1. და მოუწოდა იესუ ათორმეტთა მათ მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ძალი და ჴელმწიფებაჲ ყოველთა ზედა ეშმაკთა და სენთა განკურნებაჲ. 2. და წარავლინნა იგინი ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა. 3. და ჰრქუა მათ: ნურარაჲ გაქუნ გზასა ზედა, ნუცა კუერთხი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა ვეცხლი, ნუცა ორი სამოსელი გაქუნ. 4. და რომელსა სახლსა შეხჳდეთ, მუნ დაადგერით და მიერ გამოვედით. 5. და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ ქალაქით, მტუერი ფერჴთა თქუენთაგან განიყარეთ საწამებელად მათა. 6. და გამო-რაჲ-ვიდეს, მიმოვიდოდეს დაბნებსა მას და ახარებდეს და განჰკურნებდეს სნეულთა ყოველთა ადგილთა.
7. ესმნეს ჰეროდეს მეოთხედ მთავარსა ყოველნი იგი საქმენი, რომელნი მის მიერ იქმნებოდეს, და განიზრახვიდა, რამეთუ იტყოდეს ვინმე, ვითარმედ: იოვანე ნათლის-მცემელი აღდგომილ არს მკუდრეთით. 8. ხოლო რომელნიმე იტყოდეს: ელია გამოჩნდა; და სხუანი იტყოდეს: წინაწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს. 9. ხოლო ჰეროდე თქუა: იოვანეს მე თავი მოვჰკუეთე, ხოლო ესე ვინ არს, რომლისათჳს ესევითარი მესმის, არა ვიცი. და უნდა ხილვაჲ მისი.
10. და მოიქცეს მოციქულნი და უთხრეს იესუს, რაოდენი ქმნეს. და წარიყვანნა იგინი და განეშორა თჳსაგან ადგილსა უდაბნოსა ქალაქისასა, რომელსა ჰრქჳან ბეთსაიდაჲ. 11. ხოლო ერმან მან აგრძნა და მისდევდეს მას. და შეიმთხჳნა იგინი და ეტყოდა მათ სასუფეველისათჳს ღმრთისა, და რაოდენთა უჴმდა განკურნებაჲ, განჰკურნებდა. 12. და ვითარცა იწყო დღემან მიდრეკად, მოვიდეს ათორმეტნი იგი და ჰრქუეს მას: განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და აგარაკებსა და დაადგრენ მუნ და პოონ საზრდელი თავისა მათისაჲ, რამეთუ აქა უდაბნოსა ადგილსა ვართ. 13. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. და მათ ჰრქუეს: არა არს ჩუენ თანა უფროჲს, გარნა ხუთი ჴუეზაჲ პური და ორი თევზი; გარნა თუ ჩუენ წარვიდეთ და უყიდოთ ყოველსა ამას ერსა საზრდელი? 14. რამეთუ იყვნეს კაცნი იგი ვითარ ხუთ ათას ოდენ. ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: დასხით კაცები ეგე პურისმტედ-პურისმტედ ერგასეული. 15. და მათ ყვეს ეგრე და დასხეს ყოველი იგი ერი. 16. ხოლო თავადმან მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა თუალნი ზეცად და აკურთხნა იგინი და დამუსრა და მისცემდა მოწაფეთა, რაჲთა დაუგონ ერსა მას. 17. და ჭამეს და განძღეს ყოველნი; და აღიღეს, რომელ-იგი დაუშთა მათ ნამუსრევი, ათორმეტი გოდორი.
18. და იყო ლოცვასა მას მისსა თჳსაგან, მის თანა იყვნეს მოწაფენი. ჰკითხვიდა მათ და ჰრქუა: ვინ ვჰგონიე მე ერსა ამას და რაჲ თქჳან ჩემთჳს ყოფად? 19. ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: იოვანე ნათლის-მცემელი; და სხუათა − ელია; და რომელნიმე იტყჳან: წინაწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს. 20. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქვენ ვინ გგონიე მე? მიუგო პეტრე და ჰრქუა: ცხებული ღმრთისაჲ. 21. ხოლო თავადმან შეჰრისხნა მათ და ამცნო, რაჲთა არავის უთხრან ესე. 22. და ჰრქუა მათ, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისაჲ ფრიად ვნებაჲ და შეურაცხ-ყოფაჲ მოხუცებულთაგან და მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.
23. და იტყოდა ყოველთა მიმართ: რომელსა უნებს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და მომდევდინ მე. 24. რამეთუ რომელსა უნდეს განრინებად სულისა თჳსისა, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი. 25. რაჲ სარგებელ არს კაცისა, შე-თუ-იძინოს სოფელი ყოველი და თავი თჳსი წარიწყმიდოს, გინა იზღვიოს? 26. რომელსა სირცხჳლ უჩნდეს ჩემდა მომართ??მას ძემანცა კაცისამან არცხჳნოს, ოდეს მოვიდეს დიდებითა თჳსითა და მამისაჲთა და წმიდათა ანგელოზთაჲთა. 27. გეტყჳ თქუენ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ.
28. და იყო შემდგომად სიტყუათა ამათ ვითარ რვა ოდენ დღე, და წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღვიდა მთასა ლოცვად. 29. და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვაჲ პირისა მისისაჲ სხუა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე. 30. და აჰა ესერა ორნი კაცნი მის თანა ზრახვიდეს, რომელნი იყვნეს მოსე და ელია. 31. რომელნი გამოჩნდეს დიდებითა და იტყოდეს განსლვასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალჱმს. 32. ხოლო პეტრე და მისთანანი დამძიმებულ იყვნეს ძილითა; ხოლო გან-რაჲ-იღჳძეს, იხილეს დიდებაჲ მისი და ორნი კაცნი მის თანა მდგომარენი. 33. და იყო განშორებასა მას მათსა მისგან ჰრქუა პეტრე იესუს: მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ, და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა, − რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა. 34. და ვითარცა ამას იტყოდა, აჰა ღრუბელი აგრილობდა მათ, და შეეშინა მათ შესლვად ღრუბელსა მას. 35. და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, ამისი ისმინეთ. 36. და ესე რაჲ იყო ჴმაჲ, იპოვა იესუ მარტოჲ. და მათ დაიდუმეს და არაჲ ვის უთხრეს მათ დღეთა შინა, რომელ-იგი იხილეს.
