წინასწარმეტყველება ბარუქისი

1

1. და ესე სიტყუანი წიგნისანი, რომელნი დაწერნა ბარუქ, ძემან ნირისმან, ძისა მაასესმან, ძისა სედეკიასმან, ძისა სადისმან, ძისა ქელკისმან, ბაბილონს შინა.

2. წელსა მეხუთესა, შჳდსა თჳსასა, ჟამსა, რომელსა წარიღეს ქალდეველთა იერუსალჱმი და მოწუეს იგი ცეცხლითა.

3. და წარიკითხნა ბარუქმან სიტყუანი წიგნისანი ყურთა მიმართ იექონიაჲსთა, ძისა იოაკიმისთა, მეფისა იუდაჲსთა, და ყურთა მიმართ ყოვლისა ერისათა, რომელნი მოვიდოდეს მის წიგნისა,

4. და ყურთა ძლიერთა და ძეთა მეფეთასა, და ყურთა მიმართ მოხუცებულთასა, და ყურთა მიმართ ყოვლისა ერისათა კნინითგან ვიდრე დიდადმდე მათდა, ყოველთა დამკჳდრებულთა ბაბილონს შინა, მდინარესა ზედა სუდსა.

5. და რომელთა ესმათ, ტიროდეს და იმარხვიდეს და ილოცვიდეს ლოცვათა წინაშე უფლისა.

6. და შეკრიბეს ვეცხლი, ვითარცა თჳთეულისაჲ შემძლებელ იყო ჴელი.

7. და წარგზავნეს იერუსალჱმდ იოაკიმის მიმართ, ძისა ქელკისსა, ძისა სალომისა, მღდელისა და მღდელთა მიმართ, და ყოვლისა ერისა მიმართ, პოვნილთა მათ თანა იერუსალჱმს შინა,

8. მოღებასა მისსა ჭურჭელთა სახლისა უფლისათა, გამოხმულთა ტაძრისაგან, მიქცევად ქუეყანად იუდაჲსასა მეათესა სიუაჲსასა ჭურჭელნი ვერცხლისანი, რომელნი შექმნნა სედეკია, ძემან იოსიასმან, მეფისა იუდაჲსამან.

9. შემდგომად წარტყუენვისა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილონისა, იექონიაჲსსა და მთავართა და შემწირველთა და ჴელოანთა და ძლიერთა და ერისა ქუეყანისაჲსა იერუსალჱმით და შეყვანებისა მათისა ბაბილონდ

10. და თქუეს: აჰა, წარმოვგზავნეთ თქუენდა ვეცხლი და იყიდენით ვერცხლითა ყოვლადდასაწუელნი და ცოდვათა ძლითნი და გუნდრუკი, და ყავთ მანანაჲ, და აღიღეთ საკურთხეველსა ზედა უფლისა ღმრთისა ჩვენისასა.

11. და ილოცეთ ცხორებისათჳს ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისა, და ცხორებისათჳს ვალტაშარ, ძისა მისისა, რაჲთა იყვნენ დღენი მათნი, ვითარცა დღენი ცისანი ქუეყანასა ზედა.

12. და გუცეს უფალმან ძალი ჩუენ, და განგჳნათლნეს თუალნი ჩუენნი, და ცოცხალ ვიყვნეთ აჩრდილსა ქუეშე ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისასა და აჩრდილთა ქუეშე ვალტასარ, ძისა მისისა. და ვჰმონოთ მათ დღეთა მრავალთა და ვპოოთ მადლი წინაშე მათსა.

13. და ილოცეთ ჩუენთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ შევსცოდეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა და არ უკუნიქცა გულისწყრომა უფლისაჲ და რისხვა მისი ჩვენგან, ვიდრე დღისამდე ამის.

14. და წარიკითხეთ წიგნი ესე, რომელი წარმოვგზავნეთ თქუენდა აღსარებად სახლსა შინა უფლისასა დღეთა შინა დღესასწაულისა და დღეთა შინა ჟამისათა.

15. და ჰრქუათ უფალსა ღმერთსა ჩუენსა სიმართლე, ხოლო ჩუენ სირცხჳლი პირთაჲ, ვითარცა დღესა ამას კაცსა იუდაჲსასა და მკჳდრთა იერუსალჱმისათა,

16. და მეფეთა ჩუენთა და მთავართა ჩუენთა, და მღდელთა ჩუენთა, და წინაწარმეტყუელთა ჩუენთა, და მამათა ჩუენთა წინაშე უფლისა,

17. რომელ ვცოდენით წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა, და არა ვირწმუნეთ და განვეშორენით მისგან.

18. და ვეურჩენით მას და არა ვისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა სლვად ბრძანებათა მისთა, რომელნი მოგუცნა წინაშე პირსა ჩუენსა.

19. დღითგან, რომელსა გამოიყვანნა უფალმან მამანი ჩუენნი, ქუეყანით ეგჳპტისა და ვიდრე დღისამდე ამის ვართ ურჩ უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, და ვმგულებლობდით არსმენისა მიმართ ჴმისა მისისა.

20. და აღგუეწებნეს ჩუენდამი ძჳრნი და წყევაჲ, რომელი შეუწყო უფალმან მოსეს, მონასა თჳსსა, დღესა შინა, რომელსა გამოიყვანნა უფალმან მამანი ჩუენნი ეგჳპტით, მოცემად ჩუენდა ქუეყანაჲ, მდინარი სძესა და თაფლსა, ვითარცა დღე ესე.

21. და არა ვისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა ყოველთაებრ სიტყუათა წინაწარმეტყუელთასა, რომელნი მოავლინნა ჩუენდამო.

22. და ვიდოდეთ თითოეული გაგონებისაებრ გულისა თჳსისა უკეთურისა საქმედ ღმერთთა უცხოთა, ქმნად ბოროტთა წინაშე თუალთა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა.

