სახარებაჲ იოვანეს თავი

15

1. მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი, და მამაჲ ჩემი მოქმედი არს. 2. ყოველმან რტომან რომელი ჩემ თანა არს და არა მოიღოს ნაყოფი, აღიღოს იგი; და ყოველმან რომელმან მოიღოს ნაყოფი, განწმიდოს იგი, რაჲთა უფროჲსი ნაყოფი გამოიღოს. 3. ხოლო თქუენ აწვე წმიდა ხართ სიტყჳთა მით, რომელსა გეტყოდე თქუენ. 4. დაადგერით თქუენ ჩემთანა, და მე თქუენ თანა: ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ჴელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თჳსით, უკუეთუ არა ეგოს ვენაჴსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკეთუ არა დაადგრეთ ჩემთანა. 5. მე ვარ ვენაჴი და თქუენ რტონი. რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი. 6. უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევი, და განჴმეს, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან, და დაიწუას. 7. უკეთუ დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა ეგნენ, რაჲცა გინდეს, ითხოვეთ, და გეყოს თქუენ. 8. ამით იდიდოს მამაჲ ჩემი, რაჲთა ნაყოფი მრავალი გამოიღოთ და იყვნეთ ჩემდა მოწაფე. 9. ვითარცა შემიყუარა მე მამამან, მეცა შეგიყუარენ თქუენ, დაადგერით სიყუარულსა ჩემსა ზედა. 10. უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყუარულსა ზედა ჩემსა, ვითარცა მე მცნებანი მამისა ჩემისანი დავიმარხენ და ვჰგიე სიყუარულსა ზედა მისსა. 11. ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს. 12. რამეთუ ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ. 13. უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს. 14. თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ. 15. არღარა გეტყჳ თქუენ მონად, რამეთუ მონამან არა იცინ, რასა იქმნ უფალი მისი. ხოლო თქუენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ. 16. არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ და დაგადგინენ თქუენ, რაჲთა თქუენ წარხჳდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და ნაყოფი თქუენი ეგოს სავსებით, რაჲთა, რაჲ-იგი სთხოოთ მამასა ჩემსა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ. 17. ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას.

18. უკეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა. 19. უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა. 20. მოიჴსენეთ სიტყუაჲ იგი, რომელ გარქუ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ. 21. არამედ ესე ყოველი გყონ თქუენ სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი. 22. უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათჳს. 23. რომელსა ვსძულდე მე, მამაჲცა ჩემი სძულს. 24. უკეთუმცა არა ვქმნენ საქმენი იგი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, ცოდვაჲმცა არა აქუნდა. ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჲცა ჩემი. 25. არამედ რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი სჯულსა მათსა წერილ არს, რამეთუ: მომიძულეს მე ცუდად. 26. ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს. 27. და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ.