37. და იყო მერმესა დღესა გარდამოსლვასა მათსა მიერ მთით მოეგებვოდა მას ერი მრავალი. 38. და აჰა კაცმან ვინმე ღაღატ-ყო ერსა მას შორის და ჰრქუა: მოძღუარ, გევედრები შენ, მოიხილე ძესა ზედა ჩემსა, რამეთუ ესე ხოლო მარტოჲ მივის. 39. და სულმან უკეთურმან შეიპყრის იგი, და მეყსეულად ღაღატ-ყვის, და დააკუეთის იგი, და პეროინ, და ძნიად განეშორის მისგან და შემუსრის იგი. 40. და ვევედრე მოწაფეთა შენთა, რაჲთამცა განაშორეს იგი, და ვერ შეუძლეს. 41. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა: å ნათესავი ურწმუნოჲ და გულარძნილი! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა და თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარე მე აქა ძე შენი! 42. და ვიდრე იგი მოვიდოდა, დააკუეთა იგი ეშმაკმან მან და აძრწოლებდა მას. შეჰრისხნა იესუ სულსა მას არაწმიდასა და განკურნა ყრმაჲ იგი და მისცა მამასა თჳსსა. 43. და განუკჳრდებოდა ყოველთა დიდებასა მას ზედა ღმრთისასა, და ყოველნი დაკჳრვებულ იყვნეს ყოველსა მას ზედა, რომელსა იქმოდა იესუ. ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: 44. დაისხენით თქუენ სიტყუანი ესე ყურთა თქუენთა, რამეთუ ძე კაცისაჲ მიცემად არს ჴელთა კაცთასა. 45. ხოლო იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას ზედა, და იყო დაფარულ მათგან, რაჲთა ვერ გულისჴმა-ყონ იგი, და ეშინოდა მათ კითხვად მისა სიტყჳსა ამისთჳს. 46. შევიდა მათდა გულის-სიტყუაჲცა: ვინ-ძი უდიდეს იყოს შორის მათსა? 47. ხოლო იესუ იცნოდა გულის ზრახვანი მათნი და მოიყვანა ყრმაჲ და დაადგინა იგი წინაშე მათსა 48. და ჰრქუა მათ: რომელმან შეიწყნაროს ესე ყრმაჲ სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. ხოლო უმცირესი თქუენ ყოველთა შორის იგი არს დიდ.
49. მიუგო იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, და ჩუენ ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემოგჳდგს ჩუენ. 50. ჰრქუა მას იესუ: ნუ აყენებთ, რამეთუ რომელი არა არს ჩუენდა მტერ, იგი ჩუენ კერძო არს.
51. და იყო აღსრულებასა მას დღეთა ამაღლებისა მისისათა და თავადმან დაამტკიცა პირი თჳსი აღსლვად იერუსალჱმდ. 52. და წარავლინნა მოციქულნი წინაშე მისსა. და იგინი წარვიდეს და შევიდეს დაბასა სამარიტელთასა, რაჲთა მო-რაჲმე-უმზადონ მას. 53. და არა შეიწყნარეს იგინი, რამეთუ პირი მისი იყო მისლვად იერუსალჱმდ. 54. ვითარცა იხილეს მოწაფეთა მისთა იაკობ და იოვანე, თქუეს: უფალო, გნებავსა, რაჲთა ვთქუათ, და ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით და აღჴოცნეს იგინი, ვითარცა ელია ყო? 55. მიექცა იესუ და შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: არა იცით, რომლისა სულისანი ხართ თქუენ? 56. რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა წარწყმედად სულსა კაცთასა, არამედ ცხოვრებად. და წარვიდეს სხუასა დაბასა.
57. და იყო სლვასა მას მათსა გზასა ზედა ჰრქუა ვინმე მას: მიგდევდე შენ ვიდრეცა მიხუალ. 58. ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს. 59. ხოლო სხუასა ჰრქუა: შენ მომდევდი მე. და მან ჰრქუა: უფალო, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა. 60. ჰრქუა მას იესუ: აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა; ხოლო შენ წარვედ და მიმოსდევ სასუფეველი ღმრთისაჲ. 61. ჰრქუა მას სხუამან: მეცა მიგდევდე შენ, უფალო, ხოლო პირველად მიბრძანე მე ჯმნაჲ სახლეულთა ჩემთაგან. 62. ჰრქა მას იესუ: არავინ დასდვის ჴელი საჴნველსა, და ხედავნ იგი გარეუკუნ და წარმართებულ არნ სასუფეველსა ღმრთისასა.
1. და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად. 2. და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა. 3. წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა. 4. ნუ წარგაქუნ ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერჴთაჲ და ნუცა ვის გზასა ზედა მოიკითხავთ. 5. და რომელსაცა სახლსა შეხჳდეთ, პირველად თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას! 6. და უკუეთუ იყოს მუნ ძჱ მშჳიდობისაჲ, განისუენოს მის ზედა მშჳდობამან თქუენმან, უკუეთუ არა − თქუენდავე მოიქცეს. 7. მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა, ნუ მიხუალთ სახლითი სახლად. 8. და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინა-დაგებულსა თქუენსა 9. და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ. 10. და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით უბანთა მისთა, არქუთ მათ: 11. აჰა ესერა მტუერი რომელ აღეკრა ფერჴთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ. 12. გეტყჳ თქუენ: სოდომელთა უმოლხინეს იყოს მას დღესა შინა, ვიდრე ქალაქისა მის. 13. ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა, რამეთუ ტჳროსს და სიდონს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელ იქმნნეს თქუენ შორის, პირველვემცა ძაძითა და ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. 14. ხოლო ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს სასჯელსა მას, ვიდრე თქუენ. 15. და შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე. 16. რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხ-მყოფს; და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხ-ჰყოფს მომავლინებელსა ჩემსა.
17. და მოიქცეს სამეოც და ათნი იგი სიხარულითა და იტყოდეს: უფალო, ეშმაკნიცა დაგუემორჩილებიან სახელითა შენითა. 18. ჰრქუა მათ იესუ: ვხედევდ ეშმაკსა ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა. 19. აჰა მიგცემ თქუენ ჴელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა, და თქუენ არარაჲ გევნოს. 20. ხოლო ამას ზედა ნუ გიხარინ, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა. 21. მას ჟამსა შინა იხარებდა იესუ სულითა და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე. 22. და მიექცა მოწაფეთა და ჰრქუა: ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის, ვინ არს მამაჲ, გარნა ძემან; და არცა ვინ იცის, ვინ არს ძე, გარნა მამამან; და ვისა უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს. 23. და მიექცა მოწაფეთა მისთა თჳსაგან და ჰრქუა: ნეტარ არიან თუალნი, რომელნი ხედვენ, რომელსა თქუენ ხედავთ, და ყურნი, რომელთა ესმის რომელი თქუენ გესმის. 24. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მეფეთა უნდა ხილვაჲ, რომელსა თქუენ ხედავთ, და ვერ იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და ვერ ესმა.
