, მეორეც მიუშვირე. ვინც სამოსელი წაგართვას, მოსასხამსაც ნუ დაუჭერ.

30. ყველას, ვინც გთხოვოს, მიეცი და ვინც გამოგართმევს, უკან ნუღარ მოსთხოვ.

31. როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ.

32. თუ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ, თქვენთვის რა მადლია? ვინაიდან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი.

33. თუ სიკეთეს უზამთ თქვენს კეთილისმყოფელთ, თქვენთვის რა მადლია? ცოდვილნიც ასევე აკეთებენ.

34. თუ სესხს აძლევთ იმას, ვისი იმედიც გაქვთ, რომ უკან დაგიბრუნებთ, ეს რაღა მადლია? ცოდვილნიც ასესხებენ ცოდვილთ, რომ დაიბრუნონ იმდენივე.

35. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით და ასესხეთ და ნურაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური: მაღლის ძენი იქნებით, ვინაიდან იგი კეთილია უმადურთა და ბოროტთა მიმართაც.

36. იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე.

37. ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ მსჯავრი; მიუტევეთ და მოგეტევებათ.

38. მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე, მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“.

39. იგავიც უთხრა მათ: „განა შეუძლია ბრმას ბრმის მეგზურობა? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივდებიან?

40. მოწაფე მასწავლებელზე მეტი არ არის, ხოლო ყველა სწავლაგასრულებული, ისეთივე იქნება, როგორც მისი მასწავლებელი.

41. რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ამჩნევ?

42. ანდა როგორ შეგიძლია უთხრა შენს ძმას: ძმაო, მიმიშვი, ამოგიღო თვალიდან წველი, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, თუ როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას თვალიდან წველი.

43. არ არსებობს კარგი ხე, რომელმაც ცუდი ნაყოფი გამოიღოს; არც ცუდი ხე, რომელმაც კარგი ნაყოფი გამოიღოს.

44. ვინაიდან ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა: ეკალზე ხომ ვერ მოკრეფენ ლეღვს და არც მაყვლის ბუჩქებზე იკრიფება ყურძენი.

45. კეთილი კაცი თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთეს გამოიღებს, ბოროტი კაცი კი ბოროტისგან ბოროტს გამოიღებს. ვინაიდან გულის სავსებისაგან მეტყველებს მისი პირი.

46. რატომ მიწოდებთ: „უფალო, უფალო!“ და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით?

47. ყველა, ვინც ჩემთან მოდის, ჩემს სიტყვებს ისმენს და მათ ასრულებს, გიჩვენებთ ვისაცა ჰგავს.

48. იგი ჰგავს სახლის მშენებელ კაცს, რომელმაც მოთხარა, ჩააღრმავა და კლდეზე დადო საძირკველი. წყალდიდობისას მდინარე ეკვეთა იმ სახლს და ძვრა ვერ უყო, ვინაიდან კარგად იყო ნაშენი.

49. ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს, იგი ჰგავს კაცს, რომელმაც სახლი ააშენა მიწაზე უსაძირკვლოდ და, როცა მდინარე ეკვეთა, უმალ დაინგრა და ძალზე დიდი იყო იმ სახლის ჩამოქცევა“.

 

თავი 7

ასისთავის მონის განკურნება. ქვრივის ვაჟის გაცოცხლება

1. როცა მან დაასრულა ყველა თავისი სიტყვა ხალხის სასმენელთა მიმართ, შევიდა კაპერნაუმში.

2. ერთ ასისთავს ავად ჰყავდა და უკვდებოდა მონა, რომელიც მისთვის ძვირფასი იყო,

3. იესოზე რომ მოისმინა, გაგზავნა მასთან იუდეველთა უხუცესები სათხოვნელად, რათა მოსულიყო და განეკურნა მისი მონა.

4. ისინი მივიდნენ იესოსთან, სთხოვეს მხურვალედ და უთხრეს: „იგი ღირსია, რომ ეს გაუკეთო,

5. ვინაიდან უყვარს ჩვენი ხალხი და სინაგოგა მან აგვიშენა“.

6. იესო წაჰყვა მათ და უკვე იმ სახლის შორი-ახლოს იყვნენ, როცა ასისთავმა გამოუგზავნა მეგობრები მისთვის სათქმელად: „უფალო, ნუ გაირჯები, ვინაიდან ღირსი არა ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე.

7. ამიტომ ჩემი თავიც არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად. მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა.

8. რადგან მეც, ძალაუფლებას დამორჩილებულს, ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები: „წადი!“ და მიდის. და სხვას: „მოდი!“ და მოდის. ჩემს მონას: „გააკეთე ეს!“ და აკეთებს“.

9. ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა მისი, მიუბრუნდა თავის უკან მომავალ ხალხს და უთხრა: „გეუბნებით, რომ ისრაელშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა“.

10. წარგზავნილებმა სახლში დაბრუნებისას გამოკეთებული ნახეს ის მონა.

11. ამის შემდეგ იესო წავიდა ქალაქში, რომელსაც ერქვა ნაინი, და თან მიჰყვებოდნენ მისი მოწაფენი და დიდძალი ხალხი.

12. ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა, აჰა, მოასვენებდნენ მიცვალებულს, დედისერთა ვაჟს, ხოლო დედა ქვრივი იყო. დიდძალი ხალხი მოსდევდა მას ქალაქიდან.

13. ქვრივის დანახვისას უფალს შეეცოდა იგი და უთხრა: „ნუ სტირი“.

14. მივიდა და შეეხო ცხედარს. გამსვენებლები შედგნენ და მან თქვა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექ!“

15. მკვდარი წამოჯდა და იწყო ლაპარაკი, და იესომ ჩააბარა იგი თავის დედას.

16. ყველანი შიშმა შეიპყრო, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: „დიდი წინასწარმეტყველი აღმდგარა ჩვენს შორის და ღმერთმა მოხედა თავის ხალხს“.

17. ეს სიტყვა მოედო მთელ იუდეას და მთელ შემოგარენს.

 

პასუხი იოანე ნათლისმცემელს

18. აუწყეს იოანეს მისმა მოწაფეებმა ყოველივე ეს.

19. იოანემ დაიბარა ორი თავისი მოწაფე და იესოსთან გაგზავნა შესაკითხავად: „შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?“

20. მივიდნენ ისინი მასთან და უთხრეს: „იოანე ნათლისმცემელმა გამოგვგზავნა შენთან საკითხავად: შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?“

21. იმჟამად მან ბევრი განკურნა სნეულებათა და სატკივართაგან და ავი სულებისაგან, და მრავალ ბრმას უწყალობა მხედველობა.

22. მიუგო და უთხრა მათ: „წადით და უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ: ბრმებს მხედველობა უბრუნდებათ, ხეიბრები დადიან, კეთროვანები განიწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.

23. ნეტარია ვინც არ შეცდება ჩემში“.

24. როცა იოანეს მოციქულები წავიდნენ, დაიწყო ლაპარაკი ხალხთან იოანეზე: „რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა?

25. მაშ, რის სანახავად გახვედით - კაცისა, რომელსაც ფაფუკი სამოსელი აცვია? აჰა, ისინი, ვინც მდიდრულად არიან შემოსილნი და ფუფუნებით ცხოვრობენ, სამეფო კარზე იმყოფებიან.

26. რიღას სანახავად წახვედით? წინასწარმეტყველისა? დიახ, გეუბნებით თქვენ, წინასწარმეტყველზე მეტისაც.

27. ვინაიდან ეს არის ის, რომლის შესახებაც დაწერილია: „აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენი სახის წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე“.

28. ვინაიდან გეუბნებით თქვენ: დედაკაცთა ნაშობთა შორის არავინ არის იოანეზე დიდი, მაგრამ ღვთის სასუფეველში უმცირესიც კი მასზე უფრო დიდია“.

29. მთელმა ხალხმა, რომელიც მას უსმენდა, და მებაჟეებმაც კი, განადიდეს ღმერთი და იოანეს ნათლობით მოინათლნენ.

30. ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მცოდნეებმა უარყვეს ღვთის რჩევა მათ მიმართ და არ ინათლებოდნენ მისგან.

31. მაშინ უფალმა თქვა: „ვის ვამსგავსო ეს მოდგმა და ვისი მსგავსნი არიან ისინი?

32. ისინი ჰგვანან ყრმებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და ერთმანეთს გასძახიან: �სალამურს გიკრავდით და არ ცეკვავდით, გიგოდებდით და არ სტიროდით.�

33. ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და არც პურს ჭამს, არც ღვინოს სვამს და თქვენ ამბობთ: ეშმაკი ჰყავსო.

34. მოვიდა კაცის ძე და ჭამს და სვამს და ამბობთ: აჰა კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო.

35. გამართლებულია სიბრძნე მისი ყველა შვილის მიერ“.

 

ცოდვილი დედაკაცი იესოსთან

36. ვინმე ფარისეველთაგანი სთხოვდა მას, მასთან ეჭამა პური. შევიდა იმ ფარისევლის სახლში და მიუჯდა სუფრას.

37. იმ ქალაქში იყო ცოდვილი დედაკაცი. როგორც კი გაიგო, იგი ფარისევლის სახლში ზისო, მოიტანა ნელსაცხებელი ალებასტრონის ჭურჭლით.

38. და დადგა უკან, მის ფერხთით, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უხოცავდა, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა.

39. ფარისეველმა, რომელმაც იესო მიიწვია, ამის დანახვაზე თავისთვის თქვა: „ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა ვინ და რანაირი დედაკაცი ეხება მას, რადგან ცოდვილია იგი“.

40. მიუგო იესომ და უთხრა მას: „სიმონ, რაღაც მაქვს შენთან სათქმელი,“ მან კი უთხრა: „თქვი, მოძღვარო“.

41. თქვა: „ერთ მევახშეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა, მეორეს - ორმოცდაათი.

42. მაგრამ რაკი არაფერი ჰქონდათ, რომ გადაეხადათ, ორივეს მიუტევა. ახლა მითხარი, რომელს უფრო მეტად შეუყვარდება იგი?“

43. მიუგო სიმონმა და თქვა: „მე ვფიქრობ, რომელსაც უფრო მეტი მიუტევა“. ხოლო მან უთხრა მას: „სწორად განსაჯე“.

44. მიბრუნდა დედაკაცისაკენ და სიმონს უთხრა: „ხომ ხედავ ამ დედაკაცს? შენს სახლში შემოვედი და წყალი არ მომეცი ფერხთათვის, ამან კი ცრემლით დამისველა ფერხნი და თავისი თმებით შემიხოცა.

45. შენ არ გიკოცნია ჩემთვის, ამას კი, რაც აქ შემოვიდა, არ შეუწყვეტია ჩემს ფერხთა კოცნა.

46. შენ ზეთი არ გიცხია ჩემს თავზე, ამან კი ნელსაცხებელი სცხო ჩემს ფერხთ.

47. ამის გამო გეუბნები: მაგას მიეტევა მრავალი თავისი ცოდვა, რადგან ძლიერ შემიყვარა. ხოლო ვისაც ცოტა მიეტევა, ცოტათი უყვარს“.

48. და უთხრა მას: „მიგეტევა შენი ცოდვანი“.

49. მასთან მსხდომებმა იწყეს ლაპარაკი თავისთვის: „ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებს?“

50. მან კი უთხრა დედაკაცს: „შენმა რწმენამ გიხსნა შენ. წადი მშვიდობით“.

 

თავი 8

იესო ახარებს ქალაქებში

1. ამის შემდეგ დადიოდა ქალაქიდან ქალაქში და სოფლიდან სოფელში, ქადაგებდა და ახარებდა ღვთის სასუფეველს. და თორმეტნიც მასთან იყვნენ,

2. ასევე ზოგი დედაკაციც, რომელნიც განიკურნენ ავი სულებისა და სნეულებებისაგან: მარიამი, მაგდალელად წოდებული, რომლისგანაც შვიდი ეშმაკი გავიდა;

3. იოანა, ჰეროდეს მოურავის ქუზას ცოლი, სუსანა და ბევრი სხვა, რომელნიც ემსახურებოდნენ მას თავიანთი ქონებით.

 

იგავი მთესველზე

4. როცა დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან და ქალაქის ყველა მცხოვრები მიეახლა, მან დაიწყო იგავით ლაპარაკი:

5. „გამოვიდა მთესველი თავისი თესლის დასათესად. და თესვისას ზოგი გზის პირას დაცვივდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს.

6. ზოგი კლდოვანზე დაცვივდა, აღმოცენდა და გახმა, ვინაიდან სინოტივე აკლდა.

7. ზოგი ეკლებში ჩაცვივდა, ეკალი გაიზარდა და გააჩანაგა.

8. ზოგი კი კარგ ნიადაგზე დაცვივდა, აღმოცენდა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო“. ეს თქვა და დაიძახა: „ვისაც ყურები აქვს სასმენად, ისმინოს!“

9. ჰკითხეს მას მისმა მოწაფეებმა, რას ნიშნავდა ეს იგავი.

10. მან თქვა: „თქვენ მოგეცათ, რომ იცოდეთ ღვთის სასუფევლის საიდუმლოებანი, ხოლო სხვებს იგავებით მიეცათ, რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ.

11. ეს იგავი კი ამას ნიშნავს: ის თესლი ღვთის სიტყვაა.

12. გზასთან დაცვენილები კი ისინი არიან, ვისაც ესმით, მერე მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რომ არ იწამონ და არ გადარჩნენ.

13. ესენი კი, კლდეზე რომ არიან, ისინია, ვინც მოისმენენ სიტყვას და სიხარულით მიიღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ და მხოლოდ მცირე ხანს სწამთ, განსაცდელის ჟამს კი განდგებიან.

14. ხოლო ეკლებში ჩაცვენილნი ისინი არიან, ვინც ისმენენ, მაგრამ ცხოვრების გზაზე საზრუნავი, სიმდიდრე და განცხრომანი აჩანაგებენ მათ და ნაყოფი ვეღარ მწიფდება.

15. ხოლო კარგ მიწაზე დაცვენილნი ისინი არიან, ვინც კეთილი და წრფელი გულით ისმენენ სიტყვას, იცავენ და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს“.

 

დაუკვირდით, როგორ ისმენთ

16. „არავინ ანთებს სანთელს, რომ ჭურჭელი დაახუროს ზედ ან საწოლ ქვეშ შეედგას, არამედ სასანთლეზე დადებს, რათა შემომსვლელებმა იხილონ ნათელი.

17. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომელიც ცხადი არ გახდეს, არც დამალული, რომელიც არ გამჟღავნდეს და არ გაცხადდეს.

18. ამიტომ დაუკვირდით, როგორ ისმენთ: ვისაც აქვს, მას მიეცემა. ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც ჰგონია, რომ ექნება“.

19. მივიდნენ მასთან მისი დედა და ძმები და ვერ შეძლეს ახლოს მისვლა ხალხის გამო.

20. შეატყობინეს მას: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან, შენი ნახვა სურთო.

21. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ღვთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ“. 22. მოხდა ისე, რომ ერთ დღეს იგი ჩაჯდა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, და უთხრა მათ: „გადავიდეთ ტბის გაღმა,“ და გაცურეს.

23. როცა მიცურავდნენ, მას ჩაეძინა, და ტბაზე ქარიშხალი ამოვარდა. ნავი წყლით ევსებოდათ და საფრთხეში იყვნენ.

24. მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: „მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით“. და მან, გაღვიძებულმა, შერისხა ქარი და წყლის ღელვა, და დაცხრნენ და ჩამოვარდა მყუდროება.

25. უთხრა მათ: „სად არის თქვენი რწმენა?“ ისინი შიშითა და გაოცებით ეუბნებოდნენ ერთიმეორეს: „ვინ არის ეს, ქარებსაც რომ უბრძანებს და წყალსაც, და ემორჩილებიან მას?“

 

ლეგიონი სულების განდევნა ეშმაკეულისგან. ღორების კოლტი

26. გადაცურეს გერასენელთა ქვეყნისკენ, რომელიც გალილეის გაღმა მხარეს არის.

