1. და მოვიდა დავით ნობად აბიმელიქსა მღდელისა, და განუკჳრდა აბიმელიქს მღდელსა მისლვა იგი დავითისი და ჰრქუა: რად ეგრე? რაჲსათჳს მარტო მოხვალ და არა ვინ არს შენ თანა?
2. მიუგო დავით და ჰრქუა აბიმელიქს, მღდელსა ღმრთისასა: სიტყუაჲ ერთი მიბრძანა მე მეფემან საიდუმლო და მომავლინა, და მონანი ჩემნი განვიშვენ, და მელიან მე ადგილსა, რომელსა ჰრქჳან სარწმუნო ღმრთისა.
3. და აწ თუ გიც ხუთი ჴვეზა პურისა და სხუაცა თუ რამე არს ჴელთა შენთა, მომეც.
4. მიუგო მღდელმან მან და ჰრქუა: არა არს პური შერეული ჴელთა შინა ჩემთა, გარნა პური იგი შესაწირავისანი. აწ წმიდა თუ არიან ყრმანი შენნი დედათაგან, მიიღეთ და ჭამეთ.
5. მიუგო დავით მღდელსა და ჰრქუა: დედათაგან წმიდა ვართ, გუშინდლითგან და ძოღანდლითგან, ვინათგან გამოვედით გზასა ამას, წმიდა ვართ, და გზათა, თუ ესე საეჭველ არს, ხოლო დღეს წმიდა ვართ, და ყრმანიცა ჩემნი განწმედილ არიან.
6. ამოიღო პური იგი აბიმელიქ და მისცა მას პური იგი, რომელ დაგებულ იყო წინაშე უფლისა, რამეთუ სხუაჲ პური შერეული არა იდვა, გარნა პური იგი, რომელ დაგებულ იყო წინაშე უფლისა.
7. და იყო ვინმე მუნ მონათა მათგანი საულისთა კაცი ერთი, სულით სნეული, შეკრული წინაშე უფლისა, და სახელი მისი დოიკ იდუმელი, მეჯორე საულისი.
8. და ჰრქუა დავით აბიმელიქს: იხილე შენ, არს თუ სადა შენ თანა ჰოროლი, ანუ ჴმალი, ანუ ლახვარი, რამეთუ ჴმალი ჩემი და საჭურველი ჩემი არა მოვიღე ჩემ თანა, რამეთუ ბრძანებაჲ იგი მეფისა მსწრაფლ იყო.
9. მიუგო მღდელმან მან და ჰრქვა: აჰა, ეგერა, ჴმალი იგი გოლიადისა, უცხოთესლისა მის, რომელ შენ მოჰკალ ღელესა მას ელისსა, წარგრაგნილი სამოსლითა ძეს, იგი თუ მიგაქუს, მიიღე; ხოლო მახჳლი არა არს ჩემ თანა, თჳნიერ მისა. მიუგო დავით და ჰრქუა: მომართუ მე იგი, რამეთუ არა არს მისა უმჯობესი! მოიღო აქიმელექ ჴმალი იგი და მისცა მას.
10. და ადგა დავით სწრაფით და ივლტოდა საულისგან, და მოვიდა იგი ანქუშისა, მეფისა მის გეთელთასა.
11. მაშინ ჰრქუეს ანქუშს მონათა მათ მისთა: არა ესე არს დავით მეფე იგი ქუეყანისა? არა ამას გამოეგებვოდეს მაქებელნი იგი, რომელ იტყოდეს: საულ დასცა ათასები, ხოლო დავით დასცნა ბევრეულნი?
12. და ვითარცა ესმა დავითს სიტყუაჲ ესე, შეეშინა ფრიად ანქუშისა, მეფისა გეთელისა.
13. და განიმრუდა პირი მისი წინაშე მათსა და მოიცოფა თავი თჳსი, როკავნ და იქცევინ იგი კარით კარად მიბჭედმდე ქალაქისა, მერმე იწყო ოთხითა სლვად, გორვად და პეროად და აღავსებდა პერითა მით წვერთა მისთა.
14. და ჰრქუა ანქუშ მონათა თჳსთა: სადა ჰპოვეთ კაცი ეგე სულითა სნეული, რამეთუ მოიყვანეთ ეგე ჩემ წინაშე?
15. ნაკლულ ნურა ვიყვენით ჩუენ ესევითარითა სნეულითა, რად გამოიყვანედ ესევითარი სნეული წინაშე ჩემსა? აწ ნურღარა შემოვალნ ეგე სახლსა ჩემსა.
1. და წარვიდა დავით მშჳდობით, განერა და მივიდა იგი ქვაბთა მათ ოდოლონისათა. ესმა რა უკუე ძმათა მისთა და ყოველსა სახლსა მამისა მისისასა, და მოვიდეს მუნ.
