წიგნი მეორე სჯულისა, რომელსა ეწოდების ებრაელებრ ელლე ათდებამამ

1

1. ესე სიტყუანი არიან, რომელთა ეტყოდა მოსე ყოველსა ისრაჱლსა წიაღ იორდანესა უდაბნოსა დასავალით კერძო მახლობელად ევრთრასა ზღუასა, შორის ფარანს და ტოფოლს, და ლობონს, და ასეროთს და სადა-იგი ოქროჲ იყო,

2. ათერთმეტ დღის სავალით ქორებით მთად სეირდ ვიდრე კადეს ბარნედ.

3. და იყო მეორმეოცესა მას წელსა, ათერთმეტსა მას თჳსასა, რომელ იყო პირველი თვისა, ეტყოდა მოსე ყოველთა მათ ძეთა ისრაჱლისათა ყოველთა მათ მცნებათა, რომელ ამცნო მას უფალმან,

4. რაჟამს დასცა მან სეონ მეფჱ იგი ამორეველთა, რომელ-იგი დამკჳდრებელ იყო ესებონს, და ოგ მეფჱ იგი ბასაანისაჲ, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ასტაროთს და ლედრაინს.

5. წიაღ იორდანესა ქუეყანასა მოაბისასა იწყო მოსე თხრობად შჯულისა ამის და თქუა:

6. უფალი ღმერთი ჩუენი გუეტყოდა ჩუენ ქორებს და თქუა: კმა-იყავნ თქუენდა დგომაჲ მთასა მას.

7. მიიქეცით თქუენ, აჰკიდეთ, წარიძრენით და მივედით, და შევედით მთასა მას ამორეველთასა და ყოველთა მათ გარემო მკჳდრთა არაბიელთასა, რომელნი-იგი დამკჳდრებულ არიან ველთა, და მთათა, და ღელეთა და სამხრით კერძო ზღჳსკიდესა მას ქანანელთასა და ყოველსა მას მთისპირსა ლიბანით კერძო ვიდრე მდინარედ დიდადმდე ევფრატად.

8. აჰა, ეგერა, მიმიცემიეს თქუენდა ქუეყანა იგი, შევედით და დაიმკჳდრეთ ქუეყანაჲ იგი, რომლისათჳს ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა აბრაჰამს, ისაკს, და იაკობს და ნათესავსა მათსა შემდგომად მათსა.

9. გეტყოდე თქუენ და გარქუ მას ჟამსა შინა,

10. ვითარმედ ვერ დაგითმო თქუენ მარტომან, რამეთუ უფალმან ღმერთმან თქუენმან განგამრავლნა თქუენ და აწ, ეგერა, ხართ თქუენ, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი სიმრავლითა.

11. უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან შეგძინენ თქუენ, ვითარცა-ეგე ხართ ათასწილ და გაკურთხენინ თქუენ, ვითარცა-იგი გეტყოდა თქუენ.

12. აწმე ვითარ შეუძლია თავს-დებად ურვასა მაგას თქუენსა და სიმიმესა და ჴდომასა სასჯელისასა განგებად?

13. აწ მომცენით მე კაცნი ბრძენნი და გონიერნი და მეცნიერნი ნათესავთაგან თქუენთა, რათა დავადგინნე იგინი მთავრად და განმგებელად თქუენ ზედა.

14. და მომიგეთ მე და მარქუთ: კეთილ არს სიტყუა ეგე, რომელსა მეტყოდე ჩუენ ყოფად ეგე.

15. და მოვიყვანენ თქუენგან კაცნი ბრძენნი, გონიერნი და მეცნიერნი და დავადგინენ იგინი წინამძღურად თქუენდა - ათასისთავებად, და ასისთავებად, და ერგასისთავებად, და ათისთავებად და მწიგნობარნი საშჯელისა განმგებელად ნათესავთა თქუენთა.

16. და ვამცენ მსაჯულთა თქუენთა მას ჟამსა და ისმინეთ შორის ძმათა და საჯეთ სიმართლით შორის კაცისა და ძმისა მიმართ თჳსისა.

17. და ნუ თუალ-აღებთ სასჯელსა და ნუ მიჰხედავ სიკნინით და სიმდიდრით, ნუ თუალ-ახუამ პირსა კაცისასა, რამეთუ სასჯელი ღმრთისაჲ არს და სიტყუაჲ, რომელ ფიცხელ იყოს და ვერ შესაძლებელ იყოს თქუენდა განგებად, ჩემდა მოაწიეთ და მე განვაგო.

18. მას ჟამსა შინა გამცენ თქუენ და გარქუ, ვითარმედ ყოველთა მაგათ მცნებათა, რომელსა გამცნებდი, ჰყოფდით.

19. და წარვიძრენით ჩუენ ქორებით, განვლეთ ჩუენ უდაბნოჲ იგი დიდი და საშინელი, რომელ თქუენ თჳთ იხილეთ, გზაჲ იგი მთისა მის ამორეველთაჲსა, ვითარცა გჳბრძანა ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან და მოვედით ჩუენ ვიდრე კადეს ბარნედმდე.

20. და გარქუ თქუენ: ეგერა, მოწევნულ ხართ თქუენ მთასა მას ამორეველთასა.

21. რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცა თქუენ: იგულეთ, რამეთუ მოგცა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან წინაშე პირსა თქუენსა ქუეყანა ეგე მათი, შევედით და დაიმკჳდრეთ, ვითარცა გრქუა უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან: თქუენ ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით.

22. და მოვედით ჩემ წინაშე და სთქუთ: წარავლინნეთ კაცნი წინასწარ ჩუენსა და მოვლონ, მოისტოვრონ ქუეყანაჲ იგი და მოვიდენ, მოგჳთხრან ჩუენ საზომი გზისაჲ მის, რომელსა აღვიდეთ, და ქალაქთა მათ, რომელთა შევიდეთ, დამკჳდრებად მათ შინა.

23. და სათნო-მიჩნდა ჩემ წინაშე სიტყუაჲ ეგე და მოვიყვანენ თქუენგანი კაცნი ათორმეტნი, თითოჲ კაცი ნათესავად.

24. და წარვავლინენ იგინი მსტოვრად ქუეყანისა მის და წარვიდეს იგინი მთით კერძოსა მას და მიიწინეს იგინი ვიდრე ჴევადმდე ტევნისა და მოისტუნეს ქუეყანა იგი ყოველი.

25. და მოიღეს ჴელითა მათითა ნაყოფისაგან მის ქუეყანისაჲსა, და მომართუეს ჩუენ და მრქუეს ჩუენ: კეთილ არს ქუეყანაჲ იგი, რომელსა უფალი ღმერთი ჩუენი მოგუცემს ჩუენ.