27. როცა გავიდა ხმელეთზე, წინ შემოხვდა ერთი კაცი ქალაქიდან. მას ეშმაკები დაუფლებოდნენ დიდი ხანის წინ და არც სამოსელს იცვამდა და არც სახლში ცხოვრობდა, არამედ სამარხებში.

28. როგორც კი დაინახა იესო, დაიკივლა, მის წინ დაეცა და ხმამაღლა იყვირა: „რა გინდა ჩემგან, იესო, ძეო მაღალი ღვთისა? გევედრები, ნუ მტანჯავ“.

29. ვინაიდან უბრძანა არაწმიდა სულს ამ კაცისგან გამოსულიყო (ვინაიდან დიდ ხანს სტანჯავდა მას, ჰკრავდნენ ჯაჭვებით და ბორკილებით, რომ დაეკავებინათ იგი. მაგრამ ის წყვეტდა ბორკილებს და იდევნებოდა ეშმაკის მიერ უდაბნოებში).

30. ჰკითხა მას იესომ: „რა არის შენი სახელი?“ მან უთხრა: „ლეგიონი,“ ვინაიდან ბევრი ეშმაკი იყო მასში შესული.

31. და ევედრებოდნენ იესოს, რომ არ ებრძანებინა მათთვის უფსკრულში ჩასვლა.

32. იქ იყო ღორების დიდი კოლტი, რომელიც მთაზე ძოვდა. ეშმაკები შეევედრნენ იესოს, რომ ნება დაერთო შესულიყვნენ მათში, და მან დართო ნება.

33. გამოვიდნენ ეშმაკები იმ კაციდან და შევიდნენ ღორებში. კოლტი კბოდედან გადაეშვა ტბაში და ჩაიხრჩო.

34. ეს ამბავი რომ დაინახეს მწყემსებმა, გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს.

35. გამოვიდნენ მომხდარის სანახავად. მოვიდნენ იესოსთან და ნახეს კაცი, რომლისგანაც გავიდნენ ეშმაკები. იგი შემოსილი და გონსმოგებული იჯდა იესოს ფერხთით, და შეეშინდათ.

36. მხილველებმა უამბეს, როგორ გადარჩა ეშმაკეული.

37. ევედრებოდა გერასენელთა სანახების მთელი ხალხი, რათა გასცლოდა მათ, ვინაიდან დიდმა შიშმა მოიცვა ისინი. ისიც ჩაჯდა ნავში და გაბრუნდა.

38. ის კაცი, რომლისგანაც ეშმაკები გავიდნენ, შეევედრა იესოს, თავისთან დაეტოვებინა, მაგრამ მან გაუშვა და უთხრა:

39. „დაბრუნდი შინ და უამბე, რაც გიყო ღმერთმა“. ისიც წავიდა და მთელ ქალაქს ამცნობდა, რა გაუკეთა იესომ.

 

იაიროსის ასულის გაცოცხლება. სისხლმდინარი ქალის განკურნება

40. როცა იესო დაბრუნდა, ხალხმა მიიღო იგი, ვინაიდან ყველანი ელოდნენ მას.

41. და აჰა, მოვიდა კაცი სახელად იაიროსი, რომელიც სინაგოგის მთავარი იყო. დაემხო იესოს ფერხთით და ევედრებოდა, შინ გაჰყოლოდა.

42. ვინაიდან ერთადერთი ასული ჰყავდა, თორმეტი წლისა, და უკვდებოდა. იესო რომ მიდიოდა, ხალხი ზედ აწყდებოდა მას.

43. იყო ერთი ქალი, რომელიც თორმეტი წელი სისხლის დენით იტანჯებოდა, მთელი ქონება ექიმებს დაახარჯა და ვერავინ განკურნა.

44. უკნიდან მიეპარა და მისი ტანსაცმლის კალთას შეეხო. იმწამსვე შეუწყდა სისხლის დენა. 45. თქვა იესომ: „ვინ შემეხო?“ როცა ყველამ იუარა, პეტრემ და მასთან მყოფებმა უთხრეს: „მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?“

46. ხოლო იესომ თქვა: „ვიღაც შემეხო მე, რადგან ვგრძნობ, რომ ძალა გავიდა ჩემგან“.

47. ქალმა, რაკი დაინახა, რომ ვერ დაიმალა, მიუახლოვდა ძრწოლით, დაემხო მის წინაშე და საჯაროდ განაცხადა, რა მიზეზითაც შეეხო და როგორ უცბად განიკურნა.

48. უთხრა მას: „ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. წადი მშვიდობით!“

49. ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ ვიღაც მოვიდა სინაგოგის მთავრის სახლიდან და უთხრა: „შენი ასული მოკვდა. ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს“.

50. იესომ, ეს რომ მოისმინა, მიუგო მას: „ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და განიკურნება“.

51. სახლში რომ მივიდნენ, არავის დართო ნება შესულიყო, პეტრეს, იაკობის, იოანეს და გოგონას დედ-მამის გარდა. 52. ყველა მოთქვამდა და დასტიროდა მას, მან კი უთხრა: „ნუ სტირით. ის არ მომკვდარა, სძინავს მხოლოდ“.

53. ისინი კი დასცინოდნენ მას, ვინაიდან იცოდნენ, რომ მკვდარი იყო. 54. ხელი ხელში ჩასჭიდა, შესძახა და თქვა: „გოგონავ, ადექ!“

55. და დაუბრუნდა სული. უცებ წამოდგა იგი და მან ბრძანა, საჭმელი მიეცათ გოგონასთვის.

56. და გაუკვირდათ მის მშობლებს. მან უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ მომხდარის შესახებ.

 

თავი 9

თორმეტი მოციქულის გაგზავნა

1. მოუხმო თორმეტს, მისცა მათ ძალა და ხელმწიფება ყველა ეშმაკზე, რომ განეკურნათ სნეულებანი.

2. მიავლინა ისინი ღვთის სასუფევლის საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნავად.

3. უთხრა მათ: „არაფერი წაიღოთ გზაში, არც ხელჯოხი, არც გუდა, არც პური, არც ვერცხლი და არც ორი მოსასხამი იქონიოთ.

4. რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით და იქიდანვე გაემგზავრეთ.

5. ხოლო თუ სადმე არ მიგიღონ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას თქვენს ფერხთაგან მტვერი ჩამოიბერტყეთ მათ წინააღმდეგ დასამოწმებლად“.

6. წავიდნენ და იწყეს სოფელსოფელ სიარული, ახარებდნენ და ყველგან კურნავდნენ.

 

იესოს მოქმედებამ გააოგნა ჰეროდე

7. მოისმინა ჰეროდემ - ტეტრარქმა, ყოველი მისი ნამოქმედარი, და გაოგნდა, ვინაიდან ერთნი იმას ამბობდნენ: იოანე აღდგაო მკვდრეთით,

8. მეორენი - ელია გამოჩნდაო. სხვები ამბობდნენ: ერთი ძველი წინასწარმეტყველთაგანი აღდგაო მკვდრეთით.

9. ჰეროდემ თქვა: „იოანეს მე მოვკვეთე თავი, ეს კი ვინ არის, ვისზეც ასეთი რამ მესმის?“ და უნდოდა მისი ნახვა.

 

ხუთი ათასი კაცის გაძღება

10. დაბრუნდნენ მოციქულები და უამბეს მას, რაც გააკეთეს. მან წაიყვანა ისინი და განმარტოვდა, ბეთსაიდად წოდებული ქალაქისაკენ.

11. შეიტყო დიდძალმა ხალხმა და გაჰყვა მას. ის ღებულობდა მათ და ელაპარაკებოდა ღვთის სასუფეველზე, ხოლო, ვისაც განკურნება ესაჭიროებოდა, კურნავდა მათ.

12. როცა დღემ იწყო გადახრა, მივიდნენ მასთან თორმეტნი და უთხრეს: „გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ გარემო სოფლებსა და დაბებში ღამის გასათევად და საზრდოს საშოვნელად, ვინაიდან აქ უდაბურ ადგილას ვიმყოფებით“.

13. უთხრა მათ: „მიეცით საჭმელი“. მათ უთხრეს: „ხუთი პურისა და ორი თევზის მეტი არაფერი გაგვაჩნია, თუ არ წავალთ და საჭმელს არ ვუყიდით მთელ ამ ხალხს“.

14. რადგან იქ ხუთი ათასამდე კაცი იქნებოდა. მან უთხრა თავის მოწაფეებს: „დასხით ისინი ჯგუფებად, თითოში ორმოცდაათამდე იყოს“.

15. ასე მოიქცნენ და დასხეს ყველანი.

16. მან აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დატეხა და მისცა მოწაფეებს, რომ ჩამოერიგებინათ ხალხისთვის.

17. ყველამ ჭამა და გაძღა, ხოლო დარჩენილი ნატეხებით თორმეტი გოდორი გაავსეს.

 

იესო წინასწარ იუწყება თავის სიკვდილზე

18. ერთხელ, როცა განმარტოებული ლოცულობდა და მოწაფეებიც მასთან იყვნენ, იესომ ჰკითხა მათ: „რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?“

19. მათ მიუგეს და თქვეს: იოანე ნათლისმცემელიო; სხვები - ელიაო, სხვები კი - ვინმე ძველი, აღმდგარი წინასწარმეტყველიო.

20. იესომ უთხრა: „თქვენ კი რაღას ამბობთ: ვინა ვარ მე?“ პეტრემ პასუხად უთხრა: „ღვთის ცხებული“.

21. მაგრამ მან აუკრძალა მათ. უბრძანა, არავისთვის გაემხილათ ეს.

22. უთხრა მათ: „კაცის ძის ხვედრია, მრავალი ტანჯვა აიტანოს და უარყოფილ იქნეს უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართა მიერ, მოკლულ იქნეს და მესამე დღეს აღდგეს“.

23. ყველას გასაგონად კი ასე თქვა: „თუ ვინმეს სურს გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველდღე იტვირთავდეს თავის ჯვარს და მომყვებოდეს.

24. ვინაიდან, ვისაც სურს თავისი სული იხსნას, იგი დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს მას, იგი იხსნის მას.

25. რადგან რას არგებს ადამიანს, თუ მთელს სოფელს მოიგებს, თავის თავს კი დაღუპავს ან ავნებს?.

26. რადგან, ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როცა მოვა თავისი მამისა და წმიდა ანგელოზების დიდებით.

 

ფერისცვალება

27. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, რომ უკვე იხილავენ ღვთის სასუფეველს“.

28. ამ სიტყვებიდან რვა დღის შემდეგ პეტრე, იოანე და იაკობი წაიყოლა თან და მთაზე ავიდა სალოცავად.

29. როცა ლოცულობდა, მისი სახის იერი შეიცვალა და მისი სამოსელი თეთრად მოქათქათე შეიქნა.

30. და აჰა, მასთან საუბრობდა ორი კაცი, ესენი იყვნენ მოსე და ელია.

31. ისინი გამოჩნდნენ დიდებით და ლაპარაკობდნენ მის წასვლაზე, რომელიც იერუსალიმში უნდა აღსრულებულიყო.

32. პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებულნი იყვნენ ძილით და, როცა გაეღვიძათ, იხილეს მისი დიდება და მასთან მდგომარე ორი კაცი.

33. ხოლო როცა ისინი შორდებოდნენ მას, პეტრემ უთხრა იესოს: „მოძღვარო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. გავაკეთებთ აქ სამ კარავს: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთი ელიას“. ვინაიდან არ იცოდა, რას ლაპარაკობდა.

34. ამას რომ ამბობდა, გამოჩნდა ღრუბელი და მიუჩრდილა მათ. ღრუბელში რომ შევიდნენ, შეეშინდათ.

35. ღრუბლიდან გაისმა ხმა, რომელიც ამბობდა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მას უსმინეთ“.

36. ეს ხმა რომ გაისმა, იესო მარტო დარჩა, ისინი კი დადუმდნენ და იმ დღეებში არავისთვის უთქვამთ, რაც იხილეს.

 

ავი სულით შეპყრობილის განკურნება

37. მეორე დღეს, როცა მთიდან ჩამოვიდნენ, ბევრი ხალხი შეეგება მას.

38. და აჰა, იმ ხალხში ვიღაც კაცმა შეჰყვირა: „მოძღვარო, გევედრები, მოხედე ჩემს ძეს, რადგან ეს ერთადერთი მყავს.

39. სულსა ჰყავს შეპყრობილი; უეცრად წამოაყვირებს, აქეთ-იქით ახეთქებს მას, დუჟს ადენს, და როცა დააოსებს, ძლივსძლივობით გაეცლება.

40. ვთხოვე შენს მოწაფეებს, რომ გამოედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს“.

41. მიუგო იესომ და თქვა: „ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ, როდემდე ვიყო თქვენთან და გითმინოთ? აქ მომიყვანე შენი ძე“.

42. ვიდრე მოვიდოდა, ეშმაკმა დაახეთქა და დაუწყო კრუნჩხვა. იესომ შერისხა არაწმიდა სული, განკურნა ყრმა და ჩააბარა თავის მამას.

43. ყველანი გაოცებულნი იყვნენ ღვთის სიდიადით. როცა ყველას უკვირდა ყოველივე, რასაც ის აკეთებდა, უთხრა თავის მოწაფეებს:

44. „ყურად იღეთ ეს სიტყვები: ძე კაცისა გადაეცემა კაცთა ხელში“.

45. მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ ამ ნათქვამს, და იგი დაფარული იყო მათთვის, ისე რომ ვერ ჩასწვდნენ მას. და ეშინოდათ, ეკითხათ მისთვის ამ სიტყვების გამო.

46. ერთი ფიქრი კი დაებადათ: ვინ უფრო დიდი იყო მათ შორის?

47. იესომ, რომელიც ხვდებოდა მათი გულის ზრახვებს, მოიყვანა ბავშვი და თავის წინ დააყენა.

48. უთხრა მათ: „ვინც მიიღებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, ის მე მიმიღებს. ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის ჩემს მომავლინებელსაც მიიღებს. ხოლო ვინც თქვენს შორის უმცირესია, ის არის დიდი“.

 

იესოს მიმდევრებზე

49. მიუგო იოანემ და თქვა: „მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის, და ჩვენ დავუშალეთ მას, რადგან არ დაგვყვება ჩვენ“.

50. უთხრა მას იესომ: „ნუ დაუშლით, ვინაიდან ის, ვინც თქვენს წინააღმდეგ არ არის, ის თქვენთანაა“.

51. როცა მოახლოვდა მისი ამაღლების დღეები, იბრუნა პირი იერუსალიმში ასასვლელად.

52. წინდაწინ მიავლინა მაცნეები. და ისინი წავიდნენ და შევიდნენ სამარიელთა სოფელში, რათა გაემზადებინათ მისთვის.

53. მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან პირი მიქცეული ჰქონდა იერუსალიმში წასასვლელად.

54. დაინახეს ეს მისმა მოწაფეებმა, იაკობმა და იოანემ და უთხრეს: „უფალო, თუ გინდა, ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი, როგორც ელიამ გააკეთა“.

55. მაგრამ ის მიბრუნდა მათკენ, გაუწყრა და უთხრა: „არ იცით, ვისი სულისანი ხართ?

56. ვინაიდან ძე კაცისა მოვიდა არა ადამიანთა სულების დასაღუპავად, არამედ სახსნელად!“ და წავიდნენ სხვა სოფელში.

57. გზაზე რომ მიდიოდნენ, ვიღაცამ უთხრა მას: „გამოგვყვები, სადაც კი წახვალ“.

58. იესომ უთხრა მას: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ - ბუდეები; კაცის ძეს კი არა აქვს თავის მისადრეკი“.

59. მეორეს კი უთხრა: „გამომყევი“. მან თქვა: „უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო“.

60. მან კი უთხრა მას: „დაანებე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა. შენ კი წადი და იქადაგე ღვთის სასუფეველი“.

61. სხვამაც თქვა: „მე გამოგყვები, უფალო, ოღონდ ჯერ ნება მომეცი, ჩემს შინაურებს დავემშვიდობო“.

