მეორე ნეშტთა

21

1. და დაიძინა იოსაფატ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისსა. და მეფობდა იორამ, ძე მისი, მის წილ.

2. და ძმანი იორამისნი, ძენი იოსაფატისნი, ექუსნი: ეზრიელ, და იეელ, ზაქარია, და მისელ, და საფატია, და აზარია. ესე ყოველნი ძენი იოსაფატისნი, მეფისა იუდასნი.

3. და მისცა მათ მამამან მათმან მისაცემელი ფრიადი: ოქრო და ვეცხლი და საჭურველი ქალაქთა თანამოზღუდვილთა იუდასა შორის. და მეფობაჲ მისცა იორამს, რამეთუ ესე იყო ძე მისი პირმშო.

4. და დადგა იორამ მეფობასა თჳსსა ზედა და განძლიერდა და მოსწყუდნა ყოველნი ძმანი მისნი მახჳლითა და მთავართაგანნი ისრაჱლისანი.

5. და იყო იორამ ოცდათორმეტისა წლისა, ოდეს დადგა იგი მეფობასა ზედა თჳსსა, და რვა წელ მეფობდა იერუსალჱმს.

6. და ვიდოდა გზასა მეფეთა ისრაჱლისათა, ვითარცა ყო სახლმან აქაბისმან, რამეთუ ასული აქაბისი იყო მისა ცოლად და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა

7. და არა ინება უფალმან აჴოცად სახლი დავითისი აღთქმისა მისთჳს, რომელი აღუთქუა დავითს და ვითარცა-იგი ჰრქუა მას მიცემად სანთლად ძეთა მისთა ყოველთა დღეთა.

8. მათ დღეთა შინა განდგა ედომი იუდასაგან და დაიდგინეს თავისა თჳსისა ზედა სხუაჲ მეფე.

9. და წარვიდა იორამ მთავართა თჳსთა თანა და ყოველი ცხენები მისი მის თანა. და იყო, ვითარცა აღდგა იგი ღამე და მოსრა ედომმან, რომელთა გარემოეცვა იგი და მთავარნი იგი ეტლებისანი, და ივლტოდა ერი იგი საყოფლად თჳსა.

10. და განდგა ჴელისაგან იუდასა ედომი იგი ვიდრე აქა დღედმდე. მაშინ განდგა ლუბნაცა ჴელისაგან მისისა მას ჟამსა შინა ამისთჳს, რამეთუ უტევა უფალი ღმერთი მამათა მისთა.

11. რამეთუ ამანცა ქმნნა მაღალნი ქალაქებსა იუდასასა და აცოდვნა მკჳდრნი იერუსალჱმისანი და აცთუნა იუდა.

12. და მოუჴდა მას წიგნი ელიასგან წინაწარმეტყუელისა და თქუა: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი დავითის, მამისა შენისაჲ, რამეთუ არა ხჳდოდე შენ გზასა იოსაფატის, მამისა შენისა, და გზასა ასასასა, მეფისა იუდასასა.

13. არამედ მიხუედ შენ გზათა მეფეთა ისრაჱლისათა და აცოდვე იუდა და მკჳდრნი იერუსალჱმისანი, ვითარცა-იგი ცოდა სახლმან აქაბისმან, და ძმანი შენნი, ძენი მამისა შენისანი, მოსწყჳდენ მახჳლითა, უმჯობესნი შენსა.

14. აჰა, ესერა, დაგცეს შენ უფალმან წყლულებითა დიდითა და ერი შენი, და ძენი შენნი, და ცოლნი შენნი და ყოველი მონაგები შენი.

15. და შენ სენითა ბოროტითა დასნეულდე მუცლისათა, ვიდრე განვიდენ ნაწლევნი შენსა სენსა თანა დღითი დღე.

16. და აღადგინნა უფალმან იორამის ზედა უცხოთესლნი არაბიელნი და მოზღუანენი ეთიოპელნი.