2

1. და დაამტკიცა უფალმან სიტყვაჲ მისი, რომელი თქუა ჩუენდამო და მსაჯულთა ზედა ჩვენთა, მსჯელთა ისრაილისათა, და მეფეთა ზედა ჩუენთა, და მთავართა ზედა ჩუენთა, და კაცსა ზედა ისრაჱლისა და იუდაჲსასა.

2. მოვლინებად ჩვენ ზედა ძჳრთა დიდთა, რომელნი არა იქმნეს ქვეშე კერძო ყოვლისა ცისა, ვითარნი ყვნა იერუსალჱმს შინა და წერილთაებრ შჯულსა შინა მოსესსა,

3. რაჲთა ვჭამოთ ჩუენ კაცმან ჴორცი ძისა თჳსისაჲ და კაცმან ჴორცი ასულისა თჳსისაჲ.

4. და მისცნა იგინი, ჴელისქუეშედნი, ყოველთა მეფობათა გარემოჲსთა ჩუენთა საყუედრელად და უვალად ყოველთა შორის ერთა გარემოჲსთა ჩუენთა, სადა განთესნა იგინი უფალმან, მუნ.

5. და ვიქმნენით ქუემო და არა ზემო, რამეთუ შევსცოდეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, არსმენითა ჴმისა მისისაჲთა.

6. უფალსა ღმერთსა ჩუენსა სიმართლე, ხოლო ჩუენ და მამათა ჩუენთა სირცხჳლი პირთა ჩუენთაჲ და ვითარცა დღესა ამას

7. მით, რამეთუ, რომელნი თქუნა უფალმან ჩუენ ზედა, ყოველნი ესე, ძჳრნი მოიწინეს ჩვენ ზედა.

8. და არ ვევედრენით პირსა უფლისასა მოქცევად კაცადი მოგონებათაგან გულისა თჳსისა ბოროტისათა.

9. და იღჳძა უფალმან ძჳრთა ზედა, რომელნი მოაწინა ჩვენ ზედა, რამეთუ მართალ არს უფალი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა, რომელნი გუამცნნა ჩვენ.

10. და არა ვისმინეთ ჴმისა მისისაჲ სლვად ბრძანებათა უფლისათა, რომელნი მომცნა ჩუენ წინაშე პირსა ჩუენსა.

11. და აწ, უფალო ღმერთო ისრაილისაო, ვითარცა გამოიყვანე ერი შენი ქუეყანისაგან ეგჳპტისა ჴელითა მტკიცითა, სასწაულებითა და ნიშებითა, და ძალისა მიერ დიდისა, და მკლავისა მიერ მაღლისა, და ჰყავ თავისა შენისა სახელად, ვითარცა დღე ესე.

12. ვცოდეთ, უთნო ვიქმნენით, ვიუსამართლოეთ, უფალო ღმერთო ჩუენო, ყოველთა ზედა სამართალთა შენთა.

13. გარემიიქეცინ გულისწყრომაჲ შენი ჩუენგან, რამეთუ დავშთით მცირედნი მრავალთაგან წარმართთა შორის, სადა განგუთესენ ჩუენ, მუნ.

14. შეისმინე, უფალო, ლოცვისა ჩუენისაჲ, და ვედრებისა ჩუენისაჲ და განგუარინენ ჩუენ შენთჳს, და მეც ჩუენ მადლი წინაშე პირსა მიმმძლავრებელთა ჩუენთასა,

15. რათა ცნას ყოველმან ქუეყანამან, ვითარმედ შენ ხარ უფალი ღმერთი ჩუენი, და ვითარმედ სახელი შენი ზედწოდებულ არს ისრაილსა ზედა და ნათესავსა ზედა მისსა.

16. უფალო, შთამოიხილე სახლისაგან წმიდისა შენისა და მომიგონენ, ყავ ჩუენდამო, მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე!

17. აღახუენ თვალნი შენნი და იხილე, რამეთუ არა მომკუდართა ჯოჯოხეთს შინათა, რომელთაჲ მიეღო სული მათი ნაწლევთაგან მათთა, მიგცენ შენ დიდებაჲ და სამართალნი, უფალსა,

18. არამედ სულმან შეწუხებულმან სიდიდესა ზედა, რომელ ვალს, სულმან დადრეკილმან და უძლურმან, და თვალთა მოკლებულთა, და სულმან მშიერმან მიგცენ შენ დიდებაჲ და სიმართლე.

19. უფალო, რამეთუ არა სამართალთა ზედა მამათა ჩუენთასა და მეფეთა ჩუენთასა ჩუენ დავსთხევთ წყალობასა ჩუენსა წინაშე პირსა შენსა, უფალო ღმერთო ჩუენო,

20. რამეთუ მოიღე რისხვაჲ შენი და გულისწყრომაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა სთქუ ჴელითა ყრმათა შენთა წინაწარმეტყუელთათა მეტყუელმან.

21. ესრეთ თქუა უფალმან: მოიდრიკენით ბეჭნი თქუენნი და უქმოდეთ მეფესა ბაბილონისასა, და დასხედით ქუეყანასა ზედა, რომელი მივეც მამათა თქუენთა.

22. და არა თუ ისმინოთ ჴმისა უფლისაჲ საქმედ მეფესა ბაბილონისასა, მოკლებულ-ვყო ქალაქთაგან იუდაჲსათა და გარეშე იერუსალიმისა

23. ჴმაჲ შუებისაჲ და ჴმაჲ მხიარულებისაჲ, ჴმაჲ სიძისა და ჴმაჲ სძლისაჲ, და იყოს ყოველი ქუეყანაჲ უვალად შორის დამკჳდრებულისაგან.

24. და არა ვისმინეთ ჴმისა შენისაჲ საქმედ მეფისა ბაბილონისასა. და დაამტკიცენ სიტყუანი შენნი, რომელნი სთქუენ ჴელებითა მონათა შენთა წინაწარმეტყუელთათა გამოხუმად ძუალნი მეფეთა ჩუენთანი და ძუალნი მამათა ჩუენთანი ადგილისაგან მათისა.

