წიგნი ეზრა ზორაბაბელისა მესამე

1

1. და ყო იოსია მეფემან ზატიკი იგი უფლისა იერუსალჱმს და შეწირა შესაწირავი იგი უფლისა ათორმეტსა თთჳსა მის პირველისასა.

2. განაწესნა და დაადგინნა მღდელნი სახლსა უფლისასა ყოველთა დღჴეთა რიცხჳსაებრ და შთააცვა მათ კვართი სამღდელო.

3. და ჰრქუა ლევიტელთა მსახურთა: განიწმიდენით თავნი თქუენნი და განემზადენით სიწმიდისა მისებრ კიდობნისა სჯულისა უფლისა ტაძარსა მას, რომელი-იგი აღაშენა სოლომონ მეფემან, ძემან დავითისამან.

4. და ნუმცა იპოვების თქუენ თანა ბიწოვანებაჲ და ბილწება და აწ მსახურებდით უფალსა ღმერთსა თქუენსა, და შემოკრიბეთ და განუმზადეთ ნათესავი ისრაჱლისა და განაწესეთ განწესებისა მისებრ მამათმთავართასა და ტომთა მისთასა,

5. ვითარცა განაწესა და დაწერა დავით, მეფემან ისრაჱლისამან, და ძემან მისმან დიდმან სოლომონ. და დადგეს ტაძარსა მას შინა ლევიტელნი განწესებისა მისებრ თჳთოეულად მამათა თჳსთასა წინაშე ძმათა თჳსთა, ძეთა ისრაჱლისათა.

6. და პირველისაებრ წესისა შეწირეთ ზატიკი და განმზადეთ შესაწირავი იგი სიტყჳსაებრ უფლისა, ვითარცა-იგი უბრძანა ჴელითა მოსესითა.

7. მიჰმადლა და მისცა იოსია ერსა მას კრავები და თიკანნი ოცდაათი ათასი, ჴბოები სამ ათასი.

8. ესე ყოველი მისცა მსგავსად ბრძანებისა მის მეფისასა ერთა და მღდელთა ლევიტელთა, და მერმე მისცა ქელკიასა და ზაქარია მღდელთმოძღუართა მათ, წინამძღუართა ერისათა და მღდელთა ცხოვარი ორ ათასი და ექუსასი და ჴბოები ექუსასი.

9. და იექონია, და სამეა, და ნათანაელ ძმა, და საბეა, და ოზიელ და იორამ ათასისთავთა მათ მისცეს ლევიტელთა ზატიკისა მისთჳს ცხოვარი ხუთ ათასი და ჴბოები ხუთასი.

10. და მიიღეს ესე ყოველი მღდელთა მათ და დიდ-დიდად დიდებითა და შუენიერებითა განმზადეს ბატიკი იგი ბალარჯობითა,

11. წესთა მათთაებრ და ტომთა მათთაებრ, მსგავსად მამათა მათთასა განწესებულად დგეს მღდელნი წინაშე კრებულისა და შესწირვიდეს უფალსა შესაწირავსა მას, ვითარცა წერილ არს წიგნსა მოსესსა.

12. და ესრეთ ცისკარსა მას შემწვარი ცეცხლითა განამზადეს ზატიკი იგი უფლისა შესაწირავი და ნედლნი სურნელებითურთ შეაგბეს სიავ-ქუაბთა შინა და ქვაბებთა.

13. და შესწირეს ყოვლისა მისთჳს ერისა და შემდგომად ამისა მღდელთმოძღუარნი იგი განემზადნეს თჳთ (ძმანი მათნი, ძენი იგი აჰრონისნი).

14. რამეთუ მღდელნი იგი შესწირვიდეს ცმელსა მას ცეცხლისა მის დასაწველსა და ლევიტელნი განემზადნეს თჳთ და ძმანი თჳსნი მღდელად, ძენი აჰრონისნი,

15. და ძენი აისაფისნი შემასხმელნი, მგალობელნი განემზადნეს, ვითარცა განაწესა დავით მეფემან ასაფი, და ზაქარია და ელდინუს.

16. და მეკარენი იგი თჳთეულად კართა მათ იყუნენ განკრძალულ წესთა მათთაებრ, რამეთუ იგინიცა იყუნენ ძეთაგან ლევის, განიმზადნეს თავნი თჳსნი.

17. და ყოველთა ერთბამად აღასრულეს ზატიკი უფლისა მას დღესა შინა.

18. და შესწირეს შესაწირავი უფლისა საკურთხეველსა ზედა მსგავსად ბრძანებისა მის იოსია მეფისა.

19. და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა, რომელი იპოვეს მას ჟამსა შინა, ზატიკი უფლისა და დღესასწაული იგი ბალარჯობათა შჳდ დღე,

20. არასადა ყოფილ იყო ესრეთ ზატიკი შორის ისრაჱლსა, რამეთუ არა ვინ ყო ზატიკი ჟამთა მათგან სამოელ წინაწარმეტყუელისათა.

21. არცაღა ყოველთა მეფეთა ისრაჱლისათა ყვეს ზატიკი ესე. ვითარი-იგი ყო იოსია მეფემან, მღდელთა მათ, და ლევიტელთა, და ჰურიათა და ყოველმან ისრაჱლმან, რომელნი-იგი იყუნეს დამკჳდრებულნი მას ჟამსა იერუსალჱმსა შინა.

22. მეათურამეტესა წელსა მეფობასა იოსიასა ყო ზატიკი ესე.

23. და იყუნენ მართალ საქმენი იოსიასნი წინაშე უფლისა ღმრთისა თჳსისა და ჰმონებდა უფალსა ყოვლითა გულითა და გონებითა თჳსითა.

24. და სხუანიცა მეფენი იყუნეს უწინარეს მისა, რომლისათჳს წერილ არს, რომელთა-იგი შესცოდეს და უსჯულო იქმნნეს ყოველთა შინა ნათესავთა და შეაწუხეს უფალი და მჴდომად აღუდგეს სიტყვათა მისთა შორის ისრა- ჱლისა.

25. და შემდგომად ყოველთა მათ სიმართლეთა იოსიასთა მოვიდა ფარაო, მეფე მეგჳპტელთა, მბრძოლად ვარქამუსად ევფრატით კერძო და განვიდა ბრძოლად იოსია.

26. და მიავლინა მისა მეფემან მეგჳპტელთამან და ჰრქუა: რა ძეს შენი და ჩემი, მეფეო ჰურიასტანისაო?

27. არა თუ შენდა მიმავლინა მე უფალმან ღმერთმან და ევფრატით კე- რძო მივალ მე ბრძოლად. და აწ უფალი ჩემ თანა არს და ნუ მაბრკოლებ მე, რამეთუ მასწრაფებს მე უფალი მისლვად და ბრძოლად ევფრატით კერძო, ხოლო შენ მიმრიდე და ნუ წინააღუდგები უფალსა.

28. და არა გარემოაქცივნა იოსია ეტლნი თჳსნი, არამედ ბრძოლად ჴელი შეყო მისა და არა ისმინნა სიტყუანი იერემია წინაწარმეტყუელისანი, რომელსა ეტყოდა მას პირითა უფლისათა,

29. არამედ შეიკრიბა და ზედამოუჴდა ველსა უდმაკედოვადაუს. და მიუჴდეს მთავარნი იგი მეფესა იოსიასა.

30. და ჰრქუა იოსია მეფემან მონათა თჳსთა: განმიყვანეთ მე ველისა ამისგან, რამეთუ მოუძლურდი ფრიად. და მეყსეულად გამოიყვანეს იგი მონათა თჳსთა ბრძოლისა მისგან.

31. და აღჴდა იგი ეტლთა მათ მეორეთა თჳსთა და აღიყვანეს იგი იერუსალჱმდ, მოკუდა და დაეფლა მამათა თჳსთა თანა.