25. და აჰა ესერა სჯულის-მეცნიერი ვინმე აღდგა და გამოსცდიდა იესუს და ეტყოდა: მოძღუარ, რაჲ ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო? 26. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: სჯულსა ვითარ წერილ არს? ვითარ აღმოიკითხავ? 27. ხოლო მან ჰრქუა: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი − ვითარცა თავი თჳსი. 28. ჰრქუა მას იესუ: მართლ მომიგე, მაგას იქმოდე და სცხონდე. 29. ხოლო მას უნდა განმართლებად თავი თჳსი და ჰრქუა იესუს: და ვინ არს მოყუას ჩემდა? 30. მიუგო იესუ და ჰრქუა: კაცი ვინმე გარდამოვიდოდა იერუსალჱმით იერიქოდ, და ავაზაკნი დაესხნეს, განძარცუეს იგი, დაწყლეს და წარვიდეს და დაუტევეს მწყდარი. 31. ხოლო დამთხუევით მღდელი ვინმე შთავიდოდა მასვე გზასა და იხილა იგი და თანა-წარჰჴდა. 32. და ეგრეთვე ლევიტელი მასვე ადგილსა მივიდა და იხილა იგი და თანა-წარჰჴდა. 33. მერმე სამარიტელი ვინმე წარვიდოდა, მოვიდა მასვე ადგილსა, იხილა იგი და შეეწყალა. 34. და მოვიდა მისა და შეუხჳა წყლული იგი და დაასხა ზეთი და ღჳნოჲ და აღსუა იგი კარაულსა თჳსსა და მოიყვანა იგი ყოველთასა მას სადგურსა და იღუაწა იგი. 35. და ხვალისაგან, გამო-რაჲ-ვიდოდა, ორი დრაჰკანი მისცა ყოველთა სადგურისა მოღუაწესა მას და ჰრქუა: იღუაწე ეგე და, სხუაჲ თუ რაჲმე წარაგო უმეტესი, მო-რაჲ-ვიდე, მიგცე შენ. 36. ვინ უკუე ამათ სამთაგანი გგონიეს შენ მოყუას მისა, რომელ იგი შევარდა ავაზაკთა მათ? 37. ხოლო მან ჰრქუა: რომელმან ყო წყალობაჲ მის თანა. ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე და ჰყოფდ შენცა ეგრევე.
38. და იყო ვითარცა წარვიდეს ესენი, და თავადი შევიდა დაბასა რომელსამე. და იყო ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისა სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახიდ თჳსა. 39. და იყო დაჲ მისი, რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ისმენდა სიტყუათა მისთა. 40. ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათჳს, ზედა მიადგა და ჰრქუა: უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოჲ დამიტევა მე მსახურებად. არქუ მას, რაჲთა შემეწეოდის მე. 41. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მართა, მართა! ზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს, აქა ერთისაჲ არს საჴმარ. 42. ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან.
1. და იყო ადგილსა რომელსამე თავადი ილოცვიდა. და ვითარცა დასცხრა ლოცვისაგან, ჰრქუა ვინმე მას მოწაფეთაგანმან: უფალო, გუასწავე ლოცვაჲ, ვითარცა იოვანე ასწავა მოწაფეთა თჳსთა. 2. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. 3. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი-დღედ. 4. და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევებთ ყოველთა თანა-მდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან. 5. და ეტყოდა მათ: ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მოვიდეს მისა შუვა-ღამეს და ჰრქუას მას: მეგობარო, მოვასხენ მე სამნი პურნი, 6. რამეთუ მეგობარი მოვიდა ჩემდა გზით, და არარაჲ მაქუს, რაჲ დაუგო მას. 7. მან მიუგოს შინაჲთ გამო და ჰრქუას: ნუ შრომასა შემამთხუევ მე, რამეთუ კარი დაჴშულ არს და ყრმანი ჩემნი ჩემ თანა არიან სარეცელსა ზედა; ვერ ძალ-მიც აღდგომად და მიცემად შენდა. 8. გეტყჳ თქუენ: დაღაცათუ არა ეძლოს მას აღდგომად და მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარ მისა, წყინებისა მისთჳს მისისა აღდგეს და მისცეს, რაოდენი უჴმდეს მას. 9. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოოთ, ირეკდით და განგეღოს თქუნ. 10. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს. 11. ვის უკუე თქუენგანსა მამასა სთხოვდეს ძე პურსა, ნუუკუე ქვაჲ მისცეს მას? გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუუკუე თევზისა წილ გუელი მისცესა მას? 12. გინა თუ კუერცხსა სთხოვდეს, ნუუკუე ღრიაკალი მისცეს მას? 13. უკუეთუ თქუენ უკეთურთა იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲს მამამან ზეცით მოსცეს სული წმიდაჲ, რომელნი სთხოვდენ მას.
14. და კაცისა ვისგანმე განაძო ეშმაკი, რომელი იყო ყრუჲ. და იყო განსლვასა მას ეშმაკისასა იტყოდა ყრუჲ იგი. და უკჳრდა ყოველსა მას ერსა. 15. ხოლო რომელთამე მათგანთა თქუეს: ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა, განასხამს ეშმაკთა. 16. და სხუანი ვინმე გამოცდით სასწაულსა ზეცით ითხოვდეს მისგან. 17. ხოლო თავადმან იცნოდა ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი თავსა თჳსსა განევლთის, მოოჴრდის, და სახლი სახლსა ზედა დაეცის. 18. და უკუეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა განევლთა, ვითარ დამტკიცნეს მეუფებაჲ მისი? რამეთუ იტყჳთ ჩემთჳს, ვითარმედ: ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა. 19. უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისათჳს იგინივე მსაჯულ გექმნენ თქუენ. 20. უკუეთუ მე თითითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-წევნულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ. 21. რაჟამს ძლიერი შეჭურვილი სცვიდეს ეზოსა თჳსსა, მშჳდობით არნ მონაგები მისი. 22. და ოდეს უძლიერესი მისი ზედა-მოუჴდის, სძლის მას და საჭურველი მისი მოუღის, რომელსა-იგი ესვიდა, და ნატყუენავი მისი განუყვის. 23. რომელი არა არს ჩემ თანა, მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს. 24. რაჟამს სული არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის, თქჳს: მივიქცე სახლსავე ჩემსა, ვინაჲცა გამოვედ. 25. და მოვიდის და პოვის იგი განშუენებული და შემკული. 26. მაშინ წარვიდეს და მოიყვანნის სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისსა, და შევიდის და დაიმკჳდრის მას შინა და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა.
27. და იყო ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და ჰრქუა მას: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი რომელთა სწოვდი. 28. ხოლო თავადმან თრქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი.
29. და ვითარცა შეკრბებოდა ერი იგი, იწყო სიტყუად მათდა: ნათესავი ესე ნათესავი ბოროტი არს, სასწაულსა ითხოვს, და სასწაული არა ეცეს მას, არამედ სასწაული იონა წინაწარმეტყუელისაჲ. 30. ვითარცა-იგი ექმნა იონა სასწაულ ნინეველთა, ეგრეთ ეყოს ძე კაცისაჲ ნათესავსა ამას. 31. დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას კაცთა თანა ამის ნათესავისათა და დასჯიდეს მათ, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და აჰა ესერა უფროჲს სოლომონისსა არს აქა. 32. კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა; და აჰა ესერა უფროჲს იონაჲსსა არს აქა. 33. არავინ აღანთის სანთელი და დადგის ფარულად, გინა ჴჳმირსა ქუეშე, არამედ სასანთლესა ზედა, რაჲთა შემავალნი ხედვიდენ ნათელსა. 34. სანთელი გუამისაჲ არს თუალი; ოდეს თუალი შენნი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს და უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. 35. იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს. 36. უკუკეთუ ყოველი გუამი შენი ნათელ არს და არა რაჲ აქუნდეს ადგილი რაჲმე ბნელისაჲ, იყოს იგი ყოვლად ნათელ, ვითარცა-იგი სანთელი ელვითა განგანათლოს შენ.
