პავლე მოციქულისა წიგნი ებრაელთა მიმართ

თავი 1

1. მრავლით კერძო და მრავლით სახით მაშინვე ღმერთი ეტყოდა მამათა წინაწარმეტყუელთა მიერ, ხოლო უკუანაჲსკნელთა ამათ დღეთა მეტყოდა ჩუენ ძისა მიერ თჳსისა, 2. რომელი-იგი დაადგინა მკჳდრად ყოველთა, რომლისაგანცა შექმნნა საუკუნენი, 3. რომელი-იგი არს ბრწყინვალებაჲ დიდებისაჲ და ხატი ძლიერებისა მისისაჲ, უტჳრთვან ყოველნივე სიტყჳთა მით ძლიერებისა მისისაჲთა, თავისა მიერ თჳსისა განწმედაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ ყო; და დაჯდა იგი მარჯუენით სიმდიდრესა მისსა მაღალთა შინა; 4. ესოდენ უმჯობეს იყო ანგელოზთა, რაოდენცა უმჯობესი მათსა დაიმკჳდრა სახელი. 5. რამეთუ ოდეს-სადა ვის ჰრქუა ანგელოზთაგანსა: ძე ჩემი ხარი შენ, და მე დღეს მიშობიე შენ? და მერმე იტყჳს: მე ვიყო მისა მამა, და იგი იყოს ჩემდა ძე. 6. და ოდეს კუალად შემოჰყავს პირმშოჲ იგი სოფლად, იტყჳს: და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი ანგელოზნი ღმრთისანი. 7. ხოლო ანგელოზთათჳს იტყჳს: რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა. 8. ხოლო ძისათჳს იტყჳს: საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე; კუერთხი განგებისაჲ და კუერთხი სუფევისა შენისაჲ. 9. შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უშჯულოებაჲ. ამისთჳს გცხოს შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაჲ უმეტეს მოყუასთა შენთა. 10. და: შენ დასაბამსა, უფალო, ქუეყანაჲ დააფუძნე, და ქმნულნი ჴელთა შენთანი ცანი არიან; 11. იგინი წარჴდენ, ხოლო შენ ეგო უკუნისამდე; და ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდენ, 12. და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე იგინი, და იცვალნენ. ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადთა შენთა არაჲ მოაკლდეს. 13. ოდეს-სადა ვის ანგელოზთაგანსა ჰრქუა სადამე: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშა ფერჴთა შენთა? 14. ანუ არა ყოველნივე არიანა მოხარკე სულებ, მსახურად მოვლინებულ მათთჳს, რომელთაჲ-იგი დამკჳდრებად არს ცხორებაჲ?

 

თავი 2

1. ამისთჳს ჯერ-არს უმეტესად კრძალვაჲ ჩუენი, რომელთა-ესე გუასმიეს, რაჲთა არა მოუძლურდეთ. 2. რამეთუ უკუეთუ რომელი-იგი ანგელოზთა მიერ ითქუა სიტყუაჲ, იქმნა მტკიცე და ყოველმან შჯულისა გარდამავალმან და ურჩმან მიიღო საშჯელი კუალად-გებისაჲ, 3. ვითარ-მე ჩუენ განვერნეთ, უკუეთუ ესოდენი-ესე უდებ-ვყოთ ცხორებაჲ, რომელმან-იგი დასაბამი მოიღო სიტყუად უფლისა მიერ, მსმენელთა მათგან ჩუენდა მომართ დამტკიცნა, 4. თანა-მოწამებითა ღმრთისაჲთა, სასწაულებითა და ნიშებითა და ფერად-ფერადითა ძალითა და სულისა წმიდისა განყოფითა ნებისაებრ მისისა?