25. და, აჰა, არიან განბნეულ ნეფხუასა ღამისასა და სიცხესა დღისასა და მოკუდეს ტკივილთა შინა ბოროტთა სიყმილისა მიერ და მახჳლისა მიერ და განვლინებითა.

26. და დასდევ სახლი, სადა იწოდა სახელი შენი, მის შორის უდაბნოდ, ვითარცა დღესა ამას უკეთურებისათჳს სახლისა ისრაილისა და სახლისა იუდაჲსასა.

27. და ჰყავ ჩუენდამო, უფალო ღმერთო ჩუენო, ყოვლისაებრ მყუდროებისა შენისა და ყოვლისაებრ წყალობისა შენისა დიდისა,

28. ვითარცა სთქუ ჴელითა ყრმისა შენისა მოსესითა, დღესა შინა ამცნებდი რაჲ შენ მას დაწერად შჯულისა შენისა წინაშე ძეთა ისრაილისათასა,

29. მეტყუელი: არა თუ ისმინოთ ჴმისა ჩემისაჲ, ნუსადა ბგერაჲ იგი დიდი და მრავალი უკუნიქცეს შურად წარმართთა მიმართ, სადა განვაბნიენ იგინი, მუნ.

30. რამეთუ უწყი, ვითარმედ არა ისმინონ ჩემი, რამეთუ ერი ქედფიცხელ არს, და მოიქცენ გულისა მიერ მათისა ქუეყანასა შინა განსახლვისა მათისასა.

31. და გულისჴმა-ყონ, ვითარმედ მე, უფალი ღმერთი მათი, და ვსცე მათ გული გულისხმიერი და ყურნი მსმენელნი.

32. და მაქებდენ მე ქუეყანასა მას განსახლვისა მათისასა, და მოიჴსენონ სახელი ჩემი.

33. და მოიქცენ ზურგისაგან მათისა ფიცხლისა და მოიჴსენონ ბოროტთა საქმეთა მათთა, რამეთუ მოიჴსენონ გზისა მამათა მათთასა და მცოდველთაჲსა წინაშე უფლისა.

34. და მოვაქცინე იგინი ქუეყანასა მას, რომელსა ვეფუცე მამათა მათთა: აბრაჰამს, ისააკსა და იაკობსა. და ეუფლნეს მას და განვამრავლნე იგინი, და არა შემცირდენ.

35. და დაუმტკიცო მათ აღთქმაჲ საუკუნოჲ ყოფადმდე მათდა პირველად, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად. და არა შევძრა მერმე ისრაილი ქუეყანისაგან, რომელი მივეც მათ.

3

1. უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო ისრაილისაო, სულმან სულთქმათაშინამან და სულმან მოწყინებისამან ღაღად-ყო შენდამი.

2. ისმინე, უფალო, და შეიწყალე, რამეთუ ღმერთი მოწყალე ხარ და შეგჳწყალენ, რამეთუ ვცოდეთ წინაშე შენსა.

3. რამეთუ შენ მჯდომარე ხარ საუკუნოდ, და ჩუენ წარწყმედილნი საუკუნოდ.

4. უფალო, მიერთისა მპყრობელო, ღმერთო ისრაილისაო, ისმინე მომკუდართა ისრაილისათა ლოცვისაჲ და ძეთა შეცოდებულთაჲსაჲ წინაშე შენსა, რომელთა არა ისმინეს ჴმისა უფლისა ღმრთისა მათისაჲ და აღგუეწებნეს ჩუენ ძჳრნი.

5. ნუ მოიჴსენებ უსამართლოობათა მამათა ჩუენთასა, არამედ მოიჴსენე ჴელისა შენისა და სახელისა შენისა ჟამსა ამას შინა,

6. რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი ჩუენი, და გაქებთ შენ, უფალო,

7. რამეთუ ამისთჳს მოეც შიში შენი გულთა ზედა ჩუენთა, ხადად სახელისა შენისა და გაქებთ შენ განსახლულობასა შინა ჩვენსა, რამეთუ გარემივაქციეთ გულისაგან ჩუენისა ყოველი უსამართლოებაჲ მამათა ჩუენთა მცოდველთაჲ წინაშე შენსა.

8. აჰა, ჩუენ დღეს განსახლულობასა შინა ჩუენსა, სადა განვითესენით, მუნ დღესა ამას საყუედრელად და საწყევარად და სათანამდებოდ ყოველთათჳს უსამართლოებათა მამათა ჩუენთასა, რომელნი განდგეს შენგან, უფალო ღმერთო ჩვენო.

9. ისმინენ, ისრაილ, მცნებანი ცხოვრებისანი, ყურად-იღეთ ცნობად გონიერებისა.

10. რაჲ არს ისრაილ! რად, რამეთუ ქუეყანასა მტერთასა ხარ?

11. განჰკფდი ქუეყანასა შინა უცხოსა? თან შეიბილწე, მკუდართა თანა შეირაცხე ჯოჯოხეთისათა შორის.

12. დაუტევე წყაროჲ სიბრძნისაჲ.

13. გზასა თუმცა ღმრთისასა სრულ იყავ, და-მცა-მკჳდრებულ იყავ მშჳდობით საუკუნესა ჟამსა.

14. ისწავე, სადა არს ცნობა, სადა არს ძალი, სადა არს გულისჴმის-ყოფაჲ, სადა გაგონება ერთბამად, სადა გრძელ საწუთოობა და ცხოვრება, სადა არს ნათელი თვალთა და მშჳდობა?

15. ვინ პოვა ადგილი მისი და ვინ შევიდა საუნჯეთა მიმართ მისთა,

16. სადა არიან მთავარნი წარმართთანი, დაუფლებულნი მჴეცთა ზედა ქუეყანისათა,

17. მფრინველთა შორის ცისათა მომღერალნი.

