1. ხოლო სარრაჲ, ცოლი აბრაამისი, არა უშობდა მას. და იყო მისი მჴევალი მეგჳპტელი, რომლისა სახელი აგარ.
2. და თქუა სარრა აბრაამის მიმართ ქუეყანასა ქანანისასა: აჰა ეგერა, დამჴშა მე უფალმან არა შობად. შევედ უკვე მჴევლისა მიმართ ჩემისა, რათა შვილიერ ვიქმნნეთ მისგან. და ისმინა აბრაამ ჴმისა სარასა.
3. და მოიყუანა სარა, ცოლმან აბრაამისმან, მჴევალი მისი, მეგჳპტელი აგარ, შედგომად ათისა წლისა დამკჳდრებისა აბრამისა ქუეყანასა ქანანისსა, და მისცა იგი აბრაამს, ქმარსა თჳსსა, ცოლად მისსა.
4. და შევიდა აგარის მიმართ და მიუდგა. და იხილა, რამეთუ მუცელქმულ არს. და უპატიო იქმნა დედოფალი მისი მის წინაშე.
5. და ჰრქუა სარრა აბრაამის მიმართ: ვიუსამარლოები შენგან, მე მოგეც შენ მჴევალი ჩემი წიაღთა შენთა. ხოლო მან იხილა რაჲ, ვითარმედ მუცელქმულ არს, უპატიო-ვიქმენ წინაშე მისსა. საჯენ ღმერთმან შორის ჩემსა და შენსა.
6. და თქუა აბრაამ სარრას მიმართ: აჰა, მჴევალი შენი ჴელთა შინა შენთა. იჴუმიე იგი, ვითარ-რაჲმეცა სათნო არს შენდა. და ძჳრი შეაჩუენა მას სარრა. და წარვიდა პირისაგან მისისა
7. ხოლო პოვა იგი ანგელოზმან უფლისა ღმრთისამან წყაროსა ზედა წყლისასა უდაბნოსა შინა, ქუეყანასა ზედა გზასა ზედა სურისასა.
8. და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: აგარ, მჴევალო სარასო, ვინაჲ მოხუალ? და სადაჲ წარხუალ? და თქუა: პირისაგან სარას, დედოფლისა ჩემისა, ვივლტი მე.
9. და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: მიიქეც დედოფლისა შენისა მიმართ და დამდაბლდი ქუეშე ჴელსა მისსა.
10. და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: განმრავლებით განვამრავლო თესლი შენი და არა აღირაცხოდის სიმრავლისაგან.
11. და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: აჰა შენ მუცელქმულ ხარ და ჰშვე ძე, და უწოდი სახელი მისი ისმაილ, რამეთუ შეისმინა უფალმან სიმდაბლისა შენისაჲ.
12. ესე იყოს ველური კაცი. ჴელნი მისნი ყოველთა ზედა და ჴელნი ყოველთანი მის ზედა და წინაშე პირსა ყოველთა ძმათა მისთასა დაიმკჳდროს.
13. უწოდა აგარ სახელი უფლისა, მზრახუალსა მას მისსა: შენ, ღმერთო, რომელმან მოიხილე ჩემ ზედა, ვითარმედ სთქუ, და რამეთუ წინაშე ვიხილე გამოჩინებული ჩემდა.
14. ამისთჳს უწოდა ჯურღმულსა მას ჯურღმული, წინაშე ვიხილე, აჰა, საშუალ კადისა და საშუალ ვარადისა.
15. და უშვა აგარ აბრაამს ძე და უწოდა აბრაამ სახელი ძისა თჳსისა შობილისაჲ მისდა, რომელი შვა აგარ, ისმაილ.
16. ხოლო აბრაამ იყო ოთხმეოცჳდაექუსთა წელთა, რაჟამს უშვა აგარ ისმაელი აბრაამს.
1. ხოლო იქმნა აბრაამ წელთა ოთხმეოცდაათცხრამეტთაჲ. და გამოუჩნდა უფალი აბრაამს და ჰრქუა მას: მე ვარ ღმერთი შენი. სათნო იყავ წინაშე ჩემსა და იქმენ უბრალოჲ.
2. და დავდვა აღთქუმაჲ ჩემი შორის შენსა და განგამრავლო ფრიად ფრიად.
3. და დავარდა აბრაამ პირსა ზედა თჳსსა და ჰრქუა მას ღმერთმან მეტყუელმან:
4. და აჰა, აღთქუმაჲ ჩემი შენ თანა და იყო შენ მამაჲ მრავალთა თესლთა.