17. და მოუჴდეს იუდას ზედა და ჰმძლავრობდეს და წარიღეს ყოველი საფასე, რაოდენი პოეს სახლსა შინა მეფისასა, და ძენი მისნი და ასულნი მისნი წარიყვანნეს. და არა დაურჩა მას ძეთაგან, გარნა ოქოზია, ხოლო უმრწამეს ძეთა მისთა.

18. და ამის ყოვლისა შემდგომად დასცა უფალმან მუცლისა სენითა, რომლისა არა იყო კურნება.

19. და იგუემებოდა დღითი დღე და ვითარცა მოიწია ჟამი დღეთა მისთა, მეორესა დღესა გამოვიდა ნაწლევი მისი სენითურთ და მოკუდა იგი სენითა მით ბოროტითა და არა ყო ერმან მან განღება პატივითა, ვითარცა განღება მამათა მისთა.

20. და იყო იგი ოცდაათორმეტისა წლისა ოდენ, ოდეს დადგა მეფედ, და რვა წელ მეფობდა იერუსალჱმს და ვიდოდა იგი არაქებულად. და მოკუდა იორამ და დაეფლა იგი ქალაქსა დავითისასა, ხოლო არა საფლავსა მეფეთასა.

22

1. და მეფედ ყვეს მკჳდრთა იერუსალჱმისათა ოქოზია, ძე მისი უმრწამესი, მის წილ, რამეთუ ყოველნი ძენი მისნი უხუცესნი მოსწყჳდნეს ავაზაკთა, რომელნ-იგი მოუჴდეს მათ ზედა, არაბიელნი და ალიმაზონელნი, და მეფე იქმნა ოქოზია, ძე იორამის, მეფისა იუდასი.

2. და იყო ოქოზია ოცდაორისა წლისა, ოდეს დადგა იგი მეფედ და ერთ წელ მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისა გოთოლია, ასული ზამბრისი.

3. ესე ვიდოდა გზასა სახლისა აქაბისასა, რამეთუ დედა მისი იყო მზრახებელი ცოდვისა.

4. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ვითარცა სახლმან აქაბისმან, რამეთუ იგინი იყუნეს შემდგომად სიკუდილისა მის მისისა მზრახებელ მოსასრველად მისსა.

5. და ზრახვასა მათსა ვიდოდა და წარვიდა იორამ თანად ძისა აქაბისა ბრძოლად აზაელისა, მეფისა ასურეთისა, რემოთ გულაადისასა, და სცეს ისრითა მეისართა იორამს.

6. და მოიქცა იგი კურნებად იეზრაელად წყლულებისა მისგან, რომელ წყლეს ასურთა რამოთს შინა აზაელის, ბრძოლასა მას, მეფისა ასურეთისასა, და ოქოზია, ძე იორამისი, მეფე იუდასი, შთავიდა ხილვად იორამისა, ძისა აქაბისა, იაზარელად, რამეთუ სნეულ იყო.

7. და ღმრთისა მიერ იყო გარდაქცევა და მოსლვა ოქოზიასი იორამისა და მი-რა-ვიდა, განვიდა მის თანა იორამ იეუისა, ძისა ნამესისა, ცხებულისა უფლისა მიერ.

8. და იყო, ვითარცა შურის-გებად იეუასა სახლსა ზედა აქაბისსა, პოვნა მთავარნი იუდასნი და ძმანი ოქოზიასნი, მსახურებდეს რა ოქოზიას და მოსწყჳდნა იგინი.

9. და თქუა იეუ მოძიება ოქოზიასი და პოეს იგი, რამეთუ იკურნებოდა სამარიას შინა და მოიყვანეს იგი იეუასა და მოკლა იგი და დაფლეს იგი, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: ძე იოსაფატისი არს, რომელი ეძიებდა უფალსა ყოვლითა გულითა მისითა და არა ვინ იყო სახლსა ოქოზიასასა, რომელმანმცა განამტკიცა ძალი მეფობისა

10. და ვითარცა იხილა გოთოლია, დედამან მისმან, რამეთუ მოკუდა ძე მისი, აღდგა და წარწყმიდა ყოველი თესლი მეფეთა იუდასთა.