32. და ყოველი ჰურიასტანი გოდებდა და იგლოვდა იოსიას. და თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან გოდება ესე იოსიასა ზედა. და დაჯდა იგი დე- დათა თანა და გოდებდეს გოდებასა იერემიასასა მოდღენდელად დღემდე და მისცეს ბრძანება მარადის ნათესავთა გოდებად შორის ისრაჱლისა

33. ესე ყოველი წერილ არს წიგნსა მატიანეთასა მეფეთა ისრაჱლისათა და საქმენი, რომელ ქმნა იოსია, სიმჴნენი იგი დიდისა მის სიმართლისა და დიდებისა მისისა და სიბრძნე იგი კრძალულებისა მისისა, რომელი აქუნდა შჯულისა მიერ უფლისა, ამას ყოველსა მოაქამდე უთხრობენ წიგნნი მეფეთა ისრაჱლისათანი და იუდასთანი

34. და მეფე-ყვეს ნათესავისა მისგან იაქონია, ძე იოსიასი. მეფობდა იექონია მამისა თჳსისა იოსიას წილ და იყო ოცდასამ წლისა, რაჟამს დადგა იგი მეფედ.

35. და მეფობდა ჰურიასტანსა და იერუსალჱმსა სამ თვე და აყენებდა მეფე იგი მეგჳპტელთა, რათამცა არა ვინ მეფობდენ იერუსალჱმსა.

36. და მოჰჴადა მათ ასი ტალანტი ვერცხლი, ერთი ოქრო.

37. და დაადგინა მათ ზედა მეფემან მეგჳპტელთამან მეფედ იოაკიმ, ძმა იექონიასი, და მეფობდა იოაკიმ ჰურიასტანსა ზედა და იერუსალჱმსა.

38. და შეკრა იოაკიმ დიდნი იგი მთავარნი სახლისა ისრაჱლისანი და ზარა, ძმა თჳსი, გამოიყვანა ქუეყანით ეგჳპტით და მოიყვანნა თავისა თჳსისა თანა.

39. და იყო ოცდახუთ წლისა იოაკიმ, რაჟამს მეფე-ყვეს ჰურიასტანს, იერუსალჱმსა ზედა. და ქმნა მან ბოროტი წინაშე უფლისა.

40. დღეთა მისთა გამოვიდა ნაბოქოდონოსორ, მეფე ბაბილოვანთა, და შეკრა იგი საკრველითა რვალისათა და წარიყვანა იგი ბაბილოვნად.

41. და სამსახურებელი სახლისა უფლისა გამოიღო ნაბოქოდონოსორ, წარიღო და დადვა სახლსა კერპთა მისთასა ბაბილონს.

42. ესე ყოველი მისთჳს და უსჯულოებისა მისისათჳს, და სიბილწისა მისისა დაწერილ არს წიგნსა მეფეთასა.

43. და მეფობდა მის წილ იოაკიმ, ძე მისი, და იყო ოცდაათრვამეტისა წლისა.

44. და მეფობდა სამ თვე და ათ დღე იერუსალჱმს. და ქმნა მან ბოროტი წინაშე უფლისა.

45. და შემდგომად წლისა ერთისა მოავლინა ნაბოქოდონოსორ მეფემან და წარიყვანა იგი ბაბილოვნად ფასითურთ სახლისა მის უფლისა.

46. და დაადგინა სედეკია მეფედ ჰურიასტანსა და იერუსალჱმსა. და იყო სედეკია ოცდაერთის წლისა და მეფობდა ათერთმეტ წელ.

47. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა მოიქცა უკეთურებისაგან თჳსისა და არცა ისმინა სიტყუანი იერემია წინაწარმეტყუელისანი, რომელსა ეტყოდა მას პირითა უფლისათა,

48. და ფიცი იგი, რომლითა ეფუცა ნაბოქოდონოსორ მეფესა, სახელითა უფლისათა და არა დაადგრა ფიცსა მას, არამედ ეცრუვა და განეშორა ნაბოქოდონოსორს, და განიფიცხა ქედი თჳსი და გული თჳსი და გარდაჴდა სჯულსა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა.

49. და მთავართა მის ერისათა და მღდელთა მრავალი უსჯულოება ყვეს, და უსჯულო იქმნნეს და განამრავლეს ბილწება თჳსი უფროს ყოველთა წარმართთასა, და შეაგინეს ტაძარი იგი სიწმიდისა უფლისა იერუსალჱმისა.

50. და მიუვლინა ღმერთმან მამათა მათთა მოციქულად წინაწარმეტყუელი, რათამცა მოიქცეს, რამეთუ ჰრიდებდა მათ ტაძარსა სიწმიდისასა.

51. და შეურაცხ-ყვეს მოციქულნი იგი მისნი და დღესა მას, რომელსა ეტყჳნ მას უფალი, იგინი ეკიცხევდეს წინაწარმეტყუელთა მისთა.

52. და განრისხნა უფალი ნათესავსა ზედა მათსა უღმრთოებისა მისთჳს და მოავლინა მათ ზედა მეფენი იგი ქალდეველთანი.

53. და მათ მოსრნეს ჭაბუკნი მათნი მახჳილითა და დასთხიეს სისხლი მათი გარემოს ტაძარსა სიწმიდისასა და არა ჰრიდა ყრმათა ქალწულთა მოხუცებულთა და ჭაბუკთა მათთა,

54. არამედ ყოველივე მისცა ჴელთა მათთა და სამსახურებელი სახლისა უფლისა, დიდი და კნინი, და ჭურჭელი სამსახურებელი კიდობნისა მის უფლისა, და ყოველი ფასი მეფეთა ისრაჱლისათა აღიღეს და წარიღეს ბაბილონად.

55. და ცეცხლითა მოწვეს ტაძარი იგი უფლისა, დაარღჳეს და აღაოჴრეს ზღუდენი იერუსალჱმისანი, და გოდლები მისი მოწვეს ცეცხლითა.

56. და იყო აღსრულება ყოვლისა დიდებისა მათისა და ნეშტნი იგი წინაწარიქცინეს და წარტყუენეს ბაბილონად.

57. და დაემონნეს მათ და შვილთა მათთა ვიდრე მეფეთამდე სპარსთასა აღსრულებასა მას სიტყჳსა უფლისასა, რომელსა იტყოდა პირითა იერემია წინაწარმეტყუელისათა,

58. ვითარმედ სთნდეს უფალსა ქუეყანა იგი და ცალიერად შაბათ-ყო იგი ყოველთა მათ ჟამთა, რაოდენ ჟამ იყო უდაბნოსა, შეერაცხა მათ შაბათობად, ვიდრემდის აღესრულა სამეოცდაათშჳდმეტი წელი.

2

1. მეფობასა კჳროსისასა სპარსთა ზედა წელსა მას პირველსა აღესრულა სიტყუა უფლისა, რომელსა იტყოდა პირითა იერემია წინაწარმეტყუელისათა.

2. და განაღჳძა უფალმან სული კჳროსისი, სპარსთა მეფისა, და უბრძნა კჳროსის და ყოველთა, რომელნი იყუნეს მეფობასა მისსა, მიწერა და თქუა:

3. ესრე იტყჳს კჳროს, მეფე სპარსთა, გამომიცხადა მე მეფემან ყოველთა ცისკიდეთამან, უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან, უფალმან ჭეშმარიტმან.

4. გამომიცხადა სასწაულად აღშენება ტაძრისა იერუსალჱმისა და ჰურიასტანისასა.

