1. და იყო თვესა ერთსა მას დღეთასა და მოვიდა ნაას ამმანიტელი და მოიცვა ერითა თჳსითა იაბისი გალადას. და ჰრქუეს კაცთა მათ იაბისელთა ნაას ამმანიტელსა: აღთქმა აღგჳთქუ და პაიმანი დადევ ჩუენ შორის და გმონებდეთ შენ.
2. მიუგო ნაას ამმანიტელმან და ჰრქუა: რა აღთქმა აღგითქუა თქუენ, გარნა თუ ესე აღმოღება თუალისა მარჯუენისა? და იგი იყოს აღთქუმად თქუენ ზედა და იყოს იგი საყუედრელად ისრაჱლსა შორის უკუნისამდე.
3. და ჰრქუეს მას კაცთა მათ იაბისელთა: დრო-გვეც ჩუენ შჳდ დღე ოდენ და მივავლინნეთ მოციქულნი ყოველთა საზღვართა ისრაჱლისათა. და თუ არა ვინ იყოს შემწე ჩემდა, გამოვიდეთ თქუენდა.
4. და მოვიდეს მოციქულნი იაბისანი ბორცუსა მას, სადა-იგი იყო საულ, და უთხრეს სიტყუაჲ ესე ყოველსა ერსა. და აღიმაღლეს ჴმაჲ თჳსი და ტიროდა და იურვოდა ყოველი იგი ერი.
5. და ხვალისაგან, ცისკარს ოდენ, მოიწია საულ, და მოესხნეს ჴარნი აგარაკით და თქუა: რა არს, ანუ რაჲსა სტირ? მაშინ უთხრეს მას ყოველი იგი სიტყუაჲ იაბისელთა.
6. და მოვიდა სული ღმრთისა საულსა ზედა და განრისხნა ფრიად სიტყჳთა მათთჳს.
7. და მოიბნა ორნი იგი ჴარნი და დაკლა და განყუნა იგინი ასოეულად და მიმოუძღუანა იგი ყოველსა ნათესავსა ისრაჱლისასა ჴელითა მოციქულთათა და თქუა: ღვაწლი ბრძოლისა მოწევნულ არს ჩუენ ზედა. აწ ყოველი კაცი, რომელი არა გამოვიდეს საულსა და სამოველს თანა ბრძოლად, შემდგომად საქმისა მის ამის მსგავსად დაჭრად არს ზროხა და ცხოვარი მისი! და დაეცა შიში დიდი ყოველსა ზედა ერსა ისრაჱლისასა უფლისა მიერ. და იზრახა ყოველმან ერმან, ვითარცა ერთითა პირითა.
8. და ახილვა-ყო მათდა ბეზეკსა შინა. ანდეზობით იყუნეს ვითარ ექუს ათას კაცი სახლისა მისგან ისრაჱლისანი, ხოლო სახლისა მის იუდასნი იყუნეს ვითარ სამეოცდაათი ათასი კაცი.
9. და ჰრქუა საულ მოციქულთა მათ, რომელნი-იგი მოსრულ იყუნეს: ესრეთ უთხართ კაცთა მათ იაბის გალადისათა, ვითარმედ: ხვალე ყოფად არს ცხორებაჲ თქუენი მოფენასა ოდენ მზისასა. და მოვიდნენ მოციქულნი იგი იაბის გალადისათა და უთხრეს სიტყუაჲ იგი ყოველსა კაცსა ქალაქისასა, და მათ განიხარეს ფრიად.
10. და ჰრქუეს იაბისელთა მათ ამანიტელსა: ხვალე გამოვიდეთ თქუენდა და ვყოთ, რაც სათნო-გიჩნდეს!
11. და ხვალისაგან მოვიდა საულ და განყო ერი იგი სამად გუნდად, და დაესხა ბანაკსა მას ძეთა ამონისათა ჟამსა ოდენ ცისკრისასა და მოსრეს ყოველი ბანაკი ძეთა ამონისათა ვიდრე მოფენადმდე მზისა; და ნეშტნი იგი მეოტად განიბნივნეს თჳთეულად და არა დარჩა არცა ორი ერთად.
12. მაშინ ჰრქვა ერმან მან სამოველისა: ვინ იყუნეს კაცნი იგი, რომელთა თქუეს, ვითარმედ: ნუ მეფობნ საულ ჩუენ ზედა? მოგუცენ ჩუენ კაცნი იგი და აწვე მოვსწყჳდნეთ!
13. მიუგო საულ და ჰრქუა: არა ვინ მოკუდეს აქა დღეს არცა ერთი კაცი, რამეთუ დღეს ყო უფალმან მაცხოვარებაჲ თჳსი ისრაჱლსა ზედა.
14. სიტყუად იწყო სამოველ ერისა მიმართ და თქუა: მოგუალე, შევიდეთ ჩუენ გალგალად და განვაახლოთ ჩუენ შარავანდობა ეგე მაგისი!
15. და მოვიდა ყოველი იგი ერი შეკრებული გალგალად. და მუნ სცხო სამოველ საულს მეფედ წინაშე უფლისა გალგალს და შესწირეს მუნ მსხუერპლი დასამშჳდებელად უფლისა. და იხარებდეს მუნ სამოველ და საულ და ყოველი იგი ერი ისრაჱლისა ფრიად.
1. მაშინ ჰრქუა სამოველ ერსა მას: აჰა ესერა, მე ვისმინე თქუენი, რომელი მითხართ მე და დავადგინე თქვენ ზედა მეფე, ვითარცა-იგი თქუენ ითხოვეთ.
2. აწ, ეგერა, მეფე თქუენი თქუენ წინაშე არს! და მე დაბერებულ ვარ და ძენი ჩემნი თქუენ შორის არიან სიყრმით მათითგან, და თქუენ თჳთ უწყით, რამეთუ თქუენ წინაშე დამაშურალ ვარ სიყრმითგან ვიდრე დღევანდელად დღედმდე.
