წიგნი მეორე სამოელისა, რომელი ჩუენ მიერ მეორე მეფეთაჲ იწოდების

21

1. და იყო სიყმილი დიდი დღეთა მათ დავითისთა სამთა წელთა ზედასაზედა. და იკითხა დავით უფლისა მიერ და ჰრქუა უფალმან დავითს: საულისათჳს და სახლისა მისისათჳს არს უსჯულოებაჲ ეგე, რამეთუ მოსწყუედდა იგი გაბაონელთა.

2. და მოუწოდა დავით მეფემან გაბაონელთა მათ და ჰრქვა ესე, ხოლო გაბაონელნი არა ძეთაგან ისრაჱლთა იყვნეს, არამედ ნეშტთა მათგან ამორეველთასა და ძენი ისრაჱლისანი ფიცებულ იყუნეს არა მოწყუედად მათდა. ხოლო საულ მოსრვიდა მათ, რამეთუ ეშურებოდა იგი ისრაჱლთასა მას და იუდასასა მათ ფიცსა.

3. და ჰრქუა დავით გაბაონელთა: რა გიყო თქუენ, რათა ლხინება-ვყო წყევისა ამისთჳს და თქუენ მაკურთხეთ მე და სამკჳდრებელი ღმრთისა?

4. და ჰრქუეს დავითს გაბაონელთა: არა გჳჴმს ჩუენ ოქრო და ვერცხლი, არცარა ძჳრი სახლისა ისრაჱლისა, არამედ საქმე ჩუენი სახლისა მიმართ საულისა არს! და ჰრქუა მათ დავით: რა გინებსთ, რათა გიყონ თქუენ?

5. და მათ ჰრქუეს: არამედ კაცმან, რომელმან მოგუსრნა ჩუენ და შეურაცხ-გუყვნა, მოვსრათ იგიცა, რათა არა ვხედვიდეთ საზღუართა შინა ისრაჱლისათა!

6. აწ მოგუცენ ჩუენ შჳდნი კაცნი ძეთა მისთანი და ლხინება იყოს ჩვენდა მათ მიერ უფლისა მიმართ ბორცუსა მას ზედა საულისასა შესაწირავად უფლისა! და ჰრქუა მათ დავით მეფემან: მე მოგცნე იგინი.

7. და იჭირვოდა მეუფე მემფიბოსთესთჳს, ძისა იონათანისა, ძისა საულისა, რათამცა არა მოსცა მათ სიკუდილად ფიცისა მისთჳს; რომელ-იგი ფიცება იყო შორის დავითისა და შორის იონათანისა, ძისა საულისა.

8. და მოუხუნა მეფემან ორნი ძენი რეფას, ასულსა აიასსა, რომელნი უშუნა საულს: ერმონი და მემფიბოსთე და ხუთნი ძენი მელქოლისნი, ასულსა საულისსა, რომელნი უშუნა იეზრიელ, ძისა იერზელისა, მოვლათელისა.

9. და მისცნა იგინი გაბაონელთა მათ და დაზორნეს იგინი წინაშე უფლისა და მოსწყჳდნეს შჳდნივე იგი ძენი მათნი ასლობისა და ქრთილისა მკის დღეთა.

10. და რეფა, ასულმან აიასმან, ხარჭმან საულისამან, მოიღო ძაძა და ნაცარი დაიფინა კლდესა მას ზედა, ვიდრე არა ეწვიმა ღმრთისა მიერ და სცვიდა ძვალთა მათ დაზორვილთა, ვიდრე არა დაირღუეს იგინი მუნვე. და არა შეეხო მათ მფრინველი, არცა მჴეცი.

11. და უთხრეს დავითსა საქმე ესე, რა-იგი ყო რესფა, ასულმან აიასმან, ხარჭმან საულისმან.

