წიგნი პირველისა სამოელისი, რომელსა ჩუენ პირველსა მეფეთასა უწოდთ

6

1. და დადგა კიდობანი იგი ღმრთისა ქუეყანასა მას უცხოთესლთასა შვიდ თვე და აღმოაცენა ქუეყანამან მათმან თაგვი.

2. მაშინ მოუწოდეს უცხოთესლთა მათ ქურუმთა მათთა და მისანთა და ულუკთა: რაჲ ვყოთ კიდობანი ესე უფლისა? მითხართ ჩუენ, რათა მივიღოთ ეგე ადგილსავე თჳსსა. ხოლო მათ რქუეს:

3. უკუეთუ წარავლინებთ კიდობანსა მაგას შჯულისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა, ნუ წარიღებთ მაგას ეგრე, არამედ წარიღეთ მის თანა გვემისა თქუენისათჳს ნიჭად მისად და გელხინოს თქუენ, უკუეთუ არა აღიღოს ჴელი მისი დამძიმებული თქუენ ზედა.

4. მიუგეს და თქუეს: რაჲ მივსცეთ კურნებისა ჩუენისათჳს? ხოლო მათ თქუეს: რიცხჳსაებრ ჴლმოსანთა უცხოთესლთა ხუთნი საგურკველნი ოქროსნი ჰქმენით და ხუთი თაგჳ ოქროსა, რამეთუ გვემანი არიან თქუენ ზედა და მთავართა თქუენთა ზედა და ერთა ზედა თქუენთა.

5. და ჰქმენით მსგავსი საგურკველთა თქუენთა და მსგავსი თაგუთა მათ და მიეცით უფალსა დიდებაჲ, რათა განგაშოროს თქუენ გვემა იგი და აღიღოს ჴელი მისი ძლიერი თქუენ ზედა და ქუეყანისა თქუენისაგან.

6. რაჲსათჳს განაფიცხებთ გულთა, ვითარცა-იგი ეგჳპტელნი და ფარაო განაფიცხნეს გულნი მათნი? და გვემნა იგინი გუემითა მით სასტიკითა, მაშინვე განუტევეს ერი იგი და წარვიდეს.

7. ხოლო აწ ქმენით თქვენ ურემი ახალი და შეაბენით ორნი დიაკეულნი პირმშონი და უმწყსნი და ჴბონი მათნი შინა დაიყენენით.

8. და მოიღეთ კიდობანი იგი სჯულისა უფლისა, დადევით ურემსა მას ზედა, და ჭურჭელი ოქროსა თანაწარეცით გვემულებისათჳს და შთადევით იგი ჩაჴვსა და დადევით გვერდით კერძო მისა, და წარავლინენით იგი და განიყვანენით, რათა წარვიდეს.

9. და იხილეთ, უკუეთუ წარვიდეს საზღვართა მისთა ბეთსამიით კერძო. მაშა სცანით, რამეთუ მას მოუვლინებიეს გუემაჲ ესე. უკუეთუ არა წარვიდეს, უწყოდით, რამეთუ ჴელი მისი არა გვავნებს ჩუენ, არამედ შემთხუევით რაჲმე შეგუემთხჳა ჩუენ ესენი ესე.

10. და ყვეს ეგრე უცხოთესლთა მათ. და მოიბნეს დიაკეულნი იგი პირმშონი და უმწყსნი, და შეაბნეს იგინი ურემსა მას და ჴბონი მათნი შინა დააყენნეს.

11. და დადგეს კიდობანი იგი ღმრთისა ურემსა მას ზედა და თაგუნი იგი ოქროსანი და საგურკველნი იგი, და ჩაასხნეს იგინი ჩაჴვსა, და დასხნეს გვერდით მისა.

12. და წარვიდეს დიაკეულნი იგი გზასა მას ბეთსამისით კერძო, მართლ გზასა მივიდოდეს, არა დაშვრენ და არა გარდააქცივეს გზასა, არცა მარჯულ და არცა მარცხულ. და მთავარნი უცხოთესლთანი შეუდგეს უკანა საზღვრადმდე ბეთსამისა.

