წიგნი მეორე სამოელისა, რომელი ჩუენ მიერ მეორე მეფეთაჲ იწოდების

6

1. კუალად შეკრიბნა დავით ყოველი ჭაბუკი რჩეული სახლისაგან ისრაჱლისა, ვითარ სამასი ათასი კაცი.

2. და წარვიდა დავით და ყოველი ერი მის თანა, მდიდარნი და მთავარნი სახლისა იუდასნი, აღსლვად ბორცუსა მას ზედა წარმოღებად კიდობნისა მის სჯულისასა, რომელსა ზედან წოდებულ არს სახელი უფლისა ღმრთისა ძალთასა, რომელსა ზედან დადგინებულ იყო ქერობინი მას ზედა.

3. და აღიღის და დადგის კიდობანი იგი სჯულისა ურემსა ზედან ახალსა.

4. და წამოიღეს იგი სახლისა მისგან ამინადაბისა, რომელი იყო ბორცუსა მას ზედა, და ოზიას, ძმათა მისთა და ძეთა ამინადაბისათა მოაქუნდა ურემი იგი კიდობნითურთ ღმრთისათ, და ძმანი მისნი ვიდოდეს გარემოსა კიდობანსა.

5. და დავით და ყოველი ერი ისრაჱლისა იმღერდეს წინაშე კიდობანსა ღმრთისა ნესტჳთა და ქნარითა, ბობღნითა და ლინითა და პირად-პირადითა სახიობითა.

6. და მოიწინეს ვიდრე კალომდე ორნია იებოსელისა. მას ჟამსა მიჰყო ჴელი თჳსი ოზია კიდობანსა ღმრთისასა, რათამცა დაამტკიცა, რამეთუ შეხარა იგი ზვარაკმან.

7. და განრისხნა გულისწყრომით უფალი ოზიასა ზედა, მუნთქუესვე ურიდებისა მისთჳს განგალა იგი და მოკუდა კიდობანსა მას თანა უფლისასა წინაშე ღმრთისა.

8. და შეუძნდა დავითს შემუსრვაჲ იგი ოზიასი. და ეწოდა ადგილსა მას" შესამუსრველი ოზიასი " მოდღენდელად დღედმდე.

9. და შეეშინა დავითს უფლისაგან და თქუა: ვითარ შევიღო სახიდ ჩემდა კიდობანი სჯულისა ღმრთისა?

10. და არა უნდა დავითს მიქცევად კიდობანი იგი უფლისა მისისა ქალაქსა დავითისასა, არამედ მიაქცია სახიდ აბედადისა გეთელისა.

11. და დადგა კიდობანი უფლისა მუნ სამ თუე ოდენ და აკურთხა უფალმან სახელი იგი აბედადისი გეთელისა.

12. მიუთხრეს დავითს: აკურთხა უფალმან სახლი აბედარისი და ყოველივე, რაჲცა არს მისი, კიდობნის გამო ღმრთისა! წარვიდა დავით და აღმოიღო კიდობანი სჯულისა ღმრთისა სახლისაგან აბედადისა ქალაქად დავითისა სიხარულით.

13. და იყუნეს მის თანა, რომელთა მოაქუნდათ კიდობანი იგი, მემღერნი შჳდ დასად და საკლავები ზუარაკთა და კრავთა.

14. დავით როკვიდა წინაშე კიდობნისა მის პარითა შორის მოსტჳნვართა მათ და მბობღნართა წინაშე უფლისა მკული სამკაულითა ძოწეულითა.

15. და დავით და ყოველთა ერთა ისრაჱლისათა მოიღეს კიდობანი ღაღადებითა ჴმითა ნესტჳსათა.

16. და შევიდოდა რა კიდობანი იგი უფლისა ქალაქად დავითისა, და მელქოლ, ასული საულისი, იჭჳრებოდა სარკმლით გამო და იხილა მეფე დავით, რამეთუ როკვიდა ქნარითა, მომღერალი წინაშე კიდობნისა უფლისა, და განგმო გულსა შინა თჳსსა.