16

1. ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ. 2. კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა. 3. და ესე გიყონ თქუენ, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი მამაჲ, არცა მე. 4. არამედ ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა რაჟამს მოიწიოს ჟამი იგი, მოიჴსენოთ მათი, რამეთუ მე გარქუ თქუენ. ესე პირველითგან არა გარქუ თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ. 5. ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს მე, ვითარმედ: ვიდრე ხუალ? 6. არამედ ამას რაჲ გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი. 7. არამედ მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ: უმჯობეს არს თქუენდა, რაჲთა მე წარვიდე; უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინის-მცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა; უკუეთუ მე წარვიდე, მოვავლინო იგი თქუენდა. 8. და მოვიდეს იგი და ამხილოს სოფელსა ცოდვისათჳს და სიმართლისათჳს და სასჯელისათჳს: 9. ცოდვისათჳს ესრეთ, რამეთუ არა ჰრწმენა ჩემდა მომართ; 10. ხოლო სიმართლისათჳს, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ, და არღარა მხედვიდეთ მე; 11. ხოლო სასჯელისათჳს, რამეთუ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ დასჯილ არს. 12. ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ აწ არღარა ძალგიც ტჳრთვად. 13. ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა, რამეთუ არა იტყოდის თავით თჳსით, არამედ რაოდენი-რაჲ ესმეს, იტყოდის და მომავალი იგი გითხრას თქუენ. 14. მან მე მადიდოს, რამეთუ ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ. 15. ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს; და ამისთჳს გარქუ თქუენ, რამეთუ: ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ. 16. მცირედღა, და არღარა მხედვიდეთ მე; და კუალად მცირედღა, და მიხილოთ მე, რამეთუ მე მივალ მამისა ჩემისა. 17. ჰრქუეს უკუე მოწაფეთა მისთა ურთიერთას: რაჲ არს, რომელსა-ესე მეტყჳს ჩუენ: მცირედღა, და არღარა მხედვიდეთ მე; და კუალად მცირედღა, და მიხილოთ მე, და რამეთუ მე მივალ მამისა ჩემისა? 18. და იტყოდეს უკუე: რაჲ არს ესე „მცირედ“? არა უწყით, რასა იტყჳს. 19. გულისჴმა-ყო იესუ, რამეთუ უნდა კითხვის, და ჰრქუა მათ: ამისთჳს გამოეძიებთა ურთიერთას, რამეთუ ვთქუ: მცირედღა, და არღარა მხედვიდეთ მე; და კუალად მცირედ, და მიხილოთ მე? 20. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ სტიროდით და ჰგოდებდეთ თქუენ, ხოლო სოფელსა უხაროდის, და თქუენ სწუხდეთ, არამედ მწუხარებაჲ თქუენი სიხარულად გარდაიქცეს. 21. დედაკაცი რაჟამს შობნ, მწუხარე არნ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი. ხოლო რაჟამს შვის ყრმაჲ, არღარა მოეჴსენის ჭირი იგი სიხარულითა მით, რამეთუ იშვა კაცი სოფელსა შინა. 22. ხოლო თქუენ აწ ჭირი გაქუს. და მერმე კუალად გიხილნე თქუენ, და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან. 23. და მას დღესა შინა მე არარაჲ მკითხოთ. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რაოდენიცა-რაჲ სთხოოთ მამასა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ. 24. აქამომდე არარაჲ გითხოვიეს სახელითა ჩემითა. ითხოვდით და მოიღოთ, რაჲთა სიხარული თქუენი სავსებით იყოს. 25. ამას იგავით გეტყოდე თქუენ. ხოლო მოვალს ჟამი, ოდეს არღარა იგავით გეტყოდი თქუენ, არამედ განცხადებულად მამისა ჩემისათჳს გითხრა თქუენ. 26. მას დღესა შინა ითხოოთ სახელითა ჩემითა, და არა გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: მე ვჰკითხო მამასა ჩემსა თქუენთჳს. 27. რამეთუ თჳთ მამასა ჩემსა უყუართ თქუენ, რამეთუ თქუენ მე შემიყუარეთ და გრწმენა რამეთუ მე ღმრთისაგან გამოვედ. 28. გამოვედ მამისაგან და მოვედ სოფლად და კუალად დაუტეობ სოფელსა და მივალ მამისა. 29. ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: აჰა აწ განცხადებულად იტყჳ და იგავსა არცა ერთსა რას იტყჳ. 30. და აწ უწყით ჩუენ, რამეთუ ყოველივე იცი და არა გიჴმს, რაჲთა გკითხოს ვინმე. ამის გამო გურწამს, რამეთუ ღმრთისაგან გამოხუედ. 31. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: აწ სამე გრწამს? 32. აჰა მოვალს ჟამი და მოწევნულ არს, რამეთუ განიბნინეთ კაცად-კაცადი თჳსად ადგილად და მე მარტოჲ დამიტეოთ; და არა ვარ მე მარტოჲ, არმედ მამაჲ ჩემი ჩემ თანა არს. 33. ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდეს. სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა.