18. და ვეცხლისა მეუნჯენი და ოქროჲსანი, რომელსა ესვიდეს კაცნი, და არა არს დასასრული მოგებისა მათისა, ვეცხლისა მქანდაკებელნი და მზრუნველნი, და არა არს მოპოვნება საქმეთა მათთა,

19. უჩინო ქმნეს და ჯოჯოხეთად შთაჴდეს და სხუანი აღდგეს ნაცულად მათდა.

20. უჭაბუკესთა იხილეს ნათელი და დაემკჳდრნეს ქუეყანასა ზედა, ხოლო გზაჲ ზედმიწევნულობისაჲ არა ცნეს,

21. არცა გულისჴმა-ყუნეს ალაგნი მისნი, არცა შეეწინეს მას ძენი მათნი, გზისა მისისაგან შორს იქმნეს.

22. არცა ისმა ქანაანს შინა, არცა გამოჩნდა თემანს შინა.

23. და ძეთა აგარისთა, გამომეძიებელთა გულისჴმის-ყოფისა ქუეყანასა ზედა, ვაჭართა მერრანისა და თემანისა, და ზღაპარსიტყუადთა, და გამომეძიებელთა გულისჴმის-ყოფისათა, ხოლო გზაჲ სიბრძნისა არა ცნეს, არცა მოიჴსენეს ალაგთა მისთაჲ.

24. ჵ, ისრაჱლ, ვითარ დიდ არს სახლი ღმრთისაჲ და კეთილგრძელ ადგილი შენებულებისა მისისა!

25. დიდ არს და არა არს დასრულება მაღალ და უსაზომო.

26. მუნ იშუნეს გმირნი სახელოვანნი, დასაბამითგან ქმნილნი კეთილ, დიდად მეცნიერნი მბრძოლობად.

27. არა ესენი გამოირჩინა ღმერთმან, არცა გზა ზედმიწევნილობისა მისცა მათ.

28. და წარწყმდეს არქონებისგან ცნობისა, წარწყმდეს განუზრახველობისათჳს მათისა.

29. ვინ აღვიდა ცად და დაიპყრა იგი და შთამოიღო იგი ღრუბელთაგან?

30. ვინ განვიდა წიაღ ზღჳსა და პოვა იგი, და მოიღო იგი ოქროჲთა რჩეულითა?

31. არა არს მცნებელი გზისა მისისა, არცა გულად მომღები ალაგისა მისისა,

32. არამედ მეცნიერმან ყოვლისამან იცის იგი. მოიღო იგი გულისხმისყოფითა თჳსითა, რომელმან დაჰმზადა ქუეყანაჲ საუკუნესა ჟამსა, აღავსო იგი საცხოვარებითა ოთხფერჴებითა

33. გამომავლენელმან ნათლისამან და ვიდოდეს. უწოდა მას და ერჩდა მას ძრწოლით,

34. ხოლო ვარსკულავნი განბრწყინდეს საჴმილავთა მისთა ზედა და იშუებდეს.

35. და უწოდა მათ, და ჰრქუეს: იქა ვართ. და უნათობდეს სიხარულით შემოქმედსა მათსა.

36. ესე არს ღმერთი, არ შეირაცხოს სხუაჲ მის თანა.

37. მოიპოვა ყოველი გზაჲ ზედმიწევნულებისაჲ. და მისცა იგი იაკობსა, ყრმასა თჳსსა, და ისრაილსა, შეყუარებულსა მის მიერ.

38. ამის შემდგომად ქვეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა თანა იქცეოდა.

4

1. ესე წიგნი ბრძანებათა ღმრთისათა და სჯული მყოფი საუკუნომდე; ყოველნი მპყრობელნი მისნი ცხორებადმი, ხოლო დამტევებელნი მისნი მოკუდენ.

2. მოიქეც, იაკობ, და მოეკიდე მას, მოგზაურობდ ბრწყინვალებისა მიმართ წინაშე ნათლისა მისისა.

3. ნუ მისცემ სხვასა დიდებასა შენსა და უმჯობესთა შენთა ნათესავსა უცხოსა.

4. სანატრელ ვართ, ისრაჱლ, თნებულნი ღმრთისანი, ჩუენდა უწყებულ არიან

5. მინდობილობით, ერი ღმრთისაჲ, საჴსენებელი ისრაჱლისა.

6. მოესყიდენით წარმართთა არა წარსაწყმედელად, განრისხებისა თქუენისათჳს ღმრთისა მიეცენით წარმართთა,

7. რამეთუ განაძჳნეთ შემოქმედი თქუენი, უმსხუერპლებდით რა ეშმაკთა და არა ღმერთსა.

8. ხოლო დაივიწყეთ გამომზრდელისა თქუენისა ღმრთისა საუკუნოსაჲ, შეაჭუვნეთ ხოლო აღმზრდელიცა თქუენი იერუსალჱმი,

9. რამეთუ იხილა ზედმოწევნული თქუენდა რისხვაჲ ღმრთისა მიერ და თქუა: ისმინეთ ჩემი, მსხემნო სიონისანო, რამეთუ მოაწია ჩემ ზედა ღმერთმან გლოვაჲ საუკუნე.

10. ხოლო ვიხილე ტყუეობაჲ ძეთა ჩემთა და ასულთა, რომელი მოჰხადა მათ ზედა საუკუნემან

11. რამეთუ აღეზარდენ იგინი შუებით, ხოლო განვავლინენ ტირილისა თანა და გლოვისა.

12. ნუ ვინ მომცხრებინ მე, ქურივსა და დატევებულსა მრავალთა მიერ, მოოჴრდი ცოდვათათჳს შვილთა ჩემთასა მით, რამეთუ მისდარკეს შჯულისაგან ღმრთისა.

13. ხოლო სამართალნი მისნი არ გულისხმა-ყუნეს, არცა ვიდოდეს გზათა მცნებათა ღმრთისათა, არცა ალაგთა სწავლულებისა სიმართლისა მისისათა ზედა აღვიდეს.