13. და იყუნეს ვინმე მუნ ბეთსამას, ვითარცა იხილეს მომკალთა მათ კიდობანი იგი ღმრთისა მომავალი, განიხარეს ფრიად და წინამოეგებვოდეს მას.

14. მოვიდა ურემი იგი და დადგა იგი ლოდსა მას თანა დიდსა. და ურემი იგი დაკოდეს და დიაკეულნი იგი დაკლნეს და შესწირნეს მსხუერპლად უფლისა.

15. და ლევიტელთა მათ აღიღეს კიდობანი იგი უფლისა და ჩაჴჳ იგი და ჭურჭელი იგი ოქროსა, და დადგეს იგი ლოდსა მას ზედა დიდსა. და კაცთა მათ ბეთსამითელთა შესწირეს საკურთხი მსხუერპლი უფლისა ღმრთისა მას დღესა შინა.

16. და ხუთნივე იგი მთავარნი უცხოთესლნი ხედვიდეს და წარვიდეს ასკალონად.

17. და საგურკველნი იგი ოქროსანი, რომელ ქმნეს უცხოთესლთა ლხინებისა მათისათჳს უფლისა: ერთი აზოტელთა, ერთი გაზელთა, ერთი ასკალონელთა, ერთი აკკარონელთა და ერთი გეთეელთა.

18. ეგრეცა ხუთნი იგი თაგუნი ოქროსანი მსგავსად რიცხჳსა მის ქალაქთასა ხუთთა თავადთა და მთავართა ქალაქთა განმაძნელებელთა დაბადმდე ფერეზისა და ვიდრე ლოდადმდე დიდად, რომელსა ზედა დადგეს კიდობანი იგი სჯულისა უფლისა, რომელი დადგა ადგილსა მას ოსესა ბეთსაბილესისასა.

19. და დასცნა მათგანი ღმერთმან ერგასის ათას სამეოცდაათი კაცი. იწყეს გლოვად ერმან მან, რამეთუ დასცნა იგინი უფალმან გუემითა დიდითა ფრიად.

20. და თქუეს კაცთა მათ ბეთსამისელთა: ვინმე შემძლებელ არს დადგომად წინაშე პირსა უფლისა ღმრთისა წმიდისასა? ანუ ვისსამე მოიქცეს კიდობანი ესე უფლისა?

21. მიავლინნეს მოციქულნი მკჳდრთა მიმართ კარიათიმსათა და რქუეს მათ, ვითარმედ: აქავე მოიღეს კიდობანი იგი სჯულისა უფლისა უცხოთესლთა მათ. აწ მოდით და წარიღეთ თქუენდა.

7

1. და მოვიდნეს კარიათიმელნი და წარიღეს მათ კიდობანი იგი სჯულისა უფლისა, შეიღეს იგი სახლსა მას ამინადაბისა, რომელი დაშენებულ იყო ბორცუსა მას ზედა, და გამოირჩიეს ძე მისი, ელიაზარ, და დაადგინეს მცველად კიდობანსა მას უფლისასა.

2. და იყო, ვინათგან შეიღეს კიდობანი იგი ღმრთისა კარითიამად, და განმრავლდეს ჟამნი, და დაყო ვითარ ოცი წელი და მოიქცა ისრაჱლი უფლისა მას დღესა შინა.

3. და რქუა სამოველ ყოველსა ისრაჱლსა: უკუეთუ მოიქცეთ უფლისა ყოვლითა გულითა თქუენითა, და განიშოროთ კერპთმსახურებაჲ და მონებდეთ უფალსა ღმერთსა, და მან გიჴსნნეს თქუენ ჴელთაგან უცხოთესლთასა.

4. ისმინეს სიტყუაჲ იგი ძეთა ისრაჱლისათა, და განაგდეს ბაალი და სერტყები და კერპი იგი ასტაროთისი და მონებდეს უფალსა ღმერთსა.

5. და რქუა მას სამოველ: შეკრბით ყოველი ერი ისრაჱლისა მასეფათდ, და ვილოცო თქუენთჳს უფლისა მიმართ!