2. და შემოუკრბებოდა მას ყოველი ჭირვეული და იყო მათა ერისთავ და იყუნეს იგინი ვითარ ოთხას ოდენ კაცი.
3. და წარვიდა იგი მასეფთად მოაბელთა და ჰრქუა დავით მეფესა მას მოაბელთასა: იყუნედ მამა ჩუენი და დედა ჩუენი შენ თანა, ვიდრემდის ვსცნა, თუ რა ყოს ღმერთმან ჩუენთჳს.
4. და შეეაჯა მეფესა მას მოაბელთასა. და იყუნეს მის თანა, ვიდრე იყო დავით ჭირსა მას შინა.
5. და ჰრქუა მას გაად წინაწარმეტყუელმან: ნუ ჰზი შენ ქალაქსა ამას, არამედ წარვედ შენ ქუეყანად იუდაისა! და წარვიდა დავით მიერ და მივიდა და დაემკჳდრა ქალაქსა მას სართისა.
6. და ესმა საულს, ვითარმედ დავით გამოჩნდა და კაცებიცა იგი, რომელ იყო მის თანა. და საულ ჯდა ბორცუსა მას ზედა საჴნველთასა, და ჰოროლი ჴელთა ჰქონდა მას, და მონანი იგი მისნი დგეს წინაშე მისსა.
7. მაშინ ჰრქუა საულ ერსა მას: ისმინეთ ესე, ნაშობნო ბენიამენისანო! უკუეთუ ნანდვილვე ძემან იესესმან მოგცეს თქუენ დაბნები და აგარაკები, გინა ზვრები ვენაჴთა, ანუ თუ დაგადგინეს თქუენ ასისთავად და ათასისთავად?
8. რამეთუ ყოველნი სდგათ და არა ვინ იპოვა კაცი ერთი თქუენგანი, რომელმანცა მიმხილა მე, რაჟამს-იგი შეიყოფვოდეს, აღთქუმასა ჰყოფდეს ძე იგი ჩემი იონათან ძისა თანა იესესისა; და არა ვინ იყო თქუენგანი, რომელსამცა გული ელმოდა ჩემთჳს, და მიმხილა მე, რაჟამს აღადგინებდა ძე იგი ჩემი მონასა ჩემსა მტრად ჩემდა, ვითარცა-ესე დღესდღე.
9. მიუგო დოიკ იდუმელმან, მეჯორემან საულისამან, და ჰრქუა: ვიხილე მე ძე იესესი, რაჟამს მოსრულ იყო ნოაბად აქიმელექისსა, ძისა აქიტობისა, მღდელისა მის.
10. და იკითხჳდა იგი მის მიერ უფლისაგან, და საგზალი მისცა მას და ჴმალი იგი გოლიადისა მისცა მას.
11. და წარავლინა საულ მოწოდებად აქიმელექ მღდელისა, ძისა აქიტობისა, და ყოველთა მამისა მისისათა მღდელთა მათ, რომელნი იყუნეს ნობას. და მოკრბეს ყოველნი საულისა.
12. და ჰრქუა მას საულ: შენ გეტყჳ, აქიმელექ, ძეო აქიტობისაო! და ჰრქუა მან: აჰა, აქა ვარ! იტყოდეს უფალი!
13. ჰრქუა მას საულ: რაჲსათჳს შეეზრახე შენ ძესა იესესსა ჩემთჳს და მიეც მას საგზალი და ჴმალი იგი გოლიადისა? და იკითხვიდიღა მისთჳს უფლისაგან აღდგომად მისა მტერად ჩემ ზედა. ვითარცა ესე დღესდღე.
14. მიუგო აქიმელექ და ჰრქუა: ვინ სარწმუნო იყო მონათა შენთაგანი, ვითარ დავით, არამედ სიძეცა გეყო იგი მეფესა და ჴელმწიფე და განმგებელ ყოველსა განსაგებელსა სამეფოსა.
15. და დღეს არარომელ მიც კითხვად მისთჳს უფლისაგან, ნუ იყოფინ, მეფე, და ნუ დაჰკრებ მონასა შენსა ზედა ბრალსა, ნუცა სახლსა ზედა მამისა ჩემისასა, რამეთუ არა ვიცი მე ზაკვა მაგას შინა, დიდი სიტყუაჲ ანუ მცირე.
16. ჰრქუა მას საულ მეფემან: სიკუდილით მოჰკუდე შენ, აქიმელექ, და ყოველი სახლი მამისა შენისა!