17. და მოიღეს და დადგეს კიდობანი იგი ღმრთისა კარავსა მას შინა, რომელი აღმართა დავით. და შეწირა დავით წინაშე უფლისა საკუერთხნი მშჳდობისანი.

18. და რაჟამს აღასრულა შეწირვაჲ მსხუერპლთა და მშჳდობისათა, აკურთხა ყოველი იგი ერი სახელითა უფლისა ყოვლისა მპყრობელისათა.

19. და განუყო ყოველსა მას ერსა და ყოველსა ძალსა ისრაჱლისათა დანითგან ვიდრე ბერსაბემდე: მამაცსა და დიაცსა, თჳთო კუერი პური და თითო დარანი ჴორცი და თჳთო მანდარი ტაბაკისაგან. და წარვიდა ერი იგი სახიდ თჳსად.

20. და შეიქცა დავით კურთხევად სახლისა თჳსისა. და გამოეგებოდა მას მელქოლ, ასული საულისა, აკურთხა იგი და ჰრქუა: რაბამადღა რამე ჰაეროვან და დიდებულ იყავ შენ დღეს, მეფე ეგე ისრაელისა, რაჟამს განკვართულ იყავ შენ და მოხჳდოდე წინაშე მონათა შენთა და მჴევალთა, ვითარცა ვინ განიკვართის როკვასა თჳსსა, ეგრე რამე განკვართულ იყავ დღეს.

21. მიუგო დავით მელქოლს და ჰრქუა: წინაშე უფლისა ჩემისა ვიხარებდე და ვროკვიდე. ხოლო კურთხეულ არს უფალი ჩემი, რომელმან გამომირჩია მე უფროს მამისა შენისა და ყოვლისა სახლისა მისისა, რამეთუ დამამტკიცა მე მთავრად ყოველსა ზედა ერსა თჳსსა ისრაჱლსა.

22. მის წინაშე ვიხარებდე, და ვიმღერდე და ვროკვიდე წინაშე უფლისა და განვიკუართო სიხარულით უფრო და უფროს და შეურაცხად გამოვჩნდე წინაშე თუალთა შენთა და თუალთა მჴევალთა შენთასა, რომელთა წინაშე მარქუ მე, ვითარმედ: დიდებულ რამე შჩნდი!

23. და მელქოლს, ასულსა საულისასა, აღარა ესვა შვილი, ვიდრე სიკუდიდმდე მისა.

7

1. და იყო, ვითარცა დაემკჳდრა დავით სახლსა შინა თჳსსა. და დააცხრვნა უფალმან გარემოს მისსა ყოველნი მტერნი მისნი.

2. მიუგო მეფემან ნათანს წინაწარმეტყუელსა: მე, ესერა, დამკჳდრებულ ვარ ტაზართა შინა ჩემთა და კიდობანი იგი სჯულისა სდგას კარავსა შინა უფლისსა!

3. მიჰუგო ნათან წინაწარმეტყუელმან მეფესა და ჰრქუა: სად ღმერთმან განგიმარჯვა! მივედ შენ და ყავ, რაცა გნებავს, რამეთუ უფალი ღმერთი შენ თანა არს.

4. და იყო მას ღამესა ბრძანებაჲ უფლისა ნათან წინაწარმეტყუელისა მიმართ და ჰრქუა:

5. მივედ და არქუ მონასა ჩემსა დავითსა, ვითარმედ: ესრე იტყჳს უფალი: არა შენ მიშენო სახლი, რათა დავიმკჳდრო მას შინა?

6. რამეთუ არა დამკჳდრებულ ვარ მე საყოფელთა შინა მიერ დღითგან, ოდეს გამოვიყვანნე ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით ვიდრე აქა ჟამამდე, არამედ ვიდოდე მათ თანა საბანაკესა მათსა კარვითა ყოველსა ადგილსა.

7. რომელსაცა მივიდოდე ძეთა მათ თანა ისრაჱლისათა და არა თუ სიტყჳთ სადა ვის ვეტყოდე ერთსა ნათესავთაგანსა ძეთა ისრაჱლისათა, რომელთა-იგი ვამცენ მწყსა ერისა ჩემისა ისრაჱლისა, ვითარმედ: რად არა მიშენეთ მე სახლი ძელთაგან ნაძუთასა?

8. და აწ შენ ესრე ჰრქვა მონასა ჩემსა დავითს: ესრე იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი: გამოგიყვანე შენ ფარეხთაგან სამწყსოთასა და გყავ შენ წინამძღუარ ერისა ჩემისა ისრაჱლისა.

9. და ვიყავ შენ თანა ყოველთა გზათა შენთა, ვიდრეცა ხჳდოდე და მოვსრენ ყოველნი მტერნი შენნი წინაშე შენსა და მიგეც შენ სახელი დიდი მგზავსად სახელთა მათ დიდთა, რომელნი უწინარეს შენსა იყუნეს ქუეყანასა ზედა.

10. და აწ მივსცე ადგილი ერსა ჩემსა ისრაჱლსა, დავნერგნე იგინი და დავამკჳდრნე იგინი თავისთავ და არღარა ზრუნვიდენ, არცა შესძინოს ძემან უსჯულოებისამან ვნებად მათა, ვითარცა-იგი წინათვე,

11. და დღეთა, რომელთა დავამტკიცენ მსაჯულნი ერსა ჩემსა ზედა ისრაჱლსა. აწ მე განგისუენო შენ ყოველთაგან მტერთა შენთა და გაუწყოს შენ უფალმან, ვითარ-იგი ჯერ-იყოს მისა შენებად ტაზარი.

12. და იყო, რაჟამს აღგესრულნენ დღენი შენნი, დაიძინო მამათა შენთა თანა, და აღვადგინო ნათესავისა შენისაგან, რომელი იყოს მუცლისაგან შენისა და განუმზადო მას დამტკიცებად მეფობა შენი.

13. და მან აღაშენოს ტაზარი სახელისა ჩემისათჳს და აღვმართო საყდარი მისი მიუკუნისამდე.

14. და ვიყო მე მისა მამა და იგი იყოს ჩემდა ძე. უკუეთუ შემცოდოს მე, ვგუემო იგი კუერთხითა კაცთათა და განვსწავლო იგი ძეთა მიერ კაცთასა;

15. ხოლო წყალობაჲ ჩემი არავე დავაყენო მისგან, ვითარცა დავაყენე მათგან, რომელნი მიდრკეს პირისაგან ჩემისა.

16. და დავამტკიცო მეფობაჲ იგი მისი და სახელი მისი უკუნისამდე წინაშე ჩემსა და საყდარი მისი აღმართებულ იყოს წინაშე ჩემსა უკუნისამდე.

17. და მგზავსად სიტყუათა ამათ და ჩუენებათა მათ ეტყოდა ნათან დავითს.

18. და შევიდა დავით მეფე და დაჯდა წინაშე უფლისა და თქუა: ვინ ვარი მე, უფალო ჩემო, უფალო? ანუ რა არს სახლი ჩემი, რამეთუ ესეოდენ შემიყუარე მე?

19. რამეთუ უნდო და არარა ვარ მე შენს წინაშე, უფალო, უფალო ჩემო! და ვითარ იტყოდე ოდენ მყოვარ სახლისათჳს მონისა შენისა და ესე რჯულ არს მონისა შენისა შენდა მიმართ, უფალო, უფალო ჩემო!

20. რაღამე შევსძინო, დავით, სიტყუად შენს წინაშე? და აწ შენ იცი მონისა შენისა, უფალო, უფალო ჩემო!

21. მონისა შენისათჳს ყავ ნიჭისაებრ შენისა ყოველი დიდება, რათა გულისხმა-უყო მონასა შენსა.

22. სიმდიდრისათჳს ჩემისა, უფალო ჩემო, უფალო, რამეთუ არა ვინ არს მგზავსი შენდა ღმერთად შენსა გარეშე, ყოველი, რაოდენი გუესმა ყურთა ჩუენთა!