5. აწ ვინცა იყოს, რომელსა თანა იყოს ნათესავთაგანი ჰურიათა, და უფალი ღმერთი იყოს მის თანა, და აღვიდენ იერუსალჱმდ ჰურიათა მათ თანა, და აღაშენეს ტაძარი იგი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ესე არს უფალი, რომელი-იგი დამკჳდრებულ არს იერუსალჱმს.

6. და ყოველნივე, რომელნი-იგი თჳთეულად თჳსთა ადგილთა დამკჳდრებულ იყუნენ, შეეწინედ მათ ოქროთა და ვეცხლითა.

7. ცხენებითა და საცხოვრითა და ყოვლითა განმზადებულებითა თჳსითა შეწირვად ტაძარსა უფლისა ღმრთისა იერუსალჱმს.

8. და დაადგინეს მთავარნი იგი ნათესავთა და მამათა მთავართაებრ ნათესავისაებრ იუდასისა, ტომისაგან ბენიამენისი, მღდელთა და ლევიტელთა და ყოველთა, რომელთა განაღჳძა უფალმან სული მათი მისლვად აღშენებად ტაძრისა მის უფლისა იერუსალჱმს, რომელნი გარემოს იყუნენ.

9. შეეწივნენ ყოველნი ოქროთა და ვერცხლითა, ცხენებითა, საცხოვარითა და აღუთქუეს უფალსა, რაოდენი-რა შთაურდეს გონებასა.

10. და მეფემან კჳროს მოღებად-სცა სამსახურებელი იგი წმიდა უფლისა, რომელი-იგი წარეღო ნაბოქოდონოსორს იერუსალჱმით და დაედვა სახლსა მას კერპთა თჳსთასა.

11. მოღებად-სცა კჳროს, მეფემან სპარსთამან, და უბრძანა მიცემად სამსახურებელი იგი მითრდატს, მეფასეთა მთავარსა თჳსსა.

12. და მიუთვალა მითრდატ და მისცა სამნასარს, მთავარსა იუდასასა.

13. და ესე იყო რიცხჳ სამსახურებელისა მის ჭურჭელისა უფლისა: სამსახურებელი ოქროსა ათას და სამსახურებელი ვეცხლისა ათას, გუარდაკები ვეცხლისა ოცდაცხრა და საფასები ოქროსა ოცდაათ და ვეცხლისა ორ ათას ოთხასდაოცი, სხუა ჭურჭელი ათას.

14. ხოლო ყოველი იგი ჭურჭელი ოქროსა და ვეცხლისა, რომელი მოიღეს ხუთ-ათას ოთხასსამეოცდაცხრა.

15. და მისცეს ესე ყოველი ჴელთა სამნასარისთა და გამოიღეს ყოვლით ნატყუენავითურთ ბაბილოვნით და აიღეს იერუსალჱმდ.

16. ჟამთა მეფობისა არტაშესთა, სპარსთა მეფისა, მიწერეს მისა, რომელნი-იგი დამკჳდრებულ იყუნეს ურიასტანსა და იერუსალჱმს, ბალასამე, და მითრდატ, და ბელლაეს, და არითმოს, და ბელტეთემეოს და სამაელიეს მწერალი, და სხუანიცა მრავალნი მთავარნი მათ თანა, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს ზღჳსკიდესა მას, ქანანელნი და ტჳრელნი, ამანელნი და მოაბელნი, სამარიტელნი და სხუანი მრავალნი ადგილისმპყრობელნი, მიწერეს წიგნი სახე ესრეთ

17. მეფესა არტაშესის, უფალსა ჩუენსა, მონანი შენნი: არაითმე და ბეთსელემ, რომელნი თაყუანის-გცემდეს შენ, და სამელიე მწერალი, და ყოველნივე თანამზრახველნი ჩუენნი გიკითხავთ, და მსაჯულნი ასურთანი და ქანანელთანი.

18. აწმცა უწყებულ ხარ უფალი ჩუენი და მეფე ჰურიათა მათთჳს, რომელნი გამოვიდოდეს ჩემდა, მისრულ არიან იერუსალჱმდ, ქალაქსა განდგომილთასა და განმამწარებელთასა და აშენებენ მას და უბნებსა მისსა და ზღუდეთა მისთა ეგულების გამაგრება, ტაძრისა მის ნებავს აღშენება.

19. აწ უკეთუ ქალაქი ესე აღაშენონ და ზღუდენი ამათნი აღესრულნენ, ხარკსა არა ვინ უხარკებდენ, არამედ მეფეთაცა მჴდომად აღუდგენ,

20. რამეთუ იქადიან და ესვენ ტაძარსა მას თჳსსა. აწ კეთილ-მიჩნდა ჩუენდა, ვითარცა იზრუნა ამის საქმისათჳს

21. უფალმან ჩუენმან მეფემან. და გამოიძიე და იხილე, რომელი-იგი დაწერეს მამათა შენთა პირველთა.

22. და ჰპოო წერილი საჴსენებელთა და სცნა, ვითარმედ ქალაქი ესე განდგომილთა არს და მეფენი ამისნი.

23. და ჰურიანი განდგომილ არიან და ცილფიც მკჳდრნი იგი მისნი უკუნისამდე, რომლისათჳსცა ქალაქი ესე აოჴრდა და უდაბნო იქმნა.

24. აწ გაუწყებთ უფალსა ჩუენსა, შარავანდედსა, უკუეთუ ქალაქი ესე აიშენოს და ზღუდენი ამისნი აღემართნენ, ყოველი ჴელმწიფება და გზა ასურასტანით კერძო და ქანანით არ იყოს.

25. მას ჟამსა მიწერა არტაშეს მეფემან ჰრათიმისა, და ბელტედიმესა, და სამაელისა, მწერლისა, სხუათაცა ყოველთა, რომელნი მკჳდრ არიან სამარიათ კერძო და ასურასტანით და ქანანით, რომელთა მიწერეს.

26. აღმოვიკითხეთ წიგნი იგი თქუენი, რომელი მოსწერეთ ჩემდა და ვბრძანე ხილვად მატიანთა საჴსენებელთასა. და იპოვა ქალაქი ეგე დასაბამითგან უკუნისამდე მჴდომ ყოველთა მეფეთა.

27. და ქუეყანა ულმო და ზესთამბრძოლ ყოველთა კერძო, რომელნი დამკჳდრებულან მას ზედა და მეფენი ძლიერნი და ფიცხელნი, რომელნი არიან იერუსალჱმსა, და უფლებდეს და ხარკსა მოაჴდიდეს ასურეთით და ქანანით კერძოთა.

28. აწ, ეგერა, გიბრძანებიეს კაცთა მაგათ, რათა არა აღაშენებდეს ქალაქსა მაგას და თქუენ გულს-იდგინეთ,

29. რათა არა უფროს აღემატოს უკეთურება მაგათი, აღუდგენ და შრომა შეამთხჳონ მეფობასა ამას ჩუენსა.

30. და მას ჟამსა აღმოიკითხონ წიგნი იგი მეფისა არტაშესისი და რათიმე და სამაელ მწერალმან და სხუათა მრავალთა მათ თანა, და მსწრაფლ აღვიდენ იერუსალჱმდ.

31. და არა აუფლეს ჰურიათა მათ შენებად და დააყენეს შენება ტაძრისა უფლისა იერუსალჱმს, ვიდრე მეორედ წლადმდე შარავანდედობისა დარეჰ სპარსთა მეფისა.

3

1. და დარეჰ მეფემან ყო სიხარული დიდი და მოუწოდა ყოველთა მთავრებსა თჳსსა, შვილთა თჳსთა და ყოველთა დიდ-დიდთა მიდთასა და სპარსთასა, ქალდეველთასა.

2. და ყოველსა უფლებსა და ერისთავთა და სოფლისმპყრობელთა მათ თანა ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპედმდე. და იყუნეს მთავრები იგი ასოცდაშჳდ.

3. ჭამეს და სვეს, და განძღეს და მხიარულ იქმნენ, რაჟამს ოხჭანი იყო, დარეჰ მეფე შევიდა სასუენებელად და აჴდა საგებელსა თჳსსა და დაიძინა.

4. მას ჟამსა სამნი იგი სენაკაპანნი მისნი, ვიდრე მეფესა ეძინა და იგინი სასუენებელსა მას შინა ეკრძალებოდეს და ჴუმილვიდეს და სიტყუად იწყეს ურთიერთას და თქუეს:

5. მოდით, თჳთეულად ვთქუათ სიტყუა ერთი, რომელმან უბრძანის და უძლიერეს თქუას მოყუასთა თჳსთა, უფროს მისცეს დარეჰ მეფემან ნიჭი დიდი და განადიდოს და სახელოვან-ყოს იგი უფროს ყოველთასა.

6. და ძოწეული შთააცვას მას და ოქროსა სამსახურებელითა ჭამდეს და სმიდეს, და ზედა ოქროსაგებელთა დაწვეს და დაიძინოს. და აღსვან იგი საჴედარსა ოქროსაღვირედსა და ხორი ბეჰეზისა დაადგან შარავანდედი და შეაბან მანიაკი ოქროსა ყელსა მისსა.

7. და მეორესა საყდარსა დარეჰისასა დაჯდეს სიბრძნისა მისისათჳს და ნათესავად დარეჰისად სახელ-ედვას.

8. და მაშინ თჳთეულად დაწერნეს სიტყუანი თჳსნი, შეაბეჭდეს, და დადვეს სასთუნალით კერძო დარეჰ მეფისა, და თქუეს:

9. რაჟამს აღდგეს, მიუპყრათ დაწერილი ესე, და იკითხოს მეფემან და მთავართა სპარსეთისათა, და რომლისა იპოოს სიტყუა უბრძნეს, მას მისცედ ძლევისა იგი პატივი.

10. და დაწერა პირველმან და თქუა: ძლიერ არს და მძლე უფროს ყოვლისა ღჳნო.

11. და დაწერა მეორემან და თქუა: მძლე არს და უძლიერეს უფროს ყოვლისა შარავანდოვანი.

12. და მესამემან დაწერა და თქუა: მძლე არიან და უძლიერეს უფროს ყოვლისა დედანი და ყოველსა სძლის ჭეშმარიტებამან.

13. და რაჟამს განიღჳძა მეფემან, მოიღეს წერილი იგი და მისცეს მეფესა და აღმოიკითხა.

14. და წარავლინა და მოუწოდა ყოველთა მთავართა სპარსეთისათა და უფლებასა, სპასპეტებსა და სოფლისმპყრობელთა და მფლობელთა.

15. და დაჯდა ადგილსა, სადაცა შეემთხჳნეს მას ყოველნი და აღმოიკითხეს წიგნი იგი ყოველთა წინაშე.

16. და თქუა მეფემან: მოუწოდეთ აქა სენაკაპანთა და მათ განგჳმარტენ სიტყუანი თჳსნი და ვითარცა მოუწოდეს, შეიყვანეს წინაშე.

17. და ეტყოდეს მათ: ყოველნივე გჳთხართ ჩუენ დაწერილნი. და იწყო სიტყუად პირველმან, რომელმან-იგი თქუნა ძლიერებისაგან ღჳნისასა.

18. და თქუა ესრეთ: ჵ კაცო, ვითარ არა ძლიერ არს ღჳნო, რამეთუ ყოველთა კაცთა, რაოდენთა სვიან, შესულიბნის გონებანი.

19. მეფეთა და გლახაკთა ერთ ყვის გონება, ეგრეცა უფლისა და მონისა, მდიდრისა და მკოდოვისა.

20. და ყოველთა გონება დრიკის და გარდააქცივის სიხარულად, და არა მოიჴსენიან მწუხარება და სალმობა.

21. რამეთუ ყოველთავე გონება აღავსის მხიარულებითა და სიმდიდრითა.

22. და არა მოიჴსენნეს მეფენი და მთავარნი და ატყუებნ დიდ-დიდთა, და რაჟამს დაითურის, არა მოიჴსენის მეგობარნი და ძმანი და მტერნი და მრავალჯერ მახჳლიცა იჴადის.

23. და რაჟამს განქარდის ღჳნო, არა აჴსოვნ, რა უქმნიენ.

24. ჵ კაცნო, ვითარ არა ძლიერ არს ღჳნო, რომელმან ამას ყოველსა აიძულის საქმედ? და ესე ყოველი თქუა და დადუმნა.

4

1. და იწყო სიტყუად მეორემან, თქუა ძლიერებისათჳს მეფისასა:

2. ჵ კაცნო, ანუ არა განძლიერებულ არიან კაცნი და უპყრიეს მათ ზღუა და ჴმელი და ყოველივე, რომელ არს მას შინა?

3. ხოლო მეფენი ძლიერებით უფლებენ ყოველსა ქუეყანასა ზედა, და თქვის და ბრძანის, და ადრე ყვიან (და თუ უბრძანის ბრძოლად მოყუასსა მოყუსისა თჳსისა, ვერ გარდაჴდის ბრძანებასა).

4. და თუ წარავლინის ღუაწლსა მტერთა მიმართ, და წარვიდიან და ადრე ქმნიან მანქანანი მათნი, ზღუდენი და გოდოლნი დაამჴუნიან.

5. და მოკლნიან და მოკუდებიან, და ბრძანებასა მეფისასა ვერ გარდაჴდიან, და თუ ერევიედ, ყოველივე კეთილი მოართჳან მეფესა.

6. და არა ხოლო ერისაგანნი მოღუაწენი, არამედ მუშაკნიცა, რომელნი ქუეყანასა იქმედ, რაჟამს დასთესიან და მკიან, ნაყოფი იგი თჳსი მოართვიან მეფესა და მერმე ხარკისმომჴდელთა ჰმძლავრიან სოფელსა და მოჴადიან ხარკი სამეფო.

7. და მეფენი ხოლო განძლიერებულნი უფლებენ მას ზედა და თუ უბრძანის მოკლვა, მოკლიან და თუ ცხორებად, აცხოვნიან,

8. და თუ აშენებად, ააშენიან,

9. და თუ დარღუევად, დაარღჳვიან და თუ დანერგვად დანერგიან.

10. და ყოველი სოფელი მეფისა ძლიერებისა ბრძანებასა ისმენნ და თუ მეფესა რაცა უნებნ, ქმნის და განსუენებულად ზინ სავენაჴესა, და ჭამნ და სუამნ და ეძინის.

11. და სხუანი ყოველნი გარემოს ჴუმილვედ მის და ბრძანებასა მისსა ელიედ და არა უფლიედ ნებასა მისლვად და საქმედ, და ვერცა იკადრიან და გარდაჴდიან ბრძანებასა მეფისასა.

12. აწ, ჵ კაცნო, ვითარ არა ძლიერ არს მეფე, რომლისა სიტყუა ბრძანებისა თჳსისა ესრეთ განძლიერებული უფლებს ყოველთა ზედა? ესე ვითარცა თქვა და დადუმნა.

13. და მესამემან თქუა ძლიერებისათჳს დედათასა და ჭეშმარიტებისათჳს, ესე არს ზორობაბელი, იწყო სიტყუად და თქვა:

14. ჵ კაცნო, უკუეთუ დიდ არს მეფე, ანუ სხუანი მრავალნი კაცნი და ანუ ძლიერ არს ღჳნო, ვინ არს, რომელსა უძლევიეს, დაუპყრიეს და უფლებს ყოველთა ზედა?

15. და არა უკუე დედათა, რამეთუ დედანი არიან, რომელთაგან იშუნეს მეფენი და ყოველნი კაცნი, რომელნი უფლებენ ზღუასა ზედა და ჴმელსა.

16. მათგანნი იშუნეს და განზარდნეს დედათა მუშაკნი, რომელთა დასხეს ვენაჴნი, ვინა იყოფის ღჳნო.

17. იგინი არიან, რომელთა უქმნიან სამოსელი მამათა და მათ გამო შეიმკობიან და იდიდებიან კაცნი და ვერა ეგების თჳნიერ მათისა ყოფა კაცთა.

18. და თუ შეიკრიბიან ოქრო და ვეცხლი და ყოველი სიმრავლე, და იხილიან დედაკაცი ქმნულკეთილი,

19. მიიქციან მისა, და აღუტკბედ პირი და შეხედვედ მას და ყოვლითა ნიჭითა მათითა ჰყუარობედ მას უფროს ოქროსა და უფროს ვეცხლისა და ყოვლისა საშუებელისა.

20. და დაუტევის მამა და დედა თჳსი, რომელთა შუნეს და განზარდნეს იგინი, და სოფელი თჳსი და მისდევნ კვალსა ცოლისა თჳსისასა.

21. და ესრეთ შეეყჳს მას და ერთ სულ იქმნის მის თანა და არა მოიჴსენის მამა თჳსი და არცა დედა თჳსი და არცა სოფელი თჳსი.

22. და ამისგან წეს არს თქუენდა ცნობად, ვითარმედ უფლებენ თქუენ ზედა ცოლნი თქუენნი, რამეთუ ყთველსავე რასა იქმთ და შურებით, მიიღით და მისცით ცოლთა თქუენთა.

23. და შეიბის კაცმან მახჳლი თჳსი და წარვიდის იგი შორსა გზასა, თუ შე-რა-იძინის, ანუ მოიავაზაკის, ანუ ზღუასა შინა გინა მდინარეთა ვალს.

24. გინა მჴეცთა შეემთხჳის, გინა თუ ბნელსა შინა ვალნ, რაჟამს იპარის და მოიტაცის, და ყოველსა ჭირსა განვლის, მოვიდის, მიართვის ყოველი იგი ნაშრომი ცოლსა თჳსსა,

25. რამეთუ უფროს უყვარს კაცსა ცოლი თჳსი, ვიდრე მამა-დედა თჳსი.

26. და მრავალნი შესულბეს გონებითა თჳსითა და ცოლთა თჳსთათჳს შევარდეს მონებასა.

27. და მრავალნი მიეცნეს წარსაწყმედელად, მოსწყჳდეს და შესცდეს და შევარდეს დიდსა ცოდვასა დედათაგან.

28. და აწცა არა გრწამს ჩემი, არცაღა დიდსა მაგას შარავანდოსანსა თავსა თჳსსა უფლიეს და ყოველსა კაცსა არა უფლიეს მიახლებად მაგისა.

29. და ვხედევდ მე ასულსა ხარჭისა მის მეფისასა, რამეთუ ჯდა მარჯუენით მეფისა.

30. და აჰჴადა შარავანდი თავსა მაგისსა და დაიდგა თავსა თჳსსა, და სცა ყურიმალსა მეფისასა.

31. და ამისთჳს გული არა განუწყრა მეფესა, არამედ პირი აიმტკმო და შეხედვიდა მას, და თუ იცინინ, იგიცა მის თანა იცინინ და, თუ მწუხარე არნ, მეფე ექენებინ ვიდრემდის განმხიარულდა იგი.

32. აწ, ჵ კაცნო, ვითარ არა ძლიერ არიან დედანი, რომელნი ამას ყოველსა იქმან?

33. და მას ჟამსა მეფე იგი და დიდ-დიდნი, რომელნი მის თანა იყუნეს, იწყეს ხედვად კაცმან მოყუსისა მიმართ თჳსისა. და იწყო სიტყუად ზორობაბელ ჭეშმარიტისათჳს და თქუა:

34. ჵ კაცნო, არამე ძლიერ არიან დედანი? დიდ არს ქუეყანა, მაღალ არიან ცანი, მალედ რბის მზისთვალი, რამეთუ აქუს მას სრბა კამარისმსგავსსა მას კარავსა ცისასა და მერმე მეყსეულად განფრინდის, და მიიწიის ადგილსა თჳსსა ერთსა დღესა.

35. ანუ არამე დიდ არს იგი, რომელმან ესე ყოველი შექმნა? ნანდვილვე ჭეშმარიტებაჲ დიდ არს და ძლიერ უფროს ყოველსა.

36. და ყოველი ქუეყანა შეევედრების ჭეშმარიტებასა, და ცანი აკურთხევენ ჭეშმარიტებასა, და ყოველნი საქმენი იძრვიან და ძრწიან მის წინაშე და არა არს ჭეშმარიტებასა თანა სიცრუე არცა ერთ.

37. უწესო არს ღჳნო, უწესო არს მეფე, უწესო არიან დედანი, უწესო არიან ყოველნი ძენი კაცთანი, უწესო არიან ყოველნი საქმენი მათნი, და არა არს მათ თანა ჭეშმარიტება და უწესოებით წარწყმდიან.

38. ხოლო ჭეშმარიტება დგას და ჰგიეს და ძლიერ არს უკუნისამდე და ცხოველ არს და უპყრიეს ჴელმწიფობა მისი უკუნითი უკუნისამდე.

39. და არა არს მის თანა თუალთ-ხუმა და არა სადა იცვალების, არამედ იქმს სიმართლესა, განშორებულ არს მისგან უსჯულოება და უკეთურება და ყოველნი საქმენი ჭეშმარიტებისანი სათნო არიან ყოვლითავე.

40. და არა იპოების სასჯელისა მისისა სიცრუე, რამეთუ ჭეშმარიტება არს ძლიერებაჲ მეფეთა და ჴელმწიფება და სიმდიდრე და არს კურთხეულ უფალი ღმერთი ჭეშმარიტებისა.

41. ესე თქუა და დადუმნა სიტყჳსაგან და ყოველმან კრებულმან მას ჟამსა ჴელითა დიდითა ღაღად-ყვეს და თქვეს: დიდ არს ჭეშმარიტება, მძლე არს და ძლიერ.

42. მას ჟამსა მეფემან ჰრქვა: ითხოვე, რაცა გნებავს და მიგცე შენ უფროს დაწერილისა მაგის, რამეთუ იპოვე ბრძენი უფროს ყოვლისა და შემდგომსა საყდარსა ჩემსა დასჯდე, ნათესავად ჩემდა სახელ-გედვას.

43. მაშინ ჰრქუა ზურობაბელ მეფესა: მოიჴსენე აღთქმა იგი, რომელ აღუთქუ აღშენებისათჳს იერუსალჱმისა დღესა მას, რომელსა მოიღე შარავანდობა ეგე შენი და სთქუ,

44. ვითარმედ: ყოველი ჭურჭელი და სამსახურებელი იერუსალჱმისა მუნვე მივაქციო, რომელი-იგი განაშორა და გამოარჩია კჳროს, რაჟამს დასცა ბაბილოვანი და აღუთქვა მან სამსახურებელი იგი უფლისა კუალად-გებად.

45. ეგრეცა შენ, მეფე, აღუთქუ აღშენებად ტაძრისა მის უფლისა, რომელი-იგი მოიცვეს ედომელთა, რაჟამს უდაბნო-ყვეს ჰურიასტანი ქალდეველთა.

46. და აწ გევედრები შენ, უფალო ჩემო მეფე, და ვითხოვ შენგან, რათა ესე დიდი ნიჭი მომმადლო მე და ამისთჳს გევედრები შენ, აღასრულე აღთქმა ეგე, რომელ აღუთქუ მეფესა მას ცისასა და ყავ ეგრესახედ, ვითარცა აღმოჴდა პირისა შენისაგან.

47. მას ჟამსა აღდგა დარეჰ მეფე და ამბორს-უყო ზორაბაბელს და დაუწერა მას წიგნები ყოველთა მიმართ სოფლისმპყრობელთა და მფლობელთა და ერისთავთა და უფლებასა, რათა წარგზავნონ იგი, რომელნი მის თანა იყუნეს მისლვად და აღშენებად იერუსალჱმისა.

48. და ყოველთა მფლობელთა ასურასტანით კერძო და ფინიკიანთ, რომელნი არიან ლიბანით კერძო, მიწერა მათა წიგნი, რათა გარდმოიღონ ნაძჳსძელი ლიბანით იერუსალჱმდ და აღაშენონ ზორაბაბელითურთ ქალაქი იგი.

49. და მიწერა ყოველთა მიმართ ჰურიათა, რომელნი-იგი განსრულ იყუნეს მეუფებასა მისსა და განათავისუფლნა იგინი ხარკისაგან და ჰრქუა ყოველთა მათ ძლიერთა და უფლებასა და მფლობელთა და სოფლისმპყრობელთა: ნუმცა ვინ ხარკისათჳს მიადგების კართა მათთა.

50. და ყოველი ადგილი, რაოდენიცა უპყრიეს უხარკოდ, თავისუფალმცა არს და ყოველთა იდუმელთა უკუნსცედ სოფლები და ადგილები, რომელ ეპყრა ურიათა.

51. აღსაშენებელად ტაძრისა მისთჳს მისცედ სამეუფოთა წელიწადსა ოცი ტალანტი, ვიდრემდის აღაშენონ ტაძარი იგი.

52. და საკურთხევლისათჳს საკვერთხელთასა მისცენ ყოველთა დღეთა, ვითარცა წერილ არს შჯულსა შჳდეული და ათეული დაუბრკოლებელად შეწირვად და სხუაცა ათი ტალანტი წელიწადსა.

53. და ყოველნი, რომელნი აღვიდენ იერუსალჱმად, აღაშენონ ქალაქი იგი და არიანმცა თავისუფალ და უხარკო თჳთ და ნათესავნი მათნი და ყოველნი მღდელნი.

54. და უბრძანა დაწერად და მიცემად ყოველი საღვაწი და კვართები მღდელთა მათ, რომელნი აღასრულებდეს მსახურებასა მას უფლისასა.

55. და ლევიტელთა მათ დაუწერა როჭიკი მიმუნდღედმდე, ვიდრემდის აღასრულონ ტაძარი იგი უფლისა და იერუსალჱმი აღაშენონ.

56. ყოველთა, რომელნი სცვიდეს ქალაქსა მას, მიწერა მიცემად მათა სამკჳდრებელი ქუეყანისა მის და როჭიკი მათი.

57. და წარუძღუანა ყოველი იგი ჭურჭელი სამსახურებელი ტაძრისა მის, რომელი-იგი გამოიღო კჳროზ ბაბილოვნით და ყოველი, რაცა თქუა კჳროზ, დარეჰ იგი აღასრულა და მიუძღვანა ყოველი იგი სამსახურებელი უფლისა.

58. და რაჟამს გარეგამოვიდა მეფისა მისგან ზურობაბელ, აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად იერუსალჱმდ კერძო და აკურთხა უფალი მეუფე ცისა.

59. და თქვა: შენ მიერ არს სიბრძნე და შენ მიერ არს ძლიერებაჲ და შენდა შვენის დიდებაჲ და მე მონა შენი ვარ.

60. და გაკურთხებ შენ, რომელმან მე მომეც სიბრძნე და გმადლობ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

61. და მოიღო წიგნები იგი და წარვიდა და მოვიდა და შევიდა ბაბილოვნად და მიუთხრნა ყოველნი ძმათა თჳსთა.

62. და აკურთხევდეს ღმერთსა მამათა თჳსთასა, რამეთუ მომადლა მათ ფართოება და განტევება მათთჳს,

63. რათა მივიდენ და აღაშენონ იერუსალჱმი და ტაძარი იგი უფლისა, რომელსა ეწოდა სახელი მისი მის ზედა. და ყვეს სიხარული დიდი ყოვლით მენოაგითურთ შჳდ დღე.

5

1. და შემდგომად ამის ყოვლისა გამოარჩინეს ნახაპეტნი და წინამძღვარნი სახლთა ნათესავთა აღსლვად იერუსალჱმდ ცოლებით და ძეებით და ასულებით, მონებით და ყოვლით ჭურჭლებითა და საგებლითურთ მათით.

2. და დარეჰ მისცა მათ თანა ცხენები ათას, ვიდრემდე მივიდენ და მიიწივნენ იერუსალჱმდ მშჳდობით მენოაგითურთ, ბობღნითა და ნესტჳთა,

3. პარითა და როკვითა, და ყოვლითა სიხარულითა განუტევნა იგინი იერუსალჱმდ.

4. და ესე სახელები არს კაცთა მათ, რომელნი აღვიდეს იერუსალჱმდ მსგავსად სახელებისა მამათა თჳსთასა ნათესავისაებრ ტომთა თჳსთა.

5. მღდელთა მათგანნი იყუნეს ძენი ფინეზისანი, ძისა ჰარონისნი: ისუ, იოსედეკეან და იოაკიმ, რომელ იყო ზორაბაბელ სალათიელენი, თესლისა მისგან დავითის, ტომისაგან ფარეზის, ნათესავისა მისგან იუდასი,

6. რომელიცა იტყოდა წინაშე დარეჰ მეფისა სიტყუათა მათ სიბრძნისათა მეორესა წელსა სუფევისა მისისასა თთვესა მას ნისანსა თთვესა მას პირველსა.

7. და იყუნეს ესე ყოველნი ურიანი, რომელ განეტევნეს ტყუეობისაგან და აღვიდეს იერუსალჱმად, რომელნი წარტყუენილ იყუნეს ნაბუქოდონოსორისგან, მეფისა ბაბილოენთასა, და აღვიდეს იერუსალჱმდ.

8. და დაემკჳდრნეს ურიასტანსა თჳთეულად ქალაქსა თჳსსა და იყუნეს წინამძღუარნი მათნი ზორაბაბელ და ისუ, იოსედეკეანი. და იყუნეს ნათესავისა მისგან მღდელთასა: ნეემი, სარიელ, ერესე, ანანია, მურთქე, ბელესარ, ასფარას, ბოროველ, ჰორომ ბანა.

9. და ესე არს რიცხჳ ნახაპეტთა და ნათესავთა მათ და მთავართა მათთა: ძენი ფარეზისნი ორ ათას ასსამეოცდათორმეტ, ძენი საფატისნი: ოთხასსამეოცდათორმეტნი.

10. ძენი ასერისანი: შჳდასსამეოცდაექუსი,

11. ძენი ლეფთალემისანი, მოაბელისანი და ძეთა იუსთა და ჰროაბისთა ორ ათას რვაასდაათორმეტ,

12. ძენი ელამისნი: ორ ათას ორასერგასისდაოთხ, ძენი ზატუნისნი: ცხრაასორმეოცდახუთ, ძენი ქორბასნი: შჳდას ერგასის, ძენი ბენიასნი: ექუსასორმეოცდარვა,

13. ძენი ბერიასნი: ექუსასოცდასამ, ძენი არგესნი: სამ ათას სამასოცდაორ,

14. ძენი ადომიკიმისნი: ექუსასსამეოცდაათჩჳდმეტ, ძენი ბოსორესნი: ორ ათას ექუსასდაექუს, ძენი ადინასნი: ოთხასერგასისდაოთხ,

15. ძენი აზერ ეზეკიასნი: ოთხმეოცდაათორმეტ, ძენი ელანისნი: სამეოცდაშჳდ, ძენი აზარიასნი: ოთხასოცდაათორმეტ,

16. ძენი დედალისნი: ექუსასოცდაათორმეტ, ძენი ანანიასნი: ასდაოც, ძენი არომისნი: სამასოცდასამ,

17. ძენი არსიფურისნი: ასდაათორმეტ, ძენი ბეტერიასნი: სამ ათას ოთხმეოცდაათხუთმეტ, ძენი ბეთლომასნი: ასოცდასამ,

18. ძენი ნატობობისანი: ერგასისდახუთი, ნატთასგან: ასერგასისდარვა, ბეთსამონისგან: ორმეოცდაორ,

19. ძენი კარიათორიმისნი: ოცდახუთ, ქაფირისგან და თერონისგან: შჳდასორმეოცდარვა, ქადიასგან და ამიდასგან: ოთხასოცდაორ,

20. კეიმარისგან და კაბესისგან: ექუსასოცდაერთ, მიაკალონისგან: ასოცდაორ,

21. ბეტოლამისაგან: ერგასისდაორ, ძენი ნიფისისნი: ასერგასისდაექუს,

22. ძენი კაილამოლასნი და ორნიასნი: შჳდასოცდახუთ.

23. ძენი ერექეასნი: სამასორმეოცდახუთ, ძენი სენასნი: სამ ათას სამას ოცდაათერთმეტ და ძენი მღდელთანი,

24. ძენი ედტუასნი, ძისა იოსიასნი: ცხრაასოცდათორმეტ, ძენი ემმერასნი: ათასერგასისდაორ,

25. ძენი ფასურისნი: ათასორასორმეოცდაშჳდ, ძენი ქარმისნი: ათასდაჩჳდმეტ,

26. ხოლო ლევიტელთა ძენი ისუსნი ერთ და კუდუელისნი და ბანეასნი და სუდუასნი სამეოცდაათოთხმეტ.

27. ძენი და ასულნი და ცოლნი და ყოველნი რიცხუნი მათნი - ორმოცი ათას ორასორმოცდაორ.

28. და რომელნი იყუნეს ნათესავისა მისგან მღდელთასა, მგალობელნი ძენი ასაფისნი ასორმეოცდარვა.

29. და მეკარენი იგი ძენი სალამესნი, ძენი ატერარასნი, ძენი ტოლმანისნი, ძენი დაკაუბეასნი, ძენი ატეტასნი, ძენი საბეასნი და ყოველნი ესე ასოცდაცხრამეტ.

30. და მონანი იგი მღდელთანი: ძენი ასაფასნი, ძენი ტაბალასნი, ძენი კერრასნი, ძენი სივიასნი, ძენი ფალეასნი, ძენი ლაბილისნი, ძენი აგებასნი, ძენი აკუდისნი, ძენი უტოსნი, ძენი კედაბისნი, ძენი აგაბისნი, ძენი სობომისნი, ძენი ასტანისნი, ძენი კათუვათასნი, ძენი გედდუსნი

31. ძენი აბუისნი, ძენი გესანისნი, ძენი მისანისნი, ძენი ასაბისნი, ძენი გაზერისნი, ძენი აოზიასნი, ძენი ფანესნი, ძენი ასსონისნი, ძენი ბარიასნი, ძენი ასანისნი, ძენი მაანისნი, ძენი ნაფისნი, ძენი აკუმისნი, ძენი აქაფისნი, ძენი ასურისნი, ძენი ფარაკისნი, ძენი ბასალთისნი

32. ძენი დედანისნი, ძენი კუუთისნი, ძენი ქარესისნი, ძენი ბარქუსისნი, ძენი სისარასნი, ძენი თომასნი, ძენი ნასასნი, ძენი ქატეფისნი.

33. ძენი მონათა მათ სოლომონისთა: ძენი საფიოპისნი, ძენი ფარედისნი, ძენი იელელისნი, ძენი ლოდონისნი, ძენი სალიასნი, ძენი საფუვანისნი,

34. ძენი აგიასნი, ძენი ფაქერისნი, ძენი საბიასნი, ძენი სარუთისნი, ძენი მასესნი, ძენი გასესნი, ძენი არდუასნი, ძენი სუბასნი, ძენი აფოფერისნი, ძენი ბარუდისნი, ძენი ასაფატისნი, ძენი ალონისნი.

35. ყოველნივე მონანი მღდელთანი და მონანი სოლომონისნი ოთხასსამეოცდაათორმეტ.

36. ესენი იყუნეს, რომელნი გამოსრულ იყუნეს ბაბილონით და თელმალეთ და თელეასიას, მთავარნი მათნი და ქართალან და ალლარ.

37. და სხუასა ვერავინ შეუძლო აღრაცხვად: ვერცა მამათა, ვერცა ნათესავთა, რომელნი იყუნეს ისრაჱლისაგან: ძენი გალანისნი, ძენი ტუაებენასნი, ძენი ნეკედონისნი, - ექუსასერგასისდაორ.

38. მღდელთა მათგანნი, რომელნი ჰმსახურებდეს მღდელობასა, არა იპოვნეს ძენი ნობოდიასნი, ძენი აკობისნი, ძენი კოგუსასნი, რომელთა ისხნეს ცოლნი ასულთა მათგან ბელზელისთა.

39. და სახელ-ედვა მათ სახელად და ეძიებდეს მათ და არა პოვნეს წიგნთა ნათესავთა რიცხუსა ადგილსა განაწილებულსა. და ვითარცა არა იპოვნეს იგინი, რიცხუსა ნათესავთასა, განაშორნეს იგინი და არა მიეახლნეს მღდელობასა.

40. და ჰრქუეს მათ ნეემი და ატარი: ნუ მიეახლებით სიწმიდესა მას, ვიდრემდის აღდგეს მღდელთმოძღუარი, რომელსა შთაეცვას განცხადებულება და ჭეშმარიტება.

41. და იყო ყოველი ისრაჱლი ათორმეტ წლისაგან მიმართ გარნა მონათა და მჴევალთა ოთხ ბევრ სამ ათას სამასსამეოც.

42. მონანი და მჴევალნი მათნი - შჳდ ათას სამასოცდაათჩჳდმეტ. მგალობელნი და მსახურნი - ორასორმეოცდახუთ.

43. აქლემები - ოთხასოცდაათხუთმეტ და ცხენები - შჳდ ათას ორმეოც და ჯორები - ორასი ათას ორმეოცდახუთ და ვირები - ხუთ ათას ხუთასოცდახუთ.

44. და მამათმთავარნი მსგავსად მამათმთავართა მათთასა მოვიდეს და შევიდეს ადგილსა მას ტაძრისა ღმრთისასა, რომელი იყო იერუსალჱმს, და აღუთქუეს აღთქმა, რათა აღემართოს ტაძარი იგი ადგილსავე თჳსსა, და წესისაებრ თჳსისა

45. დასდებდეს საფასესა ტაძრისა მისთჳს შესაწევნელად საქმარისა მისთჳს, ოქრო - ათას ქანქარ, ვეცხლი - ხუთ ათას ქანქარი, და კვართები სამღვდელო - ას.

46. და დაემკჳდრნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი, და ერი იგი იერუსალჱმს და ადგილთა მისთა, და მგალობელნი იგი და მსახურნი, მეკარენი იგი და ყოველი ისრაჱლი დაბნებსა და აგარაკებსა თჳსსა.

47. და აღდგეს მეშჳდესა მას თთჳსა და ყოველნი იგი ძენი ისრაჱლისანი თჳთეულად ადგილთაგან თჳსთა, და შეკრბეს ერთბამად ფართოსა ადგილსა, ბჭესა მას პირველსა, მზისა აღმოსავლით კერძო.

48. და განეწყუნეს ისო სედეკიან და ძმანი მისნი და ყოველნი იგი სიმრავლე მღდელთა მათ და ზორაბაბელ სალათელეანი და ძმანი მისნი და განმზადეს საკურთხეველი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, რათამცა

49. შეწირეს მას ზედა საკურთხეველსა საკუერთხი, ვითარცა წერილ არს წიგნსა მას მოსესსა, კაცისა მის ღმრთისა.

50. და შეკრბეს იგინი და განეშორნეს სხუათა მათ წარმართთაგან მის ქუეყანისათა და აღმართეს საკურთხეველი შესაწირავთა ადგილსა თჳსსა, დაღათუ იყუნეს მათა მტერ წარმართნი იგი, არამედ შემწევე ეყოფვოდეს მათ ყოველნი იგი ნათესავნი მის ქუეყანისანი, და მოართუმიდეს ძღუენსა შესაწირავსა საკურთხეველად უფლისა ჟამად და ჟამად, განთიად და მწუხრ

51. და ყვეს დღესასწაული იგი ტალავრობისა, ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესასა, და შესწირვიდეს მსხუერპლსა მიერ დღე, ვითარცა ბრძანებულ იყო.

52. და ამისა შემდგომად შესწირვიდეს საკვერთხთა მათ ჟამად და ჟამად, შაბათთა, და თთვისთავთა და ყოველთა მათ წმიდათა დღესასწაულთა განაწესებდეს და აღასრულებდეს.

53. და რომელსა-იგი ერთვე აღუთქმიდეს აღთქუმასა ღმერთსა, თთჳსა თავისაგან მეშჳდესა თთჳსათა იწყეს შეწირვად საკუერთხთა უფლისა ღმრთისა და ტაძარი იგი უფლისა ღმრთისა არღა აღშენებულ იყო.

54. და მისცეს სასყიდელი გალატოზთა და ხუროთა და საზრდელნი მათნი,

55. და ეგრეთვე სიდონელთა და ტჳრელთა, რათა გარდამოიღონ მათ ძელი ნაძჳსა ლიბანით. და მოიღეს ნავითა ნავთა სადგურთა მათ იოპეტისათა, ვითარცა უბრძანა და განუწესა მათ წინაწარ კჳროს, მეფემან სპარსთამან,

56. წელსა მას მეორესა აღსლვისა თჳსისა იერუსალჱმდ, თთვესა მას მეორესა, იწყეს შენებად ტაძრისა მის ზორობაბელ სალათიელისამან და ისუ იოსედეკეანმან და ძმათა მათთა, და მღდელთმოძღუართა მათ და ლევიტელთა, და ყოველნივე რომელნი გამოსულ იყუნეს ტყუეობისა მისგან იერუსალჱმდ

57. და დადვეს საფუძველი სახლისა მის უფლისა ღმრთისათჳს თავსა მას მეორისა თჳსასა, მეორესა წელსა აღსლვისა მათისასა ჰურიასტანად და იერუსალჱმდ.

58. და განაწესნეს ლევიტელნი იგი ოც წლითგანნი და მიმართნი საქმესა მას მსახურებისა უფლისასა და განიწესნეს ისუ და ძენი და ძმანი მისნი (და კადმიელ, ძმა მისი, და ძენი ლუმისნი: ბაბუნ, და ძენი იოვიდასნი და ელეადეანისნი) ძმათა თჳსთა თანა. და ყოველნი იგი ლევიტელნი ერთბამად იქმოდეს საქმესა მას სახლისა უფლისასა. (და გალატოზთა მათ მაშენებელთა აღაშენეს სახლი იგი უფლისა)

59. და განეწესნეს მღდელთმოძღუარნი იგი, და ეცვა მათ ბჭალამდისინ იგი ნოვაგითა და ნესტჳთურთ და ლევიტელთა მათ, ძეთა ასაფისთა აქუნდეს წინწილანი.

60. და შეასხმიდეს, უგალობდეს და აკურთხევდეს ღმერთსა, ვითარცა განაწესა შესხმა ნოაგთა დავით, მეფემან ისრაჱლისამან.

61. და დიდითა ჴელითა აკურთხევდეს და ჰმადლობდეს უფალსა ღმერთსა. ქველისსაქმე ღმრთისა და დიდებულებაჲ უკუნისამდე არს ყოველსა ისრაჱლსა ზედა.

62. დიდითა ჴმითა ყოველი იგი ერი დაბერვიდა ნესტუებსა თჳსსა და ოხრიდეს ჴმითა დიდითა და აკურთხევდეს უფალსა, რომელმან აღმართა ტაძარი იგი თჳსი წმიდაჲ.

63. და მოვიდეს და შევიდეს მღდელთმოძღუარნი იგი და ლევიტელნი, რომელნი-იგი იყუნეს მთავარ და წინამძღუარნი მთავრობისა მისებრ მამათა თჳსთასა, რომელთა ეხილვა ტაძარი იგი უწინარეს ამისსა ბუნებისა,

64. დიდითა ჴმითა და ტირილითა და მრავლითა ნესტუებითა და სიხარულითა დიდითა,

65. რამეთუ არა ესმოდა სიმრავლესა მას ჴმაჲ იგი ნესტჳსა ჴმითა მით ტირილისა მისგან ერისასა, დაღაცათუ მრავალ იყუნეს, რომელნი ჰბერვიდეს ნესტუებსა მას. მიიწეოდა ჴმაჲ იგი შორიელთა ადგილთა.

66. და ესმა ჴმაჲ იგი მტერთა მათ ნათესავისა მის იუდასთა და ბენიამენისთა და მოვიდეს ხილვად და გულისხმის-ყოფად, ვითარმედ რამე არს ჴმაჲ იგი ნესტჳსა მის.

67. და გულისხმა-ყვეს, ვითარმედ გამოსრულნი იგი ბაბილონით ტყუეობისაგან აშენებენ ტაძარსა მას უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა.

68. და მოუჴდეს ზორაბაბელს და ისუს იოსედეკეანსა და სხუათა მათ მთავართა, მამათა მთავართა და ჰრქუეს მათ: ვაშენებდეთ ჩუენცა თქუენ თანა ტაძარსა უფლისასა,

69. ვითარცა თქუენ, ეგრეცა ჩუენ ვისმინოთ უფლისა ღმრთისა თქუენისა, რამეთუ ჩუენცა გუწადოდა გამოსლვა ეგე თქუენი მიერ დღითგან, ვინათგან წარგუტყუენვა სალმანასარ მეფემან ასურასტანისამან, და მოგვიყვანნა და დაგვამკჳდრნა ჩუენ აქა.

70. და ჰრქუეს მათ ზორაბაბელ და ისუ იოსედეკეანმან, სხუათა მათ მამათმთავართა ისრაჱლისათა: არა წეს არს ჩუენდა და თქუენდა შენებად სახლი უფლისა ღმრთისა ჩუენისა.

71. და ჩუენ ვაშენოთ ტაძარი უფლისა ღმრთისა, ვითარცა მიბრძანა კჳროს, მეფემან სპარსთამან.

72. რამეთუ ესე ნათესავნი იყუნეს, რომელნი ზიარ იყუნენ მტერთა მათ იუდასთა, რომელნი იგი აყენებდეს შენებად.

73. ჟამთა მათ კჳროს მეფისათა, რამეთუ უბრძანა მან შენება ტაძრისა მის ცხორებასა თჳსსა და შემდგომად სიკუდილისა მისისა. და აღაშენეს ათორმეტ წელ, ვიდრე მეორედ წლადმდე დარეჰისა.