14. მოვიდედ მსხემნი სიონისანი და მოიჴსენედ ტყუეობაჲ ძეთა ჩემთა და ასულთაჲ, რომელ მოაწია მათ ზედა საუკუნემან.

15. რამეთუ მოაწია მათ ზედა ნათესავი შორით, ნათესავი ურიდი და სხუაენაჲ,

16. რომელთა არა ჰრცხუენა მოხუცებულისაგან, არცა ყრმაჲ შეიწყალეს და წარიყვანნეს საყუარელნი ქურივისანი, და ასულთაგან მარტოდ მოაოჴრეს.

17. ხოლო მე რაჲ ძალ-მიც შეწევნად თქუენდა?

18. რამეთუ მომწევნელმან თქუენ ზედა ძჳრთამან განგარინნეს თქუენ ჴელისაგან მტერთა თქუენთასა.

19. ვიდოდეთ, შვილნო, ვიდოდეთ, რამეთუ მე დავშთი ოჴერი,

20. ხოლო განვიძარცუე სამკაული მშჳდობისა და შევიმოსე ძაძაჲ ვედრებისა ჩემისაჲ, ვღაღადებდე საუკუნოჲსა მიმართ დღეთა შინა ჩემთა.

21. მინდობილ იყვენით შვილნო, ჴმა-ყავთ ღმრთისა მიმართ და განგარინნეს თქუენ მძლავრებისაგან ჴელისა მტერთაჲსა,

22. რამეთუ მე, ეგერა, ვესავ საუკუნოჲსა მიმართ მაცხოვარებასა თქუენსა და მოვიდა ჩემდა სიხარული წმიდისაგან მოწყალებასა ზედა, რომელი მოვიდეს თქუენდა მსთუად საუკუნოჲსაგან მაცხოვრისა ჩუენისა,

23. რამეთუ განგავლინენ თქუენ გოდებით და ტირილით, ხოლო უკმომაგნეს თქუენ მე ღმერთმან მხიარულებით და შუებით უკუნისამდე,

24. რამეთუ ვითარცა აწ იხილეს მსხემთა სიონისათა ტყუეობაჲ თქუენი, ეგრეთ იხილონ მსთუად ღმრთისამიერი მაცხოვარებაჲ თქუენი. რომელი მოვიდეს თქუენდა დიდებითა დიდითა და ბრწყინვალებითა საუკუნოჲსაჲთა.

25. შვილნო, სულგრძელ ექმნენით ღმრთისა მიერ მოსრულსა თქუენ ზედა რისხვასა. გდევნა შენ მტერმან შენმან, და იხილო წარწყმედაჲ მისი მსთუად და ქედსა მისსა ზედა აღჰჴდე.

26. ფუფუნეულნი ჩემნი ვიდოდეს გზათა ფიცხელთა. აღებულ იქმნეს, ვითარცა სამწყსოჲ აღტაცებული მტერისა მიერ.

27. მინდობილ იყვენით, შვილნო, და ჴმობდით ღმრთისა მიმართ, რამეთუ იყოს თქუენდა მომწევნელისა მიერ ჴსენებაჲ,

28. რამეთუ ვითარცა იქმნა განმგონეობა თქუენი შეცთომისათჳს ღმრთისაგან, აათწილეთ მოქცეულთა ძიება მისი,

29. რამეთუ ზედამომხუმელმან თქუენდა ძჳრთამან მოაწიოს თქუენდა შუებაჲ საუკუნოჲ მაცხოვარებისა თანა თქუენისა.

30. მინდობილობდ, იერუსალიმ, ნუგეშინის-გცეს შენ სახელმდებელმან შენმან,

31. უბადრუკ ბოროტის-მყოფელნი შენნი და მომცხრომნი დაცემასა შენსა.

32. უბადრუკ ქალაქნი, რომელთა ჰმონებდეს შვილნი შენნი, საწყალობელ შემწყნარებელი ძეთა შენთაჲ,

33. რამეთუ ვითარცა განიხარა დაცემასა ზედა შენსა და განიშუა დაკუეთებასა ზედა შენსა, ეგრეთ შეჭუვნეს ოჴრებასა ზედა თჳსსა.

34. და მოუსპო მას სიხარული ერმრავლობისაჲ და ზოხოაჲ მისი იყოს გლოვად,

35. რამეთუ ცეცხლი მოვიდეს მის ზედა საუკუნოჲსა მიერ დღეთა გრძელთა, და დამკჳდრებულ იქმნეს ეშმაკთა მიეე მრავალ ჟამ.

36. და მიიხილე აღმოსავალთა მიმართ, იერუსალჱმ, და იხილე შუებაჲ ღმრთისა მიერ მომავალი შენდა.

37. აჰა, მოვლენ შვილნი შენნი, რომელნი განვავლინენ _ მოვლენ კრებულად აღმოსავალთათაგან და დასავალთამდე სიტყჳთა წმიდისათა მოხარულნი ღმრთისა დიდებით.

5

1. განიძარცუე, იერუსალიმ, სამოსელი გლოვისა და ძჳრის-ხილვისა შენისა და შეიმოსე შვენიერება ღმრთისამიერისა დიდებისაჲ საუკუნოდ.

2. მოისხ ჩოტკეცი ღმრთისამიერისა სიმართლისა და ზედდადევ მიტრაჲ თავსა ზედა შენსა დიდებისა საუკუნოსაჲ,

3. რამეთუ ღმერთმან უჩუენოს ცისქუეშესა ყოველსა ბრწყინვალება შენი,

4. რამეთუ გეწოდოს სახელი შენი ღმრთისა მიერ უკუნისადმე, მშჳდობა სიმართლისა და დიდებაჲ ღმთისმსახურებისა.

5. აღდეგ, იერუსალჱმ, და დადეგ მაღალსა ზედა, და მიიხილე აღმოსავალთამი, და იხილენ შეკრებულნი შვილნი შენნი მზისა დასავალთაჲთგან ვიდრე აღმოსავალთამდე სიტყჳთა წმიდისაჲთა მოხარულნი ჴსენებითა ღმრთისათა.

