სვიმონ მჭედლიძე

საღმრთო ისტორია ძველი და ახალი აღთქმისა

 

ძველი აღთქმა

ქვეყნისა და ადამიანის გაჩენა

იყო დრო, როცა არაფერი არ არსებობდა: არც ცა, არც ქვეყანა; იყო მხოლოდ ღმერთი და მან პირველად გააჩინა მასალა, რომლისაგანაც ექვსი დღის განმავლობაში შექმნა მთელი ხილული ქვეყნიერება. პირველ დღეს ღმერთმა გააჩინა ნათელი; მეორე დღეს - ცა ანუ სამყარო; მესამე დღეს განყო წყალი მიწისაგან, ესე იგი  გააჩინა ხმელეთი და ხმელეთზე - წყალი: მდინარეები, ზღვები, ტბები, ნაკადულები და სხვ. აგრეთვე ყოველგვარი მცენარე; მეოთხე დღეს - ცის მნათობნი: მზე, მთვარე და ვარსკვლავები; მეხუთე დღეს - თევზები და ფრინველები (წყლისა და ჰაერის ცხოველები); მეექვსე დღეს - ყველა ოთხფეხი ცხოველი და ქვეწარმავალი. ამავე დღეს ღმერთმა ბრძანა: შევქმნათ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა. და შექმნა ღმერთმა სხეული პირველი კაცისა მიწისაგან და შთაბერა მას სული მინიჭებული ჭკუითა და გონებით. და უწოდა ღმერთმა პირველ კაცს სახელად ადამი. რამდენიმე ხნის შემდეგ ღმერთმა გააჩინა ქალიც ადამის ნეკნისაგან, რომელიც გამოუღო ძილის დროს, და მისცა ქალსაც ისეთივე სული. და უწოდა ადამმა ქალს ცოლი და თქვა: ეს ჩემი ძვალი და ხორცია, რადგან ჩემგან გამოვიდაო. ღმერთმა აკურთხა პირველი ცოლ-ქმარი და უთხრა: აღორძინდით და განმრავლდით, აღავსეთ ქვეყანა და ეუფლენით მას. ექვს დღეში დაასრულა ღმერთმა ქვეყნის შექმნა. მეშვიდე დღე კი აკურთხა და დაგვიდგინა თვისდა სადიდებლად და უწოდა ამ დღეს შაბათი (მოსვენება).

 

ანგელოზები და ეშმაკები

ქვეყნიერების გაჩენამდე, ღმერთმა გააჩინა ურიცხვი ანგელოზები. ანგელოზი არის სული უსხეულო, გონიერი და თავისუფალი. ანგელოზის მოვალეობაა აუწყოს ადამიანს ღვთის ნება და დაიცვას იგი ცუდი საქმისაგან. ყველა ანგელოზი თავისუფალ, კეთილ სულად გააჩინა ღმერთმა, მაგრამ ერთმა მთავარანგელოზმა ბოროტად მოიხმარა ეს თავისუფლება. იგი წინ აღუდგა ღმერთს და თვით ღმერთობაც კი მოინდომა. მის მაგალითს წაბაძეს სხვა ანგელოზებმაც და ამით განარისხეს ღმერთი. ამიტომ ღმერთმა მოაკლო მათ თავისი მადლი და მფარველობა და ამიტომაც შემცდარი ანგელოზები შეიქნენ ღვთისაგან შერისხულ ბოროტ სულებად. შემცდარ მთავარანგელოზს დაერქვა ეშმაკი (მაცდური) ანუ სატანა, ხოლო სხვებს ბოროტი სულები, ან ეშმაკის ანგელოზები. რადგან თვით შერისხული არიან ღვთისაგან, ბოროტი სულები ცდილობენ ადამიანიც აცდუნონ და მოაკლონ ღვთის მადლსა და მოწყალებას. ეშმაკმა მალე პირველი მშობლებიც შეაცდინა და დააშორა ისინი ღვთის მადლს.

ყოველი ბოროტი, ცუდი და მავნებელი სურვილი და მოთხოვნილება, რომელიც გაუჩნდება ადამიანს, ეშმაკისაგან არის, მის შესაცდენად აღძრული; ამიტომ ყოველი ღონისძიება უნდა ვიხმაროთ, რომ ასეთ სურვილებს გავლენა არ მიცვეთ ჩვენზე. ყოველი კეთილი აზრი და სურვილი ანგელოზისგან არის და უნდა ვეცადოთ კიდეც დავემორჩილოთ ასეთ აზრებს და სურვილებს. ყოველი ქრისტიან კაცს მიჩენილი ჰყავს ღვთისაგან საკუთარი ანგელოზები, რომელიც იცავს მას ბოროტი სულისაგან, თუ კი თვით კაცი დაემორჩილება. ასეთ ანგელოზს ჰქვია მფარველი ანგელოზი.