62. უთხრა მას იესომ: „არავინ გამოდგება ღვთის სასუფევლისათვის, ვისაც გუთანი უჭირავს ხელში და უკან იყურება“.

 

თავი 10

სამოცდაათი მოწაფის მივლინება

1. ამის შემდეგ ამოარჩია უფალმა სხვა სამოცდაათი და წინასწარ მიავლინა ორ-ორი ყოველ ქალაქსა და სოფელში, სადაც მისვლას აპირებდა.

2. უთხრა მათ: „სამკალი ბევრია, მუშაკი - ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის პატრონს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში.

3. წადით, აჰა გაგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის.

4. არც ქისა წაიღოთ თან, არც გუდა, არც ფეხსაცმელი, არც არავინ მოიკითხოთ გზაში.

5. რომელ სახლშიც შეხვიდეთ, უწინ ეს სთქვით: მშვიდობა ამ სახლს!

6. თუ იქნება იქ მშვიდობის ძე, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა. თუ არა და, თქვენვე დაგიბრუნდებათ.

7. იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაც მათ აქვთ, ვინაიდან მუშაკი ღირსია თავისი საზღაურისა. ერთი სახლიდან მეორე სახლში ნუ გადახვალთ.

8. რომელ ქალაქშიც მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ.

9. განკურნეთ იქ მყოფი სნეულნი და უთხარით: „ღვთის სასუფეველი მოგიახლოვდათ“.

10. ხოლო თუ რომელიმე ქალაქში შესვლისას არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით:

11. „თქვენი ქალაქის მტვერს, რომელიც ჩვენს ფეხებს მიეკრო, ვიბერტყავთ თქვენს მიმართ. ოღონდ ესეც იცოდეთ, რომ გიახლოვდებათ ღვთის სასუფეველი“.

12. გეუბნებით, სოდომს უფრო გაუადვილდება იმ დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.

13. ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდავ! ვინაიდან ტვიროსსა და ციდონში რომ მომხდარიყო ძალთაქმედებანი, რომელნიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინ ძაძებსა და ნაცარში მსხდომარენი მოინანიებდნენ.

14. მაგრამ ტვიროსსა და ციდონს უფრო გაუადვილდება განკითხვისას, ვიდრე თქვენ.

15. შენ კი, კაპერნაუმო, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები!

16. ვინც თქვენ მოგისმენთ, მეც მომისმენს; თქვენი უარმყოფელი მეც უარმყოფს. ჩემი უარმყოფელი უარყოფს ჩემს მომავლინებელს!“

17. სიხარულით დაბრუნდნენ სამოცდაათნი და უთხრეს: „უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან“.

18. მან კი უთხრა მათ: „დავინახე სატანა, ელვასავით ციდან გადმოვარდნილი.

19. აჰა, გაძლევთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დასათრგუნავად, და მტრის ყოველი ძალისა. თქვენ კი არაფერი გევნებათ.

20. ოღონდ ნუ ხარობთ, რომ სულები გემორჩილებიან. არამედ გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი“.

 

იესო ადიდებს მამას

21. იმ დროს სულში გაიხარა იესომ და თქვა: „გადიდებ შენ, მამაო, უფალო ცისა და მიწისა, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ, ჩვილებს კი განუცხადე. ჰეი, მამაო, ვინაიდან ასე იყო მოსაწონი შენს წინაშე.

22. ყოველივე ჩემი მამისგან გადმომეცა, ხოლო არავინ იცის, ვინ არის მამა, გარდა ძისა. და არავინ იცის ვინ არის ძე, გარდა მამისა, და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ განუცხადოს“.

23. მიუბრუნდა მოწაფეებს ცალკე და უთხრა: „ნეტარია თვალები, რომელნიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ.

24. რადგან გეტყვით, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდა ენახა, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილა, და ესმინა, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ მოისმინა“.

 

იგავი გულმოწყალე სამარიელიზე

25. აჰა, ერთი რჯულის მცოდნე, წამოდგა და გამოსაცდელად თქვა: „რა უნდა გავაკეთო, მოძღვარო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“

26. მან უთხრა მას: „რჯულში როგორ სწერია? შენ როგორ კითხულობ?“

27. მან მიუგო და უთხრა: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით, და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“.

28. უთხრა მას: „სწორად მიპასუხე. ეგრე მოიქეცი და იცოცხლებ“.

29. მაგრამ მას თავის გამართლება უნდოდა და უთხრა იესოს: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“

30. უპასუხა იესომ და უთხრა: „ერთი კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიხოს და დაესხნენ ყაჩაღები, ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ. ის კი ცოცხალმკვდარი მიატოვეს.

31. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩაიარა იმ გზაზე, დაინახა იგი და გვერდი აუქცია.

32. ასევე ლევიანმა ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და გვერდი აუქცია.

33. მერე ვიღაც სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეიცოდა.

34. მივიდა მასთან, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე.

35. მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე და, თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემო.

36. რას ფიქრობ, იმ სამიდან რომელი უფრო იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?“

37. მან თქვა: „რომელმაც წყალობა უყო მას“. უთხრა მას იესომ: „წადი და შენც ასევე მოიქეცი“.

 

მარიამი და მართა

38. განაგრძეს გზა და შევიდა იგი ერთ სოფელში და ერთმა დედაკაცმა, სახელად მართამ, მიიწვია იგი სახლში.

39. მას ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით დაჯდა და ისმენდა მის სიტყვას.

40. მართა კი ზრუნავდა გულუხვად გამასპინძლებაზე. მივიდა მასთან და უთხრა: „უფალო, არ განაღვლებს, რომ ჩემმა დამ მარტოდ დამტოვა სამასპინძლოდ? უთხარი, მომეხმაროს“.

41. და უთხრა მას უფალმა პასუხად: „მართა, მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ,

42. საჭირო კი მხოლოდ ერთია. მარიამმა უკეთესი წილი ამოირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას“.

 

თავი 11

„მამაო ჩვენო“

1. ერთხელ, როცა იგი ერთ ადგილას ლოცულობდა, და დაასრულა ლოცვა, ერთმა მოწაფეთაგანმა მიმართა: „უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანე ასწავლიდა თავის მოწაფეებს“.

2. უთხრა მათ: „როცა ლოცულობთ, თქვით: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.

3. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღითი დღე.

4. და მოგვიტევე ჩვენი ცოდვები, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა ჩვენს თანამდებს და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში“.

5. და უთხრა მათ: „რომელიმე თქვენგანს რომ მეგობარი ჰყავდეს და შუაღამისას მიადგეს და უთხრას: „მეგობარო, მასესხე სამი პური.

6. ვინაიდან მეგობარი მომივიდა ნამგზავრი და არაფერი გამაჩნია, წინ რომ დავუდო“.

7. და მან შიგნიდან გამოსძახოს: „ნუ მაწუხებ, კარი დაკეტილია, ბავშვებიც ლოგინში მიწვანან, არ შემიძლია წამოდგომა და პურის მოცემა“.

8. გეუბნებით თქვენ: თუ არ ადგება და მეგობრობის გამო არ მისცემს პურს, მისი აბეზრობის გამო მაინც ადგება და მისცემს იმდენ პურს, რამდენიც სჭირდება.

9. და მე გეუბნებით თქვენ: ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძიეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ.

10. ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს, და ვინც ეძიებს, პოულობს, და ვინც რეკს, გაუღებენ.

11. რომელი მამა იქნება თქვენში, რომ შვილმა პური სთხოვოს და ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვოს და თევზის წილ გველი მისცეს?

12. ანდა, კვერცხი რომ სთხოვოს, მორიელი მისცეს?

13. ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“.

 

ბელზებულის ძალით, თუ ღვთის თითით. დაგვილი სახლი

14. დევნიდა იგი ეშმაკს კაცისაგან რომელიც მუნჯი იყო. და, როცა ეშმაკი გავიდა, მუნჯი ალაპარაკდა და გაოცდა ხალხი.

15. ზოგიერთი ამბობდა: ბელზებულით, ეშმაკთა მთავრით, დევნისო ეშმაკებს.

16. ზოგი კი გამოსაცდელად მოითხოვდა მისგან ნიშანს ციდან.

17. ხოლო მან იცოდა მათი ზრახვები და უთხრა მათ: „ყოველი სამეფო, რომელიც თავისავე წინააღმდეგაა გაყოფილი, გაპარტახდება და სახლი სახლზე დაემხობა.

18. და თუ სატანა გაყოფილია თავისავე წინააღმდეგ, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? თქვენ კი ამბობთ, ვითომც მე ბელზებულით ვდევნიდე ეშმაკებს.

19. თუ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი შვილები ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები.

20. და თუ მე ღვთის თითით ვდევნი ეშმაკებს, აბა, დაგდგომიათ ღვთის სასუფეველი.

21. როცა ძლიერი კაცი იარაღით იცავს თავის კარმიდამოს, მაშინ მისი ქონება მშვიდობით არის.

22. ხოლო, როცა მასზე ძლიერი თავს დაესხმის და დაამარცხებს, წაართმევს იარაღს, რომლის იმედიცა ჰქონდა, და ნადავლს დაარიგებს.

23. ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს.

24. როცა უწმიდური სული გამოვა ადამიანისგან, დადის ურწყულებში, ეძებს სიმშვიდეს, მაგრამ ვერ პოულობს. მაშინ ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედიო.

25. მივა და იპოვის მას, დაგვილსა და მოვლილს.

26. მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დასახლდებიან იქ. და იმ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება“.

 

ნეტარ არიან მსმენელნი და დამცველნი

27. სანამ ის ამას ლაპარაკობდა, ერთმა დედაკაცმა ხმა აღიმაღლა ხალხიდან და წარმოთქვა: „ნეტარია მუცელი, რომელმაც შენ გატარა და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი“.

28. მან კი თქვა: „ნეტარ არიან ისინი, ვინც მოისმენენ და დაიცავენ ღვთის სიტყვას“.

29. როცა ხალხი მოაწყდა, და იწყო, მან ლაპარაკი: „ეს მოდგმა ბოროტი მოდგმაა: ითხოვს ნიშანს და ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა;

30. ვინაიდან, როგორც იონა იყო ნიშანი ნინეველთათვის, ასევე იქნება ამ მოდგმისათვის ძე კაცისა.

31. სამხრეთის დედოფალი წამოდგება სამსჯავროზე ამ მოდგმის ადამიანებთან ერთად და მსჯავრს დასდებს მათ, ვინაიდან იგი დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი.

32. ნინეველები აღდგებიან სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და, აჰა, აქ არის იონაზე დიდი“.

 

ნათელი და ბნელი

33. „არავინ ანთებს სანთელს, რომ დადგას მოფარებულში ანდა ჭურჭლის ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემოსულები ხედავდნენ ნათელს.

34. სხეულის სანთელი შენი თვალია. როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია. მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია.

35. ამიტომ უყურე: ნათელი, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის?

36. თუ კი მთელი შენი სხეული ნათელია და ბნელი არაფერი აქვს, მთლიანად ნათელი იქნება იგი, როგორც სანთელი ელვარებით გინათებდეს“.

37. ამას რომ ლაპარაკობდა, ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ეჭამა პური. შევიდა და სუფრას მიუჯდა.

38. ფარისეველს გაუკვირდა, როცა დაინახა, რომ მან არ დაიბანა ჭამის წინ.

39. უთხრა მას უფალმა: „ახლა თქვენ, ფარისეველნო, სასმისსა და თეფშს გარედან ასუფთავებთ, თქვენი შინაგანი კი სავსეა მტაცებლობით და ბოროტებით.

40. უგუნურნო, განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც?

41. არამედ გაეცით მოწყალება, რაც შიგნითაა, და აჰა, ყველაფერი სუფთა გექნებათ.

 

ვაი ფარისევლებს

42. „მაგრამ, ვაი თქვენ, ფარისეველნო, რომ გამოჰყოფთ პიტნის, ტეგანისა და ყოველნაირი ბოსტნეულის მეათედს და გვერდს უქცევთ ღვთის სამართალსა და სიყვარულს! ეს უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა დაგეტოვებინათ.

43. ვაი თქვენ, ფარისეველნო, რომ გიყვართ წინა ადგილზე ჯდომა სინაგოგებში და მოსალმებანი მოედნებზე!

44. ვაი თქვენ, რადგან ხართ უჩინარი სამარხებივით, რომლებზეც ადამიანები დადიან და არ კი იციან!“

45. ამაზე ერთ-ერთმა რჯულის მცოდნემ უთხრა: „მოძღვარო, ამას რომ ამბობ, ამით ჩვენც გვაყენებ შეურაცხყოფას“.

46. მან კი უთხრა: „ვაი თქვენც, რჯულის მცოდნენო, რომ აჰკიდებთ ადამიანებს მძიმე ტვირთს, თვითონ კი იმ ტვირთს თითსაც არ აკარებთ.

47. ვაი თქვენ, სამარხებს რომ უშენებთ წინასწარმეტყველთ, რომელნიც თქვენმა მამებმა დახოცეს!

48. ამით თქვენ ემოწმებით და ეთანხმებით თქვენი მამების საქმეებს, ვინაიდან მათ დახოცეს წინასწარმეტყველნი, თქვენ კი მათ სამარხებს უშენებთ.

49. ამიტომ თქვა ღვთის სიბრძნემ: „მივუვლენ მათ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს, და მათგან ზოგს დახოცავენ, ზოგს განდევნიან“,

50. რათა მოიკითხოს ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, რაც სოფლის შექმნიდან დაღვრილა -

51. აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარიას სისხლამდე, რომელიც სამსხვერპლოსა და ტაძარს შორის დაიღუპა. აჰა, გეუბნებით, ამ მოდგმას მოჰკითხავენ.

52. ვაი თქვენ, რჯულის მცოდნენო, რომ წარიტაცეთ ცოდნის გასაღები! არც თქვენ შეხვედით და შემსვლელებიც დააბრკოლეთ“.

53. როცა ამას ეუბნებოდა მათ, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა დაუწყეს დიდად შევიწროება და ბევრზე სალაპარაკოდ გამოწვევა.

54. რათა მახე დაეგოთ, რაიმე დაეცდენინებინათ და ბრალი დაედოთ მისთვის.

 

თავი 12

დაფარული გაცხადდება

1. ამასობაში ათასობით ხალხი შეიყარა, ისე რომ, ერთმანეთს თელავდნენ. ჯერ დაიწყო ლაპარაკი თავისი მოწაფეების მიმართ: „მოერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რომელიც პირმოთნეობაა.

2. არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს.

3. ამიტომ, რაც ბნელში გითქვამთ, ნათელში მოისმენენ, და რაც ყურში იჩურჩულეთ ოთახებში, ერდო-ბანებზე გახმაურდება.

4. გეუბნებით თქვენ, ჩემო მეგობრებო, ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულსა კლავს და ამის მეტის არაფრის გაკეთება შეუძლია.

5. მაგრამ გაჩვენებთ, ვისი უნდა გეშინოდეთ: გეშინოდეთ მისი, ვისაც მოკვლის შემდეგ აქვს ხელმწიფება გეენაში ჩაგდებისა. აჰა, გეუბნებით, მისი გეშინოდეთ.

6. ანდა, განა ხუთი ბეღურა ორი ასარი არა ღირს? და არც ერთი მათგანი დავიწყებული არ არის ღვთის წინაშე.

7. თქვენს თავზე თმებიც დათვლილია. ჰოდა, ნუ გეშინიათ, თქვენ ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.

8. ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, კაცის ძე აღიარებს ღვთის ანგელოზთა წინაშე.

9. ხოლო, ვინც უარმყოფს ადამიანთა წინაშე, ისიც უარყოფილი იქნება ღვთის ანგელოზთა წინაშე.

10. ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება, მაგრამ სულიწმიდის წინააღმდეგ გმობა არ მიეტევება.

11. როცა შეგიყვანენ სინაგოგებში მთავართა და ხელისუფალთა წინაშე, ნუ იზრუნებთ იმაზე, როგორ ან რა უპასუხოთ, ან რა ილაპარაკოთ,

12. ვინაიდან სულიწმიდა გასწავლით მაშინ, რაც უნდა ილაპარაკოთ“.