37. და ვითარცა იტყოდა ამას თავადი, ჰლოცვიდა ვინმე ფარისეველი, რაჲთა პური ჭამოს მის თანა; და შევიდა და დაჯდა. 38. ხოლო ფარისეველმან მან ვითარცა იხილა, უკჳრდა, რამეთუ პირველად არა იბანა, ვიდრე სადილობადმდე. 39. ჰრქუა მას უფალმან: აწ თქუენ, ფარისეველთა, გარეშე სასუმელისაჲ და პინაკისაჲ განსწმიდით, და შინაგანი თქუენი სავსე არნ ნატაცებითა და უკეთურებითა. 40. ორგულნო, ანუ არა რომელმან-იგი გარეშე შექმნა, მანვე შინაგანი შექმნა? 41. გარნა ესე, რომელი ჯერ არს, მიეცით მოწყალებაჲ, და აჰა თქუენი ყოველი წმიდა არს. 42. არამედ ვაჲ თქუენდა, ფარისეველნო, რამეთუ ათეულსა აღიღებთ პიტნაკისა და ტეგანისასა და ყოვლისა მხლისასა და თანა-წარჰვალთ სამართალსა და სიყუარულსა ღმრთისასა. ესე ჯერ-იყო ყოფად და იგი არა დატევებად. 43. ვაჲ თქუენდა, ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ გიყუარს თქუენ ზემოჯდომაჲ შესაკრებელთა შორის და მოკითხვაჲ უბანთა ზედა. 44. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ხართ, ვითარცა საფლავნი უჩინონი, და კაცნი ზედა ვლენან და არა იციან. 45. მიუგო სჯულის-მეცნიერმან ვინმე და ჰრქუა მას: მოძღუარ, მაგას რაჲ იტყჳ, ჩუენცა გუაგინებ. 46. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: თქუენდაცა, სჯულის-მეცნიერთა, ვაჲ არს, რამეთუ აღჰკიდით კაცთა ტჳრთი ძნიად სატჳრთავი და თქუენ ერთითაცა თითითა არა შეახით ტჳრთსა მას. 47. ვაჲ თქუენდა, რამეთუ აშენებთ საფლავებსა წანაჲსწარმეტყუელთასა, ხოლო მამათა თქუენთა მოსწყჳდნეს იგინი. 48. ეწამებით სამე და თანა-სათნო-ეყოფვით საქმესა მამათა თქუენთასა, რამეთუ მათ მოსწყჳდნეს იგინი, და თქუენ საფლავთა მათთა აშენებთ. 49. ამისთჳსცა-იგი სიბრძნემან ღმრთისამან თქუა: მოვავლინნე მათა წინაწარმეტყუელნი და მოციქულნი, და მათგანნი მოწყჳდნენ და დევნნენ. 50. რაჲთა იძიოს სისხლი ყოველთა წინაწარმეტყუელთაჲ, დათხეული დასაბამითგან სოფლისაჲთ ნათესავისა ამისგან, 51. სისხლითგან აბელისით, ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, რომელი წარწყმდა შორის საკურთხეველისა მის და ტაძრისა. ჰე, გეტყჳ თქუენ, იძიოს ნათესავისა ამისგან. 52. ვაჲ თქუენდა, სჯულის-მოძღუარნო, რამეთუ დაჰმალენით კლიტენი მეცნიერებისანი; თქუენ არა შე-ხუალთ და შემავალთა აყენებთ. 53. და ვითარ-იგი თავადი ეტყოდა მათ ამას წინაშე ყოვლისა მის ერისა, იწყეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა განზრახვად ბოროტისა და უძნდა სიტყუაჲ იგი და ჰგმობდეს მას მრავლისა მისთჳს სიტყჳსა. 54. და უმზირდეს მას პოვნად რასმე სიტყუასა პირისაგან მისისა, რაჲთა შეასმინონ იგი.
1. რომელთა ზედა შეკრებულ იყო ბევრეული ერი, ვიდრემდე დასთრგუნვიდეს ურთიერთას. იწყო პირველად სიტყუად მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისაგან ფარისეველთაჲსა, რომელ არს ორგულებაჲ. 2. ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. 3. ამისათჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა. 4. ხოლო გეტყჳ თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი და ამისა შემდგომად ვერარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ. 5. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ჴელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყჳ თქუენ, მისა გეშინოდენ. 6. ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა. 7. არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ. 8. ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. 9. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. 10. და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს. 11. და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, ანუ რაჲ სთქუათ, 12. რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ.
