1. პავლე მოციქული არა კაცთაგან, არცა კაცთა მიერ, არამედ იესუ ქრისტეს მიერ და ღმრთისა მამისა, რომელმან აღადგინა იგი მკუდრეთით, 2. და ჩემ თანა ყოველი ძმანი ეკლესიათა გალატიაჲსათა: 3. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, 4. რომელმან მისცა თავი თჳსი ცოდვათა ჩუენთათჳს, რაჲთა განმარინნეს ჩუენ სოფლისა ამის ბოროტისაგან ნებითა ღმრთისა და მამისა ჩუენისაჲთა, 5. რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
6. მიკჳრს, რამეთუ ესრეთ ადრე გარდაიქცევით მისგან, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ მადლითა ქრისტესითა, სხუად სახარებად, 7. რომელ სხუაჲ არა არს, გარნა არიან ვინმე, რომელნი აღგძრვენ თქუენ და ჰნებავს გარდაქცევად სახარებაჲ იგი ქრისტესი. 8. არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ! 9. ვითარცა წინაწარ ვთქუ და აწ კუალად ვიტყჳ: უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისა გარეშე, რომელი-იგი მიიღეთ, შეჩუენებულ იყავნ! 10. აწ კაცთა-მე ვერწმუნო ანუ ღმერთსა? ანუ ვეძიებ რას კაცთა მოთნებასა? რამეთუ უკუეთუმცა კაცთაღა სათნო-ვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ.
11. ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი-იგი გეხარა ჩემ მიერ, რამეთუ არა არს კაცობრივ, 12. და რამეთუ არცაღა მე კაცისა მიერ მოვიღე იგი გინა ვისწავე, არამედ გამოცხადებითა იესუ ქრისტესითა. 13. რამეთუ გესმინა თქუენ ოდესმე სლვაჲ ჩემი ჰურიაებასა შინა, რამეთუ გარდარეულად ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა და ვტყუენევდი მათ. 14. და წარვემატებოდე ჰურიაებასა შინა უფროჲს მრავალთა ჰასაკისა სწორთა ჩემთა ნათესავთა შინა ჩემთა, უმეტეს მოშურნე ვიყავ მამულთა ჩემთათჳს მოძღრუებათა. 15. ხოლო რაჟამს სათნო-იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა 16. გამოცხადებად ძე მისი ჩემ მიერ, რაჲთა ვახარო იგი წარმართთა შორის, მეყსეულად არა ვაუწყე იგი ჴორცთა და სისხლთა, 17. არცა აღვედ იერუსალჱმდ მათდა, რომელნი-იგი იყვნეს უწინარეს ჩემსა მოციქულნი, არამედ მივედ არაბიად და კუალად მოვიქეც დამასკედ. 18. და მერმე შემდგომად სამისა წლისა აღვედ იერუსალჱმდ ხილვად პეტრესა და ვიყავ მის თანა ათხუთმეტ დღე. 19. ხოლო სხუაჲ მოციქულთაგანი არავინ ვიხილე გარნა იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ. 20. და რომელსა-ესე მივსწერ თქუენდა, აჰა ესერა წინაშე უფლისა, რამეთუ არა ვტყუვი. 21. და მერმე მოვედ ადგილთა მათ ასურეთისა და კილიკიაჲსათა. 22. ხოლო ვიყავ შეუსწავებელ წინაშე პირსა ეკლესიათა მათ ჰურიასტანისათა, რომელნი იყვნეს ქრისტეს მიმართ; 23. გარნა სმენით ხოლო ესმინა, ვითარმედ რომელი-იგი გუდევნიდა ჩუენ ოდესმე, აწ ახარებს სარწმუნოებასა მას, რომელსა-იგი ოდესმე ტყუენვიდა. 24. და ადიდებდეს ჩემთჳს ღმერთსა.