12. და წარვიდა დავით და წარმოიხუნა ძვალნი იგი საულისნი და იონათანისნი, ძისა მისისანი, კაცთა მათგან იაბის გალადისთა, რომელ წარიპარნეს ურაკპარაკთაგან ბეთსამისა და ძეგლად ქმნეს უცხოთესლთა მათ დღესა მას, ოდეს დასცნეს უცხოთესლნი გელბეთს.

13. მოიღო მუნით ძვალნი საულისნი და ძვალნი იონათანისნი, ძისა მისისა, და შეკრიბნა დაზორვილნიცა იგიცა.

14. და დაფლნა ქუეყანასა ბენიამენისასა მახლობელად საფლავსა მას კისისასა, მამისა მისისასა. და ყოველივე ყვეს, რომელიცა უბრძანა მათ მეფემან. მაშინღა ულხინა უფალმან ქუეყანასა მას წყევისა მისგან მათისა.

15. ამისა შემდგომად იწყო წყობა უცხოთესლთა მათ ისრაიტელთა მიმართ. და მოვიდა დავით ერითურთ უცხოთესლთა მათ და დაჴსნდა დავით ღუაწლსა მას ბრძოლისასა.

16. და აბესა იესბესი იყო ნათესავი გმირთა და სასწორი ჰოროლისპირისა მისისა იყო სამასი სიკილა სპილენძი და ჴმალი ერტყა წელთა მისთა და ეგულებოდა განგურემა დავითისი.

17. და მუნთქუეს შემოვარდა შუა აბესა, ძე შარუელისი, სცა და მოკლა უცხოთესლი იგი და იჴსნა დავით მისგან და აღთქმა-ყვეს ერმან მან და დაწყევეს, რათამცა არღარა განვიდა დავით ბრძოლად მათ თანა, რამეთუ არა დაშრტეს სანთელი იგი ისრაჱლისა.

18. და იყო, ამისა შემდგომად წყობა იყო უცხოთესლთა მიმართ გეთს, მაშინ მოსწყჳდნა სობოქა ოსათისა საფ არაფისა, ნათესავმან გმირთამან უცხოთესლნი იგი.

19. მერმე კუალად წყობა იყო უცხოთესლთა მათ როთს და მოკლა ადეოდად სალთის ძემან, პოლიმარის ბეთლემელმან, გოლიათ გეთელი. და ბუნი ჰოროლისა მისისა იყო, ვითარცა ლვილი ქსელთა.

20. და კუალად იყოღავე ღუაწლი ბრძოლისა უცხოთესლთა მიმართ გეთს. და იყო მუნ კაცი ერთი რაზეთ და თითნი ჴელთა და ფერჴთა მისთანი ესხნეს ექუს-ექუს, რიცხჳთ ოცდაოთხ და ნათესავი იყო გმირთა.

21. დადგა იგი შორის განწყობილთა მათ და ჰყუედრებდა ერსა მას ისრაჱლისასა, და განუჴდა მას იონადაბ, ძე სამაჲსი, და მოკლა იგი ძმისწულმან დავითისმან.

22. ესე ოთხნივე იყვნენ ნათესავნი გმირთანი, რომელნი იყუნეს გეთს სახლისაგან რაფასისა. და მოსწყჳდნა იგინი დავით ერითა თჳსითა.

22

1. მაშინ წართქვა დავით სიტყუაჲ გალობისა წინაშე უფლისა დღესა მას, რომელსა იჴსნა იგი უფალმან ყოველთაგან მტერთა მისთა და ჴელთაგან საულისთა,

2. და თქუა: შეგიყუარო შენ უფალო, ძალო ჩემო! უფალი განმაძრიალებელი ჩემი! ჭირსა ჩემსა მიჴსნეს მე.

3. ღმერთი ჩემი, მფარველი ჩემი! რამეთუ იგი არს ჯაჭჳ ჩემი და რქა ცხორებისა ჩემისა. და იგი არს შესავედრებელი ჩემი და მჴსნელი ჩემი! და უსჯულოებათა ჩემთაგან მიჴსნა მე უფალმან.

