წიგნი მეორე სამოელისა, რომელი ჩუენ მიერ მეორე მეფეთაჲ იწოდების

1

1. იყო, რაჟამს მოკუდა საულ, მოიქცა დავით მოსლვისა მისგან ამალეკთასა და დადგა იგი სეკელას ორ დღე ოდენ.

2. და მესამესა დღესა მოვიდა კაცი ერთი წყობისა მისგან საულისისა, რომელსა კუართი დაეპო და მიწა გარდაესხა თავსა მისსა. და ვითარცა შევიდა იგი წინაშე დავითისა, დავარდა ქუეყანასა ზედა და თაყუანი-სცა მას.

3. და ჰრქვა მას დავით: ვინაჲ მოხვალ შენ? და მან ჰრქუა: ერისა მისგან ისრაჱლისა, განრინებული მოწყუედისა მისგან.

4. და ჰრქვა მას დავით: რა იქმნა, მითხარღა მე? და მან უთხრა მას: მეოტ იქმნა ერი იგი ბრძოლისა მისგან და დასცნეს ერნი მრავალნი და მოსწყჳდნეს საულ და იონათან.

5. მიუგო დავით და ჰრქუა კაცსა მას: წარმო-რეღა-დეგ და მითხარ მე, ვითარ იცი სიკუდილი საულისი და იონათანისი, ძისა მისისა?

6. და უთხრობდა კაცი იგი და თქუა: გუნდი ერი მრავალი მიეტევა გუნდსა მას საულისასა გელბუესა, და მიჰხადეს საულ და ვიხილე მე, რამეთუ დავრდომილი იყო იგი ჰოროლსა მისსა, ვითარცა მიაქციეს ახოვანთა და მთავართა ეტლოსანთა მისგან.

7. მომხედა მე და მიწოდა საულ და ვარქუ: აქა ვარ.

8. და მრქუა: ვინ ხარ შენ? და ვარქუ მას, ვითარმედ ამალეკ ვარ მე!

9. და მრქუა: მოვედ ადრე და მომკალ მე, რამეთუ ჰარმური ბნელისა დახვეულ არს თუალთა ჩემთა და სული ჩემი იარების გვამსა ჩემსა!

10. და მივედ და მოვკალ იგი, რამეთუ უწყოდე, ვითარმედ არა განრინებად იყო იგი. და შემდგომად დაცემისა მისისა აღვჴადე თავსა მისსა შარავანდი და სავლტე მკლავსა მისსა, და მოგართუ უფალსა ჩემსა.

11. და ვითარცა ესმა ესე დავითს, ჴელი მიყო საყელოსა და მოიღო სამოსელი თჳსი, ეგრეთვე ყოველმან ერმან, რომელნი დგეს წინაშე მისსა, ტიროდეს.

12. და იტყებდეს და იმარხვიდეს მწუხრამდის საულისთჳს და იონათანისთჳს, ძისა მისისა, და ერისა მისთჳს იუდასასა და სახლისა მისთჳს ისრაჱლისა, რამეთუ დაეცნეს მახჳლითა.

13. და ჰრქუა დავით კაცსა მას, რომელი-იგი უთხრობდა სიტყუასა მას, ვინ ხარო შენ? და მან ჰრქუა: შვილი ვარ მე კაცისა ერთისა ამალეკელის, მწირად შემოსრულისა.

14. მაშინ ჰრქუა მას დავით: და შენ ვითარ იკადრე მიყოფად ჴელი შენი და მოკლვად ცხებული უფლისა?

15. და მოუწოდა დავით კაცსა ერთსა და ჰრქუა: აწვე მოაკუდინე ეგე! და მივიდა სწრაფით, სცა და მოკლა იგი.

16. და ჰრქუა მას დავით: სისხლი შენი თავსა შენსა ზედა იყავნ! რამეთუ პირი შენი თჳთ იტყოდა, ვითარმედ მე მოვკალ ცხებული უფლისა!

17. და გოდებდა და შეასხმიდა დავით საულს და იონათანს, ძესა მისსა.

18. და უბრძანა სწავლად ძეთა ისრაჱლისათა და იუდასთა მშჳლდოსნობად. და დაიწერა ესე წიგნთა წმიდათა:

19. მოხუცებულნო ისრაჱლისანო! მომწყდარან მთათა შენთა წყლულებითა, ვითარ-იგი დაეცნეს ძლიერნი!