6. რამეთუ განვიდეს შენგან მკჳრცხლნი წარქცეულნი მტერთაგან, ხოლო შემოიყვანნეს იგინი ღმერთმან შენდამო და ამაღლებულნი დიდებითა, ვითარცა საყდარი მეფობისაჲ.

7. რამეთუ უბრძანა ღმერთმან დამდაბლებად ყოველსა მთასა მაღალსა და ბორცუთა სამარადისოთა, და ჴევთა აღვსებად მოსავაკებლად ქუეყანისა, რაჲთა ვიდოდის ისრაჱლი უცთომელად დიდებითა ღმრთისათა.

8. ხოლო დააგრილეს მაღნართაცა და ყოველმან ხემან სულნელისამან ისრაჱლსა ბრძანებითა ღმრთისაჲთა,

9. რამეთუ უძღოდის ღმერთი ისრაჱლსა მხიარულებითა ნათლისა დიდებისა მისისათა მოწყალებისა თანა და სიმართლისა მისმიერისა.

ებისტოლე ბრძენისა
6

ებისტოლე ბრძენისა ებისტოლე ბრძნისა იერემიაჲსი, ნაცვალნაწერი ებისტოლისაჲ, რომელი წარსცა იერემია წარყვანებულთა მიმართ ტყუეთა ბაბილონად, მეფისა მიერ ბაბილოვნელთაჲსა, მითხრობად მათდა, ვითარცა ებრძანნეს მას ღმრთისა მიერ.

1. ცოდვათათჳს, რომელ სცოდენით წინაშე ღმრთისა; წარხუედით ბაბილონად ტყუენი ნაბუქოდონოსორის მიერ, მეფისა ბაბილონისა.

2. ხოლო შესრულნი ბაბილონად იყვნეთ მუნ წელთა მრავალთა და ჟამსა გრძელსა, ვიდრე ნათესავთამდე შჳდთა, ხოლო შემდგომად ამისსა გამოგიყვანნე თქუენ მერმე მიერ მშჳდობით.

3. ხოლო აწ იხილნეთ ბაბილონსა შინა ღმერთნი ოქრთანნი და ვეცხლოანნი, ქუეყანისანი და ძელოანნი, მჴართა ზედა აღებულნი, მჩუენებელნი შიშსა წარმართთათჳს.

4. ეკრძალენით უკუე, ნუსადა თქუენცა, მსგავსებულნი უცხოთესლთანი, შეშინდეთ მათგან და შიშმან შეგიპყრნეს თქუენ მათმან.

5. იხილოთ რაჲ ერი წინაშე მათსა და უკუანა თაყუანისმცემელად მათდა, თქუთ: უკუე გაგონებითა შენდა ჯერ-არს თაყუანის-ცემად, მეუფეო,

6. რამეთუ ანგელოზი ჩემი თქუენ თანა არს, მან გამოიძინეს სულნი თქუენნი.

7. რამეთუ ენაჲ მათი არს გამოხუეწილ ხუროსა მიერ და იგინი გარემოოქრვილ და გარემოვეცხლულ, ნაცილ არიან და ვერ უძლავს ჴმა-ყოფად.

8. და ვითარ ქალწული მკობისმოყუარე მიიღებნ ოქროსა, შეუმზადებნ

9. გჳრგჳნსა თავსა ზედა ღმერთთა მათთასა, არს ოდეს და მიმხუეჭელნიცა მღდელნი ღმერთთაგან მათთა ოქროჲსა და ვეცხლისანი, თავთა თჳსთათჳს წარაგებენ.

10. ხოლო მისცემენ მათგან და სართულისშინათაცა მეძავთა, ხოლო შეამკობენ მათ, ვითარცა კაცთა, შესამოსლებითა ღმერთთა ოქროჲსათა და ღმერთთა ვეცხლისათა და ძელისათა.

11. ხოლო ესენი ვერ განერებიან დაგესლებისაგან და შეჭმისა.

12. შემოსილნი სამოსლითა პორფირითა განჰჴოცენ პირსა მათსა სახლთაჲსაგან მტუერისა, რომელი მრავალ არს მათ შორის.

13. და სკიპტრაჲ აქუს, ვითარცა კაცსა მსაჯულსა სოფლისასა, რომელი მისდამი მცოდველსა ვერ მოჰკლავს.

14. ხოლო აქუს ვარზი მარჯუენესა და მახჳლი, გარნა თავსა თჳსსა ბრძოლისა და ავაზაკთაგან ვერ განარინებს, ვინაჲ საცნაურ არიან არა ყოფად ღმერთად.

15. ნუუკუე გეშინინყე მათგან, რამეთუ ვითარ ჭურჭელი კეცისაჲ შემუსრვილი უჴმარ იქმნების, ეგევითარნი არიან ღმერთნი მათნი.

16. დამტკიცებულ არიან იგინი სახლთა შინა; თუალნი მათნი სავსე არიან მტუერითა ფერჴებისაგან შემავალთასა.

17. და ვითარცა შემცოდისა ვისმე მეფისანი, გარემოკრძალულ არიან ეზონი, ვითარცა სიკუდიდ მიმართ მიყვანებადისანი, სახლთა მათთა განამაგრებენ მღდელნი კარებითა და კლიტეებითა და მოქლონებითა, რაჲთა ავაზაკთა მიერ არ წარიტყუენნენ.

18. სანთელთა წუენ უმრავლესთა ვიდრე თავისა მათისა, რომელ არცა ერთისა შემძლებელ არიან ხილვად, ხოლო არიან ვითარცა დჳრენი სახლისაგანნი.

19. და გულთა მათთასა იტყჳან ლოშნასა ქუეყანისა ქუეწარმავალთა მიერ შემჭმელთაგან მათთა და შესამოსელთა მათთაჲსა, ხოლო აგრძნობენ არა,

20. დაშავებულნი პირითა მათითა კუამლისაგან სახლისამიერისა,

21. სხეულსა ზედა მათსა და თავსა ზედა მათსა ფრინველ მღამიობნი, მერცხალნი და ნეშტნი მფრინველნი, ეგრეთვე კუერნანიცა.

