სახარებაჲ მათეს თავისაჲ

15

1. მაშინ მოუხდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეტყოდეს: 2. რაჲსათჳს მოწაფენი შენნი გარდაჰვლენ მოძღურებასა ხუცესთასა? რამეთუ არა დაიბანნიან ჴელნი, რაჟამს პურსა ჭამედ. 3. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: და რაჲსათჳს თქუენცა გარდახუალთ მცნებასა ღმრთისასა მოძღურებითა თქუენითა? 4. რამეთუ ღმერთმან თქუა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა; და რომელმან თქუას ბოროტი მამისათჳს გინა დედისა, სიკუდილით მოკუედინ. 5. ხოლო თქუენ სთქუთ: რომელმან თქუას მამასა თჳსსა გინა დედასა თჳსსა: ნიჭი, რომელი ჩემგან სარგებელ გეყო, 6. და არა პატივ-სცეს მამასა ანუ დედასა თჳსსა, ესევითართა დაუმტკიცებელ ჰყავთ მცნებაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა თქუენითა. 7. ორგულნო, კეთილად წინაწარმეტყუელებდა თქუენთჳს ესაია და თქუა: 8. მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან; 9. ამაოდ მმსახურებენ მე, რამეთუ ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა. 10. და მოუწოდა ერსა მას და ეტყოდა: ისმინეთ და გულისჴმა-ყავთ: 11. არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა. 12. მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უწყია, რამეთუ ფარისეველთა რაჲ ესმა სიტყუაჲ იგი, დაჰბრკოლდეს? 13. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ყოველი ნერგი, რომელი არა დანერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურას. 14. უტევენით ეგე, რამეთუ ბრმანი არიან და წინამძღუარნი ბრმათანი. ხოლო ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან. 15. მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავე ესე. 16. ხოლო იესუ ჰრქუა მას: თქუენცა უგულისჴმოვე ხართა? 17. და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი შევალს პირით, მუცლად შევალს და განსავალით განვალს? 18. ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს და იგი შეაგინებს კაცსა. 19. რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის-წამებანი, გმობანი. 20. ესენი არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა, ხოლო უბანელითა ჴელითა ჭამაჲ არა შეაგინებს კაცსა.

21. და წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა. 22. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს. 23. ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ. და მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ. 24. ჰრქუა მათ იესუ: არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. 25. ხოლო იგი მოუჴდა და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე! 26. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. 27. ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა. 28. მაშინ მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს. და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.

29. და წარვიდა მიერ იესუ და მოვიდა ზღჳს-კიდესა მას გალილეაჲსასა და აღვიდა მთასა და დაჯდა მუნ. 30. და მოუჴდა მას ერი მრავალი, რომელთა ჰყვა მათ თანა მკელობლები, ბრმები, ყრუნი, ქუეწარმძრომელნი და სხუანი მრავალნი თითო-სახეთაგან სენთა შეპყრობილნი. და დასხნეს იგინი ფერჴთა თანა მისთა, და განკურნნა იგინი, 31. ვიდრე უკჳრდაცა ერსა მას, ხედვიდეს რაჲ, ვითარ-იგი ყრუნი იტყოდეს, და მკელობელნი ვიდოდეს, და ღრეკილნი განიკურნებოდეს, და ბრმანი ხედვიდეს; და ადიდებდეს ღმერთსა ისრაჱლისასა. 32. ხოლო იესუ მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მეწყალის ერი ესე, რამეთუ აჰა ესერა სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმთაჲ არა მნებავს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა. 33. ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: ვინაჲ არს ჩუენდა უდაბნოსა ზედა პური ესოდენი, ვითარმცა განძღა ერი ესოდენი? 34. ჰრქუა მათ იესუ: რაოდენი პური გაქუს? ხოლო მათ ჰრქუეს მას: შჳდი პური და მცირედ თევზი. 35. და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა ზედა. 36. და მოიღო შჳდი იგი პური და თევზნი, ჰმადლობდა, განტეხა და მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას. 37. ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შჳდი სფჳრიდი სავსე. 38. ხოლო რომელთა-იგი ჭამეს, იყვნეს ოთხ ათას მამანი ხოლო, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა. 39. და განუტევა ერი იგი და აღვიდა იესუ ნავსა და მოვიდა საზღვართა მაგდალოჲსათა.

