წიგნი პირველისა სამოელისი, რომელსა ჩუენ პირველსა მეფეთასა უწოდთ

1

1. იყო კაცი ერთი არმათემს სიფასისასა, მთათაგან ეფრემისთა, სახელი მისი ელკანა, ძე ერემელისა, ძისა ელისი, ძისა თოკესი, ნასეფსა საზღუართა მათ ეფრემისთა.

2. და ესხნეს მას ორ ცოლ და სახელი ერქვა ერთსა მას ანნა და მეორეს - ფენნა. და ესხნეს ფენნას ყრმები, ხოლო ანნას არა ესვა.

3. და აღვიდის კაცი იგი დღითი დღე ქალაქით თჳსით არმათემით წესისაებრ თაყუანის-ცემად უფლისა ღმრთისა ძალთასა და მსხუერპლის შეწირვად სელომს შინა. და მუნ იყო ელი და ორნი იგი ძენი მისნი: ოფნი და ფინეზ, მღდელნი იგი უფლისანი.

4. და ვითარცა მოვიდა დღე შეწირვისა მათისა, შეწირა ელკანა და სცა ფენნას, ცოლსა თჳსსა, და ძეთა თჳსთა და ასულთა თჳსთა ნაწილები.

5. ხოლო ანნას მისცა ერთი ნაწილი, რამეთუ არა ესვა შვილი, და უყუარდა ელკანას ანნა უფროს ფენნაჲსა ამისთჳს, რამეთუ უფალმან დაჴშა საშო მისი,

6. რამეთუ არა ესვა მას შვილი და გულისსიტყუათა გულისა მისისათა იურვოდა იგი ამისთჳს, რამეთუ ბრძანა უფალმან დაჴშვა საშოსა მისისა და არა მოსცა შვილი.

7. ესრე ყვის წლითი წლად აღსლვასა მისსა ტაძარსა მას უფლისასა, წუხნ და ტირნ და არა რას სჭამნ.

8. და ჰრქუა მას ელკანა, ქმარმან მისმან, ანნას. და ჰრქუა მას: აჰა, აქა ვარ, უფალო! ჰრქუა მას ელკანა: რა არს, რამეთუ სტირ და არა სჭამ და განიკაფები? მე არა უმჯობეს ვარა შენთჳს ვიდრეღა ათთა შვილთასა?

9. და აღდგა ანნა შემდგომად პურის ჭამისა მათისა სელომს შინა, წარდგა წინაშე უფლისა და ელი, მღდელი უფლისა, ჯდა საყდართა ზღურბლთა ზედა ტაძრისა მის უფლისათა.

10. და ანნა ურვითა გულისათა ილოცვიდა უფლისა მიმართ ტირილითა და იტყოდა:

11. უფალო ღმერთო, უკუეთუ ხილვით მომხედო მწუხარებასა ამას მჴევლისა შენისასა და მცე მე მკჳდრი მამაკაცი, განგიკუთნო იგი წინაშე შენსა მსახურ აღთქუმისად დღედმდე სიკუდილისა მისისა, ღვინო და მთრვალობისა გემო ვერა იხილოს, მახჳლი ვარსამით არა აღვიდეს თავსა მისსა.

12. და რაჟამს განაგრძო ანნა თაყუანის-ცემა წინაშე უფლისა და ელი მღდელი არა უტევებდა მას სიტყუად, ხოლო იგი ეტყოდა გულსა თჳსსა.

13. და ბაგენი მისნი იძრვოდეს ოდენ, ხოლო ჴმაჲ მისი არა ისმოდა, შეესმა მისი უფალსა და ელის მთურალობა ეგონა.

14. ჰრქუა მას ყრმამან ერთმან ელისმან: გთროდის ხოლო? არამედ მირიდე პირისაგან უფლისა და განაქარვე ღჳნო ეგე.

15. მიუგო ანნა და ჰრქუა: არა ეგრე არს, უფალო, არამედ მე დედაკაცი ვარ ურვილი გულითა, რამეთუ ღჳნისა და მთურალობისა გემო ვერა მიხილავს, არამედ განვფენ წინაშე უფლისა ლოცვათა ჩემთა.

16. ხოლო შენ ნუ ეგრე გგონიეს მჴევალი ესე შენი, არამედ დედაკაცი ერთი ასულთაგანი სურსუტთა, რამეთუ სიმრავლითა ურვათა ჩემთათა ვიტყოდე აქამომდე.