4. ქებით ვხადე უფალსა და მტერთა ჩემთაგან განმარინა მე!

5. მომადგეს მე სალმობანი წყალთანი და ღუართა უსჯულოებისათა შემაძრწუნეს მე!

6. გარემომადგეს მე სალმობანი ჯოჯოხეთისანი და მახენი სიკუდილისანი მეწივნეს მე!

7. ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვყავ და ისმინა ჩემი ტაძრით წმიდით მისით ჴმისა ჩემისა! და ღაღადება ჩემი მიიწია ჴელთა მისთა. მან მოისმინა, ყურთა მისთა მოიჴსენა.

8. იძრა და შეძრწუნდა ქუეყანა! და საფუძველნი მთათანი შეირყნეს, შეძრწუნდეს, რამეთუ შერისხდა მათ ღმერთი!

9. აჰჴდა კუამლი რისხვასა მისსა, და ცეცხლი პირისა მისისგან აღატყდა, და ნაბერწყალნი გამოეთხეოდეს მისგან!

10. მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა, ნისლი ქუეშე ფერჴთა მისთა!

11. აღჴდა ქერობინთა, აფრინდა, აღმაღლდა ფრთეთა ზედა ქართასა!

12. დადვა ბნელი საფარველად მისა და გარემოს მისა, საყოფელნი მისნი ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა!

13. ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე სეტყვა და ნაბერწყალი ცეცხლისა!

14. ქუხდა ცით გამო უფალი, და მაღალმან მოსცა ჴმაჲ თჳსი.

15. მიავლინა მათა შურდულის ქვანი და განაბნივნა იგინი, ელვანი განამრავლა და შეაძრწუნნა იგინი!

16. შეძრწუნდეს იგინი განფენასა მას ზღჳსასა, გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა უფლისათა და სულითა რისხვისა მისისათა!

17. გამოავლინა მაღლით და შემიწყალა მე და შემიწყნარა მე წყალთაგან მრავალთა!

18. მიჴსნა მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და მოძულეთა ჩემთა, რამეთუ უძლიერეს ჩემსა იყუნეს!

19. მომეწყინეს მე დღესა ჭირისა ჩემისასა, და უფალი იყო შემწე ჩემდა!

20. და გამომიყვანა მე ფართოდ. ეს მიჴსნა მე უფალმან!

21. მომიგოს მე უფალმან სიმართლითა ჩემითა და სიწმიდისაებრ ჴელთა ჩემთა მომიგოს მე!

22. რამეთუ დავიცუენ მე გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ ღმრთისა ჩემისაგან!

23. რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან მარადის და სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან!

24. და ვიყო მე წმიდაჲ წინაშე მისა და ვეკრძალო მე უსჯულოებისა ჩემისაგან!

25. მომაგოს მე უფალმან სიმართლითა ჩემითა და უბიწოებითა ჴელთა ჩემთათა წინაშე თუალთა მისთა!

26. წმიდისა თანა წმიდა იყო და სრულისა კაცისა სრული იყო!

27. და რჩეულისა თანა რჩეული იყო და დრკუსა მისგან განეშორო!

28. რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნე და თუალნი ამპარტავანთანი შენ დაამდაბლენ!

29. რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, და განმინათლო ბნელი ჩემი!

30. რამეთუ შენ მიერ ვრბიოდი მე ჭურვილი და ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავჴედ ზღუდეთა!

31. ღმერთი წმიდა არს და უბიწო არს გზა მისი! ბრძანება უფლისა მტკიცე არს და გამოჴურვებულ და შესავედრებელ არს თჳთ მოშიშთა მისთა!

32. რამეთუ ვინ არს ღმერთი უფლისა გარეშე? ანუ ვინ არს შემოქმედი გარნა ღმრთისა ჩუენისა?

33. რომელმან შემჭურა მე ძალითა და აღივსნეს სიმართლითა გზანი ჩემნი!

34. დაამტკიცნა ფერჴნი, ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე!

