მეორე ნეშტთა

6

1. მაშინ თქუა სოლომონ: უფალმან თქუა დამკჳდრება წყუდიადსა შინა.

2. და მე ვაშენე სახლი სახელისა შენისა წმიდისა შენდად და განმზადებული სამკჳდრებელად საუკუნოდ.

3. და მოიქცია მეფემან პირი თჳსი და აკურთხა ყოველი იგი კრებული ისრაჱლისა, და ყოველი ერი ისრაჱლისა წინაშე დგა. და თქუა:

4. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელი იტყოდა პირითა თჳსითა დავითის მიმართ, მამისა ჩემისა, და ჴელითა თჳსითა აღასრულა

5. და თქუა: მიერ დღითგან, ვინათგან აღმოვიყუანე ერი ჩემი ქუეყანით ეგჳპტით, არა გამოვირჩიე ქალაქთა შინა ყოველთა შორის ტომთა ისრაჱლისათა შენებად სახლისა, რათამცა სახელი ჩემი მუნ და არა გამოვირჩიე კაცი მთავარად ყოფად ერისა ჩემისა ისრაჱლისა.

6. და გამოვირჩიე იერუსალჱმი ყოფად სახელი ჩემი მუნ და გამოვირჩიე დავითის შორის, რათა იყოს ზედა ერსა ჩემსა ისრაჱლსა.

7. და იყო გულსა დავითის, მამისა ჩემისასა, შენებად სახლი სახელისათჳს უფლისა ღმრთის ისრაჱლისა.

8. და ჰრქუა უფალმან დავითს, მამასა ჩემსა: ამისთჳს, რამეთუ იყო გულსა შენსა შენებად სახლი სახელისა ჩემისათჳს, კეთილად ყავ, რამეთუ იყო გულსა შენსა.

9. ხოლო არა შენ მიშენო სახლი, არამედ ძე შენი, რომელი გამოვიდეს წელთაგან შენთა, ამან მიშენოს სახლი სახელისა ჩემისათჳს.

10. და აღადგინა უფალმან სიტყუაჲ თჳსი, რომელსა იტყოდა: დავდეგ მე დავითის წილ, მამისა ჩემისა, და დავჯედ საყდარსა ისრაჱლისასა, ვითარცა იტყოდა უფალი და ვაშენე სახლი ესე სახელისათჳს უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

11. და დავდგი კიდობანი შჯულისა უფლისაჲ, რომელი მოსცა ისრაჱლსა.

12. და დადგა სოლომონ წინაშე საკურთხეველსა უფლისასა და წინაშე ყოვლისა კრებულისა ისრაჱლისა და განიპყრნა ჴელნი თჳსნი.

13. რამეთუ ქმნა სოლომონ ხარისხი რვალისა, და აღმართა იგი შორის ეზოსა მას ტაძრისასა, ხუთ წყრთა სიგრძე მისი და ხუთ წყრთა სივრცე მისი და სამ წყრთა სიმაღლე მისი. და აჰჴდა მას ზედა და დავარდა მუჴლთა ზედა თჳსთა წინაშე ყოვლისა კრებულისა ისრაჱლისა და განიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად

14. და თქუა: უფალო ღმერთო ისრჱლისაო! არა ვინ არს მსგავს შენდა ღმერთი ცათა შინა და არცა ქუეყანასა ზედა, რომელმან დაუმარხი აღთქმა და წყალობა მონათა შენთა წინაშე, რომელნი ვლენან შენსა ყოვლითა გულითა,

15. რომელი დაუმარხე დავითს, მონასა შენსა, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ, და იტყოდე პირითა შენითა, და ჴელითა შენითა აღასრულე, ვითარცა-ესე დღეს.

16. და აწ ღმერთო, ღმერთო ისრაჱლისაო! დაუმარხე მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ: არა მოაკლდეს კაცი შენი, მდგომარე ჩემ წინაშე და მჯდომარე საყდარსა ისრაჱლისასა, არამედ ძეთა შენთა დაიმარხნენ გზანი მათნი, რათა ვიდოდიან შჯულსა ჩემსა, ვითარცა-იგი ხჳდოდე შენ წინაშე ჩემსა

17. და აწ, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, სარწმუნო იქმენინ სიტყუაჲ შენი, ვითარცა ეტყოდე მონასა შენსა დავითს.

18. უკუეთუ ჭეშმარიტად დაიმკჳდროს ღმერთმან კაცთა თანა ქუეყანასა ზედა? უკუეთუ ცა და ცანი ცათანი ვერ კმა არიან; და რა არს სახლი ესე, რომელი ვაშენე?