17. მიუგო ელი და ჰრქუა მას: გუალე, ვიდოდე შენ მშჳდობით! ღმერთმან ისრაჱლისამან მოგეცინ შენ ყოველი თხოვა გულისა შენისა, რაჲცა ითხოო მისგან.

18. და თქუა ანნა: აწღა ვპოე მადლი წინაშე შენსა მჴევალმან შენმან! და წარვიდა ანნა გზასა თჳსსა სიხარულით და შევიდა იგი სახლად თჳსსა, ჭამა და სვა ქმრისა თჳსისა თანა, და პირი მისი არღარა მწუხარე იყო.

19. აღიმსთვეს განთიად თაყუანის-ცემად უფლისა და შეუდგეს გზასა თჳსსა არმათემად და შევიდა ელკანა ცოლისა თჳსისა ანნას თანა, რამეთუ მოიჴსენა იგი უფალმან და მიუდგა.

20. და ჟამსა თჳსსა შვა ძე და უწოდეს სახელი მისი სამოველ, რამეთუ თქუა: უფლისაგან ღმრთისა ძალთასა ვითხოვე ესე.

21. და აღვიდა კაცი იგი ელკანა და ყოველი სახლი მისი შეწირვად მსხუერპლისა სელომსა შინა წესთა მათ ჩუეულებისა მათისათა აღნათქვემთა თჳსთა და ყოველთა ათეულთა ქუეყანისა მისისა შეწირვად, ხოლო ანნა არა აღვიდა მის თანა, რამეთუ ჰრქუა ქმარსა თჳსსა, ვითარმედ მე არა აღვიდე ვიდრე განყენებადმდე ყრმისა ამის ძუძუსაგან, და მაშინ წარვადგინო იგი წინაშე უფლისა და ჯდეს მუნ უკუნისამდე ჟამთა.

23. და ჰრქუა მას ელკანა, ქმარმან მისმან: ეგრე ყავ, რაჲცა სათნო-გიჩნს; ჯედ, ვიდრემდე განაყენო იგი ძუძუსა; ხოლო აღასრულენ უფალმან ყოველი თხოვა შენი! და დაჯდა დედაკაცი იგი და პოხდა ყრმასა მას ვიდრე განყენებადმდე ძუძუსა.

24. და შემდგომად მისა აღვიდა იგი სელომად და თანაწარიბა მან ზვარაკი ერთი სმნიერი და პური და გრივი ერთი სამინდო და საწდითა ღჳნო და შევიდეს ტაძარსა მას უფლისასა სელომს და ყრმაცა იგი მათ თანა.

25. და წარუდგინეს წინაშე უფლისა და დაკლა მამამან მისმან ზვარაკი იგი და შესწირეს მსხუერპლი უფლისა წესისაებრ პირველისა, რომელ შესწირიან წინაშე უფლისა და წარუდგინეს ყრმა იგი უფალსა, და რამეთუ დაიკლა ზვარაკი იგი ცხოვრებად ყრმისა მისთჳს.

26. და მიიყვანა დედამან მისმან ყრმა იგი ელი მღდელისა და ჰრქუა: გევედრები, უფალო ჩემო, ცხოველ არს სული შენი; მე ვარ დედაკაცი იგი, რომელი წარმოდგომილ ვიყავ შენ წინაშე

27. შეწირვად ლოცვათა ჩემთა უფლისა მიმართ, რამეთუ ვილოცევდი ყრმისა ამისთჳს. და მომცა მე უფალმან თხოვა იგი ჩემი, რომელი ვითხოვე მისგან.

28. აჰა ესერა, დგეს ესე წინაშე უფლისა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა მსახურებად უფლისა და თაყუანი-სცეს უფალსა! და ილოცა ანნა და თქუა:

2

1. განძლიერდა გული ჩემი უფლისა მიმართ, და ამაღლდა რქა ჩემი ღმრთისა მიმართ, მაცხოვარისა ჩემისა: განვრცნა პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; განვიხარე მე მაცხოვარებითა შენითა!

2. რამეთუ არა ვინ არს წმიდა, ვითარ შენ, უფალი, და არა ვინ არს მართალ ღმრთისა ჩუენისაებრ! და არა ვინ არს წმიდა შენსა გარეშე.