20. ნუ მიუთხრობთ მაგას გეთად, ნუცა ახარებთ შესავალთა ასკალონისათა, რათა არა სცნან და უხაროდის ასულთა მათ უცხოთესლთასა, ნუცა იხა- რებენ ასულნი წინადაუცუეთელთანი მათნი ეგე!

21. მთანი გელბუესნი! ნუ მოვალნ თქუენ ზედა ცვარი ცისკრისა, ნუცა გარდამოვალნ წჳმა მშჳდობისა ღრუბელთაგან მაღალთა, მთანი ეგე სიკუდილისანი, რამეთუ მათ ზედა დაეცნეს შესავედრებელნი იგი ძლიერთანი შესავედრებელსა მას საულისსა, რამეთუ არა ეცხო საცხებელითა!

22. არამედ ეცხო მას სისხლი ბრძოლისა და ცმელი ახოვანთა, ისარნი იგი იონათანისნი არა უკმოქცეულ იყუნეს ცუდად და მახჳლი იგი საულისი არა მოქცეულ იყო ცუდად ცალიერი ქარქაშადვე თჳსა!

23. საულ და იონათან, საყუარელნი, შუენიერნი და საჩინონი, რომელნი აქა არა განშორებულ იყუნეს ურთიერთას ცხორებასა და არცა სიკუდილსა განიშორნეს, უმაღლესნი ორბთანი და უძლიერესნი ლომთანი.

24. ასულნი ეგე ისრაჱლისანი! სტიროდეთ საულს, რომელი შეგამკობდა თქუენ მეწამულითა და სამკაული ოქროსა შესამოსელად თქუენდა.

25. ვითარ დაეცნეს ძლიერნი იგი ბრძოლასა! იონათან, სასიკუდინედ ჩემდა იწყალ!

26. მტკივის შენთჳს, იონათან, ძმაო, ქმუნლკეთილობა იგი შენი, რამეთუ საყუარელ იყავ ჩემდა. და რომელი უმჯობეს იყავ სიყუარულისა და ქმნულკეთილ უფროს დედათა!

27. ვითარმე დაეცნეს ძლიერნი ბრძოლასა, ანუ ვითარ წარწყმდა საჭურველი იგი გულისსათქმელი?

2

1. და იყო, ამის ყოვლისა შემდგომად იკითხა დავით უფლისა მიერ და თქუა: ჯერმე-არს ჩემდა აღსლვად ერთსა მას ქალაქთაგანსა ჰურიასტანისასა? და ჰრქუა მას უფალმან: აღვედ! და თქუა დავით: ვიდრე მივიდე? და ჰრქუა მას უფალმან: ქებრონად!

2. და აღვიდა დავით ქებრონად და ორნივე იგი ცოლნი მისნი: აქინამ იზრაიტელი და აბგეა, ცოლი ნაბალისი, კარმელელისა.

3. და კაცნი იგი, რომელ მის თანა იყუნეს, თჳთეულად სახლეულითურთ მოვიდეს და დაემკჳდრნეს ქებრონსა შინა.

4. მოვიდეს და მოკრბეს ყოველნი ტომნი დავითისა და სცხეს მას მეფედ იუდასა ზედა. და უთხრეს დავითს, ვითარმედ: მოვიდეს კაცნი იგი იაბის გალადელისანი, და , წარიღეს საულ და დაფლეს იგი.

5. და წარავლინნა დავით მოციქულნი მთავართა მიმართ იაბის გალადისთა და ჰრქუა: კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ! რამეთუ ქმენით საქმე კეთილი და მოიჴსენეთ სიყუარული უფლისა თქუენისა საულისი, ცხებულისა ღმრთისა , და წყალობა-ყავთ მისთჳს და დაჰფალით იგი.

6. და ყავნ უფალმან წყალობა მისი თქუენ ზედა და ჭეშმარიტებაჲ მისი! და მეცა ვყო კეთილი თქუენდა მიმართ, რამეთუ აღასრულეთ სიტყუაჲ თქმული.

7. და აწ განძლიერდენ ჴელნი თქუენნი და იქმნნეთ ნაშობ ძლიერებისა, რამეთუ მო-ღათუ-კუდა საულ, უფალი იგი თქუენი, აწ, ესერა, მცხო მე სახლმან იუდასმან მეფედ მათ ზედა.

8. და აბენერ, ძემან ნერისმან, სპასპეტმან საულისამან, მოიყვანა მემფიბოსთე, ძე იგი საულისი, და განიყვანა იგი შორის ბანაკსა მას.

9. და დაადგინა იგი მეფედ გალაადსა ზედა თარსისა ზედა და იეზრეილსა ზედა და ეფრემს და ბენიამენს და ყოველსა ზედა ისრაჱლსა.

