სახარებაჲ ლუკაჲს თავი

17

1. ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: შეუგვანებელ არს საცთურისა არა მოსლვაჲ, ხოლო ვაჲ, ვისგან მოვიდეს! 2. უადვილეს არს მისა, უკუეთუმცა ლოდი ვირით საფქველისაჲ ზედა ედვა ქედსა მისსა და შთავრდომილ იყო ზღუასა, ვიდრე არა დაბრკოლებად ერთსა ამას მცირეთაგანსა. 3. არამედ ეკრძალენით თავთა თქუენთა. უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, შეჰრისხენ მას; და უკუეთუ შეინანოს, მიუტევე მას. 4. დაღათუ შჳდ-გზის დღესა შინა შეგცოდოს და შჳდ-გზის მოაქციოს და გრქუას შენ: შევინანე, მიუტევე მას. 5. და ჰრქუეს მოციქულთა უფალსა: შემძინე ჩუენ სარწმუნებაჲ! 6. ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, არქუთმცა ლეღუსულელსა ამას: აღიფხუერ და დაენერგე ზღუასა შინა, ისმინამცა თქუენი. 7. ვის-მე თქუენგანსა მონაჲ ესუას მჴნველი გინა მწყემსი, რომელიმცა მოვიდა ველით, და მეყსეულად ჰრქუა მას: წარმოჴედ და დაჯედ! 8. ანუ არა-მე ჰრქუასა მას: მზა-მიყავ მე, რაჲთა ვისერო, და მოირტყენ და მმსახურებდ მე, ვიდრემდე ვჭამო და ვსუა, და ამის შემდგომად ჭამე და სუ შენცა? 9. ნუუკუე მადლ-იპყრასა მონისაჲ მის, რამეთუ ყო ბრძანებაჲ მისი? არა ვჰგონებ. 10. ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უჴმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ.

11. და იყო მისლვასა მას მისსა იერუსალჱმდ და თავადი განვიდოდა შორის სამარიასა და გალილეასა. 12. და შე-რაჲ-ვიდა იგი დაბასა რომელსამე, მოეგებვოდეს მას ათნი კეთროვანნი კაცნი, რომელნი დადგეს შორს. 13. და მათ აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და იტყოდეს: იესუ მოძღუარ, შემიწყალენ ჩუენ! 14. და თავადმან ვითარცა იხილნა იგინი, ჰრქუა მათ: წარვედით და უჩუენენით თავნი თქუენნი მღდელთა. და იყო ვითარცა წარ-ოდენ-ვიდეს იგინი მისგან, განწმიდნეს კეთროვნებისა მისგან. 15. ხოლო ერთმან მათგანმან იხილა, რამეთუ განიკურნა, მოიქცა და ჴმითა დიდითა ადიდებდა ღმერთსა. 16. და დავარდა წინაშე ფერჴთა იესუჲსთა და ჰმადლობდა მას. და ესე იყო სამარიტელი. 17. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: არა ათნივე განიკურნნესა? და ცხრანი იგი სადა არიან? 18. ვერ იპოვნეს ეგოდენ, რაჲთამცა მოიქცეს და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა, გარნა უცხო-თესლი ხოლო ესე? 19. და ჰრქუა მას: აღდეგ და წერვედ! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ.

20. ჰკითხეს მას ფარისეველთა: ოდეს მოიწიოს სასუფეველი ღმრთისაჲ? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისაჲ ზმნით; 21. არცა თქუან: აჰა აქა, ანუ იქი. და აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს. 22. და ჰრქუა მოწაფეთა: მოვლენან დღენი, ოდეს გული-გითქუმიდეს თქუენ დღეთათჳს ძისა კაცისათა ხილვად და არა იხილოთ. 23. და გრქუან თქუენ: აჰა აქა არს, და: აჰა იქი არს, ­ ნუ განხუალთ, ნუცა შეუდგთ. 24. რამეთუ ვითარცა ელვაჲ რაჲ ელავნ ქუეშე ცისაჲთგან, ვიდრე ქუეშე ცისამდე ბრწყინავნ, ესრეთ იყოს ძე კაცისაჲ დღეთა მისთა. 25. ხოლო პირველად ჯერ-არს მისა ფრიად ვნებად და შეურაცხ-ყოფად ნათესავისა ამისგან. 26. და ვითარცა-იგი იყო დღეთა მათ ნოესთა, ეგრეთ იყოს დღეთა მით ძისა კაცისათა: 27. ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებოდეს და განჰქორწინებდეს ვიდრე დღედმდე შესლვად ნოესა კიდობნად. და მოიწია წყლით-რღუნაჲ და წარწყმიდნა ყოველნი. 28. და ეგრევე ვითარცა-იგი იყო დღეთა ლოთისთა: ჭამდეს და სუმიდეს, იყიდდეს და განჰყიდდეს, ნერგსა ასხმიდეს და აშენებდეს; 29. და რომელსა დღესა განვიდა ლოთ სოდომით, აწჳმა ცეცხლი და წუნწუბაჲ ზეცით და წარწყმიდნა ყოველნი. 30. ესრეთვე იყოს დღე იგი, ოდეს ძე კაცისაჲ გამოჩნდეს. 31. მას დღესა შინა რომელი იყოს ერდოსა ზედა და ჭურჭელი მისი სახლსა შინა, ნუ გარდამოვალნ აღებად მისა; და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ გარე-მოიქცევინ კუალად. 32. მოიჴსენეთ ცოლისა მის ლოთისი. 33. რომელსა უნდეს სულისა თჳსისა განრინებაჲ, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს, მან აცხოვნოს იგი. 34. გეტყჳ თქუენ: მას ღამესა ორნი იყვნენ ერთსა ცხედარსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაეტეოს. 35. ორნი ფქვიდენ ერთად: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაშთეს. 36. [ორნი იყვნეს ველსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაშთეს]. 37. და მიუგეს და ჰრქუეს მას: ვიდრე, უფალო? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: სადაცა ჴორცი, მუნცა ორბები შეკრბეს.

18

1. ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათა მარადის ლოცვაჲ, და რაჲთა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა. 2. და იტყოდა: მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა. 3. და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა. და მოვიდის მისა და ეტყჳნ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა. 4. და არა ისმინის მისი, ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის, 5. ამისთჳს, რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაჲთა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე. 6. და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინეთ, რასა-იგი მსაჯული სიცრუვისაჲ იტყვს. 7. ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათ ზედა? 8. გეტყჳ თქუენ: ყოს შურის-გებაჲ მათთჳს ადრე. ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა?

9. თქუა ვიეთამე მიმართ იგავი ესე, რომელნი ესვენ თავთა თჳსთა, ვითარმედ მართალ არიან, და შეურაცხ-ჰყოფენ სხუათა, 10. ვითარმედ: ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე. 11. ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თჳსაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე, 12. ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. 13. ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე ახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. 14. გეტყჳ თქუენ: გარდამოვიდა ესე განმანათლებული სახედ თჳსა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.

15. მოჰგურიდეს მას ყრმებსაცა, რაჲთა მიეახლნენ მას. და ვითარცა იხილეს მოწაფეთა, აყენებდეს მათ. 16. ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ღმრთისაჲ. 17. ამენ გეტყჳ თქუენ: რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს მას შინა.

