წიგნი პირველისა სამოელისი, რომელსა ჩუენ პირველსა მეფეთასა უწოდთ

16

1. და ჰრქუა უფალმან სამოველს: ვიდრემდე ეგლოვდე შენ საულს? რამეთუ განმიგდებიეს იგი, რათა არღარა მეფობდეს იგი ისრაჱლსა ზედა, არამედ აღავსე რქა ეგე შენი ზეთითა და წარგავლინო შენ ბეთლემად იესესა, რამეთუ გამოვირჩიე ჩემდად ძეთაგანი იესესთა მეფედ!

2. მიუგო სამოველ უფალსა და ჰრქუა: ვითარ მივიდე მე, ნუუკუჱ სცნას საულ და მომკლას მე? ჰრქუა უფალმან სამოველს: წარიბ შენ თანა დიაკეული, ერთი მროწლისაგან. და ესრე სთქუა, ვითარმედ: შეწირვად მოვსრულვარ მსხუერპლთა უფლისათა.

3. და მოუწოდე იესეს და ძეთა მისთა შესაწირავსა მას თანა და გაუწყო შენ, რაჲ-იგი ჯერ-არს შენდა ყოფად. და სცხე მას ჩემდად, რომლისაცა გიბრძანო შენ!

4. და ყო სამოველ ყოველივე, რაჲცა უბრძანა მას უფალმან, და მოვიდა იგი ბეთლემად. და განიკჳრვეს მოხუცებულთა მათ ქალაქისათა შესლვა იგი მისი და ჰრქუეს მას: მშჳდობით არს შემოსლვა ეგე შენი ჩუენდა, მხილველო?

5. ხოლო მან ჰრქუა: მშჳდობით არს, რამეთუ მსხუერპლისა შეწირვად მოვსრულ ვარ უფლისა! არა განწმიდენით თავნი თქუენნი და ჩემ თანა ინაჴ-იდგით დღეს, მსხუერპლისა ამის ჟამსა. და განწმიდნა მან იესე და ძენი მისნი, მიუწოდა მათ მსხუერპლთა მათ ზედა.

6. და მოვიდეს იგინი მის წინაშე. და ვითარცა იხილა მან ელიაბ, თქუა წინაშე უფლისა: ესე-მე იყოს ცხებული მისი?

7. და ჰრქუა უფალმან სამოველს: ნუ ხედავ შენ ქმნულებასა მაგისსა, ნუცა სიმწჳსესა ჰასაკისა მაგისისასა, რამეთუ არა მთნავს ეგე. რამეთუ არა ვითარცა კაცი ხედავნ, და იხილის ეგრე ღმერთმან, რამეთუ კაცი პირსა ოდენ ხედავნ, ხოლო ღმერთი გულთმეცნიერი არს.

8. და მოუწოდა იესე ამინადაბს და წარმოდგა იგი სამოველის წინაშე და თქუა: არცაღა ესე გამოირჩია ღმერთმან.

9. მერმე წარმოუდგინა მას იესე სამაა და თქუა სამოველ: არცაღა ეგე გამოირჩია უფალმან!

10. და წარმოუდგინა იესე შჳდნივე იგი ძენი მისნი წინაშე სამოველისა და ჰრქუა სამოველ იესეს: არა ვინ გამოირჩია უფალმან ამათგანი.

11. მერმე ჰრქუა სამოველ იესეს: ეგოდენ არიან ძენი შენნი? ხოლო მან ჰრქუა: არსღა ერთი სხვა უმცირესი ამათსა სამწყსოსა გარე ცხოვართასა. და ჰრქუა სამოველ იესეს: წარავლინე მსწრაფლ და მოიყვანე იგი აქა, რამეთუ ვერ ეგების ჩუენდა ინაჴით დასხდომა, ვიდრე არა მოვიდეს იგი აქა.

12. და წარავლინა იესე და მოიყვანეს იგი წინაშე სამოველისა. და იყო იგი მწითურ, პირითა მხიარულ, გრემან, ქმნილკეთილ ხილვითა. მაშინღა ჰრქუა უფალმან სამოველს: აღდეგ ადრე და სცხე დავითს, რამეთუ ეგე გამოვირჩიე!

13. და მოიღო სამოველ რქა იგი საცხებელისა მის და სცხო მას წინაშე ძმათა მისთა, და მოვიდა სული უფლისა დავითის ზედა მიერ დღითგან მყოვარ ჟამ და წარვიდა სამოველ არმათემადვე.

14. და სული უფლისა განეშორა საულისგან და შეუჴდა მას სული უკეთური ბრძანებითა უფლისათა და აჭირვებდა მას.

15. მიუგეს მონათა საულისათა და ჰრქუეს: ესერა, სული უკეთური შეგაშფოთებს შენ უფლისა მიერ;

16. აწ ისმინე სიტყუათა მონათა შენთა. და უძიოთ უფალსა ჩუენსა კაცი ერთი, რომელმან იცოდის სახიობა გალობათა უფლისათა ქნარითა. და რაჟამს მოიწეოდის შენ ზედა სული უკეთური უფლისა მიერ, იტყოდის იგი გალობასა უფლისასა ქნარითა. და კეთილ იყოს იგი შენდა და განისუენებდი.

17. და თქუა საულ მონათა მისთა მიმართ: მიძიეთ მე კაცი ერთი, რომელი კეთილად გალობდეს უფლისასა, და მოიყვანეთ იგი ჩემდა.

18. მი-ვინმე-უგო ერთმან მონათაგანმან და ჰრქუა: ვიხილე მე ძე იესესი ბეთლემს, რომელი კეთილად გალობდა სახიობასა უფლისასა მეცნიერებით, და კაცი ბრძენი და ძალით ძლიერი და მჴნე, მჭევრი სიტყჳთა და შუენიერი ხილვითა, და უფალი არს მის თანა.

19. და წარავლინა საულ მოციქული იესესა თანა და ჰრქუა: მომივლინე მე დავით, ძე შენი, რომელი არს სამწყსოსა ცხოვართა შენთასა!