1. მერმე მეათოთხმეტესა წელსა კუალად აღვედ იერუსალჱმდ ბარნაბაჲს თანა; ჩემ თანა წარვიყვანე ტიტეცა. 2. ხოლო აღვედ გამოცხადებით და ვაუწყე მათ სახარებაჲ იგი, რომელსა ვქადაგებდ წარმართთა შორის, ხოლო თჳსაგან მათ, რომელნი-იგი საგონებელ იყვნეს, ნუუკუე ცუდად ვრბიოდე ანუ ვრბი. 3. არამედ არცაღა ტიტე, რომელი-იგი იყო ჩემ თანა, რამეთუ წარმართღა იყო, იიძულა წინადაცუეთად, 4. შემოსულთა მათთჳს ძმათა-მტყუვართა, რომელნი შემოვიდეს განმსტურობად აზნაურებასა მას ჩუენსა, რომელი მაქუს ქრისტე იესუჲს მიერ, რაჲთა ჩუენ დაგჳმონნენ, 5. რომელთაჲ ჟამ ერთცა არა თავს-ვიდევით დამორჩილებაჲ, რაჲთა ჭეშმარიტებაჲ იგი სახარებისაჲ დაადგრეს თქუენ თანა. 6. ხოლო მათ, რომელნი-იგი ჰგონებდეს, ვითარმედ არიან რაჲმე, რომელნი-იგი ყოფილ ოდესმე იყვნეს, არარაჲ უმჯობეს ჩემსა. პირსა კაცისასა ღმერთმან არა თუალ-ახუნის. რამეთუ მე, რომელნი-იგი საგონებელ იყვნეს, არარაჲვე მითხრეს. 7. არამედ წინააღმდგომი, უწყოდეს, რამეთუ რწმუნებულ არს ჩემდა სახარებაჲ იგი წინადაუცუეთელებისაჲ, ვითარცა-იგი პეტრეს - წინადაცუეთილებისაჲ. 8. რამეთუ რომელი შეეწია პეტრეს მოციქულებად წინადაცუეთილებისა, შემეწია მეცა წარმართთა მიმართ. 9. და ვითარცა ცნეს მადლი იგი, რომელ მოცემულ იყო ჩემდა, იაკობ და კეფა და იოვანე, რომელნი-იგი ჰგონებდეს სუეტად თავთა თჳსთა, მარჯუენე მოგუცეს მე და ბარნაბას ზიარებისაჲ, რაჲთა ჩუენ წარმართთა მიმართ, ხოლო იგინი წინადაცუეთილებისა მიმართ. 10. გარნა რაჲთა გლახაკნი ხოლომცა გუაჴსოვნან, რომელცა-იგი ვისწრაფეთ ამისა ყოფად. 11. და რაჟამს მოვიდა პეტრე ანტიოქიად, წინაშე პირსა მისსა აღუდეგ, რამეთუ შეკდებულ იყო. 12. და რამეთუ პირველ მოსლვადმდე ვიეთამე იაკობისგან წარმართთა თანა ჭამდა; ხოლო რაჟამს მოვიდეს, იჯმნა და განაშორა თავი თჳსი, რამეთუ ეშინოდა წინადაცუეთილთა მათგან. 13. და მის თანა ორგულ იქმნნეს სხუანიცა ჰურიანი, ვიდრე ბარნაბაცა მიერჩდა მათსა მას ორგულებასა. 14. არამედ რაჟამს ვიხილე, ვითარმედ არა მართლ წარმართებულ არიან ჭეშმარიტებისა მიმართ სახარებისა, ვარქუ პეტრეს წინაშე ყოველთასა: უკუეთუ შენ ჰურია ხარ და წარმართებრ და არა ჰურიაებრ სცხონდები, ვითარ აიძულებ წარმართთა ჰურიაებად? 15. ჩუენ ბუნებით ჰურიანი ვართ და არა წარმართთაგანნი ცოდვილნი; 16. და უწყით, რამეთუ არა განმართლდების კაცი საქმეთაგან შჯულისათა, გარნა სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა, და ჩუენ იესუ ქრისტეს მიმართ გურწმენა, რაჲთა განვმართლდეთ სარწმუნოებითა ქრისტესითა და არა საქმეთაგან შჯულისათა; რამეთუ საქმეთაგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი. 17. უკუეთუ მით ვეძიებდეთ განმართლებასა ქრისტეს მიმართ, ვიპოვნეთ ჩუენცა ცოდვილ; აწ უკუე ქრისტე ცოდვისა-მე მსახურ იქმნა? ნუ იყოფინ! 