1. ძე ათორმეტისა წლისა იყო მანასე დადგომასა მისსა მეფედ, ერგასისდაცხრა წელ მეფობდა იერუსალჱმსა. სახელი დედისა მისისა - ეფსიბა.
2. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა მსგავსად საძაგელებისა მის ნათესავთა მათ, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა მათ ისრაჱლისათა.
3. და აღაშენნა მაღალმან იგი, რომელ დაამჴუნა ეზეკია, მამამან მისმან, და აღაშენნა ბაგინნი იგი ბაალისნი და ქმნნა მაღნარნი იგი, ვითარსახედ ქმნა აქაბ, მეფემან ისრაჱლისამან, და თაყუანი-სცა ყოველთა ძალთა ცისათა, და მონებდა მათ.
4. და აღაშენა საკურთხეველი სახლსა მას უფლისასა, ვითარცა თქუა უფალმან: იერუსალჱმს დავიდგნე საყდარნი ჩემნი.
5. და უქმნნა სამსახურებელნი ყოველთა ძალთა ცისათა ყოველთა მათ ეზოთა სახლისა მის უფლისათა.
6. და გარეშეჴადნა შვილნი თჳსნი ცეცხლსა და იზმნიდა და ჰკითხვიდა, და ყუნა ულუკნი, და განამრავლნა მცნობელნი, და შესძინა ძჳრის-ყოფად წინაშე უფლისა და განსარისხებელად მისა.
7. და ქანდაკებულნი იგი მაღნართა მათ დადგნა სახლსა მას უფლისასა, რომლისა ჰრქუა უფალმან დავითს და სოლომონს, ძესა მისსა, ვითარმედ: სახლსა ამას და იერუსალჱმს, რომელი გამოვირჩიე ყოველთაგან ნათესავთა ისრაჱლისათა, დავდვა სახელი ჩემი უკუნისამდე.
8. და არა შევსძინო შერყევად ფერჴთა ისრაჱლისათა ქუეყანისა მისგან, რომელ მივეც მამათა მათთა, რათამცა ეკრძალნეს ყოფად ყოვლისავე, რაცა ვამცენ მათ მსგავსად ყოვლისა მის მცნებისა, რომელი ამცნო მოსე, მონამან ჩემმან.
9. და არა ისმინეს და საძაგელ იქმნა მანასე დიდად და აცთუნნა იგინი საქმედ ბოროტისა წინაშე უფლისა უფროს ყოველთა მათ ნათესავთა, რომელნი განრყუნნა უფალმან წინაშე პირსა ძეთა მათ ისრაჱლისათა.
10. და ეტყოდა უფალი ჴელითა მონათა თჳსთა წინაწარმეტყუელთაჲთა და თქუა:
11. ამისთჳს, რამეთუ ქმნა მანასე, მეფემან იუდასმან, საძაგელნი იგი და უკეთურებანი უმეტეს ამორეველისა მის წინაშე ჩემსა და შესცთა იუდა კერპებითა თჳსითა.
12. ამისთჳს, ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: აჰა, მე მოვავლინო ძჳრი ზედა იერუსალჱმსა და ზედა იუდასა, რათა ყოველთა რომელთა ესმეს, ოხრიდენ ორნივე ყურნი.
13. და მივაწიო ზედა იერუსალჱმსა მსგავსად საზომისა მის სამარიასა და მსგავსად სასწორისა სახლისა მის აქაბისა და მოვსპო იერუსალჱმი, ვითარცა ნიჟარი ერთი დათხეული ზედა პირსა თჳსსა.
14. და აღვჴოცო ნეშტი სამკჳდრებელისა ჩემისა და მივსცნე იგინი ჴელთა მტერთა თჳსთასა და იყუნენ წარსატაცებელ და იავარ ყოველთა მტერთა თჳსთა
15. ამისთჳს, რამეთუ ქმნეს ბოროტი წინაშე ჩემსა და განმარისხეს მე, რომლით დღითგან გამოვიყვანენ იგინი ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა მოდღენდელად დღედმდე.
16. და სისხლიცა უბრალო დასთხია მანასე დიდად ფრიად, ვიდრე აღივსო იერუსალჱმი კიდით კიდემდე. და ცოდვა იგი თჳსი, რომლითა აცთუნა იუდა საქმედ ბოროტისა წინაშე უფლისა
17. და ნეშტნი სიტყუათა მანასესთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, და ცოდვა მისი, რომელ ცოდა, არა, აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთასა?
18. დაიძინა მანასე მამათა თჳსთა თანა და დაეფლა მტილსა სახლისა თჳსისასა მტილსა ოზიასასა. და მეფობდა ამმონ, ძე მისი, მის წილ.