5. და არა გეწოდოს მერმეცა სახელი შენი აბრამ, არამედ იყოს სახელი შენი აბრაჰამ, რამეთუ მამად მრავალთა თესლთა დაგდევ შენ.
6. და აღგაორძინო შენ ფრიად ფრიად და დაგდვა შენ ნათესავად, და მეფენი შენგან გამოვიდენ.
7. და დავადგინო აღთქუმაჲ ჩემი შორის ჩემსა და შორის შენსა და შორის თესლისა შენისა ნათესავთა მიმართ მათთა აღთქუმად საუკუნოდ, ყოფად შენდა მე ღმრთად და თესლისა შენისა შენ თანა ქუეყანასა, რომელსა ჰმსხეობ, ყოველი ქუეყანაჲ ქანანისაჲ.
8. მიგცე შენ და თესლსა შენსა შენ თანა სამკჳდრებელად საუკუნოდ და ვიყო მათდა ღმერთ.
9. და თქუა უფალმან აბრაჰამის მიმართ ხოლო შენ აღთქუმაჲ ჩემი დაიცვა, შენ და თესლმან შენმან ნათესავთა შინა მათთა.
10. და ესე არს აღთქუმაჲ, რომელ დაიმარხო შორის ჩემსა და თქუენსა და შორის ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა ვიდრე ნათესავთამდე,
11. წინა-დაიცჳთოს თქუენმან ყოველმან წულმან. და წინა-დაიცჳთოთ ჴორცი წინა-დაუცვეთელობისა და იყოს სასწაულ აღთქუმისა ჩემდა და თქუენდა.
12. და ყრმამან რვისა დღისამან წინა-დაიცვითოს თქუენმან ყოველმან წულმან ნათესავსა შორის თქუენსა, სახლისწულმან და ვერცხლით ფრდილმან ყოვლისაგან ძისა უცხოჲსა, რომელ არს თესლისაგან შენისა, წინა-დაცვეთით წინა-დაიცვითოს სახლისწულმან სახლისა შენისამან ღა ვერცხლით ფრდილმან.
13. და იყოს აღთქუმაჲ ჩემი ჴორცსა ზედა თქუენსა აღთქუმაჲ საუკუნოჲ.
14. და წულმან რომელმან არა წინა-დაიცვითოს ჴორცი წინა-დაუცვეთელობისა მისისა, მოისპოს სული იგი ნათესავისაგან მისისა, რამეთუ აღთქუმაჲ ჩემი განაქარვა.
15. და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: სარას ცოლსა შენსა არა ეწოდოს სარაჲ, არამედ სარრაჲ იყოს სახელი მისი.
16. ხოლო ვაკურთხო იგი და მოგცე მისგან შვილი და ვაკურთხო იგი და იყოს ნათესავად და მეფენი ნათესავთანი მისგან გამოვიდენ.
17. და დავარდა აბრაჰამ პირსა ზედა თჳსსა და განიცინნა და თქუა გონებასა თჳსსა: უკუეთუ ასისა წლისასა ესუას ძე და სარრა ოთხმეოცაათისა წლისამან შუეს.
18. და თქუა აბრაჰამ ღმრთისა მიმართ: ისმაილ ესე ცხოვნდინ წინაშე შენსა.
19. და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: ჰე, აჰა, ცოლმან შენმან გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი ისაკ. და დავადგინო აღთქუმაჲ ჩემი მისსა მიმართ აღთქუმად საუკუნოდ ყოფად მე მისდა ღმერთად და თესლისა მისისა მის თანა.
20. ხოლო ისმაილისთჳს, აჰა, ვისმინე შენი, აჰა, ვაკურთხე იგი და განვამრავლო იგი ფრიად, ათორმეტნი ნათესავნი შვნეს და ვყო იგი ნათესავად დიდად.
21. ხოლო აღთქუმაჲ ჩემი დავადგინო ისაკის მიმართ, რომელი გიშვეს შენ სარრა ჟამსა ამას წელიწადსა მეორესა.
22. დაასრულა მეტყუელმან მისსა მიმართ და ამაღლდა უფალი აბრაჰამისაგან.
