წიგნი პირველისა სამოელისი, რომელსა ჩუენ პირველსა მეფეთასა უწოდთ

26

1. მას ჟამსა მოვიდეს ზიფეანი არმურისა მისგან ბორცვად საულისსა და ჰრქუეს მას: ესერა, დავით დამალულ არს ჩუენ შორის ბორცუსა მას ექელაკისსა, რომელ არს წინაშე პირსა ესემონისასა.

2. და მოვიდა საულ უდაბნოსა მას არმუროვანსა და მის თანა სამი ათასი კაცი რჩეული ისრაჱლისა მოძიებად დავითისა უდაბნოსა მას ზიფისასა.

3. მოვიდა და დაიბანაკა ბორცუსა მის თანა ექელაკიას, რომელ არს წინაშე პირსა ესემონისასა, მახლობელად გზასა მას. და დავით ჯდა უდაბნოსა მას და ვითარცა ესმა დავითს, ვითარმედ საულ მოსულ არს ერითურთ ძიებად დავითისა,

4. გუშაგნი წარავლინნა დავით ხილვად, თუ ნანდვილ მოსულ არს საულ კეილად.

5. და აღდგა დავით ფარულად და მოვიდა საულისა. და მას ეძინა და აბენერს, ძესა ნერისსა, ერისთავსა მას მისსა, და სანთელი ერთი ენთებოდა წინაშე მისსა. და ერი იგი ყოველი წვა გარემოს მისა.

6. მიუგო დავით და ჰრქვა აბიმელექს ქეტელსა და აბესეს, ძესა შარუელისასა, ძმასა მას იოაბისსა: ვინ შემოვიდეს ჩემ თანა ბანაკსა მას საულისასა? და ჰრქუა აბესა დავითს: მე შემოვიდე შენ თანა.

7. და შევიდეს დავით და აბესა შორის ბანაკსა მას საულისასა ღამე, და საულს ეძინა და სანთელი და ჰოროლი დგა წინაშე მისსა, და აბენეზერს და ყოველსა ერსა მისსა ეძინა გარემოს მისსა.

8. მიუგო აბესა დავითს და ჰრქუა: დღეს შემოაწყუდინა უფალმან მტერნი შენნი ჴელთა შენთა, ვსცე და მოვკლა იგი ჰოროლითავე მისითა, და დავმსჭვალო იგი ქუეყანასა ზედა.

9. ჰრქუა დავით აბესას: ნუ იყოფინ, ვითარმცა მოკალ ცხებული უფლისა, და განმართლდეს!

10. და თქუა დავით: ცხოველ არს უფალი ჩემი! არა თუ უფალმან მოაკუდინოს იგი, გინა თუ დაეცეს ბრძოლასა შინა.

11. მე არა მივყო ჴელი ცხებულსა ზედა უფლისასა, ხოლო აწ მიიღე ჰოროლი ეგე და გოვზაკი სასთუნალით მაგისა და წარვიდეთ!

12. და აღიღო მან ჰოროლი იგი და გოზაკი და წარვიდეს და არა ვინ სცნა საქმე იგი, არცა ვინ განიღჳძა, რამეთუ ყოველნი დასულებულ იყუნეს ძილისა მისგან, რამეთუ თლემულება ძილისა დადებულ იყო მათ ზედა უფლისა მიერ.

13. და წიაღჴდა დავით მიერ ჴევსა მას განშორებულადრე, პირისპირ წინაშე მათსა, დადგა იგი თხემსა ზედა მის მთისასა.

14. და უჴმობდა დავით მიმართ ერსა მას საულისასა და თქუა: აბენერ, შენ გეტყჳ, არას მომიგებ? მიუგო აბენერ და ჰრქუა: ვინ ხარ შენ, რომელი-ეგე მიჴმობ მე?

15. მიუგო დავით და ჰრქუა: არა შენ აბენერ ხარა, რომელი-ეგე კაცი შერჩეული ხარ ისრაჱლსა შორის? და რასათჳს არა იჴმილვე უფალი ეგე შენი მეფე, რამეთუ შევიდა კაცი ერთი ბანაკსა მაგას მოკლვად უფლისა მაგის შენისა მეფისა?