11. და მოიყვანა იოსაბედ, ასულმან მეფისამან იოას, ძე ოქოზიასი, და გამოიპარა შორის ძეთა მეფისათა მოკლულთა და მისცა იგი და მზარდული მისი მაწოვნებელი საუნჯესა მას ცხედართასა. და დამალა იგი იოსაბედ, ასულმან იოსაფატისა მეფისამან, დამან ოქოზიასამან, ცოლმან იოვდაეს მღდლისამან, და დამალა იგი პირისაგან გოთოლიასა, და არა მოკლა იგი

12. და იყო მის თანა დამალული სახლსა შინა ღმრთისასა ექუს წელ. და გოთოლია მეფობდა ქუეყანასა იუდასასა.

23

1. და წელსა მეშჳდესა განძლიერდა იოდაე და მოიყვანა ასისთავები: აარია, ძე იორამისი, და ისმაელ, ძე იონანისი, და აზარია ძე ობედისი, და მასეა ძე ადაიაისი, და ელისაფან, ძე ზაქარიასი, მის თანა სახლსა შინა უფლისასა.

2. და მოადგეს იუდასა და შემოკრიბნეს ყოველნი ლევიტელნი ყოველთაგან ქალაქთა იუდასთა და მთავარნი ტომთა ისრაჱლისათანი და მოვიდეს და შემოკრბეს იერუსალიმად.

3. და აღთქუმა აღუთქუა ყოველმან კრებულმან იუდასამან სახლსა შინა უფლისა ღმრთისა მეფისა თანა. და მაშინ უჩუენა მათ ძე მეფისა და ჰრქუა მათ: აჰა, ძე მეფისა, ესე მეფობდინ, ვითარცა იტყოდა უფალი სახელისათჳს დავითისა.

4. და აწ ესე სიტყუაჲ არს, რომელი ჰყოთ: მესამე თქუენგანი შევედინ შაბათსა მღდელთაგანნი და ლევიტელთაგანნი ბჭეთა მათ შესავალთასა.

5. და მესამე თქუენგანი სახლსა მეფისასა გარემოადეგინ და მესამე თქუენგანი დეგინ ბჭესა მას საშუალსა, და ყოველი ერი იყავნ ეზოსა სახლისა უფლისასა.

6. და ნუ ვინ შევალნ სხუაჲ სახლსა უფლისასა, გარნა მღდელნი და ლევიტელნი და მსახურნი იგი ლევიტელთანი. ესენი შევიდენ, რამეთუ წმიდა არიან და ყოველი ერი სცევდინ საცავსა მას უფლისასა.

7. და გარემოადგედ ლევიტელნი მეფესა გარემო და კაცად-კაცადსა მახჳლი ჴელსა მისსა და სხუაჲ, რომელი შევიდოდის სახლსა უფლისასა, მოკუედინ და იყუნედ კაცნი იგი მეფისა თანა შესლვასა და გამოსლვასა მისსა.

8. და ყვეს ლევიტელთა მათ და ყოველმან იუდამან ყოვლისა მისებრ, ვითარცა-იგი ამცნო იოდაე მღდელმან და წარიყვანა კაცად-კაცადმან ერი თჳსი დასაბამსა შაბათისასა, რამეთუ არა განაქარვა იუდაე მდღევარი იგი მსახურებაჲ.

9. და მისცა მახჳლი და საჭურველი და ფარები, რომელი იყო დავითის მეფისა სახლსა შინა უფლისასა.