3. ნუ იქადინ, ნუცა იტყჳნ მაღალსა გარდარეულად, ნუცა აღმოვალნ მდიდრად სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა! რამეთუ ღმერთი არს მეცნიერებათა უფალი და ღმერთმან განამზადნეს საქმენი თჳსნი.

4. მშჳლდები ძლიერთა მოუძლურდა, და უძლურნი შეიმოსნეს ძალითა.

5. შვებულთა პური მოაკლდა და მშიერთა დაიპყრეს ქუეყანა; რამეთუ ბერწსა მას ესხნეს შჳდ შვილ და შვილმრავალი იგი მოუძლურდა!

6. უფალმან მოაკუდინის და აცხოვნის; შთააგდის ჯოჯოხეთად და აღმოიყვანის!

7. უფალმან დააგლახაკის და განამდიდრის, დაამდაბლის და აღამაღლის!

8. აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი, რათა დასვას იგი ძლიერთა თანა ერისა მისისათა და საყდარნი დიდებისანი დაუმკჳდრნეს მას;

9. მოანიჭის თხოვა მლოცველთა მისთა და აკურთხნის წელიწადნი მართლისანი, რამეთუ არა არს სიმტკიცე ძლიერებაჲ კაცისა. უფალმან უძლურ-ყვნის მჴდომნი თჳსნი. უფალი წმიდა არს! (ნუ იქადინ ბრძენი სიბრძნითა თჳსითა, ნუცა იქადინ ძლიერი ძალითა თჳსითა, ნუცა იქადინ მდიდარი სიმდიდრითა თჳსითა, არამედ ამას ზედა იქადოდენ, რომელი-იგი იქადოდის გულისჴმის-ყოფასა და ცნობასა უფლისასა ყოფად სასჯელი სიმართლისა ქუეყანასა ზედა).

10. უფალი ამაღლდა ცათა შინა და იქუხა, თავადმან განსაჯნეს კიდენი ქუეყანისანი სიმართლითა თჳსითა, მოსცეს ძალი მეუფესა ჩუენსა და აღიმაღლოს უფალმან რქა ცხებულისა თჳსისა!

11. და დაუტევეს ყრმა იგი სამოველ სელომს წინაშე უფლისა და თაყუანი-სცეს უფალსა და წარვიდეს არმათემად სახიდ თჳსად; და ყრმა იგი სამოველ აღორძნდებოდა და მსახურებდა უფალსა წინაშე ელი მღდელისა.

12. და ძენი იგი ელისნი, ნაშობნი უძღებნი და უსჯულონი, რომელთა არა გულისჴმა-ყვეს შიში უფლისა,

13. და არცა წესი იგი მღდელობისა, ხოლო წესი იგი შესაწირავთა მათ ერისა მღდელისაგან იყო შეწირვად. მაშინ მოვიდა ყრმა ერთი მღდელისა აღმოღებად ჴორცისა მის და ჴელთა მისთა აქუნდა ფუცხვი სამპირი.

14. და შთაყვის იგი სიავსა შიგან, ქოთანსა, გინა ქვაბსა და, პირველად რაჲცა მოემთხჳვის ფუცხუსა მას, იგიცა წარიღის ნაწილად მღდელისა მის. და ესე სახედ უყოფდეს ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი მოვიდიან შეწირვად მსხუერპლისა უფლისა მიმართ სელომად.

15. და ვიდრე არღა უკმევიედ ცმელი იგი წინაშე უფლისა, მოვიდის მსახური იგი მღდელისა და ჰრქუის კაცსა მას შემწირველსა, ვითარმედ: მომეც მე ჴორცი შესაწვავად მღდვლისათჳს, და არა მოვიღო მგბარი ქვაბთაგან.

16. მაშინ რქუა კაცმან მან, რომელი მოსრულ არნ შეწირვად მსხუერპლისა: პირველად შე-ღა-ვსწიროთ საკუმეველი და მსხუერპლი უფლისა, ვითარცა ჯერ-არს და მაშინ მიიღე ყოვლისაგან, რომლისათჳს გული უთქმიდეს სულსა შენსა. და ჰრქუას მან: არა, არამედ მომეც აწ, უკუეთუ არა, მოვიღო მძლავრ.

17. და იყო ცოდვა იგი ყრმათა მათ დიდ წინაშე უფლისა, რამეთუ შეურაცხ-ყოფდეს მსხუერპლსა უფლისასა.

18. და ყრმა იგი სამოველ იყო მსახურებად წინაშე უფლისა და ემოსა მას ევფუდ ბარი.