16. არა კეთილ არს საქმე ეგე თქუენი, რომელ ჰყავით, ხოლო ცხოველ არს უფალი ჩემი, რამეთუ სიკუდილისა თანა-მდებ ხართ მცველნი ეგე უფლისა თქუენისა მეფისანი, ცხებულისა უფლისა! აწ აღდეგით და იხილეთ თქუენ ჰოროლი იგი და გოვზაკი მეფისა, რომელი იყო სასთუნალით კერძო მისა!

17. და იცნა საულ ჴმაჲ იგი დავითისი და თქუა: ეგე ჴმაჲ შენი არს, შვილო ჩემო დავით! და თქუა დავით: აქა ვარ მონა შენი, მეფე!

18. და კუალად თქუა: რასათჳს მდევნი მე, მონასა ამას შენსა, მეფე? რა შეგცოდე, ანუ რაჲ იპოვა ჩემ თანა ბრალი?

19. და აწ ისმინე, უფალო ჩემო მეფე, სიტყუაჲ მონისა შენისა! უკუეთუ ღმერთსა აღუდგინებიე შენ მდევრად ჩემ ზედა, იყავნ ნება ღმრთისა. უკუეთუ კაცთა მიერ არს, წყეულ იყუნედ იგინი წინაშე უფლისა! რამეთუ დღეს გამომჴადეს მე მაგათ, რათა არა დავემტკიცო მე სამკჳდრებელსა უფლისასა, და თქუეს: უტევეთ და მივიდეს და ჰმონოს კერპთა მათ უცხოთა!

20. და ნუ დავარდებინ სისხლი ჩემი წინაშე უფლისა, რამეთუ გამოსრულ არს მეფე ისრაჱლისა ძიებად სულისა ჩემისა, ვითარცა ვინ ეძიებნ გრწყილსა ერთსა, ანუ თუ მღამიობსა ერთსა უდაბნოსა ზედა!

21. და ჰრქუა საულ დავითს: ვცოდე, შვილო დავით. აწ მოიქეც ჩემდა, რამეთუ არარა გავნო ამისთჳს, ვინათგან საყვარელ არს სული ჩემი შენ წინაშე. ხოლო მე ვიდრე დღეინდელამდე ცილისმეძიებელ ვიყავ და დაუდგრომელ ფრიად.

22. მიუგო დავით და ჰრქუა: აჰა, ესერა, დამიც ჰოროლი იგი მეფისა ველსა ამასა ზედა. აწ მო-ვინ-ვედინ მონათა შენთაგანი და წარიღენ!

23. და უფალმან მიაგენ თჳთეულად სამართალი სიმართლისა თჳსისაებრ, ვითარცა განგწირა შენ უფალმან ჴელთა მომართ ჩემთა, და მე არა მოგკალ, რამეთუ ცხებული უფლისა ხარ.

24. და აწ ვითარცა დიდებულ და ჰაეროვან ხარ წინაშე თუალთა ჩუენთა, ეგრე მხიარულ იპოვენ სული ჩემი წინაშე უფლისა და მფარველ მეყავნ, და მიჴსენინ მე და განმარინენ ყოვლისაგან ჭირისა!

25. და ჰრქუა საულ დავითს: კურთხეულ ხარ შენ, შვილო დავით! და ყავნ უფალმან წყალობაჲ მისი შენ ზედა და განგაძლიერენ შენ! და წარვიდა დავით გზასა თჳსსა და საულ მიაქცია ადგილად თჳსა.

27

1. განიზრახა დავით გულსა თჳსსა და თქუა: მე უწყი, რამეთუ შე-სამე-ვარდე დღესა ერთსა ჴელთა საულისთა, და არა კეთილ იყოს იგი ჩემდა, არამედ წარვიდე მე ქუეყანასა მას უცხოთესლთასა. და თუ მეძიებდეს მე საულ ყოველთა მათ საზღვართა ისრაჱლისათა, ხოლო მე განვერე ჴელთაგან მისთა.

2. და წარვიდა დავით ექუს ათასითა მით კაცითა და მივიდა იგი ანქუშისა, ძისა მის მოაქისა, მეფისა მის გეთელთასა.