35. განსწავლენ ჴელნი ჩემნი ღუაწლსა და არა მოუძლურდა, ვითარცა მშჳლდი რვალისა მკლავთაგან ჩემთა!

36. შემჭურვე მე საჭურველითა მაცხოვარებისათა და განამრავლე ჩემ თანა სიმდაბლე, და მარჯუენემან შენმან შემიწყნარა მე, და სწავლამან შენმან აღმმართა მე!

37. ფართო-ყვენ სლვანი ჩემნი, ნაკლულევანებათა დამაკჳრვეს მე ქუეშე ჩემსა, რათა არა მოუძლურდენ ალაგნი ჩემნი, და ვერ წინადამიდგეს მე მჴდომნი იგი ჩემნი!

38. მივეტევე მე მტერთა ჩემთა ზედა და მოვსრენ იგინი და არა მოვაქცივე მათგან ვიდრე მოაკლდეს და მოვასრულნე იგინი!

39. დავგალნე იგინი და არღარა აღემართნენ და დაეცნენ იგინი ქუეშე ფერჴთა ჩემთა!

40. შთამაცვა მე ძალი ბრძოლასა მათდა, შევმუსრენ, რომელნი-იგი აღდგომილ იყვნეს ჩემ ზედა! და მტერნი ჩემნი მომცენ მეოტად ჴელთა ჩემთა და ქედნი მტერთა ჩემთანი დავსთრგუნენ!

41. მტერთა ჩემთა ზურგთა ვდევნიდი და მოძულეთა ჩემთა განვაბნევდი!

42. ღაღად-ყვეს და არა ვინ იყო, რომელმანცა იჴსნნა იგინი უფლისა ღმრთისა მიერ, და არა ისმინა მათი.

43. განვაბნიენ იგინი, ვითარცა მტუერნი წინაშე ქარისა და, ვითარცა თიჴა უბნისა, დავზილენ იგინი.

44. მიჴსენ მე მძლავრობისგან ერისასა და ნათლად წარმართთა დამიდგინე მე. ერი, რომელ არა ვიცოდე, მემონა მე, სმენითა ყურისათა დამემორჩილნეს მე.

45. მეცრუვნეს მე შვილნი და უცხოთა დასმენითა ყურისათა მემორჩილნეს მე.

46. და შვილნი სხუათანი წარვლიდენ და ზრუნვათა თჳსთა შეეკრნეს.

47. ცხოველ არს უფალი და კურთხეულ არს დამბადებელი ჩემი! და ამაღლდინ ღმერთი ჩემი, მცველი მაცხოვარებისა ჩემისა!

48. ძლიერ არს უფალი, რომელმან იძია შური ჩემი და დაამდაბლნა ერნი ჩემ ქუეშე!

49. განმარინა გულისწყრომისაგან მტერთასა და მჴდომთაგან ჩემისა აღმამაღლა მე და კაცთა უსჯულოთაგან მიჴსნა მე!

50. ამისთჳს აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელი უფლისა მოვიჴსენო!

51. განადიდე ცხორებაჲ მისი და ჰყავ წყალობაჲ ცხებულისა მისისა თანა დავითისა და ნათესავისა მისისა თანა უკუნითი უკუნისამდე!

23

1. და ესე სიტყუანი არიან დავითის აღსასრულისანი და სარწმუნო არს დავით, ძე იესესი, და სარწმუნო არს კაცი იგი, რომელ დაადგინა უფალმან ცხებული ღმრთისა იაკობის ზედა. და შუჱნიერ არს გალობაჲ ესე ისრაჱლისა.

2. რამეთუ სული უფლისა იტყოდა ამას და სიტყუანი პირისა მისისანი ენასა ჩემსა.

3. და თქუა ღმერთმან იაკობისმან: ჩემდამო იტყოდა მცველი იგი ისრაჱლისა, მთავრად დამადგინა მე კაცთა მათ სიმართლითა და შიშითა ღმრთისათა ფლობად მათ ზედა.

