გავიდა დიდი ხანი ქვეყნის გაჩენის შემდეგ, ხალხი გამრავლდა, მაგრამ მალე დაივიწყა ღმერთი. ამიტომ ქვეყანა გაირყვნა და აივსო უსამართლობით. არავინ დარჩა მართალი და მორწმუნე, გარდა ერთი კაცისა, რომელსაც სახელად ნოე ერქვა, და მისი ოჯახისა. ღმერთმა უბრძანა ნოეს ექადაგა, რომ ხალხი მოქცეულიყო. ნოემ იქადაგა ასოცი წელიწადი, მაგრამ ვერაფერი გააწყო. მაშინ ღმერთმა განიზრახა წარღვნით მოესპო შეუნანებელი კაცობრიობა და უბრძანა ნოეს გაეკეთებინა კიდობანი, ე.ი. დიდი ხომალდი, და შესულიყო შიგ თავისი ოჯახით და თან შეიყვანა შვიდ-შვიდი წყვილი წმინდა ცხოველები და ფრინველები, ხოლო ორ-ორი წყვილი - უწმინდური. დაიხურა თუ არა კიდობნის კარები, დაუშვა კოკისპირული წვიმა და იწვიმა 40 დღე და ღამე. წყალი მიწიდან ამოსკდა, ზღვები და მდინარეები გადმოვიდა ნაპირებიდან, წყალმა დაფარა უმაღლესი მთის მწვერვალები. ყველა დაიღუპა, ვინც კი კიდობანს გარეთ დარჩა - ადამიანები და ცხოველები. ეს წარღვნა მთელი დედამიწის ზურგზე იყო და ამიტომ მსოფლიო წარღვნა ჰქვია.
ორმოცი დღის შემდეგ წვიმამ გადაიღო და წყალმაც კლება იწყო. კიდობანი, რომელიც აქამდის წყალზე უგზო-უკვლოდ ტივტივებდა, ბოლოს არარატის მთაზე გაჩერდა. ნოე დარჩა კიდობანში, სანამ დედამიწა არ გაშრა, შემდეგ გამოვიდა კიდობნიდან, ცხოველებიც გამოუშვა და გამოსვლისთანავე ღმერთს სამადლობელი მსხვერპლი შესწირა. ღმერთმა მიიღო ნოეს მსხვერპლი, გაუმეორა აღთქმა მაცხოვარზე და შეატყობინა, რომ ამის შემდეგ წარღვნა აღარ იქნება, და ნიშნად ამისა გამოუსახა ცისარტყელა.
ნოე თავისი ოჯახით ღმერთმა წარღვნას გადაარჩინა, იმიტომ, რომ იგი კეთილი კაცი იყო და ღმერთი უყვარდა. ასევე ჩვენც ყოველი გაჭირვებისაგან დაგვიხსნის ღმერთი, უკეთუ კეთილი ადამიანები ვიქნებით და მას არ დავივიწყებთ.
ნოე რომ კიდობნიდან გამოვიდა, მიწის დამუშავება დაიწყო და ვენახი გააშენა. როცა ვენახმა ნაყოფი გამოიტანა, ღვინო დააყენა, მეტი დალია, დაითრო და ქოხში შიშველს მიეძინა. მამის ასეთი მდგომარეობა პირველად შუათანა შვილმა - ქამმა შენიშნა და ძმებს დაცინვით შეატყობინა. როცა ნოემ გაიღვიძა და ქამის უმართებულო საქციელი შეიტყო, მოიხმო სამივე შვილი: სემი, ქამი და იაფეთი. სემი და იაფეთი აკურთხა, ქამი კი შეაჩვენა. სემს უთხრა: შენი თესლისაგან მაცხოვარი განხორციელდებაო. ქამს უთხრა: შენი შთამომავლობა შენი ძმების შთამომავლობის მონობაში დარჩებაო.
ნოეს ლოცვა-კურთხევა გადავიდა სემზე და იაფეთზე, ქამის ჩამომავლობასაც სავსებით შეუსრულდა მისი შეჩვენება.
ასეთ გავლენას აძლევს ღმერთი მშობლების ლოცვა-კურთხევას და მათ შეჩვენებას შვილებზე: ამიტომ უნდა ვეცადოთ კეთილი შვილები ვიყვნეთ, რომ მშობლების ლოცვა-კურთხევა დავიმსახუროთ.
წარღვნის შემდეგ კაცობრიობა ნოეს შვილებისაგან გამრავლდა. ჯერ ყველანი ერთად ცხოვრობდნენ, ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს სცემდნენ თაყვანს და უფროსებს ემორჩილებოდნენ, მაგრამ მალე დაივიწყეს ღმერთი, გაირყვნენ და გაამპარტავდნენ. მათ მოინდომეს ცამდის გოდოლის (კოშკის) აგება, რომ სახელი გაეთქვათ ქვეყანაზე და წარღვნის დროსაც თავი შეეფარებინათ. ღმერთს არ მოეწონა მათი ასეთი საქციელი და შეურია მაშენებლებს ენა. ხალხმა ვეღარაფერი გაიგო ერთი მეორისა და გაიფანტა სხვადასხვა ქვეყნებში. აქედან წარმოსდგა სხვადასხვა ხალხი და სხვადასხვა ენა. გოდოლს, რომელიც ვერ დაამთავრეს, დაერქვა ბაბილონი (შერევნა).
ამპარტავნება დიდად მავნებელია ადამიანისათვის. ამპარტავნებამ დაღუპა პირველად ანგელოზები, ამპარტავნებამ დააკარგვინა ადამს და ევას სამოთხე, ამპარტავნებამ გააბნია და გააშორა ერთი მეორეს ხალხი და წარმოშვა სხვადასხვა ენა. აქედან ჩანს, რომ ამპარტავანი არ უყვარს ღმერთს, და სჯის მას, ამიტომ უნდა ვეცადოთ გულში ამპარტავნება არ შეგვეპაროს, რომ ღმერთმა ჩვენც არ დაგვსაჯოს.
გოდლის შენების შემდეგ გაფანტულმა ხალხმა მალე დაივიწყა თავისი მოდგმა და ჭეშმარიტი ღმერთი. შემოქმედის ნაცვლად ქმნილებებს დაუწყეს თაყვანისცემა. ღმერთად აღიარეს მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ზოგიერთი ცხოველები, ფრინველები და ქვეწარმავლები. აკეთებდნენ ამ საგნების გამოსახულებას, ასვენებდნენ სახლში ან საგანგებოდ გაკეთებულ ტაძრებში და თაყვანს სცემდნენ მათ. ასე წარმოსდგა კერპები და მათი თაყვანისცემა.
როცა მთელი კაცობრიობა კერპების თაყვანისმცემელი შეიქნა, ამ დროს ქალდეველთა ქვეყანაში ცხოვრობდა ერთი კეთილმორწმუნე კაცი, სახელად აბრაამი. ქვეყანაზე ჭეშმარიტი სარწმუნოება რომ შენახულიყო აბრაამის შთამომავლობაში მაინც, ღმერთმა უბრძანა მას დაეტოვებინა თავისი სამშობლო და ქანაანის ქვეყანაში გადასახლებულიყო. აბრაამი დაემორჩილა ღვთის ბრძანებას, წაიყვანა თავისი ცოლი სარა და მივიდა ქანაანის ქვეყანაში. აქ ღმერთი ხელმეორედ გამოეცხადა მას და აღუთქვა: ამ ქვეყანას შენს შთამომავლობას დავუმკვიდრებო, და თესლისაგან შენისა იკურთხევიან ყოველნი ტომნი ქვეყანისანიო. ესე იგი, შენი შთამომავლობისაგან დაიბადება მხსნელი ქვეყნისაო. ამ დროს აბრაამს და სარას ჯერ კიდევ შვილი არ ჰყავდათ. აბრაამი დაესახლა ქანაანის ქვეყანაში მამბრეს ტყიან მიდამოში და იქ დაიდვა კარავი ერთი დიდი მუხის ძირას. ამ მუხას მამბრეს მუხა დაერქვა და დღესაც ხარობს პალესტინაში მისი ჯიში.
აბრაამი სტუმართმოყვარე კაცი იყო. მგზავრი ისე ვერ გაივლიდა მის კარავთან, რომ არ მიეწვია და პატივი არ ეცა. ერთხელ აბრაამმა სამი მგზავრი დაინახა მომავალი, მიეგება მათ, მორიდებით მიიწვია კარავში. ჩვეულებისამებრ მგზავრებს ფეხი დაბანეს და საჭმელი მიართვეს; ჭამის დროს ერთმა მგზავრმა სარა მოიკითხა და აუწყა აბრაამს: ერთი წლის შემდეგ ვაჟი გაგიჩნდებაო. აბრაამი და სარა ამ დროს შვილიერების ასაკს გადასული იყვნენ; ამიტომ სარას ეუცხოვა მგზავრის სიტყვები. მგზავრმა დაარწმუნა აბრაამი, რომ ღმერთისთვის ყველაფერი შესაძლებელია. ამის შემდეგ მგზავრები წასასვლელად ადგნენ. აბრაამმა გააცილა ისინი და მათი მუსაიფიდან დარწმუნდა, რომ ისინი უბრალო მგზავრები არ იყვნენ, არამედ ღმერთი და ორი ანგელოზი.