17

1. ამას იტყოდა იესუ და აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად და თქუა: მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძე შენი, რაჲთა ძემანცა შენმან გადიდოს შენ. 2. ვითარცა-ესე მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ. 3. და ესე არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე. 4. მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე, რაჲთა ვყო. 5. და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა. 6. გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე სოფლისა ამისგან; შენნი იყვნეს და მე მომცენ იგინი, და სიტყუჲ შენი დაუმარხავს. 7. და აწ უცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი მომეც მე, შენგან არს. 8. რამეთუ სიტყუანი, რომელნი მომცენ მე, მივსცენ მათ, და მათ მიიხუნეს და ცნეს ჭეშმარიტად, რამეთუ შენგან გამოვედ, და ჰრწმენა, რამეთუ შენ მომავლინე მე. 9. მე მათთჳს გკითხავ; არა თუ სოფლისათჳს გკითხავ, არამედ მათთჳს, რომელნი მომცენ მე, რამეთუ შენნი არიან. 10. და ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემი არს, და დიდებულ ვარ მე მათ შორის. 11. და არღარა ვარ მე სოფელსა ამას, და ესენი სოფელსა შინა არიან, და მე შენდა მოვალ. მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე, რაჲთა იყვნენ ერთობით, ვითარცა ჩუენ. 12. ოდეს ვიყავ მათ თანა სოფელსა შინა, მე ვსცევდ მათ სახელითა შენითა; რომელნი მომცენ მე, დავიცვენ, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა ძე იგი წარწყმედისაჲ, რაჲთა წერილი აღესრულოს. 13. ხოლო აწ შენდა მოვალ და ამას ვიტყჳ სოფელსა შინა, რაჲთა აქუნდეს მათ სიხარული ჩემი სავსებით. 14. მე მივსცენ მათ სიტყუანი შენნი, და სოფელმან მოიძულნა იგინი, რამეთუ არა არიან სოფლისა ამისგანნი, ვითარცა მე არა ვარ სოფლისა ამისგან. 15. არა ვიტყჳ, რაჲთა აღიხუნე იგინი სოფლისაგან, არამედ რაჲთა დაიცვნე იგინი ბოროტისაგან. 16. სოფლისაგანნი არა არიან, ვითარცა მე არა სოფლისაგანი ვარ. 17. წმიდა-ყვენ ესენი ჭეშმარიტებითა, რამეთუ სიტყუაჲ შენი ჭეშმარიტ არს. 18. ვითარცა მომავლინე მე სოფლად, მეცა წარვავლინებ მათ სოფლად. 19. და მათთჳს წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა, რაჲთა იგინიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებით. 20. და არა ამათთჳს ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათჳს, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ; 21. რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე. 22. და მე დიდებაჲ, რომელი მომეც მე, მივეც მათ, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ. 23. მე მათ შორის, და შენ ჩემ თანა, რაჲთა იყვნენ სრულ ერთობითა, და რაჲთა უწყოდის სოფელმან, რამეთუ შენ მომავლინე მე და შეიყუარენ იგინი, ვითარცა მე შემიყუარე. 24. მამაო, რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რაჲთა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაჲთა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა. 25. მამაო მართალო, და სოფელმან შენ არა გიცნა, ხოლო მე გიცან შენ, და მათცა ცნეს, რამეთუ შენ მომავლინე მე. 26. და ვაუწყე სახელი შენი და ვაუწყო, რაჲთა სიყუარულითა მით რომლითა შემიყუარე მე, მათ შორის იყოს, და მე მათ თანა.

18

1. ესე თქუა იესუ და გამოვიდა მოწფითურთ თჳსით წიაღ ჴევსა მას ნაძოვანსა, სადაცა-იგი იყო მტილი, რომელსა შევიდა თავადი და მოწაფენი მისნი. 2. იცოდა იუდაცა, მიმცემელმან მისმან, ადგილი იგი, რამეთუ მრავალ-გზის შესრულ იყო მუნ იესუ მოწაფითურთ თჳსით. 3. ხოლო იუდა წარიყვანა ერი და მღდელთ-მოძღუართა და ფარისეველთაგან მსახურნი და მოვიდა მუნ სანთლებითა და ლამპრებითა და საჭურველითა. 4. ხოლო იესუ იცოდა ყოველი იგი მომავალი მის ზედა, გამოვიდა და ჰრქუა მათ: ვის ეძიებთ? 5. მიუგეს და ჰრქუეს მას: იესუს ნაზარეველსა. ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ. დგა იუდაცა, მიმცემელი იგი მისი, მათ თანა. 6. და ვითარცა ჰრქუა მათ: მე ვარ, გარეუკუნიქცეს და დაეცნეს ქუეყანასა. 7. მერმე კუალად ჰკითხა მათ: ვის ეძიებთ? და მათ ჰრქუეს მას: იესუს ნაზარეველსა. 8. ჰრქუა მათ იესუ: გარქუ თქუენ, ვითარმედ: მე ვარ. უკუეთუ მე მეძიებთ, უტევენით ესენი, წარვიდენ. 9. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა, ვითარმედ: რომელნი მომცენ მე, არა წარვწყმიდე მათგანი არცა ერთი. 10. ხოლო სიმონ-პეტრეს აქუნდა მახჳლი, აღმოიჴადა იგი და სცა მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი მარჯუენე. ხოლო იყო სახელი მონისაჲ მის მალქოზ. 11. ჰრქუა იესუ პეტრეს: დადევ მახჳლი ქარქაშსა! სასუმელი, რომელი მომცა მე მამამან, არა შევსუაა იგი?