3. და დადგა დავით ანქუშის თანა გეთსა შინა, იგი თავადი და ერი იგი და ყოველი სახლი მათი და ორნივე იგი ცოლნი მისნი: აქინამ იზრაიტერი და აბგეა, ცოლი იგი ნაბალისი კარმელელისა.

4. და უთხრეს საულს, ვითარმედ: წარვიდა დავით სივლტოლით გეთად, ქუეყანასა მას უცხოთესლთასა, და არღარა შესძინა საულ ძიებად დავითისა.

5. და ჰრქვა დავით ანქუშს: უკუეთუ მიპოვნიეს მადლი მონასა შენსა წინაშე შენსა, მიბოძე მე ადგილი ქალაქსა ერთსა და მუნ დავჯდე და რასა ვზი მონა შენი ქალაქსა სამკჳდრებელსა სამეფოსა შენსა?

6. და მისცა მას ანქუშ მას დღესა შინა სეკელა, რამეთუ იყო სეკელა მოაქა-ჟამამდე მეფისა მის ჰურიასტანელთასა.

7. დაყო მუნ დავით აგარაკსა მას უცხოთესლთასა ოთხ თთვე.

8. და გამოვიდეს დავით და კაცნი იგი, რომელნი მის თანა იყუნეს, და დაესხნეს მახლობელსა მას სოფლებსა გესირს და ამალეკსა და ყოველსა ქუეყანასა, რომელ-იგი მკჳდრ იყუნეს მშჳდობით გესურითგან ვიდრე ქუეყანამდე ეგჳპტისა.

9. მოსრვიდეს ქუეყანასა მათსა და არა აცხოვნებდეს მამაკაცსა, არცა დედაკაცსა; და წარმოსტყუენვიდეს ცხოვარსა და მროწეულსა მათსა, რემაკებსა აქლემთა, ვირთა, სამოსელთა და მოვიდეს ანქუშისავე.

10. და ჰრქუა ანქუშ დავითს: ვიდრე კერძო მივეტევნეთ დღეს? მაშინ ჰრქუა დავით: სამხრით კერძო ჰურიასტანით და იერამელის კერძო და კენეზის კერძო.

11. და მოსრვიდა დავით მამაკაცსა და დედაკაცსა ერთბამად და არა შეუტევებდა მთხრობელსა გეთად, რამეთუ ესრეთ თქუეს: ნუუკუე უთხრან გეთელთა, ვითარმედ დავით ამას იქსო. და ესე საქმე იყო დავითისი ყოველთა დღეთა, ვიდრე იგი დამკჳდრებულ იყო ადგილსა მას უცხოთესლთასა.

12. სარწმუნო ეყო დავით ანქუშს ფრიად და თქუა ანქუშ: სირცხჳლ-უჩნდეს დავითს მისლვად აწ ერისა მის ისრაჱლისა, არამედ იყოს ესე ჩემდა მონა უკუნისამდე ჟამთა.

28

1. და იყო, მათ დღეთა შინა შეკრბეს უცხოთესლნი იგი წყობად ისრაიტელთა მათ. და ჰრქუა ანქუშ დავითს: უწყოდე, რამეთუ დღეს ჩემ თანა ყოფად ხარ ერითურთ შენით წყობად ისრაჱლისა!

2. და თქუა დავით: აქა ვარ, აწ სცან, რასა იქმოდის მონა შენი წინაშე შენსა! და ჰრქუა ანქუშ დავითს: მაგასა ზედა დაემტკიცე და ჴელმწიფედ უფალ-გყო შენ სახლსა ზედა ჩემსა ყოველთა დღეთა.

3. და მოკუდა სამოველ და დაიტყება ყოველმან ისრაჱლმან. და დაფლეს იგი არმათემს ქალაქსავე თჳსსა. და საულ მოსრა ყოველი მისანი გრძნეული და ულუკი სოფლისაგან თჳსისა ქვეყანასა ზედა.

4. და უცხოთესლნი იგი შეკრბეს და მოვიდეს და დაიბანაკეს სომანს, და შეკრბა ყოველი ერი ისრაჱლისა და დაიბანაკეს გელბუეს.

5. რაჟამს იხილა საულ ბანაკი იგი უცხოთესლთა, შეეშინა ფრიად და განვარდა გული მისი.