10. და იყო მემფიბოსთე, ძე საულისი, ორმეოც წლისა, რაჟამს დაჯდა მეფედ, და ორ წელ მეფობდა. ხოლო მისგან იუდასნი შეუდგეს დავითს.

11. და იყო რიცხჳ დღეთა, რაოდენ მეფობდა დავით ქებრონს სახლსა ზედა იუდასა, შჳდ წელ და ექუს თუე.

12. და გამოვიდა აბენერ, ძე ნერისი, და მონანი მემფიბოსთესნი, ძისა საულისანი, მის თანა ბანაკისა მისგან გაბაონადმი.

13. და იოაბ, ძე შარუელისა, გამოვიდა ქებრონით და მონანი იგი დავითისნი მის თანა, და შეიმთხჳვნეს იგინი ავაზანთა თანა გაბაონელთასა და დასხდეს ესენი ამიერ, და იგინი მიერ.

14. მაშინ ჰრქუა აბინერ იოაბს: აღდგედ ყრმანი სიმღერად ჩუენ შორის! და ჰრქუა იოაბ: აღდგედ. და აღდგეს და წარმოდგეს რიცხჳთ ათორმეტნი და ეგრეთვე მონათა ძეთა მათგან ბენიამენისთა, მონანი მემფიბოსთესნი, და ეგრეთვე მონათა მათგან დავითისთა.

16. და შებმა-უყოფდეს ურთიერთას მოყუასსა თჳსსა, მარცხენითა ჴელითა შეუპყრობდეს თმათა მათთა და მარჯუენითა ჴელითა შთააგდებდეს მახჳლსა გუერდსა მოყუასისასა და მოსწყდებოდეს. და სახელი დაედვა ადგილსა მას "ნაწილი არდაბაგების", რომელ არს გაბაონს.

17. და განძლიერდა ღუაწლი ბრძოლისა სიფიცხით მას დღესა შინა, და ძლევასა მიეცა აბინერ და მეოტ-იქმნა ერი იგი მისი წინაშე მონათა მათ დავითისთა.

18. და იყუნეს მუნ სამნი ძენი შარუელისნი: იოაბ და აბესა და ასაელ. ხოლო ასაელ მალე იყო მუჴლითა, ვითარცა ქურციკი ველისა.

19. და წარექცია ასაელს აბინერ და სდევდა ერდგულად და არა უტევებდა მას მიქცევად მარჯულ და მარცხლ.

20. და ჴმა-უყო უკმომართ აბენერ ასაელს და ჰრქუა მას: შენ ხარ ასაელ? და ჰრქუა მან: მე ვარ!

21. და ჰრქუა მას აბენერ: განმეყენე ჩემგან და მიაქციე მარჯულ, ანუ მარცხენით, და მოვალს ერთი მონათა ჩემთაგანი და წარიღე ნაძარცვევი მისი! და არა უკმოიქცა ასაელ მისგან.

22. და კუალად ჰრქუა მეორედ აბენერ ასაელს: გარეუკუნიქეც ჩემგან, კაცო, ნუუკუე გცე და მოგკლა შენ! და ვითარმე შევადგნე თუალნი იოაბს, ძმასა მას შენსა?

23. და არა უკუნიქცა ასაელ და გარემოიქცა აბენერ და სცა ჰოროლი თჳსი, და განსწონა ზურგსა მისსა, დაეცა და მოკუდა. და რაჟამს მოვიდიან ყოველნი იგი მდევარნი ადგილსა მას, სადა-იგი იდვა ასაელ მომკუდარი, არღარა სდევედ, არამედ ადგილობანსა ფერჴნი დაიპყრიან.

24. მაშინ დევნა-უყვეს იოაბ და აბესა აბენერს, და მოვიდეს ბორცუსა მას ამომანისასა, რომელ არს პირისპირ გაისსა, გზასა მას უდაბნოსა გაბაონისასა.

25. და შეკრბეს ძენი ბენიამენისნი, და შეუდგეს კვალსა მას აბენერისასა და დადგეს ბორცუსა ზედა ერთსა.

26. სიტყვა იწყო აბენერ მიერ ბორცჳთ იოაბისა და ჰრქვა: ჰე, დაუპყრობელად მახჳლისა მაგის განტევებაჲ, ანუ არა უწყი, რამეთუ აღსასრულსა მაგის საქმისასა სიმწარე შეიქმნეს, ვიდრე არა უბრძანებ ერსა მაგას შენსა უკუნქცევად მოსრვისაგან ძმათა თჳსთასა?