10. და დაადგინა ყოველი ერი კაცად-კაცადი საჭურველითა თჳსისათა მჴარითგან ტაძრისათა მარჯუენით ვიდრე მჴარადმდე ტაძრისა მარცხენითისა საკურთხევლისა და ტაძრის გარემო მეფისა.

11. და გამოიყვანა ძე იგი მეფისა და მოსცა მის ზედა შარავანდი იგი სამეფო და საწამებელნი და მეფე-ყვეს იგი და სცხეს მას იოედაე და ძეთა მისთა და თქუეს: ცხონდინ მეფე!

12. და ესმა გოთოლიას ჴმაჲ იგი ერისა, რომელნი რბიოდეს და აღუარებდეს და აქებდეს მეფესა. და შევიდა მეფისა სახლსა უფლისასა.

13. და იხილა და, აჰა, ესერა, მეფე დგა სადგომელსა თჳსსა და შესლვასა მას დგეს მთავარნი და ნესტუები და მთავრები გარემო მეფისა და ყოველსა ერსა უხაროდა და სცემდეს ნესტუებსა და შემასხმელნი იგი სტჳრითა შესხმასა და ახიობდეს ქებასა და დაიპო გოთოლია სამოსელი თჳსი, ღაღად-ყო და თქუა: დასხმით დამესხმით

14. და ამცნო იოდაე მღღელმან ასისთავთა მათ და მთავართა მათ ძლიერთასა და ჰრქუა მათ: გაიყვანეთ ეგე გარეშე ტაძრით და განვედით შემდგომად მისა და მოკუედინ მახჳლითა, რამეთუ თქუა მღდელმან მან: ნუ მოკუდებინ ეგე სახლსა შინა უფლისასა.

15. და სცეს მას შენდობა, და განვიდა ბჭეთა მათ საცხენოსათა სახლისა მეფისათა და მოკლეს იგი მუნ.

16. და აღუთქუა იუდაე აღთქმა შორის მისსა და შორის ერისა და მეფისა, რათა იყუნენ ერად უფლისა.

17. და შევიდა ყოველი ერი ქუეყანისა სახლსა მას ბაალ კერპისასა. და დაარღჳეს იგი და საკურთხევლები მისი და ძეგლები მისი და მოსრეს და დააწვლილეს, და მათ თანა ქურუმი იგი ბაალისი მოკლეს წინაშე საკურთხეველსა მისსა.

18. და იწყო იოდაე მღდელმან საქმესა სახლისა უფლისასა ჴელთა მღდელთა და ლევიტელთა და დაადგინნა მდღევარ განწესებით მსახურებანი იგი მღდელთანი და ლევიტელთანი, ვითარცა-იგი განეჩინა დავით მეფესა სახლსა შინა უფლისასა და შეწირა მსხუერპლები უფლისა, ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესსა, სიხარულითა და გალობითა ჴელითა დავითისითა

19. და დადგეს მეკარენი იგი ბჭეთა ზედა სახლისა უფლისათა, რათა არა შევიდეს მუნ არაწმიდაჲ ყოვლისა მიმართ საქმისა.

20. და მოიყვანნა მამათმთავარნი იგი და ძლიერნი და მთავარნი ერისანი და ყოველი ერი ქუეყანისა და აღიყვანეს მეფე ტაძრად უფლისა, და შევიდა ბჭისა მისგან შინაგანისა ტაძრად მეფისა და დასვეს მეფე საყდარსა ზედა სამეუფოსა.

21. და განიხარა ყოველმან ერმან ქუეყანისამან, და ქალაქი დაყუდნა, და გოთოლია მოკლეს მახჳლითა.

24

1. იყო იოას შჳდისა წლისა მეფობასა მისსა, და ორმეოც წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა საბია ბერსაბეთ.

2. და ქმნა იოას სიწრფოება წინაშე უფლისა ყოველთა დღეთა იოდაეს მღდლისათა.