 

პირველი ადამიანების ცხოვრება

ადამი და მისი ცოლი ღმერთმა დაასახლა აღმოსავლეთით საგანგებოდ მოწყობილ ბაღში, რომელსაც ერქვა ედემი ან სამოთხე. ედემში განსაკუთრებით საუცხოო ხეხილი და მცენარეულობა ხარობდა. ღმერთმა დაუმორჩილა ადამს ყოველი ცხოველი და უბრძანა შესაფერი სახელი ეწოდებინა მისთვის; ამასთანავე დაავალა ბაღის მოვლაც; ღმერთმა ადამიანს საჭმელად მიუჩინა ხილეულობა და თესლეულობა, ხოლო ცხოველებს - ბალახი.

სანეტარო იყო პირველი ადამიანების ცხოვრება სამოთხეში: მათ არ იცოდნენ, რა იყო შიში, მწუხარება, სიცხე, სიცივე, შიმშილი, სირცხვილი, ტკივილი, ავადმყოფობა და სიკვდილი; მათი სინდისი დამშვიდებული იყო, რადგან ცოდვა და ბოროტება ფიქრადაც არ მოსდიოდათ. გარდა ამისა, იყვნენ სრულიად თავისუფალი ყოველგვარ საქმეში, მაგრამ მათი უდიდესი ბედნიერება იმაში უფრო მდგომარეობდა, რომ ღმერთი ხშირად ეცხადებოდა მათ და საუბრობდა მათთან, როგორც კეთილი მამა თავის შვილებთან.

 

ცოდვით დაცემა

დიდხანს ვერ შეინარჩუნეს პირველმა მშობლებმა ნეტარი ცხოვრება, მალე შესცოდეს ღმერთს, დაჰკარგეს სამოთხე და დაიმსახურეს სიკვდილი. ეს ასე მოხდა: ედემში ღვთის განგებით ხარობდა ორი ხე: ერთს ერქვა ხე ცხოვრებისა, მეორეს - ხე ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა. პირველი ხის ნაყოფის ჭამა ნებადართული იყო ღვთისაგან და იცავდა ადამიანს სიკვდილისაგან, ხოლო მეორე ხის ნაყოფის თაობაზე ღმერთმა უთხრა ადამს: არ სჭამო, თორემ მოკვდებიო.

თვით ხის ნაყოფი კი არ ყოფილა საწამლავი, მომაკვდინებელი ის იყო, რომ იმის ჭამით ირღვეოდა ღვთის ბრძანება.

ადამი და მისი ცოლი პირველ ხანებში მტკიცედ ასრულებდნენ ღვთის ბრძანებას და აკრძალული ხის შეხებასაც კი ერიდებოდნენ. მაგრამ მალე ეშმაკმა შეაცდინა ისინი. ეშმაკმა დაისადგურა გველში, მისი საშუალებით გამოელაპარაკა ქალს და დაარწმუნა, რომ ღმერთმა მოატყუა ისინი, როცა აუკრძალა ამ ხის ნაყოფის გემოს ხილვა, დაარწმუნა, რომ აკრძალულ ხის ნაყოფს და შეჭამენ, კი არ მოკვდებიან, ღმერთები შეიქნებიან და ყველაფერსაც შეიტყობენ. ქალმა დაუჯერა ეშმაკს, ხილის სილამაზემაც მიიზიდა, დაკრიფა, ჭამა და ადამსაც შესთავაზა; მანაც ჭამა და ამნაირად დაარღვიეს ღვთის ბრძანება.