18. რამეთუ უკუეთუ რომელი-იგი დავარღჳე და კუალად მასვე ვაშენებდე, გარდამავალად შჯულისა თავი ჩემი შევირაცხო. 19. რამეთუ მე შჯულისათჳს შჯულითა მოვკუედ, რაჲთა ღმრთისა ვცხოვნდე. ქრისტეს თანა ჯუარ-ცუმულ ვარ. 20. ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე. ხოლო რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ჴორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაჲთა, რომელმან შემიყუარა მე და მისცა თავი თჳსი ჩემთჳს. 21. არა შეურაცხ-ვჰყოფ მადლსა მას ღმრთისასა. რამეთუ უკუეთუ შჯულისაგან არს სიმართლე, ქრისტე სამე ცუდად მოკუდა?
1. ჵ უცნობელნო გალატელნო, ვინ გეშურობდა თქუენ ჭეშმარიტებისა არა მორჩილებად, რომელთა თუალთა წინაშე პირველვე გამოიწერა თქუენ შორის იესუ ქრისტე ჯუარ-ცუმული? 2. ესე ხოლო მნებავს თქუენგან უწყებად: საქმეთაგან შჯულისათა სული იგი მიიღეთ ანუ სმენითა მით სარწმუნოებისაჲთა? 3. ესრეთ უცნობელ ხართ, იწყეთ სულიერად და აწ ჴორციელად აღასრულებთ? 4. ესოდენი გევნო ცუდად? და თუმცა ცუდად! 5. აწ უკუე რომელმან-იგი მოგცა თქუენ სული და იქმს ძალთა თქუენ შორის, საქმეთაგან-მე შჯულისათა ანუ სმენითა მით სარწმუნოებისაჲთა? 6. ვითარცა აბრაჰამს ჰრწმენა ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ. 7. უწყით-მეა, რამეთუ სარწმუნოებისაგანნი იგი არიან შვილნი აბრაჰამისნი? 8. რამეთუ წინაწარ იცოდა წიგნმან, ვითარმედ სარწმუნოებითა განამართლებს წარმართთა ღმერთი, წინაწარ ახარა აბრაჰამს, ვითარმედ: შენდამი იკურთხეოდიან ყოველნი წარმართნი. 9. აწ უკუე სარწმუნოებისაგანნი იგი იკურთხევიან მორწმუნისა მის აბრაჰამის თანა. 10. რამეთუ რაოდენნი-იგი საქმეთაგან შჯულისათა არიან, წყევასა ქუეშე არიან. რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს ყოველსა წერილსა წიგნისა ამის შჯულისასა ყოფად მისა. 11. და რამეთუ შჯულითა არავინ განმართლდების ღმრთისა წინაშე, ცხად არს, რამეთუ: მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს. 12. ხოლო შჯული არა არს სარწმუნოებისაგან, არამედ, ყოს თუ ვინმე იგი კაცმან, ცხონდეს მას შინა. 13. ქრისტემან ჩუენ მოგჳყიდნა წყევისა მისგან შჯულისა და იქმნა ჩუენთჳს წყევასა ქუეშე. რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა. 14. რაჲთა წარმართთა მიმართ კურთხევაჲ იგი აბრაჰამისი იყოს ქრისტე იესუჲს მიერ, რაჲთა აღთქუმაჲ იგი სულისაჲ მოვიღოთ სარწმუნოებითა. 15. ძმანო, კაცობრივ ვიტყჳ, ვითარმედ: კაცისა დამტკიცებული წიგნი არავინ შეურაცხ-ყვის გინა სხუაჲ ბრძანებაჲ ბრძანის მის ზედა. 16. ხოლო აბრაჰამის მიმართ ითქუნეს აღთქუმანი ესე და ნათესავისა მისისა. არა იტყჳს „და ნათესავთა“, ვითარცა მრავალთასა, არამედ ვითარცა ერთისასა; „და ნათესავისა შენისა“, რომელ არს ქრისტე. 