3. და მოიყვანნა თავისა თჳსისა იუას ორნი ცოლნი და ისხნა ძეებ და ასულებ.

4. და იყო ამისა შემდგომად და განიზრახა იუას გულსა თჳსსა განგებისათჳს აღშენებად სახლისა უფლისათჳს.

5. და შეკრიბნის მღდელნი და ლევიტელნი და ჰრქუა მათ: განვედით ქალაქებსა იუდასა და მოკრიბეთ ვეცხლი ყოვლისაგან ისრაჱლისა განსაძლიერებლად სახლისათჳს უფლისა წლითი წლად და ისწრაფეთ სიტყუად. და არა ჰრწმენა ლევიტელთა ესე.

6. და მოუწოდა იუას მეფემან იოდაეს მღდელმთავარსა და ჰრქუა მას: რასათჳს არა იღუაწე ლევიტელთათჳს შემოღებად იუდასაგან იერუსალჱმისა ბრძანებული იგი მოსეს მიერ კაცისა მის ღმრთისა, რამეთუ შეკრიბა ისრაჱლნი კარავსა მას საწამებელისასა.

7. რამეთუ გოთოლია იყო უსჯულო და ძეთა მისთა დაარღჳეს სახლი ესე ღმრთისაჲ და სიწმიდე სახლისა ამის ყვეს ბაალიმისა.

8. და თქუა მეფემან: ქმენით გუადრუცი და დადგით იგი ბჭეთა თანა სახლისა უფლისათა გარეშე.

9. და აუწყეთ იუდასა იერუსალჱმსა, რათა შემოიღონ უფლისა, ვითარცა უბრძანა მოსე მონამან ღმრთისამან ისრაჱლისა უდაბნოსა ზედა.

10. და მოსცეს ყოველთა მთავართა, ყოველმან ერმან და შეიღებდეს გვადრუცსა მას, ვიდრე აღივსო.

11. და იყო, ვითარცა შემოაქუნდა გუადრუცი წინაშემდგომელთა მათ მეფისა მიმართ ჴელითა ლევიტელთათა და ვითარცა იხილეს, რამეთუ ფრიად იყო ვეცხლი იგი, მოვიდა მწიგნობარი მეფისა, წინაშემდგომელი იგი მღდელისა მის დიდისა, და წარმოიღეს ვეცხლი იგი გვადრუცისა მისგან და დადვეს თჳსსავე ადგილსა. ესრეთ ყოფდეს დღითი დღედ და შეკრიბეს ვეცხლი დიდძალი

12. და მისცეს იგი მეფემან და იოდაე მღდელმან მოქმედთა მათ საქმისათა, საქმისა მის ტაძრისა უფლისათა, და დაადგინნეს სასყიდლითა ქვისმკუეთელნი და ხურონი განსაგებელად ტაძრისა მის უფლისა და იქმოდეს მოქმედნი იგი საქმესა მას.

13. და აღმაღლდა სიგრძედ საქმე იგი ჴელითა და აღმართეს ტაძარი იგი უფლისაჲ წესსა ზედა თჳსსა და განამტკიცეს.

14. და ვითარცა აღასრულეს, მოიღეს მეფისა და იოდაესა ნეშტი იგი ვერცხლისა მის და შექმნეს იგი ჭურჭლად ტაძრისათჳს უფლისა, ჭურჭლად სამსახურებელად მსხუერპლთათჳს და ფიალები ოქროსა და ვეცხლისა. და შეიწირვოდა მსხუერპლები სახლსა უფლისასა მარადის ყოველთა დღეთა იოდაესთა

15. დაბერდა იოდაე სავსებითა და აღესრულა ასოცდაათისა წლისა.

16. და აღსრულებასა მისსა დაფლეს იგი ქალაქსა დავითისა საფლავსა მეფეთასა, რამეთუ ქმნა კეთილი ისრაჱლისა თანა და ღმრთისა მიმართ სახლისა მისისათჳს.