 

იგავი უგუნურ მდიდარზე

13. ხალხიდან ვიღაცამ უთხრა მას: „მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს მემკვიდრეობა“.

14. მან უთხრა მას: „ადამიანო, ვინ დამაყენა თქვენს მსაჯულად ან გამყოფად?“

15. უთხრა მათ: „დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული“.

16. და უთხრა მათ იგავი: „ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა.

17. იფიქრა თავისთვის: „რა ვქნა, არაფერი მაბადია, რომ სადმე დავაბინავო ჩემი მოსავალი?“

18. თქვა: „აი, რას ვიზამ: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევაგროვებ მთელ ჩემს ხორბალს და დოვლათს,

19. და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისათვის; მოისვენე, ჭამე, სვი, იმხიარულე“.

20. მაგრამ უთხრა მას ღმერთმა: „უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და, რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?“

21. ისიც ასევეა, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება“.

 

ეძიეთ ციური სასუფეველი

22. უთხრა თავის მოწაფეებს: „ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი თავისათვის - რა ჭამოთ, ნურც თქვენი სხეულისათვის - რით შეიმოსოთ.

23. ვინაიდან სული საზრდოზე მეტია და სხეული - სამოსელზე.

24. დააკვირდით ყორნებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღელი აქვთ და არც საწყობი, და ღმერთი არჩენს მათ. თქვენ კი რამდენად სჯობიხართ ფრინველებს?

25. რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს?

26. ჰოდა, თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, სხვაზე რაღას ზრუნავთ?

27. შეხედეთ შროშნებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელი თავისი დიდებით, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.

28. თუკი ველის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ამგვარად მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?

29. თქვენც ნუ ეძებთ, რა ჭამოთ და რა სვათ, და ნუ შფოთავთ.

30. ვინაიდან ყოველივე ამას ეძიებს ამ სოფლის ყველა ხალხი. თქვენმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ესენი.

31. არამედ ეძიეთ ღვთის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ.

32. ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ მოისურვა თქვენთვის სასუფევლის მოცემა.

33. გაყიდეთ თქვენი ქონება და გაიღეთ მოწყალება. დაიმზადეთ უცვეთელი ქისები, საუკუნოდ ულეველი საუნჯე ზეცაში, სადაც ქურდი ვერ მიეკარება და ჩრჩილი ვერ ავნებს,

34. ვინაიდან, სადაც თქვენი საუნჯეა, თქვენი გულიც იქ იქნება.

 

ერთგული მნე

35. „იყოს თქვენი წელი შემოსარტყლული და სასანთლენი თქვენი - ანთებული.

36. თქვენ კი იყავით მსგავსნი იმ ადამიანებისა, რომლებიც ელიან თავიანთი ბატონის დაბრუნებას ქორწილიდან, რომ როცა მოვა და დარეკს, იმწამსვე გაუღონ.

37. ნეტარ არიან ის მონები, რომლებსაც შინ დაბრუნებული ბატონი ფხიზლებს ნახავს. ჭეშმარიტად გეტყვით, რომ ის შემოირტყამს სარტყელს და დასხამს მათ, მივა და მოემსახურება.

38. თუ მეორე და თუნდაც მესამე გუშაგობისას მოვიდა და ასე ნახა, ნეტარ არიან ის მონები.

39. ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავისი სახლის ძირის გამოთხრას არ დაანებებდა.

40. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ ჟამზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა ძე კაცისა“.

41. უთხრა მას პეტრემ: „უფალო, ამ იგავს ჩვენ გვეუბნები, თუ ყველას?“

42. უფალმა უთხრა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მნე, რომელსაც დააყენებს ბატონი თავის მსახურებზე, რათა დროულად მისცეს მათ ულუფა?

43. ნეტარია მონა, რომლის ბატონი მოვა და ამის მოქმედს ნახავს მას.

44. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის ქონებაზე დააყენებს მას.

45. ხოლო თუ ეს მონა თავის გუნებაში იტყვის: აგვიანებს ჩემი ბატონი მოსვლასო, და დაიწყებს მსახურებისა და მხევლების ცემას, ჭამა-სმას და ლოთობას,

46. მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის, და შუაზე გაჰკვეთს მას და ურწმუნოებთან დაუდებს წილს.

47. ხოლო მონა, რომელმაც იცოდა თავისი ბატონის ნება და არ მოემზადა, ან არ მოიქცა მისი ნებისამებრ, მაგარ ცემას მიიღებს.

48. ხოლო რომელმაც არ იცოდა და ისე მოიქცა, რომ ცემა დაიმსახურა, ნაკლებად იცემება. ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ, და ვისაც მეტს მიანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ.

 

ოჯახის გაყოფა და მომავალი განკითხვა

49. „ამქვეყნად ცეცხლის მოსატანად მოვედი და როგორ მინდა, რომ ენთოს.

50. ნათლობით უნდა მოვინათლო, და როგორ ვარ შეჭირვებული, ვიდრე ეს აღსრულდება.

51. გგონიათ, ვითომ ქვეყნად მშვიდობის მოსაფენად მოვედი? არა, გეუბნებით თქვენ: გასაყოფად.

52. ვინაიდან ამიერიდან ხუთნი გაიყოფიან ერთ სახლში: სამი ორთაგან და ორი სამთაგან.

53. გაიყოფა მამა ძისაგან და ძე - მამისაგან, დედა ასულისაგან და ასული - დედისაგან, დედამთილი - თავისი რძლისაგან და რძალი დედამთილისაგან“.

54. ხალხსაც უთხრა: „როცა დასავლეთით ამომავალ ღრუბელს დაინახავთ, ამბობთ იმწამსვე: წვიმა მოვაო, და ასეც ხდება.

55. ხოლო, როცა სამხრეთის ქარი უბერავს, ამბობთ: სიცხე იქნებაო, და ხდება.

56. თვალთმაქცნო! ცისა და მიწის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, ეს ჟამი კი როგორ ვერ გამოგიცვნიათ?

57. თავად რატომ არ განსჯით, რა არის სამართლიანი?

58. როცა შენს მოდავესთან ერთად მთავართან მიდიხარ, ეცადე გზაშივე გათავისუფლდე მისგან, რომ მან არ მიგიყვანოს მოსამართლესთან, მოსამართლემ არ მიგცეს ბოქაულს და ბოქაულმა არ ჩაგაგდოს საპყრობილეში.

59. გეუბნები: ვერ გამოხვალ იქიდან, ვიდრე უკანასკნელ ლეპტას არ გადაიხდი“.

 

თავი 13

იგავი ლეღვის ხეზე

1. ამ დროს მოვიდნენ ზოგიერთები და უამბეს მას გალილეველთა შესახებ, რომელთა სისხლი პილატემ შეურია მათ მსხვერპლებს.

2. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „თქვენ გგონიათ, ვითომ ეს გალილეველები ყველა გალილეველზე უფრო ცოდვილები იყვნენ, ასე რომ ევნენ?

3. არა, გეუბნებით, მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით.

4. ან რა გგონიათ, ის თვრამეტი კაცი, რომელთაც შილოახის კოშკი დაეცა ზედ და ამოწყვიტა, უფრო დამნაშავენი იყვნენ, ვიდრე ყველა ის ადამიანი, იერუსალიმში რომ ცხოვრობს?

5. არა, გეუბნებით: მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით!“

6. უთხრა ეს იგავი: „ერთ კაცს თავის ვენახში ლეღვი ედგა. მივიდა, რომ ზედ ნაყოფი მოეძებნა და ვერ იპოვა.

7. უთხრა მევენახეს: „აჰა, სამი წელია მოვდივარ ამ ლეღვის ნაყოფის საძებნელად და ვერ ვპოულობ. მოჭერი იგი, რად უნდა ფიტავდეს მიწას?“

8. მან კი მიუგო და უთხრა მას: „ბატონო, დატოვე ამ წელიწადსაც, ვიდრე ძირს შემოვუთოხნიდე და ნაკელს დავუყრიდე,

9. იქნებ მოისხას ნაყოფი. თუ არა და, მოჭრი მას“.

 

დედაკაცის განკურნება შაბათს

10. ასწავლიდა მათ ერთ სინაგოგაში შაბათს.

11. და აჰა, იქ იყო დედაკაცი, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეპყრობილი იყო სნეულების სულით, და იყო დაკრუნჩხული და წელში ვერ იმართებოდა.

12. დაინახა იგი იესომ, დაუძახა და უთხრა მას: „დედაკაცო, თავისუფალი ხარ შენი სნეულებისაგან“.

13. დაადო ხელები და მაშინვე გაიმართა იგი, და ადიდებდა ღმერთს.

14. განრისხდა სინაგოგის მთავარი, შაბათს რომ განკურნა იესომ, და უთხრა ხალხს: „ექვსი დღეა, როცა შეიძლება რაიმეს კეთება. ამ დღეებში მოდით და განიკურნეთ, ოღონდ შაბათს არა“.

15. მიუგო მას უფალმა და უთხრა: „თვალთმაქცო, განა ყოველი თქვენგანი არ უშვებს შაბათობით ბაგიდან თავის ხარს ან ვირს და არ მიჰყავს წყლის დასალევად?

16. ხოლო ეს აბრაამის ასულია, რომელიც უკვე თვრამეტი წელიწადია შეკრული ჰყავდა სატანას. შაბათ დღეს არ შეიძლებოდა გამოხსნილიყო ამ ხუნდებიდან?“

17. როცა ამას ლაპარაკობდა, ყველა მის მოწინააღმდეგეს რცხვენოდა. ხოლო მთელი ხალხი ხარობდა მის დიდებულებათა გამო, რასაც სჩადიოდა.

 

იგავი მდოგვის მარცვალსა და საფუარზე

18. ის ამბობდა: „რას შეჰგავს ღვთის სასუფეველი და რას ვამსგავსო იგი?

19. იგი შეჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბოსტანში. გაიზარდა იგი და იქცა ხედ და მის ტოტებში ცის ფრინველებმა დაიბუდეს“.

20. და კიდევ თქვა: „რას ვამსგავსო ღვთის სასუფეველი?

21. იგი შეჰგავს საფუარს, რომელიც დედაკაცმა აიღო და ჩაფლა სამ საწყაო ფქვილში, ვიდრე მთლიანად გაფუვდებოდა“.

 

როცა ვიწრო კარი დაიკეტება

22. მიმოდიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ასწავლიდა და თან იერუსალიმის გზას ადგა.

23. ვიღაცამ უთხრა მას: „უფალო, ნუთუ ცოტანი გადარჩებიან?“ მან კი უთხრა მათ:

24. „იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან. რადგან, გეუბნებით, მრავალი ეცდება შესვლას და ვერ შეძლებს.

25. როცა სახლის პატრონი ადგება და დაკეტავს კარს, მაშინ თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე რეკვას და ეტყვით: „ბატონო, ბატონო, გაგვიღე!“ მაგრამ ის მოგიგებთ და გეტყვით თქვენ: „არ გიცნობთ, სადაურები ხართ“.

26. მაშინ დაუწყებთ ლაპარაკს: „შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს ქუჩებში ასწავლიდი“.

27. და გეტყვით: „გეუბნებით, არ გიცნობთ, სადაურები ხართ. გამშორდით ყველანი, უსამართლობის მოქმედნო“.

28. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა, როცა იხილავთ აბრაამს და ისაკს და იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღვთის სასუფეველში, თქვენს თავს კი - გარეთ განდევნილებს.

29. მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, და ინახად დასხდებიან ღვთის სასუფეველში.

30. და აჰა, არიან უკანასკნელნი, რომელნიც პირველნი იქნებიან, და არიან პირველნი, რომელნიც უკანასკნელნი იქნებიან“. იესოს პასუხი ჰეროდეს

31. ამ დროს მოვიდნენ ზოგიერთნი ფარისეველთაგან და უთხრეს მას: „წადი, გაეცალე აქაურობას, რადგან ჰეროდეს შენი მოკვლა უნდა“.

32. და უთხრა მათ: „წადით და უთხარით იმ მელას: აჰა, ვდევნი ეშმაკებს და ვკურნავ დღესა და ხვალ, მესამე დღეს კი დავასრულებ.

33. მაგრამ მე უნდა ვიარო დღეს, ხვალ და ზეგ, ვინაიდან არ იქნება, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმის გარეთ დაიღუპოს!

 

„იერუსალიმო, იერუსალიმო!“

34. „იერუსალიმო, იერუსალიმო, დამხოცველო წინასწარმეტყველთა და ჩამქოლავო შენთან მოვლინებულთა! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ თქვენ არ ისურვეთ.

35. აჰა, სახლი აოხრებული გრჩებათ. გეუბნებით: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!“

 

თავი 14

განკურნება შაბათს

1. ერთხელ, როცა შევიდა იგი ფარისეველთა რომელიღაც მთავრის სახლში შაბათს პურის საჭმელად და ისინი უთვალთვალებდნენ მას,

2. აჰა, მის წინაშე წარდგა ერთი კაცი, წყალმანკით დაავადებული.

3. მიუგო იესომ და უთხრა რჯულის მცოდნეებსა და ფარისევლებს: „შეიძლება თუ არა განკურნება შაბათს?“

4. ისინი დუმდნენ. და შეეხო მას, განკურნა და გაუშვა.

5. და მათ უთხრა: „რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში, განა იმ წამსვე არ ამოიყვანს, შაბათი დღეც რომ იყოს?“

6. და ვერ შეძლეს ამაზე პასუხის მიცემა.

 

უპოვართა მოწვევა ნადიმზე

7. უთხრა წვეულებს იგავი, როცა შეამჩნია, რომ წინა ადგილებს ირჩევდნენ, და უთხრა მათ:

8. „თუ ვინმემ ქორწილში მიგიწვიოს, ნუ დაჯდები წინა ადგილზე, რადგან შეიძლება შენზე უფრო საპატიო სხვა ჰყავდეს მოწვეული, 9. რომ არ მოვიდეს შენი და მისი მაწვევარი და არ გითხრას: �დაუთმე ამას ადგილი! � მაშინ შერცხვენილმა უნდა დაიკავო უკანასკნელი ადგილი.

10. მაგრამ როცა მოგიწვევენ, მიდი და დაჯექი ბოლო ადგილზე, რომ მოვიდეს შენი მაწვევარი და გითხრას: �მეგობარო, გადაბრძანდი უფრო მაღლა!� მაშინ გექნება მეტი დიდება ყოველი თანამეინახის წინაშე.

11. ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს - ამაღლდება“.

12. თავის მაწვევარსაც უთხრა: „როცა სადილს ან ვახშამს გამართავ, ნუ მოიწვევ შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მერე იმათაც არ მიგიწვიონ და არ მიიღო სამაგიერო,

13. არამედ, როცა ლხინს გამართავ, მოიწვიე გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები.

14. ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ მოგიზღან. მაგრამ შენ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება“.

15. ეს რომ გაიგონა ერთმა მასთან მჯდომმა, უთხრა მას: „ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღვთის სასუფეველში“.

 

მოწვეულთა უარი

16. მან კი უთხრა მას: „ერთმა კაცმა დიდი პურობა გამართა და ბევრი მოიწვია.

17. პურობის დრომ რომ მოაღწია, გაგზავნა თავისი მონა, რათა წვეულთათვის ეთქვა: მობრძანდით, ყველაფერი მზად არისო.

18. ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. პირველმა თქვა: ყანა ვიყიდე და მის სანახავად უნდა წავიდე, გთხოვ, მაპატიოო;

19. მეორემ უთხრა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ, გთხოვ, მაპატიოო;

20. მესამემ უთხრა: ცოლი შევირთე და ამის გამო არ შემიძლია მოსვლაო.

21. დაბრუნდა მონა უკან და აუწყა ეს თავის ბატონს. განრისხდა მაშინ მასპინძელი და უთხრა თავის მონას: „გადი სასწრაფოდ, ქალაქის მოედნებზე და ქუჩებში, მომიყვანე გლახაკნი, ხეიბრები, ბრმები და კოჭლები“.