27. მიუგო იოაბ: ცხოველ არს უფალი! თუმცა არა გეთქვა სიტყუაჲ ეგე, ამას ღამესა გეხილვამცა ამის ყოვლისა ერისა ჩემისა ჴელი თითოეულად ძმასა თჳსსა ზედა.

28. აწ უბრძანა იოაბ სწრაფით დაბერვა ნესტჳსა ერსა მას, აღარა სდევდეს ისრაიტელთა მათ, არცა ყვესღა ბრძოლა.

29. და აბენერ და ერი იგი მისი წავიდეს ღამე ყოელ დასავალით კერძო ვიდრე კიდედმდე იორდანისა. და წიაღჴდეს მიერ სწრაფით და მოეფინეს მდინარისკიდესა მას ვიდრე მისლვადმდე ბანაკთა მათ.

30. და იოაბ მოიქცა აბენერისგან და შეკრიბა ერი იგი დავითისი და აღლუმი ყო ანდერზობით, და იპოვნეს მოკლულნი ერისაგან ვითარ ათცხრამეტი კაცი, და ასაელ მათ თანა.

31. ხოლო დავითის ერთა, რომელ მოსწყდეს ძეთაგან ბენიამენისთა და კაცთა ებენერისთა, სამასსამეოცი კაცი.

32. და წარიღეს ასაელ და დაფლეს საფლავსა მამისა თჳსისასა ბეთლემს. და წარვიდეს იოაბ და ერი იგი ღამე ყოელ და განუთენა მათ ქებრონს.

3

1. და განძლიერდა ღუაწლი ბრძოლისა შორის სახლსა მას საულისასა და შორის სახლსა დავითისასა. და სახლი იგი დავითისი ჟამითი-ჟამად აღემატებოდა, განძლიერდებოდა, სახლი იგი საულისი მოაკლდებოდა და შემცირდებოდა.

2. და ესხნეს დავითს ქებრონს ძენი და იყო პირმშო მისი ამონ აქინამისგან იზრაიტელისა.

3. და მეორე იგი მისი დავია აბგესგან კარმელელისა, მესამე იგი მისი აბესალომ, ძე მაქასი, ასულისა თოლმესი, მეფისა მის გესურისა.

4. მეოთხე იგი მისი ადონია, ძე აგგითასი, და მეხუთე იგი მისი საფატია, ძე ამიტალისგან

5. და მეექუსე იგი იეთერამ იგალასგან, ცოლისა მის დავითისი. ესენი ესხნეს დავითსა ქებრონს.

6. და იყო ბრძოლა შორის სახლსა საულისა და სახლსა დავითისასა. და აბენერ იყო ჴელმწიფე სახლსა საულისასა.

7. და საულისი იყო ხარჭი ერთი ქალი და შეირთო იგი ცოლად აბინერ, ძემან ნერისმან, და სახელი ქალისა მის რესფა, ასული ულასი. მაშინ ჰრქუა იებოსთე, ძემან საულისამან, აბენერს:

8. რასათჳს შეირთე შენ ხარჭი იგი მამისა ჩემისა ცოლად? და განრისხნა აბენერ ფრიად და ჰრქვა იებოსთეს, ვითარმედ: ძაღლისთავ ვარი მეა? აცადე აწ, რამეთუ წყალობა ვყავ სახლსა მას ზედა საულ, მამისა შენისასა, ძმათა და ნათესავთა მისთათჳს და არა მივედ სახიდ დავითისა! და აწ აღდგომილ ხარ შურისმეძიებელად ქალისა ერთისათჳს ჯერკუალისა?

9. ესე მიყავნ მე უფალმან და ესე შემძინენ, არა თუ ეგრე ვყო დავითისთჳს, ვითარცა ეფუცა მას უფალი!

10. რამეთუ დღეს მიეღო მეფობა სახლსა მას საულისასა და აღემართა საყდარი დავითისი ისრაჱლსა ზედან და სახლსა მას ზედან იუდასსა დანითგან ბერსაბედამდე!

11. განკრთა იებოსთე სიტყჳსა ამისთჳს და ვერარა მიუგო სიტყუაჲ აბენერს შიშისა მისგან.

12. და წარავლინა აბენერ მოციქული დავითისა თესალმუსის ქუეყანასა და ჰრქვა მას: აღმითქუ მე აღთქმა, და ჴელნი მიგცნე შენ და მოვაქციო ყოველი ისრაჱლი შენდა!