13. ჰრქუა ვინმე მას მის ერისაგანმან: მოძღუარ, არქუ ძმასა ჩემსა, რაჲთა განმეყოს მე სამკჳდრებელსა. 14. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: კაცო, ვინ დამადგინა მე მსაჯულად და განმყოფელად თქუენდა? 15. და ეტყოდა მათ: ეკრძალენით და დაიცვენით თავნი თქუენი ყოვლისაგან ანგაჰრებისა, რამეთუ არა ნამეტნავისაგან ვისამე არნ ცხორებაჲ მისი ნაყოფთა მისთაგან. 16. და ეტყოდა მათ იგავსაცა და ჰრქუა მათ: კაცისაჲ ვისიმე მდიდრისაჲ ნაყოფიერ იყო აგარაკი. 17. და განიზრახვიდა გულსა შინა თჳსსა და თქუა: რაჲ-მე ვყო, რამეთუ არა მაქუს, სადა შევიკრიბო ნაყოფი ჩემი? 18. და თქუა: ესე ვყო: დავარღჳნე საუნჯენი ჩემნი და უფროჲსნი აღვაშენნე და შევიკრიბო მუნ ყოველი ნაყოფი და კეთილი ჩემი. 19. და ვჰრქუა სულსა ჩემსა: სულო, გაქუს მრავალი კეთილი დაუნჯებული მრავალთა წელთა: განისუენე, ჭამე და სუ და იხარებდ. 20. ჰრქუა მას ღმერთმან: უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე ვისა იყოს? 21. ეგრეცა, რომელი იუნჯებდეს თავისა თჳსისა და არა ღმრთისა მიერ განმდიდრდებოდის. 22. და ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისა, რაჲ სჭამოთ, და ნუცა ჴორცთა თქუენთა, რაჲ შეიმოსოთ, 23. რამეთუ სული უფროჲს არს საზრდელისა და ჴორცნი სამოსლისა. 24. განიცადენით ყორანნი, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, რომელთა არა აქუს საუნჯე, ანუ სადა შეიკრიბონ, და ღმერთი ზრდის მათ. რაოდენ თქუენ უმჯობეს ხართ მფრინველთა? 25. ვინ-მე უკუე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ? 26. უკუეთუ არცა უმცირესსა შემძლებელ ხართ, რაჲსაღა სხუასა მას ჰზრუნავთ? 27. განიცადენით შროშანნი, ვითარ-იგი აღორძნდის: არცა შურების, არცა სთავს. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არცა სოლომონ ყოველსა დიდებასა თჳსსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი. 28. უკუეთუ ველსა გარე, რომელი დღეს თივაჲ არს და ხვალე თორნესა შთაეგზნეს, ღმერთმან ესრეთ შემოსის, რაოდენ უფროჲს თქუენ, მცირედ-მორწმუნენო? 29. და თქუენ ნუ ეძიებთ, რაჲ სჭამოთ და რაჲ ჰსუათ, და ნუცა განსცხრებით, 30. რამეთუ ამას ყოველსა ნათესავნი სოფლისანი ეძიებენ, ხოლო მამამან თქუენმან იცის, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი. 31. გარნა ეძიებდით სასაუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ. 32. ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი. 33. განყიდენით მონაგებნი თქუენნი და მიეცით ქველის-საქმე და ყავთ თავისა თქუენისა საფასე, რომელი არა დაძუელდეს, და საუნჯე მოუკლებელი ცათა შინა, სადა-იგი მპარავი არა მიეხების, არცა მღილმან განრყუნის. 34. სადაცა არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი. 35. იყვნედ წელნი თქუენნი მორტყმულ და სანთელნი თქუენნი აღნთებულ. 36. და თქუენ ემსგავსენით კაცთა მათ, რომელნი მოელიედ უფალსა თჳსსა, ოდეს მოვიდეს ქორწილისაგან, რაჲთა, რაჟამს მოვიდეს და ირეკოს, მეყსეულად განუყონ მას. 37. ნეტარ იყვნენ იგი მონანი, რომელთაჲ მოვიდეს უფალი მათი და პოვნეს იგინი მღჳძარენი. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოირტყნეს და დასხნეს იგინი, წარმოუდგეს და ჰმსახურებდეს მათ. 38. დაღათუ მეორესა საჴუმილავსა და მესამესა მოვიდეს და პოვნეს ესრეთ, ნეტარ იყვნენ იგინი. 39. ხოლო ესემცა უწყით: უკუეთუმცა იცოდა სახლისა უფალმან, რომელსა ჟამსა მპარავი მოვალს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თჳსისა. 40. და თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ ჟამსა, რომელსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს. 41. ჰრქუა მას პეტრე: უფალო, ჩუენდა მომართ ხოლო იტყჳ იგავსა ამას, ანუ სხუათა ყოველთა მიმართ? 42. და ჰრქუა იესუ: ვინ-მე არს მნე იგი სარწმუნოჲ და გონიერი, რომელი დაადგინოს უფალმან მონათა თჳსთა ზედა მიცემად იფქლი ჟამსა თჳსსა? 43. ნეტარ არს იგი მონაჲ, რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და პოოს იგი ესრეთ მოქმედი. 44. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინოს იგი. 45. უკუეთუ თქუას მონამან მან გულსა შინა თჳსსა: ყოვნის უფალი ჩემი მოსლვად, და იწყოს გუემად მონათა და მჴევალთა და ჭამად და სუმად და დათრობად. 46. მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა, რომელი არა იცის, და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ურწმუნოთა თანა. 47. ხოლო მონამან რომელმან იცის ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად. 48. ხოლო რომელმან არა იცის და ქმნეს რაჲმე ღირსი ტანჯვისაჲ, იგუემოს მცირედ. რამეთუ ყოველსა რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა იძიოს მისგან, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტესი მოჰჴადონ მას. 49. ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა და რაჲ მნებავს, რაჲთა აწვე აღეგზნეს! 50. ხოლო ნათლის-ღებაჲ მაქუს ნათლის-ღებად და ვითარ შეურვებულ ვარ, ვიდრემდე აღესრულოს! 51. ეგრე ჰგონებთ, ვითარმედ მშჳდობისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა? არა, გეტყჳ თქუენ, არამედ განყოფად. 52. რამეთუ იყვნენ ამიერითგან ხუთნი სახლსა შინა ერთსა განყოფილ: სამნი ორთაგან და ორნი სამთაგან. 53. განყოფად მამაჲ ძისაგან და ძე მამისაგან; და დედაჲ ასულისაგან და ასული დედისაგან; დედამთილი ძის-ცოლისაგან მისისა და სძალი დედამთილისაგან. 54. ეტყოდა იესუ ერსაცა მას: რაჟამს იხილით ღრუბელი, აღმომავალი დასავალით, მეყსეულად სთქჳთ, ვითარმედ: წჳმაჲ მოაქუს, და არნ ეგრეთ. 55. და რაჟამს სამხრით ქარი ქრინ, სთქჳთ, ვითარმედ: სიცხე იყოს, და არნ ეგრეთ. 56. ორგულნო, პირი სამე ქუეყანისაჲ და ცისაჲ იცით გამოცდად, ხოლო ჟამი ესე ვითარ არა გამოიცადეთ? 57. ანუ რაჲსა თავით თჳსით არა სჯით სამართალსა? 58. რამეთუ ოდეს მიხუალ მოსაჯულისა შენისა თანა მთავრისა წინაშე გზასა ზედა, მიეც საქმარი განთავისუფლებად მისგან, ნუუკუე მიგიყვანოს შენ მსაჯულისა, და მსაჯულმან მიგცეს შენ მეხარკესა, და მეხარკემან მიგცეს შენ საპყრობილედ. 59. გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრემდე უკანაჲსკნელიცა იგი მი-ვე-სცე მწულილი.
1. მო-ვინმე-სრულ იყვნეს მას ჟამსა ოდენ და უთხრეს მას გალილეველთა მათთჳს, რომელთაჲ-იგი სისხლი პილატე შეჰრია მსხუერპლთა მათთა. 2. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეგრე გგონიეს, ვითარმედ გალილეველნი ესე უფროჲს ყოველთა გალილეველთა იყვნეს ცოდვილ, რამეთუ ესევითარი ევნო მათ? 3. გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ეგრევე სახედ ყოველნი წარსწყმდეთ. 4. ანუ იგი, რომელ ათრვამეტთა ზედა სილოამს გოდოლი დაეცა და მოსწყჳდნა იგინი, ჰგონებთ, ვითარმედ იგინი ხოლო თანა-მდებ იყვნეს უფროჲს ყოველთა კაცთა, რომელნი მკჳდრ არიან იერუსალჱმს? 5. გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ყოველნივე ეგერეთ წარსწყმდეთ. 6. და ეტყოდა მათ იგავსა ამას: ლეღჳ ვისმე ედგა ნერგი სავენაჴესა თჳსსა, მოვიდა და ეძიებდა ნაყოფსა მისგან და არა პოვა. 7. და ჰრქუა ვენაჴის მოქმედსა მას: ესერა სამი წელი არს, ვინაჲთგან მოვალ და ვეძიებ ნაყოფსა ლეღუსა ამას შინა და არა ვჰპოვებ. მოჰკუეთე ეგე, რაჲსათჳს ქუეყანაჲცა დაუპყრიეს უქმად? 8. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, უტევე ეგე ამასცა წელსა, ვიდრემდე მოუთოჴნო მას გარემო და სკორე დაუდვა, 9. ყოს ხოლო თუ ნაყოფი; უკუეთუ არა, მერმე მოჰკუეთე იგი.