6. და იწყო კითხვად უფლისაგან და არა მიუგო მას უფალმან. და იკითხჳდა ჩუენებათაგან და წინასწარმეტყუელთა და არა ვინ ყო მისა სიტყჳსგება.

7. მაშინღა ჰრქუა საულ მონათა მათ თჳსთა: მიძიეთ მე დედაკაცი ერთი ულუკი, მივიდე და ვიკითხო მისგან სიტყუაჲ. და ჰრქუეს მონათა მისთა: აჰა, ესერა, არს დედაკაცი ერთი ულუკი აენდორსა შინა.

8. და შეიმოსა საულ სხუაჲ სამოსელი და ვერღარა საცნაურ იყო იგი მეფედ; და დაიბურა თავი თჳსი და თანაწარიყვანა ორნი მონანი. და მივიდა იგი დედაკაცისა მის ღამე და ჰრქუა დედაკაცსა მას: მიმისნე მე ულუკებითა შენითა და აღმოიყვანე ჩემს წინაშე, რომელსა ვეძიებ მე.

9. და ჰრქუა დედაკაცმან მან: შენ თჳთ უწყი, რაჲ ყო საულ, რამეთუ მოსრნა მან ყოველნი მეცნიერნი და მისანნი და ულუკნი და ქუეყანით მეტყუელნი. აწ შენ რად მოინადირებ სულსა ჩემსა, რათამცა მომაკუდინა მე?

10. ეფუცა მას საულ ღმრთისა მიმართ და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი! არა შეგემთხჳოს შენ ბოროტი სიტყუასა ამას ზედა.

11. და ჰრქუა დედაკაცმან მან: ვინ აღმოვიყვანო შენდა? და ჰრქუა მას საულ: სამოველ აღმომგვარე მე!

12. და იხილა დედაკაცმან სიკრულასა მას შინა თჳსსა პირველად საულ, ჴმაო ჴმითა დიდითა დედაკაცმან და ჰრქუა საულს: რაჲსათჳს შემიტყუე მე, რამეთუ შენ თავადი თვით საულ ხარ?

13. მიუგო მეფემან დედაკაცსა მას და ჰრქუა: გარქვი შენ პირველვე, ვითარმედ, ნუ გეშინინ შენ, არამედ რა იხილო, მითხარ მე! რქვა დედაკაცმან საულს: ვხედავ მე კერპთა მრავალთა აღმომავალთა ქუეყანით.

14. და ჰრქვა საულ: რა გულისხმა-ყავ? რქვა დვდაკაცმან: ვხედავ მე კაცსა ერთსა მაღალსა აღმომავალსა ქუეყანით და ჩუდკეცი სამოსელი მოუბლარდნიეს მას! და გულისხმა-ყო საულ, ვითარმედ სამოველ იყო იგი, დადრკა ქუეყანასა ზედა და თაყუანი-სცა მას.

15. მიუგო სამოველ და ჰრქუა საულს: რასათჳს შემაურვე მე? აღმომიყვანე მე შენდა? მიუგო საულ და ჰრქუა: ურვილ ვარ მე ფრიად და უცხოთესლნი იგი მბრძვანან მე. და ღმერთმან განმაგდო მე ჴელთაგან მისთა და არა ისმინა ჩემი, ვკითხე ღათუ ჩუენებათა მიერ და წინაწარმეტყუელთა და უწყებათა მიერ, და არავე ისმინა ჩემი. ამისთჳს აღმოგიწოდე შენ, რათა მაუწყო მე, რა ვყო.

16. ჰრქუა სამოველ: რა გიჴმს შენ კითხვად ჩემდა, რამეთუ დაგიტევა შენ უფალმან ჴელთაგან თჳსთა და მოყუსისა შენისა თანა არს იგი?

17. და გიყო შენ უფალმან, ვითარცა-იგი გეტყოდა ჩემ მიერ. და განხეთქოს უფალმან ღმერთმან მეფობა შენი და მისცეს მოყუასსა შენსა დავითს!

18. რამეთუ არა ისმინე შენ ბრძანება იგი უფლისა და არცა დააცხრევ რისხვა გულისწყრომისა მისისა ამალეკსა ზედა. ამისთჳს ყო ეგე შენ ზედა უფალმან.