18. და ჰკითხა ვინმე მას მთავარმან და ჰრქუა: მოძღუარო სახიერო, რაჲ საქმე ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო? 19. ჰრქუა მას იესუ: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი. 20. მცნებანი იცნი: ნუ იმრუშებ, ნუ კაც-ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ცილსა სწამებ, პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა. 21. ხოლო მან თქუა: ეგე ყოველნი დავიმარხე სიყრმით ჩემითგან. 22. ესმა რაი ესე იესუს, ჰრქუა მას: ერთიღა გაკლს შენ: ყოველი, რაჲცა გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე. 23. და ვითარცა ესმა ესე მას, მწუხარე იქმნა, რამეთუ იყო მდიდარ ფრიად. 24. ვითარცა იხილა იგი იესუ, რამეთუ შეწუხნა, თქუა, ვითარმედ: ძნიად შევიდენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომელთა აქუნდეს საფასე! 25. უადვილეს არს მანქანისა საბელი ჴურელსა ნემსისასა განსლვად, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა. 26. ხოლო რომელთა-იგი ესმა, ჰრქუეს მას: და ვის ჴელ-ეწიფების ცხორებად? 27. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ. 28. ჰრქუა მას პეტრე: აჰა ესერა ჩუენ დაუტევეთ ყოველი და შეგიდეგით შენ. 29. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არავინ არს, რომელმან დაუტევა სახლი, გინა მამაჲ, გინა დედაჲ, გინა ძმანი, გინა ცოლი, გინა შვილი სასუფეველისათჳს ღმრთისა, 30. რომელმან არა მიიღოს მრავალი წილი ჟამსა ამას და საუკუნესა მომავალსა ცხორებაჲ საუკუნოჲ.

31. და წარიყვანნა ათორმეტნი იგი და ჰრქუა მათ: აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და აღესრულნენ ყოველნი წერილნი წინაწარმეტყუელთანი ძესა ზედა კაცისასა: 32. რამეთუ მიეცეს ჴელთა წარმართთასა, და ეკიცხევდენ მას, და იგინოს, და ჰნერწყუვიდენ 33. და ტანჯონ და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. 34. და მათ არარაჲ გულისჴმა-ყვეს ესე, არამედ იყო სიტყუაჲ იგი დაფარულ მათგან, და არა იცოდეს თქუმული იგი.

35. და იყო ვითარცა მიეახლნეს იერიქოდ, ბრმაჲ ვინმე ჯდა გზასა ზედა მთხოველად. 36. ვითარცა ესმა, ვითარმედ ერი წარმოვალს, იკითხვიდა: რაჲ-მე არს ესე? 37. უთხრეს მას, ვითარმედ: იესუ ნაზარეველი წარმოვალს. 38. და მან ღაღატ-ყო და თქუა: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე! 39. ხოლო რომელნი წინა-უძღოდეს, ჰრისხვიდეს მას, რაჲთა დადუმნეს. ხოლო იგი უფროჲს ღაღადებდა და იტყოდა: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე! 40. და დადგა იესუ და ბრძანა მოწოდებაჲ მისი. და ვითარცა მოეახლა იგი, ჰკითხა მას: 41. რაჲ გნებავს, და გიყო შენ? ხოლო მან ჰრქუა: უფალო, რაჲთა აღვიხილნე თუალნი. 42. ხოლო იესუ ჰრქუა მას: აღიხილენ! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. 43. და მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას და ადიდებდა ღმერთსა. და ყოველმან ერმან იხილეს და აქებდეს ღმერთსა.

19

1. და შევიდა და განვიდოდა იერიქოჲთ. 2. და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და ესე იყო მდიდარ ფრიად. 3. და უნდა ხილვაჲ იესუჲსი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე. 4. და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო. 5. და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ. 6. და ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით. 7. და იხილეს ყოველთა და დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად. 8. აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი. 9. ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს. 10. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა.

11. და ვითარცა ესმოდა ესე ერსა მას, შესძინა და თქუა იგავი ამისთჳს, რამეთუ მოახლებულ იყო იგი იერუსალჱმსა, და ჰგონებდეს იგინი, ვითარმედ მეყსეულად გამოჩნდეს სასუფეველი ღმრთისაჲ. 12. და ჰრქუა მათ: კაცი ვინმე აზნაური წარვიდა შორსა სოფელსა მოღებად თავისა თჳსისა მეუფებისა და მოქცევად. 13. და მოუწოდა ათთა მონათა თჳსთა და მისცა მათ ათი მნაჲ და ჰრქუა მათ: ვაჭრობდით ამას, ვიდრემდე მოვიდე. 14. ხოლო მოქალაქეთა მისთა სძულდა იგი და მიავლინნეს მოციქულნი შემდგომად მისა და ჰრქუეს მას: არა გუნებავს მაგისი მეუფებაჲ ჩუენ ზედა. 15. და იყო მოქცევასა მას მისსა, მო-რაჲ-აქუნდა მეუფებაჲ თჳსი, და ბრძანა მოწოდებაჲ მათ მონათაჲ, რომელთადა მიეცა ვეცხლი იგი, რაჲთა უწყოდის, რაჲ-იგი ივაჭრეს. 16. და მოვიდა პირველი იგი და ჰრქუა: უფალო, შენმან ვეცხლმან ათი სხუაჲ შესძინა სასწორი. 17. ჰრქუა მას: კეთილ, სახიერო მონაო, რამეთუ მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, იყავ შენ ჴელმწიფე ათთა ზედა ქალაქთა. 18. და მოვიდა მეორე იგი და ჰრქუა: უფალო, ვეცხლმან შენმან სხუაჲღა ხუთი სასწორი ყო. 19. ჰრქუა მასცა: და შენცა იყავ ხუთთა ზედა ქალაქთა. 20. და მესამე იგი მოვიდა და ჰრქუა: უფალო, აჰა ვეცხლი შენი, რომელი მაქუნდა დაკრძალული სუდარსა, 21. რამეთუ შემეშინა, ვითარმედ კაცი ხარ სასტიკი: მოიღი, სადა არა დასდვი, და მოიმკი, სადა არა დასთესი. 22. და ჰრქუა მას: პირისა შენისაგან გსაჯო შენ, მონაო ბოროტო; იცოდე, რამეთუ მე კაცი ვარ სასტიკი: მოვიღი, სადა არა დავდვი, და მოვიმკი, სადა არა დავსთესი. 23. და რაჲსათჳს არა დასდევ ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, მო-მცა-ვედ მე და ვახშითურთ ვქმენ იგი. 24. და ჰრქუა წინაშე მდგომელთა მათ: მოუღეთ ვეცხლი იგი და მიეცით, რომელს-იგი აქუს ათი სასწორი ვეცხლი. 25. და მათ ჰრქუეს მას: უფალო, აქუს ათი სასწორი. 26. გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ყოველსა რომელსა აქუნდეს, მიეცეს; ხოლო რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. 27. ხოლო მტერნი იგი ჩემნი, რომელთა-იგი არა უნდა მეუფებაჲ ჩემი მათ ზედა, მომგუარენით მე აქა და მოწყჳდენით წინაშე ჩემსა.