17. ხოლო ამას ვიტყჳ წიგნად აღთქუმისა დამტკიცებულად ღმრთისა მიერ ქრისტეს მიმართ, რომელ შემდგომად ოთხას ოცდაათისა წლისა იყო შჯული, არა დაუმტკიცებელ ჰყოფს, რაჲთამცა განაქარვა აღთქუმაჲ იგი. 18. რამეთუ უკუეთუ შჯულისაგან არს მკჳდრობაჲ იგი, არღარა აღთქუმისაგან არს; ხოლო აბრაჰამს აღთქუმისა მიერ მოჰმადლა ღმერთმან. 19. აწ უკუე რაჲ შჯული? გარდასლვისათჳს-მე მოეცა, ვიდრემდის მოვიდეს ნათესავი იგი, რომელ აღთქმულ არს, ბრძანებული ანგელოზთაგან ჴელითა შუამდგომელისაჲთა? 20. ხოლო შუამდგომელი ერთისაჲ არა არს, ხოლო ღმერთი ერთ არს. 21. აწ უკუე შჯული მტერ-მე არსა აღთქუმათა მათ ღმრთისაჲთა? ნუ იყოფინ! რამეთუ უკუეთუმცა მოცემულ იყო შჯული, შემძლებელი ცხორებად, ნანდჳლვე სამე შჯულისაგანმცა იყო სიმართლე. 22. არამედ შეაყენა წიგნმან ყოველივე ცოდვასა ქუეშე, რაჲთა აღთქუმაჲ იგი სარწმუნოებისაგან იესუ ქრისტესისა მოეცეს მორწმუნეთა.
23. ხოლო პირველ მოწევნადმდე სარწმუნოებისა შჯულსა ქუეშე მოცულ ვიყვენით და შეყენებულ მერმისა მისთჳს სარწმუნოებისა გამოჩინებადმდე. 24. ვინაჲცა შჯული იგი მზარდულ გუექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ, რაჲთა სარწმუნოებითა განვმართლდეთ. 25. ხოლო მო-რაჲ-იწია სარწმუნოებაჲ, არღარა მზარდულთა ქუეშე ვართ. 26. რამეთუ ყოველნი შვილნი ღმრთისანი ხართ სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა. 27. რამეთუ რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ. 28. არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ. 29. ხოლო უკუეთუ თქუენ ქრისტესნი ხართ, აბრაჰამისნი ვიდრემე შვილნი ხართ და აღთქუმისა მისგან მკჳდრნი.
1. ხოლო ამას ვიტყჳ: რაოდენ ჟამ მკჳდრი იგი ყრმა არნ, არარაჲთ ჰმატნ მონასა, უფალ ღათუ არნ ყოვლისა. 2. არამედ ეზოჲს-მოძღუართა და მნეთა ქუეშე არნ ვიდრე ადგილად მოდგომადმდე მამისა თჳსისა. 3. ეგრეთცა ჩუენ, ვიდრე-იგი ყრმაღა ვიყვენით, წესთა მათ ქუეშე ამის სოფლისათა ვიყვენით დაკირთებულ. 4. ხოლო ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაჲ, მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი, შობილი დედაკაცისაგან, და იქმნა იგი შჯულსა ქუეშე, 5. რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი გამოიჴსნნეს და რაჲთა შვილებაჲ იგი მოვიღოთ. 6. და რამეთუ ხართ შვილნი, გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თჳსისაჲ გულთა შინა ჩუენთა, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო. 7. ამიერითგან არღარა ხართ მონა, არამედ შვილ; ხოლო უკუეთუ შვილ, მკჳდრცა ღმრთისა ქრისტეს მიერ.