19. და მისცეს უფალმან შენითურთ ისრაჱლი უცხოთესლთასა და ხვალე ამას ჟამსა შენ და ძენი შენნი დაეცეთ პირითა მახჳლისათა, და ერი იგი ისრაჱლისა მიეცეს ჴელთა უცხოთესლთასა.

20. დაეცა საულ ქუეყანასა ზედა პირდაქცევით, რამეთუ ზარი გაჰჴდა მას სიტყუათა მათგან სამოველისათა, და ძილი არღარა იყო მის თანა, რამეთუ არცა ეჭამა რა მას დღესა და ღამესა, არცა ესვა რა.

21. და დედაკაცმან მან იხილა საულ, რამეთუ შეურვებულ იყო ფრიად და ჰრქუა მას: აჰა, ესერა, ისმინა მჴევალმან შენმან ჴმისა შენისა და შევიპყრენ სულნი იგი ჴელთა შინა ჩემთა და ვისმინენ სიტყუანი შენნი!

22. აწ შენცა ისმინე მჴევლისა შენისა, და დაგიგო პური და ჭამე, რამეთუ მოგზაურ ხარ შენ.

23. ხოლო მან არა ინება. და აწვევდეს მას მონანიცა იგი თჳსნი და დედაკაციცა იგი, და იგი არა ისმენდა ჴმასა მათსა. მაშინღა ადგა იგი და დაჯდა სავარძელთა ზედა.

24. და დაკლა დედაკაცმან ჴბო ერთი მწოვარი და შექმნა პური უფუველად ტაფილად.

25. და დაუგო იგი წინაშე მათსა, და ჭამეს იგი და წარვიდეს გზასა თჳსსა ღამე ყოელ.

29

1. და შეკრბეს უცხოთესლნი იგი, მოვიდეს და დაიბანაკეს აფეკს და ისრაჱლმან აენდომს, რომელ-იგი არს იეზრაელით კერძო.

2. და მთავარნი იგი უცხოთესლთანი წარმოვიდოდეს ათასნი ათასებითა და ბევრნი ბევრეულითა და დავით გუნდითურთ მოვიდოდა ანქუშის თანა.

3. მაშინ თქუეს მთავართა მათ უცხოთესლთა: ვინ არიან ესენი, რომელნი მჴრით ვლენან გუნდსა ამას ჩუენსა? მიუგო ანქუშ და ჰრქუა: არა ესე თვით დავით არს, მონა იგი საულისი, მეფისა მის ისრაჱლისა, და ესე ორი წელი არს, ვინათგან ჩუენ თანა არს, და არა ვპოვე მაგის თანა ბიწი არცა ერთი.

4. და ვითარცა ესმა უცხოთესლთა მათ, შეძრწუნდეს ფრიად და ჰრქუეს მას: უკუნაქციე კაცი ეგე და მივიდეს ადგილსა თჳსსა, სადაცა დაგიდგინებიეს და ნუ მოვალნ ჩუენ თანა ღუაწლსა ამასა, რათა არა შინაგამცემელ ეყოს ერსა ამას ჩუენსა და ბოროტი დიდი შეგვამთხჳოს ჩუენ! და აწ დაეგოს უფალსა მას თჳსსა თავებითა ამათ კაცთათა, რომელ-ესე ჩუენ თანა არიან?

5. ანუ არა ესე იგი დავით არს, რომელსა-იგი გამოეგებვოდეს მაქებელნი იგი და იტყოდეს, ვითარმედ: საულ დასცნა ათასეულნი და დავით დასცნა ბევრეულნი?

6. და მოუწოდა ანქუშ დავითს და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი! რამეთუ წრფელ და კეთილ-მიჩნ წინაშე ჩემსა მშჳდობასაცა და ღუაწლსაცა, და არა ვპოვე შენ თანა საქმე უკეთური ჩემდა მომართ და ამათ მთავართაცა კეთილვე უჩნ შენ.

7. ხოლო აწ უკუნიქეც შენ მშჳდობით, რათა არა გეჭუდენ შენ უცხოთესლნი ესე!

8. მიუგო დავით ანქუშს და ჰრქუა: რა შეგცოდე შენ, ანუ რა ჰპოვე ბოროტი მონისა შენისა თანა, ვინათგან მოვედ მე შენ წინაშე, რამეთუ არა მიტევებ მე მისლვად შენ თანა მოსრვად მტერთა მათ უფლისა ჩემსა მეფისათა?