16

1. და მოუჴდეს მას ფარისეველნი და სადუკეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს, რაჲთა სასწაული ზეცით უჩუენოს მათ. 2. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: შე-რაჲ-მწუხრდის, სთქუთ: ყუდრო იყოს, რამეთუ წითს ცაჲ. 3. და განთიად სთქუთ: ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცაჲ. ორგულნო, პირი სამე ცისაჲ იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ გიცნობიეს გულისჴმის-ყოფად. 4. ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაწარმეტყუელისაჲ. და დაუტევნა იგინი და წარვიდა.

5. და მო-რაჲ-ვიდეს მოწაფენი მისნი მიერ წიაღ, და დაავიწყდა მათ პური მიღებად. 6. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა. 7. ხოლო იგინი განიზრახვიდეს გულსა თჳსსა და იტყოდეს, ვითარმედ: პური არა მოვიღეთ. 8. გულისჴმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა, მცირედ-მორწმუნენო, რამეთუ პური არა მოიხუენით? 9. არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ ხუთთა მათ პურთაჲ და ხუთ ათასთაჲ მათ, და რაოდენი გოდორი აღიღეთ? 10. და არცა შჳდთა მათ პურთაჲ და ოთხ ათასთაჲ მათ, და რაოდენი სფჳრიდი აღიღეთ? 11. ვითარ არა გიცნობიეს, რამეთუ არა პურისათჳს გარქუ თქუენ: ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა? 12. მაშინ გულისჴმა-ყვეს, რამეთუ არა ჰრქუა მათ კრძალვაჲ ცომისაგან პურისა, არამედ მოძღურებისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა.

13. მო-რაჲ-ვიდა იესუ ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან კაცთა ძისა კაცისა ყოფად? 14. ხოლო მათ ჰრქუეს: რომელთამე იოვანე ნათლის-მცემელი, რომელთამე ელია და სხუათა იერემია გინა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი. 15. ხოლო მან ჰრქუა მათ: თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად? 16. მიუგო სიმონ-პეტრე და ჰრქუა მას: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ. 17. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიხცადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან. 18. და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. 19. და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა. 20. მაშინ ამცნო მოწაფეთა თჳსთა რაჲთა არავის უთხრან, ვითარმედ იგი არს იესუ ქრისტე.

21. მიერითგან იწყო იესუ უწყებად მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: ჯერ-არს მისა იერუსალჱმდ აღსლვაჲ და ფრიად ვნებაჲ მღდელთ-მოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა, და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად. 22. და მოუჴდა მას პეტრე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე. 23. ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედ ჩემგან, სატანა, საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა. 24. მაშინ ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე. 25. რამეთუ უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი. 26. რამეთუ რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თჳსისა? 27. რამეთუ მოსლვად არს ძჱ კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ. 28. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა.

17

1. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. 2. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი. 3. და აჰა ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანა-ზრახვიდეს. 4. მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. და, თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა. 5. და ვიდრეღა იგი ამას იტყოდა, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა მათ, და აჰა ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ. 6. და ესმა რაჲ ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და შეეშინა ფრიად. 7. და მოუჴდა მათ იესუ, შეახო ჴელი და ჰრქუა: აღდეგით და ნუ გეშინინ! 8. და აღ-რაჲ-იხილნეს თუალნი მათნი, არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მარტოჲ. 9. და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნო მათ იესუ და ჰრქუა: ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს. 10. და ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა და ეტყოდეს: ვითარ უკუე იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ალიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ? 11. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს პირველად და კუალად-აგოს ყოველი. 12. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რაოდენი უნდა. და ეგრეთვე ძესაცა კაცისასა ეგულების ვნებად მათგან. 13. მაშინ გულისჴმა-ყვეს მოწაფეთა, რამეთუ იოვანე ნათლისმცემელისათჳს ჰრქუა მათ.

14. და ვითარცა მოვიდეს იგინი ერისა მის, მოუჴდა მას კაცი ერთი, მუჴლნი დაიდგინა მის წინაშე და ეტყოდა: 15. უფალო, შეიწყალე ძე ჩემი, რამეთუ ცისად-ცისად ბოროტად იგუემების, რამეთუ მრავალ-გზის შთავარდის იგი ცეცხლსა და მრავალ-გზის წყალსა. 16. და მოვჰგუარე იგი მოწაფეთა შენთა, და ვერ შეუძლეს განკურნებად მისა. 17. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ ნათესავი ურწმუნო და გულარძნილი, ვიდრემდის ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდის თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა! 18. და ვითარცა მოგჰუარეს, შეჰრისხნა მას იესუ, და განვიდა მისგან ეშმაკი იგი. და განიკურნა ყრმაჲ იგი მიერ ჟამითგან. 19. მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი თჳსაგან და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს ჩუენ ვერ შეუძლეთ განჴდად მისა? 20. ხოლო იესუ ჰრუქა მათ: ურწმუნოებისა თქუენისათჳს. ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი, და მიიცვალოს, და არარაჲ შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ. 21. ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა.