12. ხოლო კრებულმან მან და ათასისთავმან და მსახურთა მათ ჰურიათამან შეიპყრეს იესუ და შეკრეს იგი. 13. და მიიყვანეს იგი პირველად ანნაჲსა, რამეთუ იყო სიმამრი კაიაფაჲსი, რომელი იყო მღდელთ-მოძღუარი მის წელიწადისაჲ. 14. ხოლო ესე კაიაფა იყო, რომელმან აზრახა ჰურიათა, ვითარმედ: უმჯობეს არს კაცისა ერთისა სიკუდილი ერისათჳს. 15. მისდევდა იესუს სიმონ-პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ. ხოლო მოწაფე იგი ერთი მეცნიერ იყო მღდელთ-მოძღურისა და შევიდა იესუჲს თანა ეზოსა მღდელთ-მოძღურისასა. 16. ხოლო პეტრე დგა კარსა თანა გარეშე. განვიდა ერთი იგი მოწაფე, რომელი იყო მეცნიერ მღდელთ-მოძღურისა, და ჰრქუა მეკარესა მას დედაკაცსა და შეიყვანა პეტრე. 17. ჰრქუა მჴევალმან მან მეკარემან პეტრეს: ნუუკუე შენცა მოწაფეთაგანი ხარ მის კაცისათაჲ? ხოლო პეტრე თქუა: არა ვარ. 18. დგეს მონანი იგი და მსახურნი მღდელთ-მოძღუართანი, და ნაკუერცხალი აღეგზნა, რამეთუ ყინელი იყო, და ტფებოდეს. დგა მათ თანა პეტრეცა და ტფებოდა. 19. ხოლო მღდელთ-მოძღუარმან მან ჰკითხა იესუს მოწაფეთა მისთათჳს და მოძღურებისა მისისათჳს. 20. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მე განცხადებულად ვეტყოდე სოფელსა და მე მარადის ვასწავებდ შესაკრებელსა და ტაძარსა შინა, სადა-იგი ყოვლადვე ჰურიანი შეკრბიან, ხოლო ფარულად არარას ვეტყოდე. 21. რაჲსა მკითხავ მე? ჰკითხე მათ, რომელთა ესმოდა, რასა ვასწავებდ მათ. აჰა ამათ იციან, რასა-იგი ვეტყოდე მათ. 22. და ვითარცა ესე თქუა იესუ, ერთმან მსახურთაგანმან მუნ მდგომარემან სცა ყურიმალსა იესუს და ჰრქუა: ესრეთ სიტყუას-უგება მღდელთ-მოძღუარსა? 23. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათჳს; უკუეთუ კეთილსა, რაჲსათჳს მცემ? 24. და მიავლინა იგი ანა კრული კაიაფაჲსა, მღდელთ-მოძღურისა. 25. ხოლო სიმონ-პეტრე დგა და ტფებოდა. ჰრქუეს მას მუნ მდგომარეთა მათ: ნუუკუე შენცა მოწაფეთა მისთაგანი ხარ? ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: არა ვარ. 26. ჰრქუა მას ერთმან მონათაგანმან მღდელთ-მოძღურისამან – ნათესავი იყო მისი, რომელსა-იგი პეტრე წარჰკუეთა ყური – არა მე გიხილეა მტილსა მას შინა მის თანა? 27. და კუალად უვარ-ყო პეტრე. და მეყსეულად ქათამმან იყივლა.