28. და ვითარცა ესე წართქუა, ვიდოდა წინაშე მათსა და აღვიდოდა იერუსალჱმდ. 29. და იყო, ვითარცა მიეახლა ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა, რომელსა ჰრქჳან ზეთისხილთაჲ, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი. 30. და ჰრქუა მათ: წარვედით წინაშე დაბასა მაგას, რომელსა შეხჳდეთ და ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღავინ დაჯდომილ არს; აღჰჴსენით და მომგუარეთ მე. 31. და უკუეთუ ვინმე გკითხვიდეს: რაჲსათჳს აღჰჴსნით? ესრეთ არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე. 32. და ვითარცა წარვიდეს, რომელნი-იგი მიავლინნა, პოვეს ეგრეთ, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ. 33. და აღ-რაჲ-ჰჴსნიდეს იგინი კიცუსა მას, ჰრქუეს მათ უფალთა მათ მისთა: რაჲსათჳს აღჰჴსნით კიცუსა მაგას? 34. ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე. 35. და მოჰგუარეს იგი იესუს და დაასხეს სამოსელი კიცუსა მას, და დაჯდა იესუ მას ზედა. 36. და ვითარ შევიდოდა იგი, დაუფენდეს სამოსელსა მათსა გზასა ზედა. 37. და ვითარცა მიიწია იგი შთასავალსა მას მთისა ზეთისხილთაჲსა, იწყო ყოველმან სიმრავლემან მოწაფეთამან სიხარულით ქებად ღმრთისა ჴმითა დიდითა ყოველთა მათთჳს, რომელნი იხილნეს ძალნი, 38. და იტყოდეს: კურთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისაჲთა! მშვდობაჲ ცათა ზედა და დიდებაჲ მაღალთა შინა! 39. და ფარისეველნი ვინმე ერისა მისგანნი ეტყოდეს მას და ჰრქუეს: მოძღუარ, შეჰრისხენ მოწაფეთა შენთა! 40. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გეტყჳ თქუენ: დაღათუ ესენი დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე. 41. და ვითარცა მიეახლა, იხილა ქალაქი იგი და ტიროდა მას ზედა 42. და იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშჳდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თუალთაგან შენთა. 43. რამეთუ მოვლენან დღენი შენ ზედა, და მოგადგან შენ მტერთა შენთა ლაშქარი და გარე-მოგადგენ შენ და შეგკრიბონ შენ ყოვლით კერძო. 44. და დაგარღჳონ შენ, და შვილნი შენნი შენ შორის დაეცნენ, და არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა შენ შორის ამისთჳს, რამეთუ არა გულისჴმა-ჰყავ ჟამი მოხედვისა შენისაჲ.

45. და ვითარცა შევიდა ტაძარსა მას, იწყო გამოსხმად მსყიდელთა მათ და მომსყიდელთა 46. და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლი ჩემი სახლ სალოცველ არს, ხოლო თქუენ ჰყავთ იგი ქუაბ ავაზაკთა.

47. და იყო მუნ და ასწავებდა დღითი-დღედ ტაძარსა მას შინა. ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მთავარნი ერისანი ეძიებდეს მას წარწყმედად. 48. და ვერარას ჰპოებდეს, რაჲ უყონ მას, რამეთუ ყოველი ერი დამორჩილებულ იყო სმენად მისგან.

20

1. და იყო მათ დღეთა შინა, ასწავებდა რაჲ ერსა მას და ახარებდა ტაძარსა შინა, ზედა-მიუჴდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი მოხუცებულითურთ, 2. ეტყოდეს მას და ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, ანუ ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ მეცა სიტყუაჲ ერთი, და მითხართ მე: 4. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? 5. ხოლო იგინი შეიზრახნეს ურთიერთას და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: ზეცით იყო, მრქუას ჩუენ: რაჲსათჳს არა გრწმენა მისი? 6. და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, ყოველმან ერმან ქვაჲ დამკრიბოს ჩუენ, რამეთუ სარწმუნო არს იოვანე წინაწარმეტყუელად. 7. და მიუგეს და ჰრქუეს: არა ვიცით, ვინაჲ იყო. 8. და იესუ ჰრქუა მათ: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.

9. და იწყო იგავით სიტყუად მათა: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და მისცა იგი მოქმედთა და წარვიდა მრავალთა ჟამთა. 10. და ჟამსა თჳსსა მიუვლინა მოქმედთა მათ მონაჲ, რაჲთა ნაყოფისა მისგან მოსცენ მას. ხოლო მოქმედთა მათ სცეს და ტანჯეს და წარავლინეს იგი ცალიერი. 11. და შესძინა მივლინებად სხუაჲ მონაჲ. ხოლო მათ იგიცა გუემეს და წარავლინეს ცუდი. 12. მერმე კუალად მიავლინა მესამე. ხოლო მათ შეიპყრეს და დასდვეს მას წყლულებაჲ და გამოაძეს იგი. 13. და თქუა უფალმან მის ვენაჴისამან: რაჲ ვყო? მივავლინო ძე ჩემი საყუარელი, ვინ უწყის, შეიკდიმონ. 14. ხოლო ვითარცა იხილეს იგი ქუეყანის-მოქმედთა მათ, ზრახვა-ყვეს ურთიერთას და თქუეს: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი, რაჲთა ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი. 15. და განიყვანეს იგი გარეშე სავენაჴესა მას და მოკლეს. აწ რაჲ უყოს მათ უფალმან სავენაჴისამან? 16. მოვიდეს და წარწყმიდნეს ქუეყანის-მოქმედნი იგი და მისცეს ვენაჴი იგი სხუათა. ხოლო მათ ესმა ესე და თქუეს: ნუ იყოფინ. 17. ხოლო თავადმან მან მიხედა მათ და ჰრქუა: ვითარ არს წერილი ესე: ლოდი, რომელ შეურაუხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ კიდეთა? 18. ყოველი, რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი. 19. და უნდა მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა დასხმად ჴელთა მათთა მას ჟამსა შინა და ეშინოდა ერისა მის, რამეთუ გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ მათთჳს თქუა იგავი ესე.

20. და მზირ-უყვეს მას და მიავლინნეს მზირნი ორგულნი, რომელნი მართლად იტყოდეს თავთა თჳსთა, რაჲთა პოონ რაჲმე სიტყუაჲ მის თანა და მისცენ იგი მთავრობასა და ჴელმწიფებასა მთავრისასა. 21. და ჰკითხეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ მართალსა იტყჳ და ასწავებ და არავის თუალ-აღებ პირსა, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ. 22. ჯერ-არსა კეისრისა ხარკისა მიცემად ანუ არა? 23. და ვითარცა გულისჴმა-ყო ზაკულებაჲ იგი მათი, ჰრქუა მათ: რაჲსა გამომცდით მე? 24. მიჩუენეთ მე დრაჰკანი! ხოლო მათ უჩუენეს და ჰრქუა: ვისი არს ხატი და ზედაწერილი? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: კეისრისაჲ. 25. და იესუ ჰრქუა მათ: აწ უკუე მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. 26. და ვერარაჲ პოვეს მისთჳს სიტყჳს-გებაჲ წინაშე ერისა მის. და უკჳრდა სიტყჳს-მიგებაჲ იგი მისი და დადუმნეს.