13. და ჰრქუა დავით: კეთილ არს! ეგრე ვყო, გარნა სიტყუასა ერთსა გეტყჳ შენ: არა იხილო პირი ჩემი, ვიდრემდის არა მოიყვანო ცოლი ჩემი მელქოლ, ასული საულისი, რაჟამს მოხჳდოდი შემთხუევად ჩემდა.

14. და წარავლინა დავით მოციქული იებოსთეს, ძისა მის საულისა, და ჰრქუა: მომეც მე ცოლი ჩემი მელქოლ, რომელი მოვიგე მე ასეულითა მით წინადაუცუეთელებით უცხოთესლთასა!

15. და წარავლინა იებოსთე და მოუღო ქმარსა თჳსსა ფალტიას, ძესა სელლასა.

16. და მოსდევდა ქმარი იგი ცოლსა თჳსსა და ტიროდა იგი, ვიდრე მოჰყვანდა მელქოლ ბარაკადამდე: მაშინ ჰრქუა აბენეზერ ფალტიას, ვიდრე თანაუვიდოდა მაგას: წარვედ სახიდ შენდა! და მუნთქუესვე უკუნიქცა ფალტია და წარვიდა.

17. და ჰრქუა აბენერ მოხუცებულთა მათ ისრაჱლისათა: გუშინ და ძუღან ეძიებდით დავითსა, გინდა მეფობაჲ მისი თქუენ ზედა.

18. აწ აღასრულეთ ნება თქუენი და მიდით მის წინაშე! რამეთუ იტყოდა უფალი დავითისთჳს, თქუა: ჴელითა დავითის, მონისა ჩემისათა, ვიჴსნა ერი ჩემი ისრაჱლი უცხოთესლთაგან და ყოველთაგან მტერთა მათთასა!

19. და ეტყოდა აბენერ ყურთა ბენიამენისთა. და წარვიდა აბენერ თხრობად დავითისა ქებრონს სიტყჳსა მისთჳს, რომელ თქუეს ძეთა ისრაჱლისათა და ყოველმან სახლმან ბენიამენისამან.

20. და მივიდა აბენერ დავითის თანა ქებრონად და მის თანა იყო ოც ოდენ კაცი. და ყო დავით აბენერისთჳს და კაცთა მათ, რომელ მის თანა იყუნეს, სიხარული და შვება დიდი.

21. და ჰრქუა აბენერ დავითს: აწ განმიტევე მე და წარვიდე და შემოგიკრიბო უფალსა ჩემსა ყოველივე ისრაჱლი და დავდვა აღთქმა ჩემი შენდა მიმართ! და მეფობდე ყოველსა ზედა, რომელთა ჰნებავს სულსა შენსა! უჯმნა დავით აბენერს და წარვიდა მშჳდობით მუნთქუესვე.

22. და, აჰა, იოაბ და მონანი დავითისნი მოვიდეს ბანაკისა მისგან დიდითა ნატყუენავითა, ხოლო იოაბ არა იყო დავითისა თანა ქებრონად, რაჟამს მიავლინა და წარვიდა მშჳდობით,

23. იოაბ და ყოველი ერი მისი, ვითარცა მოვიდნენ და მიუთხრეს იოაბს და ჰრქუეს, ვითარმედ: მოვიდა აბენერ, ძე ნერისი, დავითისა და განუტევა იგი მშჳდობით და წარვიდა მუნთქუესვე.

24. შევიდა იოაბ წინაშე მეფისა და ჰრქუა მას: რა ჰქმენ ესე, რამეთუ მოვიდა შენდა აბენერ, ძე ნერისი, და შენ განუტევე იგი, წარვიდა მშჳდობით?

25. ანუ შენ არა იცოდეა უკეთურება იგი აბენერისი, რამეთუ შეტყუვილად შენდა მოვიდა იგი და განცდად შესავალ-გასავალთა შენდა ცნობად, რასა შენ იქმ?

26. და გამოვიდა იოაბ მეფისაგან, დასწინა მოციქულნი აბენერს და მიაქციეს იგი გარე ჯურღმულითგან სეირისა და დავით არა იცოდა.

27. უკუმოქცევასა აბენერისასა მიეგებოდა იოაბ და მიაქცია გუერდით კერძო ბჭეთა მათ და ჰზრახვიდა მას ზაკჳთ, და უგმირა გუერდსა მისსა მახჳლი და მოკლა იგი, და მოკუდა აბენერ ნაცვლად ასაელისა სისხლისათჳს ძმისა იოაბისასა.