6. და შემოკრბა ყოველი ერი მასეფათდ და მოიღეს წყალი და მოაპკურეს ქუეყანას წინაშე უფლისა და იმარხეს მას დღესა და თქუეს: ვსცოდეთ წინაშე უფლისა! რამეთუ შჯიდა სამოველ მასეფათს ძეთა ისრაჱლისათა.

7. და ესმა უცხოთესლთა მათ, რამეთუ შეკრბეს მასეფათდ ძენი ისრაჱლისანი და შეკრბეს უცხოთესლნიცა იგი და მოვიდეს ისრაჱლისა და გამოვიდნენ ისრაჱლნი უცხოთესლთა მათ ზედა. და ესმა რაჲ ესე ძეთა მათ ისრაჱლისათა, შეეშინათ ფრიად.

8. და რქუეს ძეთა ისრაჱლისათა სამოელს: ნუ დასცხრები ლოცვასა უფლისა ღმრთისა მიმართ ჩუენთჳს, რათა გჳჴსნეს ჩუენ ჴელთაგან უცხოთესლთასა.

9. და თქუა სამოველ: არა დავსცხრები ლოცვასა უფლისა მიმართ თქუენთჳს! და მოიქვა სამოველ კრავი ერთი მწოვარი და შესწირა მსხუერპლად უფლისა ყოვლისათჳს ერისა ისრაჱლისა. და ისმინა უფალმან ლოცვა იგი სამოველისა.

10. და ვიდრე შესწირვიდა სამოველ მსხუჱრპლსა მას, უცხოთესლნი იგი მი-ხოლო-ვიდეს განმზადებულნი ბრძოლად ისრაჱლისა. და ქუხდა უფალი უცხოთესლთა მათ ზედა ჴმითა კრჩხიალებისათა, და შეძრწუნდეს და ძლევასა მიეცნეს წინაშე ისრაიტელთა მათ. და გამოვიდეს ისრაიტელნი იგი მასეფათით.

11. და დევნა-უყვეს, და ეწივნეს, მოსრნეს უცხოთესლნი იგი და ნეშტი იგი მეოტად წარიქციეს ბეთსაბემდე.

12. და მოიღო სამოველ ლოდი ერთი და აღმართა იგი შორის მასეფათსა და შორის განსაწყობელსა მას, და უწოდა სახელი მისი აბენეზერ, რომელ არს თარგმანებით ლოდი შეწევნისა, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: აქამომდე შეგვეწია ჩუენ უფალი.

13. და დაამდაბლნა უფალმან უცხოთესლნი იგი. და არღარა შესძინეს ზედამისლვად ისრაჱლისა. და იყო ჴელი უფლისა უცხოთესლთა მათ ზედა ყოველთა დღეთა სამოველისათა.

14. და უკმოიღეს ქალაქები იგი, რომელი დაეპყრა უცხოთესლთა მათ ძეთაგან ისრაჱლისათა, აკარონითგან ვიდრე გეთადმდე დაიპყრეს საზღვარი იგი ისრაჱლისა ჴელთაგან უცხოთესლთასა. და იყო მშჳდობაჲ შორის ისრაჱლსა და ამორეველთა მათ.

15. და შჯიდა სამოველ ყოველთა ადგილთა წმიდათა მათთა.

16. და მოვიდის იგი არმათემადვე, რამეთუ საყოფელი მისი მუნ იყო; და მუნ განიკითხავნ ისრაჱლსა და აღაშენა მუნ სამოველ საკურთხეველი უფლისა.

8

1. ხოლო რაჟამს დაბერდა სამოველ, დაადგინა ძენი მისნი მსაჯულად ისრაჱლსა ზედა.

2. და ესე სახელები არს ძეთა მისთა: პირმშო მისი იოელ, შემდგომი მისი აბა, მსაჯულნი ბერსაბესანი.

3. და არა ვიდოდეს ძენი იგი მისნი გზათა მისთა, არამედ შეუდგეს იგინი ანგაჰარებასა, მიიღებდეს ქრთამსა და სამართალი არა უყვიან.