19. და აწ მოხედო ლოცვასა მონისა შენისასა და ვედრებასა ჩემსა, უფალო ღმერთო, სმენად ვედრებისა და ლოცვისა, რომელსა მონა შენი ილოცავს შენ წინაშე დღეს,

20. რათა იყუნენ თუალნი შენნი ახილულ სახლსა ამას ზედა დღე და ღამე ადგილსა ამას, რომლისა სთქუ წოდებაჲ სახელი შენი მუნ, რათა ისმინო ლოცვა, რომელსა ილოცავს მონა შენი ადგილსა ამას.

21. და ისმინო ვედრებაჲ მონისა შენისა და ერისა შენისა ისრაჱლისა, რაოდენსა ილოცვიდენ ადგილსა ამას, და შენ ისმინე ადგილსა სამკჳდრებელსა შენსა ზეცით და ისმინო და ლხინება-ყო.

22. და თუ ცოდოს კაცმან მოყუსისა მიმართ თჳსისა და მოიღოს მის ზედა წყევა, რათა წყეოს იგი, და მოვიდეს და დადგეს წინაშე საკურთხეველსა სახლსა ამას შინა.

23. და შენ ისმინე ზეცით ზეცათა, და ჰყო და უსაჯო მონათა შენთა მოგებად უსჯულოსა მას და მიცემად გზანი მისნი თავსა მისსა, და განამართლო მართალი იგი და მიაგო კაცად-კაცადსა სიმართლისაებრ თჳსისა.

24. და უკუეთუ იძლიოს ისრაჱლი წინაშე მტერთა მისთა, უკუეთუ შეგცოდონ შენ და მოიქცენ და აღგიარონ სახელითა შენითა, და ილოცვიდეს და გევედრებოდიან წინაშე შენსა სახლსა ამას.

25. და შენ ისმინე ზეცით და მლხინებელ ექმენ ცოდვასა ერისა შენისა ისრაჱლისსა და მოაქციენ იგინი ქუეყანასა ამას, რომელი მიეც მათ და მამათა მათთა.

26. და უკუეთუ დაეყენოს ცა და არა იყოს წჳმა, რამეთუ შეგცოდონ შენ და ილოცვიდენ ადგილსა ამას და აქებდენ სახელსა შენსა, და მოიქცენ ცოდვათა მათთაგან, რაჟამს დამდაბლდენ იგინი.

27. და შენ ისმინე მათი ზეცით და მლხინებელ ექმენ ცოდვათა მონათა შენთასა და ერისა შენისა ისრაჱლისასა, რათა აუწყო მათ გზაჲ იგი კეთილი, რათა ვიდოდიან მას ზედა და მოეც წჳმა ქუეყანასა შენსა, რომელი მოეც ერსა შენსა სამკჳდრებელად.

28. გინა თუ სიყმილი იყოს ქუეყანასა ზედა, გინა თუ სიკუდილი იყოს ქუეყანასა ზედა, ხორშაკი და გუნი, გინა მკალი, გინა ბუზი, ანუ თუ აჭირვებდეს მათ მტერი წინაშე ქალაქთა მათთა და ყოველივე გუემა.

29. და ყოველი ლოცვა და ყოველი ვედრებაჲ, რომელი-რა იყოს ყოვლისა კაცისა და ყოვლისა ერისა შენისა ისრაჱლისა, უკუეთუ ცნას კაცმან შინება გულსა თჳსსა და უძლურებაჲ თჳსი და განიპყრნეს ჴელნი თჳსნი სახლსა ამას შინა.

30. და შენ შეისმინე მისი ზეცით, გამზადებულით შენით სამკჳდრებელით, და ულხინო და მისცე კაცსა გზისაებრ თჳსისა, ვითარცა სცნა გული მისი, რამეთუ შენ მხოლომან იცნი გულნი ძეთა კაცთანი,

31. რათა ეშინოდის გზათა შენთათჳს ყოველთა დღეთა, რაოდენთაცა ცოცხალ იყუნენ იგინი პირსა ზედა ქუეყანისასა, რომელი მოეცა მამათა ჩუენთა.

32. და ყოველი უცხო, რომელი არა იყოს ერისაგან ისრაჱლისა და მოვიდეს ქუეყანით შორით სახელისათჳს შენისა დიდისა და ჴელისა შენისა მტკიცისა და მკლავისა შენისა მაღლისა, და მოვიდენ და ილოცვიდენ ადგილსა ამას.