22. და ვითარცა იქცეოდეს იგინი გალილეას, ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ეგულების ძესა კაცისასა მიცემად ჴელთა კაცთასა, 23. და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. ხოლო იგინი შეწუხნეს ფრიად.

24. და ვითარცა მოვიდეს იგინი კაპერნაუმდ, მოუჴდეს მას, რომელნი-იგი დიდრაქმასა შეჰკრებდეს, და ჰრქუა პეტრეს: მოძღუარმან თქუენმან არა მოგუცესა ხარკი? 25. ხოლო მას ჰრქუა: ჰე. და ვითარცა შევიდა იგი სახიდ, უსწრო მას იესუ და ჰრქუა: რასა ჰგონებ შენ, სიმონ: მეფენი ქუეყანისანი ვიეთგან მიიღებენ ხარკსა ანუ ზუერსა: შვილთაგან ანუ უცხოთაგან? 26. ჰრქუა მას პეტრე: უცხოთაგან. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აწ უკუე თავისუფალ სამე არიან შვილნი. 27. ხოლო რაჲთა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუად და შთააგდე სამჭედური, და რომელი პირველად აღმოჴდეს თევზი, აღიღე და აღუღე პირი მისი და ჰპოო მის შორის სტატირი, მოიღე იგი და მიეც მათ შენთჳს და ჩემთჳს.

18

1. მას ჟამსა შინა მოუჴდეს იესუს მოწაფენი და ეტყოდეს: ვინ-მე უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა? 2. და მოუწოდა იესუ ყრმასა და დაადგინა შორის მათსა 3. და ჰრქუა: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა. 4. რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ვითარცა ყრმაჲ ესე, იგი უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა. 5. და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაჲ ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს. 6. და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა. 7. ვაჲ სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური. 8. უკუეთუ ჴელი შენი ანუ ფერჴი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთენ იგი და განაგდენ შენგან: უმჯობეს არს შენდა შესლვაჲ ცხორებასა მკელობელისა გინა უჴელოჲსაჲ, ვიდრე ორნი ჴელნი და ორნი ფერჴნი თუ გესხნენ და შთაჰვარდე ცეცხლსა მას საუკუნესა. 9. და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან: უმჯობეს არს შენდა ერთ-თუალისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა თუალთა სხმასა და შთაგდებად გეჰენიასა ცეცხლისასა. 10. ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა. 11. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ ცხორებად წარწყმედულისა. 12. ვითარ ჰგონებთ თქუენ: კაცსა თუ ვისმე ედგას ასი ცხოვარი და შეცსთეს ერთი მათგანი, არამე დაუტევნესა და ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი მთათა ზედა და წარვიდეს და მოიძიოს შეცთომილი იგი? 13. და რაჟამს პოოს იგი, ამენ გეტყჳ თქუენ: უფროჲს უხაროდის მის ზედა, ვიდრე ოთხმეოცდა ათცხრამეტთა მათ, რომელნი არა შეცთომილ იყვნეს. 14. ესრეთ არა არს ნებაჲ მამისა თქუენისა ზეცათაჲსაჲ, რაჲთა წარწყმდეს ერთი მცირეთა ამათგანი. 15. ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაჲ იგი შენი. 16. ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ, რაჲთა პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ. 17. ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკუეთუ კრებულისაჲცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი. 18. ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჰჴსნათ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა. 19. კუალად ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათჳსვე საქმისა, რომელიცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაჲსა. 20. რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა.