4. და შეკრბა ყოველი ნათესავი ისრაჱლისა, მოვიდეს სამოველისა არმათემად.

5. და რქუეს მას: შენ, ესერა, დაბერებულ ხარ, და ძენი შენნი არა ვლენან გზათა შენთა. აწ მოგუეც ჩუენ მეფე, რათა სჯიდეს სამართალსა, ვითარცა სხუათა ნათესავთა არს!

6. და შეუძნდა სიტყუაჲ ესე სამოელს, რამეთუ რქუეს მას, ვითარმედ: მოგუეც მეფე, რომელი წინაგჳძღოდის ჩუენ! და ილოცვიდა სამოველ უფლისა მიმართ.

7. და უფალმან რქუა მას: ისმინე სიტყუაჲ ერისა მაგის, რამეთუ არა შენ შეურაცხ-გყვეს, არამედ მე, ვინათგან იყავ მათ ზედა მეფედ.

8. ყოველთა ზედა საქმეთა თჳსთა, ვინათგან მოვიყვანნეთ იგინი ეგჳპტით ვიდრე დღევანდელად დღედმდე, რამეთუ დამიტევეს მე და მსახურებდეს კერპთა უცხოთა, ეგრეცა შენ გიყვეს.

9. აწ შენ ისმინე მათი; აღთქმა დავდვა მათ შორის და უთხრა წესი და სამართალი სამეფო, რომელი მეფობდეს მაგათ ზედა.

10. და უთხრა სამოველ ყოველი იგი სიტყუაჲ ღმრთისა ერსა მას, რომელნი ითხოვდეს მისგან მეფესა.

11. და რქუა მათ: ესე წესი არს მეფისა, რომელი მეფობდეს თქუენ ზედა: მიგიხუნეს შვილნი თქუენნი და ყვნეს მჴედრებად, რომელნიმე მეეტლედ და წინამოცორვალად,

12. და რომელნიმე დაადგინნეს ათასისთავად და ასისთავად, მჴნველად და მომკალად, და მწველელად და მეზუერედ, და ყუნეს მათგანნი რომელიმე ჯაჭჳსმოქმედად და საჭურველისა.

13. და ასულნი თქუენნი მიგიხუნეს და ყვნეს საცხებელისმგბოლველ და მექოთნედ და მეპურე.

14. და მიგიღოს ყანები და ვენაჴები თქუენი და ზეთისხილები კეთილ-კეთილი და ნაყოფიერი, და მისცეს იგი მონათა თჳსთა.

15. და ნაყოფისაგანი ყანათა და ვენაჴთა თქუენთა ათეული მიიღოს, და მისთა საჭურისთათჳს და მონათა.

16. მონანი და მჴევალნი თქუენნი, მროწეულნი და კარაულნი და ჴარნი თქუენნი მოგიხუნეს და დაადგინნეს საქმესა მას სამეფოსა.

17. და საცხოვართა თქუენთა ათეული მიიღოს და იყვნეთ თქვენ მონად და მსახურად.

18. და ღაღადებდით მეფისა მის, და არა ისმინოს თქუენი უფალმან, რამეთუ თქუენ თჳთ გამოირჩიეთ მეფე.

19. და არა უნდა ერსა მას სმენად სიტყუაჲ იგი სამოველისა. მაშინ რქუეს მას: არა ეგრე არს, არამედ დაადგინე ჩუენ ზედა მეფე

20. და მორჩილ ვიყუნეთ მისა, ვითარცა სხუანი ნათესავნი და განგვიკითხევდეს ჩუენ მეფე და ბრძოდეს მტერთა ჩუენთა.

21. მაშინ ისმინა სამოველ სიტყუაჲ იგი მათი და უთხრა ყოველი უფალსა.

22. და რქუა უფალმან სამოველს: ისმინე მათი და დაადგინე მათ ზედა მეფე, რათა მეფობდეს მათ ზედა! და გამოვიდა სამოველ და უბრძანა ერსა მას: წარვედით თქუენთჳს ქალაქად!