23. და მოიყუანა აბრაჰამ ისმაილ, ძე თჳსი, და ყოველნი სახლისწულნი და ყოველნი ვეცხლით ფრდილნი თჳსნი და ყოველი წული მამათა სახლსა შინა აბრაჰამისსა და წინა-დასცჳთა დაუცვეთელებაჲ მათი ჟამსა მის დღისასა, ვითარცა ჰრქუა მას ღმერთმან.
24. ხოლო აბრაჰამ იყო ოთხმეოცდაათცხრამეტისა წლისა, რაჟამს დაიცჳთა ჴორცი დაუცვეთელობისა თჳსისა.
25. ხოლო ისმაილ, ძე მისი, ათცამეტის წლის, რაჟამს წინა-დასცჳთა წინადაუცვეთელებაჲ ჴორცისა მისისაჲ.
26. ჟამსა მას მის დღისასა წინა-დაიცჳთა აბრაჰამ და ისმაელ, ძემან მისმან.
27. და ყოველთა კაცთა სახლისა მისისათა და სახლის ნაშვთა და ვეცხლით ფრდილთა უცხოთესლთაგან ნათესავთა წინა-დასცჳთა მათ.
1. ხოლო ეჩუენა მას ღმერთი მუხასა თანა მამბრესსა, ჯდა რაჲ იგი კართა თანა კარვისა თჳსისათა შუადღე.
2. და აღმხილველმან თუალთა მისთამან იხილა, და აჰა, სამნი კაცნი ზედა მოადგეს მას. და იხილნა რაჲ, მირბიოდა შემთხუევად მათდა კარისაგან კარვისა თჳსისა და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა.
3. და თქუა: უფალო, უკუეთუ ვპოვე სადამე მადლი წინაშე შენსა, და ნუ თანა-წარჰჴდები მონასა შენსა.
4. მოვიღეთ წყალი და დაიბანნეთ ფერჴნი თქუენნი, და დაიგრილეთ ხესა ქუეშე.
5. და მოვიღო პური და ჭამეთ. და ამის შემდგომად წარვედით გზასა თქუენსა, რომლისაგან მოაქციეთ მონისა მიმართ თქუენისა. და ჰრქუა: ეგრე ყავ, ვითარცა სთქუ.
6. და შეისწრაფა აბრაჰამ კარვად სარრას მიმართ და ჰრქუა მას: ისწრაფე და შესუარე სამი საწყაული სამინდოჲ და შექმენ ყურბეულად.
7. და სამროწლედ მირბიოდა აბრაჰამ, მოიღო ჴბოჲ ჩჩჳლი და კეთილი და მისცა ყრმასა და ისწრაფა შექმნად მისა.
8. და მოიღო ერბოჲ და სძე და ჴბოჲ, რომელი შექმნა, და დაუგო მათ და ჭამეს. ხოლო თჳთ წინა უდგა მათ ხესა ქუეშე.
9. და თქუა მისსა მიმართ: სადა არს სარრაჲ, ცოლი შენი? ხოლო მან მიუგო: ესერა კარავსა შინა.
10. და თქუა: შემოქცეული მოვიდე შენდა ჟამსავე ამას. და ესვას ძე სარრას, ცოლსა შენსა. ხოლო სარრას ესმა კარსა ზედა კარვისა მისისასა მყოფსა უკუანა მისსა.
11. ხოლო აბრაჰამ და სარრა მოხუცებულ იყვნეს, გარდასრულ დღეთა. და მოკლებულ იყო სარრა წესისაგან დედათასაჲ.
12. ხოლო განიცინნა სარრა მეტყუელმან: თავისა მიმართ თჳსისა: არღა სადა იქმნა ჩემდა ვიდრე აქამომდე, ხოლო უფალი ჩემი მოხუცებულ არს.
13. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან აბრაამს: რად განიცინნა სარრა თავსა შორის თჳსსა მეტყუელმან: აწ სადამე ჭეშმარიტად შვა, რამეთუ მე დაბერებულ ვარ?
14. ნუ შეუძლებელ არსა ღმრთისა მიერ ყოველი სიტყუაჲ? ჟამსა ამას მოვიქცე შენდა მომართ და იყოს სარრასა ძე.
15. ხოლო უარ-ყო სარრა მეტყუელმან: არა განვიცინენ, რამეთუ შეეშინა. და თქუა: არა, არამედ განიცინენ.
16. ხოლო აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა და აბრაჰამ თანა-ვიდოდა მათ თანა, წარმგზავნელი მათი.