33. და შეისმინენ ზეცით, განმზადებულით სამკჳდრებელით შენით, და ჰყო ყოვლისა მისებრ, რაჲსათჳსცა გხადოდის შენ უცხოთესლი იგი, რათა იცნან სახელი შენი ყოველთა ერთა ქუეყანისათა და ეშინოდის შენდა, ვითარცა ერსა შენსა ისრაჱლსა, რათა საცნაურ იყოს, რამეთუ წოდებულ არს სახელი შენი სახლსა ამას ზედა, რომელი ვაშენე

34. უკუეთუ განვიდეს ერი შენი ბრძოლად მტერთა მისთა გზასა მას, რომელსა მიავლინნე იგინი და ილოცვიდენ შენდამი გზასა ამას ქალაქისა ამის, რომელი გამოირჩიე და სახლი, რომელი ვაშენე სახელისა შენისათჳს.

35. და შენ შეისმინე ვედრებისა მათისა და ლოცვისა მათისა და ყავ ზეცით სამართალი მათი.

36. რამეთუ შეგცოდონ შენ, რამეთუ არავინ არს კაცი, რომელმან არა ცოდოს, და მოსრნე იგინი და მისცნე იგინი წინაშე პირსა მტერთასა, და წარტყუენნენ იგინი წარმტყუენველთა მათთა ქუეყანად მტერთა, ქუეყანად შორად, გინა მახლობელად.

37. და მოიქცენ გულითა ქუეყანათა მათთა, ვიდრე-იგი წარტყუენნენ მუნ და მოიქცენ და გევედრებოდიან შენ ქუეყანასა მას ტყუეობისა მათისასა და იტყოდიან: ვცოდეთ და უსჯულოებაჲ ვყავთ, და სიცრუესა შინა ვიდოდეთ ჩუენ.

38. და მოიქცენ შენდა ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა მათითა ქუეყანისა მისგან წარმტყუენველთა მათთასა და ილოცვიდენ გზასა ქუეყანისა მათისასა, რომელი მიეც მამათა მათთა და ქუეყანასა ქალაქისა მის, რომელი გამოირჩიე და სახლისა, რომელი ვაშენე სახელისა შენისათჳს.

39. და ისმინო მათი განმზადებულით სამკჳდრებელით შენით ლოცვისა მათისა და ვედრებისა მათისა, უფალო, ღმერთო ჩუენო, და ჰყო სამართალი და მლხინებელ ეყო ერსა, რომელმან შეგცოდოს შენ.

40. და აწ იყუნენ, უფალო, თუალნი შენნი ახილულ და ყურნი შენნი მსმენელ ვედრებასა ამის ადგილისასა.

41. და აწ აღდეგ, უფალო, ღმერთო, განსასუენებელსა შენსა, შენ და კიდობანი ძლიერებისა შენისა! მღდელთა შენთა, უფალო ღმერთო, შეიმოსო ცხორებაჲ და ძენი შენნი იხარებდენ კეთილსა შინა.

42. უფალო, ღმერთო, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ცხებულისაგან შენისა! მოიჴსენე წყალობაჲ დავითისი, მონისა შენისა!

7

1. ვითარცა აღასრულა სოლომონ ლოცვა ესე, ცეცხლი გარდამოჴდა ზეცით და შეჭამა მსხუერპლები იგი ყოვლად დასაწუელი, და დიდებამან უფლისამან აღავსო ტაძარი იგი.

2. და მღდელთა მათ უფლისათა ვერ ეძლო შესლვად სახლსა უფლისასა მას ჟამსა შინა, რამეთუ აღავსო დიდებამან უფლისამან სახლი იგი.

3. და ყოველნი ძენი ისრაჱლისანი ხედვიდეს გარდამომავალსა მას ცეცხლსა და დიდებაჲ უფლისაჲ იყო სახლსა მას ზედა. და დაეცნეს პირსა მათსა ზედა და თაყუანი-სცეს და აქებდეს უფალსა. აღუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.

4. და მეფე და ყოველი ერი დასწყუედდეს საკლავებსა წინაშე უფლისა.

5. და დასწყჳდა სოლომონ საკლავები ზუარაკები ოცდაორი ათასი, და ყო მეფემან სატფურებაჲ სახლისა მის უფლისაჲ და ყოველმან ერმან.

6. და მღდელნი იგი დგეს ზედა საცოსა მათსა და ლევიტელნი საგალობლითა უფლისათა დავითის მეფისა აღსარებად წინაშე უფლისა, რამეთუ საუკუნე არს წყალობაჲ მისი გალობითა დავითისითა ჴელითა მათითა. და მღდელნი იგი სცემდეს ნესტუსა წინაშე მათსა და ყოველი ისრაჱლი დგა.

7. და განწმიდა სოლომონ საშუალი იგი ეზო სახლისა უფლისა, რამეთუ მუნ შესწირა ყოვლად დასაწუელები იგი და ცმელი იგი ცხორებისა, რამეთუ საკურთხეველი იგი რვალისა, რომელი ქმნა სოლომონ, ვერ კმა იყო დატევნად ყოვლად დასაწველთა მათ და მანნასა და ცმელსა.

8. და ყო სოლომონ დღესასწაული მას ჟამსა შჳდ დღე და ყოველი ისრაჱლი იყო მის თანა, და კრებული დიდი ფრიად შესავალთაგან ემათისად ვიდრე ჴევადმდე ეგჳპტისა.

9. და ყო დღესა მას მერვესა განსლვა, რამეთუ სატფურებაჲ იგი საკურთხევლისა ყო შჳდ დღე დღესასწაული.

10. და ოცდამესამესა დღესა თთუესა მის მეშჳდისასა წარავლინა ერი იგი საყოფელად თჳსა სიხარულითა და გულქველებითა და კეთილითა მათ ზედა, რაოდენი უყო უფალმან დავითს და სოლომონს და ისრაჱლსა, ერსა თჳსსა.

11. და აღასრულა სახლი იგი უფლისაჲ და სახლი იგი მეფისა და ყოველი, რაცა უნდა სულსა სოლომონისასა საქმედ სახლსა უფლისასა და სახლსა თჳსსა, ყოველივე წარემართა.

12. და ეჩუენა ღმერთი სოლომონს ღამესა და ჰრქუა მას: ვისმინე ლოცვისა შენისა და გამოვირჩიე ადგილი ესე თავისა ჩემისა სახლად შესაწირავთა.

13. უკუეთუ შევიპყრა ცა და არა იყოს წჳმა, უკუეთუ უბრძანო მკალსა შეჭმად ხეთა, უკუეთუ მოვავლინო სიკუდილი ერსა ზედა ჩემსა,

14. და უკუეთუ შეიკდიმის ერმან ჩემმან, რომელთა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი და ილოცვიდეს და ეძიებდენ პირსა ჩემსა, და მოიქცენ გზათა მათთაგან ბოროტთა, მაშინ მე ვისმინო მათი ზეცით და მლხინებელ-ვყო ცოდვათა მათთა და განვკურნო ქუეყანა მათი.

15. და აწ თუალნი ჩემნი იყუნედ ახილულ და ყურნი ჩემნი მსმენელ ლოცვასა ამის ადგილისასა.

16. და აწ გამოვირჩიე და წმიდა-ვყავ სახლი ესე, რათა იყოს სახელი ჩემი მუნ ვიდრე საუკუნოდ, და იყუნეს თუალნი ჩემნი და გული ჩემი მუნ ყოველთა დღეთა.

17. და უკუეთუ შენ ხჳდოდი წინაშე ჩემსა, ვითარცა დავით, მამა შენი, და ჰყო ყოვლისა მისებრ, რომელი მე გამცნო შენ, და ბრძანებანი ჩემნი დაიმარხნე და სამართალნი ჩემნი შეიწყნარნე.

18. და მე აღუმართო საყდარი მეფობისა შენისა, ვითარცა აღუთქუ დავითს, მამასა შენსა, და ვარქუ: არა მოაკლდეს კაცი შენი წინამძღუარი ისრაჱლისაგან.

19. და უკუეთუ გარემიიქცეთ თქუენ და დაუტევნეთ ბრძანებანი ჩემნი და მცნებანი ჩემნი, რომელნი მიგცნე წინაშე თქუენსა, და მიხჳდეთ და ჰმსახურებდეთ ღმერთთა უცხოთა და თაყუანი-სცემდეთ მათ.

20. აღგიხუნე თქუენ ქუეყანისა ამისგან, რომელი მიგეც თქუენ და სახლი ესე, რომელი გავწმიდე სახელისათჳს ჩემისა, განვაგდო პირისაგან ჩემისა და მივსცე ეგე იგავად და სათხრობელად ყოველთა შორის თესლთა.

21. და სახლსა ამას მაღალსა ყოველი, რომელი თანაწარვიდოდის, განუკჳრდეს და თქუას: რასათჳსმე ესრეთ უყო უფალმან ქუეყანასა ამას და სახლსა ამას?

22. და თქუან: რამეთუ დაუტევეს უფალი, ღმერთი მამათა მათთა, რომელმან გამოიყვანნა იგინი ქუეყანით ეგჳპტით, და ჰმსახურებდეს ღმერთთა უცხოთა და თაყუანის-სცემდეს მათ და ჰმონებდეს მათ, რომელ-იგი არა იცოდეს, ამისთჳს მოაწია მათ ზედა ყოველი ესე ბოროტი.

8

1. და იყო შემდგომად ოცისა წლისა, რომელთა შინა აშენა სოლომონ სახლი იგი უფლისაჲ და სახლი თჳსი,

2. და ქალაქნი იგი, რომელნი მოსცნა ქირამ სოლომონს, და აღაშენა იგინი სოლომონ და დაამკჳდრნა მათ შინა ძენი იგი ისრაჱლისანი.

3. და მოვიდა სოლომონ ემათად სობაკისა და განამტკიცა იგი,

4. და აღაშენა თოდომოსი უდაბნოსა და ყოველი ქალაქები ძნელი, რომელ აღაშენა ემათ,

5. აღაშენნა ბეთრონი ზემო კერძო, ბეთრონი ქუემო, ქალაქნი ძნელნი, ზღუდე და ბჭენი მოქლონებით,

6. და ბაალაი და ყოველნი ქალაქნი მაგარნი და ყოველი ქალაქები ეტლებისა, ქალაქები ცხენთა, რაოდენი გულმან უთქუა სოლომონს მსგავსად ნებისა თჳსისა შენებად იერუსალჱმს და ლიბანეს და ყოველსა სამეფოსა მისსა.

7. და ყოველი ერი, რომელი დაშთომილ იყო ქეტელისგან და ამორეველისგან და ფერეზელისა და ეველისა და იებუსელისა, რომელნი არა იყუნეს ძეთა ისრაჱლისაგანნი.

8. და იყუნეს ძენი მათნი, რომელნი დაშთომილ იყუნეს შემდგომად მათსა ქუეყანასა მას, რომელნი არა მოსრნეს ძეთა ისრაჱლისათა და მოიყვანნა იგინი სოლომონ მოხარკედ ვიდრე აქა დღედმდე.

9. და ძენი ისრაჱლისანი არა ყუნა სოლომონ მონა მეფობისა მისისა და ესენი იყუნეს კაცნი მბრძოლნი და მთავარნი ეტლებისანი და მჴედართანი.

10. და ესე მთავარნი ზედმდგომელთა მეფისა სოლომონისნი ორას ერგასისნი და საქმისმაწვეველნი ერისანი.

11. და ასული იგი ფარაოსი აღმოიყვანა სოლომონ ქალაქით დავითისით სახიდ, რომელი-იგი უშენა მას, რამეთუ თქუა: ვერ დაეშენოს ცოლი ჩემი ქალაქსა ისრაჱლისასა, დავითის მეფისა, რამეთუ წმიდა არს, ვიდრე-იგი შევიდა მუნ კიდობანი იგი ღმრთისაჲ.

12. მაშინ შეწირა სოლომონ ყოვლად დასაწველები უფლისაჲ საკურთხეველსა ზედა უფლისასა, რომელი აშენა წინაშე ტაძრისა მის,

13. და სიტყჳსა მისებრ დღითი-დღედ შეწირვად მსგავსად მცნებისა მის მოსესისა, შაბათა და შაბათად თთჳსთავთა და დღესასწაულთა სამგზის წელიწადსა და დღესასწაულსა უცომოებისასა, დღესასწაულსა შჳდეულთასა და დღესასწაულსა მას კარვობისასა.

14. და დაადგინნა სიმართლისაებრ დავითისა დასნი იგი მღდელთანი მსახურებასა მათსა და ლევიტელნი იგი საცავსა მათსა მსახურებად და ქებად წინაშე მღდელთა სიტყჳსა, მისებრ დღითიდღედისა და მეკარენი განტოლვებისაებრ მათისა ბჭით - ბჭედ, რამეთუ ესრეთ იყო მცნებაჲ დავითისი, კაცისა მის ღმრთისაჲ

15. და არა ცვალეს მცნება მეფისა მღდელთათჳს და ლევიტელთა ყოველსავე სიტყუასა და სასჯელთა.

16. და მოემზადა ყოველივე საქმარი, ვინა დღითგან დაეფუძნა, ვიდრე აღასრულა სოლომონ სახლი იგი ღმრთისაჲ.

17. მაშინ წარვიდა სოლომონ გასიონგაბერად, და ელამად - ზღჳსკიდესა ჰურიასტანად.

18. მოუძღუანა ქირამ ჴელითა მონათა მისთათა ნავები და მონები, რომელთა იცოდეს ნავითა სლვა ზღუასა, და წარვიდეს მონათა თანა სოლომონისთა სოფერად და მოიღეს მიერ ოთხასერგასისი ტალანტი ოქრო და მოვიდეს სოლომონის მეფისა.

9

1. და დედოფალსა საბასასა ესმა სახელი სოლომონისა. და მოვიდა სოლომონისა იერუსალჱმდ გამოცდად მისა იგავით ერითა მრავლითა ფრიად, აქლემებითა, რომელთა მოაქონდა სულნელება, ოქრო დიდძალი ფრიად და ქვა პატიოსანი და მოვიდა სოლომონისა და ეტყოდა მას ყოველსა, რაცა იყო გულსა მისსა

2. და უთხრა მას სოლომონ ყოველნი სიტყუანი მისნი და არა თანაწარჴდა სიტყუასა სოლომონ, რომელი არა უთხრა მას.

3. და იხილა დედოფალმან საბასმან სიბრძნე იგი სოლომონისი და სახლი იგი, რომელი აღაშენა,

4. და საჭმელი ტაბლათა და სასხდომები იგი მონათა მისთა, და წინაშე დგომა მსახურთა მისთა და სამოსელი მათი, და მწდენი მისნი, და შემკულება მათი, და მსხუერპლი, რომელთა შესწირვიდა სახლსა უფლისასა. განუკჳრდა

5. და ჰრქუა მან მეფესა: ჭეშმარიტ არს სიტყუა იგი, რომელი მესმოდა მე ქუეყანასა ჩემსა სიტყუათა შენთათჳს და სიბრძნისა შენისათჳს.

6. და არა მრწმენა სიტყუათაგან მათთა, ვიდრე მოვედ და ვიხილე თუალითა ჩემითა, და არა მითხრეს მე ზოგიცა სიმრავლისა ამის სიბრძნისა შენისა, რამეთუ უფროს შევიძინე იგი აწ სმენად, რომელი მესმოდა მე პირველ.

7. ნეტარ არიან კაცნი და ნეტარ არიან დედაკაცნი შენნი, და მონანი ესე შენნი, რომელნი დგანან მარადის შენ წინაშე, და ესმის სიბრძნე ესე შენი.

8. იყავნ უფალი ღმერთი შენი კურთხეულ, რომელმან ინება შენდა დაჯდომად შენდა საყდარსა მისსა მეფედ ერისა შენისა უფლისა მიერ ღმრთისა შენისა ისრაჱლსა ზედა, რამეთუ უყუარდა უფალსა ღმერთსა შენსა ისრაჱლი დამტკიცებად იგინი უკუნისამდე და მიგცა შენ მათ ზედა მეფედ საქმედ განკითხვისა და სიმართლისა

9. და მოსცა მეფესა ასდაოცნი ტალანტნი ოქრო და სულნელი მრავალი ფრიად და ანთრაკი პატიოსანი და არა იყო ეგევითარი სულნელი, რომელი მოართუა დედოფალმან საბასმან მეფესა სოლომონს.

10. და მონანიცა სოლომონისნი და მონანი ქირამისნი მოართმიდეს ოქროსა სოლომონს სოფერით და ძელსა ნაძჳსასა ანთრაკსა პატიოსანსა.

11. და ქმნა მეფემან ძელითა ნაძჳსათა აღსავალი იგი სახლისა უფლისაჲ და სახლისა სამეფოსა ქნარები, ებნები გალობათა. და არასადა ხილულ იყო ეგევითარი ძელი, უპირატეს ქუეყანასა იუდასა.

12. და სოლომონ მეფემან მისცა დედოფალსა მას საბასა ყოველი, რაცა უნდა მას, და რომელი ითხოა თჳნიერ მისა, რომელი მოართვა მან სოლომონ მეფესა. და მიიქცა და წარვიდა ქუეყანად თჳსა.

13. და იყო სასწორი ოქროსა, რომელსა მოართმიდეს სოლომონს წელიწადსა ერთსა, ექუსას სამეოცდაექუსი ტალანტი ოქრო.

14. გარნა კაცთა მათ განწესებულთა და ვაჭართა, რომელთა დამოაქუნდა ოქრო და ვეცხლი მეფისა სოლომონისა.