9

1. და იყო მუნ კაცი ერთი ნათესავისაგან ბენიამენისა, და სახელი მისი კისი, ძე აქელისი, ძისა საბიგასი, ძისა ზაქესი, ძისა აფეკისი, კაცისა იემენელისი. და იყო კაცი იგი ძლიერი.

2. და ესვა მას ძე, სახელი მისი საულ. და იყო იგი ჰასაკითა დიდ და ქმნულკეთილი. და არა ვინ იყო უმაღლეს მისა ასაკითა ისრაჱლსა შორის, რამეთუ მჴრითგან უმაღლეს იყო ყოველსა კაცსა.

3. და წარუწყმდეს მამასა მისსა კარაულნი და რქუა კისი ძესა თჳსსა საულს: წარიყვანე შენ თანა ყრმა ერთი, წარვედით და მოიძიენით კარაულნი იგი! და წარვიდეს და გარდავლეს მთა ეფრემისი.

4. და მოვლეს მთანი საირისნი და ვერა პოვნეს; და მოვლეს ყოველი ქუეყანა სალიმისნი და არა პოვნეს; და მოვიდეს ქვეყანასა იემინელთასა და არცა მუნ პოვეს.

5. მაშინ მოვიდეს სიფასა, რქუა საულ ყრმასა მას: გვალე და მივიქცეთ ჩუენდავე მამისა ჩუენისა, ნუუკუე დაეტეოს ზრუნვა, ვითარ მათ, და იურვოდის იგი ჩუენთჳს?

6. მიუგო ყრმამან მან და რქუა: მესმა მე, ვითარმედ კაცი არს აქა, ღმრთისა ქალაქსა მას, პატიოსანი და დიდებული, და რაჲცა თქჳს, ყოველივე აღესრულის. აწ მივიდეთ მისა, რათა ვკითხოთ, თუ რომელსა კერძოსა უმჯობეს არს, და წარვიდეთ.

7. მიუგო საულ ყრმასა მას და რქუა: მისლვით მივიდეთ, გარნა რაჲ მივართვათ კაცსა მას ღმრთისასა, რამეთუ პურიცა მოკლებულ არს საგზლისაგან ჩუენისა და ამისა უფროს არა გვაქუს, რომელსა-ესე ხედავ?

8. მიუგო მეორედ ყრმამან მან და ჰრქუა საულს: არს აქა ჩემ თანა მეოთხე ნაწილი სასწორი ვეცხლისა, იგი მიიღე და მიეც კაცსა მას ღმრთისასა, რათა გჳთხრას ჩუენ გზა იგი ჩუენი, რომელსა ვიდოდით.

9. რამეთუ წინათ ქუეყანასა მას ისრაჱლისასა ესრეთ იტყჳედ კაცისა მისთჳს ღმრთისასა, რომელნი შევიდიან კითხვად მისა უფლისა მიერ: მიდით კაცისა მის, რომელი მხილველი არს, რამეთუ წინასწარმეტყველთა მათ ჟამთა მხილველი უწოდიან.

10. მაშინ რქუა საულ ყრმასა მას: კეთილ, გვალე, მივიდეთ! და მივიდოდეს ქალაქსა მას, სადა-იგი იყო კაცი ღმრთისა.

11. ვითარცა მიიწინეს იგინი შესავალსა ქალაქისასა, შეემთხჳა მათ ქალები, რომელი გამოვიდოდა ვსებად წყლისა. და რქუეს მათ: აქამე არს მხილველი იგი?

12. მიუგეს ქალთა მათ და რქუეს: აწღა თქუენსა წინა შემოვიდა ქალაქად, რამეთუ შეწირვად მოსრულ არს მსხუერპლისა ერისა მის ბამას.

13. და ოდეს შეხჳდეთ ქალაქად, ჰპოოთ კაცი იგი, ესრეთ ერი კრებულ იყოს, რამეთუ მას ელიან და არა ჭამონ პური, ვიდრე ერმან შესწირნეს მსხუერპლნი იგი უფლისა, მაშინღა ჭამონ პური. და აწ თქუენ ადრე აღვედით და ჰპოოთ იგი ქალაქსა შინა, რამეთუ დღეს ამისთჳს მოსრულ არს მსხუერპლისა შეწირვად.