17. ხოლო უფალმან თქუა: არა დავფარო-ა მე პირისაგან აბრაჰამ, მონისა ჩემისა, რომელსა ვჰყოფ მე.
18. ხოლო აბრაჰამ ქმნილ იყოს ნათესავად დიდად და მრავლად და იკურთხეოდიან მის-და-მი ყოველნი წარმართნი ქუეყანისანი.
19. რამეთუ უწყოდეს, ვითარმედ ამცნოს ძეთა მისთა და სახლსა მისსა მის თანა და იცნან გზანი უფლისანი, რამეთუ ძეთა მისთა ქმნად სიმართლისა და მშჯავრისა, რათა მოაწივნეს უფალმან აბრაჰამის ზედა ყოველი, რაოდენი თქუნა მისსა მიმართ.
20. და თქუა უფალმან ღმერთმან: ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა ჩემდა მომართ, ცოდვანი მათნი დიდ არიან ფრიად.
21. გარდავიდე უკუე, ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა მომავლისა იქცევიან, და, უკუეთუ არა, რათა ვცნა.
22. და მოაქციეს კაცთა მიერ და მოვიდეს სოდომად. და აბრაჰამ მერმე იყო-ღა მდგომარე წინაშე უფლისა ღმრთისა.
23. და მიეახლა აბრაჰამ და ჰრქუა: ნუ თანა წარსწყმედ მართალსა უღმრთოთა თანა და იყოს მართალი, ვითარცა უღმრთოჲ?
24. უკუეთუ იყუნენ ერგასისნი მართალნი, წარწყმედ-ა მათ? არა ჰრიდო-ა ყოველსა მას ადგილსა ერგასისთა მართალთა ძლით, უკუეთუ იყვნენ მას შინა?
25. არა სადა ჰყო შორის სიტყჳსა მისებრ მოკუდინებაჲ მართლისა უღმრთოთა თანა და იყოს მართალი, ვითარცა უღმრთოჲ? ნუ სადა რომელი სჯი ყოველსა ქუეყანასა, ნუ ჰყოფ სასჯელსა.
26. და თქუა უფალმან ღმერთმან: უკუეთუ იყვნენ ერგასისნი მართალნი სოდომთ ქალაქთა შინა, დაუტეო ყოველი ადგილი მათთჳს.
27. და მიმგებელმან აბრაჰამ თქუა: აწ ვიწყე სიტყუად უფლისა მიმართ, ხოლო მე ვარ მიწაჲ და ნაცარ.
28. უკუეთუ შემცირდენ ერგასისნი მართალნი ორმეოცდახუთად, წარსწყმიდო-ა ორმეოცდახუთთათჳს ყოველი ქალაქი? და თქუა: უკუეთუ ვპოვნე მუნ ორმეოცდახუთნი, არა წარვწყმიდო.
29. და შესძინა მერმე სიტყუად მისსა მიმართ და თქუა: უკუეთუ იყვნენ ორმეოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ორმეოცთათჳს.
30. და თქუა: ნურას, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი-ღა: იპოვნენ თუ მუნ ოცდაათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცდაათთათჳს.
31. და თქუა: ვინათგან მაქუს სიტყუად უფლისა მიმართ ჩემისა და თქუა: უკუეთუ იყვნენ მუნ ოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცთათჳს.
32. და თქუა: ნუ რაჲ, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი მერმე ერთგზის-ღა და იპოვნენ თუ ათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ათთათჳს.
33. და წარვიდა უფალი, ვითარცა დასცხრა ზრახჳსაგან აბრაჰამისსა. და მიიქცია ადგიდ თჳსსა.
1. ხოლო მოვიდეს ორნი ანგელოზნი მიმწუხრი და ლოთ ჯდა წინაშე ბჭეთა სოდომისთა. და იხილნა რაჲ ლოთ, აღდგა მიგებებად მათდა და თაყუანის-სცა პირითა ქუეყანასა ზედა.
2. და ჰრქუა: აჰა, უფალნო, მოაქციეთ ჩემდა მომართ სახიდ მონისა თქუენისა და დაივანეთ და დაიბანენით ფერჴნი და, განცისკრდეს რაჲ, წარვედით გზასა თქუენსა. და თქუეს: არა, არამედ უბანთა ზედა დავივანოთ.
3. და აიძულა მათ და მოაქციეს მისსა მიმართ და შევიდეს სახედ მისსა. და უქმნა მათ სასუმელი და უცომონი წარუცნა მათ და ჭამეს პირველ დაძინებისა.