21. მაშინ მოუჴდა მას პეტრე და ჰრქუა: უფალო, რაოდენ-გზის შემცოდოს ძმამან ჩემმან, და მიუტეო მას? ვიდრე შჳდ-გზისამდეა? 22. ჰრქუა მას იესუ: არ გეტყჳ შენ ვიდრე შჳდ-გზისამდე, არამედ ვიდრე სამეოც და ათ შჳდ-გზის. 23. ამისთჳს ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყჳსა განგებაჲ მონათა თჳსთა თანა. 24. და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანა-მდები ბევრისა ტალანტისაჲ. 25. და ვითარ არარაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდაჲ ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა აქუნდა მას, და გარდაჴდად იგი. 26. დავარდა უკუე მონაჲ იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, უფალო, და ყოველივე მიგცე შენ. 27. შეეწყალა უფალსა მისსა მონაჲ იგი და განუტევა იგი და თანა-ნადებიცა იგი მიუტევა მას. 28. და ვითარცა გამოვიდა მიერ მონაჲ იგი, პოვა ერთი მის თანა მონაჲ, რომელსა თანა-ედვა მისი ასი დრაჰკანი; შეიპყრა იგი და შეაშთობდა მას და ეტყოდა: მომეც, რაჲცა-იგი თანა-გაც. 29. შეუვრდა მას მოყუასი იგი მისი და ევედრებოდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, და ყოველივე მიგცე შენ. 30. ხოლო მან არა ისმინა მისი, არამედ წარვიდა და შეაგდო იგი საპყრობილესა, ვიდრემდე მისცეს მას თანა-ნადები იგი. 31. ხოლო იხილეს რაჲ მის თანა მონათა მათ საქმე ესე, შეწუხნეს ფრიად; და მივიდეს და აუწყეს უფალსა მათსა ყოველივე იგი, რაჲცა იქმნა. 32. მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მოგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე. 33. არა ჯერ-იყო შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე შენ შენ თანა მონაჲ იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე? 34. და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიჴადოს ყოველი იგი თანა-ნადები მისი. 35. ეგრეთცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ, უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა ყოვლითა გულითა თქუენითა ცთომანი მათნი.

19

1. და იყო ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, წარვიდა გალილეაჲთ და მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ-იოდანესა. 2. და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი მუნ. 3. მაშინ მოუჴდეს მას ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა განტევებაჲ ცოლისა თჳსისაჲ ყოვლისათჳს ბრალისა? 4. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი? 5. და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, 6. ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც. აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს. 7. ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაჲსათჳს უკუე მოსე ამცნო წიგნი განტევებისაჲ მიცემად და განტევებად? 8. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ, რამეთუ: მოსე გულ-ფიცხელობისა თქუენისათჳს გიბრძანა განტევებაჲ ცოლთა თქუენთაჲ, ხოლო დასაბამსა არა ეგრე იყო. 9. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, იმრუშებს; და რომელმან განტევებული შეირთოს, იგიცა იმრუშებს. 10. ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: უკუეთუ ესოდენი ბრალი არს კაცისაჲ დედაკაცისა თანა, არა შეჰგავს ქორწინებაჲ. 11. ჰრქუა მათ იესუ: არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ეგე, არამედ რომელთადა მიცემულ არს. 12. რამეთუ არიან საჭურისნი, რომელნი მუცლითგან დედისა თჳსისაჲთ საჭურისნი იშვნეს; და არიან საჭურისნი, რომელნი კაცთაგან გამოისაჭურისნეს; და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა. რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ.

13. მაშინ მოჰგუარეს მას ყრმები, რაჲთამცა ჴელი დასდვა მათ ზედა და აკურთხნა იგინი, ხოლო მოწაფენი ჰრისხჳდეს მათ. 14. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ. 15. და დაასხნა მათ ზედა ჴელნი. და ვითარცა წარვიდა მიერ.

16. აჰა მო-ვინმე-უჴდა მას და ჰრქუა: მოძღვარო სახიერო, რაჲ კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ? 17. ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოჲ ღმერთი. ხოლო უკუეთუ გნებავს ცხორებასა შესლვაჲ, დაიმარხენ მცნებანი. 18. ჰრქუა მას: რომელნი? ხოლო იესუ ჰრქუა მას, ვითარმედ: არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო; 19. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. 20. ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან. რაჲღა მაკლს მე? 21. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე. 22. და ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე ჭაბუკსა მას, წარვიდა მწუხარე, რამეთუ იყო იგი მდიდარ ფრიად. 23. ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა. 24. და მერმე გეტყჳ თქუენ: უადვილეს არს აქლემი განსლვად ჴურელსა ნემისისა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა. 25. ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა მისთა, განუკჳრდებოდა ფრიად და იტყოდეს: და ვის-მე ჴელ-ეწიფების ცხოვნებად? 26. მიჰხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს. 27. მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: აჰა ესერა ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა? 28. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა. 29. და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამაჲ ანუ დედაჲ ანუ ცოლი ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათჳს, ას წილად მიიღოს და ცხორებაჲ საუკნოჲ დაიმკჳდროს. 30. ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკანა, და უკუანანი წინა.