14. და ვითარცა შევიდოდეს იგინი საშუალ ქალაქსა მას, შეემთხჳა მათ სამოველ, რამეთუ მოვიდოდა ბამად.

15. რამეთუ გამოუცხადა ღმერთმან სამოველს დღით ერთით წინა, ვიდრე საულ არღარა შემთხუეულ იყო.

16. ხვალე ამას ჟამსა მოვავლინო შენდა კაცი ქუეყანისა მისგან ბენიამენისა და სცხე მას მეფედ ერსა მას ჩემსა ზედა ისრაჱლსა. და მან იჴსნეს ერი იგი ჩემი ისრაჱლი ჴელთაგან უცხოთესლთასა, რამეთუ მოვხედო სიმდაბლესა მას ერისა ჩემისასა, რამეთუ მოვიდა ჩემდა ღაღადებაჲ იგი მათი.

17. და სამოველ ვითარცა იხილა საულ და ჰრქუა მას მეუფემან: ესე არს კაცი იგი, რომლისათჳს გარქუ შენ. ესე მეფობდეს ერსა მას ჩემსა ზედა.

18. რქვა საულ სამოველს: მითხარღა მე სახელი მხილველისა მის.

19. მიუგო სამოველ და რქუა: მე თავადი ვარ! არამედ აღვედ შენ ჩემსა წინა ბამად; და ჭამე დღეს ჩემ თანა პური და ხვალე წარგავლინო შენ და გითხრა ყოველივე ნება გულისა შენისა!

20. ხოლო ვირთა მათთჳს ნურას ზრუნავ, რამეთუ დღე სამ არს, ვინათგან უპოვნიან ვირები იგი. ამიერითგან კეთილსა ზრახევდ, რამეთუ ვისამე არს სიხარული დღეს ისრაჱლსა შორის ვითარ შენდა და სახლისათჳს მამისა შენისა?

21. მიუგო საულ და რქუა: არამე ძე კაცისა იემენელისა ვარ უმრწემესი ნათესავთა შორის ისრაჱლისასა და ტომი იგი ჩემი უმცირეს ყოველსა შორის ტომსა ბენიამენისასა? აწ რად მარქუ მე, უფალო, სიტყუაჲ ეგე?

22. და წარიყვანა სამოველ საულ და ყრმა იგი, რომელ მის თანა იყო, და შეიყვანა იგი ვანად თჳსა და უბრძანა მას დაჯდომა ოცდაათსა მეინაჴესა ზემო კერძო.

23. და ჰრქუა სამოველ მზარეულსა მას: მომართუ მე ნაწილი იგი, რომელ მიგეც დამარხვად!

24. და მზარეულმან მოართვა ბარკალი ერთი კუნთითურთ, დაუგო წინაშე მისა, და რქუა სამოველ საულს: აჰა ეგერა, ეგე საწამებელი არს შენდა წინაშე ყოვლისა ერისა მაგის! და მოიღო იგი საულ და შეჭამა სამოველითურთ მას დღესა შინა.

25. და გარდამოვიდეს ბამით ქალაქად და დაუგეს საულს სარეცელი ერდროსა ზედა და დაწვა.

26. და ვითარ ცისკარი განეღებოდა, გარდამოუწოდა სამოველ საულს მიერ ერდოთ და რქუა: აღდეგ და გარდამოჴედ და წარგავლინო შენ. და აღდგა საულ და გამოვიდეს ორნივე გარეშე ქალაქსა მას.

27. და მოვიდეს დასასრულსა ქალაქისასა, რქუა სამოველ საულს: არქუ ჭაბუკსა მაგას, და წაგჳძღვეს ჩუენ წინა და შენ ფერჴი დაიპყარ და ისმინე ბრძანებაჲ უფლისა.