მგზავრის წინასწარმეტყველება ასრულდა, აბრაამს გაუჩნდა სარასაგან შვილი, რომელსაც ისაკი უწოდა. როცა ისაკი 17 წლის შეიქნა, ღმერთმა გამოსცადა აბრაამის სარწმუნოების სიმტკიცე და მოსთხოვა, რომ ისაკი მსხვერპლად შეეწირა იმ ადგილას,სადაც უჩვენებდა. შეწუხდა აბრაამი, მაგრამ, ღვთის კეთილ განზრახვაში სრული დარწმუნებული დაუყოვნებლივ შეუდგა ბრძანების შესრულებას. მან მოამზადა ყველაფერი, რაც საჭირო იყო, წაიყვანა ისაკი და გაუდგა გზას. სამი დღე იარა და მხოლოდ მესამე დღეს საღამოს მიიღო ღვთისაგან ბრძანება, სად უნდა შეესრულებინა მსხვერპლის შეწირვა (როგორც ამბობენ, ეს ადგილი სწორედ ის გოლგოთას მაღლობი იყო, სადაც შემდეგ ჯვარს ეცვა აღთქმული მაცხოვარი). ისაკმა არ იცოდა მამის განზრახვა და გზაში ეკითხებოდა: ყველაფრით მზად მივდივართ და სამსხვერპლო ცხოველი კი რად არ მიგვყავსო? ღმერთი მოგვცემსო, - ანუგეშებდა მამა. ავიდნენ მაღლობზე. აბრაამმა გააკეთა სამსხვერპლო და განუცხადა ისაკს თავისი განზრახვა. ისაკი იმდენად იყო მამის მორჩილი, რომ უარი არ უთქვამს. მხოლოდ სთხოვა შეეკრა, რომ დაკვლის დროს უნებლიედ არაფერი ევნო მამისთვის. როცა აბრაამმა დანა მოუღერა შვილს დასაკლავად, უეცრად ანგელოზმა ხელი დაუჭირა და აუწყა მას ღვთის ნება, რომ ისაკის ნაცვლად იქვე ბუჩქზე მიბმული ვერძი შეეწირა. აბრაამმა შესწირა ღმერთს მსხვერპლი და დიდი სიხარულით დაბრუნდა შინ. ასეთი მორჩილებისათვის ღმერთმა კიდევ ერთხელ აკურთხა აბრაამი და ისაკი და გაუმეორა მათ აღთქმა მაცხოვარზე. მამის მორჩილებისათვის ღმერთმა დღეგრძელობით და კეთილი ცხოვრებით დააჯილდოვა ისაკი.
ისაკს ტყუპი ვაჟი შეეძინა: ესავი და იაკობი. ესავი უფროსი იყო, იაკობი უმცროსი. მაშინდელი ჩვეულებით მამის კურთხევა და ორი წილი ქონება უფროსს, ესავს, უნდა რგებოდა, მაგრამ, ღვთის განაგებით, ისაკმა იაკობი აკურთხა და ამით უფროსობაც მას მიაკუთვნა. ამიტომ ესავმა ძმის შური ჩაიდვა გულში და მოსაკლავად სდევნიდა. შეშინებული იაკობი, დედის რჩევით, თავის ბიძა ლაბანთან გაიქცა ქალდეაში დასამალავად. როცა მიდიოდა, გზაში შემოაღამდა და ტრიალ მინდორზე დაიძინა. ძილში ნახა კიბე, რომელიც სიმაღლით ცას სწვდებოდა. კიბეზე ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ ანგელოზები. ზემოთ იდგა ღმერთი და იაკობს მოესმა ხმა უფლისა: მე ვარ ღმერთი აბრაამისი და ისაკისი, ნუ გეშინია, რადგან მე ვიქნები შენი მფარველი. იმ ქვეყანას, სადაც ახლა შენ გძინავს, შენს შთამომავლობას დავუმკვიდრებ. ამ ჩვენებამ გაამხნევა იაკობი. როცა გაიღვიძა, ღმერთს მადლობა შესწირა და დამშვიდებული, რომ ძმა ვერაფერს დააკლებდა, გაუდგა გზას ბიძისაკენ. ბიძასთან იაკობი ოცი წელი დარჩა, ცოლი შეირთო, დიდძალი სიმდიდრე შეიძინა და მამის სიცოცხლეშივე დაბრუნდა სამშობლოში, შეურიგდა ძმას და იწყო ბედნიერი ცხოვრება.