28. და მოიყვანეს იესუ კაიაფაჲსით ტაძრად. და იყო განთიად. და იგინი არა შევიდეს ტაძრად, რაჲთა არა შეიგინნენ, არამედ რაჲთა ჭამონ პასექი. 29. გამოვიდა პილატე მათა გარე და ჰრქუა მათ: რასა შესმენასა მოიღებთ კაცისა ამისა ზედა? 30. მიუგეს და ჰრქუეს მას: უკუეთუმცა არა ბოროტის-მოქმედი იყო, არამცა მიგეცით შენ ეგე. 31. ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე თქუენ და სჯულისა თქუენისაებრ განიკითხეთ ეგე. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ჩუენდა არავისი ჯერ-არს მოკლვაჲ. 32. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელ თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა მოსიკუდიდ. 33. კუალად უკუე შევიდა პილატე ტაძრად და შეხადა იესუს და ჰრქუა მას: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? 34. ჰრქუა მას იესუ: შენ თავით თჳსით იტყჳ მაგას, ანუ სხუათა გითხრეს ჩემთჳს? 35. მიუგო პილატე და ჰრქუა მას: ნუუკუე მე ჰურიაჲ ვარა? ნათესავთა შენთა და მღდელთ-მოძღუართა მოუცემიხარ შენ ჩემდა. რაჲ გიქმნიეს? 36. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს. უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაჲ ჩემი, მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთჳს, რაჲთა არამცა მივეცი ჰურიათა. ხოლო აწ მეუფებაჲ ჩემი არა არს ამიერ სოფლით. 37. ჰრქუა მას პილატე: უკუეთუ მეუფჱ ხარ შენ? ჰრქუა მას იესუ: შენ იტყჳ, რამეთუ მეუფე ვარ მე. ამისთჳს შობილ ვარ და ამისათჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისგან იყოს, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ. 38. ჰრქუა მას პილატე: რაჲ არს ჭეშმარიტებაჲ? და ვითარცა ესე თქუა, კუალად გამოვიდა და ჰრქუა ჰურიათა მათ: მე არცა ერთსა ბრალსა ვჰპოებ ამის თანა. 39. ხოლო არს ჩუეულებაჲ თქუენი, რაჲთა ერთი მიგიტეო თქუენ დღესასწაულსა ამას. გნებავსა, რაჲთა მიგიტევო თქუენ მეუფჱ ჰურიათაჲ? 40. კუალად უკუე ღაღატ-ყვეს ყოველთა და თქუეს: ნუ ეგე, არამედ ბარაბა. და იყო ესე ბარაბა ავაზაკი.

19

1. მაშინ მოიყვანა პილატე იესუ და ტანჯა იგი. 2. და ერისაგანთა მათ შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და სამოსელი ძოწეული შეჰმოსეს მას. 3. და მოვიდიან მისა და ეტყჳედ მას: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! და სცემდეს ყურიმალსა. 4. გამოვიდა უკუე კუალად გარე პილატე და ჰრქუა მათ: აჰა გამოვიყვანო იგი გარე თქუენდა, რაჲთა სცნათ, რამეთუ მის თანა არცა ერთი ბრალი ვპოე. 5. გამოვიდა იესუ გარე, და ედგა ეკლისა იგი გჳრგჳნი და ძოწეული სამოსელი. და ჰრქუა მათ პილატე: აჰა კაცი იგი! 6. და ვითარცა იხილეს იგი მღდელთ-მოძღუართა მათ და მსახურთა, ღაღად-ყვეს და თქუეს: ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცუთ, რამეთუ მე მაგის თანა ბრალსა არარას ვჰპოებ. 7. მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: ჩუენ სჯული გუაქუს და, სჯულისა ჩუენისაებრ თანა-აც სიკუდილი, რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო. 8. ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე პილატეს, უფროჲს შეეშინა. 9. და შევიდა კუალად მუნვე ტაძრად და ჰრქუა იესუს: ვინაჲ ხარ შენ? ხოლო იესუ სიტყუაჲ არა მიუგო მას. 10. ჰრქუა მას პილატე: მე არას მეტყჳა? ანუ არა უწყია, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მაქუს ჯუარს-ცუმად შენდა და ჴელმწიფებაჲ მაქუს განტევებად შენდა? 11. ჰრქუა მას იესუ: არა გაქუს ჴელმწიფებაჲ ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო. ამისათჳს მიმცემელსა ჩემსა შენდა უდიდესი ცოდვაჲ აქუს. 12. ამის გამო პილატეს უნდა განტევებაჲ მისი, ხოლო ჰურიანი იგი ღაღადებდეს და იტყოდეს: უკუეთუ ეგე განუტეო, არა ხარ მოყუარე კეისრისაჲ, რამეთუ ყოველი, რომელი მეუფედ იტყჳნ თავსა თჳსსა, სიტყუას-უგებნ კეისარსა. 13. ხოლო პილატეს რაჲ ესმა სიტყუაჲ ესე, გამოიყვანა იესუ გარე და დაჯდა იგი საყდართა ზედა, ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან ქვაფენილ, ხოლო ებრაელებრ კაპპათა. 14. და იყო პარასკევი პასქაჲსაჲ, და ჟამი იყო მეექვსე. ჰრქუა პილატე ჰურიათა მათ: აჰა მეუფჱ თქუენი! 15. ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: აღიღე, აღიღე და ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მეუფე თქუენი მე ჯუარს-ვაცუაა? მიუგეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ჰრქუეს: არა გჳვის ჩვენ მეუფჱ, გარნა კეისარი. 16. მაშინ მისცა იგი მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას. ხოლო მათ წარიყვანეს იესუ.