22. ვინაჲ ცანთ, რამეთუ არა არიან დმერთნი, ნუუკუე ეშიშვით მათ?

23. რამეთუ ოქროჲ, რომელი გარეაცყე საშუერად, არა თუ ეინმე განჴოცოს გესლისაგან მისისა, ვერ ბზინვიდეს, რამეთუ არცა, ოდეს გამოიდნობვოდეს, აგრძნობდეს.

24. ყოვლითა ფასითა სყიდულ არიან, რომელთა შორის არა არს სული

25. თჳნიერ ფერჴთასა მჴართა მიერ მოიხუმიან მჩუენებელნი უპატიოებისა თჳსისანი კაცთამი, ხოლო ჰრცხუენისყე და მსახურთაცა მათთა.

26. მით, რამეთუ და-თუ-სადა-ვარდენ ქუეყანასა ზედა, ვერ შემძლებელ არიან თავით თჳსით აღდგომად, ვერცა მართლად თუ ვინ დადგნეს იგინი, თავით თჳსით შეიძრნენ, ვერცა და-თუ-სხდენ, აღემართნენ, არამედ, ვითარცა მკუდართა, ძღუენნი დაეგებიან მათ.

27. ხოლო მსხუერპლთა მათთა გამომხუმელნი მღდელნი მათნი შეიჴმარებენ ეგრეთ, და ცოლთაცა მათთა მათგანვე დაიაპოხტიან, არცა გლახაკსა, არცა უძლურსა გარდასცემენ მსხუერპლთაგან მათთა, დაშტანი და მშობიარე შეეხებინ.

28. მცნობელთა უკუე ამათგან, ვითარმედ არა არიან ღმერთებ, ნუ გეშინინყე მათგან,

29. რამეთუ ვინაჲ იწოდნეს ღმრთეებ, სადა დედანი დაუგებენ ღმერთთა ოქროჲსა და ვეცხლისა და ძელისათა?

30. და სახლთა შინა მათთა მღდელნი დასხდებიედ, მქონებელნი შესამოსელთა, დაბძარულთა, და თავთა, და წუერთა, დაყუენილთა, რომელთა თავნი დაუბურველ არიედ.

31. ყივიედ, ჴმობედ წინაშე ღმერთთა მათთასა, ვითარცა მკუდრისა ძლითსა სერობასა შინა ვიეთნიმე.

32. სამოსელთაგან მათთა წარმღებელნი მღდელნი შეჰმოსენ ცოლთა მათთა და ყრმათა,

33. არცა ბოროტი თუ რაჲ ვისგანმე ევნოსყე, არცა კეთილისა თუ შემძლებელ არიან მიგებად, არცა მეფისა, ძალ-უცყე დადგენაჲ, არცა წაღებაჲ.

34. ეგრეთვე, არცა სიმდიდრისა, არცა ვეცხლისაჲ ვერ ძალ-უცყე მიცემაჲ. აღმთქმელმან თუ ვინმე მათმან აღთქმისამან არ მისცეს, ვერ გამოიძიონ,

35. სიკუღილისაგან კაცი ვერ იჴსნან, ვერცა უდარესი ძლიერისაგან ვერ განარინონ,

36. კაცი ბრმაჲ მხედველად ვერ აჩვენონ, ჭირსა შინა მყოფი კაცი ვერ გამოიჴსნან.

37. ქურივი ვერ შეიწყალონ, ვერცა ობოლსა კეთილი უყონ.

38. მთისაგანთა ქვათა მიმსგავსებულნი არიან ღმერთნი მათნი ძელისანი და გარემოვეცხლულნი, და გამოოქროვილნი, მსახურნი მათნი სირცხჳლეულ იქმნენ.

39. ვის უკუე საგონის, ანუ საწოდის არს, მათდა არიან იგი ღმერთად.

40. ხოლო მერმე და თჳთ იგი ქალდეველნიცა აგინებენვე მათ, რომელთა ოდეს იხილნიან განლიგებული ვერშემძლებელი, სიტყვად მიმრთმელთა ეზოჲსათა დიოჲსდა და ევედრებიედ ჴმა-ყოფად.

41. ვითარმცა შესაძლებელ იყო მისდა გრძნობაჲ? და ვერ უძლავს მათ გულისხმის-ყოფად დატევება, რამეთუ გრძნობაჲ არა აქუსყე.

42. ხოლო დედანი მორტყმულნი საბლებითა გზათა ზედა დასხდებიენ კუმევად ქატოთა.

43. ხოლო ოდეს მათგანსა ვისმე მიზიდულსა თანწარმავალთაგანისა ვისგანმე, დაწვის მის თანა, მოყუასსა აყუედრებდის, ვითარმედ არა ღირს იქმნა, ვითარცა იგი, არცა საბელი მისი განწყდა.

44. ხოლო ყოველნი ქმნილნი მათთჳს არიან ტყუილ, ვითარ უკუე საგონის იყოს ღმერთ-ყოფაჲ მათი, ანუ წოდებაჲ ღმერთებ?

45. ხუროთა მიერ და ოქრომჭედელთა შემზადებულ არიან, ვერარა სხუად ვერ იქმნებიან, გარნა რომელი ჰნებავნ

46. ჴელოვანთა ქმნად მათდა, ხოლო თჳთ იგიცა შემმზადებელნი მათნი ვერ იქმნენ მრავალჟამიერ, ვითარ ეგულვოს მათ მიერ შემზადებულთა ყოფა ღმერთებ?

47. რამეთუ დაუტევეს სიცრუე და ყუედრება შემდგომად ყოფადთა,

48. რამეთუ ოდეს მოვიდის მათ ზედა ბრძოლა და ძჳრნი, განიზრახევდ თავთა მიმართ თჳსთა მღდელნი მათნი, სადა დაიმალნენ მათ თანა.

49. ვითარ უკვე არა საგრძნობ არს, ვითარმედ არა არიან ღმერთებ, არამედ საქმეებ ჴელებისა კაცთაჲსა, რომელნი ვერ აცხოვნებენ მათ, ვერცა ბრძოლისა, ვერცა ბოროტთაგან განერნენ.

50. მყოფნი ძელისად და მოვეცხლულად და მოოქროვილად. ეცნობოს ამისთჳს შემდგომად ყოველთა წარმართთა, ვითარმედ ნაცილ არიან და მეფეთადცა ცხორებად არიან, ვითარმედ არა არიან ღმრთეებ, არამედ საქმენი ჴელებისა კაცთასა და არარაჲ არს საქმე ღმრთისაჲ მათ შორის.

51. ვისდა უკუე არსაცნაურ არს, ვითარმედ არა არიან ღმერთებ, არამედ საქმენი ჴელთა კაცთანი და არა არს საქმენი ღმრთისაჲ მათ შორის?

52. რამეთუ მეფე სოფლისა ვერ აღადგინონ, ანუ განარინონ, ვერცა კაცთა წჳმაჲ ვერ მოსცენ,

53. სასჯელი ვერ განსაჯონ თავთა მათთა, ვერცა იჴსნან მიმძლავრებულნი; უძლურ არიან, ვითარცა ყუავნი საშუალ ცისა და ქუეყანისა.

54. და რამეთუ ოდეს დავარდეს სახლსა ღმერთთა ძელისათასა, ანუ მოვეცხლულთა, ანუ მოოქროვილთასა ცეცხლი, მღდელნი უკუე მათნი ივლტიან და განერებიან, ხოლო იგინი, ვითარცა მოსელნი, საშუალ დაიწჳან.

55. ხოლო მეფესა და მბრძოლთა ვერ წინადაუდგენ, ვითარ უკუე საგონებელ, ანუ საწოდებელ იყოს, ვითარმედ არიან ღმრთეებ?

56. უკუეთუ ვერცა მპარავთაგან, ვერცა ავაზაკთაგან ვერ განერებიან, ღმერთნი ძელისანი და მოვეცხლულნი და მოოქროვილნი, რომელთა შემძლებელნი.

57. გარემოსძრცჳან ოქროსა და ვეცხლსა და სამოსელთა გარმდებარეთა მათთა და წარვლენ მქონებელნი, და ვერ შეეწინენ თავთა თჳსთა?

58. ვინაცა უმჯობეს არს მეფე მჩუენებელი თჳსისა სიმჴნისაჲ, ანუ ჭურჭელი სახლსა შინა საჴმარი, რომელსა იჴმარებს მომგებელი, ვიდრე ნაწილნი ღმერთთანი? ანუ კარი წინასახლისა შორის, მცველი მას შინა მყოფთაჲ, ვიდრე ნაწილნი ღმერთთანი,

59. რამეთუ მზე და მთოვარე და ვარსკულავნი მყოფნი ბრწყინვედ და მოვლინებულნი საჴმარად კეთილ მორჩილ არიან,

60. ეგრეთ ელვაიცა, ოდეს გამოჩნდეს, კეთილ სახილავ არს, ხოლო იგივე სულიცა ყოველსა შინა სოფლებსა სულავს.

61. და ღრუბელთა ოდეს ებრძანოს ღმრთისა მიერ ზედასლვად ყოველსა ზედა მკჳდროანსა, აღასრულებენ ბრძანებულსა.

62. და ცეცხლიცა, გამოვლენილი ზენაჲთ აღწუად მთათა და მაღნართა და ბორცუთა, ჰყოფს ბრძანებულსა, ხოლო ესენი არცა ჰასაკთა, არცა ძალთა მათთა ერთისაცა ამათგანისა არიან მიმსგავსებულ.

63. ვინაჲ ნუცა იწოდებიედ, ნუცა საგონის იქმნებიედ ყოფად იგინი ღმერთად, ვერშემძლებელნი ვერცა სასჯელისა შჯად, ვერცა კეთილის-ყოფად კაცთა.

64. მცნობელთა უკუე, ვითარმედ არა არიან ღმერთებ, ნუ გეშინინყე მათგან,

65. რამეთუ ვერცა მეფეთა დასწყევენ, ვერცა ვერ აკურთხევენ.

66. ხოლო სასწაულნი წარმართთა ცასა შინა ვერ უჩუენნენ, არცა, ვითარ მზე, ვერ განბრწყინდენ, არცა ჰნათობდენ, ვითარ მთოვარე.

67. მჴეცნი მათსა უმჯობეს არიან, რომელთა ძალ-უც, განერნენ რაჲ. და თუ იარნენ სარგებელ-ყოფად თავთა.

68. არა რომლითა უკუე გუარითა ცხად არს თქუენდა, ვითარმედ არიან ღმერთნი, რომლისათჳს ნუცა გეშინინ მათა,

69. რამეთუ ვითარცა მტილსა შინა საფრთხოლმან ვერარაჲ დაიცვის, ეგრეთ ღმერთნი მათნი არიან ძელისანი და ვეცხლოანნი და ოქროანნი.

70. მითვე გუარითა მტილსაცა შინა ძეძჳ, რომელსა ზედა ყოველი მფრინველი დაჯდების; ეგრეთვე და მკუდარსა დაგდებულსა ბნელსა შინა ემსგავსებიან ღმერთნი მათნი, ძელისანი და ოქროანნი და ვეცხლოანნი.

71. პორფირისაგან და მარმაროჲსა, მათ ზედა დალპოლვილისა, სცნათ, ვითარმედ არა არიან ღმერთნი, და იგინიცა უკანასკნელ შეიჭამნენ, და იყუნენ საყუედრელ სოფელსა შინა.

72. უმჯობეს უკუე არს კაცი მართალი არმქონებელი კერპთა, რამეთუ იყოს შორს მაყუედრებელთაგან.