19. და ჩუდკეცი მცირე უქმნის მას დედამან მისმან და მიართვის მას ჟამითი ჟამად, რაჟამს იგი აღვალნ ქმარსა თჳსსა თანა შეწირვად მსხუერპლისა მათ დღეთასა.

20. და აკურთხა ელი ელკანა და ცოლი მისი და ჰრქუა: მოგეცინ შენ უფალმან თესლი ცოლისა მაგისგან შენისა ამის წილ თანანადებისა, რომელ-იგი მსახურეთ წინაშე უფლისა! და წარვიდა კაცი იგი ადგილად თჳსად.

21. და მიხედნა უფალმან ანნას, და შვა სამ ძე და სამ ასულ. და განდიდნა ყრმა იგი სამოელ წინაშე უფლისა.

22. და ელი მოხუცებულ იყო ფრიად და ესმოდა, რასა-იგი უყოფდეს ძენი მისნი ძეთა ისრაჱლისათა, და ვითარ-იგი დააძინებდეს დედათა აღთქუმულთა ბჭეთა თანა კარვისა საწამებელისათა.

23. და ჰრქუა მათ: რომლისათჳს ეგრე იქმთ სიტყჳსა ამისებრ, რომელი მესმის პირისაგან ერისა უფლისა?

24. ნუ ეგრე, შვილნო! არა კეთილ არს ამბავი ესე, რომელი მესმის თქუენთჳს; ნუ ეგრე ზამთ, ვითარმცა არა მონებთ ერსა უფლისასა.

25. უკუეთუ შეცოდებით შესცოდის კაცმან კაცისა მისთჳს უფლისა მიმართ, უკეთუ უფალსა შესცოდოს, ვინ ლოცვიდეს მისთჳს? და არა ისმენდეს ჴმასა მამისა მათისასა, რამეთუ ნეფსით უნდა უფალსა განრყუნა მათი.

26. და ყრმა იგი სამოველ ვიდოდა და განდიდნებოდა. და იყო იგი სათნო ღმრთისა და კაცთა.

27. და მოვიდა კაცი ღმრთისა ელისა და ჰრქუა: ამას იტყჳს უფალი: გამოცხადებით გამოვეცხადე სახლსა მამისა შენისასა, ვიდრე იყუნესღა იგინი ეგჳპტესა მონად ფარაოსა.

28. და გამოვირჩიე სახლი მამისა შენისა ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა ჩემდა მღდელად და აღსვლად საკურთხეველსა და აღღებად ევფუდისა. და მივეც სახლსა მამისა შენისასა ყოველი იფქლი ძეთა ისრაჱლისათა საჭმელად,

29. და რომლისათჳს მიხედეთ თქუენ საკურთხეველსა ჩემსა მსხუერპლსა ჩემსა ურცხჳნოთა თუალითა და ადიდენ ძენი შენნი უფროს ჩემსა, კურთხევად მათთჳს პირველად ყოველი ნაყოფი მსხუერპლთა სახლისა ისრაჱლისა?

30. ამისთჳს ამას იტყჳს ღმერთი ისრაჱლისა: ვთქუ, ვითარმედ: სახლი შენი და სახლი მამისა შენისა ვიდოდიან წინაშე ჩემსა უკუნისამდე. და აწ იტყჳს უფალი: ნუსადა იყოფინ, არამედ მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე და შეურაცხ-მყოფელნი ჩემნი შეურაცხ იქმნენ.

31. აჰა ესერა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, - და მოვსრა ნათესავი შენი და თესლი სახლისა მამისა შენისა, და არა იყოს მოხუცებული შენი ტაძარსა შინა ჩემსა.

32. და იხილოს მეყსა შინა განცჳფრებით ყოველივე კეთილი, რომელ ყოს უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან და არა იყოს მოხუცებული სახლსა შინა შენსა ყოველთა დღეთა.

33. ხოლო არა ავჴოცო შენგან კაცი საკურთხეველისაგან ჩემისა, რათა ეჴუებოდის თუალთა მისთა და დასდნებოდეს გული მისი, და ყოველი დაშთომილი სახლისა შენისა დაეცეს მახჳლითა კაცთათა.

34. და ესე იყავნ სასწაულად შენდა, რომელი მოიწიოს ორთა მათგან ძეთა შენთა: ერთსა შინა დღესა მოსწყდენ ოფნი და ფინეზ ერთბამად ორნივე.