5. რამეთუ არა ანგელოზთა დაამორჩილა მერმე იგი სოფელი, რომლისათჳს-ესე ვიტყჳთ. 6. ხოლო უწამებიეს სადამე ვისმე და იტყჳს: რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე იგი? ანუ ძე კაცისაჲ, რამეთუ მოხედე მას? 7. დააკლე იგი მცირედ რაჲმე ანგელოზთა შენთა; დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსან ჰყავ იგი, 8. ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერჴთა მისთა. რამეთუ დამორჩილებასა მას ყოვლისასა არარაჲ დაუშთა მისა დაუმორჩილებელად. ხოლო აწ არღა ვხედავთ ყოველსავე დასამორჩილებელად. 9. ხოლო მცირედ რაჲმე ანგელოზთა დაკლებულად ვხედავთ იესუს ვნებითა მით სიკუდილისაჲთა და დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსანსა, რაჲთა მადლითა ღმრთისაჲთა ყოვლისავეთჳს იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ. 10. რამეთუ შე-ვე მისა-ჰგვანდა მისა, რომლისათჳს არს ყოველი და რომლისაგან არს ყოველი, რომელმან მრავალნი შვილნი დიდებად მოიყვანნა, და წინამძღუარი იგი ცხორებისა ჩუენისაჲ ვნებითა სრულ ყოფად. 11. რამეთუ განმწმედელი იგი და განწმედილნი იგი ერთისაგან არიან ყოველნი, რომლისათჳსაცა არა ჰრცხუენის ძმად წოდებაჲ მათი და იტყჳს: 12. მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის კრებულსა გიგალობდე შენ. 13. და მერმე იტყჳს: მე ვიყო მოსავ მისსა; და კუალად: აჰა ესერა მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან. 14. რამეთუ ყრმათაცა ეზიარა ჴორცითა და სისხლითა, და თავადმან მსგავსად მოიღო მათივე, რაჲთა სიკუდილითა მით განაქარვოს, რომლისა-იგი ჴელმწიფებაჲ აქუნდა სიკუდილისაჲ, ესე იგი არს ეშმაკი, 15. და განათავისუფლნეს ესენი, რაოდენნი შიშითა სიკუდილისაჲთა სამარადისოდ ცხორებად თანა-მდებ იყვნეს კირთებისა. 16. რამეთუ არასადაჲთ ანგელოზთაჲთ იწყო, არამედ ნათესავისაგან აბრაჰამისა იწყო. 17. ამისთჳს ჯერ-იყო მისა ყოვლითავე ძმათა მსგავსებაჲ, რაჲთა მოწყალე ექმნეს და სარწმუნო მღდელთმოძღუარ ღმრთისა მიმართ, რაჲთა ულხინებდეს ცოდვილთა ერისათა. 18. რამეთუ რომლითა-იგი ივნო თავადმან და გამოიცადა, ძალ-უც, რომელნი-იგი განიცადებოდიან, მათდაცა შეწევნად.

 