26. და თქუენ არა ინებეთ აღსლვაჲ, არამედ ურჩ ექმნენით სიტყუასა მას უფლისა ღმრთისა თქუენისასა.

27. და სდრტჳნევდით ბანაკსა შინა თქუენსა და იტყოდეთ: რამეთუ ვსძულდით ჩუენ უფალსა, ამისთჳს გამომიყვანნა ჩუენ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა მიცემად ჩუენდა ჴელთა ამორეველთა, რათა მოგუსრნენ ჩუენ.

28. აწვე აღვიდეთ ჩუენ, მერმე ძმათავე თქუენთა განდრიკნეს გულნი თქუენნი და იტყოდეს: ვითარმედ ნათესავი დიდი და უძლიერესი თქუენსა და ქალაქები დიდ-დიდები და ზღუდეები მაღალი ვიდრე ცადმდე, არამედ ნათესავნი გმირთაჲცა ვიხილეთ მუნ.

29. ხოლო მე გარქუ თქუენ, ვითარმედ: ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით მათგან.

30. უფალი ღმერთი თქუენი წარგიძღუეს წინაშე პირსა თქუენსა და იგი ჰბრძოდის თქუენ წილ შეზღუდვილსა მკჳდრთათჳს ქუეყანისათა, ამცენ ძეთა ისრაჱლისათა მსგავსად ყოვლისა მის, რომელ-იგი ყო ჩუენთჳს ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა წინაშე თუალთა თქუენთა.

31. და უდაბნოსაცა მას, რომელ-ესე თქუენ იხილეთ, ვითარ-იგი გუზრდიდა ჩუენ უფალი ღმერთი ჩუენი, ვითარცა-იგი ზრდინ კაცი შვილსა თჳსსა ყოველთავე გზათა თქუენთა, რომელთაცა ხჳდოდით თქუენ ვიდრე მოსლვად-მოწევნადმდე ადგილსა ამას.

32. და ამითცა სიტყჳთა არავე ერწმუნეთ თქუენ უფალსა ღმერთსა თქუენსა,

33. რომელ-იგი გიძღოდა თქუენ ყოველთავე გზათა თქუენთა და გირჩევდა თქუენ ადგილთა და გიძღოდა თქუენ სუეტითა ცეცხლისაჲთა ღამე და გიჩუნებდა თქუენ გზასა, რომელსა ხჳდოდეთ, და ღრუბლითა - დღისი.

34. და შეესმა უფალსა ჴმაჲ სიტყჳსა თქუენისაჲ და განრისხნა,

35. ფუცა და თქუა: ვერვინ იხილოს ამათ კაცთაგანმან ქუეყანაჲ იგი კეთილთაჲ, რომელ ვეფუცე მამათა თქუენთა,

36. გარნა ქალებ, ძემან იეფონისმან, იხილოს იგი და მას მივსცე ქუეყანაჲ იგი, რომელსა მიიწია და შევიდა, და შვილთა მისთა, რამეთუ სათნო ეყო უფალსა.

37. და ჩემთვისცა განრისხნა უფალი თქუენ გამო და მრქუა მე: ვერცაღა შენ შეხჳდე მუნ,

38. გარნა ისო, ძე იგი ნავესი, მსახური იგი შენი, იგი შევიდეს ქვეყანასა მას აღთქუმისასა, გარნა ძლიერი იგი, რამეთუ მან დაუმკჳდროს იგი ისრაჱლსა და ერისა თქუენისაგანმან,

39. ყრმამან ჩჩჳლმან, რომელმან არა იცის დღე კეთილი და ბოროტი, იგი შევიდეს მუნ და მათ მივსცე იგი. და მათცა დაიმკჳდრონ იგი.

40. და თქუენ მიიქეცით და დაიბანაკეთ უდაბნოსა მას გზასა ევრჳთრით ზღჳთ კერძო.

41. და მომიგეთ და მარქუთ მე: ვცოდეთ წინაშე უფლისა ღმერთისა ჩუენისა. აწ აღვიდეთ ჩუენ, ბრძოლა-ვსცეთ, ვითარცა გჳბრძანა ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან და შეიჭურენით თითოეულად საჭურველი თქუენი, შეჰკერბით და აღხუედით მთასა მას.

42. სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა მე: ეტყოდე მაგათ და არქუ, ნუ აღხუალთ, ნუცა ვბრძვით მაგათ, რამეთუ მე არა თქუენ თანა ვარ, რათა შეიმუსრეთ წინაშე მტერთა თქუენთა.

43. და გეტყოდი თქუენ და თქუენ არა ისმინეთ ჩემი, გარდაჰჴედით ბრძანებასა მას უფლისასა, არამედ ურჩ ექმნენით და აღხუედით მთასა მას.

44. და გამოვიდა ამორეველი იგი, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო მთასა მას შემთხუევად თქუენდა და წარგიქცინა თქუენ მეოტად და შეგიცვნეს თქუენ, ვითარცა ფუტკართა. და დაგჩხუეპდეს თქუენ სეირითგან მიჰრმადმდე.

45. და დასხედით და სტიროდეთ წინაშე უფლისა და არა ისმინა უფალმან ჴმისა თქუენისაჲ და არცა მოგხედნა თქუენ.

46. და დაადგერით თქუენ კადეს მრავალ დღე, რავდენცა იყვენით მუნ.

2

1. მერმე მოიქეცით მუნვე უდაბნოდ კერძო გზასა მას ერჳთრისა ზღუასა, ვითარცა მეტყოდა მე უფალი. და დავადგერით მთასა მას სეირსა მრავალ დღე.

2. სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა:

3. კმა იყავნ თქუენდა გარემოდგომაჲ მთისა მაგის სეირისა, აწ მოიქეცით თქუენ სამხრით კერძო:

4. და ერსა მაგას ამცენ და არქუ: ეგერა, განხვალ საზღვარსა ძმათა თქუენთასა ძეთა მათ ესავისთა, რომელ-იგი დამკჳდრებულ არიან სეირს, რამეთუ შეშინებულ და შეძრწუნებულ არიან ფრიად.

5. ხოლო თქუენ ნუ ბრძოლა-სცემთ მათ, რამეთუ არა მიმიცემიეს ქუეყანისა მის მათისაგანი თქუენდა, არცაღა წარსადგმელ ერთ ფერჴისა, რამეთუ ნაწილად მკჳდრობისა მიმიცემიეს მთაჲ იგი სეირი ესავსა.

6. არამედ საჭმელი იყიდეთ მათგან და ჭამეთ და წყალი სასწორით იყიდეთ მათგან და სუთ.

7. რამეთუ უფალმან ღმერთმან შენმან გაკურთხა შენ ყოველთა შინა საქმეთა ჴელთა შენთასა, განიგულე გონებასა შენსა, ვითარ განვლე შენ უდაბნოჲ იგი დიდი და საშინელი. ესე მეორმეოცე წელი არს, უფალი ღმერთი შენი შენ თანა არს, არაჲთ ნაკლულევან გყოს შენ.

8. და თანაწარვჰჴედით ჩუენ ძმათა ჩუენთა, ძეთა მათ ესავისთა, რომელნი-იგი დამკჳდრებულ იყვნეს სეირს, გზასა მას არაბიელთასა, ელათით და გასიონ გაბერით და მოვაქციეთ, განვლეთ ჩუენ უდაბნოჲ იგი მოაბელთაჲ.

9. მერმე სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და თქუა: ნუ ემტერებით მოაბელთა მაგათ და ნუცა აღადგინებთ მაგათა მიმართ ღუაწლსა ბრძოლისასა, რამეთუ არა მიგეც თქუენ ქუეყანაჲ ეგე მაგათი ჴელთა თქუენთა, რამეთუ ძეთა ლოთისთა მიმიცემიეს იგი ნაწილად მკჳდრობისა მათისა,

10. რამეთუ პირველად ომინელნი იგი დამკჳდრებულ იყვნეს მას ზედა, ნათესავი დიდი მრავალი და ძლიერი.

11. და ვითარცა აკიმრაფასიელნი იგი შეირაცხნეს, ეგრეცა ესენი, რომელნი აკიმს არიან, ეგრეცა მოაბელნი იგი სახელდებულ არიან ნოემად.

12. და სეირსა პირველად ქორეველი იგი დამკჳდრებულ იყო და ძეთა მათ ესავისთა აღჴოცეს, წარწყმიდეს იგი პირისაგან მათისა და დაემკჳდრნეს იგინი მათ წილ, ვითარცა ისრაჱლმან ყო ქუეყანაჲ იგი მკჳდრობისა მათისაჲ, რომელ-იგი მისცა მათ უფალმან.

13. აწ აღდეგით და წარვედით ჴევსა მას ზარედისასა.

14. და დღენი, ვინაჲთგან წარვედით ჩუენ კადეთ ბარნედ ვიდრე მისლვადმდე ჴევსა მას ზარედისასა, ოცდაათურამეტ წელ ვიდრე დასრულებადმდე ყოვლისა ნათესავისა კაცთა მათ მბრძოლთაჲსა ბანაკისა მისგან ისრაჱლთაჲსა, ვითარცა ეფუცა მათ უფალი.

15. და იყო მათ ზედა ჴელი უფლისაჲ მოსპოლვად მათა ბანაკისა მისგან ვიდრე მოსპოლვადმდე მათა.

16. და მოისრა ყოველი იგი კაცი მბრძოლი სიკუდილითა შორის ერსა მას.

17. სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა:

18. შენ განვლო დღეს საზღვარი იგი მოაბელთაჲ არუჱრი.

19. და მახლობელად წარჰჴდეთ თქუენ ძეთა მათ ამონისთა: ნუ ემტერებით მათ და ნუ აღუდგინებთ მათა მიმართ ღუაწლსა ბრძოლისასა, რამეთუ არა მიგეც თქვენ ქუეყანაჲ იგი ძეთა მათ ამოსისთაჲ, რამეთუ ნაწილად ძეთა მათ ლოთისთა მიმიცემიეს.

20. ქუეყანაჲ იგი ჰრაფაიმი, რამეთუ ჰრაფაიმელნი იგი დამკჳდრებულ იყვნეს მუნ პირველად ამანიტელთა მათ, სახელი ჰრქჳან ზომზომინ,

21. ნათესავი დიდი და მრავალი და უძლიერესი, ვითარცა-იგი აკიმელნი. და წარწყმიდნა იგინი უფალმან პირისაგან მათისა და დაიმკჳდრეს იგი და დაეშენნეს მუნ მათ წილ მოდღეინდელად დღედმდე.

22. ვითარცა-იგი უყო ძეთა მათ ესავისთა, რომელ-იგი დამკჳდრებულ არიან სეირს, ვითარცა-იგი აღჴოცა ქორეველი იგი პირისაგან მათისა და დაიმკჳდრეს იგი და დაეშენნეს მუნ მოდღეინდელად დღედმდე.

23. და ეგრეცა ეველი იგი, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ასეროთს გაზადმდე და კაბადუნი იგი, რომელ გამოვიდეს კაბადუკიაჲთ, მოსრნეს იგინი და დაეშენნეს იგინი მათ წილ.

24. აწ თქუენცა აღდეგით, წარემართენით, განვლეთ ჴევი იგი არნონისაჲ, რამეთუ, ეგერა, მიმიცემიეს იგი ჴელთა თქუენთა, სეონ, მეფჱ იგი ამორეველთაჲ, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ესებონს, და ქუეყანაჲ იგი მათი იწყედ დამკჳდრებად და იწყეთ მისა მიმართ ღუაწლი ბრძოლისა.

25. დღესით დღითგან დავიდევ აერი და შიში შენი პირსა ზედა ყოველთა წარმართთასა, რომელნი არიან პირსა ქუეშე ცისასა, რათა ყოველთა რომელთა ესმეს სახელი შენი, შეძრწუნდენ და სალმობამან შეიპყრნეს იგი პირისაგან შენისა.

26. და წარვავლინნე მოციქულნი უდაბნოჲთ კადემოთით სეონისა მეფისა მის ესებონელთაჲსა სიტყჳთ მშჳდობისაჲთა.

27. და ვარქუ, ვითარმედ განვლო ქუეყანაჲ ეგე შენი, მგზავრ ვიდოდი, არა მივაქციო მარჯულ, არცა მარცხლ.

28. საჭმელი ვეცხლითა ჩემითა ვიყიდო და ვჭამოთ და წყალი ვეცხლი ვიყიდოთ და ვსუათ, გარნა გზაჲ ხოლო განვლოთ ფერჴითა ჩუენითა.

29. განვლეთ ქუეყანა იგი ძეთა მათ ესავისთაჲ, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს სეირს და ვითარცა განვლეთ ქუეყანაჲ იგი მოაბელთაჲ რომელნი-იგი დამკჳდრებულ არიან აროჱრს, ვიდრე წიაღვლო მე იორდანე, მივიწიო ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან ჩუენმან მომცეს ჩუენ.

30. და არა ინება მეფემან მან ესებონელთამან განსლვაჲ ჩვენი მიერ, რამეთუ განაფიცხა უფალმან ღმერთმან ჩუენმან სული მისი და განამტკიცა გული მისი, რათა მოგცეს იგი ჴელთა შენთა დღესდღე.

31. და სიტყუად იწყო უფალმან მოსესა და ჰრქუა: აჰა, ესერა, მიწყიეს მე მიცემად წინაშე შენდა სეონ მეფჱ ესებონისაჲ, ამორეველი იგი, აწ იწყე განაწილებად და დამკჳდრებად ქუეყანაჲ იგი მისი.

32. და მოვიდა სეონ მეფჱ იგი ამორეველთაჲ და ყოველი იგი ერი მისი მის თანა შემთხუევად ჩუენდა ღუაწლით ბრძოლასა.

33. და განწირა იგი უფალმან ღმერთმან ჩუენმან წინაშე პირსა ჩუენსა და მოვსართ იგი და ძენი მისნი და ყოველი ერი მისი.

34. და მოვიპყართ ყოველი ქალაქები მისი მას ჟამსა შინა, და მოვსართ ყოველი ქალაქი მისი ერთბამად და მოვწყჳდეთ ცოლი და შვილი მისი ყოველივე, რაჲცა იყო მისი, არა განერა ერთისა კაცი ცოცხალი, გარნა საცხოვარი მათი ტყუედ წარმოვიღეთ.

35. და ნატყუენავი ქალაქთა მათთაჲ წარმოვიღეთ

36. აროერით, რომელ-იგი არს კიდესა ზედა მდინარისა მის არონისასა, და ქალაქი იგი ძნელოვანი, რომელ დაშენებულ იყო ჴევსა მას ვიდრე მთადმდე გალადისა და არა იყო ქალაქი, რომელიმცა განერა ჴელთაგან ჩუენთა, არამედ ყოველი იგი ქალაქები მოგუცა ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან ჴელთა ჩუენთა.

37. ხოლო ქუეყანასა მას ძეთა მათ ამონისთასა არად შევეხენით საზღვართა მათთა ნაღუარევთასა იაბოკისთა და ყოველი იგი ქალაქები მთის კერძო ვითარცა გუამცნო ჩუენ უფალმან ღმეთმან ჩუენმან.

3

1. და მოვიქეცით და მივედით გზასა მას ბასანად კერძო და გამოვიდა ოლ, მეფჱ ბასანისაჲ, შემთხუევად ჩუენდა, იგი და ყოველი ერი მისი ღუაწლით ბრძოლისა ჰედრაინდ.

2. სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა მე: ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდები მისგან, რამეთუ ჴელთა შენთა მიმიცემიეს ყოვლითურთ ერით მისით და ყოვლითურთ ქუეყანით მისით და უყო მას, რაჲცა-იგი უყავ სეონ, მეფესა მას ამორეველთასა, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყოს ესობონს.

3. მოგუცა უფალმან ღმერთმან ჩუენმან ოგ, მეფჱ იგი ბასანისაჲ, და ყოველი იგი ერი მისი და მოვსართ იგი და ყოველი სოფელი მისი და არა დაშთა სოფელსა მისსა ნათესავი.

4. დავიპყართ ყოველი ქალაქები მათი, მას ჟამსა შინა არა იყო ქალაქი, რომელი არა ვიპყართ მათგანი, სამეოცი ქალაქი დავიპყართ სოფლებით მათით არგობ, მეფისა მის ოგისი, ქუეყანისა მის ბასანელთაჲსა.

5. ყოველი ესე ქალაქები ძნელოვანები და ზღუდე მათი მაღლები და მოქლონები მათი განგებული, ხოლო ქალაქები იგი უზღუდოჲ ფრიად მრავალი მოვსართ,

6. ვითარცა შევქმენით სეონ, მეფჱ ესებონელთაჲ, და მოვსართ ყოველი ქალაქები ერთბამად და ცოლები მათი და შვილები მათი მოვსართ,

7. და საცხოვარი მათი და ფასი მონაგები მათი ნატყუენავსა თანა განვიყავთ წილით და დავიპყართ ქვეყანა იგი მათი.

8. მიერ ჟამსა შინა ჴელთაგან ორთა მეფეთა ამორეველთაჲსა, რომელნი-იგი იყვნეს წიაღ იორდანესა ნაღუარევითგან არნონით ვიდრე ჰერნონდმდე.

9. რომელთა-იგი ტაიჭიკ სახელ-ედების ჰაერმონ, რომელ-იგი არს სანიორი, რამეთუ ამორეველმან მან სანირ სახელი უწოდა მას.

10. ყოველი ქალაქები ნისონისაჲ და ყოველი გალაადი და ყოველი ბასაანი ვიდრე სელლქალდმდე და ედრაემდ, ესე ყოველი ქალაქები ოგისი, მეფისა მის ბასანელთაჲსა.

11. რამეთუ ოგ, მეფჱ ბასანელთაჲ, მარტო დაშთა რაფანელთაგან. და იყო ცხედარი მისი ცხედარი რკინისაჲ და ძნელოვანსა მას ძეთა ამონისთასა დადგომილ იყო იგი, ცხრა წყრთაჲ სიგრძე მისი და ოთხ წყრთა სივრცე მისი წყრთა მამაკაცისათა.

12. და ქუეყანაჲ იგი მათი დავიმკჳდრეთ ჩუენ მას ჟამსა შინა, რომელ არს კიდედმდე ნაღუარევისა მის არნონისა და ვიდრე ზოგადმდე მთისა მის გალადელთაჲსა: და ქალაქები იგი მათი მივეც რუბენს და გაადს.

13. და ნეშტი იგი გალადისაჲ და ყოველი იგი ბასანი მეფისა ოგისი მივეც კერძოსა მას,

14. ნათესავსა მანასესა და ყოველი იგი გარემო სოფლები არგობისი და ყოველი ბასანი ქუეყანად რაფაინისა შერაცხილ არიან, და იაირ, ძემან მანასესმან, დაიპყრა ყოველი იგი სოფლები არგობისაჲ ვიდრე საზღვრადმდე გარგასისა. და მაქათი სახელი უწოდა მას სახელად თავისა თჳსისა ბასანა ვათაირ მოდღეინდელად დღედმდე.

15. და მაქირს მივეც გალაადი.

16. და რუბენს და გაადს მივეც ქუეყანისა მის გალაადისაჲ ვიდრე ნაღუარევადმდე არნონისა შუა საზღვრითგან ნაღუარევისა მის ვიდრე იაბოკდმდე ნაღუარევი იგი, რომელ არს საზღვარი ძეთა მათ ამონისთაჲ.