27. მო-ვინმე-უჴდეს მას ჟამსა შინა სადუკეველნი, რომელნი აცილობენ, ვითარმედ აღდგომაჲ არა არს, და ჰკითხეს მას და ეტყოდეს: 28. მოძღუარ, მოსე ესრეთ დამიწერა ჩუენ: უკუეთუ ვისმე ძმაჲ მოუკუდეს და ესუას მას ცოლი და იგი უშვილო უყოს, რაჲთა შეირთოს ცოლი იგი მისი ძმამან მისმან და აღუდგინოს თესლი ძმასა თჳსსა. 29. შჳდნი უკუე ძმანი იყვნეს ჩუენ შორის. და პირველმან მან შეითრო ცოლი და მოკუდა უშვილოჲ. 30. და მეორემან და მესამემან, 31. და მოწყდეს უშვილონი. და ეგრეთვე ვიდრე მეშჳდედმდე, და არა დაშთა შვილი. 32. შემდგომად მათ ყოველთაჲსა მოკუდა დედაკაციცა იგი. 33. აწ უკუე აღდგომასა მას მკუდართასა ვისა მათგანისა იყოს ცოლ, რამეთუ შჳდთავე მათ ესუა იგი ცოლად? 34. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ნაშობნი ამის სოფლისანი იქორწინებიან და განჰქორწინებენ; 35. ხოლო რომელნი-იგი ღირს იქმნნენ საუკუნესა მას მიმთხუევად და აღდგომასა მას მკუდრეთით, არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, 36. არცაღა მერმე სიკუდილად ჴელ-ეწიფების, რამეთუ სწორ ანგელოზთა არიან და ძენი ღმრთისანი და აღდგომისანი არიან. 37. ხოლო რამეთუ აღდგენ მკუდარნი, მოსეცა აუწყა მაყულოვანსა მას ზედა, ვითარცა-იგი იტყჳს უფალსა ღმერთსა აბრაჰამისსა და ღმერთსა ისაკისსა და ღმერთსა იაკობისსა. 38. რამეთუ არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ, რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე. 39. მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართა და ჰრქუეს: მოძღუარ კეთილად სთქუ. 40. და ვერღარა იკადრეს კითხვად მისა მიერითგან. და ჰრქუა მათ უფალმან:

41. ვითარ უკუე იტყჳან ქრისტესა ძედ დავითისა? 42. რამეთუ თჳთ იგი დავით იტყჳს წიგნსა ფსალმუნთასა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, 43. ვიდრემდე დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა. 44. თჳთ იგი დავით უფლით ხადის, და ვითარ ძე მისი არს? 45. და ვითარცა ესმოდა ესე ყოველსა მას ერსა, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: 46. ეკრძალენით მწიგნობართაგან, რომელთა ჰნებავს სამოსლითა სლვაჲ და რომელთა უყუარს უბანთა ზედა მოკითხვაჲ და პირველად ჯდომაჲ კრებულსა შორის და ზემჯდომაჲ პურსა ზედა, 47. რომელნი შესჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცვედ. ამათ მოიღონ უმეტესი სასჯელი.

21

1. და მიჰხედა და იხილა, რომელნი-იგი დასდებდეს შესაწირავსა ფასის-საცავსა მას მდიდარნი. 2. და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა ორი მწულილი, 3. და თქუა: ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა, 4. რამეთუ ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს შესაწირავსა ამას ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა საცხორებელი, შეწირა.

5. და რომელნიმე იტყოდეს ტაძრისათჳს, ვითარმედ: ქვითა კეთილითა და პატიოსნითა შენებულ არს; და თქუა იესუ: 6. ხედავთა ამას? მოვლენან დღენი, რომელთა შინა არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს. 7. ჰკითხეს მას მოწაფეთა: მოძღუარ, ოდეს უკუე იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული, რაჟამს ესე ყოფად არს? 8. ხოლო თავადმან თქუა: იხილეთ, ნუუკუე სცთეთ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ და ჟამი მოწევნულ არს, არამედ ნუ მიხუალთ შედგომად მათდა. 9. და ოდეს გესმოდიან ბრძოლანი და შფოთნი, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე პირველად ყოფად, და არღა მეყსეულად იყოს აღსასრული. 10. მაშინ ეტყოდა მათ: აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა; 11. და იყვნენ ძრვანი დიდ-დიდნი ადგილ-ადგილ, სიყმილნი და სრვანი; საშინელებანი ზეცით, და სასწაულნი დიდ-დიდნი იყვნენ. 12. ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს. 13. და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ. 14. დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ. 15. რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინა-აღდგომად და სიტყჳს-გებად ყოველთა წინა-აღმდგომთა თქუენთა. 16. რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა. 17. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. 18. და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს. 19. და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი. 20. რაჟამს იხილოთ იერუსალჱმსა გარე-მოდგომილი ერი მჴედრებისაჲ, მაშინ გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მოახლებულ არს მოოჴრებაჲ მისი. 21. მაშინ ყოველნი იყვნენ ჰურიასტანს, ივლტოდედ მთად; და რომელნი იყვნენ შორის მისა, განივლტოდედ; და რომელნი ველსა იყვნენ, ნუ შევლენედ მუნ. 22. რამეთუ დღენი შურის-გებისანი ესე არიან, რაჲთა აღესრულნენ ყოველნი წერილნი. 23. ხოლო ვაჲ მუცელ-ქუმულთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა შინა, რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი ქუეყანასა ზედა და რისხვაჲ ერსა ამას ზედა. 24. და დაეცნენ პირითა მახჳილისაჲთა და წარიტყუენნენ ყოველთა მიერ წარმართთა; და იერუსალჱმი დათრგუნვილ იყოს წარმართთაგან, ვიდრემდე აღესრულნენ ჟამნი წარმართთანი. 25. და იყოს სასწაული მზესა შინა და მთოვარესა და ვარსკულავთა, და ქუეყანასა ზედა შეკრებაჲ თესლებისაჲ განკჳრვებითა ოხრისაჲთა ზღჳსაგან და ძრვისა. 26. სულითა კაცთაჲთა შიშისაგან და მოლოდებისა მომავალისა ზედა სოფელსა ამას, რამეთუ ძალნი ცათანი შეიძრნენ. 27. და მაშინ იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა ძალითა და დიდებითა მრავლითა. 28. და ვითარცა იწყოს ამან ყოველმან ყოფად, აღიხილენით თუალნი და აღიპყრენით თავნი თქუენნი, რამეთუ მოწევნულ არს გამოჴსნაჲ თქუენი. 29. და ეტყოდა მათ იგავსა: იხილეთ ლეღჳ და ყოველნი ხენი. 30. რაჟამს გამოვალნ ფურცელი, თჳთ უწყოდით, რამეთუ ახლოს არს ზაფხული. 31. ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს სასუფეველი ღმრთისაჲ. 32. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იყოს. 33. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ. 34. ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაჲთა, და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი. 35. რამეთუ ვითარცა საფრჴე მოუჴდეს მსხდომარეთა ზედა პირსა ყოვლისა ქუეყანისასა. 36. იღჳძებდით უკუე ყოველსა ჟამსა და ევედრებოდეთ, რაჲთა ღირს იქმნნეთ განრინებად ამის ყოვლისაგან, რომელი ყოფად არს, და დადგომად წინაშე ძისა კაცისა.

37. და იყოფვოდა თავადი ტაძარსა მას შინა დღისი და ასწავებდა; ხოლო ღამე განვიდის და იქცევინ მთასა მას, რომელსა ჰრქჳან ზეთისხილთაჲ. 38. და ყოველმან ერმან აღიმსთჳს მისა ტაძარსა მას შინა სმენად სიტყუათა მისთა.