20. და აჰკიდა იესე კარაულსა ცხოვარი ერთი, პური, თხიერი ერთი ღჳნო და ერთი თიკანი და მიუძღვანა იგი იესე დავითის მიერ, ძისა თჳსისა, საულს. და შემოვიდა დავით და დადგა მის წინაშე და შეიყვარა იგი საულ ფრიად. და იყო დავით მომრთმელი მშჳლდ-კაპარჭთა მისსა.

21. და მიავლინა საულ კაცი ერთი იესესა და ჰრქუა: რათა დგეს დავით ჩემ წინაშე მარადის, რამეთუ პოვა მადლი წინაშე თუალთა ჩემთა!

22. და იყო, რაჟამს მოიწიის სული უკეთური უფლისა მიერ საულისა, მიიღის დავით ქნარი იგი და გალობნ მის წინაშე და განუსუენის საულსა, და სათნო-უჩნ მას, და განეყენის მისგან სული იგი უკეთური.

17

1. მას ჟამსა შეკრბეს უცხოთესლნი იგი და მოვიდეს და დაიბანაკეს წყობად შორის სოქოთსა და შორის აზაკესა აფერმნისასა.

2. საულ და ერი იგი ისრაჱლისა შეკრბა, და მოვიდა და დაიბანაკეს ღელესა მას მაღნარისასა პირისპირ მათსა, და განეწყვნენ ურთიერთსა ამიერ და იმიერ.

3. უცხოთესლნი იგი იდგენ მიერ კერძო მთისა და ისრაჱლნი ამიერ კერძო მთისა, და ღელე იყო საშუალ მათსა.

4. და გამოვიდა კაცი ერთი ერისა მისგან უცხოთესლთასა, კაცი მჴნე და ძლიერი და ქველი, გუნდისა მისგან გეთელთასა, და სახელი მისი გოლიად, სიმაღლე მისი ექუს წყრთა და მტკაველი,

5. სპარაზენად ჭურვილი ჯაჭჳთ ჩაბალახითურთ, და იყო სასწორი საჭურველისა მისისა ხუთ ათას სიკილა რკინით და რვალითურთ;

6. და ფარი ბარკალთა მისთა რვალისა პოლოტიკნი და ფარი რვალისა ბჭეთა მისთა,

7. ხოლო ბუნი ჰოროლისა მისისა, ვითარცა ავლი ქსელთა, პირი ჰოროლისა მისისა - ექუსასის სასწორისა, და მეაბჯრე ერთი წინაშე მისა.

8. მოვიდა და დადგა განმზადებული წინაშე ისრაიტელთა მათ, ჴმა-ყო მათ მიმართ და თქუა: რად ერთბამად ყოველნი განწყობილ ხართ ბრძოლად ჩუენდა? აჰა, ესერა, მე ერთი უცხოთესლთაგანი ვარ და თქუენ ებრაელნი მონანი საულისანი ხართ. აწ გამოირჩიეთ ერთი კაცი, რომელი მოვიდეს და ბრძოლა-ყოს ჩემ თანა!

9. და უკუეთუ მაჯობოს, მომკლას მე, და ვიყუნეთ ჩუენ მორჩილ თქუენდა. უკუეთუ მე ვერეოდი და მოვკლა იგი, თქუენ დაგვემორჩილენით.

10. და კუალად თქუა უცხოთესლმან: აჰა, ესერა, მე გაყუედრებ განწყობილსა მაგას ისრაჱლისასა, დღესდღე გამოვედინ კაცი ერთი თქუენგანი და განვიდეთ ახოვნად ურთიერთსა მარტოდ!

11. და ვითარცა ესმა საულს და ყოველთა ისრაიტელთა მათ სიტყუაჲ იგი უცხოთესლისა მის, ზარი განჰჴდა, რამეთუ შეშინდეს ფრიად.

12. და დავით იყო ძე კაცისა ერთისა ეფრათელისა ქალაქით ბეთლემით, ნათესავისა მისგან იუდასისა, და სახელი მისი იესე, და ესხნეს მას რვა ძენი, და იყო კაცი იგი მოხუცებული.

13. და წარვიდეს ძენი იგი მისნი სამნივე უმრწემესნი საულის თანა ღუაწლსა ბრძოლისასა. და ესე სახელები არს სამთა მათ ძეთა იესესთა: ელიაბ პირმშო, ამინადაბ, სამაა.

14. დავით - უმრწემესი მათსა, და ესე სამნი მივიდეს საულისსა.

15. ხოლო დავით წარვიდა ბეთლემადვე მწყსად ცხოვართა მამისა მისისათა.

16. და უცხოთესლმან მან აღიმსთვის და წარმოუდგის დილითგან ვიდრე მწუხრადმდე, აყუედრის ორმეოც დღე.

17. ჰრქუა იესემ დავითს, ძესა თჳსსა: მიიღე შენ თანა გრივი ერთი ჴალი, ათი ჴუეზა პური, და მიისწრაფე ბანაკად და მიართუ ძმათა შენთა.

18. და ათი ესე ხაჭო მიიპყარ ერისთავსა მას, და სცან სიცოცხლე ძმათა შენთა და მითხარ მე სიცოცხლე მათი.

19. და საულ და ყოველი ერი განწყობილად დგა მუხასა მას ქუეშე, რომელი იყო უბესა მას ბრძოლისასა წინაშე უცხოთესლთა მათ.

20. და აღიმსთო დავით განთიად და შევედრნა საცხოვარნი იგი მწყემსთა მათ, და ყო, რაჲცა-იგი უბრძანა მას იესემ, და მოვიდა ადგილსა მას ბრძოლისასა. და იყივლეს

21. და აღიზახნეს ერმან მან ისრაიტელთამან, შევიდეს და დადგეს თჳთეულად ადგილთა თჳსთა განმზადებულნი ბრძოლად, ეგრეცა უცხოთესლნი იგი მოვიდეს და დადგეს წინაშე ისრაიტელთა მათ.

22. და დავით მოიღო ჭურჭელი იგი, და დავედრა ვანისმცველსა მას, და წარვიდა ერისა მის თანა ბრძოლად და ჰკითხვიდა ძმათა თჳსთა მშჳდობასა.