35. და აღვადგინო ჩემდა მღდელი სარწმუნო, რომელმან ყოველივე გულისა ჩემისა და სულისა ჩემისა ყოს; და უშენო მას სახლი სარწმუნო; და ვიდოდის იგი წინაშე ცხებულისა ჩემისა ყოველთა დღეთა.

36. და იყოს, ყოველი ნეშტი სახლისა შენისა მოვიდოდის თაყუანის-ცემად მისა დანგითა ვეცხლისათა და ერთითა ჴუეზითა პურითა და რქუას: დამადგინე ერთსა ოდენ სამღდელოსა შენსა ჭამად პურისა.

3

1. და ყრმა იგი სამოველ იყო მსახურებად უფლისა წინაშე ელი მღდელისა და სიტყუაჲ უფლისა საძიებელ იყო მათ დღეთა შინა, რამეთუ არა იყო ჩუენებაჲ, არცა განცხადებაჲ წინასწარმეტყუელებათა.

2. და იყო მას დღესა შინა, ეძინა ელის ადგილსა თჳსსა და იწყეს თუალთა მისთა დამძიმებად და ვერ ხედვიდა

3. სანთელსა მას ღმრთისასა ვიდრე აღგებადმდე. სამოველს ეძინა ტაძარსა მას შინა უფლისასა, სადა-იგი დგა კიდობანი იგი ღმრთისა.

4. და უწოდა უფალმან სამოველს და ჰრქუა: სამოველ, სამოველ! მიუგო და რქვა სამოველ: აქა ვარ, უფალო.

5. და მირბიოდა სამოველ ელისა და ჰრქუა: რომლისათჳს მიწოდე მე? ჰრქუა მას ელიმ: არას გიწოდე შენ, მივედ და დაიძინე ადგილსავე შენსა, შვილო! და მივიდა სამოველ და დაიძინა ადგილსავე თჳსსა.

6. და შესძინა უფალმან წოდებად ყრმისა მის მეორედ და ჰრქუა: სამოველ, სამოველ! განჰკრთა სამოველ და მირბიოდა ელისაკე და ჰრქვა: რომლისათჳს მიწოდე მე? და რქუა მას ელიმ. არას გიწოდდი შენ, შვილო, მივედ და დაიძინე ადგილსავე თჳსსა.

7. და სამოველ არა უწყოდა, ვითარმედ უფლისა რამე განცხადებულებაჲ არს მისა მიმართ.

8. და შესძინა უფალმან წოდებად სამოველისა მესამედ, და აღდგა სამოველ და მირბოდა ელისაკე და ჰრქუა: აქა ვარ! რაჲსა მიწოდე მე? და გულისჴმა-ყო ელიმ, ვითარმედ უფალი უწოდდა მას.

9. და რქუა მას: მოვედ და დაიძინე ადგილსავე შენსა, შვილო! და უკუეთუ შესძინოს წოდებად შენდა, რქვა მას, ვითარმედ: ისმენს მონა შენი, იტყოდე, უფალო. და წარვიდა სამოველ და დაიძინა ადგილსავე თჳსსა.

10. და მოვიდა უფალი და დაადგა მას ზედა და უწოდა მას, ვითარცა-იგი პირველად და რქუა: სამოველ, სამოველ! მიუგო სამოველ და ჰრქუა: იტყოდენ უფალი, რამეთუ ესმის მონასა შენსა.

11. და ჰრქუა უფალმან სამოველს: აჰა ესერა, მე აღვასრულებ ყოველთა სიტყუათა ჩემთა ისრაჱლსა ზედა, რათა ყოველსა, რომელსა ესმეს, ოხრიდენ ორნივე ყურნი მისნი.

12. დღესა მას, რომელსა აღვადგინო, ელის ზედა დავდვა, რასაცა ვიტყოდე და ყოველსა სახლსა მისსა ზედა დავდვა, და აღვასრულო.

13. და უთხრა მას: რამეთუ მოვიგო შური სახლისა ჩემისა სახლსა მისსა ზედა უკუნისამდე ჟამთა უსჯულოებათათჳს ძეთა მისთასა, რამეთუ ძჳრსა იტყოდეს ღმრთისათჳს ძენი მისნი და არა განსწავლნა.

14. ხოლო მე არა ესრე აღვთქუა, ვითარმედ ულხინო უსჯულოებათა სახლისა მის ელისთა მსხუერპლითა მით და საკუმეველითა უკუნისამდე ჟამთა.