15. და ქმნა მეფემან სოლომონ ორასი ფარი ჭედილი ოქროსა, ექუსასი დრაკანი წმიდა იყო ერთსა მას ფარსა

16. და სამასი ლახუარი ჭედილი ოქროსა, სამასი დრაკანი ერთსა მას ლახუარსა ზედა, ეგრეთვე თჳთეულთა მათ და მისცა იგი მეფემან მაღნარისა ლიბანისა.

17. და ქმნა მეფემან საყდარი პილოსძუალისა შუათა დიდი და შემოსა იგი ოქროთა რჩეულითა.

18. ექუს აღსავალ იყო საყდარსა მას შემტკიცებულ ოქროთა, და იყუნეს იდაყუნი იმიერ და ამიერ, და საყდარსა მას საჯდომელისასა და ორნი ლომნი მდგომარენი იდაყუთა მათ თანა.

19. და ათორმეტნი ლომნი დგეს ექუსთა მათ აღსავალთა იმიერ და ამიერ და არასადა იქმნა ესრეთ ყოველსა სამეფოსა.

20. და ყოველი ჭურჭელი სოლომონისა იყო ოქროსაგან, და ყოველი ჭურჭელი სახლისა მის მაღნარისა ლიბანისა იყო ოქრო ხვეწილ, არად შერაცხილ იყო ვეცხლი დღეთა სოლომონისათა.

21. რამეთუ ნავი სოლომონისი მეფისა წარვიდოდა თარშით მონათა თანა ქირამისთა, ერთგზის სამსა წელსა მოვიდოდა ნავი თარშად მეფისა სოლომონისი სავსე ოქროთა, და ვეცხლითა, და შუათა პილოსათა, ყაპუზუნათა და ფარშამანგებითა.

22. და განდიდნა მეფე სოლომონ უფროს ყოველთა მეფეთა სიმდიდრითა და სიბრძნითა.

23. და ყოველნი მეფენი ქუეყანისანი ეძიებდეს პირსა სოლომონისსა სმენად სიბრძნისა მისისა, რომელი მოსცა ღმერთმან გულსა მისსა.

24. და მათ მოაქუნდა კაცად-კაცადსა ძღუენი თჳსი: ჭურჭელი ოქროსა და ვეცხლისა, და სამოსელი, შტახსი, და სულნელი საკუმეველი, ცხენები, და ჯორები წელიწადითი და წელიწადად.

25. და იყო სოლომონისი ორმეოცი ათასი ჴდალი ეტლებისა და ათორმეტი ათასი ახტა საჴედარი და დაადგინნა იგინი ქალაქებსა საეტლოსა და მეფისა თანა სოლომონისა იერუსალჱმს.

26. და იყო იგი მთავარ ყოველთა ზედა მეფეთა მდინარითგან ევფრატით ვიდრე ქუეყანადმდე უცხოთესლთა, ვიდრე საზღვრამდე ეგჳპტისა.

27. და მოსცა მეფემან ოქრო და ვეცხლი, ვითარცა თქუა, იერუსალჱმდ და ნაძჳ, ვითარცა ლეღუსულელი ველისა სიმრავლედ,

28. გამოსლვა ცხენებისა ეგჳპტით სოლომონისა და ყოვლისაგან ქუეყანისა.

29. და ნეშტნი სიტყუათა სოლომონისთა პირველნი და უკუანასკნელნი, აჰა ესერა, წერილ არიან სიტყუათა ნათან წინაწარმეტყუელისათა და სიტყუათა აქია სელონელისათა და ხილვათა იოელ მხილველისათა იერობოამისა ნაბატისთჳს.

30. და მეფობდა სოლომონ ყოველსა ზედა ისრაჱლსა ორმეოც წელ.

31. და მოკუდა სოლომონ და დაფლეს იგი ქალაქსა დავითის, მამისა მისისასა. და მეფობდა რობოამ, ძე მისი, მის წილ.

10

1. და მოვიდა რობოამ სჳქემად, რამეთუ სჳქემად მოვიდოდა ყოველი ისრაჱლი მეფობად მისა.

2. და იყო, ვითარცა ესმა იორობოამს, ძესა ნაბატისასა, რომელი-იგი იყო ეგჳპტეს, ოდეს იგი ივლტოდა პირისაგან სოლომონისა მეფისა. და იყო იორობომ ეგჳპტესა და მოიქცა იორობომ ეგჳპტით.

3. რამეთუ მიავლინეს და მოიყვანეს იგი, და მოვიდა იორობომ და ყოველი კრებული ისრაჱლისა მეფისა რობოამისა და ეტყოდეს:

4. მამამან შენმან დაამძიმა უღელი ჩუენ ზედა. და აწ შენ შეგჳნდევ მონებისა მისგან ფიცხელისა მამისა შენისა და უღლისა მისგან მძიმისა მისისა, რომელი დაგვდვა ჩუენ ზედა, და გმონებდეთ შენ.