28. ამისა შემდგომად, ვითარცა ესმა დავითს, თქუა: უბრალო ვარი მე და მეფობა ესე ჩემი უფლისა მიერ სისხლისა მისგან უკუნისამდე, სისხლისაგან აბენერისა, ძისა ნერისა.

29. ხოლო სისხლი იგი აბენერისი თავსა ზედან იოაბისასა იყავნ და ყოველთა ზედან სახლსა მამისა მისისასა! და ნუ მოაკლოს სახლსა იოაბისასა უბითა ხაშმი, კეთროვანი, და პურის-მთხოველი, და მახჳლითა მომკუდარი და სიყმილითა.

30. იოაბ და აბესა, ძმა მისი, უმზირდეს მარადის აბენერს მოკლვად ნაცვლად სისხლისა მის ასაელისა, ძმისა მათისა, რომელი-იგი მოკლა ბრძოლასა შინა გაბაონს.

31. და ჰრქუა დავით იოაბს და ყოველსა ერსა, რომელნი მის თანა იყუნეს: ჴელი მიჰყავთ საყელესა, მოიპეთ სამოსელი თქუენი და შთაიცჳთ ძაძა და სტიროდეთ აბენერს! და თავადი მეფე წინაუძღოდა საქუმელთა მათ აბენერისთა.

32. და მოიღეს და დაფლეს იგი ქებრონს. აღიღო ჴმაჲ მეფემან, სამარესა მას ზედა ტიროდა და ატირებდა ერსა მას აბენერსა ზედა.

33. შეასხმიდა, ჴმითა გოდებდა და იტყოდა: მსგავსად სიკუდილისა მის უგუნურისა მოკუდა აბენერ!

34. ჴელნი შენნი არა შეიკრნეს და არცა ფერჴნი შენნი ბორკილითა. პირველად, ვითარცა ნაბალ, წინაშე ნაშობთა მათ უსჯულოებისათა დაეცა და შეკრბა ყოველი ერი ტირილად მისსა.

35. და მოვიდა ყოველი ერი წინაშე დავითისა და ეტყოდეს მას, რათა ჭამოს პური, ხოლო მან არა ინება. და ფუცა დავით და თქუა: ესე მიყავნ ღმერთმან და ესე შემძინენ, უკუეთუ ვჭამო პური, გინა სხუა რამე ვიდრე მწუხრამდე.

36. ვითარცა ესმა ერსა მას, სათნო-უჩნდა მათ ყოველივე, რაჲცა ყო დავით.

37. და გულისხმა-ყვეს მას დღესა შინა ყოველმან ერმან ისრაჱლისამან, რამეთუ ბრძანებითა მეფისათა არა იყო სიკუდილი აბენერისი, ძისა ნერისი.

38. სიტყუად იწყო მეფემან ერისა მისა და ჰრქუა: არა იცითა, რამეთუ დღეს მთავარი დიდი დაეცა ისრაჱლსა შორის?

39. ანუ არა უწყით, რამეთუ ნათესავი და მეგობარი და ჴელმწიფე დიდი მოკუდა? ხოლო კაცნი ესე, ძენი შარუელისნი, გულფიცხელ არიან სასტიკებითა ჩემსა უფროს. მიაგენ მათ უფალმან საქმეთა მათთაებრ უკეთურთა!

4

1. ვითარცა ესმა ესე იებოსთეს, ვითარმედ მოკუდა აბენერ ქებრონს, დაჴსნდეს ძარღუნი მისნი და ყოველივე ერი იგი ისრაჱლისა შეძრწუნდა.

2. და ორნი კაცნი მთავარნი, ერისთავნი იებოსთესნი, ძისა მის საულისანი: ბანეა და რექაბ, ძენი რემონისნი, ბეროთ ელიოსანი და ძეთა მათგანივე ბენიამენისნი; რამეთუ ბეროთცა შერაცხილ იყო ძეთა მათ თანა ბენიამენისთა.

3. რამეთუ განძებულ იყუნეს ბეროთელნი იგი გეთსა, და მუნ მწირობდენ ვიდრე დღეინდელად დღემდე.

4. და იონათანისი, ძისა მის საულისი, დაშთომილ იყო ძე ერთი შეხაშმებული ფერჴითა და იყო იგი ხუთისა წლისა, რამეთუ ჟამსა მას, რომელსა მოვიდა მეამბვე იგი საულისა და იონათანისა, ძისა მისისა, ეზრაელით, აღიქუა იგი მაწოვნებელმან, წარიტაცა. და იყო, სივლტოლასა მას მისსა და სწრაფასა დაეცა იგი ფერჴხთა ზედან მის ყრმისათა და აღაკელობა იგი. და სახელი ერქვა მემფიბოსთე.