22. და უთხრა მონამ: „ბატონო, აღსრულებულია რაც ბრძანე, და კიდევ დარჩა ადგილი“.

23. და უთხრა ბატონმა მონას: „გადი გზებზე და ორღობეებში, დაიყოლიე ისინი, რომ მოვიდნენ, რათა აივსოს ჩემი სახლი,

24. რადგან გეუბნებით: ვერავინ იმ წვეულთაგან ვერ იგემებს ჩემს პურობას!“

 

საკუთარი ჯვრის ტარება

25. მივიდა მასთან დიდძალი ხალხი და ის მიუბრუნდა მათ და უთხრა:

26. „თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ სულსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე.

27. ვინც არ ატარებს თავის ჯვარს და ისე არ გამომყვება, ვერ გახდება ჩემი მოწაფე.

28. რადგან რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოისურვოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ იანგარიშებს იმ ფასს, რაც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო?

29. რადგან საძირკველს თუ ჩაყრის და ვერ დაამთავრებს, ყველა, ვინც დაინახავს, დაცინვას დაუწყებს,

30. და იტყვის: ამ კაცმა შენება დაიწყო და ვეღარ დაამთავრაო.

31. ანდა, რომელი მეფეა, რომ მეორე მეფის წინააღმდეგ ომის განმზრახველი, ჯერ სათათბიროდ არ დაჯდეს, შეუძლია თუ არა ათი ათასით დაუხვდეს ოცი ათას მომხვდურს?

32. თუ არა და, ვიდრე ჯერ კიდევ შორს არის იგი, ელჩობას მიუგზავნის, და ზავსა სთხოვს.

33. ასევეა ყოველი თქვენგანი. ვინც უარს არ იტყვის ყველაფერზე, რაც აბადია, ვერ შეძლებს, ჩემს მოწაფეობას.

34. მარილი კარგია, მაგრამ, თუ მარილი განქარდა, რიღათი დამარილდეს?

35. არც მიწისთვის გამოდგება, არც ნაკელისთვის, ამიტომ შორს გადაყრიან. ვისაც ყურები აქვს მოსასმენად, ისმინოს!“

 

თავი 15

დაკარგულ ცხვარზე

1. ახლოს მიდიოდა მასთან ყველა მებაჟე და ცოდვილი და უსმენდა მას.

2. ფარისეველნი და მწიგნობარნი ბუზღუნებდნენ და ამბობდნენ: ცოდვილებს ღებულობს და მათთან ჭამსო.

3. უთხრა მათ ეს იგავი:

4. „რომელიმე თქვენგანს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებრად, ვიდრე არ იპოვის?

5. რომ იპოვის, სიხარულით მხრებზე შეისვამს. 6. შინ რომ დაბრუნდება, დაუძახებს მეგობრებს, მეზობლებს და ეტყვის: თქვენც იხარეთ ჩემთან ერთად, დაკარგული ცხვარი ვიპოვეო.

7. თქვენ გეუბნებით, რომ ასევე მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომელთაც მონანიება არ სჭირდებათ.

 

დაკარგულ დრაქმაზე

8. „ანდა დედაკაცი, რომელსაც ათი დრაქმა აქვს, ერთი დრაქმა რომ დაეკარგოს, განა არ აანთებს სანთელს და არ გამოგვის სახლს და გულმოდგინეთ არ დაუწყებს ძებნას, ვიდრე არ იპოვის?

9. როცა იპოვის, დაუძახებს მეგობრებს და მეზობლებს და ეტყვის: ჩემთან ერთად იხარეთ, ვინაიდან ვიპოვე დაკარგული დრაქმაო.

10. თქვენ გეუბნებით: ასევე იქნება სიხარული ღვთის ანგელოზებთან ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამო“.

 

ძე შეცთომილი

11. თქვა: „ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა.

12. უმცროსმა ვაჟმა უთხრა მამას: „მომეცი ჩემი კუთვნილი წილი ქონებისა“. და მამამ გაუყო მათ ქონება.

13. რამდენიმე დღის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა მოაგროვა ყველაფერი, წავიდა შორეულ ქვეყანაში და გაფლანგა თავისი ქონება თავაშვებული ცხოვრებით.

14. როცა ყველაფერი შემოეხარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა, და მას გაუჭირდა.

15. წავიდა და იმ ქვეყნის ერთ მცხოვრებს მიეკედლა, რომელმაც თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების საძოვებლად.

16. ენატრებოდა, მუცელი იმ რკოთი მაინც ამოეყორა, რომელსაც ღორები ჭამდნენ, მაგრამ არავინ არაფერს აძლევდა.

17. როცა გონს მოეგო, თქვა: „მამაჩემთან რამდენ მოჯამაგირეს პური თავსაყრელი აქვს, მე კი შიმშილით ვკვდები.

18. ავდგები, წავალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამა, შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე,

19. ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე. მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი!“

20. ადგა და წავიდა თავის მამასთან. როცა ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ დაინახა და შეებრალა. გაიქცა, ყელზე მოეხვია და აკოცა.

21. ვაჟმა კი უთხრა: „მამა! შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე. ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე“.

22. უთხრა მამამ თავის მონებს: „მოუტანეთ საუკეთესო სამოსელი და ჩააცვით, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და სანდლები ჩააცვით ფეხებზე.

23. მოიყვანეთ ნასუქალი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ.

24. ვინაიდან ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა“. და დაიწყეს მხიარულება.

25. უფროსი ვაჟი კი მინდორში იმყოფებოდა. რომ დაბრუნდა და სახლს მიუახლოვდა, სიმღერისა და ცეკვათამაშის ხმა შემოესმა.

26. დაუძახა ერთ მსახურთაგანს და ჰკითხა: „ეს რა ამბავია?“

27. მან უთხრა მას: „შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქალი ხბო დაკლა, რაკი მრთელი დაუბრუნდა“.

28. ის კი გაბრაზდა და შესვლა აღარ უნდოდა. მამამისი გამოვიდა და იწვევდა.

29. მან მიუგო და უთხრა თავის მამას: „აგერ, რამდენი წელია გემსახურები, არასოდეს შენს ბრძანებას არ გადავსულვარ და ერთხელაც არ მოგიცია ციკანი, რომ ჩემს მეგობრებთან მემხიარულა.

30. ხოლო, როცა მოვიდა ეს შენი ვაჟი, რომელმაც თავისი ქონება მეძავებთან გაფლანგა, ნასუქალი ხბო დაუკალი“.

31. მან უთხრა მას: „შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და, რაც კი მაქვს, შენია.

32. მაგრამ უნდა ვხარობდეთ და ვმხიარულებდეთ, ვინაიდან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა“.

 

თავი 16

ორგული მნე

1. უთხრა თავის მოწაფეებსაც: „იყო ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა მნე, რომელზეც ამბავი მიუტანეს, რომ მის ქონებას ანიავებდა.

2. დაიბარა და უთხრა: „ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი სამნეოს ანგარიში, ვინაიდან ვეღარ იქნები მნე“.

3. მნემ თქვა თავისთვის: „როგორ მოვიქცე? ჩემი ბატონი მართმევს სამნეოს. ბარვა არ შემიძლია, მათხოვრობის მრცხვენია.

4. ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე, რომ მიმიღონ თავიანთ სახლებში, როცა მნეობას ჩამომაშორებენ“.

5. დაიბარა თავისი ბატონის ყველა მოვალე. პირველს უთხრა: „რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?“

6. მან თქვა: „ასი საწყაული ზეთი“. უთხრა მას: „მიიღე შენი ხელწერილი, დაჯექი სასწრაფოდ და დაწერე - ორმოცდაათი“.

7. მერე სხვას უთხრა: „შენ რამდენი გმართებს?“ მან თქვა: „ასი კოდი ხორბალი“. მან უთხრა: „მიიღე შენი ხელწერილი და დაწერე - ოთხმოცი“.

8. შეაქო ბატონმა უსამართლო მნე, ხერხიანად რომ მოიქცა. რადგან ამ სოფლის ძენი ნათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთ მოდგმაში.

9. და მეც გეუბნებით თქვენ: შეიძინეთ მეგობრები უსამართლობის მამონისგან, რომ, როცა გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სავანეში.

10. მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია; და ვინც მცირედშიც უსამართლოა, ბევრშიც უსამართლოა.

11. ჰოდა, თუ უსამართლო მამონას არ უერთგულეთ, ჭეშმარიტს ვინ განდობთ?

12. და თუ სხვისას არ უერთგულეთ, თქვენსას ვინ მოგცემთ?

13. არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს. ან იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც!“

14. ყოველივე ეს ესმოდათ ფარისევლებსაც, რომლებიც ვერცხლის მოყვარულნი იყვნენ, და დასცინოდნენ მას.

15. და უთხრა მათ: „თქვენ თავს იმართლებთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გული, ვინაიდან, რაც კაცთა შორის მაღალია, ღვთის წინაშე სისაძაგლეა.

16. რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო. მას შემდეგ ღვთის სასუფეველი იხარება და ყველა ძალით შედის მასში.

17. უმალ ცა და მიწა გადაივლის, ვიდრე ერთი წერტილი ამოვარდება რჯულიდან.

18. ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც ქმრის მიერ გაშვებულს შეირთავს, მრუშობს“.

 

მდიდარი და ლაზარე

19. „იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულსა და ბისონს იცვამდა, ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა.

20. ასევე იყო ერთი გლახაკი, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა დაწყლულებული.

21. ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ.

22. მოკვდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაამის წიაღში. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს.

23. და ჯოჯოხეთში, ტანჯვაწამებაში მყოფმა, აახილა თვალები და დაინახა შორიდან აბრაამი და ლაზარეც მის წიაღში.

24. შესძახა და თქვა: „მამაო აბრაამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ დაისველოს თავისი თითის წვერი წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიტანჯები ამ ალში“.

25. უთხრა აბრაამმა: „შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენს სიცოცხლეში სიკეთე და ლაზარემ კი - სიავე. ახლა ის აქ ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები.

26. ყოველივე ამის გარდა ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრულია დამყარებული, ასე რომ გადმოსვლის მსურველები ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვლენ და ვერც თქვენგან ჩვენსკენ“.

27. თქვა: „რაკი ასეა, გეხვეწები, მამაო, მიავლინე ეგ მამაჩემის სახლში.

28. ვინაიდან ხუთი ძმა მყავს, რათა მათ დაუმოწმოს, რომ არ მოხვდნენ ამ სატანჯველ ადგილას“.

29. უთხრა მას აბრაამმა: „მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი. იმათ უსმინონ“.

30. მან თქვა: „არა, მამაო აბრაამ, თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, მოინანიებენ“.

31. უთხრა მას: „თუ მოსესა და წინასწარმეტყველთ არ მოუსმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არ ირწმუნებენ“.

 

თავი 17

ცდუნება, მიტევება, რწმენა და მორჩილება

1. უთხრა თავის მოწაფეებს: „შეუძლებელია არ მოვიდეს ცდუნებები, მაგრამ ვაი მას, ვისი მეშვეობითაც მოვა.

2. მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ, ვიდრე ერთი ამ მცირეთაგანი ეცდუნებინა.

3. ფრთხილად იყავით: თუ შენმა ძმამ შეგცოდოს, გაუწყერი მას. თუ მოინანიოს, მიუტევე.

4. დღეში შვიდჯერ რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოიქცეს და გითხრას, ვინანიებო, მიუტევე“.

5. უთხრეს მოციქულებმა უფალს: „მოგვიმატე რწმენა“.

6. თქვა უფალმა: „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი და ზღვაში გადაინერგეო, გაგიგონებდათ.

7. რომელიმე თქვენგანს მონა რომ ჰყავდეს - მხვნელი ანდა მწყემსი, მინდვრიდან დაბრუნებისას ნუთუ ეტყვის: წადი ჩქარა, სუფრას მიუჯექიო?

8. განა არ ეტყვის: მომიმზადე ვახშამი და სარტყელშემორტყმული მემსახურე, ვიდრე ვჭამ და ვსვამ, მერე კი შენც ჭამე და სვიო?

9. ნუთუ მადლობას ეტყვის მონას იმისათვის, რომ მისი ბრძანება შეასრულა? არა მგონია.

10. ასევე თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უბრალო მონები ვართ, რადგან გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა“.

 

მადლიერი სამარიელი და ცხრა უმადური

11. ერთხელ იერუსალიმს მიმავალმა სამარიასა და გალილეას შორის გაიარა.

12. ერთ სოფელში რომ შედიოდა, ათი კეთროვანი კაცი შემოხვდა, რომლებიც მოშორებით გაჩერდნენ.

13. ხმა აღიმაღლეს და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, იესო მოძღვარო!“

14. ისინი რომ დაინახა, უთხრა: „წადით, ეჩვენეთ მღვდლებს“. როგორც კი წავიდნენ, განიწმიდნენ.

15. ერთი მათგანი, რომ დაინახა განვიკურნეო, მობრუნდა და მაღალი ხმით ადიდებდა ღმერთს.

16. პირქვე დაემხო მის ფერხთით და მადლი შესწირა. ის კაცი სამარიელი იყო.

17. მიუგო იესომ და თქვა: „ნუთუ ათივენი არ განიწმიდნენ? ცხრა სადღა არის?

18. როგორ მოხდა, რომ უცხოტომელის გარდა არავინ დაბრუნდა ღვთის სადიდებლად?“

19. უთხრა მას: „ადექი და წადი! შენმა რწმენამ გიხსნა“.

 

იმ დღეს, როცა ძე კაცისა გამოჩნდება

20. ჰკითხეს მას ფარისევლებმა: „როდის მოვა ღვთის სასუფეველი?“ მიუგო და უთხრა მათ : „ღვთის სასუფეველი არ მოვა თვალსაჩინოდ.

21. არც იტყვიან: აგერ, აქ არისო, ან: აგერ, იქ არისო. ვინაიდან, აჰა, თვითონ თქვენშია ღვთის სასუფეველი“.

22. უთხრა მოწაფეებს: „დადგება დღეები, როცა ინატრებთ, თუნდაც ერთი დღით იხილოთ ძე კაცისა და ვერ იხილავთ.

23. გეტყვიან: აგერ, აქ არისო, ან: აგერ, იქ არისო. ნუ წახვალთ და ნუ გაედევნებით.

24. ვინაიდან, როგორც ელვა ელავს ცის ერთი კიდიდან და ანათებს მეორე კიდემდე, ასევე იქნება ძე კაცისა თავის დღეს.

25. ოღონდ თავდაპირველად მისი ხვედრია მრავალი ტანჯვის ატანა და უარყოფა ამ მოდგმის მიერ.

26. და როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება კაცის ძის დღეებშიც:

27. ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ, თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა. მერე მოვიდა წარღვნა და ყველა დაღუპა.

28. ისევე, როგორც ლოტის დროს იყო: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდდნენ, ყიდულობდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ.

29. ხოლო იმ დღეს, როცა ლოტი სოდომიდან გავიდა, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეციდან და ყველა დაღუპა.

30. ასევე იქნება იმ დღესაც, როცა ძე კაცისა გამოჩნდება.

31. იმ დღეს, ვინც ერდოზე იქნება, ხოლო მისი ნივთები სახლში, ნუ ჩამოვა ასაღებად; ვინც ყანაში იქნება, უკან ნუ გაბრუნდება.

32. გაიხსენეთ ლოტის ცოლი.

33. ვინც ცდილობს თავისი სული შეინარჩუნოს, დაღუპავს მას. ხოლო ვინც დაღუპავს თავის სულს, შეინარჩუნებს მას.

34. თქვენ გეუბნებით: იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლზე: ერთს წაიყვანენ და მეორე დარჩება.

35. ორნი დაფქვავენ ერთად: ერთს წაიყვნენ, მეორე დარჩება.

36. ორნი იქნებიან მინდორში: ერთს წაიყვანენ, მეორე დარჩება“.

37. მიუგეს და უთხრეს მას: „სად, უფალო?“ ხოლო მან უთხრა მათ: „ლეში სადაც არის, იქ მოგროვდებიან ორბები“.