22

1. და მოახლებულ იყო დღესასწაული იგი უცომოებისაჲ, რომელსა ჰრქჳან პასქაჲ. 2. და ეძიებდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი, რაჲთამცა მოკლეს იგი, ხოლო ეშინოდა ერისა მას.

3. და შეუჴდა ეშმაკი იუდას, რომელსა ერქუა ისკარიოტელ და იყო იგი რიცხჳსაგან ათორმეტთაჲსა. 4. და მივიდა, ეზრახა მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და ერისა წინამძღუართა, ვითარმცა იგი მისცა მათ. 5. ხოლო მათ განიხარეს და აღუთქუეს მას ვეცხლი მიცემად. 6. და აღუვარა მათ და ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ თჳნიერ ერისა.

7. მოიწინეს დღენი იგი უცომოებისანი, ოდეს ღირდა პასქაჲ იგი დაკლვად. 8. და წარავლინნა პეტრე და იოვანე და ჰრქუა მათ: წარვედით და მომიმზადეთ ჩუენ პასქაჲ, რაჲთა ვჭამოთ. 9. ხოლო მათ ჰრქუეს: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ? 10. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: აჰა ეგერა შესლვასა ოდენ თქუენსა ქალაქად შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნი წყლითა ზე ედგას; შეუდეგით მას სახიდ, ვიდრეცა შევიდეს. 11. და არქუთ სახლისა უფალსა მას: გეტყჳს შენ მოძღუარი: სადა არს სავანე, რომელსა პასქაჲ ესე მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო? 12. და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დაგებული დიდი; მუნ მზა-მიყავთ ჩუენ. 13. და წარვიდეს და პოვეს ეგრე, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ, და მოუმზადეს პასქაჲ იგი.

14. და ოდეს იყო ჟამი, დაჯდა, და ათორმეტნი მოციქულნი მის თანა. 15. და ჰრქუა მათ: გულის-სიტყჳთ გული-მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა ვიდრე ვნებადმდე ჩემდა. 16. ხოლო გეტყჳ თქუენ: არღარა ვჭამო ამიერითგან, ვიდრემდე აღესრულოს სასუფეველსა შინა ღმრთისასა. 17. და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და თქუა: მიიღეთ და განიყავთ თავისა თქუენისა. 18. ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან არღარა ვსუა ნაყოფისაგან ვენაჴისა, ვიდრემდე სასუფეველი ღმრთისაჲ მოვიდეს. 19. და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს მიცემული; ამას ჰყოფდით მოსაჴსენებლად ჩემდა. 20. ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე სასუმელი ­ ახალი სჯული სისხლისა ჩემისაჲ თქუენთჳს დათხეული. 21. ხოლო აჰა ჴელი განმცემელისა ჩემისაჲ ჩემ თანა ტაბლასა ზედა. 22. ძე სამე კაცისაჲ, მსგავსად განჩინებულისა მისისა, წარვალს, ხოლო ვაჲ არს კაცისა მის, ვის მიერ მიეცემის იგი! 23. და მათ იწყეს გამოძიებად ურთიერთას: ვინ-მე არს მათგანი, რომელსა ეგულების ესე ყოფად?

24. და იყო ცილობაჲცა მათ შორის, ვითარმედ: ვინ-მე იყოს დიდ მათ შორის? 25. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მეფენი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და რომელთა ჴელმწიფებაჲ აქუნ მათ ზედა, ქველის-მოქმედ ჰრქჳან. 26. ხოლო თქუენ არა ეგრე იყვნეთ, არამედ უდიდესი იგი თქუენ შორის იყავნ მრწემ, და წინამძღუარი იგი ­ ვითარცა მსახური. 27. ვინ არს უფროჲსი: რომელი ინაჴით-ზის ანუ რომელი ჰმსახურებს? ანუ არა რომელ-იგი ინაჴით-ზის? ხოლო მე ვარ შორის თქუენსა ვითარცა მსახური. 28. და თქუენ ხართ, რომელნი დაადგერით ჩემ თანა განსაცდელთა შინა ჩემთა. 29. და მე აღგითქუამ თქუენ, ვითარცა მე აღმითქუა მამამან ჩემმან, სასუფეველსა, 30. რაჲთა სჭამდეთ და სუმიდეთ ტაბლასა ზედა ჩემსა და სასუფეველსა შინა ჩემსა დასხდეთ ათორმეტთა საყდართა და სჯიდეთ ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა. 31. და თქუა უფალმან: სიმონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი. 32. ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთჳს, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი, და შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენნი. 33. ხოლო მან თქუა: უფალო, მე შენ თანა მზა ვარ საპყრობილედ და სიკუდილად მისლვად. 34. ხოლო თავადმან თქუა: გეტყჳ შენ, პეტრე: არღა ეყივლოს ქათამსა დღეს, ვიდრემდე სამ-გზის უვარ-მყო, ვითარმედ არა მიცი მე. 35. და ჰრქუა მათ: ოდეს-იგი წარგავლინენ თქუენ თჳნიერ ბალანტისა და ვაშკარანისა და ფერჴთა-შესასხმელთა, ნუ გაკლდა რაჲა თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: არარაჲ გუაკლდა. 36. და მერმე ჰრქუა მათ: არამედ აწ რომელსა აქუნდეს საქუფთე, აღიღენ; ეგრეთვე მსგავსად ვაშკარანიცა; და რომელსა არა აქუნდეს, განყიდენ სამოსელი თჳსი და იყიდენ მახჳლი. 37. გეტყჳ თქუენ: ესე ხოლოღა წერილი ჯერ-არს ჩემ ზედა აღსრულებად, ვითარმედ: უსჯულოთა თანა შეირაცხა, და რამეთუ ჩემთჳს აღსასრული იყოს. 38. ხოლო მათ ჰრქუეს: უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: კმა არს.

39. და გამოვიდა მიერ და წარვიდა, ვითარცა ჩუეულებაჲ აქუნდა, მთასა მას ზეთისხილთასა, და მისდევდეს მას მოწაფენიცა მისნი. 40. და მი-რაჲ-ვიდა ადგილსა მას, ჰრქუა მათ: ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა. 41. და თავადი განეშორა მათგან ვითარ ქვის-სატყორცებელ ოდენ და დაიდგა მუჴლნი, ილოცვიდა 42. და იტყოდა: მამაო, უკუეთუ გნებავს თანა-წარსლვად სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო ნუ ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ შენი იყავნ! 43. და ეჩუენა მას ანგელოზი ზეცით, განაძლიერებდა მას. 44. და იყო იგი ღუაწლსა შინა, უმეტესღა ილოცვიდა და იქმნა ოფლი მისი, ვითარცა ცუარი სისხლისაჲ გარდამომავალი ქუეყანასა ზედა. 45. და აღდგა მიერ ლოცვისაგან და მოვიდა მოწაფეთა თჳსთა და პოვნა იგინი მძინარენი მწუხარებისა მისგან 46. და ჰრქუა მათ: რაჲსა გძინავს? აღდეგით, ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა.