17. და არაბიაჲ და იორდანე თჳთ საზღვარი არს მაქანარადმდე არაბიელთა და ზღჳთ მარილოვნითგან და ასელოთით ვიდრე ჴევადმდე აღმოსავლითისა.

18. გამცენ თქუენ მას ჟამს შინა და გარქუ: უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცა თქუენ ქუეყანა ეგე ნაწილად მკჳდრობისა თქუენისა, შეიჭურენით, განემზადენით, წარგუალეთ ძმათა თქუენთა თანა ძეთა მათ ისრაჱლისათა ყოველი კაცი ძლიერი მოღუაწე.

19. გარნა დედაწული თქუენი და საცხოვარი თქუენი და ნაყოფი თქუენ უწყი, რამეთუ მრავალ არს საცხოვარი იგი თქუენი, დაუტევენით ქალაქთა მაგათ თქუენთა, რომელ-ეგე მიგეც თქუენ.

20. ვიდრემდე განსასუენებელი სცეს უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათა თქუენთა, ვითარცა-ეგე თქუენ და დაემკჳდრნენ იგინიცა ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მისცეს მათ წილი იორდანესა მდინარესა დ მიიქცეს კაცად-კაცადი თითოეულად სამკჳდრებელთავე თჳსთა, რომელ მიგეც თქუენ.

21. და ვამცენ ისოს, ძესა ნავესა, მას ჟამსა შინა და ვარქუ: თუალთა თქუენთა იხილეს, რაჲ-იგი უყო უფალმან ღმერთმან თქუენმან ორთა მათ მეფეთა, ეგრე უყოს უფალმან ღმერთმან თქუენმან ყოველთა მათ მეფეთა, რომელთა-იგი მიხუალთ თქუენ მუნ.

22. ნუ გეშინინ, რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი ჰბრძოდეს თქუენ წილ.

23. და ვევედრე უფალსა მას ჟამსა შინა და ვთქუ:

24. უფალო, უფალო, შენ იწყე ჩუენებად მონისა შენისა ძალი შენი დ სიმტკიცე შენი, ჴელი ეგე მტკიცე და მკლავი მაღალი. ვინ არს ღმერთ ცათ შინა, ანუ ქუეყანასა ზედა, რომელმცა ყო ესე, რომელ-ესე შენ ჰყავ ჩუენთჳს.

25. ანუ მსგავს ძლიერებისა მაგის შენისა? აწ ჯერ-თუ-გიჩნდეს, წიაღვჴდე, ვიხილო ქუეყანაჲ იგი კეთილთაჲ, რომელ-იგი არს წიაღ ორდანესა, მთაჲ იგი კეთილი და ადგილი იგი ლიბანისაჲ.

26. და უგულებელ-მყო მე უფალმან თქუენთჳს. მერმე მომიგო მე უფალმან და მრქუა: კმა იყავნ შენდა, ნუღარა შესძინებ სიტყუად ჩემდა სიტყუასა მაგას,

27. არამედ აჰჴედ შენ თხემსა მთისა მაგის გამოთლილისასა და აღიხილენ თუალნი შენნი ზღუად კერძო და სამხრით, და ჩრდილოჲთ, და დასავალად და აღმოსავალად და იხილე თუალითა შენითა, რამეთუ არასადა წიაღსლვად ხარ შენ წიაღ იორდანესა.

28. არამედ შენ ამცენ ისოს და ნუგეშინის-ეც მას, რამეთუ ესე წიაღუძღუეს ერსა მას და მანცა დაუმკჳდროს მათ ქუეყანაჲ იგი, რომელ-ეგე შენ იხილე. დავსხედით ჩუენ ღელესა ერთსა მახლობელად სახლსა მას ფოგორისსა.

4

1. აწ გესმოდენ ისრაჱლსა სამართალი და მსჯავრი, რომელსა-ესე მე გასწავებ შენ დღესდღე ყოფად მაგისა, რათა სცხონდე და განსძლიერდე, შეხჳდე და დაიმკჳდრო ქუეყანაჲ იგი, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მამათა შენთამან მოგცეს შენ.

2. არა შესძინო შენ სიტყუაჲ ერთი, რომელსა-ესე მე გამცნებ თქუენ და არცა დააკლოთ მაგას, არამედ დაიცვნე შენ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი, რომელთა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე.

3. თუალნი თქუენნი ხედვიდეს, რაჲ-იგი უყო უფალმან ღმერთმან ბელფეგოს, რამეთუ ყოველი კაცი, რომელი შეუდგა ბელფეგორსა, აღჴოცა იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან საშოვლისაგან.

4. თქუენ, ეგენი რომელ შეახლებულ ხართ უფალსა ღმერთსა თქუენსა, სცხონდეთ ვითარცა-ესე დღესდღე.

5. იგულეთ, აჰა, ესერა, მიგეც თქუენ სამართალი და მსჯავრი, ვითარცა მამცნო მე უფალმან ღმერთმან ჩემმან, რათა ჰყოთ თქუენ იგი ქუეყანასა მას, რომელსა შეხუალთ დამკჳდრებად მუნ.

6. დაცვად მცნებათა მათ და ყოფად ამისა, რამეთუ ესე არს სიბრძნე და მეცნიერებაჲ თქუენდა, წინაშე ყოველთა წარმართთა, რომელთა ესმოდის ყოველი სამართალი ესე თქუენი. აჰა, ესერა, ერი ბრძენი და მეცნიერი ნათესავი დიდი,

7. რამეთუ რომელი არს ნათესავი დიდი, რომლისაჲმცა უფალი ღმერთი იყო მახლობელ მათა, ვითარცა უფალი ღმერთი ჩუენი მახლობელ არს ჩუენდა ყოველსავე ადგილსა, რომელსაცა ვხადოდით მას?

8. ანუ რომელი არს ნათესავი დიდი, რომლისა მიცემულ არს სამართალი და მშჯავრი მსგავსად ყოვლისა ამის შჯულისა, რომელ-ესე მე მიგეც თქუენ დღესდღე?

9. იგულე თავი შენი და დაიცევ სული შენი ფრიად, ნუ დაივიწყებ ყოველთა ამათ სიტყუათა, რომელ-ესე იხილეს თუალთა შენთა და ნუცა განიშორებ გულისაგან შენისა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, არამედ წურთილ ჰყვნე შვილნი შენნი და შვილნი შვილთა შენთანი.