17. და ეკიდა თჳთ ჯუარი თჳსი, და განვიდა ადგილსა მას თხემისა, რომელსა ჰრქჳან ებრაელებრ გოლგოთა. 18. და მუნ ჯუარს-აცუეს იგი, და მის თანა სხუანი ორნი ამიერ და იმიერ და შორის იესუ. 19. და დაწერა პილატე ფიცარი და დასდვა ჯუარსა მას ზედა. და იყო წერილი ესრე: იესუ ნაზარეველი, მეუფჱ ჰურიათაჲ. 20. ესე ფიცარი მრავალთა ჰურიათა აღმოიკითხეს, რამეთუ მახლობელ იყო ქალაქსა ადგილი იგი, სადა ჯუარს-აცუეს იესუ. და იყო წერილი ებრაელებრ და ჰრომაელებრ და ბერძლ. 21. ეტყოდეს უკუე პილატეს მღდელთ-მოძღუარნი იგი ჰურიათანი: ნუ დასწერ მეუფედ ჰურიათა, არამედ ვითარმედ მან თქუა: მეუფჱ ჰურიათაჲ ვარი მე. 22. ჰრქუა მათ პილატე: რომელი დავწერე, დავწერე.

23. და ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესუ, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმან ნაწილი. ხოლო კუართი იგი, რომელი იყო უკერველ, ზეით გამოქსოვილ ყოვლად. 24. თქუეს უკუე ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, ვისაცა იყოს, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. ერისაგანთა მათ ესე ყვეს. 25. ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა იესუჲსსა დედაჲ მისი დაჲ დედისა მისისაჲ, მარიამ კლეოპაჲსი, და მარიამ მაგდალენელი. 26. ხოლო იესუ ვითარცა იხილა დედაჲ თჳსი და მოწაფე იგი, რომელი უყუარდა, წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა თჳსსა: დედაკაცო, აჰა ძე შენი! 27. და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაჲ შენი! და მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თჳსთა თანა. 28. ამისა შემდგომად იხილა იესუ, რამეთუ ყოველივე აღსრულებულ არს. და რაჲთა აღესრულოს წერილი იგი, თქუა: მწყურის. 29. დგა მუნ ჭურჭელი ძმრითა სავსე. და მათ ღრუბელი აღავსეს ძმრითა მით უსუპსა თანა და დაადგეს ლერწამი და მიუპყრეს პირსა მისსა. 30. და ოდეს მიიღო ძმარი იგი იესუ, თქუა: ესეცა წერილი აღსრულებულ არს. და მიიდრიკა თავი და განუტევა სული.

31. ხოლო ჰურიათა მათ, რამეთუ პარასკევი იყო, რაჲთა არა დაადგრეს გუამი მისი ჯუარსა ზედა შაბათადმდე, რამეთუ იყო დიდ დღე იგი შაბათისაჲ მის, ჰკითხეს პილატეს, რაჲთა წჳვნი მათნი განუტეხნენ და გარდამოიხუნენ. 32. მოვიდეს ერისაგანნი იგი და პირველისანი მის განუტეხნეს წჳვნი, და ერთისაჲ მის ეგრეთვე, რომელნი ჯუარ-ცუმულ იყვნეს მის თანა. 33. ხოლო მო-რაჲ-ვიდეს იესუჲსა და იხილეს იგი, რამეთუ მომკუდარ იყო, არა განუტეხნეს წჳვნი მისნი, 34. არამედ ერთმან ერისაგანმან ლახურითა უგუმირა გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოჴდა სისხლი და წყალი. 35. და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, და მან უწყის, რამეთუ ჭეშმარიტსა იტყჳს, რაჲთა თქუენცა გრწმენეს. 36. რამეთუ იყო ესე, რაჲთა წერილი აღესრულოს, ვითარმედ: ძუალი მისი არა შეიმუსროს. 37. და სხუაჲ წერილი იტყჳს: იხილონ, რომელსა-იგი უგმირეს.