23. და ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ, აჰა, ესერა, გამოუჴდა კაცი იგი ამინელი, ფილისტიმელი გეთელი, რომელსა ერქუა გოლიად, უცხოთესლი, და ესმა დავითს და ყოველსა ერსა ისრაჱლისასა, რომელი იტყოდა სიტყუასა ამპარტავანებისასა სილაღით.

24. და რაჟამს იხილეს მათ კაცი იგი, შეშინდეს ფრიად და სივლტოლად მიიქცეს პირისაგან მისისა.

25. და ჰრქუა კაცმან ვინმე ერთმან ისრაიტელთამან მოყუასსა თჳსსა: მე უწყი, ვითარღა ყუედრებად გამოსრულ არს კაცი ესე უცხოთესლი ისრაჱლისა, ხოლო რომელმან მოკლას ეგე, მე ვიცი, რამეთუ მეფემან განამდიდროს, ასული თჳსი მისცეს მას ცოლად და სახლი მამისა განათავისუფლოს ისრაჱლსა შორის.

26. და ვითარცა ესმა სიტყუა ესე დავითს, და ჰრქუა კაცთა მათ, რომელნი გარემოს იყვნეს მისა: რაჲმემცა კეთილი უყვეს კაცსა მას, რომელმანცა მოკლა უცხოთესლი ესე, რომელი აყუედრებს ერსა ისრაჱლისა? ანუ ვინ არს წინადაუცვეთელი ისი, რომელი გამოსრულ არს მაყუედრებელად ერსა უფლისა ცხოველისასა?

27. მო-ვინმე-უგო მიერ განწყობილისა მისგანმან სიტყუასა მას ოდენ და ჰრქუა: მსგავსად აღთქმისა მის მისცეს მას, რომელმანცა მოკლას იგი.

28. და ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე დავითისი ელიაბს, ძმასა მისსა უხუცესსა, რომელსა ეტყოდა კაცთა მათ, განრისხნა ფრიად დავითისათჳს და ჰრქუა: შენ მო-ვე-რა-ხვედ აქა, ანუ ვის დავედრენ უბადრუკნი იგი საცხოვარნი უდაბნოსა? მე უწყი ამპარტავანება ეგე შენი და სიბოროტე, რასა იქ სილაღითა, რამეთუ მოსრულ ხარ აქა ხილვად ღუაწლსა ბრძოლისასა.

29. მიუგო დავით და ჰრქუა: რაჲ მიყოფიეს, ანუ რაჲ გავნე, ანუ სიტყუანი არიანა სამე?

30. და წარვიდა დავით სხუასა ადგილსა და მასვე იტყოდა, და მიერ ერისაგან მიუგეს პირველისაებრვე სიტყჳსა.

31. და სიტყვა იგი დავითისი უთხრეს საულს, და მიიყვანეს დავით და წარ-ხოლო-უდგინეს საულს.

32. სიტყუად იწყო დავით წინაშე საულისა და თქუა: ნუ შეძრწუნდები, უფალო ჩემო მეფევ, რამეთუ მონა შენი განვიდეს და ბრძოლა-უყოს უცხოთესლისა მის თანა.

33. მიუგო საულ დავითს და ჰრქუა: შენ ყრმაღა ხარ და იგი განსრულებული კაცი არს და მბრძოლი სიჭაბუკითგან მისით. ვერ შემძლებელ ხარ წინადადგომად მისა.

34. სიტყუად იწყო დავით საულისა და ჰრქვა: ოდეს ვმწყსიდი საცხოვართა მამისა ჩუენისათა უდაბნოსა ზედა, მოვიდის ლომი, ანუ თუ დათჳ და წარიღის კრავი, ანუ თუ ვაცი,

35. ვეწივი და პირისა მისისაგან გამოუღი, და თუ ზედამიმიჴდის, მე მკლავნი მოვსცნი, და შევმუსრი და მოვკლი იგი.

36. და აწ შერაცხილ იყავნ უცხოთესლი იგი წინადაუცუეთელი, ვითარცა ერთი ბოროტთა მჴეცთაგანი. ვითარ არა მოვიდე და მოვჰკლა იგი და აღვჴოცო ყუედრება ისრაჱლსა შორის დღეს? რამეთუ ვინ არის წინადაუცვეთელი ესე, რომელი აყუედრებს ბანაკსა ღმრთისა ცხოველისასა?

37. მაშინ თქუა დავით: თავადმან უფალმან ღმერთმან, რომელმან მიჴსნა მე პირისაგან ლომისასა და მკლავთაგან დათჳსათაგან, მან მიჴსნეს მე ჴელთაგან მის წინადაუცვეთელისა უცხოთესლისათა! მიუგო საულ დავითს და ჰრქუა: გვალე, განვედ მისა და უფალი იყავნ შენ თანა.

38. და შთააცვა დავითს ჯაჭვი ჯაჭუსა მას ზედა იალმაგი და ჩაფხუტი სპილენძისა დაადგა თავსა მისსა.

39. და ჴმალი მისი შეარტყა წელთა მისთა და განსლვასა მისსა კელობად იწყო დავით და ბრკომად, რამეთუ უმეცარ იყო იგი. მიუგო საულს დავით და ჰრქუა: ვერ განუჴდე ამით, რამეთუ უმეცარ და უხეშ ვარ ამისა! ფერჴი დაიპყრა დავით და განიძარცვა საჭურველი იგი მისგან.

40. და მოიღო არგანი იგი მისი სამწყემსო და გამოირჩივნა მან ხუთნი ქვანი რიყისანი მრგვალნი, და შთასხნა იგინი ვაშკარანსა მას სამწყემსოსა და შურდულნი მისნი მოიხუნა ჴელთა თჳსთა, და განვიდა უცხოთესლისა მის გმირისა.

41. და მიერ წარმოემართა უცხოთესლი იგი და მოუვიდოდა დავითს და ვითარცა მოეახლა მას, ფერჴი დაიპყრა, და მეფარე ერთი წინაუფარებდა მას.

42. და ვითარცა იხილა უცხოთესლმან მან დავით, რამეთუ ჭაბუკი იყო შუენიერ და მწითურ, შეურაცხ-ყო იგი.