20

1. რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. 2. და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. 3. და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად, 4. და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ. 5. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრეთვე. 6. ხოლო მათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად? 7. ხოლო მათ ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიიღოთ. 8. და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა უფალმან სავენაჴისამან ეზოჲს-მოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მუშაკთა მათ და მიეც მათ სასყიდელი; იწყე უკუანაჲსკნელთაგან, ვიდრე პირველთამდე. 9. მოვიდეს მეათერთმეტისა ჟამისანი იგი და მიიღეს თითოჲ დრაჰკანი. 10. მოვიდეს პირველისანიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ, და მიიღეს მათცა თითოჲ დრაჰკანი. 11. ხოლო მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს 12. და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყუენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხე. 13. ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არარას გავნებ შენ, ანუ არა ერთი დრაჰკანი აღგითქუ შენ? 14. მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მე მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ. 15. ანუ არა ჯერ-არსა ჩემდა, რაჲცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ. 16. ესრეთ იყვნენ წინანი უკანა, და უკანანი წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი რჩეულ.

17. და ვითარცა აღვიდოდა იესუ იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ: 18. აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილად. 19. და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ტანჯვად და ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს.

20. მაშინ მოუჴდა იესუს დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ ძეთა მისთა თანა, თაყუანის-სცემდა მას და ითხოვდა რასმე მისგან. 21. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: რაჲ გნებავს? ჰრქუა მას: თქუ, რაჲთა დასხდენ ორნი ესე ძენი ჩემნი ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა სასუფეველსა შენსა. 22. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა იცით რასა ითხოვთ. ძალ-გიცა შესუმად სასუმელი, რომელი მე მეგულების შესუმად, ანუ ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო ნათლის-ღებად? ხოლო მათ ჰრქუეს: ძალ-გჳც. 23. ჰრქუა მათ იესუ: სასუმელი სამე ჩემი შესუათ და ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ, ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთდა განმზადებულ არს მამისა მიერ ჩემისა. 24. ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათჳს. 25. ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და დიდ-დიდნი ჴელმწიფებენ მათ ზედა? 26. ხოლო თქუენ შორის არა ეგრეთ იყოს, არამედ რომელსა უნებს თქუენ შორის დიდ ყოფაჲ, იყავნ თქუენდა მსახურ; 27. და რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაჲ, იყოს იგი თქუენდა მონა. 28. ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთათჳს.

29. და ვითარცა გამოვიდოდეს იგინი იერიქოჲთ, მისდევდა მას ერი მრავალი. 30. და აჰა ესერა ორნი ბრმანი სხდეს გზასა ზედა. და ვითარცა ესმა, ვითარმედ იესუ წარმოვალს, ჴმობდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო! 31. ხოლო ერი იგი ჰრისხვიდა მათ, რაჲთა დადუმნენ. ხოლო იგინი უფროჲს ღაღადებდეს: შემიწყალენ ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო! 32. და დადგა იესუ, მოუწოდა მათ და ჰრქუა: რაჲ გნებავს, და გიყო თქუენ? 33. ჰრქუეს მას: უფალო, რაჲთა აღვიხილნეთ თუალნი ჩუენნი. 34. შეეწყალნეს იგინი იესუს და შეახო თუალთა მათთა, და მეყსეულად აღიხილნეს და შეუდგეს მას.

21

1. და ვითარცა მიეახლნეს იერუსალჱმდ და მოვიდეს ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა მას ზეთისხილთასა, მაშინ წარავლინნა იესუ ორნი მოწაფეთა მისთაგანნი 2. და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად ჰპოოთ ვირი დაბმული და კიცჳ მის თანა; აჰჴსენით და მომგუარეთ მე იგი. 3. და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲმე თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმან ეგე, და მეყსეულად მოავლინნეს იგინი. 4. ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: 5. არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა მშჳდი და ზე ზის იგი ვირსა და კიცუსა, ნაშობსა კარაულისასა. 6. ხოლო მოწაფენი იგი წარვიდეს და ყვეს ეგრეთ, ვითარცა უბრძანა მათ იესუ. 7. და მოჰგუარეს ვირი იგი და კიცჳ მის თანა და დაასხეს მას ზედა სამოსელი, და დაჯდა მას ზედა. 8. ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა. 9. და ერი იგი, რომელი წინა-უვიდოდა და რომელი უკანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა! 10. და ვითარცა შევიდა იგი იერუსალჱმდ, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს: ვინ არს ესე? 11. ხოლო ერი იგი ეტყოდა: ესე არს წინაწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ.