თავი 3

1. ვინაჲცა, ძმანო წმიდანო, ჩინებისა მის ზეცათაჲსა ზიარნო, განიცადეთ მოციქული იგი და მღდელთმოძღუარი აღსარებისა ჩუენისაჲ, იესუ ქრისტე, 2. რომელი სარწმუნო არს შემოქმედისა თჳსისა, ვითარცა-იგი მოსეცა ყოველსა მას სახლსა მისსა. 3. რამეთუ უმრავლესსა დიდებასა ესე ღირს იყო უფროჲს მოსესსა, ვითარცა-იგი უფროჲსი პატივი აქუნ სახლისაჲ მის მაშენებელსა მას მისსა. 4. რამეთუ ყოველი სახლი აღეშენის ვისგანმე; ხოლო რომელმან ყოველივე აღაშენა, ღმერთი არს. 5. და მოსეცა სარწმუნო იყო ყოველსავე სახლსა მისსა, ვითარცა მსახური მოწამედ თქმულთა მათ. 6. ხოლო ქრისტე, - ვითარცა ძე სახლსა ზედა მისსა; რომლისა სახლ ვართ ჩუენ, უკუეთუ კადნიერებაჲ იგი და სიქადული სასოებისაჲ მის ვიდრე აღსასრულადმდე მტკიცედ შევიკრძალოთ. 7. ამისთჳს, ვითარცა იტყჳს სული წმიდაჲ, დღეს თუ ჴმისა მისისაჲ ისმინოთ, 8. ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა, ვითარცა-იგი განმწარებასა მას დღისა მისებრ გამოცდისა უდაბნოსა ზედა, 9. სადა-იგი განმცადეს მე მამათა თქუენთა; გამომცადეს მე და იხილნეს საქმენი ჩემნი ორმეოც წელ. 10. ამისთჳს მოვიწყინე ნათესავი იგი და ვთქუ: მარადის სცთებიან იგინი გულითა მათითა და მათ არა იცნნეს გზანი ჩემნი. 11. ვითარცა ვფუცე რისხვითა ჩემითა, ვერ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა. 12. ეკრძალენით, ძმანო, ნუუკუე სადამე იყოს ვისმე თქუენთაგანსა თანა გული უკეთური ურწმუნოებისაჲ განდგომად ღმრთისაგან ცხოველისა. 13. არამედ ნუგეშინის-სცემდით თავთა თჳსთა დღითი დღედ, ვიდრე-ესე დღესღა ჰრქჳან, რაჲთა არა გან-ვინმე-ფიცხნეს თქუენგანი საცთურითა მით ცოდვისაჲთა. 14. რამეთუ თანა-ზიარ ქრისტესა ვიქმნენით, უკუეთუ დასაბამი იგი ძლიერებისაჲ აღსასრულადმდე მტკიცედ შევიკრძალოთ. 15. რაჟამს იტყოდის: დღეს თუ ჴმისა მისისაჲ ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა, ვითარცა-იგი განმწარებასა მას. 16. რამეთუ ესმა ვიეთმე და განამწარეს, არამედ არა ყოველთა, რომელნი გამოვიდეს ეგჳპტით მოსეს მიერ. 17. ხოლო ვიეთი მოიწყინა ორმეოც წელ? ანუ არა რომელთა-იგი შესცოდესა, რომელთაჲ-იგი ძუალები დაცჳვა უდაბნოსა ზედა? 18. ანუ ვიეთ ეფუცა არა-შესლვად განსასუენებელსა მისსა? არა-მე ურჩთა მათ? 19. და ვხედავთ, რამეთუ ვერ შეუძლეს შესლვად ურწმუნოებითა.

 