43. ჰრქუა უცხოთელსმან დავითს: ძაღლი ნუ ვარ მე, რამეთუ არგნითა და ქვითა გამოხვედ ჩემ ზედა? და ჰრქუა: უაღრეს ძაღლთასა ხარ შენ! და დაწყევა უცხოთესლი იგი დავით კერპითურთ მისით.

44. და ჰრქუა უცხოთესლმან: მოგვალე და დავსხნე ჴორცნი შენნი საჭმელად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა!

45. მიუგო დავით და ჰრქუა: მოგვალე შენ, ეგერა, ჩემ ზედა მოხვალ ჯაჭჳთა, ჰოროლითა და ფარი[თა], ხოლო მე მოგივალ შენდა სახელითა უფლისა ღმრთისა ძალითა და, ესერა, ამისგან ისრაჱლისა, რომელსა-იგი შენ აყუედრებდი დღეს!

46. რამეთუ შემოგაწყჳდა უფალმან დღეს ჴელთა ჩემთა და მოგკლა შენ ადგილობანსა, მახჳლითავე შენითა მოგკვეთო თავი შენი და დავსხნე ფერჴნი შენნი და ჴორცნი შენნი და ჴორცნი ერისა მაგის უცხოთესლთანი საჭმელად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა! და სცნან ყოველთა ნათესავთა ქუეყანისათა, ვითარმედ არს ღმერთი ისრაჱლსა შორის!

47. და სცნას ყოველმან ამან ერმან, რამეთუ არა მახჳლითა, არცა ჰოროლითა და ჯაჭვითა იჴსნის უფალმან, არამედ უფლისა მიერ არის ძლევა ბრძოლასა შინა! და განგწირნეს თქუენ უფალმან ჴელთა მომართ ჩუენთა!

48. და მოეახლებოდა უცხოთესლი იგი დავითს და დავით ისწრაფა და განვიდა შემთხუევად უცხოთესლისა მის.

49. და შთაყო ჴელი თჳსი დავით ვაშკარანსა მას და აღმოიტაცა ქვა ერთი, და შთადვა იგი შურდულთა მას მისთა და განსტყორცა და მიამთხჳა შუბლსა უცხოთესლსა მას, და შევიდა ჩაფხუტით, შუბლი ჩასტეხა და ტვინად ჩაუგდო და პირდაქვე ზედა ქუეყანასა დასცა.

50. და განძლიერდა დავით უფროს უცხოთესლთა მათ ზედა მას დღესა შინა, რამეთუ შურდულითა და ქვითა მოკლა უცხოთესლი იგი, და მახჳლი საჭურველი და ჰოროლი არა აქუნდა მას.

51. ფერჴნი განუტევნა დავით და მოვიდა უხცოთესლისა მის, მუჴლი ყელსა დაადგა და აღმოჰჴადა ჴმალი მისი და თავი ჩაფხუტითურთ მოჰკუეთა. ვითარცა იხილეს უცხოთესლთა მათ, ვითარმედ მოკლა ძლიერი იგი მათი, მეოტ იქმნნეს.

52. და აღიზახნეს ისრაჱლისამან და იუდასამან, ღაღად-ყვეს და მიეტევნეს მათ ზედა და აღჴოცდეს ვიდრე გეთადმდე და ვიდრე ბჭედმდე ასკალონისა. და დაეცნეს წყლულნი მრავალნი უცხოთესლთანი გზასა ზედა, ვიდრე ბჭედ გეთისა და ასკალონისა.

53. და მოიქცა ერი ისრაჱლთა, დაესხა ნატყუენავსა და ნაყარსა ბანაკისა მათისასა და სცარცვიდეს მძორებსა მათსა.

54. და წარიღო დავით თავი იგი უცხოთესლისა მის, და შეიღო იგი იერუსალჱმად და ჯაჭჳ და საჭურველი მისი მოიღო საყოფელად თჳსა.

55. რაჟამს იხილა საულ ზედამისლვა დავითისა უცხოთესლისა მის, ჰრქუა აბენერს, სპასპეტსა თჳსსა: ვისიმე რა შვილი არს ჭაბუკი ისი? მიუგო აბენერ და ჰრქუა: ცხოველ არს სული შენი, უფალო ჩემო მეფე, არა უწყი.

56. და ჰრქვა მეფემან: ჰკითხე მას, უკუეთუ ვისი ძე არს ჭაბუკი ეგე?

57. და ვითარცა მოვიდა დავით ახოვანებისა მისგან, რამეთუ მოეკლა უცხოთესლი იგი, უპყრა ჴელი აბენერ და შეიყვანა იგი წინაშე საულისა, და თავი იგი ახოვანისა მის ჴელთა შინა დავითისათა.

58. მიუგო დავითს საულ და ჰრქუა მას: ვისი შვილი ხარ, ჭაბუკო? მიუგო დავით და ჰრქუა: ძე ვარი მე მონისა შენისა იესესი ბეთლემელისა.

18

1. და ვითარცა უთხრა დავით სიტყუაჲ ესე მეფესა მას, შეიყვარა იგი იონათან, ძემან მეფისამან, სიყუარულითა დიდითა, ვითარცა თავი თჳსი.

2. და დაიყენა საულ დავით მიერ დღითგან და არღარა განუტევის სახედ მამისა თჳსისა.

3. და აღთქმა-ყო იონათან დავითის თანა ესე, რამეთუ შეიყუარა იგი სწორად თავისა თჳსისა.

4. და განიძარცვა იონათან ვარში მისი, ჯაჭვი და ჴმალი და მშჳლდ-კაპარჭი და ყოველი საჭურველი მისი მისარტყელამდე და მისცა დავითს.

5. და დაიდგინა დავით საულ კაცთა თანა ზედამოღუაწეთა მის ერისათა, და შემომავალ და გამომავალ იყო დავით მეცნიერებით წინაშე უფლისა და მბრძანებელ მის წინაშე, და სათნო იყო იგი საულისა წინაშე ყოვლითა საქმითა მისითა, წინაშე ყოვლისა ერისა საულისა.