15. დაიძინა სამოველ მუნვე ვიდრე ცისკრადმდე და აღიმსთო განთიად და განახუნა კარნი იგი ტაძრისანი. და ვერ იკადრა სამოველ თხრობად ელისა ჩუენებაჲ იგი, რამეთუ ეშინოდა, რომელი იხილა მისთჳს.

16. მიუგო ელიმ სამოველს და ჰრქუა: შვილო! ხოლო მან რქუა მას: აქა ვარ!

17. რქუა მას ელი: მითხარ მე სიტყუაჲ იგი, რომელი იყო შენდა მომართ ამას ღამესა, და ნუ დამიმალავ მე ერთსაცა სიტყუასა! ესე რაჲმე გიყავნ შენ უფალმან და ესე დაგირთენ, უკუეთუ დამიმალო ერთიცა სიტყუაჲ.

18. მაშინ უთხრა მას სამოველ ყოველი იგი სიტყუაჲ, რომელსა ეტყოდა უფალი და არა დაუმალა ერთიცა სიტყუაჲ. და თქუა ელი: აღასრულენ უფალმან ყოველივე, რაჲცა სათნო-უჩნს, რამეთუ იგი მხოლო უფალ არს.

19. და განძლიერდა სამოველ და უფალი იყო მის თანა და არა დავარდებოდა ქუეყანასა ზედა ყოველთაგან სიტყუათა მისთა არცა ერთი სიტყუაჲ.

20. და სცნა ესე ყოველმან ისრაჱლმან დანითგან ვიდრე ბერსაბედამდე, ვითარმედ სარწმუნო არს სამოველ წინაწარმეტყუელად უფლისა.

21. აუწყა უფალმან სამოველს სელომს შინა, ოდეს გამოეცხადა უფალი სიტყჳსაებრ უფლისა. და სარწმუნო იყო სამოველ ყოველსა ზედა ისრაჱლსა კიდითგან ვიდრე კიდემდე ქუეყანისა. და ელი მოხუცებულ იყო ფრიად და ძენი მისნი ვიდოდეს გზასა უსჯულოებისათა წინაშე უფლისა.

4

1. და იყო მათ დღეთა შინა და შეკრბეს უცხოთესლნი იგი წყობად ისრაჱლისა. და ისრაიტელნი განემზადნეს ბრძოლად და ისრაიტელნი იგი მოვიდეს და დაიბანაკეს აბეზენერს. და უცხოთესლთა მათ დაიბანაკეს აფეკს.

2. და შეიქმნა ბრძოლა დიდი მათ შორის და ძლევასა მიეცა ისრაჱლი. და დაეცეს ბრძოლასა მას შინა უცხოთესლთა მათ მიერ ვითარ ოთხ ათას ოდენ მამაკაცი.

3. და სხვა ერი იგი ისრაჱლისა მეოტ იქმნა და შემოვიდა ბანაკსა თჳსსა. და ზრახვიდეს ურთიერთას მოხუცებულნი ისრაჱლისანი: რაჲსათჳსმე განგუწირნა უფალმან დღეს უცხოთესლთა თანა? აწ მოდით და გამოვიღოთ კიდობანი იგი სჯულისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა სელომით და წინაწარვიძღვანოთ იგი და ვსძლიოთ მტერთა ჩუენთა!

4. და მაშინ წარმოიღეს კიდობანი იგი სჯულისა უფლისა, და რამეთუ დგეს კიდობანსა მას ზედა ქერობინნი; და ორნი იგი ძენი ელისნი ოფან და ფინეზ მოვიდეს კიდობანსა მას თანა სჯულისასა.

5. და ვითარცა შეიღეს კიდობანი იგი სჯულისა უფლისა ბანაკად, იზახეს ისრაიტელთა მათ ჴმითა დიდითა, და ოხრიდა ქუეყანა იგი.

6. ესმა რაჲ ესე უცხოთესლთა, შეძრწუნდეს და იტყოდეს ურთიერთას: რაჲმე არს ჴმაჲ ესე ღაღადებისა ბანაკსა მას ებრაელთასა? და სცნეს ყოველთა, ვითარმედ კიდობანი იგი სჯულისა მოსრულ არს ბანაკსა მათსა.