19. ძე ოცდაორის წლისა იყო ამმონ დადგომასა მისსა მეფედ და მეფობდა ათურამეტ წელ იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა - მესელომით, ასული არუასი, ტაბათით.
20. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ვითარცა ქმნა მამამან მისმან მანასე.
21. და ვიდოდა ყოველთა მათ გზათა, რომელთა ვიდოდა მამა მისი, და მსახურა კერპთა მათ, რომელთა მსახურებდა მამა მისი, და თაყუანი-სცა მათ.
22. დაუტევა უფალი ღმერთი მამათა თჳსთა და არა ვიდოდა გზასა უფლისასა.
23. და აღდგეს მონანი ამონის ზედა და მოკლეს მეფე იგი სახლსა თჳსსა.
24. და მოსწყჳდეს მკულელნი იგი ამონისნი ერმან მან და დაიდგინეს, ერმან მის ქუეყანისამან მეფედ იოსია, ძე მისი, მის წილ.
25. და ნეშტნი სიტყუათა ამონისთანი, რომელ ქმნა, არა, აჰა ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთა?
26. და დაიძინა ამმონ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა იგი საფლავსა თჳსსა მტილსა მას ოზიასასა. და მეფობდა იოსია, ძე მისი, მის წილ.
1. ძე რვა წლისა იყო იოსია დადგომასა მას მისსა მეფედ და ოცდაათერთმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისა - იედია, ასული იედიასი, ბასუროთით.
2. და ქმნა იოსია სამართალი წინაშე უფლისა და ვიდოდა ყოველთა გზათა დავითის მამისა თჳსისათა, და არა მიაქცია მარჯულ, არცა მარცხლ.
3. და იყო, წელსა მეთურამეტესა მეფობასა იოსიასასა, მეფისა იუდასასა, თვესა მეშჳდესა მიავლინა მეფემან საფან, ძე ესელისი, ძისა მესოლამისი, მწიგნობარი სახლისა მის უფლისა და ჰრქვა:
4. აღვედ შენ ქელკიასა, მღდელისა მის დიდისა, და გამოადნვეთ ვეცხლი იგი, რომელი შეწირა სახლსა უფლისასა, რომელი დაკრიბეს მცველთა მათ კარისათა ერისაგან.
5. და მიეცით ჴელთა მოქმედთა მათ საქმისა ზედამდგომელთა სახლისა უფლისათა. და მათ მისცეს, რომელნი-იგი იქმოდეს საქმესა მას სახლისა უფლისასა განსაძლიერებლად ბედეკისა სახლისა უფლისასა,
6. ხუროთა და მშენებელთა და ჴელოვანთა მოღებად ძელი და ქვა კეთილი გასამტკიცებელად სართულისა მის სახლისა უფლისა.
7. და არა ურაცხდეს ვეცხლსა მას, რომელსა-იგი მისცემდეს მათ, რამეთუ სარწმუნოებით იქმოდეს მას.
8. და ჰრქუა ქელკია, მღდელმან დიდმან, საფანს მწიგნობარსა: წიგნი სჯულისა ვპოე სახლსა შინა უფლისასა. და მოსცა ქელკია საფანს წიგნი იგი და აღმოიკითხა.
9. და შეართვა მეფესა იოსიას და მიუთხრა სიტყუაცა იგი და თქუა: გამოადვნეს მონათა შენთა ვეცხლი იგი, რაოდენ იპოვა სახლსა შინა უფლისასა და მისცეს იგი ჴელთა მოქმედთა მათ ზედამდგომელთა სახლსა უფლისათა.
10. და უთხრა სათან მწიგნობარმან მეფესა წიგნისა მისთჳს და თქუა: წიგნი მომცა მე ქელკია მღდელმან და აღმოიკითხა იგი წინაშე მეფისა.
11. და იყო, ვითარცა ესმა მეფესა სიტყუაჲ იგი მის წიგნისა შჯულისა, დაიპო სამოსელი თჳსი.
12. და უბრძანა მეფემან ქელკიას მღდელსა და აქიკამს, ძესა საფანისასა, და აქაბორს, ძესა მიქეასასა, და საფანს მწიგნობარსა და ასაიას, მონასა მეფისასა, და ჰრქუა:
13. მოვედით და გამოიძიეთ უფლისა ჩემთჳს და ერისა ჩემისათჳს და ყოვლისათჳს იუდასა სიტყჳსა ამისთჳს წიგნისა, რომელი იპოვა, რამეთუ დიდ არს რისხვა უფლისა აღგზებულ ჩუენ ზედა, რამეთუ არა ისმინნეს მამათა ჩუენთა სიტყუანი ამის წიგნისანი ყოფად ყოველთავე და წერილთა მათ შინა.