9. მიუგო ანქუშ დავითს და ჰრქუა: მე თჳთ უწყი, რამეთუ სათნო ხარ ჩემდა მომართ, ხოლო მთავარნი ესე უცხოთესლთანი ესრე იტყჳან, ვითარმედ: ნუ მოვალს დავით ჩუენ თანა ღვაწლსა ამას ბრძოლისასა!

10. აწ აღიმსთუე განთიად და შევედ ერითურთ შენით ადგილსა მას, რომელსაცა დაგადგინენ თქუენ და სიტყუასა ბოროტსა გულსა შენსა ნუ დაიდებ, რამეთუ სათნო-მიჩნ წინაშე თუალთა ჩუენთა ყოვლით კერძოვე, ვითარცა მოციქული ღმრთისა გზასა. აწ აღიმსთვე და წარვედ და გზასამცა განგითენდების.

11. და წარვიდა დავით ერითურთ, განთიად დაცვად ქუეყანისა მის უცხოთესლთასა და უცხოთესლნი ბრძოდეს ისრაჱლთა.

30

1. და რაჟამს შევიდა დავით და ერი მისი სეკელად დღით მესამით, ამალეკი დაესხა სეკელასა სამხრით კერძო და დასცა სეკელა და მოწვა იგი ცეცხლითა.

2. და წარეტყუენათ დედა-წული და ყოველი, რაცა იყო მას შინა, მცირითგან ვიდრე დიდამდე, ხოლო არა მოესრათ მამაცნი და დიაცნი, არამედ წარეტყუენათ. და წარსრულ იყუნეს გზათა თჳსთა.

3. და ვითარცა მოიწინეს დავით და ერი მისი ქალაქად და იხილა, რამეთუ ქალაქი მომწვარ იყო, და ცოლნი და შვილნი მათნი წარტყუენილ იყუნეს.

4. და აღიმაღლეს დავით და ერმან მისმან ჴმა მათი და ტიროდეს ფრიად, ვიდრემდე მოაკლდა ძალი მათი და ვერღარა შემძლებელ იყუნეს ტირილად.

5. და ორნივე ცოლნი მისნი წარტყუენულ იყვნეს: აქინამ იეზრაიტელი და აბგეა, ცოლი ნაბალისი, კარმელელისა.

6. და მწუხარე იყო დავით ფრიად, რამეთუ შეიზრახა ერი იგი, რათამცა ქვა დაკრიბეს დავითს, რამეთუ განრისხებულ იყო ერი იგი ცოლთა და შვილთა მათთათჳს. და განძლიერდა დავით უფლისა მიერ ღმრთისა თჳსისა.

7. და ჰრქუა დავით აბიათარს მღდელსა, ძესა აქიმელექისასა: წარმოიპყარ ევფუდი! და მოიღო აბიათარ ევფუდი დავითისა თანა.

8. და იკითხა დავით უფლისა მიერ: უკუეთუ ვდევნო და ვეწიო ერსა მას? და ჰრქუა უფალმან: დევნა-უყავ, რამეთუ ეწიო და მოუღო ნატყუენავი იგი!

9. და დევნა-უყო დავით ექუსასითა მით ერითა და, ვითარცა მოვიდა იგი ნაღვარევსა მას ბოსორისასა, დაუტევა მუნ ორასი კაცი მცველი ვანისა.

10. და ოთხასითა მით სდევდა დავით და ორასი კაცითა დაშთა წიაღ კერძო ნაღვარევსა მას ბოსორისასა.

11. და პოვეს მუნ კაცი ერთი ეგჳპტელი ველსა მას და შეიპყრეს იგი, მოიყვანეს დავითისა და სცეს მას პური და წყალი, ჭამა და სვა.

12. და მოსცეს მას ლეღვისკვერი და სკიჭი. და მოექცეს მას სულნი, რამეთუ სამ დღე და სამ ღამე პური არა ეჭამა და არცა ესვა წყალი.