 

დასჯა ცოდვის გამო

იგემეს თუ არა აკრძალული ხილი, პირველმა მშობლებმა მაშინვე იგრძნეს, რომ შესცოდეს; დაინახეს, რომ შიშველი იყვნენ, შერცხვათ და ლეღვის ფოთლებით იფარავდნენ სიშიშვლეს. საღამო ჟამს მოესმათ ხმა უფლისა ედემში, შეეშინდათ და დაიმალნენ. ღმერთმა მოუწოდა ადამს. ადამმა უპასუხა: „მესმა, უფალო, ხმა შენი, შემეშინა, მიტომ, რომ შიშველი ვარ და დავიმალე“. „ვინ შეგატყობინა, რომ შიშველი ხარ, ხომ არ გიჭამია ხის ნაყოფი, რომელიც მე აგიკრძალე?“ - ჰკითხა ღმერთმა ადამს. ადამმა უთხრა: „შენმა მოცემულმა ცოლმა მომცა და მეც ვჭამეო“. ქალმა კი უთხრა: „გველმა შემაცდინაო“. ამიტომ ღმერთმა დასაჯა ისინი; გამოყარა სამოთხიდან და უთხრა: ადამს: ოფლითა შენითა სჭამდე პურსა შენსა, სანამ მიწად არ იქცევი, რომლისაგან მოღებული ხარ. ქალს უთხრა: ავადმყოფობით შობდე შვილსა და ქმარი უფლებდეს შენზედაო. ღმერთმა გველიც დაწყევლა და აღუთქვა შეცოდებულ ადამიანებს, რომ თესლი დედაკაცისა შემუსრავს თავსა გველისასა, ესე იგი, დედაკაცისაგან უმამოდ დაიბადება კაცი, რომელიც სძლევს ეშმაკს, და გაათავისუფლებს ადამიანს მისი მონობისაგან. ეს იყო პირველი აღთქმა მაცხოვრის შესახებ და ამის სახსოვრად უფალმა ასწავლა ადამს მსხვერპლის შეწირვა და სამსხვერპლო ცხოველის ტყავისაგან ტანისამოსის კეთება. ამის შემდეგ ადამმა უწოდა ცოლს სახელად ევა (სიცოცხლე), რადგან იგი შეიქმნა დედა ყოველთა.

მრავალმოწყალე ღმერთს, შეიძლება კიდეც ეპატიებინა მათთვის შეცოდება, რომ ცოლ-ქმარს შეენანიებიათ, მაგრამ ამის მაგიერ, თავის მართლება დაიწყეს და თვით ღმერთსაც კი დასდვეს ბრალი; ადამმა პირდაპირ უთხრა ღმერთს: შენმა მოცემულმა ცოლმა შემაცდინაო, ევამ კი გველს დააბრალა. ამიტომ ღმერთმაც არ აპატია შეცოდება.

ყოველმა კაცმა თავისი ცოდვა თავის თავს უნდა დააბრალოს. ეშმაკს შეუძლია მხოლოდ შეაგონოს ადამიანი, ძალას კი ვერ დაატანს, ამის უფლება მას არ აქვს კაცზე. ევას მხოლოდ ურჩია ეშმაკმა ნაყოფის ჭამა, ძალა კი არ დაუტანებია, გინდა თუ არა ჭამეო. როცა ცუდი სურვილი დაგვებადება, უნდა ვიცოდეთ, რომ ეშმაკისაგან არის. ჩვენ ნებაზეა დამოკიდებული დავემორჩილებით თუ არა.

ამნაირად, უკვდავებისა და ნეტარებისათვის გაჩენილი ადამიანი, თავისი შეცოდების გამო, შეიქნა მოკვდავი და უბედური. ხშირად გავიგონებთ ხოლმე, თითქოს საყვედურივით: რატომ მარტო პირველი ადამიანები არ დაიხოცნენ თავისი ცოდვებისათვის, ჩვენ რაღა დავაშავეთ, რომ ყველანი ვიხოცებითო? როგორც ვიცით, მსგავსი მსგავსსა შობს, წამხდარი თესლისაგან ნაყოფიც წამხდარი გამოვა, წამხდარი წყაროსაგან ნაკადულიც წამხდარი გამოდის. ასევე უნდა ვიფიქროთ ადამიანზეც. ცოდვილი მშობლებიდან, შვილებიც ცოდვილი უნდა დაბადებულიყვნენ. ამიტომ პირველი მშობლების ცოდვა ჩვენზედაც გადმოვიდა ყველა თავისი შედეგებით. ადამის მიერ ჩადენილი ცოდვით მთელი კაცობრიობა მოიწამლა და ამიტომ ყველა მოკვდავი შევიქენით, რადგან ჩვენც ყველანი ვცოდავთ, როგორც ამას დავინახავთ კაენის და შემდეგი თაობის მოქმედებიდან.