3. აწ შემეწიენით მე წინაშე უფლისა და წინაშე ცხებულისა მისისა: და თუ მო-რა-ვის-ეღოს ჴბო, ანუ კარაული, ანუ მო-რაჲმე-მეხვეჭოს თქუენგანისა ვისიმე, ანუ თუ ვაჭირვე ვის რა, ანუ თუ ჴელთა ვისთა რა გამოვსტაცე, ანუ თუ სამოსელი, ანუ თუ საჴამლე, გინა თუ თუალნი სადამე განუტევენ თქუენ ზედა, შემწამეთ მე წინაშე უფლისა და ყოველივე მიგაგო თქუენ.
4. მიუგო ყოველმან ერმან სამოველს და ჰრქუა: არასადა არავის ჩუენგანსა აჭირვე, არცა მი-რა-გუხვეჭე და არცაღა მი-რა-ვის-გჳღე ჴელთაგან ჩუენთა არარა!
5. მიუგო სამოველ ერსა მას და ჰრქუა: მოწამე იყავნ უფალი თქუენ შორის და მოწამე იყავნ ცხებული მისი, რამეთუ არა ჰპოეთ ბოროტი ჩემ თანა! მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუა: ჰე, მოწამე იყავნ!
6. თქუა სამოველ ერისა მიმართ: მოწამე იყავნ უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან შექმნა მოსე და ჰარონ, რომელმან გამოიყვანნა მამანი ჩუენნი ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა.
7. აწ წარმომიდეგით და სამართალი ვაჩუენო თქუენთჳს წინაშე უფლისა და გითხრა თქუენ სამართალი უფლისა და ყოველი, რაჲ-იგი მიყო ჩუენ.
8. ჟამსა მას, რომელსა შევიდა იაკობ და ძენი მისნი ეგჳპტესა და ვითარ-იგი აჭირვებდეს მათ ეგჳპტელნი იგი, და მამანი იგი ჩუენნი ღაღადებდეს უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა. და მოავლინა უფალმან მოსე და ჰარონ და გამოიყვანნა მამანი იგი ჩუენნი ეგჳპტით და დაამკჳდრნა იგინი ადგილსა ამას.
9. ხოლო მათ დაივიწყეს უფალი ღმერთი მათი, და მისცა იგინი ჴელთა სისარასთა, მთავრისა მის ძლიერისა აბინაჲსა, მეფისა მის ასურთასა, და ჴელთა უცხოთესლთასა და მეფისა მის მოაბელთასა. და იგინი ავნებდეს მათ.
10. და მათ ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ და თქუეს: ვსცოდეთ წინაშე შენსა, უფალო, რამეთუ დაგიტევეთ შენ, უფალი ჩუენი, და ვმონებდით ჩუენ ბალიმსა და სერტყთა მათ ასტაროთისათა. აწ მიჴსნენ ჩუენ ჴელთაგან მტერთა ჩუენთასა და გმონებდეთ შენ.
11. და მოუვლინა უფალმან იორობთელი და ბარაკ და იეფთე და სამფსონ. და გიჴსნა თქუენ უფალმან ჴელთაგან მტერთა თქუენთასა, რომელნი გარემოს იყუნეს თქუენსა, და დაგამკჳდრნა თქუენ მშჳდობით და სასოებით.
12. ხოლო აწ, ვითარცა იხილეთ თქუენ, ვითარმედ ნაას ამანიტელი ზედა მოგვივიდოდა, მარქუთ მე, ვითარმედ: დაადგინე ჩუენ ზედა მეფე! არამედ უფალი ღმერთი ჩუენი არს მეფე ჩუენი.
13. და აწ, აჰა ეგერა, არს შარავანდოსანი იგი თქუენი, რომელ გამოირჩიეთ და მოითხოვეთ, რომელი მოგცა თქუენ უფალმან თქუენმან.
14. უკუეთუ გეშინოდის უფლისა, და მსახურებდეთ მას და დაემორჩილნეთ ბრძანებასა მისსა და არა მჴდომად აღუდგეთ სიტყუათა უფლისათა, და იყვნეთ თქუენ და მეფე თქუენი მორჩილ მცნებათა უფლისა თქუენისათა. და იგი იყოს მჴსნელი თქუენდა!
15. უკეთუ არა ისმინოთ ბრძანება უფლისა თქუენისა და მჴდომად აღუდგეთ მცნებათა მისთა, იყოს ჴელი უფლისა თქუენ ზედა და მეფეთა თქუენთა ზედა.
16. ხოლო აწ უფროსღა დაემტკიცენით და დაეწყნარენით დიდთა მათ სიტყუათა უფლისათა, რომელ ყოს უფალმან წინაშე თუალთა თქუენთა.
17. არამე იფქლისა მკა არს დღეს? და თუ გნებავს თქვენ, ვითხოოთ უფლისაგან, და მოგცეს თქუენ წჳმა მძაფრი სავსე ქუხილითა და გულისხმა-ყოთ, რამეთუ განძლიერდეს უკეთურებანი თქუენნი წინაშე უფლისა, რამეთუ ითხოვდით თქუენ მეფესა.
18. და ითხოვა სამოველ უფლისაგან. და მოსცა მას უფალმან წჳმა მძაფრი, სავსე ქუხილითა საშინელითა.
19. და შეეშინა ყოველსა ისრაჱლსა უფლისაგან ფრიად და სამოველისა; და რქუა ყოველმან ერმან სამოველს: ილოცე შენ უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა მონათა ამათ შენთათჳს, რათა არა მოვსწყდეთ დღეს, რამეთუ გარდავამეტეთ ჩუენ ცოდვათა ჩუენთა თხოვად თავისა ჩუენისა მეფე!