13. მაშინ ჰკითხა დავით და ჰრქუა: ვისი ხარ, ანუ ვიდრე ხვალ? ხოლო მან ჰრქუა: მონა ვარ მე კაცისა ერთისა ამალეკელისა და დამაგდო მე უფალმან ჩემმან, რამეთუ შემყმა მე შიმშილმან, რამეთუ ესე სამი დღე არს.

14. და მივედით სამხრით კერძო ჰურიასტანად და ქელობად და სეკელად, და მოვწუთ სეკელა ცეცხლითა.

15. და ჰრქუა მას დავით: და აწ შენ შემძლებელ ხარა, რათა შემიყვანო ბანაკსა მათსა? ხოლო მან ჰრქუა დავითს: მეფუცო თუ მე ღმერთსა შენსა, და არა მომკლა მე და არცა მიმცე ჴელთა უფლისა ჩემისათა, შეგიყვანო შენ ბანაკსა მათსა. და ეფუცა დავით მას.

16. და შეიყვანა იგი ბანაკსა მათსა და იხილა დავით, რამეთუ განბნეულ იყუნეს ჟამსა მას ქუეყანასა, ჭამდეს, სუმიდეს და იხარებდეს დიდძალსა მას ზედა ნატყუენავსა, რომელ მოეღო ქუეყანისა მისგან უცხოთესლთასა და ჰურიასტანისა.

17. და მივიდა დავით და დაესხა მათ ზედა და მოსრნა იგინი ცისკრითგან მწუხრადმდე. და ხვალისგანცა მოსწყჳდნა იგინი და არა განერა მათგანი, გარნა ოთხას ოდენ ყრმა, რომელნი ასხდეს აქლემთა და ივლტოდეს.

18. და დაჰყარა დავით ყოველი იგი ნატყუენავი და ორნივე იგი ცოლნი მისნი.

19. და არა დაუტევა მათგან მცირითგან ვიდრე დიდამდე ვაჟნი და ქალნი და ნატყუენავი ყოველნი, რომელიცა წარეღოთ მათგან, ყოველივე მოუღო დავით.

20. და მოუღო დავით ყოველი საცხოვარი, მროწეულნი და არვენი და წარიქცინა წინაშე იავარისა მის. და წარვიდა დავით და ერქვა მას მიერითგან "ნატყუენავი დავითისა".

21. და ვითარცა მივიდა დავით ორასთა მათ თანა კაცთა, რომელნი ვანისმცველად დაედგინნეს და იგინი მოეგებვოდეს დავითს და ერსა მას და ჰკითხვიდა მათ დავით მშჳდობით სიცოცხლესა.

22. მაშინ ჰრქუეს კაცთა მათ უღირსთა და უცებთა, რომელნი იყუნეს ღვაწლსა მას დავითისათა, ვითარმედ არა მიიღონ ნაწილი კაცთა მათ, რომელნი აქა დადგეს, გარნა ცოლნი და შვილნი მათნი მიიყვანნედ და სხუასა ნატყუენავსა განვეყენნეთ ჩუენგან.

23. მიუგო დავით და ჰრქუა: არა ეგრე არს, ძმანო ჩემნო, არმედ ესრე ვყოთ, ოდესღა უფალმან ღმერთმან ჩუენმან მოგუცნა მტერნი ჩუენნი ჴელთა ჩუენთა.

24. ვერ ეგების ეგე სიტყუაჲ ყოფად, არამედ სწორად მიიღონ ყოველთა: ვანისმცველმან და მტყუენველმან.

25. და ყო ეგრე, და დაიდვა სჯულად მიერითგან ბრძანებისაებრ და სამართლისა შორის ისრაჱლსა ვიდრე დღევანდელად დღემდე.

26. და მოვიდა დავით სეკელად და წარავლინნა მოციქულნი და მოუძღუანნა ნაწილნი ყოვლისა მისგან ნატყუენავისა მოხუცებულთა იუდასთა და ყოველსა გარემოს მისსა და თქუა: ესე ნაწილი იყავნ თქუენდა ნატყუენავისა ამისგან მტერთა უფლისათასა,

27. რომელნი-იგი ბეთორს იყუნეს და რომელნი არემათს იყუნეს სამხრით კერძო და რომელნი-იგი იეთერს იყუნეს,

28. და რომელნი არუერს იყუნეს, და რომელნი-იგი სეფომორს იყუნეს, და რომელნი ესთამოს იყუნეს,

29. და რომელნი-იგი რაქათს იყუნეს, და რომელნი ქალაქთა ერამელთასა იყუნეს, და რომელნი-იგი ქალაქთა მათ კინეველთასა იყუნეს,

30. და რომელნი-იგი ჰრამას იყუნეს, და რომელნი-იგი ლაქაისასანს იყუნეს, და რომელნი - ანათაგს,

31. და ქებრონს და ყოველთა მათ ქალაქთა, რომელთა მისმენილ იყო დავით და კაცნი იგი, რომელ მის თანა იყვნეს.