5. და ჰრქუა მათ რობოამ: წარვედით სამ დღემდე და მოვედით ჩემდა და წარვიდა ერი იგი.

6. და შეკრიბნა რობოამ მოხუცებულნი, რომელნი დგეს წინაშე სოლომონისა, მამისა მისისა, ცხორებასა მისსა და ჰრქუა მათ: ვითარ გნებავს თქუენ, რა სიტყუა მიუგო ერსა ამას?

7. და იგინი ეტყოდეს მას და ჰრქუეს: უკეთუ დღეს ექმნე სახიერ ერსა ამას და სათნო-იყო და ეტყოდი მათ სიტყუათა კეთილთა, იყუნენ შენდა მონა ყოველთა დღეთა.

8. დაუტევა რობოამ ზრახვა იგი მოხუცებულთა, რომელთა-იგი აზრახეს მას კეთილად, და აზრახა ყრმათა, რომელნი აღზრდილ იყუნეს მის თანა, რომელნი-იგი დგეს მის წინაშე.

9. და ჰრქუა მათ: რა გნებავს თქუენ? მიუგო სიტყუა ერსა მას, რომელნი მეტყოდეს მე, და მრქუეს: შენ გჳლხინე უღლისა ამისგან, რომელი დაგვდვა მამამან შენმან.

10. და ეტყოდეს ყრმანი იგი მის თანა აღზრდილნი: ესრეთ ეტყოდე ერსა მას, რომელნი გეტყოდეს შენ და თქუეს: მამამან შენმან დაგჳმძიმა უღელი ჩუენ ზედა, და შენ აღგჳმცირე ჩუენ, და აწ, ესერა, არქუ მათ: მცირე თითი ჩემი უმსხო არს წელთა მამისა ჩემისათა.

11. და აწ, მამამან ჩემმან გსწავლნა თქუენ უღლითა მძიმითა, და მე დაგირთო უღელსა თქუენსა. მამამან ჩემმან გსწავლნა თქუენ კუერთხითა, ხოლო მე გსწავლნე თქუენ ღრიაკალითა.

12. და მოვიდა იორობოამ და ყოველი იგი ერი რობოამისა მესამესა დღესა, ვითარცა-იგი ეტყოდა მათ მეფე, რამეთუ არქუა, ვითარმედ: მოდით ჩემდა მესამესა დღესა.

13. მიუგო და ჰრქუა მათ მეფემან ფიცხლად და დაუტევა რობოამ მეფემან ზრახვა იგი მოხუცებულთა.

14. და ეტყოდა მათ ზრახვისა მისებრ ჭაბუკთასა, და ჰრქუა მათ: მამამან ჩემმან დაამძიმა უღელი თქუენი და მე დაგირთო მას ზედან; მამამან ჩემმან გსწავლნა თქუენ კუერთხითა და მე გსწავლნე თქუენ ღრიაკალითა.

15. და არა ისმინა მეფემან ერისა მის, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო გარდაქცევა იგი, ვითარცა თქუა და დაამტკიცა იგი უფალმან სიტყუაჲ თჳსი, რომელსა იტყოდა ჴელითა აქია სელონელისითა რობოამისთჳს, ძისა ნაბატისა, და ყოვლისა ისრაჱლისა.

16. რამეთუ არა ისმინა მათი მეფემან და მიუგო ერმან მეფესა და ჰრქუა: არა არს ნაწილი ჩუენი დავითის თანა და არცა სამკჳდრებელი ძისა თანა იესესთა, წარვედ საყოფელად შენდა, ისრაჱლ, აწ, იხილე სახლი შენი, დავით, და წარვიდა ყოველი ისრაჱლი სამკჳდრებელსა მათსა,

17. კაცნი ისრაჱლისნი ნეშტნი ქალაქებსა იუდასა საყოფლად თჳსა და მეფედ დაიდგინეს თავისა თჳსისა იერობოამ, ძე ნაბატისი.

18. და წარავლინნა რობოამ მეფემან ადონირამ, რომელი იყო ხარკსა ზედა, და ქვა დაკრიბეს მას ძეთა ისრაჱლისათა და მოკუდა და რობოამ მეფე მიიქცა და აღდგა ეტლთა თჳსთა და ივლტოდა იერუსალჱმდ.

19. და შეურაცხ-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა სახლი დავითისი ვიდრე აქა დღედმდე.