 

თავი 18

უსამართლო მსაჯული

1. უთხრა მათ იგავი იმის შესახებ, რომ ყოველთვის უნდა ილოცონ და არ მობეზრდეთ.

2. თქვა: „ერთ ქალაქში იყო ერთი მსაჯული, ღვთისა არ ეშინოდა და ხალხისა არ რცხვენოდა.

3. იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი. მივიდა მასთან და უთხრა: „დამიცავი ჩემი მოქიშპისაგან“.

4. დიდხანს უარობდა. მერე თავისთვის თქვა: „მართალია, ღვთისა არ მეშინია და ხალხისა არ მრცხვენია,

5. მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და თავი არ მომაბეზროს“.

6. თქვა უფალმა: „გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული?

7. განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამ მას შეღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი?

8. თქვენ გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ, როცა ძე კაცისა მოვა, ნეტა ჰპოვებს ამქვეყნად რწმენას?“

 

იგავე მებაჟესა და ფარისეველზე

9. ზოგიერთებს, ვისაც სჯეროდა, რომ მართალნი იყვნენ, სხვებს კი ამცირებდნენ, უთხრა ეს იგავი:

10. „ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად - ერთი ფარისეველი და მეორე მებაჟე.

11. ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: „გმადლობ, შენ, ღმერთო, რომ არა ვარ, როგორც სხვა ადამიანები არიან - მძარცველები, უსამართლონი, მრუშნი, ან როგორც ეს მებაჟეა.

12. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან“.

13. ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: „ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი“.

14. თქვენ გეუბნებით: ეს უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე იგი, ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება“.

 

„გამოუშვით ბავშვები ჩემთან“

15. მოუყვანეს მას ყრმებიც, რომ შეხებოდა მათ. ეს რომ მოწაფეებმა დაინახეს, აჩერებდნენ მათ.

16. იესომ დაუძახა მათ და თქვა: „გამოუშვით ბავშვები და ხელს ნუ უშლით ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი.

17. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისე არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, როგორც ბავშვი, ვერ შევა შიგ“.

 

მთავრის შეკითხვა

18. ჰკითხა მას ერთმა მთავართაგანმა და უთხრა: „კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“

19. უთხრა მას იესომ: „რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღვთისა.

20. იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე, პატივი ეცი შენს მამას და დედას“.

21. მან თქვა: „ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდანვე ვიცავდი“.

22. ეს რომ მოისმინა, იესომ უთხრა: „ერთიღა გაკლია: რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში. მოდი და გამომყევი“.

23. ამის გაგონებაზე იგი დაღონდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო.

24. შეხედა მას იესომ და თქვა: „რაოდენ ძნელია სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღვთის სასუფეველში!

25. ვინაიდან უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში“.

26. მსმენელებმა თქვეს: „ვიღას შეუძლია გადარჩენა?“

27. მან თქვა: „კაცთათვის შეუძლებელი ღვთისთვის შესაძლებელია“.

28. თქვა პეტრემ: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით“.

29. მან უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, რომ ღვთის სასუფევლის გულისათვის დატოვოს სახლი ან ცოლი, ან მშობლები, ან ძმები, ან შვილები,

30. და ახლავე არ მიიღოს მრავალგზის მეტი, ხოლო მომავალში - საუკუნო სიცოცხლე“.

 

უწყება იესოს სიკვდილზე

31. წაიყვანა თავისი თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: „აჰა, ავდივართ იერუსალიმს და აღსრულდება წინასწარმეტყველთა ყოველი დაწერილი კაცის ძეზე.

32. რადგან წარმართებს გადაეცემა, შეაგინებენ, შეურაცხყოფენ, შეაფურთხებენ,

33. გაშოლტავენ, მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება“.

34. მათ კი აქედან ვერაფერი გაიგეს და ეს სიტყვა დაფარული იყო მათთვის და ვერ ხვდებოდნენ ნათქვამს.

 

ბრმის განკურნება

35. იერიხოს რომ მიუახლოვდნენ, ვიღაც ბრმა იჯდა გზაზე და მოწყალებას ითხოვდა.

36. გამვლელი ხალხის ხმა გაიგონა და იკითხა: „რა ამბავია?“

37. უთხრეს: იესო ნაზარეველი მოდისო.

38. მაშინ მან დაიყვირა: „იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!“

39. წინ მიმავალნი გაუწყრნენ, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ ის კიდევ უფრო აყვირდა: „დავითის ძეო, შემიწყალე!“

40. შეჩერდა იესო და ბრძანა, მასთან მოეყვანათ. როცა იგი მიუახლოვდა, ჰკითხა:

41. „რა გინდა, რომ გაგიკეთო?“ უთხრა: „უფალო, რომ თვალი ამეხილოს“.

42. იესომ უთხრა მას: „აახილე! შენმა რწმენამ გიხსნა შენ“.

43. და იმწამსვე აეხილა. მიჰყვებოდა მას და ადიდებდა ღმერთს. მთელი ხალხი ხედავდა ამას და აქებდა ღმერთს.

 

თავი 19

მებაჟე ზაქე

1. შევიდა და გაიარა იერიხოზე.

2. და აჰა, იყო კაცი ვინმე, სახელად ზაქე - მებაჟეთა უფროსი და მდიდარი.

3. სურდა მას იესოს ხილვა, რომ გაეგო, ვინ იყო იგი, მაგრამ ვერ შეძლო ხალხის სიმრავლის გამო, ვინაიდან ტანად დაბალი იყო.

4. წინ გაიქცა და ლეღვის ხეზე ავიდა, რათა დაენახა, რადგან იესოს აქეთ უნდა გამოევლო.

5. იმ ადგილას რომ მივიდა, იესომ აიხედა მაღლა და უთხრა: „ზაქე, ჩამოდი სწრაფად, დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე“.

6. სწრაფად ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი.

7. ვინც კი დაინახა, ყველანი ბუზღუნს მოჰყვნენ და ამბობდნენ: ცოდვილ კაცთან შევიდაო.

8. ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: „აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ და, თუ ვინმესთვის რამე გამომიძალავს, ოთხმაგად მივაგებ“.

9. უთხრა მას იესომ: „დღეს მოხდა ამ სახლის ხსნა, რაკი ისიც აბრაამის ძეა.

10. რადგან ძე კაცისა მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად“.

 

იგავი ათ მნაზე

11. როცა ისინი ისმენდნენ ამას, მან დაურთო იგავი, რადგან ახლოს იყო იერუსალიმთან და მათ ეგონათ, უეცრივ გამოჩნდებოდა ღვთის სასუფეველი.

12. ამის გამო თქვა: „ერთი დიდგვაროვანი კაცი წავიდა შორეულ ქვეყანაში, რომ მეფობა მიეღო და უკან დაბრუნებულიყო.

13. დაუძახა თავის ათ მონას, მისცა ათი მნა და უთხრა: ვიდრე დავბრუნდებოდე, ივაჭრეთო.

14. მაგრამ მის მოქალაქეებს სძულდათ იგი და უკან ელჩობა დაადევნეს და დააბარეს: „არა გვსურს, რომ მაგან იმეფოს ჩვენზე“.

15. როცა მეფობა მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა მისთვის მოეგვარათ ის მონები, რომლებსაც ვერცხლი მისცა, რათა გაეგო, ვინ რა ივაჭრა.

16. მოვიდა პირველი და უთხრა: „ბატონო, შენმა მნამ ათი მნა მოიგო“.

17. უთხრა მას: „კარგი, კეთილო მონავ, რაკი მცირედზე ერთგული იყავი, ათ ქალაქზე გქონდეს ხელმწიფება“.

18. მოვიდა მეორე და უთხრა: „ბატონო, შენმა მნამ ხუთი მნა მოიტანა“.

19. მასაც უთხრა: „შენც ხუთ ქალაქზე იყავ“.

20. მესამე მოვიდა და უთხრა: „ბატონო, აჰა, შენი მნა, რომელიც ხელსახოცში მქონდა გამოკრული,

21. ვინაიდან შემეშინდა, რადგან სასტიკი ხარ: იღებ, რაც არ დაგიდია, და იმკი, რაც არ დაგითესავს“.

22. უთხრა მას: „შენივე პირით განგიკითხავ, ბოროტო მონავ. იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდია, და ვიმკი, რაც არ დამითესია.

23. აბა, რაღატომ არ გაუშვი ჩემი ვერცხლი ბრუნვაში, რომ დაბრუნებულს სარგებლითურთ მიმეღო?“

24. და იქ მდგომთ უთხრა: „წაართვით ამას ის ერთი მნა და მიეცით ათი მნის მქონეს“.

25. მათ უთხრეს: „უფალო, მას ათი მნა აქვს“.

26. „გეუბნებით თქვენ, რომ ყოველ მქონეს მიეცემა, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაცა აქვს.

27. ხოლო ჩემი მტრები, რომლებსაც არ სურდათ, რომ მათზე მემეფა, მომგვარეთ აქ და დახოცეთ ჩემს წინაშე“.

 

ზეიმით შესვლა იერუსალიმში და იესოს განდიდება

28. თქვა ეს და წინ წავიდა იერუსალიმში ასასვლელად.

29. როცა მიუახლოვდა ბეთბაგეს და ბეთანიას, მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, მიავლინა ორი მოწაფე.

30. უთხრა მათ: „წადით მეზობელ სოფელში. რომ შეხვალთ, იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც ჯერ კაცი არ მჯდარა. აუშვით და მოიყვანეთ.

31. თუ ვინმემ გკითხოთ, რატომ უშვებთო, ასე უთხარით: უფალს სჭირდებათქო“.

32. წავიდნენ წარგზავნილები და იპოვეს, როგორც მან უთხრა.

33. და როცა ჩოჩორს უშვებდნენ, მისმა პატრონებმა უთხრეს: „რატომ უშვებთ ამ ჩოჩორს?“

34. მათ თქვეს: „იმიტომ, რომ უფალს სჭირდება“.

35. მიჰგვარეს იგი იესოს, ტანისამოსი დააფინეს ჩოჩორს და ზედ შესვეს იესო.

36. როცა იგი მიდიოდა, ხალხი თავის ტანისამოსს გზაზე უფენდა.

37. როცა ზეთისხილის მთის დაღმართს მიუახლოვდა, მოწაფეთა მთელმა სიმრავლემ სიხარულით იწყო ხმამაღლა ღვთის ქება-დიდება ყველა სასწაულისათვის, რაც მათ იხილეს.

38. ამბობდნენ: „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე! მშვიდობა ცაზე და დიდება მაღალთა შინა!“

39. ხალხიდან ზოგიერთმა ფარისეველმა უთხრა მას: „მოძღვარო, გაუწყერი შენს მოწაფეებს“.

40. მან მიუგო და უთხრა: „თქვენ გეუბნებით, ესენი რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ“.

 

იესოს გოდება იერუსალიმზე

41. როცა მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო.

42. და თქვა: „ნეტავ ამ დღეს მაინც გცოდნოდა, რაც სამშვიდობოა შენთვის, მაგრამ ახლა ეს დაფარულია შენს თვალთაგან.

43. რადგან დაგიდგება დღეები, როცა მტრები შენს წინააღმდეგ აღმართავენ ზვინულს, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან.

44. მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს შენში. ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, რადგან ვერ გაიგე შენი მოხედვის ჟამი“.

 

მოვაჭრეთა გამორეკვა

45. შევიდა ტაძარში და დაიწყო მოვაჭრეთა გამორეკვა.

46. უთხრა მათ: „დაწერილია: „ჩემი სახლი სამლოცველო სახლი უნდა იყოს“. თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ იგი“.

47. და ასწავლიდა ყოველდღე ტაძარში. ხოლო მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ერისმთავარნი ცდილობდნენ მის დაღუპვას.

48. მაგრამ ვერაფერი მოიგონეს, რა უნდა ექნათ, რადგან მთელი ხალხი მოუშორებლად უსმენდა მას.

 

თავი 20

შეკითხვა იესოს ხელმწიფებაზე

1. ერთ დღეს, როცა ის ხალხს ასწავლიდა ტაძარში და ახარებდა, მიუცვივდნენ მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი უხუცესებთან ერთად

2. და უთხრეს მას: „გვითხარი, რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“

3. მიუგო და უთხრა მათ: „მეც გკითხავთ ერთ სიტყვას და მითხარით:

4. იოანეს ნათლისცემა ზეციდან იყო თუ კაცთაგან?“

5. ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: „თუ ვიტყვით, რომ ზეციდანო, იტყვის: მაშ, რაღატომ არ იწამეთო მისი?

6. თუ ვიტყვით კაცთაგან, მთელი ხალხი ჩაგვქოლავს, ვინაიდან სჯერათ, რომ იოანე წინასწარმეტყველი იყო“.

7. და მიუგეს: „არ ვიცით საიდან“.

8. იესომ უთხრა მათ: „მეც არ გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას“.

 

იგავი ავ მიწისმუშაკებზე

9. დაუწყო ხალხს ამ იგავის მოყოლა: „ერთმა კაცმა ვაზი ჩაყარა და მიწისმუშაკთ ჩააბარა. თვითონ კი სხვა ქვეყანაში წავიდა კარგა ხნით.

10. როცა დრო მოვიდა, მონა გაუგზავნა მიწისმუშაკთ, რომ მიეცათ ვენახის ნაყოფთაგან. მაგრამ მიწისმუშაკებმა სცემეს მას და ხელცარიელი გაუშვეს.

11. კვლავ გაუგზავნა მათ სხვა მონა. მასაც სცემეს, გალანძღეს და ხელცარიელი გაუშვეს.

12. მერე მესამეც გაგზავნა. დაჭრეს იგი და გააგდეს გარეთ.

13. მაშინ ვენახის პატრონმა თქვა: „როგორ მოვიქცე? ჩემს საყვარელ ძეს გავუგზავნი, იქნებ მისი მოერიდოთ“.

14. მაგრამ მიწისმუშაკებმა, ის რომ დაინახეს, ერთმანეთში მოითათბირეს და თქვეს: „ეს მემკვიდრეა. მოდი, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩება“.

15. გააგდეს ვენახის გარეთ და მოკლეს. რას უზამს მათ ვენახის პატრონი?

16. მოვა, ამოწყვეტს იმ მიწისმუშაკთ და ვენახს სხვებს ჩააბარებს“. ვინც მოისმინეს, თქვეს: „ნუმც მოხდება“.

17. მან კი შეხედა მათ და თქვა: „რას ნიშნავს ეს დაწერილი: „ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა“?

18. ყველა, ვინც იმ ქვაზე დაეცემა, დაილეწება. ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს“.

19. მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი სწორედ ამ დროს შეეცადნენ, რომ ხელი დაედოთ მისთვის, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ, რადგან იცოდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი.

20. უთვალთვალებდნენ მას და მიუგზავნეს მსტოვრები, რომლებიც თავს მართალ ადამიანებად აჩვენებდნენ, რათა სიტყვაში დაეჭირათ და მთავრობისათვის და განმგებლის ხელმწიფებაში გადაეცათ.

 

მიეცით კეისრისა კეისარს

21. ჰკითხეს მას და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ სიმართლეს ლაპარაკობ და ასწავლი, არავის მიჰკერძებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას.

22. შეიძლება თუ არა მივცეთ ხარკი კეისარს?“

23. იგი მიუხვდა მათ მზაკვრობას და უთხრა:

24. „მიჩვენეთ დინარი: ვისია ეს ხატი და წარწერა?“ თქვეს: კეისრისაო.

25. უთხრა მათ: „ჰოდა, მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა - ღმერთს“.

26. ვერ შეძლეს მისი სიტყვაში დაჭერა ხალხის წინაშე. გაუკვირდათ მისი პასუხი და დადუმდნენ.

 

სადუკეველების შეკითხვა ქორწინებაზე

27. მიუახლოვდა რამდენიმე სადუკეველი, რომლებიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას:

28. „მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც ცოლი ჰყავდა, მაგრამ უშვილოდ გადაეგო, მისმა ძმამ შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას.

29. იყვნენ შვიდნი ძმანი. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა უშვილოდ.