10

1. მოიღო სამოველ რქა იგი საცხებელისა და დაასხა თავსა ზედა და ამბორს-უყო მას და რქუა: გცხო შენ მეფედ უფალმან ერსა მას თჳსსა ზედა ისრაჱლსა! და შენ უძღოდი ერსა მას უფლისასა, და იჴსნნე იგინი ჴელთაგან მტერთა მათთასა! და ესე სასწაულ იყოს შენდა, რამეთუ გცხო შენ უფალმან შენმან და დაგადგინა შენ სამკჳდრებელსა თჳსსა ზედა.

2. და ესე სასწაულ იყოს შენდა: ვითარცა წარხჳდე დღეს ჩემგან, შეგემთხჳვნენ მუნ ორნი კაცნი საფლავსა მას თანა რაქაელისასა, საზღვართა მათ ბენიამენისათა, სამხრით ოდენ, და იწყონ ვლდომად შენს წინაშე და გითხრან შენ, ვითარმედ: ვიპოვნეთ ვირნი იგი, რომელთა შენ ეძიებდი და მამასა დაუვიწყებიეს ზრუნვა კარაულისა მის და თქუენთჳს იურვის, ვითარმედ: ვიდრემე ჴდა შვილი იგი ჩემი?

3. და ვითარ წარხჳდე მცირედ მახლობელად მუხასა მას თანა შუენიერსა, და შეგემთხჳნენ მუნ სამნი კაცნი, აღმავალნი ღმრთისა ბეთელად. ერთსა ჰქონდენ სამნი თიკანნი, და ერთსა ჰქონდეს ტიკით ღჳნო და ერთსა ჰქონდეს კიშტე, სავსე პურითა.

4. და მოგიკითხონ შენ მშჳდობით და მოგიპყრან და გრქვან შენ, ვთარმედ: ნაწილ-იღე ამისგან და შენ ნაწილ-იღო ყოვლისა მისგან.

5. და მისა შემდგომად ახჳდე შენ ბორცუსა მას ღმრთისასა, სადა-იგი არს გუნდი უცხოთესლთა. და რაჟამს შეხჳდე ქალაქად, შეგემთხჳოს შენ დასი ერთი წინაწარმეტყველთა, გარდამომავალი ბამით, და წინაშე მათსა პარით მემღერნი და ქნარით, ნესტჳ და ბობღანი. და იგინი წინაწარმეტყუელებდენ მათ თანა.

6. და მოვიდეს შენ ზედა სული ღმრთისა, და შენცა წინაწარმეტყუელებდე მათ თანა და გარდაიცვალო შენ ახალ კაცად.

7. და იყოს, რაჟამს აღესრულოს ესე ყოველი სასწაული შენ ზედა, ჰქმენ ყოველი, რაჲცა გინდეს, რამეთუ უფალი შენ თანა არს.

8. აწ შენ უწინარეს აღვედ გალგალად და მე მოვიდე მუნ შეწირვად მსხუერპლთა საკურთხისათა და შესაწირავთა მშჳდობისათა და მელოდე მე შჳდ დღე, ვიდრემდე მე მოვიდე შენდა და გაუწყო შენ, რა-იგი ჯერ-იყოს ყოფად შენდა.

9. და ვითარცა გარემოიქცა და ზურგი შეაქცია, ვითარცა წარ-ოდენ-ვიდა სამოველისგან, გარდაცვალა გული მისი ღმერთმან და განახლდა და მოიწია ყოველი ესე სასწაული მის ზედა მას დღესა შინა.

10. და მოვიდა იგი ბორცუსა მას თანა და მოეგებოდეს მას დასნი იგი წინაწარმეტყუელთანი. და მოეფინა მის ზედა სული იგი ღმრთისა და იწყო მანცა წინაწარმეტყუელებად მათ შორის.

11. და რაჟამს იხილეს, რამეთუ გუშინ და ძოღანცა ეხილვა, რამეთუ წინაწარმეტყუელებდა წინაწარმეტყველთა შორის, თქუეს ერთა მათ მოყვასმან მოყუსისა მიმართ: ესეღა სამე ელოდა ძესა კისისასა, აწ საულცა წინაწარმეტყუელთა თანავე?