5. და მოვიდეს ძენი იგი რემოისნი, ბეროთეანისანი: რექაბ და ბანეა, ძმა მისი, და შევიდეს სახიდ იებოსთესა, და მას ეძინა სასვენებელსა შინა თჳსსა.

6. და მეკარეცა მირულებულ იყო, რომელი სცვიდა მას, და რექაბ და ბანეა დაიმალნეს.

7. შევიდეს იდუმალ და მოკლეს იებოსთე, მძინარე სასვენებელსა ზედა, საწოლსა შინა, და მოკუეთეს თავი მისი და წარიღეს დასავლის კერძო ღამე ყოელ.

8. და მოართუეს დავითს ქებრონად და ჰრქუეს მეფესა: აჰა, ესერა, თავი იებოსთესი, ძისა საულისი, მტერისა შენისა, რომელი გეძიებდა შენ მოკლვად! მოგცა შენ უფალმა, უფალსა ჩუენსა, შურის-გებაჲ მტერთა მისთა საულისი და ყოვლისა სახლისა მისისა.

9. მიუგო დავით რექაბსა და ბანეას, ძმასა მისსა, ძეთა რემონისთა ბეროთელისა და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი, რომელმან იჴსნა სული ჩემი ყოველთაგან ჭირთა!

10. ვითარცა, რომელმან მითხრა მე სიკუდილი საულისი და მას ეგონა, ვითარმედ კეთილსა რასმე ვახარებო და მუნთქუესვე მო-ხოლო-ვკალ იგი სეკელას, რომლისა ვინ უწყის, თუ ჯერ-იყო ჩემდა მიცემად ხარებისა მისისათჳს.

11. და აწ კაცთა მაგათ უკეთურთა შეხუედით და მოჰკალთ კაცი მართალი სასვენებელსა შინა. ეგრეთვე ვიძიო შური ჴელთაგან თქუენთა და მოგსპო თქუენ ქუეყანით!

12. და უბრძანა დავით მონათა თჳსთა და მოსწყჳდნეს იგინი, და ჩამოჰკიდნეს იგინი გოდოლსა ქებრონს, მოჰკუეთეს ჴელნი და ფერჴნი მათნი, და დამოჰკიდეს იგინი გოდოლსა ქებრონისასა, და თავი იგი მიიღეს და დაფლეს საფლავსა მას აბენერისა, ძისა ნერისა, ქებრონს შინა.

5

1. და მოვიდეს და მოკრბეს ყოველნივე ნათესავნი ისრაჱლისანი დავითისა ქებრონად და ჰრქუეს მას: აჰა, ესერა, ჩვენ ძვალნი ძვალთა შენთაგანნი და ჴორცნი ჴორცთა შენთაგანნი!

2. რამეთუ პირველცა, ვიდრე საულ მეფე იყო ჩუენ ზედა, შენვე იყავ წინამძღუარ და მბრძანებელ ისრაჱლისა, რამეთუ შენ გრქვა უფალმან, ვითარმედ: შენ დამწყსო ერი ჩემი ისრაჱლი!

3. და მოვიდეს და მოკრბეს ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი ქებრონად მეფისა თანა. დადვა აღთქმა მათ თანა დავით ქებრონს წინაშე უფლისა, და სცხეს დავითს მეფედ ყოველსა ზედა ისრაჱლსა.

4. რამეთუ ოცდაათ წლისა იყო დავით, რაჟამს სცხეს მას მეფედ, და ორმეოც წელ მეფობდა იგი.

5. შჳდ წელ და ექუს თუე მეფობდა ქებრონს იუდასა ზედა; ოცდაათსამეტსა წელსა მეფობდა ყოველსა ისრაჱლსა ზედა და იუდასა ზედა იერუსალჱმს.

6. და წარვიდა დავით მეფე და ყოველი ერი მის თანა იერუსალჱმად იებუსელისა მის, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ყოველსა მას ქუეყანასა. ეუწყა დავითს, რამეთუ იტყოდეს იებუსელნი იგი, ვითა: არა შემოვიდეს დავით აქა, რამეთუ მჴდომად აღუდგეს ბრმანი და მკელობელნი! და იტყოდეს, ვითარმედ: ყოვლადვე ნუ შემოვალნ აქა დავით!

7. და მოვიდა დავით და დაიპყრა ციხისციხე იგი სიონისი, ესე არს ქალაქი დავითისი.