თავი 4

1. გუეშინოდენ უკუე, ნუსადა, დატევებასა მას აღთქუმისასა შესლვად განსასუენებელსა მისსა, ჰგონებდეს ვინმე თქუენგანი დაკლებულად თავსა თჳსსა. 2. და რამეთუ ვართ ჩუენ ხარებულ, ვითარცა-იგი იგინი; არამედ არარაჲ არგო მათ სიტყუამან მან სმენისამან, ვინაჲთგან არა თანა-შეეზავა სარწმუნებაჲ იგი მსმენელთა მათ. 3. ხოლო ჩუენ შევიდეთ განსასუენებელსა მას, მორწმუნენი ესე, ვითარცა-იგი თქუა: ვითარცა ვფუცე რისხვითა ჩემითა, ვერ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა; და დაღათუ საქმენი იგი დასაბამითგან სოფლისაჲთ ქმნულ იყვნეს. 4. რამეთუ უთქუამს სადამე მეშჳდისა მისთჳს ესრეთ: და განისუენა ღმერთმან დღესა მას მეშჳდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა. 5. და ამისა შემდგომად კუალად იტყჳს: ვერ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა. 6. ვინაჲთგან უკუე და-ვიეთმე-აკლებს შესლვად მას შინა, და რომელნი-იგი წანაწარ ხარებულ იქმნეს, ვერ შევიდეს ურწმუნეობითა. 7. კუალად რასმე განაჩინებს დღესა დავითის მიერ და იტყჳს, შემდგომად ესოდენისა ჟამისა, ვითარცა-იგი თქუმულ არს: დღეს თუ ჴმისა მისისაჲ ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა. 8. რამეთუ უკუეთუმცა ისოს, ძესა ნავესსა, განესუენა მათდა, არამცა სხჳსა დღისათჳს ამისსა შემდგომად იტყოდა. 9. და-სამე-აკლდების შაბათობაჲ იგი ერსა მას ღმრთისასა. 10. რამეთუ რომელი-იგი შევიდა განსასუენებელსა მისსა, მანცა განისუენა საქმეთაგან მისთა, ვითარცა-იგი თჳსთაგან ღმერთმან. 11. ვისწრაფოთ უკუე შესლვად განსასუენებელსა მას, რაჲთა არა მასვე სახესა ურწმუნეობისასა ვინმე შთავარდეს. 12. რამეთუ ცხოველ არს სიტყუაჲ ღმრითსაჲ და ძლიერ და უმკუეთელეს უფროჲს ყოვლისა მახჳლისა ორპირისა: და მისწუდების იგი ვიდრე განსაყოფელადმდე სამშჳნველისა და სულისა, ნაწევართა და ტჳნთა, და განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა. 13. და არარაჲ არს დაბადებული დაფარულ წინაშე მისსა, არამედ ყოველივე შიშუელ და ქედ-დადრეკილ არს წინაშე თუალთა მისთა, რომლისათჳს არს სიტყუაჲ ესე ჩუენი.

14. მივის ჩუენ მღდელთმოძღუარი დიდი, რომელმან განვლნა ცანი, იესუ, ძე ღმრთისაჲ, შევიკრძალოთ აღსარებაჲ იგი მისა მართლ. 15. რამეთუ არა ეგევითარი გჳვის მღდელთმოძღარი, რომელიმცა ვერ შემძლებულ იყო შეწყალებად უძლურებათა ჩუენთა, გამოცდილი ყოვლითავე მსგავსებითა, თჳნიერ ცოდვისა. 16. მოუჴდეთ უკუე განცხადებულად საყდართა მათ მადლისასა, რაჲთა მოვიღოთ წყალობაჲ და ვპოოთ მადლი ჟამსა შეწევნისასა.

 

თავი 5

1. რამეთუ ყოველივე მღდელთმოძღუარი, კაცთაგან მოყვანებული, კაცთათჳს დადგის იგი ღმრთისა მიმართ, რაჲთა შესწირვიდეს შესაწირავთა და მსხუერპლთა ცოდვათათჳს შენდობით. 2. და სწორად წყალობად შემძლებელ არს უმეცართა მათ და შეცთომილთა, ვინაჲთგან მასცა ზედა-აც უძლურებაჲ; 3. და ამისთჳს თანა-აც ვითარცა ერისათჳს, ეგრეცა თავისა თჳსისათჳს შეწირვად მსხუერპლი ცოდვათათჳს. 4. და არავინ თავით თჳსით მოიღის პატივი, არამედ რომელი წოდებულ არნ ღმრთისა მიერ, ვითარცა-იგი აჰრონ. 5. ეგრეთცა ქრისტე არა თავი თჳსი ადიდა ყოფად იგი მღდელთმოძღუარად, არამედ რომელი-იგი ეტყოდა მას: ძე ჩემი ხარი შენ, და მე დღეს მიშობიე შენ. 6. ვითარცა-იგი სხუასაცა ადგილსა იტყჳს: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა. 7. ვითარცა-იგი დღეთა მათ ჴორცთა მისთასა ვედრებასა და ლოცვასა შემძლებელისა მის მიმართ ჴსნად მისა სიკუდილისაგან ჴმითა მაღლითა და ცრემლითა შესწირვიდა, და შეისმინა მისი მოშიშებისა მისგან. 8. და რამეთუ ძეღა იყო, ისწავა, ვინაჲთგან იგი ივნო მორჩილებაჲ. 9. და სრულ იქმნა და ექმნა ყოველთა მორჩილთა მისთა მიზეზ ცხორებისა საუკუნოჲსა; 10. და სახელ-ედვა ღმრთისა მიერ მღდელთმოძღუარ წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.