4. ვითარცა ცისკარი განთიადისა და ვითარცა მზე რა აღმობრწყინდის მაღლით განთიად, და არა დაბნელდის ნათელი იგი მისი, ვითარცა წჳმამან რა აღმოაცენის მწვანე ქუეყანით.

5. რამეთუ ვითარცა არა ესრე იყო სახლი ჩემი ძლიერსა თანა ღმრთისათა, რამეთუ აღთქმა საუკუნო ედვა ჩემ თანა, ყოველთა ზედა დამტკიცებული და დამყარებული. ყოველივე ცხორებაჲ ჩემი და ნება ჩემი არა არს, რომელიცა მის მიერ არა მოიღებოდის.

6. რომელნი აღმოსცენდეს, ვითარცა ეკალნი და სხუანი, ვითარცა გამონაფრეწნი ყოველნი, რამეთუ არა ჴელი ვინ შეახის და გამოფრიწის.

7. უკუეთუ ვისმე ენებოს მოფხურად, რკინა შემზადონ ძელითურთ და ყოველივე ცეცხლით შეიწუნენ არარადმდე.

8. ესე სახელები არს მთავართა მათ და ერისთავთა დავითისათა: იებოსთე ქანანელი, მთავარი ერისა ნაწილთა, აქინომ ანელისთა, რვაასთა მათ ზედა წყლულთა ერთბამად.

9. ამისა შემდგომად ელიაზარ, ძე მამისძმისა მისისა სოვსელისა, სამთა მათ შორის ერისთავთა. ესე იყო დავითის თანა მესერანს, ყუედრებად ამისა, და უცხოთესლნი იგი მოკრებილ იყუნეს მუნ ბრძოლად.

10. და მო-ხოლო-ვიდეს ისრაიტელნი მათ ზედა და ელიაზარ მათ თანა და მოსწყჳდნა უცხოთესლნი იგი ვიდრე დაშრომამდე და დაეკრა ვადა ჴლმისა მისისა ჴელსა მისსა. და შექმნა უფალმან ცხორებაჲ დიდი მას დღესა შინა ერსა მას ზედა. და ყოველი იგი ერი მიექცა ნატყუენავსა მას ზედა მტერთასა.

11. და ამისა შემდგომად სამაა, ძე ეილასი რაქიანი და კუალად შეკრბეს უცხოთესლნი იგი და იყო მუნ ოსპნი თესული ახალჴნული; და ერი იგი მეოტ იქმნა უცხოთესლთა მათგან.

12. და შევიდეს უცხოთესლნი იგი ჴნულსა მას ოსპისასა; და ერი იგი დავითისი გარემოექცა და მოსწყჳდნეს უცხოთესლნი იგი. და შექმნა უფალმან ცხორებაჲ დიდი ერსა მას შორის მას დღესა.

13. და ჩამოვიდეს სამნი კაცნი სამთა მათგან გუნდთა დავითისთა ქვაბსა მას ოდოლამისასა და უცხოთესლნი იგი მძჳნვარედ განწყობილ იყუნეს უბესა მას ტიტანელთასა.

14. და დავით დგა კლდისპირსა მას თანა, და უცხოთესლნი იგი იყუნეს მას ოდენ ჟამსა ბეთლემს.

15. გულმან უთქუა დავითს და თქუა: ვინმცა მასვა მე წყალი წყაროსა მისგან ბეთლემისასა, რომელ არს ბჭეთა თანა?

16. და გუნდსა მას უცხოთესლთასა შეეცვა ბეთლემი და კაცნი იგი, რომელ მოვიდეს სამნი გუნდთა მათგან დავითისა, განაპეს ბანაკი იგი უცხოთესლთა, და მივიდეს და მოართუეს წყალი იგი ბეთლემისა, რომელ იყო ბჭეთა მათ თანა, ხოლო დავით არა სვა წყალი იგი, არამედ მოიღო იგი, აპკურა წინაშე უფლისა.

17. და თქუა: ნუ იყოფინ ჩემდა უფლისა მიერ ეგე, ვითარმცა შევსვენ სისხლნი და სულნი კაცთანი წყალსა ამას თანა! ესე ყვეს სამთა მათ ახოვანთა.

18. და აბესა, იოაბის ძმა, ძე შაროელისი, მთავარი სამთა მათგანი, იახოვნა, განმარტა ჰოროლი თჳსი და მოწყლნა სამასი ახოვანი ერთსა მას შერევასა მისსა.

19. და ესე ოდენ უმჯობეს იყო ერთისა მათგანისა ორთა მათ უდიდებულეს. და იყო მათა მთავარ, ხოლო სამთა მათ ვერავე ესწორებოდა.

20. და ბანეა, ძემან იოადისამან, ძისა ახოვანისა კაცისამან, მრავალი საქმე ქმნა უფროს გაბასაელისა. რამეთუ მან მოსწყჳდნა ორნი იგი ძენი ადრიელის მოაბელისნი. და ესე გარდაჴდა და მოკლა ლომი გუბსა მას შინა დღეთა მათ ზამთრისათა.

21. და მან მოკლა ეგჳპტელი იგი კაცი საშინელი და მჴნე და ვერ შესაძლებელი, რამეთუ ჴელთა აქუნდა ეგჳპტელსა მას ოროლი და ბუნი ოროლისა მისისა იყო, ვითარცა დირე ჴიდისა. და მით ოროლითა გამოუჴდა ეგჳპტელი იგი და ესე მიეგებოდა. და მოუღო ოროლი იგი ეგჳპტელსა მას და მისითავე ოროლითა განგურიმა ეგჳპტელი იგი.

22. და ესე ყო ბანეა, ძემან იოადისამან.

23. და მისი სახელი უმჯობეს იყო შორის სამთა მათ ახოვანთა და უდიდებულეს, ხოლო სამთა მათ ვერავე ესწორებოდა. და დაადგინა იგი დავით ყოველთა ზედა, რომელნი სცვიდეს მას და ესე სახელები არს კაცთა მათ მჴნეთა დავითისათა:

24. ასაელ, ძმა იოაბისი, ოცდაათთა მათ შორის, ელნალ, ძე ელიუდისი, მამისძმისა მის ბეთლემელისა,

25. სამეე რუდელი, სელომ კელოთელი,

26. ქალეს ფალემელი, ირას ძე, ესკათისა თეკველი,

27. აბეზერ ანათოთელი, მოაბან ოსითელი,

28. სელიმონ აოთელი, მაარა ნეთაფათელი,

29. ელედ, ძე ბანიასი, ესე იგი არს ნეტოფიტელი, ითი, ძე რაბასი, გაბათელის ძენი ძეთაგან ბენიამენისთა,

30. ბანია ფარათონელი, ედაი მდინარისა გაასას,

31. აბაბონ არბატიტელი, ძმათაგან ბერომეველთა,

32. ელიაბ სალაბონელი, ძენი იესესნი იონათანისანი,

33. სემ ორორეველი, აიამ, ძე სარარისი, არორიტელი,

34. იელფელეთ, ძე აზბაისი, ძეთა მავეთეველთა, ძე ელიასი, აქიტობელ გელანიტელი,

35. ესრი კარმეითეველი, ფარია არაბელი,

36. აგალ ათიასი, საობიტელისა ბონი გაადელი.

37. სელეკ ამონელი, ნარა ბეოტელი, მჴედარი იოაბისი, ძენი სარვეინისნი.

38. ირაითიტრეს გარებელი, ესე იგი არს იეთიტრე,

39. ჰურია ქეტელი, ესე ყოველი კაცნი ოცდაჩჳდმეტ იყო.

24

1. და შესძინა გულისწყრომამან ღმრთისამან განრისხება ისრაჱლსა ზედა და აღაზრზინა მათ ზედა დავით და თქუა: წარვედით და აღმირაცხეთ ყოველი კაცი ისრაჱლი და იუდასი!

2. და ჰრქვა მეფემან იოაბს და მთავართა მათ ერისათა: მოვლეთ თქუენ ყოველი სახლი ისრაჱლისა და იუდასი დანითგან ბერსაბედმდე, აღრაცხეთ და აღითვალეთ და აღწერილი მომართუთ მე, რათა უწყოდი რიცხუ ერისა მის.

3. მიუგო იოაბ მეფესა და ჰრქუა: შესძინენ უფალმან ღმერთმან ერსა ამას ასი წილი! თჳთ უფალმან ჩუენმან მეფემან იხილენ! მეფე, მო-ვე-რასა-იღე ზრახვა გულისა შენისა, უფალო ჩემო მეფე?

4. განძლიერდა ბრძანება იგი მეფისა უფროს იოაბის მიმართ და მთავართა ზედა და გამოვიდეს იოაბ და მთავარნი იგი პირისაგან მეფისა აღრიცხვად ერისათჳს ისრაჱლისა.

5. და წიაღჴდეს იორდანესა და დაიწყეს გარემოცვად არობელით მარჯულ ქალაქისა, რომელ არს შორის ღელეთა გაადისთა და ელიაზარისა.

6. და მოვიდეს გალადად და ქუეყანასა მას ქეტელთასა და კადესსა, და მოვიდის დანადმდე და მიიწივნეს სიდონიად.

7. და მოვიდეს ბოსორად და ტჳრედ და ყოველთა ქალაქთა ეველთასა და ქანანელთასა და მიიქცეს სამხრით კერძო იუდასა ბერსაბედმდე.

8. და მოვლეს ყოველი ქუეყანა და მოვიდეს მეცხრესა თთვესა და ოცსა დღესა იერუსალჱმად.

9. და მოიღო იოაბ წიგნი იგი აღწერილი სოფლისა და დადვა წინაშე მეფისა. და იყო რიცხჳ ერისა მის ისრაჱლისა რვაას ათასი კაცი აზნაური ოდენ და იუდისი რჩეული კაცი სპარაზენი ხუთასი ათასეული.

10. და შეეჭუდა გული დავითისი აღწერისა მისთჳს ერისასა, სიტყუად იწყო დავით უფლისა და თქუა: ვცოდე ფრიად წინაშე უფლისა, რამეთუ ვყავ ესე სიტყუაჲ და აწ, უფალო, მომიტევე შეცოდება ესე მონასა შენსა, რამეთუ ცუდად და უგუნურებით ვიზრახე ზრახვა ესე.

11. და აღდგა დავით განთიად, იყო ბრძანება უფლისა გად წინასწარმეტყუელისა ხილვად დავითისა, და ჰრქვა:

12. წარვედ და ეტყოდე დავითს: ესრეთ იტყჳს უფალი, სამსა ამას მოვავლინებ შენ ზედა, ხოლო შენ გამოირჩიე თავისა შენისა ერთი რაიმე მათგანი, რომელი ვყო შენთჳს!

13. და მოვიდა გად დავითისა და ჰრქუა მას: გამოირჩიე თავისა შენისა ერთი ამათგანი: ანუ სამ წელ სიყმილი პურისა ქუეყანასა ზედა შენსა, ანუ სამთავე მეოტად წარქცევა მტერთაგან სულშეუქცეველად, ანუ სამსა დღესა სიკუდილი კაცთა ქუეყანასა შენსა. და აწ შენ განიზრახე და მითხარ მე, რა მივართვა მომავლინებელსა ჩემსა?

14. მიუგო დავით გადსა და ჰრქუა: სამივე სიმძიმე არს ჩემ ზედა, ხოლო უმჯობეს არს ჩემდა შევრდომა ჴელთა უფლისათა, რამეთუ მრავალ არს წყალობა მისი, ნუმცა შევარდები მე ჴელთა კაცთასა (და გამოირჩია დავით სამ დღე სიკუდილი კაცისა. და იყუნეს დღენი იფქლის მკისანი).

15. და ბრძანა უფალმან სიკუდილი ისრაჱლსა ზედა ცისკრითგან ვიდრე ექუს ჟამადმდე. და მოიწია მოსრვა ერსა მას ზედა ისრაჱლისასა. და მოკუდა მას დღესა შინა ვითარ სამეოცჩჳდმეტი ათასი კაცი დანითგან ბერსაბედამდე.

16. და მივიდა ანგელოზი იგი სიკუდილისა მოსრვად იერუსალჱმად. და დააცხრო უფალმან რისხვა იგი მისი მათ ზედა და ლხინება-ყო უფალმან გუამსა მათსა ზედა და ჰრქუა ანგელოზსა მას, რომელი მუსრავდა ერსა მას: კმა არს! აწ დააყენე ჴელი შენი და ნუღარა მუსრავ! და ანგელოზი იგი დგა კიდესა კალოსა მის ორნია იებუსელისასა.

17. სიტყუად იწყო დავით უფლისა, რაჟამს იხილა ანგელოზი იგი, რამეთუ მოსრვიდა ერსა მას ისრაჱლისასა და თქუა დავით: აქა ვარ, უფალო, მწყემსი ესე, რომელმან შეგცოდე და ბოროტი შენს წინაშე ვქმენ, ხოლო ამათ საცხოვართა არარა ცოდეს. იყავნ ჴელი შენი ჩემ ზედა და სახელსა ზედა მამისა ჩემისასა!

18. და მოვიდა გად წინაწარმეტყუელი დავითისა და ჰრქუა: მივედ შენ ადრე და აღაშენე საკურთხეველი კალოსა მას ზედა ორნია იებოსელისასა!

19. და წარვიდა დავით სიტყჳსაებრ გადისა, ვითარცა უბრძანა მას უფალმან.

20. და ვითარცა იხილა ორნია მეფე დავით, წინამიეგებოდა მას და თაყუანი-სცა მეფესა.

21. და ჰრქუა ორნია: რა არს, უფალო ჩემო, მეფე, რასა მოხვალ მონისა შენისსა? მიუგო დავით და ჰრქუა: მოსყიდად კალოსა ამის შენისა და აღშენებად მას ზედა საკურთხეველი უფლისა ღმრთისა, რათა დასცხრეს მოსრვა ესე ერსა ამასა ზედა!

22. მიუგო ორნია დავითს და ჰრქუა: მიიღენ უფალმან ჩემმან მეფემან და ყავნ ბრძანებისაებრ უფლისა ღმრთისა, და ვითარცა სათნო-უჩნს! და, აჰა, ეგერა, არიან ჴარნი ეგე მსხუერპლად და უღელი და საჴნველი და ყოველივე ჭურჭელი კალოსი მრგულიად დასაწველთათჳს შეშად!

23. ყოველივე მისცა ორნია მეფესა და ჰრქუა: შეიწირენ უფალმან ჴელთაგან შენთა!

24. მიუგო მეფემან და ჰრქუა: არა ეგრე, თუმცა ცუდად მოვიღე, არამედ ნაცვალი მიგცე შენ, არა შევსწირნე საკუერთხნი მედად უფლისა და ღმრთისა დასამშჳდებელად! და მოიყიდა დავით კალო იგი ცვალებით და ჴართა მათთჳს მისცა ორმოცდაათი სასწორი ვერცხლი, რომელ არს სატირი.

25. და აღაშენა მუნ დავით საკურთხეველი უფლისა ღმრთისა და შესწირნა ჴარნი იგი მსხუერპლად უფლისა დასამშჳდებელად! (მერმე შე-ღავე-სძინა სოლომონ და განადიდა საკურთხეველი იგი, რამეთუ პირველ მცირე იყო). და დააცხრო უფალმან რისხვა მისი ქუეყანასა ზედა. და დასცხრეს გუემანი იგი ისრაჱლისაგან.