10. და ასწავებდა მათ იესუ შესაკრებელსა ერთსა შაბათსა შინა. 11. და აჰა ესერა დედაკაცი იყო, რომლისა თანა იყო სული უძლურებისაჲ ათრვამეტ წლითგან; და იყო იგი დაღონებულ და ვერ ეძლო ზე აღხილვად ყოვლითურთ. 12. იხილა იგი იესუ, მოუწოდა და ჰრქუა მას: დედაკაცო, განტევებულ ხარ უძლურებისაგან შენისა. 13. და დაასხნა მას ზედა ჴელნი, და მეყსეულად აღემართა და ვიდოდა და ადიდებდა ღმერთსა. 14. მიუგო შესაკრებლის-მთავარმან მან რისხვით, რამეთუ შაბათსა განკურნა იგი იესუ, და ეტყოდა ერსა მას: ექუსნი დღენი არიან, რომელთა შინა ჯერ-არს საქმედ; მათ შინა მომავალნი განიკურნებოდეთ და ნუ დღესა შაბათსა. 15. მიუგო მას იესუ და ჰრქუა: ორგულო, კაცად-კაცადმან თქუენმან არა აღჰჴსნისა შაბათსა შინა ჴარი გინა ვირი ბაგათაგან მათთა და წარიბის და ასჳს მას წყალი? 16. ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა ესერა ათრვამეტი წელი არს; არა ჯერ-იყოა განჴსნად საკრველთაგან მისთა დღესა შაბათსა? 17. და ამას რაჲ იტყოდა თავადი, ჰრცხუენოდა ყოველთა წინა-აღმდგომთა მისთა; და ყოველსა მას ერსა უხაროდა ყოველთა მათ ზედა დიდებულებათა მისთა, რომელნი იქმნებოდეს მის მიერ.
18. და იტყოდა: რასა ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისაჲ, და ვისა მსგავს არს იგი? 19. მსგავს არს იგი მარცუალსა მდოგჳსასა, რომელი მოიღო კაცმან და დასთესა იგი მტილსა თჳსსა; და აღორძინდა და იქმნა იგი ხე დიდ, და მფრინველთა ცისათა და დაიმკჳდრეს რტოთა მისთა. 20. მერმე კუალად თქუა: რასა ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისაჲ? 21. ვამსგავსო იგი ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდე აღაფუნვოს ყოველი.
22. და მიმოვიდოდა ქალაქებსა და დაბნებსა და ასწავებდა და წარიგზავნებოდა იერუსალჱმდ. 23. და ჰრქუა ვინმე მას: უფალო, უკუეთუ მცირედ არიან ცხორებულნი? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: 24. იღუაწეთ შესლვად იწროჲსა მისგან კარისა. ხოლო გეტყჳ თქუენ: მრავალნი ეძიებდენ შესლვად და ვერ უძლონ. 25. ვინაჲთგან აღდგეს სახლისა უფალი და დაჰჴშას კარი, და გარეშე სდგეთ და იწყოთ რეკად კარსა და იტყოდით: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ! მოგიგოს და გრქუას თქუენ: არა გიცნი თქუენ, ვინანი ხართ. 26. მაშინ იწყოთ სიტყუად: ვჭამდით წინაშე შენსა და ვსუემდით, და უბანთა ჩუენთა ზედა გუასწავებდ. 27. და გრქუას: არა გიცნი, ვინანი ხართ; განმეშორენით ჩემგან ყოვლნი მოქმედნი უსჯულოებისანი. 28. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ, რაჟამს იხილოთ აბრაჰამი, ისაკი და იაკობი და ყოველნი წინაწარმეტყუელნი სასუფეველსა ღმრთისასა და თქუენ განსხმულნი გარეშე. 29. და მოვიდოდიან მზისა-აღმოსავალით და მზისა-დასავალით, ჩრდილოჲთ და სამხრით, და ინაჴ-იდგმიდენ სასუფეველსა ღმრთისასა. 30. და აჰა ესერა არიან უკუანაჲსკნელნი, რომელნი იყვნენ პირველ, და არიან პირველნი, რომელნი იყვნენ უკანაჲსკნელ.
31. მას დღესა შინა მო-ვინმე-ვიდეს იესუჲსა ფარისეველნი და ეტყოდეს მას: განვედ და წარვედ ამიერ, რამეთუ ჰეროდე გეძიებს შენ მოკლვად. 32. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: მივედით და არქუთ მელსა მას: აჰა ესერა განვასხამ ეშმაკთა და კურნებათა აღვასრულებ დღეს და ხვალე, და ზეგე აღვესრულები. 33. რამეთუ ჯერ-არს ჩემდა დღეს და ხვალე და ზეგე წარსლვად, რამეთუ ვერ ეგების წინაწარმეტყუელი გარეშე იერუსალჱმსა წარწყმედად. 34. იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენდა, რაოდენ-გზის მინდა შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა სახედ მფრინველმან თჳსნი მართუენი ფრთეთა ქუეშე, და არა ინებეთ! 35. აჰა ესერა დაუტევნეთ თქუენ სახლნი თქუენნი ოჴრად. გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
1. და იყო მო-რაჲ-ვიდა იესუ სახლსა ვისმე მთავრისა ფარისეველისასა დღესა შაბათსა ჭამად პურისა, და იგინი უმზირდეს მას. 2. და აჰა ესერა იყო ვინმე კაცი წყლით მანკიერი წინაშე მისსა. 3. მიუგო იესუ და ჰრქუა სჯულის-მოძღუართა მათ და ფარისეველთა: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა განკურნებაჲ? 4. ხოლო იგინი დუმნეს. და მოიყვანა კაცი იგი, განკურნა და განუტევა. 5. და ჰრქუა მათ: ვისი თქუენგანისაჲ შვილი გინა ჴარი შთავარდეს ჯურღმულსა, არა-მე მეყსეულად აღმოიქუას იგი დღესა შაბათსა? 6. და ვერარაჲ მიუგეს მას ამისთჳს. 7. და ეტყოდა ჩინებულთა მათ იგავსა და შეასწავებდა, ვითარ-იგი ზემოჯდომასა ირჩევდეს, და ეტყოდა მათ: 8. რაჟამს გხადოს ვინმე ქორწილსა, ნუ დასჯდები პირველსა საინაჴესა, ნუუკუე უპატიოსნესი შენსა იყოს ჩინებული მისგან; 9. და მოვიდეს, რომელმან-იგი შენ და მას გხადა, და გრქუას შენ: ადგილ-ეც ამას! მაშინ იწყო სირცხჳლით უკანაჲსკნელსა ადგილსა დაპყრობად. 10. არამედ ოდეს გხადოს ვინმე, მივედ და დაჯედ უკანაჲსკნელსა ადგილსა, რაჲთა მოვიდეს, რომელმან-იგი გხადა შენ, და გრქუას: მეგობარო, აღმოგუალე ზემოკერძო! მაშინ იყოს შენდა დიდება წინაშე ყოველთა მეინჴეთა შენთა. 11. რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს. 12. ეტყოდა მასცა, რომელმან-იგი ხადა მას: ოდეს ჰყოფდე სამხარსა გინა სერსა, ნუ ჰხადი მეგობართა შენთა, ნუცა ძმათა შენთა, ნუცა ნათესავთა შენთა, ნუცა მოძმეთა მდიდართა, ნუუკუე მათცა კუალად გხადონ შენ, და გექმნეს შენ მოსაგებელ. 13. არამედ ოდეს ჰყოფდე შენ სამხარსა, ჰხადე გლახაკთა უმეცართა, მკელობელთა და ბრმათა, 14. და ნეტარ იყო, რამეთუ არარაჲ აქუს, რაჲმცა მოგაგეს შენ, და მოგეგოს შენ აღდგომასა მას მართალთასა.
15. ესმა ვისმე მის თანა მეინაჴესა ესე, და ჰრქუა მას: ნეტარ არს, რომელმან ჭამოს პური სასუფეველსა ღმრთისასა! 16. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: კაცმან ვინმე იყო პური დიდი და მოუწოდა მრავალთა. 17. და წარავლინა მონაჲ თჳსი ჟამსა პურისასა, რაჲთა ჰრქუას ჩინებულთა მათ მოსლვად, რამეთუ: აჰა ესერა პური ჩემი მზა არს ყოველი. 18. და იწყო თითოეულმან ყოველმან ჯმნად. პირველმან მან ჰრქუა მას: აგარაკი ვიყიდე და უნებელი ზედა-მაც მისლვად და ხილვად იგი. გლოცავ შენ, განმიტევე, ჯმნულმცა ვარ შენგან. 19. და სხუამან თქუა: უღლეული ჴართაჲ ვიყიდე ხუთი და მივალ გამოცდად მათა. გლოცავ შენ, ჯმნულმცა ვარ. 20. და მერმე სხუამან ჰრქუა: ცოლი შევირთე და მის გამო ვერ ჴელ-მეწიფების მოსლვად. 21. და მოვიდა მონაჲ იგი და უთხრა ესე უფალსა თჳსსა. მაშინ განრისხნა სახლისა უფალი იგი და ჰრქუა მონასა მას თჳსსა: განვედ ადრე უბანთა და ყურეთა ქალაქისათა და გლახაკთა და უცხოთა და ბრმათა და მკელობელთა შემოჰხადე აქა. 22. და თქუა მონამან მან: უფალო, იქმნა ბრძანებაჲ შენი, და ადგილი არსღა. 23. და ჰრქუა უფალმან მან მონასა მას: განვედ გზათა ზედა და ფოლოცთა და აიძულე შემოსლვად, რაჲთა აღივსოს სახელი ჩემი. 24. ხოლო გეტყჳ თქუენ: არავინ მათ კაცთაგანმან გემოჲ იხილოს სერობისა ამის ჩემისაჲ, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ.
25. და შეკრბებოდა მისა ერი მრავალი, მიექცა და ჰრქუა მათ: 26. რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად სულიცა თჳსი, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა. 27. და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა. 28. ვის-მე უკუე თქუენგანსა უნდეს გოდოლი შენებად, არა-მეა პირველად დაჯდეს და აღრაცხოს, რაოდენი წარაგოს, უკუეთუ აქუს, რაჲთა კმა-ეყოს მას აღსრულებადმდე. 29. ნუუკუე დადვას საფუძველი და ვერ შეუძლოს აღსრულებად მისა, და ყოველნი რომელნი ხედვიდენ მას, იწყონ კიცხევად მისა 30. და თქუან, ვითარმედ: კაცმან ამან იწყო შენებად და ვერ შეუძლო აღსრულებად. 31. ანუ რომელი მეფე მივალნ სხჳსა მეფისა ბრძოლად, არა-მე პირველად დაჯდის და განიზრახის, უკუეთუ შემძლებელ არს ათითა ათასითა შემთხუევად ოცითა ათასითა მომავალსა მის ზედა? 32. უკუეთუ არა, ვიდრე შორსღა არნ, მოციქული მიუვლინის და მოიკითხის იგი მშჳდობით. 33. ეგრეცა ყოველმანვე თქუენგანმან რომელმან არა იჯმნეს ყოვლისაგან მონაგებისა თჳსისა, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა. 34. კეთილ არს მარილი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა დაიმარილოს? 35. არცა ქუეყანასა, არცა სკორესა სარგებელ არს, არამედ გარე განდვან იგი. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ესმოდენ!
1. და იყვნეს ყოველნი მეზუერენი და ცოდვილნი მახლობელად მისა და ისმენდეს მისსა. 2. და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი და იტყოდეს, ვითარმედ: ესე ცოდვილთა შეიწყნარებს და მათ თანა ჭამს და სუამს. 3. და ეტყოდა მათ იგავსა ამას და ჰრქუა: 4. ვის თქუენგანსა კაცსა ედგას ასი ცხოვარი და წარუწყმდეს მას ერთი მათგანი, არა-მე დაუტევნესა ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი უდაბნოსა ზედა და წარვიდეს წარწყმედულისა მისთჳს, ვიდრემდე პოოს იგი? 5. და პოოს რაჲ, დაისუას იგი მჴართა თჳსთა ზედა სიხარულით; 6. და მო-რაჲ-ვიდეს იგი სახედ თჳსა, მოუწოდოს მეგობართა და მოძმეთა და ჰრქუას მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე ცხოვარი ჩემი წარწყმედული. 7. გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათჳს ცოდვილისა, რომელმან შეინანოს, ვიდრეღა არა ოთხმეოც და ათცხრამეტთა მათ მართალთა, რომელთა არა უჴმს სინანული. 8. გინა დედაკაცსა, რომელსა აქუნდა დრაქმაჲ ათი და წარწყმიდის ერთი, არა-მე აღანთისა სანთელი და მოჰმართის სახლი და ეძიებნ გულს-მოდგინედ, ვიდრემდე პოოს იგი? 9. და პოოს რაჲ, მოუწოდის მეგობართა და მოძმეთა და ჰრქჳს მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე დრაქმაჲ იგი, რომელი წარვწყმიდე. 10. გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს.