4. და კაცთა ქალაქისათა სოდომელთა გარე მოიცვეს სახლი ჭაბუკითგან ვიდრე მოხუცებულადმდე ყოველმან ერმან ერთბამად.
5. და განუწოდდეს ლოთს და იტოდეს მისა მიმართ: სადა არიან კაცნი, მოსრულნი შენდა ღამით? გამოიყუანენ იგინი ჩუენდა, რამეთუ თანა-ვეყუნეთ მათ.
6. ხოლო გამოვიდა ლოთ მათდა მიმართ წინაშე კართა და კარი განიჴშა უკუანა თჳსსა.
7. და ჰრქუა მათ: ნუ სადა, ძმანო, ნუ უკეთურებთ.
8. რამეთუ არიან ჩემნი ორნი ასულნი, რომელთა არღა უცნიეს მამაკაცნი. გამოვიყუანნე იგინი თქუენდა და იჴმიენით იგინი, ვითარცა გთნავს, მხოლოდ კაცთა ამათ მიმართ ოდენ ნურარას ჰყოფთ უსამართლოსა, ვინათგან შემოვიდეს სართულსა ქუეშე მოსრულთა ჩემთასა.
9. და ჰრქუეს: განერე იქი. მწირობად შემოხუედ, ნუ. სასჯელისა სჯად. აწ უკუე შენ გიბოროტოთ უფროს-ღა, ვიდრე მათ. და აიძულებდეს ლოთს ფრიად და მიეახლნეს შემუსრვად კარსა.
10. ხოლო კაცთა მათ ბანყუნეს ჴელნი და შეიტანეს ლოთ ჴელთა მიმართ თჳსთა და კარი სახლისა დაჴშეს.
11. ხოლო კაცთა მყოფთა კარსა ზედა სახლისასა, დასცეს ვერ მხედველობაჲ მცირითგან მათით ვიდრე დიდადმდე და დაიჴსნნეს ძიებითა კარისათა.
12. და თქუეს კაცთა მათ ლოთის მიმართ: არს ვინა შენი აქა სიძენი, ანუ ძენი, ანუ ასულნი, ანუ ვინცა ვინ შენი არს სხუაჲ ქალაქსა შინა, განიყვანენ იგინი ადგილით ამით.
13. რამეთუ წარვსწყმედთ ჩუენ ადგილსა ამას, რამეთუ ამაღლდა ღაღადებაჲ მათი წინაშე უფლისა და მომავლინნა ჩუენ უფალმან აჴოცად მისსა.
14. გამოვიდა ლოთ და თქუა: სიძეთა მიმართ თჳსთა, მიმყუანებელთა ასულთა მათთასა, და ჰრქუა: აღდეგით და გამოვედით ადგილისა ამისგან, რამეთუ აჰჴოცს უფალი ქალაქსა ხოლო საცინელად შეირაცხა წინაშე სიძეთა მისთა.
15. და ვითარ ცისკარი იქმნა, და ასწრაფობდეს ანგელოზნი ლოთს მეტყუელნი: აღდეგ, მიიყუანე ცოლი შენი და ორნი ასულნი შენნი, რომელნი გისხენ, და განვედ, რათა არა თანა წარსწყმდე უსჯულოებათა ქალაქისათა.
16. და აღშფოთნეს და უპყრეს ანგელოზთა ჴელსა მისა და ჴელსა ცოლისა მისისასა და ჴელსა ასულთა მისთასა რიდებასა მას უფლისასა მათ ზედა.
17. და იყო, რაჟამს გამოიყუანეს იგინი გარე და ჰრქუეს: ცხოვნებით იცხოვნე სული შენი, ნუ უკმოიხედავ უკუღმართ. ნუცა დასდგები ყოველსა შინა გარემო სოფლებთა, არამედ მთად კერძო ივლტოდე, ნუუკუე თანა შეეპყრა.
18. და თქუა ლოთ მათდა მიმართ: გევედრები, უფალო.
19. ვინათგან პოვა წყალობაჲ მონამან შენმან წინაშე შენსა და განადიდე სიმართლე შენი, რომელსა ჰყოფ ჩემ ზედა განრინებად სულისა ჩემისა. ხოლო მე ვერ ძალ-მიც მიწევნად მთად, ნუუკუე მეწიოს მე ბოროტი ესე და მოვკუდე.
