„...აღვიდოდეს ლოცვად (მეზვერე და ფარისეველი)...“ აღვიდოდეს, რამეთუ ლოცვა აღამაღლებს ადამიანს მიწიდან ზეცაში, აღამაღლებს ცისქვეშეთის ყოველგვარ სახელსა და ღირსებაზე მაღლა... დღესაც ბევრია ისეთი, რომელიც ტაძარში კი არ „აღმოვალს“, არმაედ ამცირებს ეკლესიის ღირსებას, რომელიც ზეცაა დედამიწაზე და მოდის ტაძარში შეხვედრებისთვის და სიტყვათა გაცვლა-გამოცვლისთვის; მათაც გულისხმობდა უფალი, როდესაც იტყოდა: „სახლსა ჩემსა, სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქვენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა“.
ფარისეველმა სამადლობელს ამპარტავნება და განკითხვა შეჰრთო. მეზვერე „არა იკადრებდა თვალთაცა ზე ახილვად“ თუმცა არ დარჩენილა შეუმჩნეველი მისთვის ვინც ქერაბნითა ზედა ჰზის და ჰხედავს სიღრმესა უფსკრულთასა.
ფარისეველის ლოცვიდან უფრო ის სჩანს, რომ იგი ყველა სათნოებას თავის თავს მიაწერს და არა ღმერთს და რაკი ასეა, მაშინ რიღასთვის არის ღვთის ტაძარში და რად ლოცულობს? - ესაა ერთგვარი თავმომწონება ღვთის წინაშე.
ფარისეველი „წარდგა“, ხოლო მეზვერე „შორს დგა“, მეზვერე კი არ „წადგა“ ფარისეველივით, არამედ მდაბლად დადგა და „დგა“ ნიშნავს დიდხანს დგომას, რაც ლოცვის ხანგრძლივობაზეც მიუთითებს. მეზვერემ შუამავლებად ღვთის წინაშე, ლოცვისას, გაიხადა რწმენა იმედით, გულისშემუსვრილება, სინანული - ზეცად აღმყვანებელნი.