 

კაენი და აბელი

ედემიდან გამოძევებული ადამ და ევა იქვე, ედემის მახლობლად დაესახლენ. მალე მათ გაუჩნდათ შვილები. უფროს ვაჟს დაარქვეს კაენი, უმცროსს - აბელი. პირველი მიწის მუშა იყო, მეორე - მწყემსი. ერთხელ ამათ, როგორც მამისაგან ესწავლათ, ღმერთს მსხვერპლი შესწირეს, აბელს ახსოვდა აღთქმული მაცხოვარი, რომლისთვისაც სწირავდა მსხვერპლს, კაენს კი არ ახსოვდა. ამიტომ ღმერთმა აბელის მსხვერპლი მიიღო, კაენის კი უარყო. კაენი შურით აივსო. ღმერთმა გააფრთხილა კაენი, რომ ცოდვა არ ჩაედინა, მაგრამ მან ყური არ უგდო ამ გაფრთხილებას, გაიტყუა მინდვრად აბელი და მოკლა. ღმერთმა ამხილა კაენი ძმის მკვლელობაში, მაგრამ კაენმა არ შეინანა. ამიტომ ღმერთმა დასაჯა იგი და გააძევა მამის სახლიდან. ამის შემდეგ ძმისმკვლელი კაენი დაძრწოდა ქვეყანაზე და ვერსად პოულობდა მოსვენებას, სანამ თვით არ იქნა მოკლული. აბელის მაგიერ ღმერთმა მისცა ადამს ვაჟი სეითი.

ეს იყო პირველი მკვლელობა, რომელიც მოხდა ქვეყნის გაჩენის შემდეგ. ძლივს ორი ძმა დაიბადა ქვეყანაზე და ერთმა მეორე მოკლა. რატომ? იმიტომ, რომ ერთს შეშურდა, შეეხარბა მეორის კარგი კაცობა, მისი სათნო-ყოფა ღვთის წინაშე.

ასეთი ბოლო მოსდევს უგნურ შურს. გავუფრთხილდეთ, რომ არაფერი შეგვშურდეს სხვისი. თუ რამე სიკეთე შევამჩნიეთ ვისმე, ნუკი შეგვეხარბება, არამედ ვეცადოთ, რომ ჩვენც კარგები ვიყვნეთ. თუ შენი ამხანაგი კარგად სწავლობს, კეთილი ბავშვია და მასწავლებელს უყვარს, ამიტომ ნუკი შეგძულდება იგი, ნუკი შეგეხარბება მისი სიკეთე, არამედ წაბაძე მას, შენც კარგად ისწავლე, პატიოსნად მოიქეცი და მასწავლებელს თავი შეაყვარე. მოკვლის მაგიერ რომ კაენს აბელის სიკეთისთვის წაებაძა, თვითონაც მალე გახდებოდა ღვთის სათნო კაცი და მის მსხვერპლსაც მოწყალებით მიიღებდა ღმერთი. ახლა კი დაისაჯა იგი. ასე დაისჯება ყოველი ხარბი კაცი, რომელიც მოძმის ცუდს იფიქრებს.

კაენი ღმერთმა წინდაწინვე გააფრთხილა, რომ ძმა არ მოეკლა. ასე გვაფრთხილებს ჩვენც ღმერთი, როცა რომელიმე ცუდ საქმეს ვეპირებით, გული გვიშლის. ეს ღმერთი გვაფრთხილებს, ნუ იქმნ ცოდვასო და ჩვენც უნდა დავუჯეროთ. კაენი ღმერთმა ამხილა ძმის მკვლელობაში, ჩვენც ასე გვამხელს ხოლმე ღმერთი, როცა ღმერთის გაფრთხილებას არ მივიღებთ და ცუდ საქმეს მაინც ჩავიდენთ, გული გვიწუხს, ვერ ვისვენებთ. ეს ღმერთი გვამხილებს ცოდვაში. რა უნდა ვქნათ მაშინ? უნდა გამოვტყდეთ, რომ ცუდი საქმე ჩავიდინეთ და თან აღთქმა დავდოთ, რომ აღარ გავიმეორებთ და ვეცდებით სხვა ცუდი საქმეც არ ჩავიდინოთ. თუ ისე არ მოვიქეცით, მუდამ მწუხარებაში ვიქნებით და ვერ მოვისვენებთ, როგორც კაენმა ვერ მოისვენა მთელ თავის სიცოცხლეში.