14. და წარვიდა ქელკია მღდელი და აქიკამ და საფან და აქაბორ და ასაია ოდან წინაწარმეტყუელისა, ცოლისა სელომისა, ძისა თეკუჱსისა, ძისა ასარასა, სამოსლისმმარხველისა და იგი მკჳდრ იყო იერუსალჱმს და მასენას შინა და უთხრეს მას ესე.
15. და მან ჰრქუა მათ: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: არქუთ კაცსა მას, რომელმან მოგავლინნა თქუენ ჩემდა:
16. ამას იტყჳს უფალი: აჰა, ესერა, მე მივავლინო ბოროტი ქალაქსა ამას ზედა და მკჳდრთა მას შინა ყოველნი სიტყუანი მის წიგნისანი, რომელ აღმოიკითხა მეფემან იუდასმან.
17. ამისთჳს, რამეთუ დამიტევეს მე და მსახურებდეს ღმერთთა უცხოთა, რათა განმარისხონ მე საქმითა ჴელთა მათთათა და აღტყდეს გულისწყრომა ჩემი ადგილსა ამას და არა დაშრტეს.
18. ხოლო მეფესა იუდასასა, რომელმან მოგავლინა თქუენ გამოძიებად უფლისა, ესრეთ არქუთ მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: სიტყუანი ეგე, რომელნი გესმეს, ეგენი არიან
19. ამისთჳს, რამეთუ მოლბა გული შენი და შეიკდიმე პირისაგან უფლისა, ვითარცა გესმეს სიტყუანი ესე, რაოდენსა ვიტყოდე ადგილისა ამისთჳს და მკჳდრთა მისთა, რათა იყოს განსარყუნელ და საწყევარ. და დაიპე სამოსელი შენი და სტიროდე წინაშე ჩემსა, და მეცა მესმა,-თქუა უფალმან,-
20. ამისთჳს, არა ეგრე, აჰა, ესერა, მე შეგძინო შენ მამათა შენთა და შეხჳდე საფლავად შენდა მშჳდობით და არა იხილონ თუალთა შენთა ყოველი ესე ბოროტი, რომელი მივავლინო ქალაქსა მას ზედა და მკჳდრთა მისთა.
1. და მიუთხრნეს სიტყუანი ესე მეფესა და წარავლინა მეფემან და შეკრიბნა ყოველნი მოხუცებულნი იუდასნი და იერუსალჱმისანი.
2. და აღვიდა მეფე ტაძრად უფლისა და ყოველნი კაცნი იუდასნი და ყოველნი მკჳდრნი იერუსალჱმისანი მის თანა და მღდელნი და წინაწარმეტყუელნი და ყოველი ერი მის თანა მცირითგან ვიდრე დიდამდე, და აღმოიკითხა წიგნი იგი სჯულისა ყურთა მიმართ ერისათა, ყოველნი სიტყუანი სახლსა შინა უფლისასა.
3. და აღდგა მეფე სუეტსა ზედა და დაუდვა მათ სჯული წიგნისა მისებრ სჯულისა, რომელ პოვა სახლსა უფლისასა წინაშე უფლისა, რათა ვიდოდიან იგინი გზასა უფლისასა და რათა იმარხვიდენ მცნებათა მისთა და სამართალთა მისთა და ბრძანებათა მისთა ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა მათითა ყოფად სიტყუათა მათ სჯულისათა, დაწერილსა წიგნსა შინა სჯულისასა, და დადგა ყოველი იგი ერი შჯულსა მას ზედა.
4. და ამცნო მეფემან ქელკიას, მღდელსა მას დიდსა, და მღდელთა მათ შემდგომთა და მცველთა მათ კრებისათა გამოღებად ტაძრისაგან უფლისა ყოველი ჭურჭერი, რომელი ექმნა ბაალისთჳს და მაღნართათჳს და ყოვლისა ერისა ცათასა, და მოიღეს იგი და დაწვეს გარეშე იერუსალჱმს, სადემოთს კედრონისასა, და წარიღეს მიწა მისი ბეთელად.
5. და დაწუნეს მღდელნი იგი, რომელ დაედგინეს მეფეთა იუდასთა მაკუმეველად მაღალთა მათ და ქალაქებსა იუდასთა და გარემო იერუსალჱმსა და უკმევდეს იგინი ბაალსა და მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა, ჴომთა და ყოველთა ერთა ცისათა.