7. და შეეშინა ფრიად და იტყოდეს ურთიერთას: ვაჲ ჩუენდა, ვაჲ ჩუენდა, რამეთუ ღმერთი იგი მათი მოსრულ არს შემწედ მათად! და იტყოდეს: უფალო, განმარინენ ჩუენ ჴელთაგან მათთა! რამეთუ არა იყო შორის მათსა გუშინ და ძოღან ჴმაჲ ესე საშინელი.

8. ვაჲ ჩუენდა, ვინ განმარინნეს ჩუენ ჴელთაგან ღმრთისა ძლიერებისათა? ესე იგი ღმერთი არს, რომელმან დასცა ქუეყანა იგი ეგჳპტისა, და გუემა უდაბნოსა შინა იგი!

9. მერმე იწყეს ნუგეშინის-ცემად ურთიერთას და თქუეს: განძლიერდით უცხოთესლნი ეგე. არა დავემორჩილნეთ ებრაელთა, ვითარცა იგინი ჩუენ გუმონებდეს, მჴნე იყვენით და ჰბრძოდით! და ნუგეშინის-იცეს უცხოთესლთა მათ.

10. და ბრძოლა-ყვეს, სძლიეს და ძლევასა მიეცა ისრაჱლი უცხოთესლთა მათ, და ივლტოდა ისრაჱლი ბანაკად თჳსა. და იყო დაცემა დიდი, დაეცა ისრაჱლისაგან ოცდაათი ათასი კაცი განწყობილი.

11. და წარიღეს კიდობანი იგი სჯულისა, და ორნი იგი ძენი ელისნი დაეცნეს მახჳლითა - ოფნი და ფინეზ.

12. და ივლტოდა კაცი ერთი იემინელი ბენიამენისა წყობისა მისგან ბრძოლისა. და მოვიდა სელომად მას დღესა კვართდაპებული და მიწაგარდასხმული თავსა ზედა.

13. და ელი ჯდა სავარძელსა ზედა მისსა და იხედვიდა გზად მიმართ, რამეთუ იურვოდა კიდობნისათჳს უფლისა. და მოვიდა კაცი იგი ქალაქად და შეიქმნა ღაღადებაჲ.

14. და ესმა ელის ჴმაჲ იგი და იკითხჳდა: რაჲ არს ღაღადებაჲ იგი? ამას ოდენ სიტყუასა ზედა მოვიდა კაცი იგი ელისსა და უთხრა ყოველივე, რაჲ-იგი იქმნა.

15. და ელი მოხუცებული იყო, რამეთუ იყო იგი ოთხმეოცდათურამეტ წლისა, და თუალნი მისნი დადგომილ იყუნეს, და ვერა ხედვიდა.

16. ჰკითხჳდა ელი კაცთა მათ და ჰრქუა: რა არს ჴმაჲ ესე ამბოხისა ამისი? რქუა მას კაცმან მან: მე ვარ, რომელი მოსულ ვარ ბანაკით ისრაიტელთათა ოტებული.

17. მიუგო ელიმ და ჰრქუა მას: რა იქმნა, შვილო? მან უთხრა მას: ძლევასა მიეცა ისრაჱლი უცხოთესლთა მათ, და მეოტ იქმნა ყოველი კაცი მებრძოლი და დაეცა სიკუდილითა მახჳლისათა, და ორნივე ძენი შენნი მოკლეს; და კიდობანი იგი სჯულისა სიწმიდისა წარიღეს.

18. და ელის რაჲ ესმა კიდობნისა მის ღმრთისა წაღებაჲ, ზეუკუნიჭრა სავარძელისაგან თჳსისა და დაეცა ზღურბლთა მათ ზედა მართლუკუნ და განიტეხა ზურგი და მოკუდა, რამეთუ მოხუცებულ იყო. და იგი სჯიდა ისრაჱლსა ოც წელ.

19. და ძისცოლი მისი, ცოლი ფინეზისი, მიდგომილ იყო შობად. და ესმა ჰამბავი ესე, ვითარმედ კიდობანი იგი მიუღებიესთ და მამამთილი მისი და ქმარი მისი მომკუდარ იყუნენ, ტიროდა და შვა. და მოიქცეს საშონი და მოკუდებოდა.

20. და ჟამსა მას სიკუდილისასა ჰრქუეს მას დედათა მათ, რომელნი მახლობელ იყუნეს: ნუ გეშინის, ძე შევ. ხოლო მან არა მიუგო, არცა ცნა, რამეთუ დასულებულ იყო.