17. ჰრქუა საულ მსახურთა მათ მისთა, რომელნი დგეს წინაშე მისსა: წარიყვანენით მღდელნი ეგე უფლისანი და მოსწყჳდენით ყოველნი! რამეთუ ჴელი მაგათი დავითის თანა არს და უწყოდეს მაგათ სივლტოლა იგი მისი და არა მაუწყეს მე. ხოლო მათ არა ჯერ-იჩინეს მოკლვა მღდელთა მათ უფლისათა.
18. და ჰრქუა საულ დოიკ იდუმელსა: მივედ და მოსწყჳდენ მღდელნი ეგე უფლისანი მახჳლითა! მივიდა დოიკ იდუმელი და მოსწყჳდნა მღდელნი იგი უფლისანი მახჳლითა, და მოსრნა მან მას დღესა შინა სამასოთხმოცდახუთი კაცნი, რომელნი-იგი წარდგებოდეს მსახურებასა მას უფლისასა.
19. ნობა, ქალაქი იგი მღდელთა, მოსრა მახჳლითა მამაკაცითგან მიდედაკაცამდე, ყრმა და ძუძუსმწოვარი, ზროხა და ცხოვარი ყოველი მოსრა პირითა მახჳლისათა.
20. და განერა მუნ ძე ერთი აქიმელიქისა, ძისა აქიტობისა, რომლისა სახელი აბიათარ, ივლტოდა და მივიდა დავითისა და იყო მის თანა.
21. და უთხრა მას ამოწყუედა იგი მღდელთა მათ.
22. და ჰრქუა დავით აბიათარს: ვსცან მასვე დღესა, რაჟამს ვიხილე მე დოიკ იდუმელი იგი, მეჯორე, და ვთქუ-მეთქი: მიუთხრას ესე ყოველი საულს. აწ მე თანამდებ არა ვარ სისხლთა მათთა და ყოვლისა მის სახლისა მამისა შენისასა.
23. აწ იყავ შენ ჩემ თანა და ნუ გეშინინ! რამეთუ ვიძიო შური შენი, ვითარ თავისა ჩემისა, ხოლო აწ შენ განრინებულ ხარ და იყავ ჩემ თანა!
1. მოვიდეს და უთხრეს დავითს, ვითარმედ: აჰა, ესერა, უცხოთესლნი მოდგომილ არიან და ჰბრძვანან კეილასა, და გარემოს არბევენ საცხოვარსა, და შესჭამენ ჴუვილსა და დასტკებნიან ყანობირსა!
2. და იკითხა დავით უფლისაგან და თქუა: მიბრძანო თუ, მივიდე და მოვსრნე უცხოთესლნი იგი! და ჰრქუა უფალმან დავითს: მივედ და მოსრენ უცხოთესლნი იგი და განარინე კეილა!
3. მიუგო ერმან მან, რომელი იყო დავითის თანა და ჰრქუეს: ჩვენ ჰურიასტანს ვართ შიშსა შინა, აწ ვერ მივიდეთ კეილად ღელესა მას უცხოთესლთასა.
4. მერმე შე-ღავე-სძინა დავით კითხვად უფლისაგან და ჰრქუა უფალმან დავითს: გვალე, მივედ შენ ადრე, რამეთუ მიმიცემიან იგინი ჴელთა შენთა!
5. და წარვიდა დავით კაცითურთ, რომელნი იყუნეს მის თანა კეილად, და ბრძოლა-ყო უცხოთესლთა მათ თანა. და ერეოდა დავით, და მეოტ იქმნნეს იგინი პირისაგან მათისა, და მოსრნა იგინი წყლულებითა დიდითა და დაყარა ნატყუენავი იგი ერსა მას და განარინა მკჳდრნი კეილოს.
6. და იყო, რაჟამს ივლტოდა აბიათარ, ძე აქიმელექისა, და მივიდა დავითისა და შთავიდა კეილად და აქუნდა ეფუდი იგი.
7. მაშინ უთხრეს საულს, ვითარმედ: ესერა, მივიდა დავით კეილად! და თქუა: აწ უწყი, რამეთუ განწირა უფალმან ჴელთა მიმართ ჩემთა, რამეთუ შევიდა იგი ქალაქსა მას მოზღუდვილსა და განკრძალულსა ბჭითა და მოქლონებითა.
8. და ჰრქუა საულ ყოველსა ერსა მოსლვად მის თანა, რათა შთავიდეს და ჰბრძოდიან კეილასა შეცვად დავითისა და ერისა მის, რომელ მის თანა იყო.
9. და აგრძნა დავით ზედამისლვა იგი საულისი, რამეთუ არღა დაევიწყა საულს უკეთურებაჲ იგი, რომელ ეზრახა დავითისთჳს, და ჰრქუა დავით აბიათარს მღდელსა: განიპყარ ევფუდი ეგე წინაშე უფლისა.