8. არამედ მაშინ არა იცოდეთ ღმერთი და ჰმონებდით მათ, რომელნი-იგი არა იყვნეს ბუნებით ღმერთ. 9. ხოლო აწ იცანთ ღმერთი, უფროჲსღა გიცნნა თქუენ ღმერთმან, ვითარ მიიქცევით კუალად უძლურისა მის და გლახაკისა წესისა, რომელთაჲ კუალად ზემოჲთვე გნებავს მონებად? 10. დღეთა იზმნით და თთუეთა, ჟამთა და წელთა. 11. მეშინის მე თქუენთჳს, ნუუკუე ცუდად დავშუერ თქუენდა მიმართ.
12. იქმნენით, ვითარცა მე, რამეთუ მე ვიყავ, ვითარცა თქუენ. ძმანო, გევედრები თქუენ, არარაჲ შემცოდეთ მე. 13. ხოლო ესე იცით, რამეთუ უძლურებითა ჴორცთაჲთა გახარე თქუენ პირველად; 14. და განსაცდელი იგი ჴორცთა ჩემთაჲ არა შეურაცხ-ჰყავთ, არცა მოიძაგეთ, არამედ, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაჲ, შემიწყნარეთ მე, ვითარცა ქრისტე იესუ. 15. რაჲ-მე უკუე იყო ნეტარებაჲ იგი თქუენი, რამეთუ გეწამები თქუენ, ვითარმედ, შე-თუმცა-საძლებელ იყო, თუალნიმცა თქუენნი აღმოიჴადენით და მომცენით მე, 16. ვითარცა მტერ რაჲ-მე გექმენ თქუენ, რომელი-ესე ჭეშმარიტსა გეტყოდე თქუენ? 17. გეშურობდა თქუენ არა კეთილისათჳს, არამედ გარდაქცევაჲ თქუენი ჰნებავს, რაჲთა მათ ჰბაძვიდეთ. 18. ხოლო კეთილ არს ბაძვაჲ კეთილისათჳს მარადის, და ნუ მისვლასა მას ხოლო ჩემსა თქუენდა მიმართ, 19. შვილნო ჩემნო, რომელთათჳს კუალად მელმის, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქუენ შორის. 20. ხოლო მინდა მისლვად თქუენდა და აწ და ცვალებად ჴმაჲ ჩემი, რამეთუ განკჳრვებულ ვარ მე თქუენთჳს.
21. მითხარ-ღა მე, რომელთა-ეგე შჯულსა ქუეშე გნებავს ყოფაჲ, შჯული არა აღმოგიკითხავსა? 22. რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: აბრაჰამს ორ ძე ესხნეს: ერთი მჴევლისგან და ერთი აზნაურისაგან. 23. არამედ მჴევლისაგანი იგი ჴორციელად შობილი იყო, ხოლო აზნაურისაჲ იგი - აღთქუმისაგან. 24. რომელი-იგი არს იგავად, რამეთუ ესე არიან ორნი შჯულნი: ერთი იგი სინა მთით, შობილი მონებად, რომელ არს აგარ. 25. რამეთუ აგარ სინა მთაჲ არს არაბიას, ხოლო თანა-შეეტყუების ამას იერუსალჱმსა, რამეთუ ჰმონებს იგი შვილთა მისთა თანა. 26. ხოლო ზეცისა იგი იერუსალჱმი აზნაურ არს, რომელ არს დედაჲ ჩუენ ყოველთაჲ. 27. რამეთუ წერილ არს: იხარებდ, ბერწი ეგე, რომელი არა შობდ; აღიმაღლე და ჴმობდ, რომელსა არა გელმოდა, რამეთუ მრავალ არიან შვილნი ოჴრისანი უფროჲს, ვიდრე რომელსა-იგი ესუას ქმარი. 28. ხოლო ჩუენ, ძმანო, ისაკისგან აღთქუმისა შვილნი ვართ. 29. არამედ ვითარცა-იგი მაშინ ჴორციელად შობილი იგი სდევნიდა სულიერსა მას, ეგრეთცა აწ. 30. არამედ რასა იტყჳს წიგნი? განაძე მჴევალი ეგე და ძე მაგისი; რამეთუ არა დაიმკჳდროს შვილმან მჴევლისამან ძისა თანა აზნაურისაჲსა. 31. ხოლო ჩუენ, ძმანო, არა ვართ შვილნი მჴევლისანი, არამედ აზნაურისანი.
1. აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგუააზნაურნა, მტკიცედ დეგით და ნუ კუალად უღელსა მას მონებისასა თავს-იდებთ. 2. აჰა ესერა მე, პავლე, გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: უკუეთუ წინადაიცჳთოთ, ქრისტემან თქუენ არარაჲ გარგოს. 3. ხოლო კუალად უწამებ ყოველსა კაცსა წინადაცუეთილსა, ვითარმედ თანა-მდებ არს იგი ყოველსა შჯულსა ყოფად. 4. განქარვებულ ხართ ქრისტესგან რომელნი-ეგე შჯულითა განჰმართლდებით, მადლისა მისგან განვრდომილ ხართ. 5. რამეთუ ჩუენ სულითა სარწმუნოებისაგან სასოებასა სიმართლისასა მოველით. 6. რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ არცა წინადაცუეთილებაჲ რას შემძლებელ არს, არცა წინადაუცუეთელებაჲ, არამედ სარწმუნოებაჲ, სიყუარულისაგან შეწევნული. 7. ჰრბიოდეთ კეთილად; ვინ დაგაბრკოლნა თქუენ ჭეშმარიტებისა არა-მორჩილებად? 8. მორჩილებაჲ ეგე არა მისგან არს, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ. 9. მცირემან ცომმან ყოველივე შესუარული აღაფუვნის. 10. მე გესავ თქუენ უფლისა მიერ, ვითარმედ სხუასა არარას ზრახვიდეთ; ხოლო რომელი-იგი აღგძრავს თქუენ, მან იტჳრთოს საშჯელი, ვინცა-იგი არს. 11. ხოლო მე, ძმანო, წინადაცუეთასა ღათუ ვქადაგებდე, რაჲსაღა-მე ვიდევნები? გან-მე-ქარდა საცთური იგი ჯუარისაჲ? 12. ჯერ-იყო, გან-თუმცა-გეშორნეს, რომელნი-იგი გაშფოთებენ თქუენ.
13. რამეთუ თქუენ აზნაურებასა ჩინებულ ხართ, ძმანო; გარნა ხოლო აზნაურებაჲ ეგე ნუ მიზეზად ჴორცთა, არამედ სიყუარულისა მისთჳს ჰმონებდით ურთიერთარს. 14. რამეთუ ყოველი შჯული ერთითა სიტყჳთა აღესრულების: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. 15. ხოლო უკუეთუ ურთიერთას იკბინებოდით და შეიჭამებოდით, იხილეთ, ნუუკუე ურთიერთას განილინეთ.