21. და უჴმობდეს ყრმასა მას სახელით ბექაბოდ: კიდობანსა მას ზედა სჯულისასა მამამთილსა და ქმარსა მისსა ზედა, რამეთუ მომკუდარ იყო.

22. სიტყუად იწყეს და თქუეს: მიღებულ არს ჩუენდა დიდებაჲ ისრაჱლისა მიღებითა კიდობნისა ღმრთისათა.

5

1. და უცხოთესლთა წარიღეს კიდობანი იგი სჯულისა უფლისა, აბენეზერით აზოტად.

2. და შეიღეს სახლსა მას დაგონისასა, დადგეს იგი მახლობელად დაგონისასა.

3. და აღიმსთვეს აზოტელთა მათ და შევიდეს დაგონისა და იხილეს დაგონი, რამეთუ დაცემულ იყო და პირდაქცევით ქუეყანასა ზედა წინაშე კიდობნისა მის უფლისა. და აღადგინეს დაგონი და დადგეს ადგილსავე თჳსსა.

4. და მერმე ხვალისგან იხილეს დაგონი დაცემული პირდაქცევით წინაშე კიდობნისა მის ღმრთისასა და თავი დაგონისი და ორნივე ჴელნი და ბრჭალნი მისნი მოვრდომილ იყუნეს, გარნა გუამი ხოლო მისი დაშთომილ იყო ზღურბლთა ზედა.

5. და ამისთჳს მღდელთა მათ დაგონისათა და ყოველმან შემავალმან სახლსა მას დაგონისასა აზოტს შინა არა დაადგნის ფერჴნი ზღურბლთა ზედა, არამედ ბიჯებით გარდააბიჯიან ვიდრე მოაქაჟამამდე.

6. და დამძიმდა ჴელი უფლისა აზოტელთა ზედა და გვემნა იგინი სენითა საგურკველისათა. და განამრავლა მათ ზედა თაგვი და აღივსო სარწყულები მათი, ყანობირი და უბანნი მათნი თაგვითა და განმრავლდა სიკუდილი ქალაქთა ზედა მათთა.

7. და იხილეს რაჲ აზოტელთა მათ, რამეთუ ესე დღენი დაუდგეს, იტყოდეს ურთიერთას და თქუეს: არა ჯერ არს ჩუენ შორის ყოფნა კიდობნისა ამის ღმრთისა, რამეთუ განრისხნა ჩუენ ზედა და ღმერთსა ჩუენსა ზედა დაგონსა.

8. და მოუწოდეს მთავართა მათ უცხოთესლთა აზოტელთა მათ და ჰრქუეს: რაჲმე ვყოთ კიდობანი იგი ღმრთისა მის ისრაჱლისა? მიუგეს გეთეელთა მათ და რქუეს: მოგუეცით ჩუენ! და წარიღეს კიდობანი იგი ღმრთისა გეთეელთა.

9. და მისლვასა მას მათსა იყო ჴელი უფლისა ქალაქსა მას ზედა და შეძრწუნებაჲ დიდი ფრიად. და ტანჯნა კაცნი მის ქალაქისანი მცირითგან ვიდრე დიდადმდე და გვემნა იგინი საგურკუელითა მათითა. და იქმნეს გეთეელთა მათ საგურკველები ოქროსა.

10. და წარიღის კიდობანი იგი ღმრთისა ისრაჱლისა ასკალონდ, და ვითარცა მიიღეს კიდობანი იგი, ეტყოდეს ასკალონელნი იგი: რაჲსათჳს მოიღეთ კიდობანი ეგე აქავე მოსასრველად ჩუენდა და ერისა ჩუენისა?

11. და წარავლინეს და გამოჰკრიბეს ყოველი ჴრმლოსანი უცხოთესლთა მათ, რქუეს: წარიღეთ კიდობანი ეგე ღმრთისა ისრაჱლისა და მიიღეთ [თჳ]სისავე ადგილსა, რათა აღარა მოვისრნეთ ჩუენ და ერი ჩუენი, რამეთუ დაეცა შიში სიკუდილისა ქუეყანასა ჩუენსა, ვინათგან შემოვიდა კიდობანი ესე ღმრთისა ისრაჱლისა აქა.

12. რამეთუ ცოცხალნი და მკუდარნიცა ჩუენნი იგუემნესვე სენითა მით საგურკველისათა, და მიიწია სიტყუაჲ იგი ღაღადებისა ცადმდე.