30. და მეორემაც

31. და მესამემაც შეირთეს იგი. შვიდთაგან არცერთს არ დარჩენია შვილები, და დაიხოცნენ.

32. ბოლოს დედაკაციც მოკვდა.

33. ჰოდა, აღდგომისას, რომელი ერთის ცოლი იქნება, რადგან შვიდივეს ჰყავდა ცოლად?“

34. და უთხრა მათ იესომ: „ამ საუკუნის შვილები ირთავენ ცოლებს და თხოვდებიან;

35. ხოლო ვინც ღირსნი არიან მოიპოვონ ის საუკუნე და მკვდრეთით აღდგომა, არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან,

36. ვინაიდან აღარც სიკვდილი შეუძლიათ მათ, რაკი ანგელოზთა სწორნი და ღვთის ძენი არიან ისინი, ძენი აღდგომის.

37. ხოლო მკვდრები რომ აღდგებიან, ეს მოსემაც მიანიშნა მაყვლის ბუჩქით, როცა აბრაამის ღმერთს, ისაკის ღმერთს და იაკობის ღმერთს უწოდა უფალი.

38. ხოლო ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, ვინაიდან მისთვის ყველა ცოცხალია“.

 

მწიგნობრებმა ვეღარ გაბედეს შეკითხვა

39. მიუგო ზოგიერთმა მწიგნობარმა და უთხრა: კარგად თქვიო, მოძღვარო.

40. და ვეღარ გაბედეს, რამე ეკითხათ მისთვის, ხოლო მან უთხრა მათ:

41. „როგორ ამბობენ, რომ ქრისტე დავითის ძეა?

42. თვითონ დავითი კი ამბობს წიგნში: �უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,

43. ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფერხთა კვარცხლბეკად.�

44. აჰა, დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე?“

45. და როცა მთელი ხალხი უსმენდა, უთხრა თავის მოწაფეებს:

46. „ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებსაც სურთ გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი, სინაგოგებში წინა სავარძლები და წინა ადგილები ნადიმებზე;

47. რომელნიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ“.

 

თავი 21

ქვრივის ორი ლეპტა

1. აიხედა და დაინახა, რომ საგანძურში ჰყრიდნენ მდიდრები თავიანთ შესაწირავს.

2. დაინახა აგრეთვე ღარიბი ქვრივი, რომელმაც ორი ლეპტა ჩააგდო.

3. თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩადო,

4. ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულისგან ჩადო, მან კი თავისი სიდუხჭირისაგან ჩადო მთელი სარჩო, რაც ებადა“.

 

ტაძრის დანგრევაზე

5. როცა ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, ძვირფასი ქვებით და შეწირულებებით არისო დამშვენებული, იესომ თქვა:

6. „დადგება დღეები, როცა ამათგან, რასაც აქ ხედავთ, ქვა ქვაზე არ დარჩება, რომ არ ჩამოიშალოს“.

7. ისინი ეუბნებოდნენ მას და ეკითხებოდნენ: „მოძღვარო, როდის იქნება ეს და რა იქნება ნიშანი, ეს რომ უნდა მოხდეს?“

8. მან თქვა: „გაფრთხილდით, რომ არ შეცდეთ, ვინაიდან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: მე ვარო და ის ჟამი მოახლოებულიაო. თქვენ ნუ გაჰყვებით მათ.

9. როცა მოისმენთ ომებსა და შფოთებზე, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ჯერ ეს უნდა მოხდეს, რადგან უცებ არ იქნება აღსასრული“.

10. მაშინ უთხრა მათ: „აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო - სამეფოს წინააღმდეგ.

11. იქნება დიდი მიწისძვრანი, ადგილ-ადგილ მოსრვა და შიმშილობანი, საშინელებანი და დიდი ნიშნები ზეციდან.

12. ამის უწინარეს ხელს დაგადებენ თქვენ და დაგიწყებენ დევნას, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებს, მეფეთა და განმგებელთა წინაშე მიგიყვანენ ჩემი სახელის გამო.

13. ეს გექნებათ თქვენ დასამოწმებლად.

14. ამიტომ თქვენს გულებში ჩაიდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნოთ, რითი იმართლოთ თავი,

15. ვინაიდან მე მოგცემთ თქვენ პირსა და სიბრძნეს, რომელთაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერც შეეპასუხებიან თქვენი მოწინააღმდეგენი.

16. ასევე გაცემულ იქნებით მშობლებისა და ძმების, ნათესავებისა და მეგობრების მიერ, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ.

17. და ყველა მოგიძულებთ ჩემი სახელის გამო.

18. მაგრამ ბეწვიც კი არ დაიკარგება თქვენი თავიდან.

19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.

20. და როცა იხილავთ იერუსალიმს, ლაშქრით გარსშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება.

21. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიხიზნონ; ვინც იერუსალიმშია, გარეთ გავიდეს; ვინც სოფლად არის, ნუღარ შევა მასში.

22. ვინაიდან ეს შურისგების დღეებია, რათა აღსრულდეს ყოველივე დაწერილი.

23. ხოლო, ვაი ორსულთ და მეძუძურთ იმ დღეებში, ვინაიდან დიდი იქნება უბედურება მიწაზე და რისხვა ამ ხალხზე.

24. დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაასხამენ ყველა ხალხში. იერუსალიმი გათელილი იქნება წარმართთა მიერ, ვიდრე დასრულდება წარმართთა ჟამი.

25. და იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკვლავებზე. ხოლო მიწაზე, ხალხები შეშფოთდებიან თავგზააბნეულნი ზღვის ხმაურისა და ბობოქრობის გამო.

26. ხალხს გული შეუწუხდება შიშით და მსოფლიოზე მოსავალთა მოლოდინით, ვინაიდან ციური ძალები შეირყევიან.

27. მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბელზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით.

28. ხოლო როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“.

29. უთხრა მათ იგავი: „შეხედეთ ლეღვს და ყველა ხეს.

30. როცა ისინი უკვე იფოთლებიან, შეხედავთ და იცით, რომ ახლოსაა ზაფხული.

31. ასევე თქვენ, როცა იხილავთ ყოველივე ამის ახდენას, იცოდეთ, რომ ახლოსაა ღვთის სასუფეველი.

32. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადაივლის ეს მოდგმა, ვიდრე ყველაფერი არ ახდება.

33. ცა და მიწა გადაივლიან, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან.

 

გაფრთხილდით

34. „გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გულები ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ უცაბედად,

35. რადგან ის, ეწევა, როგორც მახე, ყველა მკვიდრს მთელს მიწის პირზე.

36. მაშ, ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე“.

 

უკანასკნელი სწავლება ტაძარში

37. დღისით იესო ტაძარში იმყოფებოდა და ასწავლიდა. ღამ-ღამობით კი ადიოდა მთაზე, რომელსაც ზეთისხილისა ეწოდება.

38. მთელი ხალხი დილიდან მიდიოდა მასთან ტაძარში მის მოსასმენად.

 

თავი 22

იუდას გეგმა გაცემაზე

1. ახლოვდებოდა პასექად წოდებული უფუარობის დღესასწაული.

2. და დაეძებდნენ მას მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი, რომ როგორმე მოეკლათ იგი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ.

3. შევიდა სატანა იუდაში, ისკარიოტელად წოდებულში, რომელიც ერთი თორმეტთაგანი იყო.

4. წავიდა, ელაპარაკა მღვედლმთავრებსა და მცველთა უფროსებს, როგორ მიეცა მათთვის იესო.

5. მათ გაუხარდათ და დათანხმდნენ, მიეცათ მისთვის ვერცხლი.

6. მანაც აღუთქვა და ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ ხალხის დაუსწრებლად მიეცა იგი მათთვის.

 

ბოლო სერობა. პური და ღვინო

7. დადგა უფუარობის დღე, როცა უნდა დაკლულიყო პასექი.

8. მიავლინა პეტრე და იოანე და უთხრა: „წადით, მოამზადეთ ჩვენთვის პასექი, რომ ვჭამოთ“.

9. მათ უთხრეს მას: „სად გინდა, რომ მოვამზადოთ?“

10. მან უთხრა მათ: „აჰა, ქალაქში შესვლისას შემოგხვდებათ კაცი, რომელსაც წყალი მიაქვს კოკით. მიჰყევით მას იმ სახლამდე, სადაც შევა,

11. და უთხარით სახლის პატრონს: მოძღვარი გეუბნება: სად არის სასტუმრო ოთახი, რომ ჩემს მოწაფეებთან ერთAდ ვჭამოო პასექი?

12. ის გიჩვენებთ დიდ მოფარდაგებულ ზემოთვალს. იქ მოამზადეთ“.

13. წავიდნენ და იპოვეს, როგორც მან უთხრა, და მოამზადეს პასექი.

14. როცა მოაღწია ჟამმა, დაჯდა იგი და მოციქულებიც მასთან ერთად.

15. უთხრა მათ: „სურვილით მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ. 16. რადგან გეუბნებით თქვენ, რომ აღარ ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სასუფეველში“.

17. აიღო სასმისი, მადლი შესწირა და უთხრა მათ: „მიიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის.

18. რადგან გეტყვით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან, ვიდრე არ მოვა ღვთის სასუფეველი“.

19. აიღო პური, მადლი შესწირა, დატეხა, დაურიგა მათ და უთხრა: „ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად“.

20. ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღვრება.

21. და აჰა, ჩემი გამცემის ხელი ჩემთან ერთად არის ამ სუფრაზე;

22. რადგან ძე კაცისა მიდის განჩინებისამებრ, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა იგი“.

23. და მათ დაიწყეს ერთმანეთის გამოკითხვა: რომელი მათგანი გააკეთებდა ამას.

 

ვინ არის დიდი

24. ასევე იყო დავა მათ შორის: რომელი მათგანი უნდა ჩათვლილიყო დიდად.

25. მან კი უთხრა მათ: „ხალხთა მეფეები ბატონობენ მათზე და მათი ხელმწიფენი მწყალობლებად იწოდებიან.

26. თქვენ კი ასე როდი ხართ. თქვენს შორის უფროსი უმცროსივით იყოს, ხოლო ვინც უფროსობს - მსახურივით.

27. ვინაიდან ვინ არის უფრო დიდი: მეინახე თუ მსახური? განა მეინახე არა? მე კი თქვენ შორის ვარ, როგორც მსახური,

28. თქვენ კი ისინი ხართ, რომელნიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში.

29. მეც ისევე აღგითქვით, როგორც მე აღმითქვა ჩემმა მამამ სასუფეველი,

30. რომ ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სასუფეველში და დასხდეთ ტახტებზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხავად“.

 

წინასწარუწყება პეტრეს უარყოფაზე

31. თქვა უფალმა: „სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ გამოგითხოვათ თქვენ, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ.

32. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა და, როცა კვლავ მოიქცევი, გაამხნევე შენი ძმები“.

33. მან კი უთხრა მას: „უფალო, შენთან მე მზად ვარ საპყრობილეშიც წამოვიდე და სასიკვდილოდაც,“

34. ხოლო მან თქვა: „შენ გეუბნები, პეტრე, მამალი არ იყივლებს დღეს, სანამ სამჯერ არ უარყოფ, რომ მიცნობ“.

 

ორი მახვილი

35. უთხრა მათ: „როცა ქისის, გუდის და ფეხსაცმლის გარეშე გგზავნიდით, რაიმე გაკლდათ?“ თქვეს: არაფერიო.

36. უთხრა მათ: „ახლა კი, ვისაც ქისა აქვს, აიღოს, ასევე გუდა. ხოლო ვისაც არა აქვს, თავისი ტანსაცმელი გაყიდოს და მახვილი იყიდოს.

37. თქვენ გეუბნებით, რომ ეს დაწერილი ჩემზე უნდა აღსრულდეს: „ბოროტმოქმედებთან შეირაცხა“. რადგან მას, რაც ჩემს შესახებაა, დასასრული აქვს“.

38. მათ თქვეს: „უფალო, აჰა, აქ ორი მახვილია“. მან კი უთხრა მათ: „კმარა“.

 

ბრძოლა გეთსიმანიაში

39. გამოვიდა იქიდან და, ჩვეულებისამებრ, წავიდა ზეთისხილის მთაზე. მოწაფეებიც გაჰყვნენ მას.

40. ადგილზე მისვლისთანავე უთხრა მათ: „ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში“.

41. თვითონ განშორდა მათ ქვის სასროლ მანძილზე, მუხლი მოიყარა და ლოცულობდა.

42. ამბობდა: „მამაო! თუ გსურს, ამაცდინე ეს სასმისი, მაგრამ ჩემი ნება კი არა, შენი იყოს“.

43. ეჩვენა მას ციდან ანგელოზი და აძლიერებდა.

44. ამ აგონიაში მყოფი უმხურვალესად ლოცულობდა. და გახდა მისი ოფლი, როგორც სისხლის მსხვილი წვეთები, რომლებიც მიწაზე ცვიოდა.

45. ლოცვის შემდეგ წამოდგა, მივიდა მოწაფეებთან და ნახა ისინი მწუხარებისაგან ჩაძინებულები.

46. უთხრა მათ: „რას გძინავთ? ადექით, ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში“.

 

იესოს გაცემა და წაყვანა მღვდელმთავრის სახლში

47. ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ აჰა, მოვიდა ხალხი და მათ წინ მოუძღვის ერთი თორმეტთაგანი, სახელად იუდა, და მივიდა იესოსთან საამბორებლად.

48. იესომ უთხრა მას: „იუდა, ამბორით გასცემ კაცის ძეს?“

49. მასთან მყოფებმა რომ დაინახეს, რაც ხდებოდა, უთხრეს: „უფალო, დავკრათ მახვილი?“

50. ერთმა მათგანმა დასცა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა.

51. მიუგო იესომ და თქვა: „თავი დაანებეთ, საკმარისია!“ და შეეხო ყურს და გაუმრთელა იგი.

52. უთხრა იესომ მის წინააღმდეგ მოსულ მღვდელმთავრებს, ტაძრის მცველთა უფროსებს და უხუცესებს: „როგორც ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად?

53. ყოველდღე თქვენთან ერთად ვიყავი ტაძარში და ჩემზე ხელი არ აგიმართავთ. მაგრამ ეს თქვენი ჟამია და სიბნელის ხელმწიფება“.

54. და შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და მღვდელმთავრის სახლში შეიყვანეს. პეტრე კი მოშორებით მიჰყვებოდა.

 

იესო სინედრიონის წინაშე

55. როცა შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის დაჯდა.

56. ერთმა მხევალმა იგი ცეცხლთან მჯდომარე რომ დაინახა, დააკვირდა და თქვა: „ესეც იმასთან იყო“.

57. მაგრამ მან უარყო და თქვა: „დედაკაცო, არ ვიცნობ იმას“.

58. ცოტა მოგვიანებით სხვამ დაინახა იგი და თქვა: „შენც იმათგანი ხარ“. მაგრამ პეტრემ უთხრა: „ადამიანო, არა ვარ“.

59. თითქმის ერთი საათი იყო გასული, რომ ვიღაც სხვამ დაიწყო მტკიცება და ამბობდა: „ჭეშმარიტად, ესეც იმასთან იყო, ვინაიდან გალილეველია“.

60. თქვა პეტრემ: „ადამიანო, არ ვიცი, რას ამბობ“. და უცებ, როცა ამას ამბობდა, მამალმა იყივლა.

61. და მობრუნდა უფალი და შეხედა პეტრეს. და გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, რომ უთხრა: დღეს სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო,

62. და გავიდა გარეთ და მწარედ ატირდა.

63. ხოლო კაცები, რომლებსაც შეპყრობილი ჰყავდათ იესო, აგინებდნენ და სცემდნენ მას.

64. თავი დაუფარეს, სახეში სცემდნენ და ეკითხებოდნენ: „აბა, იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყა“?

65. და კიდევ მრავალ სხვა გმობას ამბობდნენ მის წინააღმდეგ.