20. აჰა ესერა, ქალაქი ესე ახლოს არს მივლტოლად ჩემდა მუნ, რომელ არს მცირე, და მუნ განვერე, და ცხოვნდეს სული ჩემი შენ ძლით.
21. და თქუა მან: აჰა, დამიკჳრდა პირი შენი ამასცა ზედა სიტყუასა, არა დავაქციო ქალაქი, რომლისათჳს სთქუ.
22. ისწრაფე შენ მიწევნად მუნ, რამეთუ ვერ ჴელ-მეწიფების ყოფად საქმისა, ვიდრე შესლვადმდე შენდა მუნ. ამისთჳს უწოდა სახელი ქალაქსა მას სეგორ.
23. და მზე მოეფინა ქუეყანასა ზედა და ლოთი შევიდა სეგორად.
24. და უფალმან აწჳმა სოდომსა და გომორსა ზედა წუნწუბაჲ და ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით.
25. და დააქცია ყოველნი ესე ქალაქნი და ყოველი სანახები და მოსწყდეს, ყოველნი მეფენი მის ქალაქისანი და ყოველი მცენარე ქუეყანისა.
26. და მიიხილა ცოლმან ლოთისამან მართლუკუღმართ და იქმნა იგი ძეგლ მარილისა.
27. ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად ადგილსა მას, სადა-იგი დგა წინაშე უფლისა.
28. და მიჰხედა პირსა ზედა სოდომისასა და გომორისასა და პირსა ყოვლისა ქუეყანისა სანახებისასა და იხილა: და აჰა ესერა, აღვიდოდა ალი ცეცხლისა ქუეყანით, ვითარცა არმური საჴმილისა.
29. და იყო, დაქცევასა მას უფლისა მიერ ქალაქებისა მის სანახებისასა მოეჴსენა ღმერთსა აბრაჰამ და გამოიყუანა ლოთ შორის დაქცევისა მის, რაჟამს დააქცია უფალმან ქალაქები იგი, რომელსა შინა დამკჳდრებულ იყო ლოთ.
30. აღვიდა ლოთ სეგორით და დაჯდა იგი მთასა ზედა და ასულნი მისნი მის თანა, რამეთუ შეეშინა დამკჳდრებად სეგორს შინა. და დაემკჳდრა ქუაბსა შინა იგი და ორნი ასულნი მისნი მის თანა.
31. ჰრქუა უხუცესმან უმრწემესსა მას: მამაჲ ჩუენი მოხუცებულ არს და ქუეყანასა ზედა არა არს, ვინმცა შემოვიდა ჩუენდა, ვითარცა-იგი არს წესი, რათა მკჳდროან იქმნეს ყოვლისა ქუეყანისაჲ.
32. მოვედ და ვასუათ ღჳნოჲ მამასა ჩუენსა და დავწვეთ მის თანა და აღვადგინოთ თესლი მამისაგან ჩუენისა.
33. ასუეს მამასა მათსა ღჳნოჲ მას ღამესა და შევიდა უხუცესი იგი და დაწვა მამისა თჳსისა თანა მას ღამესა. და არა ცნა დაწოლაჲ მისი და აღდგომა მისი.
34. და ჰრქუა უხუცესმან მან ხვალისაგან უმრწემესსა მის: აჰა ესერა, მე დავწევ გუშინ მამისა ჩემისა თანა, ვასუათ მას ღჳნოჲ ამას ღამესა-ცა და შენ დაწევ მის თანა და აღვადგინოთ მამისა ჩუენისაგან თესლი.
35. ასუეს მას ღამესა ღჳნოჲ მამასა მათსა და შევიდა უმრწემესი იგი ასული და დაწვა მამისა თჳსისა თანა. და არა აგრძნა დაწოლა მისი და აღდგომაჲ
36. და მიუდგეს ორნივე იგი ასულნი ლოთისანი მამისაგან თჳსისა.
37. და შვა უხუცესმან მან ძე და უწოდა სახელი მისი მოაბ და თქუა: მამისა ჩემისაგანი. ესე არს, მამაჲ მოაბელთა ვიდრე დღეინდელად დღედმდე.
38. ხოლო შვა უმრწემესმან მანცა ძე და უწოდა სახელი მისი ამან, მეტყუელმან: ძე თესლისაგან მამისა. ესე არს მამაჲ ამანელთა ვიდრე დღეინდელად დღედმდე.