38. ამისა შემდგომად ჰკითხა პილატეს იოსებ, რომელი იყო არიმათიაჲთ, რამეთუ იყო იგი მოწაფე იესუჲსი ფარულად, შიშისათჳს ჰურიათაჲსა რაჲთა აღიღოს გუამი იესუჲსი. და უბრძანა მას პილატე, მოვიდა და აღიღო გუამი მისი. 39. მოვიდა ნიკოდიმოსცა, რომელი-იგი მოსრულ იყო იესუჲსა ღამე პირველ, და მოიღო აღრეული მურისა და ალოჲსაჲ ვითარ ასი ლიტრაჲ. 40. და მოიღეს გუამი იესუჲსი და შეგრაგნეს იგი ტილოებითა სულნელთა მათ თანა, ვითარცა ჩუეულებაჲ არს ჰურიათა დაფლვისაჲ. 41. იყო ადგილსა მას, სადა ჯუარს-ეცუა, მტილი, და მტილსა მას შინა საფლავი ახალი, რომელსა არავინ დადებულ იყო. 42. მუნ დადვეს გუამი იესუჲსი პარასკევისათჳს ჰურიათაჲსა, რამეთუ მახლობელ იყო საფლავი იგი.

20

1. ერთსა მას შაბათსა მოვიდა მარიამ მაგდალენელი განთიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას ზედა და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა. 2. რბიოდა და მოვიდა სიმონ-პეტრესა და სხჳსა მის მოწაფისა, რომელი უყუარდა იესუს, და რქუა მათ: აღიღეს უფალი საფლავისაგან, და არა უწყი, სადა დადვეს იგი. 3. გამოვიდა პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ და მოვიდოდეს საფლავად. 4. რბიოდეს ორნივე ზოგად. ხოლო სხუაჲ იგი მოწაფე წინა რბიოდა უადრეს პეტრესსა და მოვიდა პირველად საფლავად. 5. და შთახედა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და შინა არა შევიდა. 6. მოვიდა სიმონ-პეტრეცა შემდგომად მისა და შევიდა საფლავად და იხილნა ტილონი იგი მდებარენი. 7. და სუდარი იგი, რომელი იყო თავსა მისსა არა ტილოთა თანა მდებარე, არამედ თჳსაგან შეკეცილი ერთსა ადგილსა. 8. მაშინ შევიდა სხუაჲცა იგი მოწაფე, რომელი მოვიდა პირველად პეტრესა საფლავად. და იხილეს და ჰრწმენა. 9. რამეთუ არღა იცოდეს წერილისაჲ, ვითარმედ: ჯერ-არს მისი მკუდრეთით აღდგომაჲ. 10. წარვიდეს უკუე კუალად თჳსაგან მოწაფენი იგი. 11. ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა. და ვითარ ტიროდა, შთახედა საფლავსა მას. 12. და იხილნა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესუჲსი. 13. და ჰრქუეს მას ანგელოზთა მათ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ხოლო მან ჰრქუა მათ, რამეთუ აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი. 14. ესე რაჲ თქუა, მიიქცა გარე და იხილა იესუ მდგომარე და არა უწყოდა, რამეთუ იესუ არს. 15. ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ვის ეძიებ? მას ეგონა, ვითარმედ მემტილე იგი არს, და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი. 16. ჰრქუა მას იესუ: მარიამ! მიიხილა მან გარეთ და ჰრქუა ებრაელებრ: რაბბუნი! რომელსა ჰრქჳან მოძღუარ, და მირბიოდა შემთხუევად მისა. 17. რქუა მას იესუ: ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა. 18. მოვიდა მარიამ მაგდალენელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას.