12. მი-ვინმე-უგო მათგანმან და ჰრქუა: ვინმე იყო მამა იგი მისი, არა უკუე კის? ამის ჯერისათჳს იგავად იყო სიტყუაჲ ესე, ვითარცა აწ საულ წინაწარმეტყუელთა თანავე?

13. და დაასრულა წინაწარმეტყუელება და მოვიდა ბორცუსა მას ოდენ.

14. ჰრქუა მამისძმამან მისმან ყრმასა მას: ვიდრე ოდენ სრულ იყვენით? ხოლო მან რქუა მას: ვირთა ძებნასა, და არასადა ვპოენით და მოვედით ჩუენ სამოველისა.

15. და რქუა სახლისწულმან მან საულს: მითხარ მე, რაჲცა გითხრა შენ სამოველ.

16. და ჰრქუა საულ სახლისწულსა თჳსსა: მან მომითხრა პოვნა კარაულისა, ხოლო მეფობისათჳს სიტყუაჲ არა აჴსენა მის თანა, რომელი ჰრქუა მას სამოელ.

17. და შეკრიბა სამოველ ყოველი იგი ერი უფლისად მასეფათდ

18. და ჰრქუა ძეთა მათ ისრაჱლისათა: ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, მე გამოვიყვანენ ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით და გიჴსნენ თქუენ ჴელისაგან ფარაოსთა, რომელი-იგი გაჭირვებდა თქუენ.

19. ხოლო თქუენ დღეს შეურაცხ-ყავთ ღმერთი თქუენი, რომელი-იგი იყო მჴსნელი თქუენი ყოვლისაგან ჭირისა და ძჳრთასა, და სთქუთ, ვითარმედ, მეფე დაადგინე ჩუენ ზედა! აწ წამოდეგით წინაშე უფლისა ნათესავად-ნათესავადი თქუენი ათასეულებითა მით თქუენითა!

20. და შეკრიბა სამოველ ყოველი იგი ნათესავები ისრაჱლისა და განაწილა და აღმოუჴდა წილი იგი ბენიამენს.

21. და შემოკრიბა ტომები იგი ბენიამენისა, განაწილა და აღმოუჴდა წილი მატტარიისი და შემოკრიბა ტომები იგი მატტარიასი კაცად-კაცადი და განუწილა. აღმოუჴდა წილი საულისი, ძისა კისისა, და ეძიებდა მას და ვერა ჰპოვეს.

22. და იკითხა კუალად სამოველ უფლისა მიმართ და თქუა: იპოვოსმე სადა კაცი იგი ჩუენ შორის? და ჰრქუა უფალმან სამოველს: აჰა ეგერა, დამალულ არს ჭურსა შორის!

23. და მიირბინა სამოველ და გამოიყვანა საულ მიერ და წარმოადგინა შორის მათსა. და უმაღლეს იყო იგი ყოვლისა მის ერისა ბეჭითგან აღმართ.

24. მაშინ ჰრქუა სამოველ ყოველსა მას ერსა: იხილეთღა, რამეთუ გამოირჩია უფალმან! არა ვინ არს თქუენ შორის მსგავსი ამისა რაჲთურთით! და იხილა ყოველმან ერმან და თქუეს: უკუნისამდინ ცხონდინ მეფე!

25. და ეტყოდა სამოველ ყოველსა მას ერსა მისსა და განაგო ყოველივე წესი საშარავანდო: და დაწერა წიგნი და დადვა წინაშე უფლისა; და განუჯმნა ყოველსა ერსა და წარვიდეს თჳთოეულად ადგილსა თჳსსა.

26. და საულცა წარვიდა სახიდ თჳსად გაბაას და წარმო-ვინმე-დგეს შვილნი მდიდართანი, რომელთანი განარისხნა გულნი მათნი უფალმან საულის მიმართ.

27. შვილნი უშჯულოებისანი შეურაცხ-ყოფდეს საულს და თქუეს: არამე უკუჱ მაცხოვნნეს ჩუენ ამან? და არასადა მიართვეს ამას ძღუენი. ხოლო იგი დუმნა და არა იტყოდა.