6. და გამოიღეს სერტყები იგი ასეროთისა სახლისაგან უფლისა გარეშე იერუსალჱმს, ჴევსა მას კედრონისასა, და დაწვეს იგი მუნ და დააწულილნეს ვითარცა მიწა, და მიჰფინა საფლავსა ძეთა ერისათასა.
7. და დაარღჳა სახლი იგი კადესიმელთა, რომელი იყო სახლსა შინა უფლისასა, სადა-იგი დედანი უქსოვდეს სამოსელსა სერტყებსა.
8. და მოიყვანა ყოველი იგი ქურუმნი ქალაქთაგან იუდაჲსთა და შეიგინნეს ყოველნი მაღალნი, სადა-იგი უკმევდეს ქურუმნი გაბაჲთგან ვიდრე ბერსაბედმდე და დაარღჳა სახლი იგი მაღალთა წინაშე კართა ბჭისათა იოსეს მთავრისა მის ქალაქისასა, რომელი-იგი იყო მარცხენით შესლვასა ბჭეთა ქალაქისათა.
9. ხოლო არა აღვიდეს მღდელნი იგი მაღალთანი საკურთხეველსა უფლისასა იერუსალჱმს, ვიდრემდის არა ჭამეს მათ უცომო შორის ძმათა თჳსთა.
10. და შეაგინა თაფეთი ჴევსა მას ძეთა ენონისთა, რათა არა განჰყვანდეს კაცსა ძე თჳსი, გინა ასული თჳსი ცეცხლსა მელქომისთჳს.
11. და დაარღჳა ცხენები იგი, რომელი მისცეს მეფეთა იუდასთა მზისა შესავალსა მას სახლისა უფლისასა საფასისსაცავსა მას საჭურისისა მეფისასა, რომელი იყოს ფარურიმს და ეტლი იგი მზისა დაწვა ცეცხლითა.
12. და საკურთხეველები იგი, რაოდენი იყო ერდოებსა ზედა ქორებისასა, რაჲ ქმნნეს მეფეთა იუდასთა და საკურთხეველები, რომელ ქმნნა მანასე ორთა მათ ეზოთა სახლისა უფლისაჲთა, დაარღჳა იგი მეფემან და აღიღო იგი მიერ, და გარდმოიღო და შემუსრა იგი და დასთხია მიწა იგი მათი ჴევსა მას კედრონისასა.
13. და სახლი იგი წინაშე პირსა იერუსალჱმისასა მარჯუენით მთასა მას მოსოთისასა, რომელი აღაშენა სოლომონ მეფემან იერუსალჱემისამან ასტრატესათჳს საძაგელისა მის სიდონელთასა, და ქამოს მოსაწყინელსა მას მოაბელთასა და მელქომს მოსაწყინელისა ძეთა ამონისათა, და შეაგინა იგი მეფემან.
14. და მოჰკაფა სერტყები და აღავსო ადგილები მათი ძვლებითა კაცთათა.
15. და საკურთხეველიცა იგი მაღალი, რომელი იყო ბეთელს, რომელი-იგი ქმნა იორობოამ, ძემან ნაბატისამან, რომელმან აცოდვა ისრაჱლი და იგიცა საკურთხეველი მაღალი დაარღჳა და დამუსრა ქვანი მისნი და დააწულილნა, ვითარცა მტუერი და მოწუა სერტყები იგი.
16. და მიხედა და იხილა საფლავები იგი, რომელი იყო მთასა მას და მიავლინა და გამოიღო ძუალები იგი საფლავებისა მისგან, დაწვა იგი საკურთხეველსა მას ზედა და შეაბილწა იგი სიტყჳსაებრ უფლისა, რომელსა იტყოდა კაცი იგი ღმრთისა, რაჟამს-იგი დგა იორობოამ საკურთხეველსა ზედა დღესასწაულსა მას და მოიქცა იოსია და აღიხილნა თუალნი თჳსნი და იხილა საფლავი იგი კაცისა მის ღმრთისა, რომელ იტყოდა სიტყუათა ამათ,
17. და თქუა: რა არს საჰამანი ისი, რომელსა მე ვხედავ? და ჰრქუეს მას კაცთა მის ქალაქისათა: ეგე არს საფლავი კაცისა მის ღმრთისა, რომელი მოივლინა ქუეყანით იუდასით და იტყოდა ყოველთა ამათ სიტყუათა, რომელსა ჰყოფ აწ საკურთხეველსა მას ბეთელისასა.
18. და ჰრქუა: აცადეთ ეგე, ნუ ვინ შეარყევთ ძვალთა მისთა, და პოვეს ძვალნი მისნი ძვალთა თანა წინაწარმეტყუელსა მოსულისა სამარიით.
19. და ყოველი იგი სახლები მაღალთა, რომელი იყო ქალაქებსა მას სამარიას, რომელი ქმნნეს მეფეთა ისრაჱლისათა განსარისხებელად უფლისა, დაარღჳა იოსია, მეფემან ისრაჱლისამან, და უყო მათ ყოვლისა მისებრ საქმისა, ვითარცა-იგი ყო ბეთელს.
20. და დაკლნა ყოველნი იგი მღდელნი მაღალთანი, რომელნი იყუნეს მუნ საკურთხეველსა მათსა ზედა, და დაწუა ძუალები კაცებისა მათ ზედა და მიიქცა იერუსალჱმდ.
21. და უბრძანა მეფემან ყოველსა ერსა და ჰრქუა: ყავთ ზატიკი პასექისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა: წერილ არს წიგნსა ამას სჯულისასა.
22. და არა ყოფილ იყო ეგევითარი ზატიკი დღითგან მსაჯულთაჲთ, რომელნი სჯიდეს ისრაჱლსა და ყოველთა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა და მეფეთა იუდასთა,
23. არამედ, ვითარ-ესე მეათურამეტესა წელსა მეფობასა იოსიასასა იყო ზატიკი იგი უფლისა იერუსალჱმს.
24. და მუცლითმეზღაპრენი და მცნობელნი და თერაფინნი და ყოველი კერპები და ყოველი საძაგელები, რომელი იყო ქუეყანასა იუდასასა და იერუსალჱმს, და აღიღო მეფემან იოსია, რათა დაამტკიცნეს სიტყუანი სჯულისა წერილისა წიგნისანი, რომელი-იგი პოვა ქელკია მღდელმან სახლსა შინა უფლისასა.
25. მსგავსი ამისი არავინ იყო მეფე უწინარეს მისა, ვითარ-ესე მოიქცა უფლისა ყოვლითა გულითა მისითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა სიმტკიცითა ყოვლისაებრ სჯულითა მოსესითა და მისა შემდგომად არა აღდგა მსგავსი მისი.
26. ხოლო არავე გარემიიქცა უფალი რისხვისაგან გულისწყრომისა მისისა დიდისა, რომელ განრისხებულ იყო იუდასა ზედა ყოველთა მათ ზედა განრისხებათა, რომელ განარისხა იგი მანასე.
27. და თქუა უფალმან: იუდაცა გან-ვე-ვიშორო პირისაგან ჩემისა, ვითარცა განვიშორე ისრაჱლი, და განვიშორო ქალაქი ესე, რომელი გამოვირჩიე, იერუსალჱმი, და სახლი ესე, რომლისა ვთქუ, ვითარმედ იყოს სახელი ჩემი მუნ.
28. და ნეშტნი სიტყუათა იოსიასთანი და ყოველი, რაოდენ ქმნა, არა, აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა იუდასთასა?
29. და დღეთა მათ აღმოვიდა ფარაო ნექაო, მეფე ეგჳპტისა, მეფისა მის ზედა ასურეთისასა მდინარესა ზედა ევფრატსა. და განვიდა იოსია მეფე შემთხუევად მისა. და მოკლა იგი ფარაო მაგედონს შინა შემთხუევასა მას მისსა.
30. და აღმოიღეს იგი მონათა თჳსთა მაგედონით იერუსალჱმად და დაფლეს იგი საფლავსა თჳსსა. და მოიყვანა ერმან მის ქვეყანისამან იოაქაზ, ძე მისი, და სცხეს მას და მეფე-ყვეს იგი იოსიას, მამისა მისისა წილ.
31. ძე ოცდასამისა წლისა იყო იოაქაზ მეფობასა მისსა და სამ თუე მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისა - ამიტალ, ასული იერემიასი, ლობნათ.
32. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ყვეს მამათა მისთა.
33. და გარდაადგინა იგი ფარაო ნექაო, მეფემან ეგჳპტისამან, და წარიყვანა იგი დებლათად ქუეყანად ემათისა, რათა არა მეფობდეს იგი იერუსალიმს და დასდვა ხარკი ქუეყანასა მას ასი ტალანტი ვეცხლისა და ათი ტალანტი ოქროსა.
34. და მეფედ დაადგინა ფარაო ნექაო მათ ზედა ელიაკიმ, ძე იოსიასი, მეფისა იუდასი, იოსიას წილ, მამისა მისისა, და დასდვა მას სახელი იოაკიმ, ხოლო იოაქაზ წარიყვანა და შეიყვანა ეგჳპტედ. და მოკუდა იგი მუნ.
35. და ვეცხლი იგი და ოქრო მისცა იოაკიმ ფარაოს. და მიერითგან მოხარკე იქმნა ქუეყანა იგი მიცემად ვეცხლისა პირსა ფარაოსა. კაცი ძალისაებრ თჳსისა მისცემდა ვეცხლსა და ოქროსა ერისათა მის ქუეყანისა მიცემად იგი ფარაო ნექაოს.
36. ძე ოცდახუთისა წლისა იყო იოაკიმ მეფობასა მისსა და თერთმეტ წელ მეფობდა იერუსალიმს. და სახელი დედისა მისისა ელდათ, ასული ეგდელისი, რუმათ.
37. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ყვეს მამათა მისთა.
1. და დღეთა მისთა ოდენ აღმოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილოვნისა, მას ქუეყანასა და იყო მისა იოაკიმ მონა სამ წელ და მოიქცა და შეურაცხ-ყო იგი.
2. და მოუვლინა უფალმან მას მტევებარნი ქალდეველთანი და მტევებარნი ასურთანი და მოაბელნი და ძენი ამონისნი და გამოავლინნა იგინი იუდასა ზედა წარწყმედად მისა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა მონათა მისთა წინაწარმეტყუელთაჲთა.
3. რამეთუ გულისწყრომა უფლისა იყო იუდასა ზედა განშორებად იგი პირისაგან მისისა ყოველთათჳს ცოდვათა მანასესთა, რაოდენი ქმნა.
4. სისხლთა მათთჳს უბრალოთა, რაჲ დასთხია და აღავსო იერუსალჱმი სისხლითა უბრალოთა, და არა ინება უფალმან ლხინებად მათა.
5. და ნეშტნი სიტყუათა იოაკიმისთანი და ყოველი, რაოდენი ქმნა, ანუ არა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა იუდასთასა? და დაიძინა იოაკიმ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა მტილსა მას ოზიასასა მამათა მისთა თანა.
6. და მეფობდა იოაკიმ, ძე მისი, მის წილ.
7. და არღარა შესძინა მერმე მეფემან ეგჳპტისამან გამოსლვად ქუეყანით მისით, რამეთუ დაიპყრა მეფემან ბაბილოვნისამან ჴევითგან ეგჳპტისათა ვიდრე მდინარედმდე ეფრატად ყოველი ქუეყანა, რაოდენი იყო მეფისა ეგჳპტისა.
8. ძე ათურამეტისა წლისა იყო იოაკიმ მეფობასა მისსა და სამ თუე მეფობდა იერუსალიმს და სახელი დედისა მისისა - ანეესთან, ასული ელემათესი, იერუსალიმით.
9. და ქმნა იოაკიმ ბოროტი წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, რაოდენი ქმნეს მამათა მისთა.
10. მას ჟამსა შინა აღმოვიდა ნაბოქოდონოსორ, მეფე ბაბილოვნისა, იერუსალიმად და იღუაწა ქალაქი იგი გარემოცვად.
11. და მოვიდა მეფე ბაბილოვნისა ქალაქად; მონანი იგი ნაბოქოდონოსორისნი გარემოადგეს მას.
12. და განვიდა იოაკიმ, მეფე იუდასი, მეფისა ბაბილოვნისა, იგი და დედა მისი და მთავარნი მისნი და მონანი მისნი და საჭურისნი მისნი. და განიყვანა იგი მეფემან ბაბილოვნისამან მერვესა წელსა მეფობისა მისისასა.
13. და გამოიღო მიერ ყოველი საფასე სახლისა უფლისა და საფასე სახლისა სამეფოსა და შემუსრა ყოველი ჭურჭელი ოქროსა, რომელი ექმნა სოლომონ მეფესა ისრაჱლისასა ტაძარსა უფლისა, ვითარცა იტყოდა უფალი.
14. და წარიყვანა ყოველი იერუსალიმი და ყოველნი მთავარნი და ყოველნი ძლიერნი ძალითა ტყუეობად ათი ათასი და ყოველი ხურო და ოქროსმჭედელი. და არა ვინ დაშთა, გარნა გლახაკნი ხოლო ერისა ქუეყანისანი.
15. და წარიყვანა მეფემან ბაბილოვანისამან იოაკიმ ბაბილონად და დედა მეფისა და ცოლნი მისნი და საჭურისნი მისნი და ძლიერნი ქუეყანისანი წარიყვანნა ტყუედ იერუსალიმით ბაბილონად.
16. და ყოველი კაცი შემძლებელი, კაცი ძლიერი, რომელნი ჰყოფდეს ბრძოლასა შჳდი ათასი, ხურო და მჭედელი ოქროსა და ანთრაკისა შთამსმელი - ათასი კაცი და ყოველი ძალი ძლიერითა და მოქმედი ბრძოლისა, წარიყვანნა იგინი მეფემან ბაბილოვნისამან ბაბილონად.
17. მეფედ დაადგინნა მეფემან ბაბილოვანისამან მეთთანია, მამისძმა მისი მის წილ. დასდვა მას სახელი სედეკია.
18. ძე ოცდაერთისა წლისა იყო სედეკია მეფობასა მისსა და თერთმეტ წელ მეფობდა იერუსალიმს. და სახელი დედისა მისისა ამიტალ, ასული იერემიასი, ლობნათ.
19. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა მსგავსად ყოვლისა მის, ვითარცა ქმნა იოაკიმ.
20. რამეთუ გულისწყრომა უფლისა იყო იერუსალიმსა ზედა და იუდასა ზედა, ვიდრე განსთხივნა იგინი პირისაგან მისისა და შეურაცხება ქმნა სედეკია მეფისა მიმართ ბაბილონისა.
1. და იყო, მეცხრესა წელსა მეფობასა მისსა თუესა მეოთხესა, ათსა მის თჳსასა, მოვიდა ნაბოქოდონოსორ, მეფე ბაბილოვანისა, და ყოველი ერი მისი იერუსალჱმად და გარემოადგა მას და აშენა მას ზედა ზღუდე გარემო.
2. და გარემოიცვა ქალაქი იგი შეყენებად ვიდრე ათერთმეტად წლადმდე სედეკ მეფისა.
3. მეცხრესა თვესა განძლიერდა სიყმილი ქალაქსა შინა და არა იყო პური ერისათჳს ქუეყანასა.
4. და განივლთა ქალაქი და განვიდა მეფე და ყოველნი კაცნი მბრძოლნი ღამე გზასა ბჭისა აღსავლისასა შორის ორთა მათ ზღუდეთა, რომელ არს მტილისა მის სამეუფოსა. და ქალდეველნი გარემოადგეს ქალაქსა და წარვიდეს გზასა მას არაბიათ აღმოსავლით.
5. და დევნა-უყო ერმან ქალდეველისამან უკანა მეფესა და ეწივნეს მას დასავლით იერიქოსა და ყოველი ერი მისი განიბნია მისგან.
6. და შეიპყრეს მეფე მარტო და მიიყვანეს იგი მეფისა ბაბილოვანისა დებლათად და ეტყოდა მეფე სასჯელით.
7. და ძენი სედეკიასნი მოსრნა წინაშე მისა და თუალნი სედეკიასნი აღმოჰჴადნა და შეკრა იგი ბორკილითა და წარიყვანა ბაბილონად.
8. და თუესა მას მეხუთესა, შჳდსა მის თჳსასა, ესე წელი იყო მეათცხრამეტე მეფობასა ნაბუქოდონოსორისა, მეფისა ბაბილოვანისა, მოვიდა ნაბუზარდან მზარაულთმთავარი წინაშემდგომელი მეფისა ბაბილონისა იერუსალჱმად.
9. და მოწვა ტაძარი უფლისა და სახლი მეფისა და ყოველი სახლები იერუსალჱმისა მოწვა ცეცხლითა.
10. და ზღუდე იგი იერუსალჱმისა გარემო დაარღჳა ყოველმან ერმან, რომელი იყო მზარაულთმთავრისა თანა.
11. და დაშთომილი იგი ერი ქალაქსა შინა და რომელნი მოადგეს მეფესა ბაბილოვნისასა და ნეშტი იგი ერი ტყუედ წარიყვანა ნაბუზარდან.
12. და გლახაკთაგანი ერისათა დაუტევა ნაბუზარდან მზარაულთმთავარმან ვენაჴისმოქმედად და ყანისმოქმედად.
13. და სუეტნი იგი რვალისანი, რომელ იყუნეს სახლისა უფლისანი და ხარისხნი მათნი და ემბაზი იგი რვალისა, რომელი დგა სახლსა უფლისასა, შემუსრეს ქალდეველთა და წარიღეს რვალი იგი ბაბილონად.
14. და სიავები იგი და ფუცხუები და ფიალები და ყოველი ჭურჭელი რვალისა, რომლითა-იგი მსახურებედ, წარიღეს.
15. და საცეცხურები და ფიალები ოქროსა წარიღო მზარეულთმთავარმან.
16. და სუეტთა მათ ორთა და ხარისხთა და ემბაზისა მის, რომელი ექმნა სოლომონს სახლსა შინა უფლისასა, რომელი წარიღო ნაბუზარდან, არა იყო რიცხჳ სასწორისა რვალისა მის და ყოვლისა ჭურჭელისა.
17. ათურამეტ წყრთა იყო სიმაღლე სუეტისა მის ერთისა და სუტისთავნი ორთა მათ სუეტთანი რვალისანი სამ-სამ წყრთა იყუნეს სიმაღლით თჳთო იგი სუეტისთავი და კანკელი და მროწეულები სუეტისთავთა მათ გარემო ყოველი რვალისა და მეორესა მას სუეტსა სუეტისთავი და კანკელი და მროწეულისსახედ ქმნული ისი.
18. და წარიყვანა მზარეულთმთავარმან არეა, მღდელი იგი მთავარი, და სოფონია, მღდელი იგი შემდგომი, და სამნი მცველნი ბჭეთანი.
19. და ქალაქისაგან წარიყვანა საჭურისი ერთი ზედამდგომელი კაცთა მათ მბრძოლთა და ხუთი კაცი წინაშემდგომელთაგანი მეფისათა, რომელნი იპოვნეს ქალაქსა შინა, და ერისთავი, მწიგნობარი იგი მთავრისა მის ერისა, რომელი განუყოფდა ერსა მის ქუეყანისასა და შვიდი კაცი ერისაგან ქუეყანისა, რომელნი იპოვნეს ქალაქსა შინა.
20. და წარიყვანნა იგინი ნაბუზარდან და მიიყვანნა მეფისა ბაბილონისა დებლათად.
21. და მოსწყჳდნა იგინი მეფემან ბაბილონისამან დებლათს ქუეყანასა ემათისასა და წარიტყუენა იუდა ქუეყანით თჳსით.
22. და ერსა მას ნეშტსა ზედა ქუეყანასა, რომელი დაუტევა ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილოვნისამან, დაადგინა მას ზედა გოდოლია, ძე აქიკამისი, ძისა საფანისი.
23. და ესმა ყოველთა მათ მთავართა ძლიერებისათა, რამეთუ დაადგინა მეფემან ბაბილონისამან გოდოლია მასეფათს და მოვიდა გოდოლია მასეფათად და ისმაელ, ძე ნათანისი და იონან, ძე საკარესი და სარეა, ძე თანეასი მიკტოფატელი და იეზონია, ძე მაქატითელისა, იგინი და კაცნი მათნი.
24. და ეფუცნეს გოდოლიასა თჳთ იგინი და კაცნი მათნი. და ჰრქუა მათ: ნუ გეშინინ ქალდეველთაგან, დასხედით ქუეყანასა მას და ჰმონებდით მეფესა ბაბილოვნელთასა და უკეთეს იყოს თქუენდა.
25. და იყო, თუესა მას მეშჳდესა მოვიდა ისმაელ, ძე ნათანისი, ძისა ელისამასი, ნათესავისაგან სამეუფოსა და ათი კაცი მის თანა. და სცეს გოდოლიას და მოკლეს იგი და ჰურიანი იგი და ქალდეველნი, რომელნი იყუნეს მის თანა მასეფათსა, მოსრნა.
26. და აღდგა ყოველი ერი მცირითგან ვიდრე დიდამდე და მთავარნი იგი ერისანი და შევიდეს ეგჳპტედ, რამეთუ ეშინოდა პირისაგან ქალდეველთასა.
27. და იყო მეოცდაჩჳდმეტესა წელსა წარტყუენვასა იოაკიმისასა, მეფისა იუდასასა, მეათორმეტესა თვესა, ოცდაშჳდსა მის თვისასა, აღამაღლა ევლათ, მაროდაქ მეფემან ბაბილოვანისამან, წელიწადსა მას მეფობისა მისისასა, თავი იოაკიმისი, მეფისა იუდასი, და გამოიყვანა იგი სახლისა მისგან საპყრობილისა თჳსისა.
28. და იტყოდა კეთილსა მის თანა, დადგა საყდარი მისი ზემო კერძო საყდართა მეფისათა, რომელნი იყუნეს მის თანა ბაბილონს.
29. და შეუცვალა სამოსელი პყრობილებისა მისისა და ჭამდა პურსა მარადის წინაშე მისა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მისისათა.
30. და როჭიკი მისი მარადის როჭიკად მიეცემოდა სახლისაგან სამეუფოსა ნაწილი დღისა დღესა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.