66. როცა გათენდა, შეიკრიბნენ ხალხის უხუცესთა საბჭო, მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი, და მიიყვანეს იგი თავიანთ სინედრიონში

67. და უთხრეს: „თუ ქრისტე ხარ, გვითხარი“. უთხრა მათ: „რომ გითხრათ, არ დამიჯერებთ,

68. და თუ შეგეკითხებით, არ მიპასუხებთ.

69. ამიერიდან ძე კაცისა იქნება ღვთის ძალის მარჯვნივ მჯდომარე“.

70. თქვა ყველამ: „მაშ, შენა ხარ ძე ღვთისა?“ მან უთხრა მათ: „თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ“.

71. მათ თქვეს: „მეტი რაღა მოწმობა გვჭირდება? ვინაიდან ჩვენ თვითონ მოვისმინეთ მისი პირიდან“.

 

თავი 23

იესო პილატეს წინაშე

1. და წამოიშალა მთელი ეს ხალხი და წაიყვანეს იგი პილატესთან.

2. შეუდგნენ მის დადანაშაულებას და ამბობდნენ: „ჩვენ ვნახეთ, რომ ეს რყვნის ჩვენს ხალხს და კრძალავს კეისრისათვის ხარკის მიცემას, თავის თავზე კი ამბობს ქრისტე მეფე ვარო“.

3. პილატემ ჰკითხა მას: „შენ ხარ იუდეველთა მეფე?“ ხოლო მან მიუგო მას და თქვა: „შენ ამბობ“.

4. პილატემ უთხრა მღვდელმთავრებს და ხალხს: „მე ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ ამ კაცში“.

5. მაგრამ ისინი დაჟინებით ამბობდნენ: „ეგ აშფოთებს ხალხს, ასწავლის მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული აქამდე“.

6. პილატემ ეს რომ გაიგონა, იკითხა: „განა გალილეველია ეს კაცი?“

7. როცა შეიტყო, რომ ჰეროდეს სამფლობელოდან იყო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რადგან იმ დღეებში ისიც იერუსალიმში იმყოფებოდა.

8. ჰეროდემ, იესო რომ დაინახა, ძალიან გაუხარდა, რადგან დიდი ხნიდან სურდა მისი ხილვა, რაკი გაგონილი ჰქონდა მასზე და იმედი ჰქონდა, რაიმე სასწაულს ნახავდა მისგან.

9. ბევრს ეკითხებოდა, მაგრამ იგი არაფერს პასუხობდა.

10. მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი კი იდგნენ და გაცხარებით ბრალს სდებდნენ მას.

11. ხოლო ჰეროდე თავის ჯარისკაცებითურთ ამცირებდა მას და დასცინოდა, ჩააცვა ბრწყინვალე სამოსელი და უკან გაუგზავნა პილატეს.

12. იმ დღეს პილატე და ჰეროდე დამეგობრდნენ, თუმცა ადრე მტრობდნენ ერთიმეორეს.

 

იუდეველების მოთხოვნა

13. პილატემ მოუხმო მღვდელმთავრებს, მთავრებს და ხალხს.

14. და უთხრა მათ: „თქვენ მოიყვანეთ ჩემთან ეს კაცი, როგორც ხალხის გამრყვნელი, და აჰა, მე თქვენს წინაშე გამოვიძიე და ვერავითარი დანაშაული ვერ ვპოვე ამ კაცში, რაშიც თქვენ ადანაშაულებთ მას,

15. და ვერც ჰეროდემ, რადგან უკან გამოგვიგზავნა იგი. და აჰა, სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია მას.

16. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ“.

17. მას კი სწორედ ერთი უნდა გაეშვა სადღესასწაულოდ.

18. მაგრამ მთელი ხალხი აუყვირდა: მოაშორე ეგ და გაგვითავისუფლე ბარაბაო,

19. რომელიც ჩაგდებული იყო საპყრობილეში ქალაქში მომხდარი რაღაც შფოთისა და მკვლელობისათვის.

20. პილატემ კვლავ მიმართა მათ, ვინაიდან სურდა იესოს გაშვება.

21. მაგრამ ისინი გაჰყვიროდნენ: „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეგ“.

22. მესამედ უთხრა მათ: „რა ბოროტება აქვს ჩადენილი? მე ვერაფერი სასიკვდილო ბრალი ვერ ვპოვე მასში. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ“.

23. ისინი კი დაჟინებით ხმამაღლა მოითხოვდნენ, რომ ჯვარს ეცვათ იგი. და იმძლავრა მათმა ხმამ და მღვდელმთავრების ხმამ.

24. და პილატემ გადაწყვიტა, შეესრულებინა მათი მოთხოვნა:

25. გაუშვა შფოთისა და მკვლელობისათვის საპყრობილეში ჩაგდებული, რომელსაც ისინი მოითხოვდნენ, იესო კი მათ ნებას გადასცა.

 

გოლგოთას გზაზე

26. როცა იგი მიჰყავდათ, გზაში დაიჭირეს მინდვრიდან მომავალი ვინმე სიმონ კვირინელი, და აჰკიდეს ჯვარი, რომ ეტარებინა იესოს კვალდაკვალ.

27. მისდევდნენ მას დიდძალი ხალხი და დედაკაცები, რომლებიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ მის გამო.

28. იესო მიუბრუნდა მათ და უთხრა: „იერუსალიმის ასულნო, ნუ სტირით ჩემზე, არამედ თქვენ თავზე და თქვენს შვილებზე იტირეთ.

29. რადგან, აჰა, მოდის დღეები, როცა იტყვიან: „ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშვიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ!“

30. მაშინ ეტყვიან მთებს: „დაგვემხეთ ზედ!“ და ბორცვებს: „დაგვფარეთ ჩვენ!“

31. ვინაიდან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, ხმელს რაღას უზამენ?“

32. მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ სხვებიც - ორი ავაზაკი.

 

იესო ჯვარზე

33. როცა იმ ადგილას მივიდნენ, რომელსაც თხემის ადგილი ჰქვია, იქ ჯვარს აცვეს ისიც და ბოროტმოქმედნიც - ერთი მის მარჯვნივ და ერთი მის მარცხნივ.

34. იესო ამბობდა: „მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ“. და გაიყვეს მისი სამოსელი წილისყრით.

35. იდგა ხალხი და შეჰყურებდა. მთავრებიც დასცინოდნენ და ამბობდნენ: „სხვებს იხსნიდა, ახლა თავისი თავი იხსნას, თუ ეგ ქრისტეა, ღვთის რჩეული“.

36. ასევე ჯარისკაცებიც დასცინოდნენ მას, მიდიოდნენ და ძმარი მიჰქონდათ მასთან,

37. ეუბნებოდნენ: „თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი შენი თავი“.

38. მის ზემოთ იყო წარწერა ბერძნული, რომაული და ებრაული სიტყვებით დაწერილი: „ეს არის იუდეველთა მეფე“.

39. ერთი ჩამოკიდებული ბოროტმოქმედი გმობდა მას: „განა შენ ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც“.

40. მიუგო მეორემ, გაუწყრა და თქვა: „ნუთუ ღვთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ?

41. ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, ვინაიდან ჩვენ რაც გავაკეთეთ, იმისი საკადრისი მივიღეთ, მაგას კი არაფერი უჯერო არ ჩაუდენია“.

42. და თქვა: „იესო, გამიხსენე, როცა შენს სასუფეველში მიხვალ“.

43. და უთხრა მას: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“.

44. დღის ექვსი საათი იქნებოდა და მთელი მიწა ბნელმა მოიცვა ცხრა საათამდე.

45. დაბნელდა მზე და ტაძრის ფარდა შუაზე გაიპო.

46. და შესძახა იესომ დიდი ხმით და თქვა: „მამაო, შენს ხელთ გაბარებ ჩემს სულს“. ეს თქვა და სული განუტევა.

47. ასისთავმა რომ იხილა მომხდარი, ღმერთი ადიდა და თქვა: „ჭეშმარიტად, ეს კაცი მართალი იყო“.

48. ამ სანახაობაზე შეკრებილი მთელი ხალხი, რომ ხედავდა, რაც ხდებოდა, გულში მჯიღის ცემით ბრუნდებოდა უკან.

49. ყველა, ვინც მას იცნობდა, და დედაკაცები, გალილეიდან რომ მოჰყვნენ, მოშორებით იდგნენ და უყურებდნენ ამას.

 

გარდამოხსნა. დაკრძალვა

50. აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები, საბჭოს წევრი, კეთილი და მართალი კაცი,

51. რომელიც არ დაეთანხმა მათ თათბირსა და საქმიანობას, იუდეველთა ქალაქ არიმათიიდან, რომელიც მოელოდა ღვთის სასუფეველს,

52. მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი.

53. გარდამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ.

54. ის დღე პარასკევი იყო და შაბათი დგებოდა.

55. უკან გაჰყვნენ დედაკაცებიც, რომელნიც იესოსთან ერთად მოვიდნენ გალილეიდან, და უყურებდნენ სამარხს, როგორ დაიდო მისი გვამი.

56. ამის შემდეგ დაბრუნდნენ, მოამზადეს სურნელებანი და ნელსაცხებელი. შაბათს კი მოისვენეს მცნებისამებრ.

 

თავი 24

დედაკაცები და პეტრე ცარიელ სამარხთან

1. ერთშაბათს, უთენია მოვიდნენ სამარხთან და მოიტანეს სურნელებანი, რომლებიც მომზადებული ჰქონდათ.

2. და ნახეს ლოდი, სამარხიდან გადაგორებული.

3. მაგრამ რომ შევიდნენ, ვერ ნახეს უფალ იესოს გვამი.

4. ამის გამო შეფიქრიანდნენ და, აჰა, მათ წინაშე წარსდგა ორი მამაკაცი, ბრწყინვალე სამოსლით მოსილი.

5. რაკი შეძრწუნდნენ და სახე მიწად დახარეს, მათ უთხრეს: „რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის?

6. არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო,

7. რომ ძე კაცისა ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგესო“.

8. და მათ გაიხსენეს მისი სიტყვები.

9. დაბრუნდნენ სამარხიდან და ყოველივე ეს უამბეს იმ თერთმეტს და ყველა დანარჩენს.

10. ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა და იაკობის დედა მარიამი, და დანარჩენები მათთან ერთად, რომლებმაც მოუთხრეს მოციქულებს ეს ამბავი.

11. მაგრამ ეს სიტყვები ფუჭად ეჩვენათ და არ დაუჯერეს მათ.

12. ხოლო პეტრე ადგა, გაიქცა სამარხისკენ და, რომ დაიხარა, მხოლოდ ტილოები დაინახა, და დაბრუნდა მომხდარის გამო გაკვირვებული.

 

ემაუსის გზაზე

13. და აჰა, იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა ერთ სოფელში, რომელიც სამოცი სტადიონით იყო დაშორებული იერუსალიმიდან და ერქვა ემაუსი.

14. ისინი ერთმანეთში ლაპარაკობდნენ ყოველივე ამის გამო.

15. ამ ლაპარაკსა და მსჯელობაში რომ იყვნენ, თავად იესო მიუახლოვდა და დაემგზავრა მათ.

16. მაგრამ თვალები დაბმული ჰქონდათ და ვერ იცნეს იგი.

17. უთხრა მათ: „რაზე მსჯელობდით გზაზე ერთმანეთში?“ ისინი შეჩერდნენ დაღონებულნი.

18. მიუგო ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ და უთხრა მას: „ნუთუ ერთი შენა ხარ უცხო იერუსალიმში, რომ არ იცი, რაც იქ ამ დღეებში მოხდა?“

19. და უთხრა მათ: „რა მოხდა?“ მათ უთხრეს მას: „იესო ნაზარეველზე ვლაპარაკობთ, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ძლიერი საქმითა და სიტყვით ღვთისა და მთელი ხალხის წინაშე,

20. როგორ გადასცეს იგი ჩვენმა მღვდელმთავრებმა და მთავრებმა სიკვდილის მისასჯელად და ჯვარს აცვეს.

21. ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ იგი სწორედ ის იყო, ვისაც უნდა გამოეხსნა ისრაელი. ყველაფერ ამასთან ერთად, უკვე მესამე დღეა, რაც ეს მოხდა.

22. მაგრამ ზოგიერთმა ჩვენიანმა დედაკაცმა გაგვაოცა. ისინი დილაადრიან იყვნენ სამარხთან

23. და ვერ იპოვეს მისი გვამი. მოვიდნენ და თქვეს, რომ იხილეს ჩვენება ანგელოზთა, რომელთაც უთქვამთ, ცოცხალიაო.

24. ზოგიერთი ჩვენთაგანიც წავიდა სამარხისაკენ და მართლაც, იგივე დაინახეს, რასაც დედაკაცები ამბობდნენ. ის კი ვერ ნახეს“.

25. მან უთხრა მათ: „ჰოი, უგუნურნო და გულით მძიმენო, ყველაფრის იმის სარწმუნებლად, რასაც წინასწარმეტყველები ამბობდნენ!

26. განა ასე არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?“

27. და დაიწყო მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან და განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მასზე ნათქვამს.

28. მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ის კი თითქოს გზის გაგრძელებას აპირებდა.

29. მაგრამ ისინი აკავებდნენ მას და ეუბნებოდნენ: „დარჩი ჩვენთან, ვინაიდან დღე უკვე მიიწურა და მწუხრი ჩამოდგა“. ისიც შევიდა, რომ დარჩენილიყო მათთან.

30. როცა მათთან იჯდა, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მიაწოდა მათ.

31. მაშინ თვალი აეხილათ და იცნეს. მაგრამ ის უჩინარი შეიქნა მათთვის.

32. უთხრეს ერთმანეთს: „განა არ გიზგიზებდა ჩვენი გული ჩვენში, როცა გზაში გველაპარაკებოდა და როცა წერილებს განგვიმარტავდა?“

33. ადგნენ იმავე ჟამს და დაბრუნდნენ იერუსალიმში, მონახეს შეკრებილნი თერთმეტნი და მათთან მყოფნი,

34. რომელნიც ამბობდნენ, რომ უფალი ჭეშმარიტად აღდგა და ეჩვენა სიმონს.

35. მათაც უამბეს გზაში მომხდარი და ისიც, როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას.

 

იესო ეცხადება თერთმეტს

36. ამ ლაპარაკში რომ იყვნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შუა და უთხრა: „მშვიდობა თქვენდა!“

37. შეძრწუნებულებსა და შეშინებულებს ეგონათ, რომ სულს ხედავდნენ.

38. მაგრამ მან უთხრა: „რატომ შეძრწუნდით და რატომ გებადებათ გულში ასეთი ფიქრები?

39. შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ. შემეხეთ მე და ნახეთ, რადგან სულს არა აქვს ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ“.

40. ეს რომ უთხრა, უჩვენა მათ ხელები და ფეხები.

41. რადგან სიხარულისაგან მათ ჯერ კიდევ არ ეჯერებოდათ და გაკვირვებულნი იყვნენ, უთხრა მათ: „გაქვთ აქ რამე საჭმელი?“

42. მათ მიაწოდეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და თაფლის გოლეული.

43. გამოართვა და შეჭამა მათ წინაშე. ხოლო მორჩენილი აიღო და მისცა მათ.

44. უთხრა მათ: „ეს არის ჩემი სიტყვები, რომელთაც გეუბნებოდით, ვიდრე თქვენთან ვიყავი: უნდა შესრულდეს ყოველივე, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველებში და ფსალმუნებში“.

45. მაშინ გაუხსნა მათ გონება წერილთა გასაგებად

46. და უთხრა მათ: „ასე სწერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს;

47. და მისი სახელით ნაქადაგები უნდა იყოს მონანიება ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული.

48. თქვენ კი ამის მოწმენი ხართ.

49. და აჰა, მე მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. თქვენ კი დარჩით ქალაქში, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ“.

 

ამაღლება

50. და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე და აღაპყრო ხელები, და აკურთხა ისინი.

51. როგორც კი აკურთხა, განშორდა მათ და ამაღლდა ზეცაში.

52. მათ თაყვანი სცეს მას და დაბრუნდნენ იერუსალიმში დიდი სიხარულით.

53. და სულმუდამ ტაძარში იყვნენ, ღვთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი. ამინ.