1. და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო და დაეშენა შორის, კადესა და შორის სურსა და იმსხემა გერარს შორის.
2. და თქუა აბრაჰამ სარრასთჳს, ცოლისა თჳსისა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს. შეეშინა სიტყუად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუე მოკლან იგი კაცთა მის ქალაქისათა, მისთჳს მიავლინა აბიმელიქ მეფემან გერართამან და მიიყუანა სარრაჲ.
3. მოვიდა ღმერთი აბიმელიქისა ძილსა შინა ღამე და ჰრქუა მას: აჰა ეგერა, შენ მოჰკუდე დედაკაცისა მაგის ძლით, რამეთუ ეგე შეყოფილ არს ქმარსა.
4. ხოლო აბიმელიქ არა შეეხო მას და ჰრქუა: უფალო, ნათესავი უმეცარი და მართალი წარსწყმიდოა?
5. არა მან მრქუა მეა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს და მან მითხრა, ვითარმედ: ძმაჲ ჩემი არს? გულითა წრფელითა და სიმართლითა ჴელთათა ვყავ ესე.
6. და ჰრქუა მას ღმერთმან: მეცა ვიცი, რამეთუ გულითა წმიდითა ჰყავ ეგე და გერიდე შენ, რათა არა სცოდო ჩემდა მომართ, ამისთჳს არა გიტევე შენ შეხებად მისსა.
7. ხოლო შენ მიეც აწ ცოლი მისი, რამეთუ კაცი წინასწარმეტყუელი არს იგი და ილოცოს შენთჳს და სცხონდე. უკუეთუ არა მისცე, იცოდე, რამეთუ მოჰკუდები შვნ და ყოველი სახლი შენი.
8. აღიმსთო აბიმელიქ განთიად და მოუწოდა ყოველთა მონათა თჳსთა და ეტყოდა ყოველთა ამათ სიტყუათა ყურთა მიმართ მათთა. და შეშინდეს ყოველნი კაცნი უფლისაგან ფრიად.
9. და მოუწოდა აბიმელიქ აბრაჰამს და ჰრქუა მას: რაჲ ესე მიყავ ჩუენ, შე-მე-რა-გცოდეთა შენ, რამეთუ მოაწიე ჩემ ზედა და სამეფოსა ჩემსა ზედა ცოდვა დიდი, საქმე, რომელ არა ვინ ქმნის, მაქმნიე ჩუენ.
10. და ჰრქუა აბიმელიქ აბრაჰამს: რაჲსა გულსა მოგიჴდა და ჰყავ ესე?.
11. და ჰრქუა აბრაჰამ: რამეთუ ვთქუ, ნუუკუე არა იყოს ღმრთისმსახურებაჲ ადგილსა ამას და მე მომკლან ცოლისა ჩემისათჳს.
12. და რამეთუ დაჲცა ჩემი არს ჭეშმარიტად მამით, არა დედით და მეყო მე ცოლ.
13. და იყო, ოდეს გამომიყუანა მე სახლისაგან მამისა ჩემისა და ვარქუ მას: ესე სიმართლე ჰყო ჩემდა მომართ ყოველსავე ადგილსა, ვიდრეცა შევიდეთ მუნ, თქუ ჩემთჳს, ვითარმედ ძმაჲ ჩემი არს.
14. და მოიღო აბიმელიქ ათასი სასწორი ფასი და ცხოვარი და ზროხაჲ, მონები და მჴევლები და მისცა აბრაჰამს და მოსცა სარრა, ცოლი მისი.
15. და ჰრქუა აბიმელიქ აბრაჰამს: აჰა ესერა, ქუეყანა ესე წინაშე შენსა არს, სადაცა გთნავს, დაეშენე.
16. ხოლო სარრას ჰრქუა: აჰა ეგერა, მივეც ათასი სასწორ ძმასა შენსა. ესე გეყავნ შენ პატივ პირისა შენისა და ყოველთავე დედათა შენთანათა და ყოველივე ჭეშმარიტი ჰყვი.
17. და ილოცა აბრაჰამ ღმრთისა მიმართ და განკურნა ღმერთმან აბიმელიქ და ცოლი მისი და მჴევლები მისი და შობდეს.
18. რამეთუ დაჴშვით დაჴშა უფალმან გარეშე ყოველი საშოჲ სახლსა შინა აბიმელიქისასა სარრასთჳს, ცოლისა აბრაჰამისა.