47. და ვიდრე იგი ამას იტყოდაღა, აჰა ერი და, რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, წინა-უძღოდა მათ და მიეახლა იესუს ამბორის-ყოფად მისა, რამეთუ ესე სასწაული მიეცა მათა და ჰრქუა: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს. 48. ხოლო იესუ ჰრქუა მას: იუდა, ამბორის-ყოფითა მისცემა ძესა კაცისასა? 49. იხილეს რაჲ მისთანათა მათ საქმე ესე, ჰრქუეს მას: უფალო, უკუეთუ მოვსრნეთ ესენი მახჳლითა? 50. და სცა ვინმე მათგანმან ერთმან მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი მარჯუენე. 51. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: აცადეთ აქამომდე, და შეახო ჴელი ყურსა მისსა და განკურნა იგი. 52. ჰრქუა იესუ მოსრულთა მათ მის ზედა მღდელთ-მოძღუართა და ერისთავთა ტაძრისათა და ხუცესთა: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოსრულ ხართ მახჳლითა და წათებითა. 53. დღითი-დღე ვიყავ მე თქუენ თანა ტაძარსა მას შინა, და არა განჰყავთ ჴელი ჩემ ზედა; არამედ ესე არს ჟამი თქუენი და ჴელმწიფებაჲ ბნელისაჲ.

54. და ვითარცა შეიპყრეს იგი, წარიყვანეს და შეიყვანეს სახლსა მღდელთ-მოძღურისასა. ხოლო პეტრე მისდევდა შორით. 55. და აღაგზნეს ცეცხლი შორის ეზოსა მას და გარე მოასხდეს იგინი; დაჯდა პეტრეცა შორის მათსა. 56. და იხილა იგი მჴევალმან ვინმე მჯდომარე ნათელსა მას, მიჰხედა მას და თქუა: ესეცა მის თანა იყო. 57. ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: დედაკაცო, არა ვიცი იგი. 58. და მცირედრე შემდგომად იხილა იგი სხუამან და თქუა: და შენცა მათთანაჲ ხარ. ხოლო პეტრე თქუა: კაცო, არა ვარ მათთანაჲ. 59. და ვითარცა წარჴდა ჟამი ერთი, სხუაჲ ვინმე დაამტკიცებდა და იტყოდა: ჭეშმარიტად ესეცა მის თანავე იყო, და რამეთუ გალილეველ არს. 60. ხოლო პეტრე ჰრქუა მას: კაცო, არა ვიცი, რასა იტყჳ. და მეყსეულად, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, ქათამმან იყივლა. 61. და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე. 62. და განვიდა გარე და ტიროდა მწარედ.

63. ხოლო კაცთა მათ რომელთა შეეპყრა იესუ, ეკიცხევდეს მას და სცემდეს. 64. და დაჰბურეს მას თავსა და სცემდეს პირსა და ჰკითხვიდეს და ეტყოდეს: წინაწარმეტყუელებდ, ვინ არს, რომელმან გცა შენ. 65. და სხუასა მრავალსა სიტყუასა ჰგმობდეს და იტყოდეს მისთჳს.

66. და ვითარცა განთენა დღე, შეკრბეს მოხუცებულნი ერისანი, მღდელთ-მოძღუარნი და მწიგნობარნი და აღიყვანეს იგი საკრებულოსა მას მათსა 67. და ეტყოდეს: უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ. ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუ გითხრა თქუენ, არა გრწმენეს ჩემი; 68. და უკუეთუ გკითხო თქუენ, ვერაჲვე მომიგოთ მე გინა განმიტეოთ. 69. ამიერითგან იყოს ძე კაცისაჲ მჯდომარე მარჯუენით ძლიერებასა ღმრთისასა. 70. და ჰრქუეს მას ყოველთა: შენ უკუე ხარა ძე ღმრთისაჲ? ჰრქუა მათ იესუ: თქუენ იტყჳთ, ვითარმედ მე ვარ. 71. და მათ თქუეს: რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი? რამეთუ ჩუენ თჳთ გუესმის პირისაგან მაგისისა.

23

1. და აღდგა ყოველი იგი სიმრავლე მათი და მოიყვანეს იგი პილატესა. 2. და იწყეს შესმენად მისა და იტყოდეს: ესე ვპოეთ, რამეთუ გარდააქცევდა ნათესავსა ჩუენსა და აყენებდა ხარკსაცა მიცემად კეისრისა და იტყოდა თავსა თჳსსა ქრისტედ და მეუფე ყოფად. 3. და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო თავადმან ჰრქუა მას: შენ იტყჳ. 4. ხოლო პილატე ჰრქუა მღდელთ-მოძღუართა და ერსა მას: არარას ბრალსა ვჰპოებ კაცისა ამის თანა. 5. ხოლო იგინი უფროჲს განძლიერდებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ: აღაშფოთებს ერსა და ასწავებს ყოველსა ჰურიასტანსა, უწყიეს გალილეაჲთ ვიდრე აქამომდე. 6. ხოლო პილატეს რაჲ ესმა გალილეაჲ, ჰკითხა მათ: უკუეთუ გალილეაჲთ არს კაცი ესე? 7. და გულისჴმა-ყო, რამეთუ ჴელმწიფებისაგან ჰეროდესისა არს; მიუძღუანა იგი ჰეროდეს, რამეთუ იყო იგიცა მაშინ იერუსალჱმს მათ დღეთა შინა. 8. ხოლო ჰეროდე ვითარცა იხილა იესუ, განიხარა ფრიად, რამეთუ უნდა მისი ხილვაჲ მრავლით ჟამითგან ამისთჳს, რამეთუ ესმოდა მისთჳს და სწადოდა ხილვად რაჲსამე სასწაულისა ყოფასა მისგან. 9. და ჰკითხვიდა მას სიტყჳთა მრავლითა, ხოლო თავადმან არარაჲ მიუგო მას. 10. დგეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და განკრძალულად შეასმენდეს მას. 11. ხოლო ჰეროდე შეურაცხ-ყო იგი და ერმან მისმან, და განკიცხეს იგი და შეჰმოსეს მას სამოსელი ბრწყინვალე და მიუძღუანეს პილატეს. 12. და იქმნნეს მეგობარ პილატე და ჰეროდე ურთიერთას მას დღესა შინა, რამეთუ პირველ მტერ იყვნეს იგინი. 13. ხოლო პილატე მოუწოდა მღდელთ-მოძღუართა მათ და მთავართა და ერსა მას. 14. და ჰრქუა მათ: მომგუარეთ მე კაცი ესე, ვითარცა გარდამაქცეველი ერისაჲ, და მე წინაშე თქუენსა განვიკითხე და არარაჲ ვპოე ბრალი კაცისა ამის თანა, რასა-იგი შეასმენდით მას. 15. და არცა ჰეროდე, რამეთუ მიუძღუანე მას, და აჰა არარაჲ ღირსი სიკუდილისაჲ საქმე არს მის თანა. 16. ვსწავლო იგი და განუტევო. 17. რამეთუ უნებელად ედებოდა მას განტევებად დღესასწაულსა მას ერთი. 18. ღაღატ-ყვეს ყოველმან მან სიმრავლემან და იტყოდეს: აღიღე ეგე და მოგჳტევე ჩუენ ბარაბა, 19. რომელი შფოთისა ყოფასა ქალაქსა შინა და კაცის-კლვისათჳს შეგდებულ იყო საპყრობილესა. 20. კუალად უკუე მოუწოდა მათ პილატე, რამეთუ უნდა განტევებაჲ იესუჲსი. 21. ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე! 22. ხოლო მან მესამედ ჰრქუა მათ: რაჲ ბოროტი უქმნიეს ამას? არარაჲ ბრალი სიკუდილისაჲ ვპოე ამის თანა. ვსწავლო ეგე და განუტევო. 23. ხოლო იგინი ზედა დაესხმოდეს ჴმითა დიდითა და გამოითხოვდეს მას ჯუარ-ცუმად; და განძლიერდებოდეს ჴმანი მათნი და მღდელთ-მოძღუართანი. 24. მაშინ პილატე საჯა თხოვისაებრ მათისა 25. და მიუტევა მათ ბარაბა, რომელი-იგი შფოთისათჳს და კაცის-კლვისა შეგდებულ იყო საპყრობილესა, რომელსაცა ითხოვდეს, ხოლო იესუ მისცა ნებასა მათსა.