20. მიუგო სამოველ ერსა მას და რქუა: ნუ გეშინინ თქუენ! რამეთუ თქუენგან ღათუ იყოს უკეთურება ეგე, ხოლო თქუენ ნუვე გარდააქცევთ გზათა მათგან უფლისათა, არამედ მონებდით უფალსა ყოვლითა გულითა თქუენითა.
21. და ნუ შეუდგებით უნდოთა, რომელნი არა სარგებელ-გეყუნენ თქუენ და არცა გიჴსნნეს თქუენ, რამეთუ იგინი უნდო არიან!
22. ხოლო უფალმან არა განიშოროს ერი თჳსი სახელისა მისისათჳს დიდისა, რამეთუ შეგიწყნარნა თქვენ უფალმან და გამოგირჩივნა თქუენ ერად საზეპუროდ.
23. ხოლო ჩუენდა ნუ იყოფინ შეცოდება უფლისა, ანუ დაკლებად თქუენდა უფლისა მიმართ ლოცვათა ჩემთა და უწყებად თქუენდა გზა იგი სიმართლისა და სიწრფოებისა!
24. ხოლო თქუენ გეშინოდესვე უფლისა და მონებდეთ მას ჭეშმარიტებითა ყოვლითა გულითა თქუენითა, რამეთუ გიხილავს, ვითარ განადიდა უფალმან ყოფა მისი ჩუენ თანა.
25. უკუეთუ ბოროტსა იქმოდით თქუენ და შარავანდოსანი თქუენი, წარსწყმდეთ.
1. შვილი იყო საულ წელიწადისა ერთისა, ვინათგან დაჯდა იგი მეფედ და მეორესა წელსა მეფობისა მისისასა ისრაჱლსა ზედა.
2. გამოირჩია საულ თავისა თჳსისათჳს სამ ათასი მამაკაცი ძეთა ისრაჱლისათა, ორი ათასი იგი საულისა თანა იყო მაქმასს მთასა მას ბეთელისასა, და ხოლო ათასი იგი ყო ნათანისა თანა ბორცუსა მას გაბაონსა ბენიამენისსა. და სხუასა მას ერსა განუჯმნა თჳთეულად სოფლად თჳსა.
3. და ამისა შემდგომად მოსწყჳდა იონათამ ერი იგი განდგომილი ფილისტიმელთა, რომელი იყო ბორცუსა მას. და ესე მიესმა უცხოთესლთა მათ და უბრძანა საულ ნესტვისა დაბერვა ყოვლისა მიმართ სოფლისა და თქუა: უწყოდენ ყოველმან სოფელმან ებრაელთამან, ვითარმედ განდგეს მონანი იგი!
4. და სცნა ესე ყოველმან ისრაჱლმან, ვითარმედ მოსრა, მოსწყჳდა ყოველი იგი ერი უცხოთესლთა და დაწუნეს ისრაიტელთა მათ უცხოთესლნი იგი. და მოკრბა ყოველი იგი ერი საულს გალგალად.
5. და უცხოთესლნი იგი შეკრბეს და ბრძოლად მივიდეს ისრაჱლისა სამ ათასითა ეტლითა და ექუს ათასითა მჴედრითა. ხოლო სხუაჲ ერი ურიცხჳ იყო ვითარცა ქჳშა ზღჳსა კიდისა. და აღვიდეს იგინი და დაიბანაკეს მაქმასსა ზურგით კერძო ბეთორს.
6. და კაცთა მათ ისრაჱლისათა ვითარცა იხილეს, რამეთუ შემოაჭირვებდეს მათ უცხოთესლნი იგი, მოჰრიდეს და დაემალნეს ქვაბებსა და ნაპრალებსა კლდეთასა, ორმოებსა და ჯურღმულებსა წყლისასა.
7. რომელნიმე წიაღვიდოდეს იორდანეს ქუეყანად გადისა და გალადისა; საულ მუნვე იყო გალგალს, და ყოველნი ერნი განცჳვნეს მისგან.
8. და საულ დაშთა მარტო გალგალს, და დგა და ელოდა შჳდ დღე წამებასა მას ზედა სამოველისასა. და სამოველ არღა მოსულ იყო გალგალად. სიტყვად იწყო საულ და თქუა: სამოველ არა მოვიდა გალგალად და ერი ესე განიჭრა ჩემგან.
9. და თქუა საულ: აღმომგუარენით მე საკურთხებთაგან და შევსწირო მსხუერპლი დასამშჳდებელად და შესწირა მსხუერპლი.
10. და ვითარცა შე-ოდენ-სწირა მსხუერპლი იგი, მოვიდა სამოველ. გამოვიდა საულ შემთხუევად მისა, რათამცა აკურთხა იგი.
11. და ჰრქუა სამოველ: რა ჰყავ ეგე? მიუგო საულ და ჰრქუა: რაჟამს ვიხილე, რამეთუ ერი იგი განიჭრა ჩემგან და შენ დაგეყოვნა, და არა მოხვედ აღთქმისა მისებრ, რომელ სთქუ ჩემ თანა, და უცხოთესლნი იგი მოსრულ იყუნეს მაქმასად.
12. და მე ვთქუ: ნუუკუე ჩამო-ნუუკუე-ჴდენმეა უცხოთესლნი იგი გალგალად? და უფალი არა ვაშურო მე! არამედ განვიწმიდე თავი ჩემი და შევსწირე მსხუერპლი ესე.
13. მაშინ ჰრქუა სამოველ საულს: ცუდად იყო მსხუერპლი ეგე შენი, რამეთუ არა დაიცვენ მცნებანი ჩემნი, რომელნი მამცნო უფალმან, რათამცა განამტკიცა მეფობაჲ შენი ისრაჱლსა ზედა უკუნისამდე ჟამთა.
14. ხოლო აწ მეფობა ეგე არა დაადგრეს შენ თანა, არამედ მოიძიოს უფალმან კაცი, სათნო გულისა თჳსისა და დაადგინოს იგინი მთავრად ერსა თჳსსა ზედა, რამეთუ არა დაიმარხე მცნება იგი, რომელ გამცნო შენ უფალმან.