12. და შევიდა იესუ ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოასხა ყოველი იგი განმსყიდელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ დაამჴუა და დასასხდომლები იგი ტრედის-მოფარდულთაჲ მათ დაუქცია. 13. და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა. 14. და მოუჴდეს მას ბრმანი და მკელობელნი ტაძარსა მას შინა, და განკურნნა იგინი. 15. და ვითარცა იხილეს მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა, რომელ-იგი ქმნნა სასწაულნი, და ყრმები იგი, რომელ ღაღადებდეს ტაძარსა მას შინა და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა, 16. განრისხნეს და ჰრქუეს მას: გესმისა, რასა-ესე იტყჳან? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ჰე; არასადა აღმოგიკითხავსა, ვითარმედ: პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაამტკიცე ქებაჲ? 17. დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანიად და იქცეოდა მუნ.

18. და განთიად, მო-რაჲ-ვიდოდა ქალაქად, შეემშია. 19. და იხილა ლეღჳ ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაჲ პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ! და განჴმა ლეღჳ იგი მეყსეულად. 20. ვითარცა იხილეს მოწაფეთა მათ, დაუკჳრდა და იტყოდეს: ვითარ მეყსეულად განჴმა ლეღჳ იგი! 21. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და არა შეორგულდეთ, არა ხოლო ლეღჳსაჲ ამის ჰყოთ, არამედ ჰრქუათ-თუ მთასა ამას: აღიფხუერ ამიერ და შთავარდი ზღუასა! – იყოს ეგრე. 22. და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოდ თქუენ.

23. და მო-რაჲ-ვიდა იგი ტაძრად, მოუჴდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მოხუცებულნი ერისანი, ვითარ-იგი ასწავებდა ერსა, და ჰრქუეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე? 24. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუაჲ ერთი, რომელი უკუეთუ მითხრათ მე, მეცა გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას. 25. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ვინაჲ იყო: ზეცით ანუ კაცთაგან? ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ: ზეცით იყო, გურქუას ჩუენ: რაჲსათჳს უკუე არა გრწმენა მისი? 26. და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთავე ვითარცა წინაწარმეტყუელი უპყრიეს იოვანე. 27. და მიუგეს იესუს და ჰრქუეს: არა უწყით. ჰრქუა მათ მანცა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას. 28. აწ ვითარ ჰგონებთ თქუენ? კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე; მოვიდა პირველისა მის და ჰრქუა: შვილო, წარვედ დღეს და იქმოდე ვენაჴსა ჩემსა. 29. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: არა მნებავს. ხოლო უკუანაჲსკნელ შეინანა და წარვიდა. 30. და მოუჴდა მეორესა მას და ჰრქუა ეგრეთვე. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: წარვიდე, უფალო; და არა წარვიდა. 31. ვინ ორთა ამათგანმან ყო ნებაჲ მამისა თჳსისაჲ? ჰრქუეს მას: პირველმან მან. ჰრქუა მათ იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მეზუერენი და მეძავნი წინა-გიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა. 32. რამეთუ მოვიდა თქუენდა იოვანე გზითა სიმართლისაჲთა, და არა გრწმენა მისი, ხოლო მეზუერეთა და მეძავთა ჰრწმენა მისი; ხოლო თქუენ იხილეთ და არა შეინანეთ უკუანაჲსკნელ, რაჲთამცა გრწმენა მისი.

33. სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა. 34. და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაჲ, მოავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა. 35. და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყჳდეს და რომელთამე ქვაჲ დაჰკრიბეს. 36. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა, და მათცა ეგრეთვე უყვეს. 37. ხოლო უკუანაჲსკნელ მიუვლინა მათ ძე თჳსი და თქუა: შე-ხოლო თუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა. 38. ხოლო ქუეყანის მოქმედთა მათ ვითარცა იხილეს ძე იგი მისი, და თქუეს გულსა მათსა: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი. 39. და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე სავენახისა მის და მოკლეს. 40. რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი სავენაჴისაჲ მის, რაჲ-მე უყოს ქუეყანის-მოქმედთა მათ? 41. ჰრქუეს მას: ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა ქუეყანის-მოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თჳსსა. 42. ჰრქუა მათ იესუ არასადა აღმოგიკითხავსა წიგნთა შინა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა. უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა. 43. ამისთჳს გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა. 44. და რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი. 45. და ესმნეს რაჲ მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა იგავნი ესე მისნი, ცნეს, რამეთუ მათთჳს თქუნა. 46. და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა მისგან, რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელი აქუნდა მათ იგი.