6. და იყო, რაჟამს მოვიდოდეს მოწყუედისა მისგან უცხოთესლთასა და გამოეგებოდა მათ მძნობარი შემთხუევად დავითისა ყოველთაგან ქალაქთა ისრაჱლისა მემღერად მათ წინაშე პარით, წინაშე მეფისა საულისა ნესტჳთა და ქნარითა, ბობღნითა და წინწილითა.

7. პირი აღეღო და მიეგებოდეს მათ, სახიობდეს, აქებდეს და იტყოდეს: საულ მოსწყჳდა ათასები, ხოლო დავით დასცა ბევრები!

8. განრისხნა საულ, რამეთუ შეძრწუნდა, შეუძნდა სიტყუაჲ იგი და თქუა: ვითარ მისცეს დავითს მოწყუედა ბევრეულთა და მე ათასეულთა? აწ სხუაჲ რაღა აკლს მას, გარნა შარავანდობაჲ?

9. ხოლო მიერ ჟამითგან ქუეგამხედველ იყო საულ დავითს მიაღსასრულამდე.

10. და იყო ხვალისგან, ვითარცა მოვიდა სული უკეთური უფლისა მიერ საულის ზედა და იგვემებოდა სახლსა შინა თჳსსა. და დავით ახიობდა სახიობასა მას, ვითარცა მარადის ჩუეულ იყო, და საულს აქუნდა ჴელთა მისთა ჰოროლი.

11. და ეგულებოდა განგურემა დავითისი და შემსჭვალვა კედელსა ლახურითა მით. და დავით მიჰრიდა პირისაგან მახჳლისა ორჯერ.

12. შეეშინა საულს დავითისგან, რამეთუ დაეტევა იგი უფალსა და დავითის თანა იყო.

13. და განიშორა საულმან დავითი თჳსაგან და დაადგინა იგი ერისთავად ერსა მას თჳსსა ზედა; და შევიდოდა და გამოვიდოდა წინაშე ერისა.

14. და იყო დავით მცნობელ ყოველთა გზათა მისთა, რამეთუ უფალი იყო მის თანა.

15. და ხედვიდა საულ სიბრძნესა მას დავითისსა და ეშინოდა ფრიად.

16. და ყოველი ისრაჱლი და იუდა ჰყუარობდა დავითს, რამეთუ შინაგანმავალ იყო იგი წინაშე ერისა.

17. სიტყუად იწყო საულ დავითისა და ჰრქუა: აჰა, ესერა, ასული ჩემი მერობ მიმიცემიეს ცოლად შენდა! და იყავ შენ ჩემად შვილ და ძალ და მბრძოლ მტერთა მიმართ უფლისათა. რამეთუ ესრე გულსა-ედვა საულს, ვითარმედ მებრვე რაჲსა შევახებ ჴელსა ჩემსა, არამედ ჴელი უცხოთესლთა იყავნ მის ზედა.

18. მიუგო საულს დავით და ჰრქუა: ვინ ვარ მე, ანუ რა ვარი მე, ან რა არს ნათესავი მამისა ჩემისა შორის ისრაჱლსა, ვითარმცა ღირს ვიქმნე მე სიძედ მეფისა?

19. და იყო შემდგომად რაოდენისამე ჟამისა, რაჟამს მითხოვილ იყო მერობ, ასული იგი საულისა, ცოლად დავითისა, არა ინება ქალმან მან ცოლებად დავითისა, რამეთუ თხოვილ იყო იგი ედრიელ მოლოთელისა ცოლად.

20. და შეიყუარა დავით მელქოლ, ასულმან საულისამან. და ვითარ სცნა საულ სიტყუაჲ იგი, სათნო-უჩნდა ფრიად წინაშე თუალთა მისთა.

21. და თქუა საულ: მივსცე იგი ცოლად. და იყოს იგი მისა საცთურ და ჴელი უცხოთესლთა იყოს მის ზედა. და ჰრქუა საულ დავითს შორის ერსა მას: სიძე გერქუნ შენ ჩემდა დღესდღითგან!

22. და ამცნო საულ მონათა თჳსთა და ჰრქუა: მივედით და არქუთ დავითს იდუმალ: აჰა, ესერა, მეფესა ჰნებავს სიძედ-ყოფად შენი მისა და ყოველნი მონანი მისნი გყუარობენ შენ, აწ ჯერ-იჩინე შენ სიძობა მეფისა!

23. მოვიდეს და ჰრქუეს დავითს მონათა მათ, ვითარცა უბრძანა მათ მეფემან ყოვლისავე სიტყჳსა მისებრ. მიუგო დავით და ჰრქუა: მცირე ნურა გიჩნდეს წინაშე თუალთა თქუენთა სიძე-ყოფად მეფისა? რამეთუ მე კაცი მკოდოვი ვარ და არა დიდებულ.

24. და უთხრეს მათ საულს ყოველი იგი სიტყუაჲ დავითისი.

25. და ჰრქუა საულ მონათა მათ თჳსთა: ესრე არქუთ დავითს: არა თუ სათხოველისა რა სიტყუაჲ არს აქა, ძნელღა თუ რაჲმე გიჩნს? უჴმდეს ღათუ რაჲმე მას, გარნა თუ ესე მორთმად მისა ასი სხეული მამაკაცისა ერთბამად მტერთა მათგან მეფისათა. რამეთუ ესრე განეზრახა საულს, ვითარმცა შე-ვითარ-რათა-აგდო დავით ჴელთა უცხოთესლთასა.

26. და მივიდეს და უთხრეს დავითს ყოველი იგი სიტყუაჲ საულისა. და სათნო-უჩნდა დავითს სიძე-ყოფად მეფისა და მორთმა, რაჲსაცა-იგი სთხოვდა მას. და ვიდრე არღარა მცირედნი ჟამნი წარსრულ იყუნეს,

27. წარვიდა დავით რაოდენითამე კაცითა და დასცნა უცხოთესლნი იგი, ვითარ ორასი ოდენ კაცი და მიუთვალა მათ კაცთა, რასა სთხოვდა მას მეფე; და მიერითგან ესიძა იგი მეფესა. და მისცა საულ ასული თჳსი მელქოლ ცოლად.

28. რაჟამს სცნა საულ, რამეთუ უფალი დავითის თანა იყო და მელქოლ, ასული მისი, და ყოველი ისრაჱლი ჰყვარობს მას,

29. უფროს ეჭუდა საულ დავითს და უფროს ემტერებოდა საულ დავითს ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.

30. გამოვიდეს მთავარნი იგი უცხოთესლთანი უჟამოდ და დავით უფროს შერაცხილ იყო ყოველთა მონათა საულისათა. და დიდებულ იქმნა სახელი მისი ფრიად.

19

1. ამისა შემდგომად ზრახვა-ყო საულ იონათანის თანა, ძისა თჳსისა, და ყოველთა თანა მონათა მისთა, რათამცა მოკლეს დავით.

2. იონათანს, ძესა საულისასა, უყუარდა დავით ფრიად და მუნთქუესვე უმხილა დავითს და ჰრქუა, ვითარმედ: მამაჩემი გიმზირს შენ მოკლვად. აწ ეკრძალე თავსა შენსა და ხვალე განთიად მივედ და დაიმალე ადგილსა ერთსა.

3. და მე შევიდე თავით ჩემით მამისა ჩემისა და გამოვიკითხო, რაჲ გულსა ედვას და გაუწყო შენ!

4. და შევიდა იონათან საულ მამისა თჳსისა კეთილის-თხოვად დავითისათჳს, ჰრქუა მას: ნუ უყოფ ბოროტსა, მეფე, დავითს, რამეთუ არა შეუცოდებიეს შენდა, არამედ ყოველნი საქმენი მისნი კეთილ არიან შენდა!

5. და თავი თჳსი მისცა ჴელთა მტერთასა, და მოკლა უცხოთესლი იგი შენსა წინაშე და ქმნა უფალმა ცხორებაჲ დიდი ჴელითა მისითა ისრაჱლსა ზედა; და იხილა ყოველმან ისრაჱლმან და განიხარა. აწ რაჲსა სცოდავ შენ და დასთხევ სისხლსა მართლისასა და მოაკუდინებ დავითს უბრალოდ?

6. ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე იონათანისი საულს, ფიცა და თქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი, ვითარმედ არა მოკუდეს დავით!

7. მაშინ მოუწოდა იონათან დავითს და ჰრქუა, რასა-იგი იტყოდა საულ მისთჳს და შეიყვანა იონათან დავით წინაშე საულისა. და იყო იგი მის წინაშე, ვითარცა გუშინ და ძოღან.

8. მერმე შე-ღავე-სძინეს ღვაწლი ბრძოლისა უცხოთესლთა მათ მიმართ და დავით უფროს განძლიერდებოდა და მოწყუედდა უცხოთესლთა მათ წყლულებითა დიდ-დიდითა, ნეშტთა მათ მეოტად წარიქცევდა.

9. და მოიწია სული იგი უკეთური უფლისამიერი საულისა ზედა და ჯდა იგი სახლსა შინა თჳსსა, და ლახვარი ჴელთა აქუნდა და დავით წინაშე მისსა ქნარითა განაცხრობდა ნელიად.

10. და საულ ემარჯვებოდა განგმირად დავითისა და შესტყორცა ლახვარი იგი დავითს და ვერ მიამთხჳა, რამეთუ დავით მიჰრიდა და ლახვარი იგი შეამსჭვალა კედელსა. და დავით გამოვიდა და წარვიდა მისგან.

11. და მასვე ღამესა წარავლინა საულ ერი რჩეული სახიდ დავითისა, რათა მოიცვან იგი სახლსა შინა მისსა, და განთიად მოკლან იგი. და უთხრა სიტყუაჲ იგი მელქოლ, ცოლმან თჳსმან, დავითს და ჰრქუა: არა თუ წარხჳდე შენ ამას ღამესა და არა აცხოვნო თავი შენი, ხვალე სიკუდიდ ხარ.

12. და გარდამოსვა მელქოლ დავით სარკმლით და წარვიდა სივლტოლით და განერა.

13. და შექმნა მელქოლ ცხედარსა მისსა ზედა კაცისსახედ ღჳძლი თხისა და ბირთჳ ერთი თმა სასთუნალით დაუდვა, დაბურა იგი სამოსლითა.

14. მერმე მიავლინა კუალად შეპყრობად დავითისა და ჰრქვა მელქოლ მოციქულთა მათ: იგი ჭირვეული ძეს ცხედარსა ზედა და სულთა ბრძავს. და უთხრეს ესე საულს.

15. და კუალად მიავლინა საულ მოციქულნი დავითისა და ჰრქუა: მითვე ცხედრითურთ მომართუთ მე იგი აქა, რათა მოვკლა იგი!

16. და მოვიდეს მოციქულნი იგი და იხილეს ცხედარი იგი სამარის მსგავსად შემკული და ღვიძლი თხისა და თმანი. მივიდეს და უთხრეს საულს.

17. და ჰრქუა საულ მელქოლს: რაჲსათჳს განმარინე მე და წარავლინე მტერი ჩემი და განმერა? მიუგო მელქოლამ საულს და ჰრქუა: მან ესრე მრქუა: უკუეთუ არა წარმგზავნო, მოგკლა შენო.

18. ივლტოდა და განერა დავით და მოვიდა სამოველისა არმათემად და უთხრა ყოველი, რაჲცა უყო მას საულ. და წარვიდეს დავით და სამოველ ნავათად ჰარამასასა და მუნ იყოფებოდეს.

19. და უთხრეს საულს და ჰრქუეს, ვითარმედ: აჰა, ესერა, არს დავით ნავათს ჰარამასასა!

20. და წარავლინნა საულ შეპყრობად დავითისსა. და ვითარცა მივიდეს, იხილეს მათ კრებული წინაწარმეტყუელთა, რამეთუ წინაწარმეტყუელებდეს და სამოველ მათ თანა. და მოიწია ერსა მისსა ზედა საულისასა სული ღმრთისა და იგინიცა წინაწარმეტყუელებდეს.

21. ვითარცა ესმა ესე საულს, მიავლინნა სხუანი მოციქულნი და იგინიცა წინაწარმეტყველებდესვე, და შესძინა საულ სხუანი მოციქულნი და იგინიცა წინაწარმეტყუელებდესვე.

22. და განრისხნა საულ გულისწყრომითა დიდითა, აღდგა და მივიდოდა იგი თჳთ არმათემად. და მოვიდა იგი ვიდრე დიდ ჯურღმულამდე, რომელი იყო სოქოთს. და იკითხჳდა საულ და თქვა: სადა არიან სამოველ და დავით? მიუგეს და ჰრქვეს: ნავათს ჰრამასასა!

23. და მოვიდოდა საულ ნავათად ჰრამასასა და მოიწია მის ზედა სული ღმრთისა, და სლვით ვიდოდა, და იგიცა წინასწარმეტყველებდავე, ვიდრემდი მოვიდა ნავათად ჰრამასსა.

24. და განიძარცვა სამოსელი თჳსი წინაშე სამოველისა და წინაწარმეტყველებდა. და მივარდა შიშველი ღამე ყოელ და დღე ყოელ, ამისთჳს სიტყჳს ჯერად თქჳან: აწ საულცა წინაწარმეტყველთა თანავე!

20

1. და წარმოვიდა დავით ნავათით არამასისით და შეემთხჳა იონათანს და ჰრქუა: რა შევსცოდე, ანუ რა ბოროტი ვყავ მამისა შენისა მიმართ, რამეთუ მეძიებს მე მოკლვად?

2. მიუგო იონათან დავითს და ჰრქუა: ნუ იყოფინ! რამეთუ არა მოჰკუდე! რამეთუ არა იყოს სიტყუაჲ მამისა, რომელიმცა არა ვსცან კეთილი, გინა ბოროტი. და ყოველივე გაცნობო შენ.

3. მიუგო დავით იონათანს და ჰრქუა: რამეთუ უწყის მამამან შენმან, ვითარღა მიპოვნიეს მადლი წინაშე შენსა და ესრე ჰნებავს, ვითარმედ, ნუმცა უწყის იონათან სიტყუაჲ ესე, რათა არა უმხილოს დავითს. ხოლო ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი, რამეთუ ჭეშმარიტად განმზადებულ არს სიკუდილი წინაშე მამისა შენისა.

4. და ჰრქუა იონათან დავითს: და რა გნებავს, თქუ, და იგიცა ვყო.

5. ჰრქუა დავით იონათანს: აჰა, ესერა, ხვალე დღესასწაული არს თთვისთავისა. და ჩემდა ჯერ-არს პურის რთვა მეფისა, და შენ განმავლინე მე, და მე მივიდე და დავემალო ველსა გარე სამ დღე!

6. და უკუეთუ მიკითხევდეს მამა შენი, ჰრქუა მამასა შენსა, ვითარმედ: იჯმნა დავით ჩემგან და მივიდა ბეთლემად, ქალაქად თჳსა, რამეთუ დღესასწაული არს მსხუერპლთა შესაწირავისა ნათესავ-ტომითურთ მისით.

7. უკუეთუ თქვას მამამან შენმან, რამეთუ: კეთილ არს! მაშინ უწყოდე, რამეთუ მშჳდობა არს მონისა შენისა. უკუეთუ ფიცხლად რამე მოგიგოს შენ, უწყოდე, რამეთუ ყოვლად ბოროტი ჰნებავს ჩემთჳს.

8. ხოლო შენ წყალობა-ყავ ჩემთჳს, მონისა შენისა, რამეთუ აღთქმით წინაშე ღმრთისა მომიყვანე მე დღესა, და უკუეთუ შეცოდება რაჲმე ჰპოო ჩემ თანა, მონისა შენისა, შენ მომკალ მე და ნუ შემიყვანებ მე წინაშე მამისა შენისა.

9. მიუგო იონათან დავითს და ჰრქუა: ნუ იყოფინ ეგე! უკეთუ ვსცნა, ვითარმედ ჭეშმარიტად განრისხებულ არს მამა ჩემი შენთჳს, მოვიდე და გაუწყო შენ და მეოტ იქმნა.

10. და ჰრქუა დავით იონათანს: და აწ ვინმე მოვიდეს და მითხრას მე ფიცხლად, თუ რაჲმე მოგაგოს შენ მამამან შენმან ჩემთჳს?

11. მიუგო იონათან დავითს და ჰრქუა: მოგვალე და განვიდეთ ველად! და განვიდეს.

12. რქვა იონათან დავითს: უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან უწყის, გამოვკითხო მამასა ჩემსა შენთჳს, რაჟამს მარჯვე იყოს ორგზის და სამგზისცა. და თუ კეთილი რაჲმე თქუას შენთჳს, გინა ბოროტი, გამოგივლინო კაცი და გაუწყო შენ.

13. ესე და ესე უყავნ, უფალო, იონათანს, უკუეთუ ყოველივე ადრე არა გაუწყო შენ და წარგავლინო შენ ჩემგან მშჳდობით. და იყავნ უფალი ღმერთი შენ თანა, ვითარცა იყო მამისა ჩემისა თანა.

14. და ცოცხალიღა თუ ვიყო მე, ყავ ჩემდა მომართ წყალობაჲ! უკუეთუ მოვკუდე,

15. ნუვე დააყენებ წყალობასა სახლისა ჩემისათჳს უკუნისამდე ჟამთა და რომელსა ჟამსა მოჰჴოცნეს უფალმან ყოველნი მტერნი დავითისანი თითოეულად პირისაგან ქუეყანისა!

16. რათა იპოებოდეს სახელი იონათანისი სახლსა დავითისისა, იძიენ უფალმან ჴელთაგან მტერთა დავითისათა!

17. და შე-ღავე-სძინა იონათან ფიცად დავითის მიმართ, რამეთუ უყუარდა იგი ფრიად.

18. და ჰრქუა მას იონათან: ხვალე დღესასწაული არს თთვისთავისა და

19. ხილვით იხილოს საჯდომელი შენი და შენ სამგზის იხილო, და მოხჳდე ადგილსა მას, სადაცა დამალულ იყო დღესა მას საქმისასა მაგას ქვეშე.