15. და წარვიდა სამოველ გალგალით გზასა თჳსსა (და ნეშტნი იგი ერისანი აღვიდეს საულის თანა შემთხუევად ერისა მის განწყობილისა). და ვითარცა მოვიდეს გალგალად ბორცუსა მას ბენიამენისასა, და ახილვა-ყო საულ ერისა მისთჳს, რომელნი-იგი მის თანა იყვნეს, და იპოვა მუნ ვითარ ექუსასი კაცი.
16. და საულ და იონათან, ძე მისი, და ერი იგი, რომელ მის თანა იყო გაბაონს ბენიამენისსა, და უცხოთესლთა მათ დაიბანაკეს მაქმასს.
17. და მჭკუერველი, რომელი გამოვიდოდა უცხოთესლთა მათ, სამად გუნდად განიყოფოდა: ერთი იგი გუნდი მსტუანვად გოფერით კერძო გზასა მას წყაროსასა სოგალიმით;
18. და ერთი იგი გუნდი წარმართებულ იყო გზასა მას ბეთორისასა, და მესამე იგი გუნდი მივიდოდა გაბაონად, და რომელი შთაიყვანების გაჲდ საბასსა, რომელ არს უდაბნოთ კერძო.
19. და მჭედელი რკინისამებრვე არა იპოებოდა მათ ჟამთა ქუეყანასა მას ისრაჱლისასა, რამეთუ ესრე თქჳან უცხოთესლთა მათ: ნუუკუე იქმოდიან ებრაელნი იგი ჰოროლსა, ჴრმალსა? და ურიდად მოვიდოდიან ქუეყანასა მას ჩუენსა.
20. არამედ შთავიდიან ისრაიტელნი იგი ქუეყანასა მას უცხოთესლთასა ჭედად თჳთეულად საქმრისა თჳსისა საჴმართა: საჴნისისა, მანგლისა, ცელისა, ცულისა, სასხლევისა, და ქმნიან იგი რეწვით სასყიდლით.
21. და ოდეს მკა გარდაჴდის, მაშინღა სასყიდელი მისციან სამი სასწორი საჴნისისათჳს ცულისა, და ცელისა, მანგლისა და სასხლევისა, და დეზიღა ზედა მოირთიან.
22. და დღეთა მათ შინა წყობისათა მაქმასს ყოვლადვე არა იყო მახჳლი, არცა ჴმალი და არცა ჰოროლი ჴელთა შინა მის ერისათა, რომელ-იგი იყვნეს საულის თანა და იონათანისა, ძისა მისისა, გარნა საულის თანა და იონათანის თანა, ძისა მისისა.
23. და გამოვიდეს ფილისტიმელნი და გუნდნი, რათა მაქმასა განვიდენ.
1. და იყო, დღესა ერთსა ჰრქუა იონათან, ძემან საულისამან, ნიჟორგალსა მას თჳსსა, რომელსა ჰქონდა მშჳლდ-კაპარჭი მისი: მოგვალე, წიაღვჴდეთ ბანაკსა მას წინადაუცვეთელთასა, რომელ არს პირისპირ ჩუენსა! და მამასა თჳსსა არა აუწყა.
2. და საულ ჯდა ბორცუსა მას ზედა ხესა ქუეშე ბროწეულსა მაგდოსს, და ექუსას ოდენ კაცი მის თანა.
3. და აქია, ძე აქიტობელისი, ძმისა იოაქებელისი, ძისა ფინეზისი, ძისა ელი მღდელთმოძღურისა მის ღმრთისა სელომისა, რომელსა აქუნდა სამკაული სამღდელო, და არცაღა ერმან მან უწყოდა წიაღსლვად იგი იონათანისი.
4. და აღსავალსა, რომელსა უმზირდა იონათან ფილისტიმელთა, დასხმად იყო ორ კონცხ კლდისა, ერთი იმიერ და ერთი ამიერ და სახელი ერთისა მის კონცხისა ბაზეთ და მეორისა მის სენაჰარ.
5. ერთი იგი კონცხი იყო ჩრდილოთ მაქმასით და ერთი იგი კონცხი იყო სამჴრით გაბაონით.
6. და ჰრქუა იონათან ნიჟორგალსა მას თჳსსა, რომელსა აქუნდა საჭურველი მისი: მოგვალე, წინაღვჴდეთ ბანაკსა მას წინადაუცვეთელთასა შეწევნითა ღმრთისა ჩუენისათა, რამეთუ ადვილ არს წინაშე ღმრთისა ჴსნა ჩუენი მტერთაგან ჩუენთა მცირითა, გინათუ დიდითა ერითა.
7. მაშინ ჰრქუა ნიჟორგალმან მან, რომელსა ჰქონდა საჭურველი მისი: მაშა, მალე ყავ, რაცა გნებავს! აჰა, ესერა, მე შენ თანა ვარ! ვითარცა შენი გული არს, ეგრეცა ჩემი! გვალე შენ!
8. და ჰრქუა იონათან: აჰა, ესერა, ჩუენ წიაღვჴდეთ და შევეპარებოდით მათ!
9. გურქუას თუ ვინმე ჩუენ მათგანმან: დადეგით წუთ მანდა, და გიხილნეთ, რაძი ვინ ხართ თქუენ! მაშა, ფერჴი დავიპყრათ.
10. უკუეთუ ესრე თქუან, ვითარმედ: წარმოგვალეთ! ჴსნილად მივიდეთ მათ ზედა, უწყოდეთ, რათა უფალსა განუწირვან იგინი ჴელთა მომართ ჩუენთა. და ესე სასწაული იყავნ ჩუენდა.
11. და შევიდეს ორნივე იგი ბანაკსა მას უცხოთესლთასა, სიტყუად იწყეს უცხოთესლთა მათ და თქუეს ებრაელთა იმათ: ვითარ გამოვლენან ჴურელებით მათით, სადა-იგი დამალულ იყუნეს?