8. და უბრძანა დავით მას დღესა შინა: ყოველმან, რომელმან დასცეს იებუსელი, მახჳლი აღიღენ ბრმათა ზედან და მკელობელთა და მოსრენ იგინი, რომელთა სძულდა სული დავითისი! რამეთუ ამის გამო თქჳან სიტყჳსა ჯერად, ვითარმედ: ბრმანი და მკელობელნი ნუ შევლენ ტაზრად უფლისა.

9. და დაემკჳდრა დავით ციხისციხესა მას და ერქვა მას ქალაქი დავითისი. და აღაშენა ქალაქი გარემოს ბორცუსა მას, და მასვე შინა აღქმნა ტაზარი თჳსი.

10. და გამდიდრდებოდა დავით და უფალი ყოვლისა მპყრობელი იყო მის თანა.

11. მაშინ მიუვლინნა მოციქულნი ქიარამ, მეფემან ტჳროსისამან, და მიუძღვნა მას ძელი ნაძჳსა და ფიჭჳსა, და მოუვლინნა მას ხურონი ძელისანი, მოქმედნი ქვისანი და აუშენეს მუნ ტაზარი დავითისა.

12. და გულისხმა-ყო დავით, რამეთუ წარუმართა უფალმან მეფობა მისი ყოველსა ზედა ისრაჱლსა და აღიმაღლა მეფობა მისი ერისათჳს მისისა ისრაჱლისა.

13. და ისხნა დავით სხუანი ცოლნი და ხარჭანი იერუსალემს შემდგომად მოსლვისა მისისა ქებრონით, და ესხნეს მას სხუანიცა ძეებ და ასულებ.

14. და ესე სახელები არს შვილთა მისთა, რომელნი იშუნეს იერუსალჱმსა: სამაათ, ესებაჲ, ნათან, გალამან,

15. იებარ, თუმუსუს, ელფალატ, ნაგეთ, ნაფეკ.

16. ენნათ, ელსამის, ბალიდად, ელიფალეთ.

17. და აგრძნეს უცხოთესლთა მათ, ვითარმედ სცხეს დავითს მეფედ ისრაჱლსა ზედან. და გამოვიდეს ყოველნი უცხოთესლნი მოძიებად დავითისა. და ვითარცა ესმა დავითს, ვითარმედ ეძიებენ მას უცხოთესლნი იგი, მოვიდა დავით ადგილსა მას ძნელოვანსა.

18. და მივიდეს უცხოთესლნი იგი და განეზავეს უბესა მას ტიტანელთასა.

19. და იკითხა დავით უფლისა მიერ და თქუა: უკუეთუ ჯერ-არს ჩემდა ზედამისლვად უცხოთესლთა მათ და მომცნე იგინი ჴელთა ჩემთა? და ჰრქვა უფალმან დავითს: მივედ, რამეთუ მიმიცემიან იგინი ჴელთა შენთა!

20. და მოვიდა დავით და დაესხა უცხოთესლთა და მოსრნა იგინი და თქუა დავით: მოსრნა უფალმან მტერნი ჩემნი და უცხოთესლნი წინაშე ჩემსა, ვითარცა განიყვნიან და განიჭრიან წყალნი მრავალნი, რამეთუ ამის გამო ერქუმის ადგილსა მას ადგილი მოსასრველი.

21. და დაყარნეს უცხოთესლთა მათ სივლტოლასა მათსა კერპნი იგი მათნი. და აღიხუნა იგინი დავით და ერმან მისმან.

22. მერმე შე-ღავე-სძინეს უცხოთესლთა მათ გამოსლვად კრებულად ჴშირად უბესა მას ტიტანელთასა.

23. და იკითხა დავით უფლისაგან: უკუეთუ მივიდე უცხოთესლთა ზედა, მომცნე იგინი ჴელთა ჩემთა? და ჰრქუა უფალმან დავითს: ნუ განხვალ მათდა, არამედ გარემოიქეც და მახლობელად მათსა დაემალე ღელესა მას გლოისასა!

24. და რაჟამს გესმეს შენ ჴმაჲ ძრვისა მაღნარისა ადგილსა მას გლოისასა, მაშინ მივედ მათ ზედა, რამეთუ მაშინღა გამოვიდეს უფალი წინაშე შენსა ბრძოლად და დაცემად უცხოთესლთა მათ.

25. და ყო დავით, ვითარცა უბრძანა მას უფალმან. დასცნა უცხოთესლნი იგი გაბაონითგან გაზერადამდე.