19. და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! 20. და ვითარცა ესე თქუა, უჩუენა მათ ჴელნი თჳსნი და გუერდი მისი. და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი. 21. რქუა მათ იესუ კუალად: მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ. 22. და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. 23. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ. 24. ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანნი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ. 25. უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: ვიხილეთ ჩვენ უფალი. ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს. 26. და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესუ კართა ჴშულთა და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! 27. მერმე ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელნი ჩემნი და მოიღე ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ. 28. მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! 29. ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე.

30. მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ წინაშე მოწაფეთა თჳსთა, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას. 31. ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა.

21

1. ამისა შემდგომად კუალად გამოუცხადა თავი თჳსი იესუ მოწაფეთა თჳსთა ზღუასა მას ზედა ტიბერიისასა. ხოლო გამოუცხადა ესრეთ: 2. იყვნეს ზოგად სიმონ-პეტრე და თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, და ნათანაელ, რომელი იყო კანაჲთ გალილეაჲსაჲთ, და ძენი ზებედესნი და სხუანი მოწაფეთაგანნი ორნი. 3. ჰრქუა მათ სიმონ-პეტრე: წარვიდე სათხევლობად. ჰრქუეს მას: მოვიდეთ ჩუენცა შენ თანა. განვიდეს და შევიდეს ნავსა. და მას ღამესა არარაჲ იპყრეს. 4. და ვითარცა განთენდებოდა, დგა იესუ კიდესა ზედა, და არა უწყოდეს მოწაფეთა, ვითარმედ უფალი არს. 5. ჰრქუა მათ იესუ: ყრმანო, საჭმელი ნუ გაქუს რაჲა? მიუგეს და ჰრქუეს: არა. 6. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: სდევით ბადე ეგე მარჯუენით კერძო ნავისა მაგის და ჰპოოთ. ხოლო მათ სდევს ბადე იგი და ვერღარა ეძლო გამოთრევად სიმრავლისა მისგან თევზთაჲსა. 7. ჰრქუა პეტრეს მოწაფემან მან, რომელი უყუარდა იესუს, ვითარმედ: უფალი არს. ხოლო სიმონ-პეტრეს ვითარცა ესმა, ვითარმედ უფალი არს, მოირტყა შესამოსელი თჳსი, რამეთუ შიშუელი იყო, და შთაიგდო თავი თჳსი ზღუად. 8. ხოლო სხუანი მოწაფენი ნავითა მოვიდოდეს, რამეთუ არა შორს იყვნეს ქუეყანისაგან, არამედ ორას წყრთა ოდენ, და გამოითრევდეს ბადესა მას თევზითა სავსესა. 9. და ვითარცა გამოჴდეს ქუეყანად, იხილეს ნაკუერცხალი მდებარე და თევზი მას ზედა და პური. 10. ჰრქუა მათ იესუ: მოიღეთ თევზთა მათგანი, რომელი იპყართ. 11. აღვიდა სიმონ-პეტრეცა და გამოითრევდა ბადესა მას ქუეყანად, სავსესა დიდ-დიდითა თევზითა, რომელი იყო ას ერგასის და სამ. ესოდენ იყო, და არა განსთქდა ბადე იგი. 12. ჰრქუა მათ იესუ: მოვედით და ისადილენით. და არავინ მოწაფეთაგანმან კითხვად მისა, ვითარმედ: შენ ვინ ხარ? იცოდეს ყოველთა, რამეთუ უფალი არს. 13. მოვიდა იესუ და მოიღო პური იგი და მისცა მათ, და თევზი იგი ეგრეთვე. 14. ესე სამ-გზის გამოეცხადა იესუ მოწაფეთა თჳსთა, აღ-რაჲ-დგა მკუდრეთით.

15. და ოდეს ისადილნეს, ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი. 16. ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. 17. კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. 18. ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს. 19. ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ვითარცა ესე თქუა, ჰრქუა მას: შემომიდეგ მე. 20. მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელი უყუარდა იესუს, მისდევდა რაჲ, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს, რომელი მიგცემს შენ? 21. ესე ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: უფალო, ხოლო ესე რაჲ? 22. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ? შენ მე შემომიდეგ. 23. და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ: მოწაფე იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: არა მოკუდეს, არამედ: უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ, ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, შენდა რაჲ?

24. ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე. და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი. 25. და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები.