პავლე მოციქულისა წიგნი კოლასელთა მიმართ

თავი 1

1. პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და ტიმოთე ძმაჲ 2. კოლასეს შინა წმიდათა და მორწმუნეთა ძმათა ქრისტე იესუჲს მიერ:

3. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. ვჰმადლობ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, მარადის თქუენთჳს ვილოცავთ. 4. გუესმა სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი ქრისტე იესუჲს მიმართ და სიყუარული ყოველთა მიმართ წმიდათა 5. სასოებისა მისთჳს, განმზადებულისა თქუენთჳს ცათა შინა, რომელი-იგი წინაწარ გესმა სიტყუასა მას შინა ჭეშმარიტებისა სახარებისასა, 6. რომელი-იგი მოიწია თქუენდა, ვითარცა ყოველსა შინა სოფელსა, და არს ნაყოფიერ და აღორძინებულ, ვითარცა-ეგე თქუენ შორის, ვინაჲ დღითგან გესმა და სცანთ მადლი იგი ღმრთისაჲ ჭეშმარიტებით, 7. ვითარცა-იგი ისწავეთ ეპაფრაჲსგან, საყუარელისა თანა-მონისა ჩუენისა, რომელ-იგი არს სარწმუნოჲ თქუენდა მიმართ მსახური ქრისტესი, 8. რომელმანცა მაუწყა ჩუენ თქუენი ეგე სიყუარული სულითა. 9. ამისთჳს ჩუენცა, ვინაჲთ დღითგან გუესმა, არა დავსცხრებით თქუენთჳს ლოცვითა და თხოვითა, რაჲთა აღივსნეთ მეცნიერებითა ნებისა მისისაჲთა, ყოვლითა სიბრძნითა და გულისხმის-ყოფითა სულიერითა, 10. რაჲთა ხჳდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა ყოველსავე სათნოებასა ყოვლითა საქმითა კეთილითა ნაყოფიერნი და აღორძინებულნი მეცნიერებასა ღმრთისასა, 11. ყოვლითა ძალითა განძლიერებულნი სიმტკიცისაებრ დიდებისა მისისა, ყოვლისა მიმართ მოთმინებისა და სულგრძელებისა, სიხარულით, 12. ჰმადლობდით მამასა, რომელმან ღირს გუყვნა ჩუენ ნაწილსა მას მკჳდრობისა წმიდათაჲსა ნათელსა შინა, 13. რომელმან მიჴსნნა ჩუენ ჴელმწიფებისა მისგან ბნელისა და მიმცვალნა ჩუენ სასუფეველსა ძისა მისისა საყუარელისასა, 14. რომლისაგან მაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ, 15. რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, პირმშოჲ ყოველთა დაბადებულთაჲ. 16. რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი, - ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა. 17. და იგი თავადი არს ყოველთა წინა, და ყოველივე მის მიერ დამტკიცნა. 18. და იგი არს თავი გუამისა მის ეკლესიისაჲ, რომელი არს დასაბამი, პირმშოჲ მკუდრეთით, რაჲთა იყოს იგი თავადი ყოველსა შინა მთავარ; 19. რამეთუ მას შინა სათნო-იყო ყოველივე სავსებაჲ დამკჳდრებად 20. და მის მიერ დაგებად ყოველი მისა მიმართ, მშჳდობა-ყო სისხლითა მით ჯუარისა მისისაჲთა მის მიერ, გინა თუ ქუეყანასა ზედა, გინა თუ ცათა შინა. 21. და თქუენ ოდესმე იყვენით უცხო-ქმნულ და მტერ გონებითა თქუენითა საქმეთა მათ შინა ბოროტთა, 22. ხოლო აწ დაგიგნა გუამითა მით ჴორცთა მისთაჲთა სიკუდილისა მიერ და წარგადგინნა თქუენ წმიდად და უბიწოდ და უბრალოდ წინაშე მისსა, 23. უკუეთუ ეგნეთ სარწმუნოებასა ზედა დაფუძნებულნი და დამტკიცებულნი და შეურყეველნი სასოებისა მისგან სახარებისა, რომლისაჲ გესმა, ქადაგებულისაჲ ყოვლისა შორის დაბადებულისა ცასა ქუეშე, რომლისა ვიქმენ მე, პავლე, მსახურ.

24. აწ მიხარის ვნებათა მათ შინა თქუენთჳს და აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ჴორცითა ჩემითა გუამისათჳს მისისა, რომელ არს ეკლესიაჲ, 25. რომლისა ვიქმენ მე მსახურ მოღუაწებითა ღმრთისაჲთა, რომელი მომეცა მე თქუენდა მიმართ აღსრულებად სიტყჳსა ღმრთისა 26. საიდუმლოჲ იგი, დაფარული საუკუნითგან და ნათესავითგან, ხოლო აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა, 27. რომელთაჲ-იგი ინება ღმერთმან უწყებად, რაჲ-იგი არს სიმდიდრე დიდებისა საიდუმლოჲსაჲ მის წარმართთა შორის, რომელ არს ქრისტე თქუენ შორის, სასოებაჲ იგი დიდებისაჲ, 28. რომელსა-ესე ჩუენ ვქადაგებთ, ვასწავებთ ყოველსა კაცსა და ვჰმოძღურით ყოველსა კაცსა ყოვლითა სიბრძნითა, რაჲთა წარუდგინოთ ყოველი კაცი სრული ქრისტე იესუჲს მიერ. 29. რომლისათჳსცა ვშურები და ვიღუწი შეწევნისაებრ მისისა, შეწევნულისა ჩემ შორის ძალითა.

 

თავი 2

1. რამეთუ მნებავს უწყებად თქუენდა, რაბამი ღუაწლი მაქუს თქუენთჳს და ლავდიკელთა მათ და რაოდენთა არა უხილავს პირი ჩემი ჴორციელად, 2. რაჲთა ნუგეშინის-ცემულ იქმნენ გულნი მათნი, თანა-შეტყუებულნი სიყუარულით ყოვლისა მიმართ სიმდიდრისა გულ-სავსებისა, გულისჴმის-ყოფისა მეცნიერად საიდუმლოსა მას ღმრთისასა და მამისასა და ქრისტესსა, 3. რომელსა შინა არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი. 4. ხოლო ამას ვიტყჳ, რაჲთა ნუ ვინმე შეურაცხ-გყვნეს თქუენ სიტყჳთა მეტნობისაჲთა; 5. რამეთუ დაღათუ ჴორცითა შორს ვარ, არამედ სულითა თქუენ თანა ვარ; მიხარის და ვხედავ თქუენსა მაგას წესიერებასა და სიმტკიცესა მაგას ქრისტეს მიმართ სარწმუნოებისა თქუენისასა.

6. ვითარცა-ეგე გისწავიეს ქრისტე იესუ უფალი, მას შინა ვიდოდეთ, 7. დაფუძნებულნი და აღშენებულნი მას ზედა და დამტკიცებულნი სარწმუნოებითა, ვითარცა-იგი ისწავეთ, აღემატებოდეთ მას შინა მადლობითა. 8. ეკრძალენით, ნუ ვინმე იყოს წარმტყუენველ თქუენდა სიბრძნის მოყუარებითა და ცუდითა საცთურითა მოძღურებისა მისებრ კაცთაჲსა, წესთა მათებრ ამის სოფლისათა და არა ქრისტეს მიერ, 9. რამეთუ მას შინა დამკჳდრებულ არს ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ ჴორციელად. 10. და ხართ თქუენ მას შინა აღსავსე, რომელი-იგი არს თავი ყოვლისა მთავრობისა და ჴელმწიფებისაჲ, 11. რომლითაცა წინადაიცჳთეთ წინადაცუეთითა მით ჴელით უქმნელითა, განძარცუვითა მით გუამისა მის ჴორცთა მათ ცოდვათაჲსა წინადაცუეთითა ქრისტესითა. 12. მის თანა დაეფლენით ნათლის-ღებითა მით, რომლისა თანაცა აღსდეგით სარწმუნოებითა მით შეწევნითა ღმრთისაჲთა, რომელმან-იგი აღადგინა მკუდრეთით. 13. და თქუენცა მკუდარ იყვენით შეცოდებათა შინა და წინადაუცუეთელებითა მით ჴორცთა თქუენთაჲთა, მის თანა განგაცხოველნა თქუენ, მოგჳტევნა ჩუენ ყოველნი შეცოდებანი. 14. და აჴოცა ჩუენთჳს ჴელით წერილი ბრძანებით, რომელი იყო ანტაკრად ჩუენდა, და იგი აღიღო შორის და შეჰმსჭუალა ჯუარსა, 15. განძარცუნა მთავრობანი იგი და ჴელმწიფებანი და საჩუენებელ ქმნნა იგინი კადნიერებით და განაქიქნა იგინი მას შინა.