31

1. და უცხოთესლნი იგი ებრძოდეს ისრაიტელთა მათ. და ძლევასა მიეცა ისრაელი და მეოტ იქმნა ყოველი კაცი მბრძოლი ისრაჱლისა პირისაგან უცხოთესლთასა და დაეცნეს წყლულნი მთასა მას ზედა გელბუესა.

2. და მიიწინეს უცხოთესლნი იგი საულის ზედა და ძეთა მისთა და მოკლეს ონათან და ამინადაბ და მელქისაკე, ძენი საულისანი.

3. დამძიმდა ღუაწლი იგი საულს ზედა და ჰპოვეს იგი კაცთა მოისართა, და წყლეს იგი ძნიად, რამეთუ სცეს მას გულისეზოთა და ნესტუსა მიუწიეს.

4. და ჰრქუა საულ მენიჟაგორესა თჳსსა: იჴადე მახჳლი შენი და მომკალ მე, ნუუკუე მოვიდენ წინადაუცუეთელნი იგი და მომკლან მე, და სულთა აღმოსლვასა კიცხევით დამწერტდენ მე. და არა უნდა მემშჳლდკაპარჭესა მას მიყოფად ჴელი მისი საულისა, რამეთუ ეშინოდა ფრიად და აღმოიჴადა საულ ჴმალი თჳსი და დაეცვა მას ზედა.

5. ვითარცა იხილა მემშჳლდკაპარჭემან მან მისმან, რამეთუ მოკუდა საულ, იჴადა მანცა ჴმალი თჳსი და დაეცვა და მოკუდა იგიცა მის თანა.

6. და მოკუდა საულ და სამნი ძენი მისნი და მემშჳლდკაპარჭე იგი მისი მის თანა და ყოველნი კაცნი მისნი ერთბამად.

7. და ვითარცა იხილეს კაცთა მათ ისრაჱლისათა, რომელნი-იგი მიერ იყუნეს ღელესა მას, და რომელნი-იგი წიაღ იყვნეს იორდანესა, რამეთუ ივლტოდა ისრაჱლი, და მოკუდა საულ და ძენი მისნი, დაუტევეს ქალაქები იგი მათი და ივლტოდეს. და მოვიდეს უცხოთესლნი იგი, დაემკჳდრნეს მათ შინა.

8. და ხვალისაგან მოიქცეს უცხოთესლნი იგი დაძარცვად მძორებისა მის, და ჰპოვეს საულ და სამნივე ძენი მისნი მთასა მას ზედა გელბუესა.

9. განსძარცვეს სამოსელი მას, მოჰკუთეს თავი მისი და წარიღეს საჭურველი მისი და წარავლინეს მახარობელი კერპთა მიმართ მათთა და ერისა მიმართ მათისა და ყოველსა ქუეყანასა მათსა.

10. და მოიღეს საჭურველი მათი და დადვეს ბაგინსა მათსა კერპთა მათთასა, და გუამი მისი დამოჰკიდეს ზღუდესა მას ზედა ბელსანისასა.

11. ვითარცა ესმა იგი მკჳდრთა მათ იაბის გალადისთა, რა-იგი უყვეს საულს,

12. აღდგეს ყოველნი კაცნი ძლიერნი, წარვიდეს და წარმოიღეს გვამი საულისი და იონათანისი, ძისა მისისა, ბეთსანით და აღიხუნეს იგინი იაბის და დაწუნეს ჴორცნი მათნი ცეცხლითა.

13. ხოლო ძვალნი იგი მათნი დაფლეს ყანასა მას იაბისა და იმარხვიდეს შჳდ დღე.