12. და ჰრქუეს მიერ მომართ უცხოთესლთა მათ იონათანს: მოგვალეთ, წარმოიმართეთ და გიჩვენო თქუენ, რა-იგი ჯერ-იყოს თქუენდა უწყებად ჩუენგან. მაშინ ჰრქუა იონათან კაცსა მას, რომელსა ჰქონდა საჭურველი მისი: შემომიდეგ მე! აწ უწყი, რამეთუ უფალსა განუწირვან იგინი ჴელთა მომართ ჩუენთა.
13. და აღემართა იონათან ჴელთაგან და ფერჴთა მისთა და ნიჟორგალი იგი მის თანა. და შეეტევნეს მათ ზედა.
14. ვითარცა იხილეს უცხოთესლთა მათ იონათან ზედა მიმავალი მათდა, მოეგებოდეს მას. ხოლო პირველსა მას შერევასა ადგილობანს მოსწყჳდნა იონათან ოცი სპარაზენი, რომელსა-იგი ჰქონდა საჭურველი მისი, უმარჯვებდა მახჳლსა მისსა.
15. და შეიმუსრნეს, რომელნი წინაეტევებოდეს მას და ბანაკი იგი, და, რომელნი აღუდგებოდეს გარემოს, ყოველნი ერთბამად შეიმუსროდეს. და კაცსა გული ბრძოლად ვერ შეუვიდოდა. და შეშინდა ყოველი ქუეყანა, რამეთუ მოვიდა მათ ზედა შეძრწუნება უფლისა მიერ.
16. და იხილეს გუშაგთა მათ საულისათა, რომელნი იყვნეს გაბას ბენიამენისასა, აღტეხა იგი ბანაკისა მის უცხოთესლთასა, და აცნობეს ესე საულსაცა მეფესა, რამეთუ იგიცა მაღალსავე ზედა ჯდა და ხედვიდა აღტეხასა მას მათსა.
17. სიტყუად იწყო საულ და ჰრქუა ერსა მას, რომელი იგი მის თანა იყო: ძიებაღა ყავთ და იხილეთ, ნუთუ ჩუენგანი ვინმე წიაღსულ არს მუნ? და ვითარცა მოიხილეს, არა ჰპოეს იონათან და მემშჳლდკაპარჭე იგი მისი.
18. და ჰრქუა საულ აქიას, მღდელთმოძღუარსა მას: განიპყარ ევფუდი ეგე და იკითხე უფლისა მიერ! რამეთუ კიდობანი ღმრთისა იყო წინაშე ისრაჱლთა მას დღესა შინა.
19. და იყო, ვიდრე ეტყოდაღა საულ მღდელთმოძღუარსა მას, ამბოხი იგი უცხოთესლთა მათ უფროს და უფროს განძლიერდებოდა. და ჰრქუა საულ აქიას მღდელთმოძღუარსა: შემოკრიბენ ჴელნი შენნი და დააცადე კითხვა ევფუდისა მაგის.
20. და ამჴედრდა საულ და ყოველი ერი მის თანა და მივიდეს ადგილსა მას განსაწყობელსა. და უცხოთესლნი იგი შერეულ იყვნეს ერთიერთსა და კაცად-კაცადისა ჴმალი თავსა ზედა მოყუასისასა იყო. და შეიქმნა შემუსრვა დიდი ფრიად.
21. და მონანი იგი საულისანი, რომელ განქცეულ იყვნეს უცხოთესლთაგან, მოვიდეს და შეერთნეს მუნვე ერსა მას ისრაიტელთასა საულის თანა და იონათანის თანა.
22. და ყოველნი ისრაჱლთაგანი, რომელნი დამალულ იყუნეს მთასა მას ეფრემისსა, მოვიდეს და ჴელი შეყვეს საქმესა ბრძოლისასა მეოტთა მათ ზედა.
23. და იჴსნა უფალმან ისრაჱლი მას დღესა შინა ჴელთაგან უცხოთესლთასა.
24. და ისრაჱლი იყო საულის თანა ვითარ ათი ათასი კაცი. ხოლო ღუაწლი იგი ბრძოლისა მიმოდაფენილ იყო ყოველსა მათ ქალაქთა მთათა მათ ეფრემისათა. მას ჟამსა უგუნურად იყო საულ უმეცრებითა დიდითა, რამეთუ ფერჴი დაიპყრა და შესწყევა ერი იგი და ჰრქუა: წყეულ იყავნ ყოველი კაცი, რომელმან ჭამოს პური დღეს ვიდრე მწუხრადმდე, ვიდრემდის არა სრულიად ვიძიო შური მტერთა ჩემთა! და არავინ ჭამა პური მას დღესა.
25. და ყოველი ქუეყანა სადილსა შინა იშვებდა, და იყო მუნ მაღნარი ერთი და ფუტკარი ფრიად იყო.
26. და განვიდოდა მისა ყოველი ერი და ვერავინ იკადრა ჭამად თაფლისა მის, და დრტჳნვიდეს და არავინ მიაქცია ჴელი თჳსი პირით კერძო, რამეთუ ეშინოდა წყევისა მისგან.
27. და იონათან არა იცოდა წყევა იგი მამისა თჳსისა. ვითარცა მოვიდა იონათან ადგილსა მას თაფლოვანსა, მიყო ბუნი ოროლისა მისისა, დააწო გოლსა მას თაფლისასა და შესვა პირსა მისსა. და აღეხუნეს თუალნი მისნი და განძლიერდა.
28. მი-ვინმე-უგო ერთმან ერისაგანმან და ჰრქუა მას: ფიცით აფუცა მამამან შენმან ერი იგი და ჰრქუა, ვითარმედ: წყეულ იყავნ კაცი იგი, რომელმან ჭამოს პური დღეს მწუხრამდის! და აწ დაჴსნილ არს ყოველი კაცი.
29. და ვითარცა ესმა იონათანს სიტყუაჲ ესე, შეუძნდა და თქუა: წარწყმიდა მამამან ჩემმან ყოველი ქუეყანა, რამეთუ მცირედ ვიხილე გემო თაფლისა ამის და აღმეხუნეს თუალნი ჩემნი, განვძლიერდი.
30. აწ უკუე ერსა ამას თუმცა ეჭამა ნატყუენავისა მისგან მტერთასა, უმეტესიმცა ვნება შეამთხჳეს მტერთა მათ და უფროსიმცა ვნება შეიქმნა დღეს უცხოთესლთა მათ შორის,
31. ვიდრე მაქმასისა. და აწ, ესერა, ყოველნი დაჴსნილ, დამშეულ არნ შიმშილითა ერი ესე ფრიად.
32. მაშინ ვითარცა დააცადეს ბრძოლისგან, შეეურვა შიმშილითა, შეეტევა ყოველი იგი ერი ნატყუენავსა მას და აღჭრიდეს ცხოვარსა და ზროხასა, და დასწყვედდეს და ჭამდეს აღრეულად ჴორცსა სისხლითურთ.
33. მაშინ აუწყეს საულს, ვითარმედ შესცოდა ერმან მან უფალსა, რამეთუ ჭამეს ჴორცი სისხლითურთ. ვითარცა ესმა საულს ესე, შერისხნა ერსა მას და ჰრქუა: უსჯულო ვიქმნენით და ვსცოდეთ, აღმოაგორვეთ ჩემ ზედა ლოდი ერთი დიდი.
34. და თქუა საულ: განუცხადეთ ყოველსა ერსა და უთხართ მათ, რათა მოიყვანონ კაცად-კაცადმან ჩემ თანა ზროხა თჳსი და ცხოვარი, და დაჰკალთ ამას ზედა და სჭამდით! არა შესცოდოთ უფალსა სისხლიანითა მით ჭამითა. და ყოველმან ერმან თჳთეულმან ზროხანი მოიბნეს ჴელითა თჳსითა მიმწუხრი და დაკლნეს მუნ.
35. და აღაშენა მუნ საულ საკურთხეველი უფლისა. ესე პირველად აღაშენა საულ საკურთხეველი უფლისა.
36. მიუგო საულ ერსა მას და ჰრქუა: მოგვალე, გარდაუჴდეთ უცხოთესლთა მათ ამას ღამესა და აღვჭრნეთ იგინი ვიდრე განთიადმდე, და არა დაუტეოთ მათგანნი კაცნი! მიუგო ერმან მან და ჰრქუა: ყავ, რაჲცა, სათნო-გიჩნს წინაშე შენსა! მიუგო მღდელთმოძღუარმან მან და ჰრქუა: პირველად ვიკითხოღა უფლისაგან, ესრეთ გარდაუჴდეთ!
37. და წარდგა საულ კითხვად უფლისაგან და თქუა: მო-თუ-მცნე იგინი ჴელთა ჩემთა? და არა მიუგო მას უფალმან მაშინ.
38. და უბრძანა საულ ყოველსა ერსა შემოკრებად თესლად-თესლად წინაშე მისა და ჰრქვა მათ: იკითხეთ და მოიკითხეთ, ვისგან-ძი იყოს შეცოდება ესე დღეს?
39. რამეთუ ცხოველ არს უფალი, რომელმან იჴსნა ისრაჱლი. იონათანისგანღა თუ იყოს, ძისა ჩემისა, შეცოდება ესე, სიკუდილითვე მოვაკუდინო იგი! და ვერავინ იკადრა სიტყჳს-მიგებად მისა.
40. მაშინ ჰრქუა საულ ერსა მას: აწ თქუენ ყოველნი იქმენით ერთკერძო, დადეგით. და მე და იონათან, ძე ჩემი, ერთკერძო, და წილ-ვიგდოთ. ვისიცა იყოს, ვსცნათ! მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუა: რაჲცა სათნო არს შენს წინაშე, იგი ყავ!
41. და სიტყუად იწყო საულ უფლისა და თქუა: უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო! რაჲსაგან არს, რამეთუ არა მოუგე მონასა შენსა დღეს სიტყუაჲ? თუ ჩემგან არს, ანუ იონათანისგან, ძისა ჩემისა, უსჯულოებაჲ ესე? მაუწყე მე, უფალო, შენ მიერ, უკუეთუ ერისაგან არს? ლხინება-ყავ მათთჳსცა და დააგდეს წილი ერსა ზედა და უბრალო იპოვა ყოველი ერი.
42. და თქუა საულ: განაგდეთ ჩემ ზედა და იონათანს ზედა, და ვისგანცა იყოს, მოვკუდეთ! და მიუგო ყოველმან ერმან: ნუ იყოფინ სიტყუაჲ ეგე! და არა ერჩდა საულ. არამედ განაგდეს მის ზედა და იონათანისა, ძისა მისისა, და აღმოჰჴდა წილი იონათანსა ზედა.
43. მიუგო საულ იონათანს და ჰრქუა: მსწრაფლ მითხარ მე რა საქმე ჰქენ? მიუგო იონათან საულს და ჰრქუა: გემო ვიხილე ბუნითა ჰოროლისათა, რომელ არს ჴელთა ჩემთა, თაფლისა მისგან გოლისა, რამეთუ არა უწყოდე წყევა იგი შენი. და აწ, ესერა, მოვკუდები.
44. მიუგო საულ და ჰრქუა: ესე და ესე მიყავნ მე უფალმან, არა თუ მოგაკუდინო შენ!
45. მაშინ ჰრქუა ერმან მან საულს: ნუ იყოფინ ეგე, უფალო! რათამცა მოკუდა დღესა იონათან, რამეთუ მისგან იქმნა ცხორება შორის ისრაჱლისა. შენდობა იყავნ! ცხოველ არს უფალი, არა დავარდეს თმა ერთი იონათანისა ქუეყანასა ზედა! და ილოცა ერმან იონათანისთჳს მას დღესა შინა. და განერა იონათან სიკუდილისაგან.
46. მაშინ აღმჴედრნეს და შეიჭურნეს და დევნა-უყვეს უცხოთესლთა მათ და შეაწყუდივნეს იგინი თჳთეულად ადგილად თჳსა.
47. დაემტკიცა მეფობა იგი საულისა ისრაჱლსა ზედა. და ჰბრძოდა ყოველთა მტერთა მისთა მოაბისა და ძეთა მათ ამონისთა და ედომელთა მათ და ბეთორელთა და მეფეთა მათ სუბასათა და ყოველთა უცხოთესლთა, ვიდრეცა მივიდოდეს და ყვეს ცხორება და ძალი დიდი.
48. და მოსრა მასვე ჟამსა ამალიკი და იჴსნა ისრაჱლი ჴელთაგან მტერთა მათთასა.
49. და იყუნენ ძენი საულისნი: იონათან, და იესიუ, და მელქისავე და იეზაბალ. და სახელი ორთა ასულთა მისთა ესე არს: უხუცესისა მის ნერობ და უმრწემესისა მის - მელქოლ.
50. და ცოლისა მისისა - აქია, ასული აქიმასისი, და სახელი სპასპეტისა მისისა - აბენერ, ძე ნერისი, მონისა საულისი,
51. და კის - მამა საულისა და ნერ - მამა აბენერისა, და ძენი ამინასნი, ძისა აბიელისნი, - ოცდაათრვამეტნი.
52. და განძლიერებულ იყო ღუაწლი ბრძოლისა დიდად ფრიად უცხოთესლთა მიმართ ყოველთა დღეთა საულისათა. და იხილნა საულ ყოველნი ძლიერნი და ყოველნი კაცნი ძლიერებისანი ქველნი შეკრიბნა წინაშე მისსა ყოფად.
1. მას ჟამსა მოვიდა სამოველ საულისა და ჰრქუა მას: მომავლინა უფალმან ცხებად შენდა მეფედ ისრაჱლსა ზედა, ერსა მისსა! აწ ისმინე ბრძანება უფლისა!
2. რამეთუ ამას იტყჳს უფალი ყოვლისამპყრობელი: აჰა, ესერა, მე ვიძიო შური ამალეკისა ზედა ამისთჳს, რამეთუ ბოროტი უყვეს ერსა მას ჩემსა, რაჟამს გამოვიდოდა იგი ქუეყანით ეგჳპტით.
3. და აწ აღდეგ, და წარვედ, მივედ მათ ზედა და მოსარ ამალეკი და ყოველივე მათი, რაჲცა იყოს კაცითგან მიპირუტყვამდე, მამაკაცი და დედაკაცი, ყრმა და ძუძუსმწოვარი, ზროხა და ცხოვარი, აქლემი და კარაული, ყოველი მოსრა და მოსწყჳტო და ნურარას დაუტევებ.
4. და უბრძანა სამოველ ყოვლისა ერისა მოწოდებაჲ ანდეზობით და ყო გალგალას ახილვასა მას მათსა. იპოვნეს მუნ ისრაჱლისაგანნი ერი, ვითარ ოთხასი ათასი კაცი და იუდასი ოცდაათი ათასი კაცი.
5. და წარვიდა საულ ერითურთ და მივიდა ქალაქთა მათამდე ამალეკისთა, და დაემალა მათ ნაღვარევთასა.
6. და ჰრქუა საულ კინეველსა: წარვედ შენ ამალეკისაგან და ნუღარა მიეახლები მას, რათა არა მოსწყდე მათ თანა ამისთჳს, რამეთუ კეთილ უყავ შენ ძეთა ისრაჱლისათა, რაჟამს განვიდოდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით. და განეშორა კინეველი იგი ამალეკისაგან.
7. დაესხა საულ ამალეკსა და მოსრა ამალეკი ევილათითგან მისუდამდე, რომელ არს წინაშე პირსა ეგჳპტისასა.
8. და შეიპყრა აგაგ, მეფე ამალეკთა, ცოცხალი და ყოველი ნათესავნი არიმისნი მოსწყჳდა.
9. და განარინეს საულ და ყოველმან ერმან აგაგ ცოცხლად, ხოლო კაცი ჭაბუკოვანი და კეთილ-კეთილი ტყუედ წარმოიტყუენა და საცხოვარი რჩეულ-რჩეული წარმოასხა და ყოველი კეთილი მის ქუეყანისა, ხოლო შეურაცხი ოდენ მოსწყჳდეს.
10. და იყო ბრძანება უფლისა სამოველსა ზედა და თქუა:
11. შემინანებიეს მე, რამეთუ დავადგინე საულ მეფედ. რამეთუ გარდაჴდა იგი ბრძანებასა ჩემსა და არა ქმნა, რომელ-იგი ვამცენ. და შეუძნდა სამოველს სიტყუაჲ იგი და გოდებდა ღმრთისა მიმართ ღამე ყოელ.
12. და აღიმსთო სამოველ განთიად და მიეგებვოდა ისრაჱლსა ჟამსა ცისკრისასა. და უთხრეს სამოველს, ვითარმედ: მოვიდა საულ კარმელად. და მიჰყო სამოველ ჴელი თჳსი, გარემოაქცივნა ეტლნი მისნი და შთავიდა იგი მუნვე გალგალად. და მოვიდა სამოველ საულსა თანა და იხილა საულ, რამეთუ შესწირვიდა მსხუერპლთა ნატყუენავისა მისგანსა, რომელი მოეღო ამალეკთაგან.
13. და ვითარცა მოვიდა სამოველ საულისა თანა, და ჰრქუა მას საულ: კურთხეულო უფლისაო, აჰა, ესერა, აღვასრულე ყოველი ბრძანება უფლისა.
14. მიუგო სამოელ და ჰრქუა: რომელი არს ჴმაჲ ესე საცხოვარისა, რომელი მესმის ყურთა ჩემთა, ღრიალი ზროხათა ამათ?
15. მიუგო საულ და ჰრქუა: ეგე რჩეულ-რჩეული შესაწირავად უფლისა, რომელი განარინა ყრმამან მან, ზროხა და ცხოვარი ამალიკისი, ხოლო სხუაჲ იგი მოსრეს.
16. მიუგო სამოველ საულს და ჰრქუა: აწ ისმენდი და გითხრა შენ ბრძანება უფლისა, რომელსა მეტყოდა მე უფალი ღამესა ამას! და ჰრქუა მას საულ: იტყოდე!
17. მაშინ ჰრქუა სამოველ: არა შენ უმრწემეს იყავ ნათესავსა შორის ისრაჱლთასა და გცხო შენ უფალმან მეფედ ყოველსა ზედა ისრაჱლსა?
18. და წარგავლინა შენ უფალმან გზასა ერთსა და გრქვა, ვითარმედ: მივედ, მოსარ ამალეკი შეცოდებული იგი ჩემდა მომართ, მოსწყჳდო მისრულიადმდე!
19. ხოლო შენ არა ჰყავ ბრძანება უფლისა, არამედ განუტევენ თუალნი შენნი ნატყუენავსა მას ზედა და ჰყავ შენ ბოროტი წინაშე უფლისა.
20. და ჰრქუა საულ სამოველს: ამისთჳს, რამეთუ ვისმინე ჴმაჲ ერისა ამის და მივედ გზასა მას, რომელსა მიმავლინა მე უფალმან, და მივიყვანე მე აგაგ, მეფე ამალეკთა, ცოცხალი პყრობილად და ერი იგი ამალეკთა მოვსარ!
21. და კეთილ-კეთილი იგი ცხოვარი და ზროხა მოასხეს ერმან ამან შესაწირავად უფლისა ღმრთისა გალგალად.
22. მიუგო სამოველ საულს და ჰრქუა: არა უჴმან უფალსა საკუერთხნი მსხუერპლად, არამედ აღსრულებად ბრძანება უფლისა! რამეთუ ფრიად უმჯობეს არს მსხუერპლთა დამორჩილება და სმენად ბრძანება უფლისა უფროს ცმელისა ვერძთასა!
23. რამეთუ ზმნა ზმნათა ცოდვა არს და განრისხებაჲ ცუდადი უსჯულოება არს, და ფუფუნებამან სენი და სალმობა შეიძინიან. აწ, რამეთუ შეურაცხ-ყავ შენ ბრძანება იგი უფლისა, შეურაცხ-გყოს შენცა უფალმან, რათა არღარა მეფობდე ისრაჱლსა ზედა!
24. მაშინ ჰრქუა საულ სამოველს: ვცოდე წინაშე უფლისა, რამეთუ გარდავჴედ ბრძანებასა მას უფლისასა და სიტყუასა მას შენსა; და შემეშინა ერისა მისგან და მივერჩდი მათ.
25. და აწ მომიტევე მე შეცოდება ესე ჩემი და მოვედ ჩემ თანა და მოვიდეთ და თაყუანის-ვსცეთ უფალსა ღმერთსა შენსა!
26. მიუგო სამოველ საულს და ჰრქუა: არა მივიდე მე შენ თანა, რამეთუ შეურაცხ-ყავ შენ ბრძანებაჲ უფლისა, და აწ შეურაცხ-გყო შენ უფალმან, რათა არღარა მეფობდე შენ ქუეყანასა ზედა!
27. და გარემოიქცა სამოველ წარსლვად პირისაგან. და მიჰყო საულ ჴელი თჳსი და შეუპყრა კიდე ჩუდკეცისა მისისა, რათამცა დაიყენა იგი მის თანა და მოხეთქა კიდე ერთი სამოსლისა მისისა.
28. მაშინ ჰრქუა მას სამოველ: განხეთქოს უფალმან მეფობა შენი ქუეყანასა ზედა და სახლსა მას ზედა ისრაჱლისასა დღესდღე და მისცეს იგი მოყვასსავე შენსა, რომელი უმჯობეს იყოს შენსა!
29. და განხეთქოს ისრაჱლი ორგან, და არღარა მოიქცეს და არცა შეინანოს უფალმან ისრაჱლისამან, რამეთუ არა ვითარცა კაცი არს იგი, ვითარცა შეინანა რისხვა იგი!
30. და ჰრქუა საულ სამოველს: ვსცოდე, არამედ ნუღარა მაგინებ მე წინაშე მოხუცებულთა ერისა ჩემისათა და წინაშე ისრაჱლისა, არამედ მოიქეც შენ ჩემდა და თაყუანის-ვსცეთ უფალსა ღმერთსა შენსა.
31. და მოვიდა სამოველ საულის თანა და თაყუანი-სცეს უფალსა
32. და ჰრქუა სამოველ: მომგვარეთ მე აგაგ, მეფე იგი ამალეკისა! და მოჰგუარეს მას აგაგ და ძრწოლა შეედვა მას და თქუა: უკუეთუ ესრე მწარე არს სიკუდილი?
33. მიუგო მას სამოველ და ჰრქუა: ვითარ-იგი უშვილო ქმნნა დედანი იგი მახჳლმან შენმან, ეგრე უშვილო იქმნეს დედათა შორის შენთა დედაჲ შენი. და სცა და მოკლა აგაგ წინაშე უფლისა გალგალას.
34. და წარვიდა სამოველ არმათემად. და საულ წარვიდა სახლით თჳსა გაბაას. და არღარა შევიდა სამოველ ხილვად საულისა ვიდრე დღემდე სიკუდილისა თჳსისა, რამეთუ ეგლოვდა სამოველ საულს. და უფალმანცა შეინანა, რამეთუ დაადგინა იგი მეფედ ისრაჱლსა ზედა.