11. რომლისათჳს მრავალ არს ჩუენდა სიტყუად და ძნიად სათარგმანებელ თქუმად, ვინაჲთგან უძლურ იქმნენით სასმენელითა. 12. და რამეთუ თანა-გედვა, რაჲთამცა იყვენით მოძღუარ ჟამისა ამისგან; კუალად გიჴმს-ვე-ღა მოძღურებაჲ თქუენ ასოთა რათმე დასაბამისა სიტყუათა ღმრთისათა; და იქმნენით მოქენე სიძისა და არა მტკიცისა საზრდელისა. 13. რამეთუ ყოველი, რომელი მიიღებნ სძესა, უმეცარ არს სიტყუასა მას სიმართლისასა, რამეთუ ჩჩჳლ არს. 14. ხოლო სრულთაჲ არს მტკიცე იგი საზრდელი, რომელთა წესითა მით გონებანი წურთილნი ჰქონედ განრჩევად კეთილისა და ბოროტისა.

 

თავი 6

1. ამისთჳს დაუტეოთ დასაბამისა მის ქრისტეს სიტყუათაჲ და სისრულისა მიმართ მოვიდეთ; ნუ კუალად საძირკუელსა დავსდებთ სინანულისასა მკუდართაგან საქმეთა და სარწმუნოებისა ღმრთისა მიმართ, 2. ნათლის-ღებისა სწავლისა, დასხმისა ჴელთაჲსა და აღდგომისა მკუდართაჲსა და საშჯელისა მის საუკუნოჲსა. 3. და ესე ვყოთ, უკუეთუ გჳბრძანოს ღმერთმან. 4. რამეთუ შეუძლებელ არს ერთ-გზის განათლებულთა მათ, რომელთა გემოჲ ეხილვოს ნიჭთა მათ ზეცისათაჲ და ზიარ-ქმნულ იყვნენ სულისა წმიდისა 5. და კეთილი გემოჲ ეხილვოს სიტყჳსა ღმრთისაჲ და ძალი იგი მერმისა მის საუკუნოჲსაჲ 6. და დაცემულთა კუალად განახლებაჲ სინანულად, თანა-ჯუარს-ცუმად თავთა მათთა ძესა ღმრთისასა და განქიქებად. 7. რამეთუ ქუეყანამან რომელმან სჳს მარავალ გზის მის ზედა მოსრული წჳმაჲ და გამოიღის მწუანვილი, სარგებელი მათთჳს, რომელთათჳსცა იქმნების, მიიღებს კურთხევასა ღმრთისა მიერ. 8. ხოლო უკუეთუ მოიღის ეკალი და კუროჲსთავი ურგები და წყევისა მახლოებლი, რომლისა უკუანაჲსკნელი დასაწუველად არნ. 9. ხოლო ჩუენ გურწამს თქუენთჳს, საყუარელნო, უმჯობესი და მახლოებლი ცხორებისაჲ, ესრეთ ღათუ ვიტყჳთ. 10. რამეთუ არა არს სიცრუე ღმრთისა თანა, ვითარმცა დაივიწყნა საქმენი თქუენნი და შრომაჲ სიყუარულისა თქუენისაჲ, რომელი აჩუენეთ სახელისა მისისათჳს, რამეთუ ჰმსახურებდით წმიდათა მათ და ჰმსახურებთცა. 11. გუსურის კაცად-კაცადისა თქუენისაჲ, რაჲთა მასვე აჩუენებდეთ მოსწრაფებასა გულსავსებისა მის მიმართ სასოებისა ვიდრე აღსასრულადმდე, 12. რაჲთა არა მოჰმედგრდეთ, არამედ მობაძავ იყვნეთ მათდა, რომელთა-იგი სარწმუნეობითა და სულგრძელებითა დაიმკჳდრნეს აღთქუმანი. 13. რამეთუ აბრაჰამს აღუთქუა ღმერთმან, ვინაჲთგან არავინ იყო უფროჲსი, რომელსამცა ფუცა, ფუცა თავისა თჳსისა; 14. და თქუა, ვითარმედ: კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განგამრავლო შენ. 15. და ესრეთ სულგრძელ იქმნა და მიემთხჳა აღთქუმასა. 16. რამეთუ კაცთა უფროჲსისა მიმართ ფუციან და ყოვლისა ცილობისა მათისა დასასრულსა დასამტკიცებელად ფიცი არს. 17. რომლითა უმეტესად უნდა ღმერთსა ჩუენებად მკჳდრთა მათ მის აღთქუმისათა შეუძრველობაჲ ზრახვისა მისისაჲ, შუამდგომელ ყო ფიცი, 18. რაჲთა ორთავე მათ საქმეთა მიერ შეუძრავთა, რომელთა შინა შეუძლებელ იყო ცრუებად ღმერთი, ძლიერი ნუგეშინის-ცემაჲ გუაქუენდეს ჩუენ, რომელნი-ესე შევევედრენით შეკრძალვად წინა-განმზადებულსა მას სასოებასა, 19. რომელი ვითარცა ხარისხი გჳპყრიეს სულისაჲ კრძალული და მტკიცე და შემავალი შინაგანსა მას კრეტსაბმელსა, 20. სადა-იგი წინამორბედად ჩუენთჳს შევიდა იესუ, წესსა მას ზედა მელქისედეკისსა მღდელთმოძღუარ იქმნა იგი უკუნისამდე.

 

თავი 7

1. რამეთუ ესე მელქისედეკ, მეფე სალემისაჲ, მღდელი ღმრთისა მაღლისაჲ, რომელი შეემთხჳა აბრაჰამს, მო-რაჲ-ქცეულ იყო იგი მოწყუედისა მისგან მეფეთაჲსა, და აკურთხა იგი, 2. რომელსაცა-იგი ათეული მისცა ყოვლისა მისგან ნაწილად აბრაჰამ, პირველად უკუე ითარგმანების „მეუფე სიმართლისაჲ“, და მერმე - „მეფე სალემისაჲ“, რომელ არს მეუფე მშჳდობისაჲ, 3. უმამო, უდედო, ნათესავ-მოუჴსენელებელ; არცა დასაბამი დღეთაჲ, არცა აღსასრული ცხორებისაჲ აქუს, ხოლო მიმსგავსებულ არს იგი ძესა ღმრთისასა და ჰგიეს იგი მღდელად სამარადისოდ. 4. იხილეთ-ღა, რაბამ იყო ესე, რომელსა-იგი ათეულიცა მისცა აბრაჰამ რჩეულთა მათგან მამათმთავარმან. 5. და რომელნი-იგი ლევის ძეთაგანნი მღდელობასა მიიღებენ, მცნებაჲ აქუს ათეულისა მიღებად ერისაგან მსგავსად რჩულისა, ესე იგი არს, ძმათაგან თჳსთა, და გამოსრულთა მათგანღა წელთაგან აბრაჰამისთა. 6. ხოლო ნათესავ-მოუჴსენებელმან მან მათგან ათეული მიიღო აბრაჰამისგან და აკურთხა, რომელსა-იგი აღთქუმანი აქუნდეს. 7. ხოლო თჳნიერ ყოვლისა ცილობისა უმცირესი იგი უმჯობესისაგან იკურთხევის. 8. და აქა რომელნი-იგი მოსწყდებიან კაცნი, ათეულსა მიიღებენ; ხოლო მუნ წამებულ არს, ვითარმედ ცხოველ არს. 9. და, რაჲთა მოკლედ ვთქუათ, აბრაჰამისთჳს და ლევისთჳს, და რომელი ათეულსა მიიღებს, ათეულადვე შეწირულ არს; 10. რამეთუ წელთაღა შინა მამისათა იყო, ოდეს-იგი შეემთხჳა მას მელქისედეკ. 11. რამეთუ, უკუეთუმცა განსრულებაჲ ლევიტელთაგან მღდელობისაჲ იყო, - რამეთუ ერი იგი მას ზედა შჯულ-დებულ არს, - რადღა საჴმარ იყო მერმე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა სხუაჲ აღდგინებად მღდელი და არა წესსა მას ზედა აჰრონისსა თქუმად? 