16. ნუმცა ვინ უკუე განგიკითხავს თქუენ საჭმლითა და სასუმლითა, გინა კერძო დღესასწაულისაჲთა, გინა თჳს-თავითა, გინა შაბათობითა, 17. რომელი-იგი არს აჩრდილი მერმეთაჲ მათ, ხოლო ჴორცთა - ქრისტესთა. 18. ნუვინ თქუენ მძლე გექმნებინ, უნდეს თუ სიმდაბლითა და წესითა ანგელოზთაჲთა, რომელი-იგი არა იხილა, განიკითხვიდეს ამაოდ განლაღებული გონებითა მით ჴორცთა მისთაჲთა 19. და არა შეეკრძალოს თავი, რომლისაგან ყოველი გუამი, სხეულთაგან და ნაწევართა შექმნული და შეერთებული, ორძის სიორძილსა მას ღმრთისასა.

20. უკუეთუ მოჰკუედით ქრისტეს თანა ნივთთა მათგან ამის სოფლისათა, რაჲსაღა, ვითარცა ცხოველნი სოფელსა შინა ჰბრძანებთ: 21. „ნუ მიეახლები, ნუცა გემოსა იხილავ, ნუცა შეეხები“, 22. რომელი-იგი არს ყოველივე განსარყუნელად ჴუმევითა მით მცნებისა მისებრ და მოძღურებისა კაცთაჲსა? 23. რომელ-იგი არს, რეცა სიტყუაჲ რაჲმე აქუს სიბრძნისაჲ ნეფსითათა მით წესითა და სიმდაბლითა და ურიდებითა ჴორცთაჲთა, არა თუ პატივითა რაჲთმე განსაძღებელად ჴორცთა.

 

თავი 3

1. უკუეთუ ქრისტეს თანა აღსდეგით, ზეცისასა ეძიებდით, სადაცა-იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე. 2. ზეცისასა ზრახევდით და ნუ ქუეყანისასა. 3. რამეთუ მოჰკუედით, და ცხორებაჲ თქუენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა. 4. რაჟამს ქრისტე გამოცხადნეს, ცხორებაჲ იგი ჩუენი, მაშინ თქუენცა მის თანა გამოსცხადნეთ დიდებითა.

5. მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენნი ქუეყანასა ზედა: სიძვაჲ, არა-წმიდებაჲ, ვნებაჲ, გულის თქუმაჲ ბოროტი და ანგაჰრებაჲ, რომელ არს კერპთ-მსახურებაჲ, 6. რომელთათჳს მოიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა, 7. რომელთა-იგი შინა თქუენცა სადმე იქცეოდეთ, ოდეს-იგი სცხონდებოდეთ მათ შინა. 8. ხოლო აწ განიშორეთ თქუენცა ყოველივე: რისხვაჲ, გულის წყრომაჲ, უკეთურებაჲ, გმობაჲ, უშუერი სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა. 9. ნუ უტყუით ერთი-ერთსა, განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ 10. და შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებაჲ მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა, 11. სადა-იგი არა არს წარმართ და ჰურია, წინადაცუეთილება და წინადაუცუეთილება, ბარბაროზ, სკჳთელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე. 12. შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაჲ, შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლე, სიმშჳდე, სულგრძელებაჲ, 13. თავს-იდებდით ურთიერთას და მიჰმადლებდით თავთა თჳსთა, უკუეთუ ვისმე აქუნდეს ვისთჳსმე ბრალი. ვითარცა-იგი ქრისტემან მიგმადლა თქუენ, ეგრეთცა თქუენ მიჰმადლეთ მათ. 14. და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ, 15. და მშჳდობაჲ იგი ღმრთისაჲ განმტკიცენინ გულთა შინა თქუენთა, რომლისა მიმართცა-იგი ჩინებულ ხართ ერთითა ჴორცითა, და მადლის მიმცემელ იყვენით. 16. და სიტყუაჲ იგი ქრისტესი დამკჳდრებულ იყავნ თქუენ თანა მდიდრად ყოვლითა სიბრძნითა; ასწავებდით და ჰმოძღურიდით თავთა თქუენთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, მადლითურთ უგალობდით გულთა შინა თქუენთა უფალსა; 17. და ყოველსავე, რასაცა იქმოდით სიტყჳთ გინა თუ საქმით, ყოველსავე სახელითა უფლისა იესუჲსითა ჰმადლობდით ღმერთსა და მამასა მის მიერ.

