1. პავლე და სილოანე და ტიმოთე ეკლესიასა თესალონიკელთასა ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა იესუ ქრისტესა: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.
2. ვჰმადლობთ ღმერთსა მარადის თქუენ ყოველთათჳს, ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფთ ლოცვათა შინა ჩუენთა. 3. მოუკლებელად მოვიჴსენებთ თქუენთა მათ საქმეთა სარწმუნოებისათა და შრომასა სიყუარულისასა და მოთმინებასა მას სასოებისასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა წინაშე ღმრთისა და მამისა ჩუენისა. 4. უწყოდეთ, ძმანო საყუარელნო ღმრთისანო, რჩეულებაჲ ეგე თქუენი, 5. რამეთუ სახარებაჲ ესე ჩუენი არა იყო თქუენდა მიმართ სიტყჳთ ხოლო, არამედ ძალითაცა და სულითა წმიდითა და გულ-სავსებითა მრავლითა, ვითარცა-იგი იცით, რაბამ ვიქმნენით ჩუენ თქუენდა მიმართ თქუენთჳსვე. 6. და თქუენ მობაძავ ჩუენდა იქმნენით და უფლისა, და შეიწყნარეთ სიტყუაჲ იგი ჭირსა შინა მრავალსა სიხარულითა სულისა წმიდისაჲთა, 7. ვიდრეღა იქმნენითცა თქუენ სახე ყოველთა მათ მორწმუნეთა, რომელნი არიან მაკედონიას შინა და აქაჲას. 8. რამეთუ თქუენ მიერ განეფინა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ არა ხოლო მაკედონიას შინა და აქაიას, არამედ ყოველთა ადგილთა სარწმუნოებაჲ თქუენი ღმრთისა მიმართ განჴდა, ვიდრემდის არღარა გჳჴმს ჩუენ სიტყუად რაჲმე. 9. მაგათ თჳთ გითხრან ჩუენთჳს, ვითარი შესლვაჲ გუაქუნდა თქუენდა მიმართ, და ვითარ მოიქეცით კერპთაგან ღმრთისა მიმართ მონებად ღმრთისა ცხოველისა და ჭეშმარიტისა 10. და მოლოდებად ძისა მისისა ზეცით, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით, იესუ, მჴსნელი ჩუენი, რისხვისა მისგან მომავალისა.
1. რამეთუ თქუენ თჳთ უწყით, ძმანო, შემოსლვაჲ იგი ჩუენი თქუენდა მიმართ, რამეთუ არა ცუდად რაჲ იყო; 2. არამედ წინაწარ ვივნეთ და ვიგინენით, ვითარცა-იგი უწყით, ფილიპეს შინა, განვეცხადენით ღმრთისა ჩუენისა მიერ სიტყუად თქუენდა მიმართ სახარებასა მას ღმრთისასა მრავლითა ღუაწლითა. 3. რამეთუ ნუგეშინის-ცემაჲ ესე ჩუენი არა საცთურისაგან, არცა არა-წმიდებისა, არცა ზაკუვით, 4. არამედ, ვითარცა-იგი გამოცდილ ვართ ღმრთისა მიერ რწმუნებად ჩუენდა სახარებაჲ იგი, ეგრეთცა ვიტყჳთ, არა ვითარცა კაცთა სათნო-ვეყოფვით, არამედ ღმერთსა, რომელი-იგი არს გამომცდელი გულითა ჩუენითაჲ. 5. რამეთუ არცა სადა სიტყჳთა ლიქნისაჲთა ვიყვენით, ვითარცა-ეგე თქუენ უწყით, არცა მიზეზითა ანგაჰრებისაჲთა, ღმერთი მოწამე არს. 6. არცა ვეძიებთ კაცთაგან დიდებასა, არცა თქუენგან და არცა სხუათაგან; და ესეღა ჴელ-გუეწიფების, და- თუმცა რაჲმე-გამძიმეთ, ვითარცა ქრისტეს მოციქულთა, 7. არამედ ვიქმნენით ჩუენ მშჳდ და მყუდრო თქუენ შორის, ვითარცა მზრდელი რაჲ ჰფუფუნებენ თჳსთა შვილთა. 8. ეგრეთ მოსურნე ვიყვენით თქუენდა და ჯერ-გჳჩნდა მიცემად თქუენდა არა ხოლო სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ, არამედ თჳსთაცა სულთა, რამეთუ საყუარელ ჩუენდა იქმნენით. 9. მოიჴსენენით, ძმანო, შურომანი ჩუენნი და რუდუნებანი, რამეთუ ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის დაუმძიმოთ თქუენგანსა, და ესრეთ ვქადაგეთ თქუენდა მიმართ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ. 10. თქუენ მოწამე ხართ და ღმერთი, ვითარ-იგი ღირსად და მართლად და უბიწოდ თქუენ მორწმუნეთა მიმართ ვიყვენით, 11. ვითარცა-ეგე იცით, ვითარ კაცად-კაცადსა თქუენსა, ვითარცა მამაჲ თჳსსა შვილსა, ეგრეთ გლოცევდით თქუენ და ნუგეშინის-გცემდით 12. და გიწამებდით, რაჲთა ხჳდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ თჳსსა მას სასუფეველსა და დიდებასა. 13. ამისთჳს ჩუენცა ვჰმადლობთ ღმერთსა მოუკლებელად, რამეთუ მიიღეთ თქუენ სიტყუაჲ იგი სმენისა ღმრთისაჲ ჩუენ მიერ და შეიწყნარეთ არა თუ სიტყუაჲ კაცთაჲ, არამედ ვითარცა არს ჭეშმარიტად სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რომელიცა-იგი შეწევნასა აჩუენებს თქუენ შორის მორწმუნეთა მაგათ. 14. რამეთუ თქუენ მობაძავ იქმნენით, ძმანო, ეკლესიათა მათ ღმრთისათა, რომელნი არიან ჰურიასტანს ქრისტე იესუჲს მიერ, რამეთუ ეგრეთვე გევნო თქუენცა თჳსთაგან ტომთა, ვითარცა-იგი მათ ჰურიათაგან, 15. რომელთა-იგი უფალი მოკლეს იესუ და თჳსნი წინაწარმეტყუელნი და ჩუენ გამოგუდევნნეს და ღმერთსა არა სათნო-ეყვნეს და ყოველთა კაცთა წინააღმდგომ არიან 16. და ჩუენ მაბრკოლებენ წარმართთა მიმართ სიტყუად, რაჲთა ცხონდენ, რაჲთა აღესრულნენ ცოდვანი მათნი მარადის; რამეთუ მოიწია მათ ზედა რისხვაჲ სრულიად.
17. ხოლო ჩუენ, ძმანო, ობოლ ღათუ ვიქმნენით თქუენგან წუთერთ ჟამ პირითა და არა გულითა, უმეტესად ვისწრაფეთ პირისა თქუენისა ხილვად მრავლითა წადიერებითა. 18. ვინაჲცა ვინებეთ მისლვაჲ თქუენდა მე, პავლე, ერთ-გზის და ორ-გზის, და დამაბრკოლნა ჩუენ სატანა. 19. რამეთუ რაჲ-მე არს სასოებაჲ ჩუენი ანუ სიხარული ანუ გჳრგჳნი სიქადულისაჲ? ანუ არა-მე თქუენა წინაშე უფლისა იესუ ქრისტესა მისსა მას მოსლვასა? 20. რამეთუ თქუენ ხართ დიდებაჲ ჩუენი და სიხარული.