17. და იყო, შემდგომად აღსრულებისა მის იოდაესა შევიდეს მთავარნი იგი იუდასნი და თაყუანის-სცეს მეფესა. მაშინ ერჩდა მათ მეფე.

18. და დაუტევეს უფალი ღმერთი მამათა მათთა და მსახურებდეს კერპთა და ასტრატეთა, და იყო რისხვა უფლისა იუდას ზედა და იერუსალჱმსა მათ დღეთა შინა.

19. და მიივლინნეს მათა წინაწარმეტყუელნი, რათამცა მოიქცეს უფლისა და არა ისმინეს და უწამებდეს მათ და არავე ისმინეს.

20. და სულმან უფლისამან განაძლიერა აზარია, ძე იოდაესი, მღდელი და აღდგა ერსა წინაშე და თქუა: ამას იტყჳს უფალი, რასათჳს თანაწარვლით მცნებათა უფლისათა, აჰა, არა წარგემართოს, რამეთუ დაუტევეთ უფალი და მანცა დაგიტევნეს თქუენ.

21. და დაესხნეს მას და ქვა დაკრიბეს ბრძანებითა იუას მეფისათა ეზოსა შინა სახლისა უფლისა.

22. და არა მოიხსენა იუას წყალობისა მის, რომელი ყო მის თანა იოდაე, მამამან მისმან, და მოკლა ძე მისი და, ვითარცა მოკუდებოდა, თქუა: იხილენ უფალმან და საჯენ.

23. და იყო აღსრულებასა მას წელიწადისასა, აღმოვიდა მათ ზედა ერი ასურეთისა, და მოუჴდეს იუდასა და იერუსალჱმსა და მოსრნეს ყოველნი მთავარნი ერისანი ერსა შორის, და ყოველი მონაგები და საფასე მათი წარუძღუნეს მეფესა დამასკისასა.

24. რამეთუ მცირედითა კაცითა მოვიდა ერი ასურეთისა და ღმერთმან მისცნა იგინი ჴელთა მათთა, ერი იუდასი დიდძალი ფრიად, რამეთუ დაუტევეს უფალი ღმერთი მამათა მათთა და იოასის თანაცა იყო სასჯელი.

25. და შემდგომად წასლვისა მის მათისა მისგან დატევებისა მისთჳს უფლისა დასცა იგი უფალმან სენითა დიდითა და დაესხნეს მას მონანი მისნი სისხლისა მისთჳს ძისა იოადესა მღდელისა და მოკლეს იგი ცხედარსა თჳსსა ზედა და დაფლეს იგი ქალაქსა დავითისასა, ხოლო მეფეთა საფლავსა არა დაფლეს იგი

26. და რომელთა მოკლეს იგი, იყუნეს ერნი და ზაბელ, ძე ამეათისა, ამანიტელი, და იოზაბედ, ძე სამარითისი, მოაბელი

27. და სამნი ძენი მისნი. ესე ხუთნი მოუჴდეს მას და მოკლეს იგი, რამეთუ ამასია, ძე იოასისა, მეფობდა ოცდაცხრა წელ, მეათე დავითისითგან და ნეშტნი სიტყუანი იოადისნი, აჰა, ესერა, წერილი არიან წიგნთა მეფეთასა და მეფობდა ამასია, ძე მისი, მის წილ.

25

1. ოცდახუთის წლისა იყო ამასია, ოდეს მეფე იქმნა. და ოცდაცხრა წელ მეფობდა იერუსალჱმს, და სახელი დედისა მისისა იოადიმ იერუსალიმით.

2. და ქმნა სიწრფოებაჲ წინაშე უფლისა, არამედ არა გულითა სავსითა.

3. და ვითარცა დამტკიცნა მეფობაჲ იგი ჴელთა მისთა, მოსწყჳდნა მონანი იგი მისნი მომკლველნი მეფისა, მამისა მისისანი.