23. არავინ არს ნათესავი, ვითარ ერი შენი ისრაჱლი; რომელსა-იგი უძღოდე ქუეყანასა ზედან, ღმერთო, მაცხოვრად მათდა, რათამცა მოიპოვე იგი ერად შენდა და ადიდე სახელი დიდებითა დიდითა, რაჟამს გამოგყვანდა ერი შენი, რომელი იჴსენ ქუეყანისაგან ეგჳპტელთაგან, ერი იგი და სამკჳდრებელი.

24. და განამზადე თავისა შენისა ერი შენი ისრაჱლი ერად საუკუნოდ და შენ, უფალო, იყავ მათა ღმერთად.

25. და აწცა, უფალო, უფალო ჩემო, სიტყუასა მას, რომელსა იტყოდე მონისა შენისათჳს და სახლისა მისისათჳს, დაემტკიცენ უკუნისამდე! და ვითარცა ეტყოდე, ეგრეცა ყავ.

26. და აწ ამაღლდინ სახელი შენი უკუნითი უკუნისამდე, უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო ყოვლისა ისრაჱლისაო, და სახლი მონისა შენისა დავითისი აღმართებულ იყავნ წინაშე შენსა!

27. რამეთუ შენ, უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო ისრაჱლისაო, განაღე ყური მონისა შენისა და სთქუ, ვითარმედ: აღგაშენო შენ! სთქუ, ვითარმედ: აღგიშენო შენ სახლი! ამისთჳს პოვა მონამან შენმან გულჴსნილობაჲ ღმრთისა მიერ ლოცვად შენდა თხოვა ესე.

28. და აწ, უფალო, უფალო ჩემო, შენ ხარ ღმერთი და სიტყუანი შენნი ეგნედ ჭეშმარიტებითა, ვითარცა იტყოდე მონისა შენისათჳს კეთილთა ამათ!

29. და აწ აკურთხე სახლი მონისა შენისა, რათა ეგოს უკუნისამდე წინაშე შენსა, რამეთუ შენ, უფალი, იტყოდე, და კურთხევითა შენითა იკურთხენ სახლი მონისა შენისა უკუნისამდე!

8

1. და იყო, ამისა შემდგომად მოსრვიდა დავით უცხოთესლთა მათ და დაიმორჩილებდა მათ, მოუღებდა დავით განყენებულსა მას ჴელთაგან უცხოთესლთასა.

2. და მოსრვიდა დავით მოაბსა და ბადისპირითა განზომდა ქუეყანასა, რამეთუ დასძინა მათ ქუეყანასა ზედა, და წარჴდეს ორნი წილნი სიკუდილისანი, ხოლო მესამე იგი ნაწილი ცოცხალი დაიპყრა. და იყუნეს ნეშტნი იგი მოაბისნი მონად დავითისა და მოართუმიდეს მას ძღუენსა.

3. და მერმე დავით მოსრა ადრაზარ, ძე როამისი, მეფისა მის სუბელისა, რამეთუ ერი შეიკრიბა და მოვიდოდა დასხმად ჴელთა მისთა მდინარის კიდესა მას ეფრატისასა.

4. და წარმოიღო მისი ათასი ეტლი ტყუედ და შჳდ ათასი მჴედარი და ოცი ათასი მკუირცხლი ფაროსანი. და დაჴსნა დავით ყოველივე იგი ეტლები და გამოარჩია ასი ეტლი ოქროცხებული და დაიყენა იგი სამსახურებელად სამეფოდ.

5. მას ჟამსა მოვიდა ასურასტანელი დამასკით შემწედ ადრაზარ, მეფისა მის სუბელისა. მერმე მოსწყჳდა დავით ასურასტანელისა მის ოცდაორათასი კაცი სპარაზენი.

6. და დადვა დავით ადგილ-ადგილ მცველნი სოფლებსა მას ასურასტანით კერძოსა და დამასკით კერძოსა და ყოველი ასურასტანელნი მონად დაიმორჩილნა და მოართუმიდეს მას მარადის ძღუენსა და ხარკსა და შეეწეოდა უფალი დავითს ყოველთა გზათა მისთა, ვიდრეცა ვიდოდა.

7. და მოუხუნა დავით სალტენი იგი ოქროსანი, რომელი ესხნეს მონათა ადრაზარისთა, მეფისა მის სუბასასა, მოიღო იერუსალიმად,

8. მასბაკით და სხუათა მათგან ქალაქთა რჩეულთა ადრაზარისთა წარმოიღო დავით მეფემან სპილენძი დიდძალი, რომელი-იგი იჴმარა სოლომონ, ძემან დავითისამან, რამეთუ ამისგან შექმნნა ტაბლა იგი და სუეტნი და ემბაზნი ღა ყოველნი ჭურჭელნი.

9. და ვითარცა ესმა ესე თოუ მეფესა მას ემათელთასა, რამეთუ მოსრნა დავით ყოველნი ძლიერნი ადრაზარისნი,

10. მიუვლინა მათ თოუ იედორა, ძე თჳსი, დავითს მეფესა კითხვად მშჳდობისა და აკურთხა იგი, რამეთუ ადრაზარ მარადის მჴდომ იყო თოუვისა. მოვიდა იედორა დავითისა დიდითა ძღუნითა: ოქროთა და ვერცხლითა და მრავლითა ჭურჭლითა სპილენძისათა.

11. და წაიღო იგი დავით მეფემან და მიუპყრა ღმერთსა ოქრო-ვერცხლით და ყოვლით ჭურჭლითურთ, რომელი მოიღო ქალაქთა მათგან მძლავრობით.

12. ედოელთასა და მოაბელთა და ძეთაგან ამონისთა და უცხოთესლთა ერისა მისგან ამალეკთასა და ნატყუენავისა მისგან ადრაზარისი, ძისა რუბისა, მეფისა მის სუბელისა.

13. და კუალად განითქვა სახელი დავითისი, ოდეს დაიპყრა სირია და შემოიქცა მუნით ჴევსა მას მარილოვანსა, სადა მოსწყჳდნა ცხრამეტნი ათასნი.

14. და დადვა დავით მცველნი ყოველთა ზედა იდუმელთა. და იყუნეს ყოველნი მკჳდრნი იდუმიასანი მონად დავითისა. და შეეწეოდა უფალი დავითსა ყოველთა გზათა მისთა, ვიდრეცა ვიდოდა.

15. და მეფობდა დავით ყოველსა ზედა ისრაჱლსა და ჰყოფდა სამართალსა და მსჯავრსა ყოველსა ზედა ერსა მისსა.

16. და იოაბ, ძე შარველისი, ერისთავი იყო ყოველსა ზედა ერსა ისრაჱლისასა. და იყო, იოსაფატ, ძე აქიასი, მწიგნობარ იყო.

17. და სადუკ, ძე აქიტობისი, და აქიმელექ, ძე აბიათარისი, იყუნეს მღდელად მისა, და ასა მწიგნობართმოძღუარი.

18. და ბანია, ძე იედაესი, თანამზრახველ და ოფელტი და ქერეთი და ძენი დავითისნი ეზოსმოძღუარ იყუნეს.

9

1. დღესა შინა ერთსა ბრძანა დავით, ვითარმედ: და-თუ-ვინ-შთომილ არს სახლისა მისგან საულისასა, რათამცა ვყო მისთჳს წყალობაჲ იონათანის გამო?

2. სახლისაგან საულისა დაშთომილ იყო მსახური ერთი და სახელი მისი სიბა. და მოიყვანეს იგი წინაშე დავითისა და ჰრქუა მას მეფემან: შენ ხარ ყრმა იგი სიბა? ხოლო მან თქუა: მე ვარ მონა შენი.

3. და ჰრქუა მას მეფემან, ვითარმედ: და-თუ-ვინ-შთომილ არს სახლისა მისგან საულისა, რათამცა ვყავ მის თანა წყალობა ღმრთისა? მიუგო სიბა მეფესა და ჰრქუა: არს ძე იონათანისა ერთი, მკელობელი ფერჴითა.

4. და ჰრქუა დავით: სადა არს იგი? და ჰრქუა მას სიბა: სახლსა მაქირისსა, ძისა ამიელისა, გაბარეველისა.

5. და წარავლინა დავით მეფემან და წარმოიყვანეს იგი სახლით მაქირისა, ძისა ამიელისა, გაბარეველისა.

6. და მოვიდა მემფიბოსთე, ძე იონათანისი, ძისა საულისა, მეფისა თანა დავითისა, დავარდა იგი პირსა ზედა თჳსსა და თაყუანი-სცა მეფესა. და ჰრქუა მას დავით: შენ ხარ მემფიბოსთე? ჰრქუა მას მემფიბოსთე: აქა ვარ მონა შენი.

7. და ჰრქუა მას დავით: ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვყო წყალობაჲ იონათანისა, მამისა შენისათჳს და მოგცე შენ ყოველი სამკჳდრებელი საულისი, მამისმამისა შენისა, და პურისმტე იყო ტაბლასა ჩემსა მარადის!

8. მაშინ თაყუანი-სცა მას მემფიბოსთე და ჰრქუა: რა ვარი მე, მონა ესე შენი, რამეთუ მომხედე მე, ძაღლსა ერთსა მკუდარსა, მიმსგავსებულსა ჩემსა?

9. და მოუწოდა დავით მეფემან სიბას, მონასა მას საულისა, და ჰრქუა: ყოველი, რაცა იყოს მონაგები საულისი, და ყოველი სახლი მისი მიმიცემიეს მე ძისა უფლისა შენისასა!

10. და აწ მუნ იქმოდე ქუეყანასა ძით და მონით შენითურთ და დაუკრიბე უფალსა შენსა ნაყოფი, უქმოდე მას უნჯსა და დაუკრებდ, და მემფიბოსთე, ძე უფლისა შენისა, ჭამდეს მარადის ტაბლასა ჩემსა! და სიბას ესხნეს ათხუთმეტ ძე და ოც მონა.

11. მიუგო სიბა მეფესა და ჰრქუა: ყოველი, რაცა მიბრძანოს უფალმან ჩემმან მონასა ამას თჳსსა, იგიცა ვყო! მემფიბოსთე მარადის ჭამდა ტაბლასა ზედა მეფისასა, ვითარცა ერთი შვილთა მისთაგანი.

12. და მემფიბოსთეს ესვა ძე ერთი მცირე, სახელი მისი მიქა, და ყოველი სამკჳდრებელი სიბასი ჰმონებდა მემფიბოსთეს.

13. და მემფიბოსთე დამკჳდრებულ იყო იერუსალჱმს, რამეთუ მარადის ჭამდა ტაბლისაგან მეფისა. და იგი იყო მკელობელი ორითავე ფერჴითა.

10

1. ამისა შემდგომად მოკუდა მეფე ძეთა ამონისთა, და მეფობდა ანონ, ძე მისი, მის წილ.

2. და ჰრქუა დავით: ვყო წყალობა ანონის თანა, ძისა ნაასისა, ვითარცა-იგი ყო მამამან მისმან ჩემთჳს. და მოუვლინნა დავით ნუგეშინის-მცემელად მონანი თჳსნი მამისათჳს მისისა. და მივიდეს მონანი დავითისნი ქუეყანასა ძეთა ამონისთასა.

3. მიუგეს მთავართა ამონისთა ანონს, უფალსა თჳსსა, და ჰრქუეს. არა თუ სადიდებელად შენდა მოავლინნა დავით მამისა შენისათჳს ნუგეშინის-მცემელნი, არამედ მსტოვრად მოავლინა ქალაქისა ამის და ქუეყანისა შენისა, რათა განიხილონ და უთხრან დავითს.

4. ვითარცა ესმა ანონს, შეიპყრნა მონანი დავითისნი და დაჰყჳნა ნახევარი თმა წვერისანი და მოჰკუეთნა კალთანი სამოსელთა მათთანი და განუტევნა იგინი.

5. ვითარცა ესმა ესე დავითს, მიაგებნა კაცნი და იხილნეს მონანი იგი განკიცხულნი ფრიად. და მიუმცნო დავით, ვითარმედ: დადეგით მანდავე, იერიქოდ, ვიდრემდის აღორძნდეს თმანი წვერისა თქუენისანი და მაშინღა მოდით!

6. ხოლო რაჟამს იხილეს ძეთა ამონისთა, რამეთუ განიკიცხნეს მონანი დავითისანი, მოიყიდეს ერი ასური, რობუა და ასური სობასნი ოცი ათასი ერი მკჳრცხლე და მეფე ბაქია ათასითა ერითა და სოტობა ათორმეტი ათასითა ერითა.

7. და ვითარცა ესმა დავითს, წარავლინა სპასპეტი თჳსი იოაბ და ყოველი ერი მის თანა.

8. და გამოვიდეს ძენი ამონისნი და განეწყვნეს წინაშე ბჭეთა მის ქალაქისათა ასურასტანელთა სუბას, რობას და ისტობის და მელქათაგან, იყუნენ ველსა განწყობით.

9. ვითარცა იხილა იოაბ, რამეთუ განწყობილ იყუნეს პირისპირ მათსა, გამოარჩინა ყოველნი ჭაბუკნი ძლიერნი ძეთაგან ისრაჱლისათა და განაწყო პირისპირ ასურთა მათ.

10. ხოლო სხვა იგი ერი მისცა აბესას, ძმასა თჳსსა, და განაწყვნა პირისპირ ძეთა ამონისთა.

11. და ჰრქუა იოაბ აბესას: უკუეთუ განძლიერდენ ასურნი, შენ მოვედ შეწევნად ჩუენდა, და უკუეთუ ძენი ამონისნი განძლიერდენ, ჩუენ მოვიდეთ ძალად თქუენდა!

12. მჴნე იყავ და განძლიერდი ერსა ჩუენსა ზედა და ბრძოდე ქალაქთათჳს ღმრთისა ჩუენისათა და უფალმან ყავნ კეთილი ჩუენ ზედა!

13. და ვითარცა ესე სიტყუანი თქუნა, შეამტკვებარა იოაბ ყოველი იგი ერი და დიდითა ძლიერებითა ზედამიუჴდეს ერსა მას ასურთასა და მუნთქუესვე მეოტად წარქცეულნი ქალაქად შესთხინეს.

14. და ვითარცა იხილეს ძეთა ამონისთა მეოტად ასურნი იგი, მეოტ იქმნნეს იგინიცა პირისაგან აბესაჲსისა და შეცჳვეს ქალაქად, ხოლო იოაბ გარემოიქცა და წარვიდა იერუსალჱმდ.

15. და იხილნეს რაჲ ასურნი უძლურად წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, შეკრბეს ყოველი ერთბამად.

16. და მიავლინა ადრაზარ და შეკრიბნა ასურასტანელნი იგი, რომელ იყო წიაღ მდინარესა ქალამას, და მოვიდეს და მოიწინეს ელამს და სუბად, ერისთავი იგი ადაზარისი, წინამძღურად მათდა.

17. და ვითარცა ესმა დავითს, უბრძანა შეკრებაჲ ყოვლისა ერისა ისრაჱლისა. და წიაღჴდეს იორდანეს მდინარესა და მოვიდეს ქალამად და განეწყო ასური იგი წინაშე პირსა დავითისასა და ბრძოლა-უყვეს.

18. და მეოტ იქმნა ასურასტანელი იგი პირისაგან ისრაჱლისა. და მოსწყჳდა დავით ერისა მისგან ასურთაჲსა შჳდასი მჴედარი ერი სპარაზენი და ორმოცი ათასი მკჳრცხლი ფაროსანი და მოკლა ერისთავი სობაკ.

19. და იხილეს რა ყოველთა მათ მეფეთა, რომელნი-იგი ძალად მოსრულ იყუნეს ადრაზარისსა, რამეთუ ძლევასა მიეცნეს წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, აღთქმა აღუთქუეს და მონად დაემორჩილნეს ძეთა ისრაჱლისათა, და შეიშინეს ასურთა მათ და არღარა მოვიდეს ძალად ძეთა მათ ამონისთა.