26. და ვითარცა წარიყვანეს იგი, შეიპყრეს სიმონ ვინმე კჳრინელი, მომავალი ველით, და დასდევს მას ზედა ჯუარი იგი, და მიაქუნდა შემდგომად იესუჲსა. 27. და შეუდგა მას სიმარავლე ერისაჲ და დედებისაჲ, რომელნი ეტყებდეს და სტიროდეს მას. 28. მიექცა მათ იესუ და ეტყოდა: ასულნო იერუსალჱმისანო, ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქუენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა. 29. რამეთუ აჰა ესერა მოვლენან დღენი, რომელთა შინა თქუან: ნეტარ არიან ბერწნი და მუცელნი, რომელთა არა შვნეს, და ძუძუნი, რომელთა არა განზარდნეს 30. მაშინ იწყონ სიტყუად მთათა: დამეცენით ჩუენ ზედა! და ბორცუთა: დამფარენით ჩუენ! 31. რამეთუ უკუეთუ ნედლსა ხესა ესრეთ უყოფენ, ჴმელსა მას რაჲ-მე ეყოს? 32. მაშინ მოჰყვანდეს სხუანიცა ორნი ძჳრის-მოქმედნი მოკლვად მის თანა.

33. და ვითარცა მოჰყვანდეს ადგილისა მას, რომელსა ჰრქჳან თხემისა ადგილი, და მუნ ჯუარს-აცუეს იგი და ძჳრის-მოქმედნიცა იგი მის თანა, რომელიმე მარჯუენით და რომელიმე მარცხენით მისა ჯუარს-აცუნეს. 34. ხოლო იესუ იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან. ხოლო გან-რაჲ-იყოფდეს სამოსელსა მისსა, განიგდეს წილი. 35. და დგა ერი იგი და ხედვიდა. ხოლო შეურაცხ-ჰყოფდეს მას მთავარნიცა იგი მათ თანა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, იცხოვნენ თავიცა თჳსი, უკუეთუ ეგე არს ქრისტე, რჩეული ღმრთისჲ. 36. ემღერდეს მას ერის-კაცნიცა იგი, მოუჴდიან მას და ძმარი მოართჳან 37. და ეტყჳედ: შენ თუ ხარ მეუფე ჰურიათაჲ, იჴსენ თავი შენი. 38. ხოლო იყო ზედაწერილიცა, რომელი დაწერილ იყო მას ზედა წიგნითა ბერძულითა და ჰრომაელებრითა და ებრაელებრითა, ვითარმედ: ესე არს იესუ, მეუფე ჰურიათაჲ. 39. ხოლო ერთი იგი დამოკიდებულთაგანი ძჳრის-მოქმედი ჰგმობდა მას და ეტყოდა: შენ თუ ხარ ქრისტე, იჴსენ თავი შენი და ჩუენცა. 40. მიუგო ერთმან მან მოყუასმან, შეჰრისხნა მას და ეტყოდა: არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე სასჯელსა შინა ხარ? 41. და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების, ხოლო ამან არარაჲ უჯეროჲ ქმნა. 42. და ეტყოდა იესუს: მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა. 43. ხოლო იესუ ჰრქუა მას: ამინ გეტყჳ შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა. 44. და იყო ჟამი მეექუსე, და ბნელი იყო ყოველსა ქუეყანასა ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. 45. და დაბნელდა მზე, და განიპო კრეტსაბმელი ტაძრისაჲ მის შორის. 46. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იესუ და თქუა: მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა. და ესე რაჲ თქუა, განუტევა სული. 47. და ვითარცა იხილა ასისთავმან მან საქმე ესე, ადიდებდა ღმერთსა და იტყოდა: ჭეშმარიტად კაცი ესე მართალი იყო. 48. და ყოველნი მათ თანა მოსრულნი და რომელთა იხილეს ხილვაჲ ესე და საქმენი ესე, იცემდეს მკერდსა მათსა და წარვიდოდეს. 49. და დგეს ყოველნი მეცნიერნი მისნი შორით; და დედანი, რომელნი შეუდგეს მას გალილეაჲთ, ხედვიდეს მას.

50. და აჰა ესერა კაცი, სახელით იოსებ, მზრახვალი, იყო კაცის სახიერი და მართალი; 51. ესე არა თანა-შერთულ იყო ზრახვასა მათსა და საქმესა. იყო იგი არიმათიაჲთ, ქალაქისაგან ჰურიათაჲსა, რომელი-იგიცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა. 52. ესე მივიდა პილატესა და მოითხოვა გუამი იგი იესუჲსი. 53. და გარდამოჰჴსნა იგი და შეჰმოსა მას არდაგი და დადვა იგი საფლავსა გამოკუეთილსა კლდისაგან, სადა არავინ დადებულ იყო. 54. და დღე იგი იყო პარასკევი, შაბათად განთენდებოდა.

55. შეუდგეს მას დედანიცა, რომელნი მის თანა მოსრულ იყვნეს გალილეაჲთ, და იხილეს საფლავი და ვითარ დასდებდეს გუმასა მისსა. 56. და წარვიდეს და მოჰმზადეს საკუმეველი სულნელი და ნელსაცხებელი და შაბათი იგი და-ღა-იდუმეს მცნებისა მისთჳს.

24

1. ხოლო ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს საფლავსა მას და მოაქუნდა, რაჲ-იგი მოემზადა სულნელი და ნელსაცხებელი, და სხუანი ვინმე მათ თანა. 2. და პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან. 3. და შე-რაჲ-ვიდეს შინა, არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსი. 4. და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთჳს, და აჰა ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა. 5. და ვითარ შეშინებულ იყვნეს იგინი და დაედრიკნეს პირნი მათნი ქუეყანად, ჰრქუეს მათ: რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა? 6. არა არს აქა, არამედ აღდგა. მოიჴსენეთ, ვითარ-იგი გეტყოდა თქუენ, ვიდრე იყოღა იგი გალილეას, 7. და თქუა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა მიცემად ჴელთა კაცთა ცოდვილთასა და ჯუარ-ცუმად და მესამესა დღესა აღდგომად. 8. და მოეჴსენნეს სიტყუანი მისნი. 9. და მიიქცეს საფლავით და უთხრეს ესე ყოველი ათერთმეტთა მათ და სხუათა ყოველთა. 10. ხოლო იყვნეს მაგდალენელი მარიამ და იოანნა და მარიამ იაკობისი და სხუანი მათ თანა, რომელნი უთხრობდეს მოციქულთა ამას. 11. და უჩნდეს სიტყუანი მათნი, ვითარცა სიჩქურისანი, მათ წინაშე და არა ჰრწმენა მათი. 12. ხოლო პეტრე აღდგა და მირბიოდა საფლავად და შთაჰხედნა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და წარვიდა თჳსაგან და დაუკჳრდა საქმე ესე.