4. ხოლო ძენი მათნი არა მოსწყჳდნა სჯულისა მისებრ ბრძანებულისა უფლისა მიერ, ვითარცა წერილ არს, რომელ-იგი ამცნო უფალმან და ჰრქუა: არა მოსწყჳდნე მამანი შვილთათჳს და არცა მოსწყჳდნე შვილნი მამათათჳს, არამედ კაცად-კაცადი თჳსითა ცოდვითა მოკუდეს.

5. და შეკრიბა ამასია ყოველი სახლი იუდასი და დაადგინნა იგინი სახლად და სახლად მამულებისა მათისაებრ ათასისთავებად, ასისთავებად ყოველსა იუდასა ზედა და იერუსალჱმსა, და აღრაცხნა იგინი ოცით წლითგან და უზეშთაესი და იყუნეს იგინი სამასი ათას ძლიერნი, რომელნი განმზადებულ იყუნეს ბრძოლად და რომელთა აქუნდა ლახვარი ფარი

6. და ვეცხლისფრდილნი ისრაჱლისაგანი ასი ათასი ძლიერი ძალითა ასითა ტალანტითა ვეცხლითა.

7. და კაცი ღმრთისაჲ ვინმე მოვიდა ამასიასა და ჰრქუა მას: მეფე, არა მოვიდეს შენ თანა ერი ისრაჱლისა, რამეთუ არა არს უფალი ისრაჱლისა თანა და ყოველთა თანა ძეთა ეფრემისათა.

8. უკუეთუ ჰგონებდე ძლევად მათგან, გარცხჳნოს შენ უფალმან წინაშე მტერთა შენთა, რამეთუ უფლისა მიერ არს განძლიერება და გარეშექცევა სივლტოლად.

9. და ჰრქუა ამასია კაცსა მას ღმრთისასა: რაჲ ვყო ასისა მისთჳს ტალანტისა ვეცხლისა, რომელ მივეც ერსა ისრაჱლისასა? და ჰრქუა კაცმან მან ღმრთისამან: შესაძლებელ არს უფლისა მიერ მოცემად შენდა უმრავლესი მისა.

10. და გააშორა ამასია ერი იგი, რომელ მოსრულ იყო მისა ეფრემისგანი, რათა წარვიდენ ადგილსა თჳსსა. და განრისხდეს იუდასა ზედა ფრიად და მიიქცეს ადგილად თჳსსა რისხვითა გულისწყრომისათა.

11. ხოლო ამასია განძლიერდა და წარიყვანა ერი თჳსი და წარვიდა ღელესა მარილთასა და მოსრნა მუნ ძენი სეირისნი ათი ათასი.

12. და ათი ათასიცა ცოცხალი აღიპყრეს ძეთა იუდასთა და მოიყვანნეს იგინი მწვერვალსა მას კლდისასა და გარდააჭრნეს იგინი მწვერვალსა მას კბოდისასა და ყოველნი განსქდეს.

13. ხოლო ძენი იგი ძლიერებისანი, რომელნი გარეწარიქცივნა ამასია და არა წარიყვანნა მის თანა ბრძოლად, დაესხნეს ქალაქებსა იუდასასა სამარიათგან ბეთრონამდე და მოსრეს მათ შორის სამ ათასი კაცი და წარიღეს ნატყუენავი მრავალი.

14. და იყო შემდგომად მოქცევისა მის ამასიასა მოსრვისაგან ედომისა, მოიხუნა მათგან კერპნი იგი ძეთა სეითისთანი და დაიდგნა იგინი თავისა თჳსისა ღმერთად, მათ წინაშე თაყუანის-სცემდა და მათ უზორვიდა.

15. და იყო რისხვა უფლისაჲ ამასიას ზედა და მოუვლინნა მას წინაწარმეტყუელნი და ჰრქუა მას: რასათჳს მოიძიენ კერპნი ერისანი მის, რომელთა ვერ განარინეს ერი მათი ჴელთაგან შენთა?

16. და იყო სიტყუასა მას მათსა მისა მიმართ და მან ჰრქუა მას: ნუუკუე თანამზრახველ მეფისა გყავ, ეკრძალე თავსა შენსა, რათა არა გტანჯო შენ. და დადუმნა წინაწარმეტყუელი იგი და თქუა, რამეთუ ვიცი, ვითარმედ ეგულებოდა მოკლვა შენი უფალსა, რამეთუ ჰყავ ესე და ისმინე ზრახებისა ჩემისა

17. და ზრახვა-ყო ამასია და მიუვლინა იოას, ძესა იოაქაზისა, ძისა იეუისასა, მეფისა ისრაჱლისასა, და ჰრქუა: მოვედ და ვეჩუენნეთ პირისპირ.

18. და მოუვლინა იუდას, მეფემან ისრაჱლისამან, ამასიას, მეფესა იუდასასა და ჰრქუა: ოქოზი, რომელ არს ლიბანესა ზედა, და ჰრქუა: მოეც ასული შენი ძესა ჩემსა ცოლად და, აჰა, ესერა, მოვიდენ მჴეცნი ველისანი, რომელ არიან ლიბანესა და მოვიდეს მჴეცნი იგი და დათრგუნეს აქუქი, რომელ არს ეკალი. და სთქუ შენ

19. ვითარმედ: აჰა, ესერა, მოვსარ მე იდუმეა, და აღგამაღლა შენ გულმან შენმან მძიმემან აწ ჯედ სახლსა შენსა მშჳდობით და რასათჳს აღგაზრზენს შენ ბოროტი, დაეცე შენ და იუდა შენ თანა.

20. და არა ისმინა ამასია, რამეთუ უფლისა მიერ იყო, რათა მისცეს ჴელთა იოვასისა, რამეთუ გამოიძინა კერპნი იდუმელთანი.

21. და აღმოვიდა იოას, მეფე ისრაჱლისა, და შეიმთხჳვნეს ერთიერთსა იგი და ამასია, მეფე იუდასი, ბეთსამუსსად, რომელ არს იუდასი.

22. და იძლია იუდა წინაშე პირსა ისრაჱლისასა და ივლტოდა კაცად-კაცადი საყოფელად თჳსა.

23. და ამასია, მეფე იუდასი, ძე იოასისი, ივლტოდა და ეწია და შეიპყრა იგი იოას, მეფემან ისრაჱლისამან, ბეთსამუსს და შეიყვანა იგი იერუსალიმს და დაარღჳა ზღუდისაგანი იერუსალჱმისა ბჭითგან ეფრემისით ვიდრე ბჭემდე საკიდურისა სამასი წყრთა.

24. და იყო ოქრო და ვეცხლი და ყოველი ჭურჭელი, რაოდენი იპოა სახლსა შინა ღმრთისასა და აედომსა თანა და საუნჯეთა სახლისა მეფისათა და ძენი იგი მწირთანი წარიხუნა და წარვიდა სამარიად.

25. და ცხონდა ამასია, ძე იოასისი, მეფისა იუდასი, შემდგომად სიკუდილისა იოასისა, ძისა იოაქაზისა, მეფისა ისრაჱლისა, ათხუთმეტ წელ.

26. და ყოველნი სიტყუანი ამასიასნი პირველნი და უკანასკნელნი, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა მეფეთა იუდასათა და ისრაჱლისათა.

27. და ჟამსა მას, რომელსა განდგა ამასია უფლისაგან, დაესხნეს მას ერისაგანნი და ივლტოდა იერუსალიმით ლაქისა. და წარავლინა ერმან მან შემდგომად მის ლაქისა, და მოკლეს იგი მუნ და მოიღეს იგი ცხედრითა და დაფლეს იგი მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისსა.