წინაწარმეტყველება ამბაკუმისი

1

1. მიღებაჲ, რომელი იხილა ამბაკუმ წინაწარმეტყუელმან.

2. ვიდრე რომლისამდე, უფალო, ვღაღადებდე და არა ისმენ, ვჴმობ შენდამი დაჭირვებული და არა მიჴსნი?

3. რაჲსათჳს მიჩუენენ მე ტკივილნი და შრომანი ზედადახედვად საარებისა და უთნოობისა და წინაშე ჩემსა იქმნა მსჯავრი და მსაჯული მიიღებს.

4. და ამისთჳს განქარვებულ არს შჯული. და არ მიიწევის სრულებად სამართალი, რამეთუ უთნო ჰმძლავრობს მართალსა. ამისთჳს გამოვალს მსჯავრი გულარძნილი.

5. იხილეთ შეურაცხისმყოფელნო და მოიხილეთ; დაიკჳრვენით საკჳრველნი და უჩინო იქმნენით მით, რამეთუ საქმესა ვიქმ მე დღეთა შინა თქუენთა, რომელი არა ირწმუნოთ, უკეთუ ვინ მიგითხრას თქუენ.

6. მით, რამეთუ, აჰა, აღვადგენ მე ქალდეველთა, ნათესავსა მწარესა და კისკასსა, მავალსა სიბრტყეთა ზედა ქუეყანისათა, დამკჳდრებად დასაკარვებელთა არამისთა

7. საშინელ და საჩინო არს. მისგან არს მსჯავრი მისი და მისაღებელი მისი მისგან მოვიდეს.

8. და ვლდებოდიან უფროს ვეფხისა ცხენნი მისნი და უმაღლეს უფროს მგელთა არაბიასათა. და ცხენოოდიან მჴედარნი მისნი; და მიიმართებდენ შორით და ფრინვიდენ, ვითარცა არწივი გულსმოდგინე ჭამად.

9. აღსასრული უღონოთა ზედა მოიწიოს, წინააღმდგომთა წინაშე პირთა მათ და შეკრიბოს ნატყუენავი, ვითარცა ქჳშაჲ.

10. და თჳთ მეფეთა შორის განიშუას და მძლავრნი სამღერელ მისსა. და იგი ყოველსა ზედა სიმაგრესა მისსა იმღეროდის. და დადვას მიწად და დაიპყრას იგი.

11. მაშინ გარდაცვალოს სული. და განვლოს და ულხინოს ესე ძალი ღმერთსა ჩემსა.

12. არა შენ დაწყებითგან უფალი ღმერთი წმიდაჲ ჩემი ხარ? და არა მოვკუდეთ! უფალო, მსჯავრად დააწესე იგი და დამბადე მე მხილებად სწავლისა მისისა.

13. წმიდა არს თუალი არა ხედვად ბოროტისა, და ზედ დახედვად ტკივილთა ზედა შეუძლოს არსადა. რად ზედ დაჰხედვა შეურაცხისმყოფელთა ზედა დაიდუმებ შთანთქმასა უთნოსაგან მართლისასა?

14. და ჰყოფ კაცთა, ვითარცა თევზთა ზღჳსათა, და ვითარცა ქუეწარმძრომელთა არ მქონებელთა წინამძღუარისათა?

15. მოსასრულებელად სამჭედურითა აღმოიტაცა და მოიზიდა იგი სათხევლითა და შეკრიბა იგი სათრომელთა მიერ მისთა. ამისთჳს იხარებდეს და იშუებდეს გული მისი.

16. ამისთჳს უგოს სათრომელსა თჳსსა და უკმიოს საკმელითა თჳსითა სათხეველსა მისსა, ოდეს მათ შორის განაპოხა ნაწილი მისი და ჭამადნი მისნი რჩეულნი.

17. ამისთჳს განჰმარტნეს სათხეველნი თჳსნი და მარადის მოკლვად ნათესავთა არა ერიდოს.

2

1. საჴმილავსა ჩემსა ზედა დავდგე. და აღვიდე კლდესა ზედა და განვისტუანო ხილვად, რაჲ ითქუას ჩემ შორს და რაჲ მიუგო მხილებასა ზედა ჩემსა.

2. და მომიგო ჩემდამო უფალმან და თქუა: დაწერე ხილვაჲ განცხადებულად ფიცარსა, რაჲთა სდევდეს აღმომკითხველი მათი

3. მით, რამეთუ ჯერეთ ხილვაჲ არს ჟამისადმე და აღმოჰჴდეს დასასრულადმე და არა ჟამიეად უკეთუ მოაკლდეს, დაუთმე მას, რამეთუ მომავალი მოვიდეს და არა ყოვნოს.

4. უკეთუ სწიწნეულობდეთ, არა სთნავს სულსა ჩემსა მის შორის, ხოლო მართალი ჩემი სარწმუნოებისაგან ცხონდეს.

5. ხოლო მართალი, სარწმუნოებითა ჩემითა ცხონდეს, თავისმოთნე იგი. და შეურაცხის-მყოფელმან მამაკაცმან ზეჰარმან ვერარაჲ სრულ-ყოს, რომელმან განავრცო, ვითარცა ჯოჯოხეთმან, სული თჳსი და ესრეთ, ვითარცა სიკუდილმან არ აღვსებულმან, და შეკრიბნეს მის ზედა ყოველნი ნათესავნი და შეიწყნარნეს მისდა მიმართ ყოველნი ერნი.

6. არა ესე ყოველნი იგავად მოიხუნენ ძჳნად მისსა. და მაგალითად მისათხრობელად მისსა და თქუან: ვაჲ, რომელი განუმრავლებდეს თავსა თჳსსა არა მისად მყოფთა ვიდრე რომლისამდე მე და დაამძიმებდეს საჴივსა თჳსსა ძნიადობით,

7. რამეთუ ანაზდა აღდგენ მკბენელნი მისნი და განიფრთხონ მძმაცუავთა შენთა და იყო დასატაცებელ მათდა.

8. მით, რამეთუ შენ ტყუე-ჰყუენ ნათესავნი მრავალნი, ტყუე-გყოფდენ შენ ყოველნი დაშთომილნი ერნი სისხლებისათჳს კაცთაჲსა და უთნოობისათჳს ქუეყანისა და ქალაქისა და ყოველთა დამკჳდრებულთა მისთა.

9. ჵ, რომელი ანგაარობდეს ანგარებასა ბოროტსა სახლთა თჳსთა დაწყებად სიმაღლისა შორის ბუდეთა თჳსთა დაფარვად ჴელისაგან უკეთურთასა.

10. მოუპოო სირცხჳლი სახლსა შენსა მოსრულებად ერთა მრავალთა და ცოდა სულმან შენმან

11. მით, რამეთუ კლდემან ზღუდით ჴმა-ყოს და მაჟაურმან ძელით გამო ჴმა-ყუნეს იგინი.

12. ვაჲ მაშენებელსა ქალაქისასა სისხლისა მიერ და განმზადებულსა ქალაქისასა უსამართლობათა მიერ.

13. არა ესე არიან უფლისა მიერ, ყოვლისა მპყრობელისა, და მოაკლდეს ერნი კმანი ცეცხლისა მიერ და ნათესავნი მრავალნი სულმოკლე იქმნეს,

14. რამეთუ აღივსო თავად ყოველი ქუეყანაჲ ცნობითა დიდებასა უფლისსა, ვითარცა წყალმან მრავალმა დაფარნეს იგინი ზღუად მიმართ.

15. ჵ, რომელი ასუმიდეს მოყვასსა თჳსსა აღთქუეფულსა, მრღჳესა და მათრობელსა, რამეთუ ზედა ჰხედავს ქუაბთა ზედა მათთა.

16. სავსებაჲ უპატივობისაჲ დიდებისაგან სუ. და შენ შეირყიე, რამეთუ მრგულევა ყო შენ ზედა სასუმელმან მარჯუენისა უფლისამან და შეკრბა უპატიოება დიდებასა ზედა შენსა.

17. მით, რამეთუ უთნოობამან ლიბანისმან დაგფაროს შენ და საარებამან მჴეცთამან წიწნეულ-გყოს სისხლთა მიერ კაცთაჲსა. და უთნოობათა ქუეყანისა და ქალაქისათა. და ყოველთა დამკჳდრებულთაჲსა მას შინა.

18. რად სარგებელ არს ქანდაკებული, რამეთუ ქანდაკეს იგი, შეჰმზადეს იგი გამონადნობი საოცრებად მტყუარად, რამეთუ ესვიდა შემქმნელი, შექმნულისა მიმართ თჳსისა შექმნად კერპნი ყრუნი.

19. ვაჲ, რომელმან ჰრქუას ძელსა: განიფრთხუე, აღდეგ. ქუასა ამაღლდი და იგი არს ოცნებაჲ, ხოლო ესე არს განჭედილი ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და ყოველივე სული არა არს მის შორის.

20. ხოლო უფალი ტაძარსა შინა წმიდასა მისსა. და შეკდემულ იქმენინ პირისაგან მისისა ყოველი ქუეყანა.

3

1. ლოცვაჲ ამბაკომ წინაწარმეტყუელისა გალობით:

2. უფალო, მესმა სასმენელი შენი და შემეშინა, უფალო, განვიცადენ საქმენი შენნი და განვჰკერთ საშუალ ორთა ცხოველთასა. იცნობე მოახლებისა შორის წელთაჲსა, გამოსცხადენ მუნ ყოფასა შორის ჟამისასა, აღმოიჩინე აღშფოთებასა შინა სულისა ჩემისასა, რისხვისა მიერ წყალობაჲ მოიჴსენო.

3. ღმერთი თემანით მოვიდეს და წმიდაჲ მთისაგან ჩრდილოჲსა მაღნარისაჲსა (განსუენება), დაფარნა ცანი სათნოებამან მისმან და ქებითა მისითა სავსე ქუეყანაჲ

4. და მთოვარე მისი ვითარცა ნათელი იყოს, რქანი ჴელთა შინა მისთა.

5. და დადვა შეყუარება მტკიცე ძალისა მისისა. წინაშე პირსა მისსა ვიდოდეს სიტყუა. და განვიდენ ველისა შორის ფერჴნი მისნი.

6. და დადგა და შეიძრა ქუეყანა, ზედ მიიხილა და დადნეს წარმართნი და დაიმუსრნეს მთანი იძულებითა, დადნეს ბორცუნი საუკუნენი მისნი.

7. შრომათა წილ ვიხილენ დაკარვებანი ეთიოპელთანი. შეძრწუნდენ დაკარვებანი ქუეყანისა მადიამისანი.

8. ნუ მდინარეთა ზედა განჰრისხნე, უფალო, ანუ მდინარეთა ზედა გულისწყრომაჲ შენი, ანუ ზღუასა ზედა მიმართება შენი, რამეთუ ზედა აჰჴედ ცხენთა ზედა შენთა და ცხენიანობაჲ შენი მაცხოვარება.

9. გარდამცუმელი გარდაუცუამ მშჳლდსა შენსა სკიპტრათა ზედა, - იტყჳს უფალი, - მდინარეთა განიპოს ქუეყანაჲ.

10. გიხილონ შენ და ელმოდის ერთა. განმაბნეველმან წყალთამან სლვად მისსა მოსცა უფსკრულმან ჴმაჲ მისი, სიმაღლე საოცრებისა მისისაჲ.

11. ამაღლდა მზე და მთოვარე დადგა წესსა ზედა მისსა. ნათლად სატყორცნი შენნი ვიდოდიან. ბრწყინვალებად ელვისა საჭურველი შენი.

12. ქადებისა მიერ შეამცირო ქუეყანაჲ და რისხვისა მიერ დააკუეთნე წარმართნი.

13. და გამოხუედ მაცხოვარებად ერისა შენისა. ცხოვნებად ცხებულთა შენთა მოხუედ. მიავლინე თავთამი უსჯულოთასა სიკუდილი, აღადგინენ საკრველნი ვიდრე ქედამდე სრულიად. (გ ა ნ ს ვ ე ნ ე ბ ა).

14. წარჰკუეთენ განკჳრვებისაგან თავნი ძლიერთანი, შეიმალნენ მას შინა, განახუნენ აღჳრნი მათნი, ვითარცა რომელი ჭამნ გლახაკი იდუმალ.

15. და ზედავლინენ ზღჳსა ჰუნენი შენნი, აღმძრველნი წყალთა მრავალთანი.

16. დავიცევ, და შეძრწუნდა გული ჩემი ჴმისაგან ლოცვისა ბაგეთა ჩემთასა. და შეედვა ძრწოლაჲ ძუალთა ჩემთა და ქუეშე კერძო ჩემსა შეშფოთნა ჴორცნი ჩემნი. განვისუენო მე დღესა შინა ჭირისა ჩემისასა აღსლვასა ჩემსა ერისადმი მსხემობისა ჩემისა

17. მით, რამეთუ ლეღუმან არ ინაყოფიეროს. და არა იყუნენ ნაშრომნი ვენაჴთა შორის. ცრუობდეს საქმე ზეთისხილისა და ველთა არა ყონ საჭმელი. მოაკლდეს საჭმლისაგან ცხოვარნი და არა იყუნენ ჴარნი, ზროხანი ბაგათა ზედა.

18. ხოლო მე უფლისა მიმართ ვიხარებდე და მხიარულ ვიყო ღმერთისა მიმართ მაცხოვარისა ჩემისა.

19. უფალი ღმერთი ჩემი ძალ ჩემდა. და დააწესნეს ფერჴნი ჩემნი დასასრულადმი და მაღალთა ზედა აღმიყუანა მე ძლევად ჩემდა გალობისა შორის მისისა.