20. და მე მოვიდე და განვსტყორცნე სამნი ისარნი უტევნად.

21. და მივავლინო ყრმა ჩემი, და ვრქვა ყრმასა მას, ვითარმედ: მომართვენი ისი ისარნი ჩემნი, რომელ შევსტყორცენ! უკუეთუ ვრქვა, ვითარმედ: ეგერა, ისარნი იგი შენ კერძო! მაშინ უწყოდე, რამეთუ მშჳდობა არს და არა არს სიტყუაჲ ბოროტი. ცხოველ არს უფალი!

22. უკუეთუ ესრე ვრქვა ყრმასა მას, ვითარმედ შენითგან მიმართ მი-რე-იძიე, აღდეგ და ივლტოდე, რამეთუ წარგგზავნა შენ უფალმან.

23. ხოლო სიტყჳსა მისთჳს, რომელსა ვიტყოდეთ შენ და მე, მოწამე არს შორის ჩემდა და შორის შენსა ღმერთი, ნათესავისა ჩემისა შორის და ნათესავისა შენისა უკუნისადმე ჟამთა!

24. და დაემალა დავით ველსა მას შინა, და იყო დღესასწაული იგი თთვისთავისა. და მოვიდა მეფე ტაძრად პურის-ჭამად.

25. და დაჯდა მეფე საინაჴესსა თჳსსა და შემდგომად მისა დაჯდა იონათან, და მოვიდა აბენერ და დაჯდა გუერდით კერძო საულისსა, ხოლო ადგილი იგი დავითისი ცუდად დაშთომილ იქმნა.

26. და საულ არა თქუა მას დღესა შინა, რამეთუ ესრე ჰგონებდა, ვითარმედ ნუთუ ზრუნვასა რასმე შეპყრობილ იყოს გული მისი და არა განწმედილ იყოს.

27. და იყო ხვალისაგან, მეორესა დღესა მის თვისასა მიხედა საულ და იხილა ადგილი იგი დავითისი ცალიერადვე და ჰრქუა იონათანს, ძესა მისსა: რადმე არა შემოვიდა ძე იესესი გუშინ, ანუ დღეს პურის-ჭამად?

28. მიუგო იონათან და ჰრქუა: იჯმნა ჩემგან მისლვად ბეთლემად, ქალაქად თჳსა.

29. რამეთუ ესრე მრქუა, ვითარმედ: განმიტევე მე, რამეთუ შესაწირავი უყოფიეს ნათესავთა ჩემთაო და კაცი მომივლინესო ძმათა ჩემთა, რათა მივიდეო.აწ მიპოვნიეს თუ მადლი წინაშე შენსა, მივიდეო და ვიხილნე ძმანი ჩემნი და მის გამო არა შემოვიდა პურის-ჭამად შენს წინაშე.

30. და განრისხნა საულ ფრიად იონათანის ზედა და ჰრქუა: შობილო ქალო, გულ-დედალო, მდედრ გაზრდილო! მე არა ვიცი, რამეთუ შენ ერთგულ ხარ ძისა იესესისა სირცხჳლად შენდა და საგინებელად გამოჩინებისა სარცხჳნელისა დედისა შენისა?

31. რამეთუ ყოველთა დღეთა, ვიდრე ცოცხალ იყოს ძე იესესი ქუეყანასა ზედა, არა განგემარჯოს მეფობაჲ შენი. აწ წარავლინე ადრე და შეპყრობად-ეც იგი და მოყვანებად, რამეთუ შვილი სიკუდილისა არს იგი!

32. მიუგო იონათან მამასა თჳსსა და ჰრქვა: რასათჳს მოკუდების იგი, რა შეუცოდებიეს?

33. და აღიტაცა საულ ლახვარი იგი, რათამცა მოკლა იონათან, და სცნა იონათან, განაღაობით ნებავს მამასა მისსა მოკლვა დავითისი.

34. აღდგა იონათან ტაბლისა მისგან გულისწყრომით, გამოვიდა და არა ჭამა პური, რამეთუ განტყდა გული მისი დავითისათჳს, რამეთუ განიზრახა მამამან მისმან მოკულა დავითისი.

35. და იყო ხვალისაგან, გამოვიდა იონათან ველად პაიმანისა მისებრ, რომელ დაედვა დავითის თანა და ყრმა ერთი მცირე მის თანა.

36. და ჰრქუა იონათან ყრმასა მას: გვალე, მომართვენ ისარნი ჩემნი, რომელ გავსტყორცნო! და წარვიდა ყრმა იგი და განსტყორცნა ისარნი მოღებად.

37. და მირბიოდა ყრმა იგი ადგილსა მას ისართასა, რომელ-იგი სტყორცნა იონათან და უჴმო უკანა ყრმისა მის იონათან და ჰრქუა: შენსა მიმართრე არს ისარნი.

38. და უჴმო იონათან ყრმასა მას და ჰრქუა: მიისწრაფე ადრერე და ნუ დაიყოვნი! და აკრიბნა ყრმამან ისარნი იგი და მოართუნა უფალსა თჳსსა.

39. ხოლო ყრმამან მან არა იცოდა ზრახვა იგი მათი, გარნა იონათან და დავით.

40. და აღჴსნა იონათან მშჳლდი იგი და ისარნი და მისცა ყრმასა და ჰრქუა: გვალე, ადრე მიისწრაფე ქალაქად!

41. და წარვიდა ყრმა, და აღდგა დავით სამალველით და თაყუანი-სცა იონათანს სამგზის; და პირსა აკოცნეს ურთიერთას და ტიროდეს განყენებისა მათისათჳს მყოვარ ჟამ.

42. და ჰრქუა იონათან დავითს: აწ გვალე, ვიდოდე შენ მშჳდობით! და ვითარცა ვფუცეთ ურთიერთარს სახელსა მას უფლისასა და ვთქუ, ვითარმედ მოწამე არს უფალი შორის შენსა და ჩემსა და შორის ნათესავისა ჩუენისა, ეგრეცა იყავნ ვიდრე საუკუნომდე!

43. და აღდგა დავით და წარვიდა, და იონათან შევიდა ქალაქად თჳსსა.