18. ცოლნი დაემორჩილენით თჳსთა ქმართა, ვითარცა-იგი სათნო არს უფლისა. 19. ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი და ნუ განჰმწარდებით მათა მიმართ. 20. შვილნი დაემორჩილენით მამა-დედათა თქუენთა ყოვლითავე, რამეთუ ესე არს სათნო უფლისა მიერ. 21. მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, რაჲთა არა ეურვოდინ. 22. მონანი ერჩდით ყოვლითავე ჴორციელთა უფალთა თქუენთა, ნუ ხოლო თუალთა წინაშე თუალ-ღებით, ვითარცა კაცთ მოთნენი, არამედ მარტივობითა გულისაჲთა გეშინოდენ ღმრთისა. 23. და ყოველსავე, რასაცა იქმოდით, გულითად იქმოდეთ ვითარცა უფლისასა, და ნუ ვითარცა კაცთასა. 24. უწყოდეთ, რამეთუ უფლისა მიერ მოიღოთ მოსაგებელი მკჳდრობისა მის თქუენისაჲ, რამეთუ უფალსა ქრისტესა ჰმონებთ. 25. ხოლო რომელი-იგი მავნებელ იყოს, მოეგოს რაჲცა-იგი ავნო, და არა არს თუალთ-ხუმა.

 

თავი 4

1. უფალნი ეგე სამართალსა და სწორსა მისცემდით მონათა მათ; უწყოდეთ, რამეთუ თქუენცა უფალივე გივის ცათა შინა.

2. ლოცვასა განეკრძალენით, იღჳძებდით მას შინა მადლობით; 3. ილოცევდით მის თანა და ჩუენთჳსცა, რაჲთა ღმერთმან განმიღოს ჩუენ კარი სიტყჳსაჲ სიტყუად საიდუმლოთა მათ ქრისტესთა, რომლისათჳსცა პყრობილ ვარ, 4. რაჲთა განვაცხადო იგი, ვითარ-იგი ჯერ-არს ჩემდა სიტყუად. 5. სიბრძნით იქცეოდეთ გარეშეთა მათ მიმართ, ჟამთა გამოიფრდიდით. 6. სიტყუაჲ თქუენი მარადის მადლითა ვითარცა მარილითა შეზავებულ იყავნ, რაჲთა უწყოდით, ვითარ-იგი შეჰგავს თქუენდა თჳთოეულისა სიტყჳს-მიგებაჲ.

7. ჩემთჳს ყოველივე გაუწყოს თქუენ ტჳქიკოს, საყუარელმან ძმამან და სარწმუნომან მსახურმან და თანა-მონამან ჩუენმან უფლისა მიერ, 8. რომელი მივავლინე თქუენდა მებრვე ამისთჳს, რაჲთა ცნას თქუენთჳს და ნუგეშინის-სცეს გულთა თქუენთა, 9. ონისიმეს თანა, სარწმუნოჲსა და საყუარელისა ძმისა, რომელ-იგი არს თქუენგანი; ყოველივე აქაჲ გაუწყოს თქუენ.

10. გიკითხავს თქუენ არისტარხოს, თანა-ტყუე ჩუენი, და მარკოზ, მამის ძმის წული ბარნაბაჲსი, - რომლისათჳს მიიღეთ მცნებაჲ; უკუეთუ მოვიდეს თქუენდა, შეიწყნარეთ იგი, - 11. და ისუ, რომელსა-იგი ერქუა იოსტოს, რომელნი-იგი იყვნეს წინადაცუეთილებისაგანნი; ესენი ხოლო შემწე არიან ჩემდა სასუფეველისათჳს ღმრთისა, რომელნი მექმნნეს მე ნუგეშინის-მცემელ. 12. გიკითხავს თქუენ ეპაფრა თქუენგანი, მონაჲ ქრისტესი, მარადის იღუწის თქუენთჳს ლოცვათა შინა მისთა, რაჲთა მტკიცედ სდგეთ სრულნი და აღვსებულნი ყოვლითა ნებითა ღმრთისაჲთა. 13. რამეთუ ვეწამები მას, ვითარმედ აქუს შური ფრიადი თქუენთჳს და ლავდიკელთა მათთჳს და იერაპოლელთა. 14. გიკითხავს თქუენ ლუკა, მკურნალი საყუარელი, და დიმა. 15. კითხვაჲ არქუთ ლავდიკეთა მათ ძმათა და ნუმფას და სახლად-სახლად სახლისა მათისა კრებულთა. 16. და რაჟამს აღმოიკითხოთ თქუენ წიგნი ესე, ეგრეთ ყავთ, რაჲთა ლავდიკელთაცა ეკლესიასა აღმოიკითხოს, და ლავდიკიაჲთ კუალად რაჲთა თქუენვე აღმოიკითხოთ. 17. და არქუთ არქიპოსს: ეკრძალე მსახურებასა მას, რომელი მიიღე უფლისა მიერ, რაჲთა იგი აღასრულო. 18. კითხვაჲ ჴელითა ჩემითა პავლესითა. მოიჴსენენით კრულებანი ჩემნი. მადლი თქუენ თანა. ამინ.