16. ხოლო ამას გეტყჳ: სულითა ვიდოდეთ და ჴორცთა გულის თქუმასა ნუ აღასრულებთ. 17. რამეთუ ჴორცთა გული უთქუამს სულისათჳს და სულსა - ჴორცთათჳს; და ესენი მჴდომ არიან ურთიერთარს, რაჲთა არა რაჲ-იგი გინდეს, მას ჰყოფდეთ. 18. უკუეთუ სულითა იქცეოდით, არა ხართ შჯულსა ქუეშე. 19. ხოლო ცხად არიან საქმენი ჴორცთანი, რომელ არიან: სიძვანი, მრუშებანი, არა-წმიდებანი, ბილწებანი, 20. კერპთ-მსახურებანი, მწამლველობანი, მტერობანი, ჴდომანი, შურობანი, გულის წყრომანი, წვალებანი, შფოთებანი, 21. შურნი, კაცის-კლავნი, ლირწებანი, მთრვალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათნი. რომელსა წინაწარ გეტყჳ თქუენ, ვითარცა პირველ გარქუ, ვითარმედ ესევითარისა მოქმედთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ. 22. ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, 23. მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული. 24. ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით. 25. უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. 26. ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთარს მაბრალობელ, ურთიერთარს მოშურნე.
1. ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო. 2. ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი. 3. რამეთუ უკუეთუ ვისმე ეგონოს, ვითარმედ არს რაჲმე, და იგი არაჲ იყოს, თავსა თჳსსა აცთუნებს. 4. არამედ საქმენი თჳსნი გამოიცადენინ კაცად-კაცადმან, და მაშინ თავისა თჳსისა ხოლო ქებაჲ აქუნდეს, და არა მოყუსისა მიმართ, 5. რამეთუ კაცად-კაცადმან თჳსი ტჳრთი იტჳრთოს. 6. ხოლო ეზიარებოდენ უმეცარი იგი სიტყუასა მასწავლელისასა ყოველსა შინა კეთილსა.
7. ნუ სცთებით, ღმერთი არა შეურაცხ-იქმნების. რამეთუ რაჲ-ცა-იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს. 8. რამეთუ რომელმან სთესოს ჴორცთა შინა თჳსთა, ჴორცთა მიერ თჳსთა მოიმკოს ხრწნილებაჲ; ხოლო რომელმან სთესოს სულსა თჳსსა, სულისაგან თჳსისა მოიმკოს ცხორებაჲ საუკუნოჲ. 9. ხოლო კეთილისა საქმე ნუმცა გუეწყინების, რამეთუ თჳსსა ჟამსა მოვიმკოთ, არა თუ მოვმედგრდეთ. 10. აწ უკუე, ვიდრე ჟამი გუაქუს-ღა, ვიქმოდით კეთილსა ყოველთა მიმართ, ხოლო უფროჲსად სახლეულთა მათ მიმართ სარწმუნოებისათა.
11. აწ იხილეთ, რაოდენი წიგნები მივწერე თქუენდა ჴელითა ჩემითა. 12. რომელთა-იგი ჰნებავს პირ-შუენიერებაჲ ჴორცითა, იგინი გაიძულებენ თქუენ წინადაცუეთად, გარნა ხოლო რაჲთა ჯუარსა ქრისტესსა არა შეუდგენ. 13. რამეთუ არცაღა თჳთ იგი წინადაცუეთილნი შჯულსა იმარხვენ, არამედ ჰნებავს თქუენი წინადაცუეთაჲ, რაჲთა თქუენითა მით ჴორცითა იქადოდიან. 14. ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისათჳს სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცუმულ არს და მე - სოფლისა. 15. რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ არცა წინადაცუეთილებაჲ რას შემძლებელ არს, არცა წინადაუცუეთელობაჲ, არამედ ახალი დაბადებული. 16. და რაოდენნი წესსა ამას ზედა ეგნენ, მშჳდობაჲ მათ ზედა და წყალობაჲ და ისრაელსა ზედა ღმრთისასა.
17. ამიერითგან შრომასა ნუვინ შემამთხუევნ მე; რამეთუ მე საწრეტელნი იგი უფლისა იესუჲსნი ჴორცთა შინა ჩემთა მიტჳრთვან.
18. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა თანა, ძმანო. ამინ.