10. დღესა მას, რომელსა-იგი წარსდეგით თქუენ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა ქორებს, რამეთუ მეტყოდა მე უფალი და მრქუა: შემოკრიბე ერი ეგე ჩემ წინაშე და ისმინნეს სიტყუანი ჩემნი და შეისწაონ შიში ჩემი ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა, რავდენცა ცხონდენ ქუეყანასა ზედა, და ასწაონ შვილთაცა მათთა.

11. და მოჰკერბით და დასდეგით წინაშე მთასა მას და მთა იგი აღჭურვილი აღატყდებოდა ცეცხლითა ვიდრე ცადმდე და ბნელი ჴშირი ნისლისა და არმურისაჲ და ჴმაჲ ბრძანებისა უფლისაჲ.

12. გეტყოდა თქუენ უფალი მიერ მთით შორის ცეცხლსა მას, რომლისა ჴმაჲ სიტყუათა მისთაჲ გესმოდა თქუენ, ხოლო ქმნულებასა არა ხედევდით.

13. და გითხრობდა თქუენ მცნებათა მათ, რომელ-იგი გამცნო თქუენ ყოფად მისა და მოგცნა თქუენ ათნი იგი მცნებანი შჯულისანი დაწერილნი ორთა ზედა ფიცართა ქვისათა.

14. და მამცნო მე უფალმან მას ჟამსა შინა სწავლად თქუენდა სამართალი და მშჯავრი, რათა ვყო იგი ქუეყანასა მას, რომელსა შეხუალთ თქუენ.

15. ეკრძალენით თავთა თქუენთა, რამეთუ ხატი ქმნულებისაჲ არა იხილოთ თქუენ დღესა მას, რომელსა გეტყოდა თქუენ უფალი ღმერთი მთასა მას ქორებსა შორის ცეცხლსა მას.

16. და თქუა, ვითარმედ: ნუ ურჩულოებთ, ნუცა იქმთ თავისა თქუენისა კერპთა გამოქანდაკებულთა მსგავსად ხატისა მამლისა გინა დედლისა,

17. გინა თუ მსგავსად ყოვლისავე საცხოვრისა, რომელ-რა არს ქუეყანასა ზედა, ანუ თუ მსგავსად ყოვლისა მფრინველისა ფრთოვანისა, რომელი ფრინავს ცასა ქუეშე,

18. ანუ მსგავსად ყოვლისავე ქუეწარმძრომელისა, რომელი ძურების პირსა ზედა ქუეყანისსა, ანუ მსგავსად ყოვლისავე მცურვალისა, რომელი ცურავს წყალთა შინა ქუეყანასა ქუეშე.

19. ნუცა აღიხილავ ზეცად, რათა არა რაჟამს იხილო მზე, გინა თუ მთოვარე და ვარსკულავნი, ანუ თუ ყოველი სამკაული ცათა, და შესცთე თაყუანის-ცემად, ანუ მსახურებდე მათ, რომელ-იგი განგაშორნა თქუენგან უფალმან ღმერთმან თქუენმან და მისცა წარმართთა, რომელ არს ქუეშე ცასა.

20. ხოლო თქუენ შეგიწყალნა უფალმან ღმერთმან თქუენმან და გამოგიყვანნა თქუენ საჴუმილისა მისგან რკინისასა ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა, რათა იყო შენ მისა ერად მკჳდრობისა დღესდღე.

21. და აწ უფალი ღმერთი განრისხნა ჩემ ზედა სიტყუათა თქუენთათჳს და ფუცა, რათა არა წიაღვიდე მე იორდანესა მდინარესა და არცა შევიდე მე ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს თქუენ ნაწილად მკჳდრობისა თქვენისა.

22. ხოლო აწ მე მოსიკუდიდ ვარ ამასვე ქუეყანასა და არა წიაღსლვად ვარ მე იორდანესა მდინარესა, ხოლო თქუენ წიაღჰჴდეთ და დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ იგი კეთილი.

23. ეკრძალე, ნუუკუე დაივიწყო შენ მცნებაჲ იგი უფლისა ღმრთისა თქუენისა, რომელ გამცნო თქუენ და არა იქმნნეთ თავისა თქუენისა კერპნი გამოქანდაკებულნი მსგავსად ყოვლისა მის, რომლისა-ესე გიბრძანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან,

24. განშორებად მისგან, რამეთუ უფალი ღმერთი ცეცხლშემცველ არს და ღმერთი მოშურნე.

25. უკეთუ ისხნე შენ შვილნი, ანუ შვილისშვილნი და დღეგრძელ იყო ქუეყანასა ზედა და უშჯულოებდე და ჰყო ბოროტი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, და იქმნნე შენ თავისა შენისა კერპნი, და განარისხო უფალი ღმერთი შენი.

26. აჰა, ესერა, შეგწამებ მე დღეს თქუენ წინაშე ცასა და ქუეყანასა, რამეთუ მოსპოლვით მოგსპნეს თქუენ ქუეყანისა მისგან, რომლისათჳს წიაღ ხუალთ იორდანესა მდინარესა დამკჳდრებად მისა და არა დღეგრძელად დაიმკჳდროთ მუნ, არამედ მოსრვით მოისრნეთ.

27. და განგაბნინეს თქვენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ყოველთა შოის წარმართთა. დაშთეთ თქუენ მცირედ რიცხჳთ წარმართთა შორის, რომელსა-იგი შეგიყვანნეს თქუენ უფალმან.

28. და ჰმსახურებდეთ თქუენ კერპთა უცხოთა, ქმნულთა ჴელითა კაცისა ძელითა და რვალითა, რომელნი არა ხედვიდეს და არცა ესმოდის, არცა ჭამდენ და არცა იყნოსდენ.

29. და ეძიებდეთ თქუენ უფალსა ღმერთსა თქუენსა და ჰპოოთ იგი, რაჟამს ეძიებდეთ მას ყოვლითა გონებითა თქუენითა და ყოვლითა გულითა თქუენითა.

30. რაჟამს სიმდაბლით ეძიებდეთ მას ჭირსა შინა თქუენსა და მოგეგონებოდიან თქუენ სიტყუანი ესე ჩემნი შემდგომად ჟამთა. და მოიქცე შენ უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა და ისმინო ჴმაჲ ბრძანებისა მისისა.

31. რამეთუ უფალი ღმერთი მოწყალე არს, უფალმან ღმერთმან შენმან არა დაგაგდოს შენ, არცაღა წარგწყმიდოს შენ, არცა დაივიწყოს აღთქუმაჲ იგი მამათა შენთა, რომელ-იგი ეფუცა მათ.

32. იკითხენით დღენი იგი პირველნი, რომელ-იგი თქუენსა წინა იყვნეს, ვინაჲთ დღითგან შექმნა ღმერთმან კაცი პირსა ზედა ქუეყანისასა და კიდითგან ცისაჲთ ვიდრე კიდედმდე მისა ყოფილ თუ სადამე არს მსგავსად სიტყჳსა ამის დიდისა,

33. რომელ-ესე თქუენ გესმა, ესმა თუ რომელსამე ნათესავსა ჴმაჲ ღმრთისაჲ ცხოველისაჲ, ვითარ-იგი ეტყოდა შორის ცეცხლსა, რომელ-იგი გესმოდა შენ და სცხონდი.

34. ანუ თუ გან-სადამე-ცადა ღმერთმან შესლვად და გამოყვანებად ნათესავი ნათესავთაგან სასწაულებითა და ნიშებითა ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა და საჩუენებელითა დიდძალითა ყოველთათჳს, რომელ ყო უფალმან ღმერთმან თქვენმან ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა წინაშე შენსა,

35. რათა გულისხმა-ჰყო, რამეთუ უფალი ღმერთი შენი მხოლოჲ არს ღმერთ და არა არს სხუა ღმერთ მისა გარე.

36. ცით გარდამო ისმა ჴმაჲ მისი სასწაულად შენდა და ქუეყანასა ზედა გიჩუენა შენ ცეცხლი იგი მისი დიდი და სიტყუაჲ იგი მისი გესმა შორის ცეცხლსა მას.

37. რამეთუ შეიყვანნა მუნ მამანი იგი თქუენნი და გამოირჩია მან ნათესავი იგი მათი შემდგომად მათსა თქუენ ყოველთა უფროჲს წარმართთა და გამოგიყვანა შენ ძალითა მით დიდითა ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა.

38. დაცემად წინაშე პირსა შენსა, ნათესავები იგი დიდ-დიდები უძლიერესი შენსა შეყვანებად და მიცემად შენდა ქუეყანაჲ იგი მათი სამკჳდრებელად მკჳდრობისა შენისა, ვითარცა-ეგე გიპყრიეს დღესდღე.

39. რათა გულისხმა-ჰყო დღეს გონებასა შენსა, რამეთუ უფალი თავადი არს ღმერთ ზეცათა შინა და ქვეყანასა ზედა და არა ვინ არს მისა გარეშე სხუჲ ღმერთი

40. და დაიცვნე შენ მცნებანი მისნი და სამართალნი, რომელსა მე გამცნებ შენ დღესდღე, რათა კეთილი გეყოს შენ და შვილთა შენთა შენ თანა და დღეგრძელ იყვნეთ ქუეყანასა ზედა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ ყოველთა დღეთა თქუენთა.

41. მას ჟამსა გამოაყენნა მოსე სამნი ქალაქნი წიაღ იორდანესა მზის აღმოსავალით კერძო.

42. შესავედრებელად კაცისმკლველთა, რათა რომელმანცა მოკლა მოყუასი თჳსი იშჳდ და არა ნებსით თჳსით, არა ზრახვით და არცა სიძულილით იყო მისა მიმართ გუშინ, ანუ ძოღან და შევარდეს ეგევითარი იგი ერთსა მას ქალაქთაგანსა, განერეს და ცხონდეს.

43. ბოსორი უდაბნოჲთ კერძო, ველთა მათ ქუეყანისა რუბენისგან და ჰრომოთ გალაადით კერძო ქუეყანისა მისგან გაადისი და გულანი ბასაანსა.

44. ესე შჯული არს, რომელ დადვა მოსე წინაშე ძეთა მათ ისრაჱლისათა.

45. ესე მცნებანი არიან წამებანი და სამართალნი, რომელთა ეტყოდა მოსე ძეთა მათ ისრაჱლისათა უდაბნოსა მას, რაჟამს გამოვიდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით.

46. წიაღ იორდანესა ჴევსა მას, მახლობელად სახლისა მის ფოგორისსა, ქვეყანასა მას სეონ, მეფისა მის ამორეველთაჲსა, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ესებონს, რომელ-იგი მოსრა მოსე და ძეთა მათ ისრაჱლისათა, რაჟამს გამოვიდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით.

47. და დაიმკჳდრეს მათ ქუეყანაჲ იგი და ქუეყანაჲ ოგისი, მეფისა მის ბასაანისაჲ, ორთა მათ შარავანდედთა ამორეველთაჲ, რომელ-იგი იყვნეს წიაღ იორდანესა,

48. მზის აღმოსავალით კერძო აროერითგან, რომელ არს კიდესა ნაღუარევთა მათ არნონისათა მიმთადმდე სებნისა, რომელ არს ერმონი,

49. ყოვლით კერძო არაბიაჲთ წიაღ იორდანესა მზის აღმოსავალით ასეროთით, მთით თლილით.

5

1. მოუწოდა მოსე ყოველსა მას ისრაჱლსა და ჰრქუა მათ: გესმოდენ ისრაჱლსა ყოველი ესე სამართალი და მშჯავრი, რომელთა-ესე გეტყჳ თქუენ ყურთა თქუენთა დღესდღე, დაისწავეთ დამარხვად და ყოფად მაგისა.

2. უფალმან ღმერთმან თქუენმან დადვა თქუენ თანა მცნებაჲ აღთქუმისაჲ ქორებს.

3. არა თუ მამათა თქუენთა თანა დადვა უფალმან აღთქუმაჲ ესე, არამედ თქუენ თანა, თქუენ, ეგერა, დღეს ყოველნი ცოცხალ ხართ.

4. რამეთუ პირისპირ გეტყოდა თქუენ უფალი მთასა მას შინა ცეცხლსა მას შორის.

5. და მე ვდეგ შორის უფლისა და თქუენსაცა მას ჟამსა შინა თხრობად თქუენ სიტყუათა მათ უფლისათა, რამეთუ შეშინებულ იყვენით თქუენ წინაშე პირსა მის ცეცხლისასა და არა აღხუედით მთასა მას, რამეთუ გეტყოდა თქუენ უფალი და თქუა:

6. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანე შენ ქუეყანით ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისაჲსა.

7. ნუ იყოფინ შენდა სხუაჲ ღმერთი ჩემსა გარეშე, არა იქმნე თავისა შენისა კერპნი გამოქანდაკებულნი,

8. არცა მსგავსი ყოვლისავე, რომელ არს ცასა შენა ზესკნელ და არცაღა, რომელ არს ქუეყანასა ზედა ქუესკნელ და არცაღა, რომელ არს წიაღთა შინა ქუესკნელსა ქუეყანასა.

9. არა თაყუანი-სცე მათ, არცა ჰმსახურებდე მათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, ღმერთი მოშურნე, რომელმან მივაგი ცოდვაჲ მამათაჲ შვილთა სამად და ოთხადმდე ნათესავად მოძულეთა მათ ჩემთა.

10. და ვყვი წყალობაჲ ათასამდე ნათესავად მოყუარეთათჳს სახელისა ჩემისათა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი ჩემნი.

11. ნუ ჰფუცავ სახელსა უფლისა ღმრთისა შენისასა სიცრუვით, რამეთუ არა განწმიდოს უფალმან ღმერთმან ყოველივე, რომელი - ფუცვიდეს სახელსა მისსა სიცრუვით.

12. დაიცევ შენ დღე იგი შაბათისაჲ, წმიდა და ფუფუნეულ-ჰყო იგი, ვითარცა გიბრძანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.

13. ექუს დღე იქმოდი შენ ყოველსა მას საქმესა შენსა.

14. რამეთუ დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისაჲ, არა იქმოდე შენ ყოველსავე საქმესა შენსა, ნუცა შენ, ნუცაღა ძე შენი, ნუცა ასული შენი, ნუცა მონა შენი, ნუცა მჴევალი შენი, ნუცა ჴარი შენი, ნუცა კარაული შენი, ნუცაღა ყოველივე საცხოვარი შენი, ნუცა მწირი შენი, ნუცა მსხემი შენი, რომელი შეყოფილ იყოს, და ჯდეს შინაგან ბჭეთა შენთა.

15. რამეთუ განისუენოს მონამან შენმან და მჴევალმან შენმან და საცხოვარმან შენმან და მწირმან შენმან, ვითარცა შენ. მოიჴსენე შენ, რამეთუ შენცა დამონებულ იყავ ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა და გამოგიყვანა შენ მიერ უფალმან ღმერთმან შენმან ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა. ამისთჳს გიბრძანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან დამარხვად დღე იგი შაბათთაჲ.

16. თავ-უყავ მამასა შენსა და დედასა შენსა, ვითარცა გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო შენ ქუეყანასა ზედა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.

17. ნუ კაც-ჰკლავ.

18. ნუ იმრუშებ,

19. ნუ იპარავ,

20. ნუ სწამებ წამებასა ცილსა მოყუსისა შენისა მიმართ,

21. ნუ გული-გითქუამნ ცოლსა მოყუსისა შენისასა, ნუცა გული-გითქუამნ სახლსა მოყუსისა შენისასა, ნუცა ქუეყანასა მისსა, ნუცა მონასა მისსა, ნუცა მჴევალსა მისსა, ნუცაღა ჴარსა მისსა, ნუცა კარაულსა მისსა, ნუცა საცხოვარსა მისსა, ნუცა ყოველივე, რაჲცა იყოს მოყუსისა შენისაჲ.

22. ამათ სიტყუათა ეტყოდა უფალი ყოველსა მას შესაკრებელსა ისრაჱლისასა მთასა მას შინა, შორის ცეცხლსა მას, და შორის ბნელსა მას არმურისა მის ნისლისა წყუდიადისასა, ჴმითა მაღლითა, და მერმე არღარა შესძინა სიტყუად. და დაწერა ესე ორთა ფიცართა ქვისათა და მომცა მე.

23. და იყო, რაჟამს ისმინეთ თქუენ ჴმაჲ იგი სიტყუათა მათ უფლისათაჲ შორის ცეცხლსა მას, რამეთუ მთაჲ იგი აღგზებული ცეცხლითა აღატყდებოდა, მოხუედით ჩემდა ყოველი ეგე მთავრები ნათესავთა მაგათ თქუენთაჲ და მოხუცებული ერისა თქუენისაჲ და მარქუთა მე.

24. აჰა, ესერა, გჳჩუენა ჩუენ უფალმან ღმერთმან დიდებაჲ იგი მისი და ჴმაჲ იგი მისი გუესმა ცეცხლით გამო დღესდღე და ვიხილეთ, ვითარცა ეტყოდა ღმერთი კაცსა და ცხონდა.

25. და აწ ნუუკუე მოვწყდეთ, ანუ გუეწიოს და მოგუსრნეს ჩუენ ცეცხლმან მან დიდმან, შე-ღათუ-ვსძინოთ ჩუენ სმენად ჴმისა მისა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲსა მერმე, და მოვწყდეთ.

26. ვინ არს ჴორციელი, რომელსამცა ესმა ჴმაჲ უფლისა ღმრთისა ცხოველისაჲ, ვითარმცა ეტყოდა ცეცხლით გამო, ვითარ-ესე ჩუენ გეუტყოდა და ცხონდა.

27. აწ მიეახლე შენ და ისმინე, რასა იტყოდის უფალი ღმერთი ჩუენი და შენ გუეტყოდე ჩუენ ყოველთა მათ მცნებათა, რომელთასა გეტყოდის შენ უფალი ღმერთი ჩუენი, ვისმინოთ შენი და ვყოთ.

28. და შეესმა უფალსა ჴმაჲ იგი სიტყჳსა მის ქუეყანისაჲ, რომელსა მეტყოდეთ მე და მრქუა მე უფალმან: მესმა მე ჴმაჲ სიტყჳსა ერისაჲ მის, რომელსა-იგი გეტყოდის შენ მართლიად, მოგიგეს შენ ყოველივე, რომელსაცა-იგი გეტყოდეს შენ.

29. ვინმემცა უკუე მისცა გულთა მაგათთა მარადის შიში იგი ჩემი და დამარხვა ყოველსა ჟამსა მცნებათა ჩემთაჲ, რათამცა კეთილი ეყო მათ და ნაშობთა მათთა უკუნისამდე?

30. აწ მივედ და ეტყოდე მათ და მიიქცენ იგინი სახედვე მათთა.

31. ხოლო შენ დადეგ აქა ჩემ თანა და გეტყოდი შენ ყოველთა მათ მცნებათა და სამართალთა, რომელი ასწაო მათ და ჰყოფდენ მას ქუეყანასა მას ზედა, რომელი მე მივეც მათ ნაწილად მკჳდრობისა მათისა

32. დამარხვად და ყოფად, ვითარ-იგი გამცენ შენ უფალმან ღმერთმან შენმან, არა მიაქციო მარჯულ, არცა მარცხლ.

33. ყოველთავე გზათა შენთა, რომელ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან, არამედ ხჳდოდი ყოველთა მცნებათა მისთა, რათა განგისუენოს შენ და კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქუეყანასა მას ზედა, რომელსა დაემკჳდრო შენ.