10. და თქუა დავით: უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, სმენით მესმა მონასა შენსა, რამეთუ ზედამომივალს მე საულ კეილად მოსრვად ქალაქისა ამის ჩემ გამო!
11. აწ ჩამო-თუ-ვიდეს აქა საულ, ვითარცა მესმა მონასა შენსა, უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, ესე მაუწყე მე, უფალო, მონასა შენსა, და ჰრქუა უფალმან: ღმერთმან შეიცვას.
12. და თქუა დავით: და მი-მე-მცნეა კეილელთა და ერი ესე ჩემი ჴელთა საულისათა? და ჰრქუა უფალმან: მიგცნე.
13. და აღდგა დავით სწრაფით, და წავიდა და ერი იგი, რომელ მის თანა იყო, ვითარ ოთხას ოდენ კაცი, ვიდრეცა ვიდოდეს და უთხრეს საულს, ვითარმედ: განერა დავით, და განერა და გავიდა კეილაჲთ. და ადგილობანს ფერჴი დაიპყრა საულ.
14. და მოვიდა დავით და დაადგრა უდაბნოსა ძნელოვანსა მას ზიფელთასა, მთასა მას არმუროვანსა, და ეძიებდა საულ დავითს ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა. და არა მოსცა იგი უფალმან ჴელთა მისთა.
15. რაჟამს სცნა დავით, ვითარმედ ეძიებს მას საულ, და დავით ჯდა მთასა მას არმუროვანსა ზიფელთასა.
16. და აღდგა იონათან, ძე საულისი, და მივიდა დავითისა და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი უფლისა მიმართ.
17. და თქუა: ნუ გეშინინ შენ, დავით, რამეთუ არა გპოოს შენ მამამან ჩემმან, და შენ მეფობდე ისრაჱლსა ზედა, და მე ვიყო შემდგომად შენსა, და საულცა, მამამან ჩემმან, უწყის ესე, რამეთუ ესრე არს.
18. და აღთქმა აღთქვეს და წამება დადვეს წინაშე უფლისა. და დავით დაადგრა მუნვე ახალთა მათ და იონათან წარვიდა სახიდ თჳსა.
19. და მოვიდეს ზიფელნი იგი საულისა ბორცვად და ჰრქუეს: აჰა, ესერა, დავით დამალულ არს ჩვენ შორის მესერამს, ძნელოვანსა მას, ახალთა მათ ოდენ ბორცუსა მას ქელას, რომელ არს მარჯულ კერძო ესემონსა.
20. და აწ აღესრულა ყოველი ნება გულისა შენისა, მეფე, რამეთუ შემოყენებულ არს იგი ჴელთა შენთა.
21. სიტყუად იწყო საულ ერისა მის მიმართ და ჰრქუა: კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რამეთუ გელმოდა თქუენ ჩემთჳს!
22. და აწ მოვედით და მზა იყვენით, და მოიხილეთ ადგილი იგი და ჭეშმარიტად მაუწყეთ მე, ნუუკუე მო-რამე-გერგოს თქუენ ზაკულებითა მისითა.
23. არამედ ჭეშმარიტად დაისწავეთ ადგილი იგი, სადა დამალულ იყოს. და მოდით და მითხართ ჩუენ, და ჩუენ მოვიდეთ განმზადებულნი და მოვიძიოთ იგი, სადაცა დამალულ იყოს ათასითა ამით ერითა იუდასითა.
24. და წარვიდეს ზიფელნი იგი საულისგან, და დავით და ერი მისი ჯდა მარჯულ კერძო ესემონისა.
25. და წარვიდა საულ ერითურთ ძიებად დავითისა და უთხრეს დავითს გუშაგთა მათ მისთა, ვითარმედ: აჰა, ეგერა, საულ ერითურთ მისით გეძიებს შენ! ვითარცა ესმა დავითს, შთავიდა მას, რომელ-იგი იყო უდაბნოსა მას მაონათ კერძო. და საულ დევნა-უყო დავითს უდაბნოსა მას მაონისასა.
26. და საულ ვიდოდა ერითურთ მისით მიერ კერძო მთასა მას. და დავით ერითურთ გარდაფარულ იყო სივლტოლასა მას პირისაგან საულისა. და საულ და ერმან მისმან შეიცვეს დავით და ერი მისი, რომელ მის თანა იყო. და ვითარ შე-ოდენმცა-იპყრეს იგინი,
27. მეყსეულად მოციქული ხოლო ვიდა სოფლით საულისა და ჰრქუა: მოიქეც ადრე, რამეთუ, აჰა, ესერა, უცხოთესლნი მოეტევნეს სოფლად ჩუენდა!
28. და მუნთქუესვე ხოლო იქცა საულ და დაუტევა დევნა იგი დავითისი, და მოვიდა შემთხუევად უცხოთესლთა მათ. ამის გამო ერქუმის ადგილსა მას "კლდე განსაყენებელი".
1. და წარვიდა დავით და დაადგრა ძნელოვანსა მას გადდესა.
2. და იყო, ვითარცა მოიქცა საულ უცხოთესლთა მათგან, უთხრეს მას, ვითარმედ: აჰა, ესერა, დავით მოსრულ არს უდაბნოსა მას გადესსა!
3. და წარიყვანა საულ მის თანა სამი ათასი კაცი რჩეული ყოველთაგან ისრაჱლთასა და მივიდა ძიებად დავითისა და ესეკ სადამისისა ადგილთა კაპანთა ფრიალოთა.
4. და მოვიდა იგი ადგილსა მას მწყემსთასა. და იყო მუნ ქვაბი ერთი. და შევიდა მუნ საულ განსვენებად მას შინა. და დავით ერითურთ მისით დამალულ იყო შინაგან ქვაბთა.
5. და ჰრქუეს კაცთა მათ დავითს, რომელნი მის თანა იყუნეს: ესე დღე მათ დღეთაგანი არს, რომელსა დღესა აღგითქვა ღმერთმან მოცემად მტერთა შენთა ჴელთა შინა შენთა. აწ ყავ, რომელი კეთილ არს შენ წინაშე! და მოვიდა დავით მსწრაფლ საულისა და მოჰკუეთა ფრთე ერთი ქლამინდისა მისისისა.
6. და შეინანა ფრიად დავით გულსა შინა თჳსსა, რამეთუ მოჰკუეთა ქლამინდსა მისსა.
7. და ჰრქუა დავით ერსა მას: ნუ იყოფინ ჩემდა ეგე უფლისა მიერ, რათამცა ვნებაჲ რამე შევამთხჳე უფალსა ჩემსა, რამეთუ ცხებული უფლისა არს იგი!
8. და შეაჯერა დავით სიტყჳთა ამით ერსა მას მისსა და არა ვის უტევა მოკლვად საულისა. და გამოვიდა საულ ქვაბისა მისგან და წარვიდა გზასა თჳსსა.
9. შემდგომად მისა გამოვიდა დავითცა და უჴმობდა მიმართ და თქუა: უფალო ჩემო მეფე! და გარეუკმოიხედნა საულ და დადრკა დავით და დამხედ თაყუანი-სცა მას.
10. ჰრქვა დავით მეფესა: რადმე ისმენ სიტყუასა მონათა შენთასა, რომელნი გითხრობენ, ვითარმედ დავით გიმზირს შენ მოკლვად?
11. აჰა, ესერა, იხილეს თუალთა შენთა, რამეთუ განგწირა შენ უფალმან დღეს ჴელთა ჩემთა ქვაბსა ამას შინა და მე არა მოგკალ, რამეთუ ვთქუ, ვითარმედ: არა მივყო ჴელი ცხებულსა ზედა უფლისასა, რამეთუ უფალი არს ჩემი.
12. და აწ იხილე, რამეთუ კიდე ქლამინდისა შენისა არს ჴელთა შინა ჩემთა, რომელი მოვკუეთე, და შენ არა მოგკალ. და აწ გულისხმა-ყავ, რამეთუ არა არს უკეთურება ჩემ თანა და არცა შეურაცხება და უთნოობა, და არცა გავნე შენ, და შენ მდევნი მე.
13. და აწ საჯენ უფალმან ჩემ შორის და შენ შორის! და სამართალი გამომეცინ მე უფალმან შენგან, რამეთუ ჴელმან ჩემმან არა გავნო შენ.
14. ვითარცა-იგი თქჳან პირველთა მათ სიტყჳსჯერად, ვითარმედ: ჴელთაგან უსჯულოსათა გამოჴდეს ცოდვა. აწ, ესერა, ჴელნი ჩემნი შენდა მიმართ არა შეიგინნეს!
15. და ვის შეუდგნ და სდევნ მეფე ეგე ისრაჱლისა, ძაღლსა ერთსა მკუდარსა უკანაშეუდგ და სდევნი, ანუ თუ გრწყილსა ერთსა დასდევ უდაბნოსა ამას ზედა?
16. საშჯელი ყავნ უფალმან შენდა და ჩემ შორის და სამართალი გამომეცინ ჴელთაგან შენთა!
17. და იყო, ვითარცა დაასრულნა სიტყუანი ესე დავით, ჰრქუა საულ: ესე შენი ჴმა არს, შვილო ჩემო დავით? და ტიროდა საულ ჴმითა მაღლითა.
18. და თქუა: ყოველი სამართალი შენი უფროს არს, ვიდრე ჩემი, შვილო! რამეთუ შენ მომაგე მე კეთილი და მე მიგაგე შენ ბოროტი კეთილისა წილ.
19. და დღესცა შენვე მომაგე კეთილი, ვითარ-იგი შენ მითხარ, რამეთუ შემომამწყუდია უფალმან დღეს ჴელთა შენთა, და შენ არა მომკალ მე.
20. და ვინმე არს, რომელმანცა პოვა მტერი იწროებასა შინა და არა მოკლა იგი, არამედ განუტევა იგი გზასა თჳსსა კეთილობითა? უფალმან მიაგოს მას კეთილი, ვითარცა ესე შენ ყავ დღეს ჩემთჳს!
21. და აწ ჭეშმარიტად უწყი, რამეთუ მეფობით მეფობდე შენ და მიიწიოს უფლება შენი ყოველსა ზედა ისრაჱლსა!
22. და აწ მოვედ და მეფუცე მე უფალსა, რათა არა აღჴოცო შემდგომად ჩემსა ნათესავი ჩემი და არა წარსწყმიდო სახელი ჩემი სახლისაგან მამისა ჩემისა!
23. და ეფუცა დავით საულს. და წარვიდა საულ სახიდ თჳსა და დავით და მისთანანი იგი აღვიდეს მასეფთად იწროსა მას.
1. და მას ჟამსა მოკუდა სამოველ და შეკრბა ყოველი ისრაჱლი. და დაიტყებეს იგი და დაფლეს საფლავსა თჳსსა არმათემს და დავით შთავიდა უდაბნოსა მას მაონისასა.
2. და იყო მუნ კაცი ერთი მაონას და არვე მისი კარმელს; და კაცი იგი მდიდარი იყო ფრიად და ედგა მას სამ ათასი ცხოვარი და ათასი თხა და რისვიდა იგი ცხოვარსა მას მისსა კარმელს.
3. სახელი კაცისა - მის ნაბალ და ცოლისა მისისა აბეგა. და ცოლი იგი მისი იყო სახიერ გონებითა და კეთილ ქმნულებითა, ხოლო ქმარი იგი მისი ფიცხელ და ბოროტ და ბილწ გზათა მისთა და უღირს გონებითა თჳსითა.
4. და ესმა დავითს, ვითარმედ რისავს ნაბალ კარმელს საცხოვარსა თჳსსა.
5. და წარავლინა დავით მონანი თჳსნი ათნი და ჰრქუა: მივედით თქუენ კარმელად ნაბაალისსა და არქუთ მას კითხვად მშჳდობისა ჩუენ მიერ.
6. და არქუთ მას, ვითარმედ, ესრე თქუა დავით: მშჳდობა და სიცოცხლე შენ თანა იყავნ და სახლისა შენისა და ყოველი, რაჲცა იყოს შენი.
7. აწ გვესმა ჩუენ, ვითარმედ რისვა არს მწყემსთა მათ შენთა საცხოვარისა მის შენისა, რომელნი იყოსვე ჩუენ თანა მთასა მას კარმელსა.
8. და შენცა ჰკითხე მწყემსთა მაგათ და გითხრან შენ. და აწ პოვედ მონათა მათგან ჩემთა მადლი წინაშე შენსა, რამეთუ ჟამსა დღესა კეთილსა მიმთხუეულ ვართ, აწ მო-რა-მეც შვილსა ამას შენსა, რაჲცა გეპოოს ჴელთა შენთა.
9. და მოვიდეს მონანი იგი დავითისნი ნაბალისა და უთხრეს მას ყოველი იგი სიტყუაჲ დავითისი.
10. და განჰკრთა ნაბალ და ჰრქუა მონათა მათ დავითისთა რისხჳთ: ვინ არს დავით, ანუ ვინ არს ძე იგი იესესი? აწ დღეს გან-რამე-მრავლებულ არიან, დაუტეობიან თჳთეულად თჳსნი უფალნი და განძლიერებულ არიან თჳსთა უფალთაგან!
11. და აწ მოვიღო პური ჩემი და ღჳნო ჩემი და პატრუჭაკი იგი ჩემი, რომელ დაუკალ მრისველთა ჩემთა და მივსცე კაცთა მათ, რომელ არა ვიცნი, ვინანი არიან?
12. და წარმოვიდეს მონანი იგი ცალიერნი და უთხრეს დავითს ყოველი იგი სიტყუაჲ ნაბალისი.
13. და ჰრქუა დავით კაცთა მათ, რომელნი მის თანა იყუნეს: აღიღეთ კაცად-კაცადმან თქუენმან მახჳლი თჳსი თჳთეულად! და დავითცა შეირტყა მახჳლი თჳსი და წარვიდეს დავითის თანა, ვითარ ოთხასი კაცი, და ორასნი შინა დადგეს ვანისმცველად.
14. და მუნთქუესვე მირბიოდა ყრმა ერთი აბგეასა, ცოლისა მის ნაბალისა, და უთხრა ყოველი იგი, რაჲცა ჰრქუა ნაბალ მონათა მათ დავითისთა, და ჰრქუა: მე ვსცან, ვითარმედ მოუვლინნა დავით უდაბნოთ მოციქულნი ქმარსა შენსა და მან არად შერაცხნა იგინი.
15. და კაცნი იგი კეთილ იყუნეს ჩუენთჳს და ფრიად, არას გვავნებდეს ჩუენ, ვიდრე-იგი ვიყვენით ჩუენ არეობად.
16. და ვითარცა ზღუდე იყუნეს ჩუენთჳს დღე და ღამე ყოველთა დღეთა, ვიდრე-იგი მათ თანა ვიყვენით მთასა მას, შეგვეწეოდეს დღით და ღამით, ვიდრე-იგი ვმწყსიდით საცხოვარსა ამას.
17. აწ განიზრახე გონებასა შენსა, რაჲ ყო, რამეთუ მოწევნად არს ბოროტი უფალსა ჩუენსა ზედა და სახლსა ზედა ნაბალისასა, რამეთუ იგი კაცი ჯერკვალი არს და არა ჯერ-არს სიტყჳს-გებად მისა!
18. განკრთა აბგეა და აღდგა მსწრაფლ და მოიღო მან ორასი ჴუეზა პური, ორი საწყული ღჳნო და ხუთი ცხოვარი მომზადებული და ხუთი ჴჳმირი ჴალი და ჴჳმირი ერთი სკიჭი, ორასი ლეღვისკვერი, და აჰკიდა იგი კარაულთა.
19. და წარსცა იგი წინა მონათა მისთა და ჰრქუა: ვიდოდით თქვენ და მე გეწიო უკანა! და ქმარსა მას მისსა არა უთხრა.
20. და ვითარცა-იგი აღჯდა კარაულსა თჳსსა, შთავიდოდა იგი შთამართ მთისასა. და, აჰა, დავით ერითურთ აღმოვიდოდა და შეემთხჳვნეს გზასა ზედა.
21. სიტყუად იწყო დავით მიერვე და თქუა: ცუდად ვიდრემე ვსცევდ ყოველსა მას საცხოვარსა ნაბალისასა უდაბნოსა მას ზედა და არა ვის უტევე დაჭირვება მისა და აწ მან მომაგო მე ბოროტი კეთილისა წილ?
22. ესე რაჲმე უყავნ ღმერთმან დავითს და ესე შესძინენ, უკუეთუ დაუტეო მე სახლისა მის ნაბალისი ვიდრე განთენებადმდე ყრმაცა ერთი, რომელიმცა მიექცა კედელსა!
23. ვითარ იხილა აბგეა დავით, გარდაჴდა სწრაფით კარაულსა თჳსსა, დავარდა პირსა ზედა თჳსსა წინაშე დავითისა და თაყუანი-სცა მას.
24. უპყრა ფერჴთა და ჰრქუა: ჩემდა მომართ არს, უფალო, შეცოდება ესე! აწ იტყოდის მჴევალი ესე შენდა მიმართ და ისმინე მჴევალისა შენისა.
25. და ნუ ჰყოფს ბოროტსა უფალი ჩემი კაცისა მისთჳს ბილწისა, რამეთუ შემსგავსებულად საქმისა მისისა არს სახელიცა მისი, რამეთუ ნაბალ ითქმის უწესობა და უგუნურება, ხოლო მე, მჴევალმან შენმან, არა ვიხილენ მონანი იგი შენნი, რომელ აღმოგევლინნეს მუნ.
26. და აწ, უფალო ჩემო, ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი! რამეთუ დაგაყენა შენ უფალმან, რათამცა არა მოვიდა შენ ზედა სისხლი უბრალო და დაიცვა ჴელი შენი შენ თანა. აწ ნაბალისებრ შეიქმნედ ყოველნი მტერნი უფლისა მაგის ჩუენისანი, რომელთა უნდა ბოროტი უფლისა მაგის ჩუენისა.
27. და აწ მოიღე კურთხევა ეგე, რომელ მიგიპყარ მჴევალმან შენმან უფალსა ჩემსა და მიეც მონათა მაგათ შენთა, რომელნი დგანან წინაშე უფლისა ჩემისა.
28. და მიუტევე შეცოდება მჴევალსა შენსა და ყოს უფალმან უფლისა ჩემისა სახლი სარწმუნო და ღუაწლი იგი უფლისა ჩემისა. და უფალმან ღმერთმან მოიღუაწოს და ბოროტი შენ თანა არა იპოოს.
29. და აღ-თუ-დგეს ვინმე მბრძოლად უფლისა ჩემისა და ვინმე დგეს, ეძიებდეს სულსა შენსა და იყოს სული იგი უფლისა ჩემისა შეკრულ კრულებითა მით ცხორებისათა უფლისა ღმრთისათა და თავი მტერთა შენთა შემუსრო შურდულთა შინა შენთა.
30. და ყოს უფალმან უფლისა ჩემისათჳს კეთილი, რომელიცა-იგი აღგითქუა შენ და დაგამტკიცოს შენ უფალმან მთავრად და წინამძღურად ისრაჱლსა ზედა!
31. და ნუ შეგემთხუევინ შენ ესე ბილწება და საცთური, უფალსა ჩემსა, დათხევად სისხლისა მართლისა უბრალო! დაიცვეს უფალმან ჴელი უფლისა ჩემისა ბოროტისაგან და ახაროს უფალმან უფალსა ჩემსა და მოიხსენო შენ მჴევალი შენი და კეთილი უყო მას.
32. და ჰრქუა დავით აბგეასა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან მოგავლინა შენ დღეს აქა შემთხუევად ჩემდა!
33. და კურთხეულ ხარ შენ და სახეცა შენი და კურთხეულ იყავ შენ, რამეთუ დამაყენე მე დღესდღე, რათა არა მივიდე მე დათხევად სისხლისა უბრალოსა ჴელითა ჩემითა!
34. ხოლო ცხოველ არს ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან დააყენა ჴელი ჩემი ბოროტისა ყოფად თქუენდა მიმართ, თუმცა არა მოსრულ იყავ შემთხუევად ჩემდა, არამცა დამეტევა განთენებადმდე ნაბალისი, რომელმანცა შეაფსა კედელსა.
35. და მიიღო დავით ყოველი, რაჲცა მოერთვა აბგეასა, და ჰრქუა მას დავით: წარვედ შენ მშჳდობით სახიდ შენდა და გულისხმა-ყავ, რამეთუ ვისმინე შენი და თუალ-გახვენ შენ.
36. და წარვიდა აბგეა მუნვე ნაბალისა, რამეთუ სმა ეყო მას და იშვებდა იგი ტაძრობასა მას სამეფოსა და გული ნაბალისი მხიარულ იყო ფრიად, სთროდა. და მას დღესა არა უთხრა აბგეა სიტყუაჲ დიდი, არცა მცირე ვიდრე განთიადმდე.
37. და ვითარცა განთენა და ღჳნო იგი გამოჰქარდა ნაბალს, უთხრა ცოლმან მისმან ყოველი იგი სიტყვა. და მუნთქუესვე მოკუდა გული ნაბალისი და შეიქმნა ვითარცა ქვა.
38. და მისა შემდგომად ვითარცა ათი ოდენ დღე წარჴდა, მოაკუდინა უფალმან ნაბალ.
39. და ესმა დავითს სიკუდილი ნაბალისი და თქუა: კურთხეულ იყავნ უფალი, რომელმან საჯა სასჯელი იგი ნებისა ჩემისა ჴელთაგან ნაბალისათა და მონა მისი ბოროტის-ყოფისგან დაიცვა და უკეთურება იგი ნაბალისი დაჰკრიბა თავსა მისსა! და მიავლინა დავით აბგეასა მოყვანებად იგი მისა ცოლად.
40. და ვითარცა მოვიდეს მოციქულნი დავითისა აბგეასსა კარმელად და ჰრქუეს მას: დავით მოგვავლინნა ჩუენ შენდა მიყვანებად ცოლად მისა!
41. ვითარცა ესმა აბგეას, დამხედ თაყუანი-სცა და ჰრქუა მათ: მჴევლებად ღირს ვარ მე და დაბანად ფერჴთა მონათა მათ უფლისა ჩემისათა.
42. აღდგა აბგეა სწრაფით და აღჯდა კარაულსა თჳსსა და თანაწარიყვანნა ხუთნი მჴევალნი, აღეგო და წარვიდა მოციქულთა მათ თანა დავითისთა, და ცოლ-ეყო დავითს.
43. და მერმე აქინამ იზრაიტელი მოიყვანა დავით. და იყუნეს ორნივე იგი ცოლად დავითისა.
44. და საულ მისცა ასული თჳსი მელქოლ, ცოლი დავითისი, ფალტიას, ძესა ამოსიასა.