12. რამეთუ ცვალებასა თანა მღდელობისასა ჩანს იძულებით, რამეთუ შჯულისაცა ცვალებაჲ იქმნების, 13. რომელსა ზედა თქუმულ არს ესე: სხჳსა ნათესავსამან დაიპყრა, რომლისაგანი არასადა საკურთხეველსა წარდგომილ იყო. 14. წინაწარ ჩანს, რამეთუ იუდაჲს ნათესავისაგან აღმოგჳბრწყინდა უფალი ჩუენი, რომლისა ნათესავისაჲ მღდელობისათჳს არაჲ აჴსენა მოსე. 15. და უმეტესადღა ცხად არს, უკუეთუ მსგავსად მელქისედეკისა აღდგეს სხუაჲ მღდელთმოძღუარი, 16. რომელი არა შჯულისა მისებრ მცნებისა ჴორციელისა იყოს, არამედ ძალისა მისებრ ცხორებისა წარუვალისა. 17. რამეთუ ეწამების, ვითარმედ: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა. 18. რამეთუ შეურაცხებაჲ იქმნების პირველისა მის მცნებისაჲ უძლურებისა მისისათჳს და ურგებობისა, 19. რამეთუ არარაჲ სრულ ყო შჯულმან; ხოლო შემოსლვაჲ უმჯობესისა სასოებისაჲ, რომლისა მიერ მივეახლებით ღმერთსა. 20. და რაოდენ-იგი არა თჳნიერ ფიცისა, - რამეთუ რომელნიმე თჳნიერ ფიცისა არიან მღდელ ყოფილ; 21. ხოლო ესე - ფიცით მის მიერ, რომელმან-იგი ჰრქუა მას: ფუცა უფალმან და არა შეინანოს; შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა, - 22. ესოდენ უმჯობესისა აღთქუმისა იქმნა თავს-მდებ იესუ. 23. და რომელნიმე მრავალნი არიან მღდელად დადგინებულნი სიკუდილისაგან დაყენებითა დადგრომად. 24. ხოლო ამას დადგრომისათჳს მისისა უკუნისამდე წარუვალად აქუს მღდელობაჲ იგი. 25. ვინაჲცა ყოვლითურთ ცხორებად შემძლებელ არს მათდა, რომელნი-იგი მის მიერ მოუჴდებიან ღმერთსა, და სამარადისოდ ცხოველ არს მეოხად მათთჳს. 26. რამეთუ შე-ვე ესევითარი-ჰგვანდა ჩუენდა მღდელთმოძღუარი: წმიდაჲ, უმანკოჲ, შეუგინებელი, განშორებული ცოდვათაგან და უმაღლესი ცათაჲ. 27. რომელსა არა უჴმს დღითი დღედ, ვითარცა მღდელთმოძღუართა მათ, პირველად თჳსთა ცოდვათათჳს მსხუერპლისა შეწირვაჲ და მერმე ერისათჳს, რამეთუ თავადმან ერთგზის ყო ესე და თავი თჳსი შეწირა. 28. რამეთუ შჯულმან კაცნი დაადგინნა მღდელთმოძღურად, რომელთა აქუნდა უძლურებაჲ, ხოლო სიტყუამან ფიცისამან, რომელი-იგი შემდგომად შჯულისა იყო, - ძე უკუნისამდე განსრულებული.