13. და აჰა ორნი მათგანნი მოვიდოდეს მასვე დღესა შინა დაბასა, რომელი შორავს იერუსალჱმსა სამეოც უტევან, რომლისა სახელი ემმაოს. 14. და ესენი ზრახვიდეს ურთიერთას ყოვლისა ამისთჳს, რომელი იქმნა. 15. და იყო ზრახვასა მას მათსა და გამოძიბასა, და თავადი იესუ მიეახლა მათ და თანა-უვიდოდა. 16. ხოლო თუალნი მათნი შეპყრობილ იყვნეს, რაჲთა ვერ იცნან იგი. 17. და ჰრქუა მათ: რაჲ არიან სიტყუანი ესე, რომელთა იცილობით ურთიერთას სლვასა შინა და ხართ თქუენ მწუხარე? 18. მიუგო ერთმან მათგანმან, რომლისა სახელი კლეოპა, და ჰრქუა მას: შენ ხოლო მწირ ხარ იერუსალჱმს და არა სცანა, რაჲ-ესე იქმნა მას შინა ამათ დღეთა? 19. და მან ჰრქუა მათ: რომელი? ხოლო მათ ჰრქუეს: იესუჲსთვს ნაზარეველისა, რომელი იყო კაცი წინაწარმეტყუელი, ძლიერი საქმითა და სიტჳთა, მისითა წინაშე ღმრთისა და ყოვლისა ერისა; 20. ვითარ-იგი მისცეს მღდელთ-მოძღუართა და მთავართა ჩუენთა სასჯელსა სიკუდილისასა და ჯუარს-აცუეს იგი. 21. ხოლო ჩუენ ვესავთ, ვითარმედ იგი არს, რომელმან იჴსნეს ისრაელი; და ამას ყოველსა თანა ესე მესამე დღე არს, ვინაჲთგან ესე იქმნა. 22. არამედ დედათაცა ვიეთმე ჩუენთაგანთა დამაკჳრვნეს ჩუენ, ვითარ-იგი მივიდეს ცისკარსა საფლავსა მას 23. და არა პოვეს გუამი მისი. მოვიდეს და თქუეს, ვითარმედ ხილვაჲცა ანგელოზთაჲ იხილეს, რომელთა ჰრქუეს მათ, ვითარმედ: ცხოველ არს იგი. 24. და მი-ვინმე-ვიდეს ჩუენგანნიცა საფლავად და პოვეს ეგრე, ვითარცა დედათა მათ თქუეს, ხოლო იგი თავადი ვერ იხილეს. 25. ხოლო მან ჰრქუა მათ: ჵ უცნობელნო და მძიმენო გულითა სარწმუნოებისათჳს ყოველსა ზედა, რომელსა იტყოდეს წინაწარმეტყუელნი! 26. ანუ არა ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და შესლვად დიდებასა თჳსსა? 27. და იწყო მოსესითაგან და წინაწარმეტყუელთა და გამოუთარგმანებდა მათ ყოველთაგან წიგნთა მისთჳს. 28. და მიეახლნეს დაბასა მას, ვიდრეცა ვიდოდეს, ხოლო თავადმან მიზეზ-ყო უშორესადრე წარსლვაჲ. 29. ხოლო იგინი აიძულებდეს მას და ეტყოდეს: დაადგერ ჩუენ თანა, რამეთუ მწუხრ არს, და მიდრეკილ არა დღე. და შევიდა დადგომად მათ თანა. 30. და იყო ინაჴით-ჯდომას მას მისსა მათ თანა მოიღო პური, აკურთხა და განტეხა და მისცემად მათ. 31. ხოლო მათ თუალნი მათნი განეხუნეს და იცნეს იგი. და თავადი მიეფარა მათგან. 32. და იგინი იტყოდეს ურთიერთას: ანუ არა გულნი ჩუენნი განჴურვებულ იყვნეს ჩუენ შორის, ვითარ-იგი მეტყოდა ჩუენ გზასა ზედა და ვითარ-იგი გამომითარგმანებდა ჩუენ წიგნთა? 33. და აღდგეს მასვე ჟამსა შინა და მოიქცეს იერუსალჱმდ და პოვნეს კრებულად ათერთმეტნი იგი და სხუანი მათთანანი, 34. იტყოდეს რაჲ, ვითარმედ: ნანდჳლვე აღდგა უფალი და ეჩუენა სიმონს. 35. და იგინი უთხრობდეს გზისასა მას და ვითარ იგი გამოეცხადა მათ განტეხასა მას პურისასა.

36. და ვითარ იგინი ამას იტყოდეს ოდენ, და თავადი იესუ დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! 37. ხოლო იგინი შეძრწუნდეს და შეეშინა, ეგონა, ვითარმედ სული რაჲმე იხილეს. 38. და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეძრწუნებულ ხართ, და რაჲსათჳს გულის-სიტყუანი მრავალნი მოვლენან გულთა თქუენთა? 39. იხილენით ჴელნი ჩემნი და ფერჴნი, რამეთუ თავადი მე ვარ; ჴელი შემახეთ მე და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარცა-ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ. 40. და ესე რაჲ თქუა, უჩუენნა მათ ჴელნი და ფერჴნი მისნი. 41. და ვიდრე-იგი არღა ჰრწმენა მათ სიხარულისა მისგან და საკჳრველებისა, ჰრქუა მათ იესუ: გაქუს რაჲ აქა ჭამადი? 42. ხოლო მათ მიუპყრეს მას თევზისა მწურისა ნახევარი და თაფლისაგან გოლი. 43. და ჭამა წინაშე მათსა და მოიღო ნეშტი იგი და მისცა მათ 44. და ჰრქუა: ესე იგი სიტყუანი არიან, რომელთა გეტყოდე თქუენ, ვიდრე-იგი ვიყავღა თქუენ თანა, ვითარმედ: ჯერ-არს აღსრულებად ყოველი წერილი სჯულსა მოსესსა და წინაწარმეტყუელთასა და ფსალმუნთა ჩემთჳს. 45. მაშინ განუხუნა გონებანი მათნი გულისჴმის-ყოფად წიგნთა. 46. და ჰრქუა მათ, რამეთუ: ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და აღდგომად მკუდრეთით მესამესა დღესა. 47. და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ ყოველთა მიმართ წარმართთა, იწყეთ იერუსალჱმით, 48. რამეთუ თქუენ ხართ მოწამე ამის ყოვლისა. 49. და აჰა ესერა მე მოგივლინო თქუენ აღთქუმაჲ იგი მამისა ჩემისაჲ. ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალჱმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით.

50. და განიყვანნა იგინი გარე ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და აკურთხნა იგინი. 51. და იყო კურთხევასა მას იესუჲსსა მათა მიმართ განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად. 52. და იგინი თაყუანის-სცემდეს მას და მოიქცეს იერუსალჱმდ სიხარულითა დიდითა. 53. და იყოფვოდეს ტაძარსა მას შინა მარადის, აქებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა. ამინ.