1. ვინაჲცა ვერღარა დავთმეთ, ჯერ-ვიჩინეთ ათინას შინა დაშთომაჲ მარტოთა 2. და მივავლინეთ ტიმოთე, ძმაჲ ჩუენი და მსახური ღმრთისაჲ და თანა-შემწე ჩუენი სახარებასა მას ქრისტესსა, რაჲთა დაგამტკიცნეს თქუენ და ნუგეშინის-გცეს თქუენ სარწმუნოებისა მაგის თქუენისათჳს, 3. რაჲთა არას იურვიოდით ჭირთა ამათ შინა, რამეთუ თქუენ თჳთ უწყით, ვითარმედ ვდგათ-ვე ამისთჳს. 4. და ვიდრე-იგი თქუენ თანა ვიყვენით, წინაწარ გითხრობდით თქუენ, ვითარმედ ჭირთა შესლვად ვართ, ვითარცა-ესე იქმნაცა და იხილეთ. 5. ამისთჳს მეცა ვერღარა დავთმე და მივავლინე ტიმოთე, რაჲთა ვცნა თქუენი ეგე სარწმუნოებაჲ, ნუუკუე განგცადნა თქუენ განმცდელმან მან, და ცუდად იყოს შრომაჲ იგი ჩუენი. 6. ხოლო აწღა მოვიდა ტიმოთე თქუენით და მახარა ჩუენ სარწმუნოებაჲ და სიყუარული თქუენი, და რამეთუ გაქუს ჴსენებაჲ ჩუენი კეთილი მარადის და გსურის ხილვად ჩუენდა, ვითარცა-ესე ჩუენ თქუენდა. 7. ამისთჳს ნუგეშინის-ცემულ ვიქმნენით, ძმანო, თქუენ ზედა ყოველთა მათგან ურვათა და ჭირთა ჩუენთა თქუენითა მაგით სარწმუნოებითა, 8. რამეთუ აწ ვცხონდით, უკეთუ თქუენ მტკიცედ სდგეთ უფლისა მიერ. 9. რამეთუ რომელსა-მე მადლობასა შემძლებელ ვართ მიცემად ღმრთისა თქუენთჳს ყოველისა მისთჳს სიხარულისა, რომლითა გჳხარის თქუენთჳს წინაშე ღმრთისა ჩუენისა. 10. ღამე და დღე უფროჲს და უმეტეს ვევედრებით ხილვად პირისა თქუენისა და განმტკიცებად დაკლებული იგი სარწმუნოებისა თქუენისაჲ. 11. ხოლო თავადმან ღმერთმან და მამამან ჩუენმა და უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან წარჰმართენ გზაჲ ჩუენი თქუენდა მიმართ. 12. ხოლო თქუენ უფალმან გარდაგრიენ და გარდაგმატენ სიყურულითა ურთიერთარს და ყოველთა მიმართ, ვითარცა-ესე ჩუენ თქუენდა მიმართ, 13. განმტკიცებად გულთა თქუენთა სიწმიდით და უბიწოდ წინაშე ღმრთისა და მამისა ჩუენისა მოსლვასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა ყოველთა თანა წმიდათა მისთა.
1. ამიერითგან, ძმანო ჩემნო, გიკითხავთ და გლოცავთ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა, რაჲთა ვითარცა-იგი ისწავეთ ჩუენგან, ვითარ ჯერ-არს თქუენდა სლვაჲ და სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა უფროჲს ჰმატებდეთ; 2. რამეთუ იცით, ვითარნი მცნებანი მიგცენით თქუენ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა. 3. რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ, სიწმიდე ეგე თქუენი, განშორებად თქუენდა სიძვისაგან, 4. ცნობად კაცად-კაცადისა თქუენისა თავისა თჳსისა ჭურჭელი მოგებად სიწმიდით და პატივით, 5. ნუ ვნებითა გულის თქუმისაჲთა, ვითარცა-იგი წარმართნი, რომელთა არა იციან ღმერთი, 6. არა გარდასლვად და მოანგაჰრებად საქმესა ძმისა თჳსისასა, რამეთუ შურის-მეძიებელ არს ღმერთი ამათ ყოველთათჳს, ვითარცა-იგი წინაწარ გარქუთ თქუენ და გიწამებდით. 7. რამეთუ არა გჳჩინნა ჩუენ ღმერთმან არაწმიდებად, არამედ სიწმიდედ. 8. აწ უკუე რომელმან შეურაცხ-ყოს, არა კაცსა შეურაცხ-ჰყოფს, არამედ ღმერთსა, რომელმანცა მოგცა სული წმიდაჲ მისი თქუენ ზედა.
9. ხოლო ძმათ მოყუარებისათჳს არა გჳჴმს მიწერად თქუენდა, რამეთუ თქუენ თჳთ ღმრთივ სწავლულნი ხართ სიყუარულისათჳს ურთიერთარს 10. და რამეთუ ჰყოფთცა მას ყოველთა მიმართ ძმათა, რომელნი არიან ყოველსა მაკედონიასა. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, გარდამატებად უფროჲსღა 11. და პატივის-ცემის მოყუარე იყვენით და მყუდრო და იქმოდეთ თჳსსა და შურებოდეთ ჴელითა თქუენითა, ვითარცა-იგი გამცენით თქუენ, 12. რაჲთა ხჳდოდით შუენიერად გარეშეთა მათ მიმართ, და ნურარაჲ ვის გიჴმნ.
13. ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს, რაჲთა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ. 14. რამეთუ უკუეთუ გურწამს, ვითარმედ იესუ მოკუდა და აღდგა, ეგრეცა ღმერთმან შესუენებულნი იგი იესუჲს მიერ მოიყვანნეს მის თანა. 15. ხოლო ამას გეტყჳ თქუენ სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწინეთ შესუენებულთა მათ, 16. რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზთ მთავრისაჲთა და საყჳრითა ღმრთისაჲთა გარდამოჴდეს ზეცით, და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად; 17. და მაშინღა ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხუევად უფლისა ჰაერთა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფვოდით. 18. ვინაჲცა ნუგეშინის-სცემდით ურთიერთარს სიტყუათა ამათ მიერ.
1. ხოლო ჟამთა მათთჳს და წელთა, ძმანო, არა გჳჴმს მიწერად თქუენდა, 2. რამეთუ თქუენ თჳთ გამოწულილვით იცით, რამეთუ დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, ეგრეთ მოიწევის. 3. რამეთუ რაჟამს თქუან: „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსრველი, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ, და ვერ განერნენ. 4. ხოლო თქუენ, ძმანო, არა ხართ ბნელსა შინა, რაჲთა დღე იგი ვითარცა მპარავი გეწიოს თქუენ. 5. რამეთუ თქუენ ყოველნი შვილნი ნათლისანი ხართ და შვილნი დღისანი, და არა ვართ ღამისანი, არცა ბნელისანი. 6. აწ უკუე ნუმცა გუძინავს, ვითარცა-იგი სხუათა, არამედ მღჳძარე ვიყვნეთ და განვიფრთხოთ. 7. რამეთუ რომელთა-იგი სძინავნ, ღამე სძინავნ, და რომელნი-იგი დაითრვნიან, ღამე დაითრვნიან. 8. ხოლო ჩუენ, რამეთუ დღისანი ვართ ნაშობნი, განვიფრთხოთ, შევიმოსოთ ჯაჭჳ იგი სარწმუნოებისაჲ და სიყუარულისაჲ და ჩაფხუტი იგი სასოებისაჲ და ცხოვრებისაჲ. 9. რამეთუ არა შემქმნნა ჩუენ ღმერთმან რისხვისათჳს, არამედ შესაწევნელად ცხორებისა უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა, 10. რომელი მოკუდა ჩუენთჳს, რაჲთა, გინა თუ გუეძინოს გინა თუ გუეღჳძოს, ერთბამად მის თანა ვცხონდეთ. 11. ამისთჳს ნუგეშინის-სცემდით ურთიერთას და აღაშენებდით ურთიერთსა, ვითარცა-ეგე ჰყოფთცა.
12. ხოლო გლოცავთ თქუენ, ძმანო, იცნითმცა მშრომელნი იგი თქუენ შორის და წინამძღუარნი იგი თქუენნი უფლისა მიერ და მასწავლელნი იგი თქუენნი. 13. და უმეტესად შეჰრაცხენით იგინი სიყუარულით უფროჲს საქმისათჳს მათისა; და მშჳდობასა ჰყოფდით მათ თანა. 14. გლოცავ თქუენ, ძმანო, სწავლიდით უწესოთა მათ, ნუგეშინის-სცემდით სულმოკლეთა, თავს-იდებდით უძლურთა მათ, სულგრძელ იყვენით ყოველთა მიმართ. 15. ეკრძალენით, ნუუკუე ბოროტისა წილ ბოროტი ვისმე მიაგოთ; არმედ მარადის კეთილსა შეუდეგით ურთიერთარს და ყოველთა მიმართ. 16. მარადის გიხაროდენ. 17. მოუკლებელად ილოცევდით. 18. ყოველსა შინა ჰმადლობდით, რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ ქრისტე იესუჲს მიერ თქუენდა მიმართ. 19. სულსა ნუ დაავსებთ. 20. წინაწარმეტყუელებათა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ. 21. ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ. 22. ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა განეშორენით. 23. ხოლო თავადმან ღმერთმან მშჳდობისამან წმიდა გყვენინ თქუენ ყოვლითა სრულებითა და ყოვლითა სიცოცხლითა, სული თქუენი, სამშჳნელი და გუამი უბიწოდ მოსლვასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა დაჰმარხენინ. 24. სარწმუნო არს, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ, ვითარმედ და ყოსცა.
25. ძმანო, ილოცევდით ჩუენთჳსცა.
26. მოიკითხენით ძმანი ყოველნი ამბორის-ყოფითა წმიდითა.
27. გაფუცებ თქუენ უფალსა, წარუკითხეთ წიგნი ესე ყოველთა ძმათა წმიდათა.
28. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ თანა. ამინ.