11. მერმე იტყოდა და თქუა: კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე. 12. და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თჳსსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკჳდრებელისაჲ. და განუყო მათ საცხორებელი იგი. 13. და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხოვნდებოდა იგი არაწმიდებით. 14. და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა, და იწყო მან მოკლებად. 15. და მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თჳსა ძოვნად ღორთა. 16. და გული-ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, და არავინ სცის მას. 17. და მოეგო რაჲ თავსა თჳსსა, თქუა: რაოდენთა სასყიდლით-დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები. 18. აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა, 19. და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი. 20. და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას. 21. და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა. 22. ჰრქუა მამამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა და ჴამლნი ფერჴთა მისთა. 23. და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ, და ვჭამოთ და ვიხარებდეთ, 24. რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად. 25. და იყო ძე იგი მისი უხუცესი ველსა გარე. და ვითარცა მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა ჴმაჲ სიხარულისაჲ და განცხრომისაჲ. 26. და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმედ: რაჲ არს ესე? 27. ხოლო მან ჰრქუა მას, რამეთუ: ძმაჲ შენი მოსრულ არს, და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოვიდა იგი. 28. ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად. ხოლო მამაჲ მისი გამოვიდა ჰლოცვიდა მას. 29. და მან მიუგო და ჰრქუა მამასა თჳსსა: აჰა ესერა ესოდენნი წელნი გმონენ შენ და არასადა მცნებასა შენსა გარდავჰჴედ, და არასადა მომეც ერთი თიკანი, რაჲთამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე. 30. და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხორებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული. 31. ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს. 32. ხოლო აწ მხიარულებაჲ და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაჲ ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა.
1. და ეტყოდა მოწაფეთაცა: კაცი ვინმე იყო მდიდარი, რომელსა ესუა მნე. და ესე შეასმინეს მას, ვითარმედ განაბნია ნაყოფი მისი. 2. და მოუწოდა და ჰრქუა მას: რაჲ არს ესე, რომელ მესმის შენთჳს? მომეც მე სიტყუაჲ სამნოჲსა შენისაჲ, რამეთუ არღარა ჴელ-გეწიფების ამიერითგან მნეობად. 3. ხოლო მნემან მან თქუა გულსა თჳსსა: რაჲ ვყო, რამეთუ უფალი ჩემი მიმიღებს სამნოსა ჩემსა? საქმედ არა ძალ-მიც, თხოვად მრცხუენის. 4. უწყი, რაჲ ვყო, რაჲთა, რაჟამს გარდავდგე მნობისაგან, შემიწყნარონ მე სახლთა მათთა. 5. და მოუწოდა კაცად-კაცადსა, თანა-მდებსა უფლისა თჳსისასა და ჰრქუა პირველსა მას: რაოდენი თანა-გაც უფლისა ჩემისაჲ? 6. და მან თქუა: ასი საწნეხელი ზეთისაჲ. და ჰრქუა მას: მიიღე ჴელით-წერილი შენი და დაჯედ ადრე და დაწერე ერგასისი. 7. მერმე სხუასა ჰრქუა: შენ რაოდენი თანა-გაც? ხოლო მან თქუა: ასი სათოელი იფქლისაჲ. ჰრქუა მასცა: მიიღე ჴელით-წერილი შენი და დაწერე: ოთხმეოცი. 8. და აქო უფალმან მნე იგი სიცრუვისაჲ, რამეთუ გონიერად ყო. რამეთუ ძენი ამის სოფლისანი უგონიერეს არიან უფროჲს ძეთა ნათლისათა ნათესავსა შორის მათსა. 9. და მე გეტყჳ თქუენ: ისხენით თავისა თქუენისა მეგობარნი მამონაჲსა მისგან სიცრუვისა, რაჲთა, რაჟამს მოაკლდეთ თქუენ ამიერ, შეგიწყნარნენ თქუენ საუკუნეთა მათ საყოფელთა. 10. სარწმუნოჲ იგი მცირესა ზედა და მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს; და რომელი მცირესა ზედა ცრუ არს, მრავალსაცა ზედა ცრუ არს. 11. უკუეთუ სიცრუვისა ამას მამონასა სარწმუნო არა იქმნნეთ, ჭეშმარიტი იგი ვინ გარწმუნოს თქუენ? 12. და უკუეთუ სხჳსასა ამას სარწმუნო არა იქმნნეთ, თქუენი იგი ვინ მოგცეს თქუენ? 13. არავის მონასა ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და ერთი შეიყუაროს, და ანუ ერთისაჲ თავს-იდვას და ერთი შეურაცხ-ყოს. ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა. 14. ესმოდა ესე ყოველი ფარისეველთაცა, რამეთუ ვეცხლის-მოყუარე იყვნეს და შეურაცხ-ჰყოფდეს მას. 15. და ეტყოდა მათ: თქუენ ხართ, რომელნი განიმართლებთ თავსა თჳსთა წინაშე კაცთა, ხოლო ღმერთმან იცნის გულნი თქუენნი, რამეთუ კაცთა შორის მაღალი საძაგელ არს წინაშე ღმრთისა. 16. რამეთუ სჯული და წინაწარმეტყუელნი ვიდრე იოვანესამდე: მიერითგან სასუფეველი ღმრთისაჲ ეხარების, და ყოველივე მისა მიმართ იიძულების. 17. უადვილეს არს ცისა და ქუეყანისა წარსლვაჲ ვიდრეღა სჯულისა ერთი რქაჲ დავრდომად. 18. ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი და სხუაჲ შეირთოს, მან იმრუშა; და რომელმან განტევებული ქმრისაგან შეირთოს, მანცა იმრუშა. 19. კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ. 20. გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქუე ძურებოდა. 21. და გული-ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან, გარდამოცჳვნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა. არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ჰლოშნიდეს წყლულსა მას მისსა. 22. იყო სიკუდილი გლახაკისაჲ მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა. 23. და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ სატანჯველსა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა. 24. და მან ჴმა-ყო და თქუა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაჲთა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაჲ წყალსა და განმიგრილოს ენაჲ ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაჲთა. 25. ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები. 26. და ამას ყოველსა თანა შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს, რაჲთა რომელთა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქუენდა, ვერ ჴელ-ეწიფოს, არცა მაგიერ ჩუენდა წიაღმოსლვად. 27. ხოლო მან ჰრქუა: გლოცავ შენ, მამაო, მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა, 28. რამეთუ მისხენ ხუთნი ძმანი, რაჲთა აუწყოს მათ, და არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა. 29. ჰრქუა მას აბრაჰამ: ჰქონან მოსე და წინაჲსწარმეტუელნი, მათი ისმინედ. 30. ხოლო მან თქუა: არა, მამაო აბრაჰამ, არამედ უკუეთუ ვინმე მკუდრეთით აღდგეს და მივიდეს, მათ შეინანონ. 31. ჰრქუა მას აბრაჰამ: უკუეთუ მოსესი და წინაწარმეტყუელთაჲ არა ისმინონ, არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ.