წიგნი დაბადებისა, რომელსა ეწოდების ებრაელთაგან ბერესით

21

1. და მოჰხედა უფალმან სარრას, ვითარცა ჰრქუა და უყო ღმერთმან სარრას, ვითარცა ეტყოდა მას.

2. და მიუდგა და უშვა აბრაჰამს ძე სიბერისა ოდენ ჟამსა, ვითარცა ეტყოდა მას ღმერთი.

3. და უწოდა აბრაჰამ სახელი ძისა მისისა, რომელ-იგი უშვა სარრა, ისაკ.

4. და წინა-დასცჳთა აბრაჰამ ისაკს, ძესა თჳსსა, დღესა მერვესა, ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან.

5. ხოლო აბრაჰამ იყო ას წლისა, რაჟამს ესუა მას ისაკ, ძე თჳსი.

6. და თქუა სარრა: საცინელ მიქმნა მე ღმერთმან: ვის ესმეს, უხაროდის, ჩემ თანა.

7. და თქუას: ვინ უთხრას აბრაჰამს, ვითარმედ აწოებს ყრმასა სარრა, რამეთუ უშევ ძე სიბერესა ჩემსა.

8. და განორძნდა ყრმაჲ იგი და განეყენა სძესა და ყო აბრაჰამ სერი დიდი, რომელსა დღესა განეყენა სძესა ისაკ, ძე მისი.

9. და იხილა სარრა ძე აგარისი მეგჳპტელისა. რომელ-იგი ესვა აბრაჰამს, იმღერდა ისაკის თანა, ძისა მისისა.

10. მიუგო და ჰრქუა აბრაჰამს: განაძე მჴევალი ეგე და ძე მისი, რამეთუ არა დაიმკჳდროს ძემან მჴევლისამან ძისა ჩემისა ისაკის თანა.

11. ხოლო ფიცხელ იყო სიტყუაჲ ესე ფრიად წინაშე აბრაჰამისა ძისა მისისათჳს.

12. და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: ნუ ფიცხელ გიჩნს წინაშე შენსა ყრმისა მაგისთჳს და მჴევლისა, ყოველივე, რაჲცა გრქუას შენ სარრა. ისმინე ჴმისა მისისაჲ, რამეთუ ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავად.

13. ხოლო ძე-ცა ეგე მჴევლისა მაგის ვყო ნათესავად დიდად, რამეთუ თესლი შენი არს.

14. ხოლო აღდგა აბრაჰამ განთიად და მოიღო პური და თხიერითა წყალი და მისცა აგარს. და აღიკიდა იგი მჴართა თჳსთა და ყრმაჲ. და განვიდა იგი და შესცთა უდაბნოსა ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა.

15. მოაკლდა წყალი იგი თხიერისაჲ მისგან და დააგდო ყრმაჲ იგი ქუეშე ნერგსა ერთსა.

16. და წარვიდა ღა დაჯდა წინაშე მისსა შორს, ვითარ ისრის სატყორცებელ, რამეთუ თქუა: არა ვიხილო სიკუდილი ძისა ჩემისა, და ვითარ ჯდა წინაშე მისსა, ღაღად-ყო ყრმამან მან და ტიროდა.

17. შეისმინა ღმერთმან ჴმაჲ ყრმისაჲ მის ადგილით, სადა-იგი იყო, და უწოდა ანგელოზი უფლისა აგარს ზეცით და ჰრქუა: რაჲ არს, აგარ? ნუ გეშინინ, რამეთუ შეისმინა ღმერთმან ჴმაჲ ვედრებისა ყრმისა მაგის შენისა მიერ ადგილით, სადა-იგი არს.

18. აღდეგ უკუე და შეიყუარე ყრმაჲ შენი და უპყრა მას ჴელითა შენითა, რამეთუ ნათესავად დიდად ვყო ესე.

19. და აღუხილნა ღმერთმან თუალნი მისნი და იხილა ჯურღმული წყლისა ცხოველისა და მივიდა და აღავსო თხიერი იგი წყლითა და ასუა ყრმასა მას, და იყო ღმერთი ყრმისა მის თანა.

20. და აღორძნდა და დაეშენა უდაბნოსა და იყო იგი მეისარ.

21. და დაემკჳდრა უდაბნოსა მას ფარანისა, და მოჰგუარა მას დედამან მისმან ცოლი ქუეყანით ეგჳპტით.

22. მას ჟამსა ოდენ მიუგო აბიმელექ და ოქოზათ, ეზოჲსმოძღუარმან და ფიქოლ, ერისთავმან ერისა მისისამან, აბრაჰამს და ჰრქუა: ღმერთი შენ თანა არს ყოველსავე, რასაცა იქმ.

23. აწ უკუე მეფუცე მე, ღმერთსა, რათა არა მავნო, არცა ნათესავსა ჩემსა, ნუცა სახლსა ჩემსა, არამედ სიმართლისაებრ ჩემისა, რომელი ვყავ შენ თანა და ქუეყანასა მას. რომელსა დამკჳდრებულ ხარ შენ მას ზედა.

24. და ჰრქუა მას აბრაჰამ: მე უკუე გეფუცო შენ.

25. და ამხილა აბრაჰამ აბიმელექს ჯურღმულთა მათთჳს წყლისათა, რომელ-იგი მოუღიეს მწყემსთა მათ აბიმელექისთა.

26. ჰრქუა აბიმელექ აბრაჰამს: არა ვიცი, ვინ ყო საქმე ეგე. არცა შენ მითხარ, არცა მე მესმა, არამედ დღეს ხოლო.

27. მოასხა აბრაჰამ ცხოვარი და ზროხაჲ და მისცა აბიმელექს და აღითქუეს ორთავე აღთქუმა.

28. დაადგინა აბრაჰამ შჳდნი ტარიგნი თჳსაგან.

29. და ჰრქუა აბრაჰამს აბიმელექ: რაჲ არიან შჳდნი ესე ტარიგნი ცხოვართანი, რომელ-ესე დაადგინენ თჳსაგან?

30. მიუგო აბრაჰამ და ჰრქუა: რამეთუ შჳდნი ესე ტარიგნი მიიბნე ჩემგან. რათა იყვნენ ჩემდა საწამებელად, რამეთუ მე ვთხარე ჯურღმული ესე.

31. ამისთჳს უწოდა სახელი ადგილსა მას ჯურღმულ ფიცისა.

32. რამეთუ მუნ იფიცნეს ურთიერთას და აღითქუეს აღთქუმაჲ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა. და აღდგა აბიმელექ და ოქოზათ, მზახალი იგი მისი, და ფიქორ, ერისთავი ერისა მისისაჲ, და წარვიდეს ქუეყანად ფილისტიმედ.

33. დაასხა აბრაჰამ ყანაჲ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა და ჰხადა მუნ სახელი უფლისა ღმრთისა საუკუნოჲ.

34. და დაემკჳდრა აბრაჰამ ქუეყანასა მას ფილისტიმისასა დღეთა მრავალთა.

22

1. და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ და ჰრქუა მას: აბრაჰამ, აბრაჰამ. ხოლო მან თქუა: აჰა, მე.

2. და ჰრქუა მას: მოიყუანე ძე შენი ისაკი და წარვედ ქუეყანასა მაღალსა და შეწირე იგი მუნ ყოვლად დასაწველად ერთსა ზედა მთათაგანსა, რომელსა მე გრქუა შენ.

3. აღდგა აბრაჰამ განთიად და აღსხნა კარაულსა თჳსსა და წარიყვანნა მის თანა ორნი მონანი და ისაკ, ძე თჳსი, და დაკოდა შეშაჲ მსხუერპლისათჳს, და აღდგა და წარვიდა, და მოვიდა ადგილსა მას, რომელსაცა ჰრქუა მას ღმერთმან მესამესა დღესა.

4. და აღიხილნა აბრაჰამ თუალნი თჳსნი და იხილა ადგილი იგი შორით.

5. და ჰრქუა აბრაჰამ მონათა თჳსთა: დასხედით მანდა კარაულისა თანა, და მე და ყრმაჲ ვსე წარვიდეთ ვიდრე იქიმდე და თაყუანისს-ვსცეთ და თქუენდავე მოვაქციოთ.

6. წარიღო აბრაჰამ შეშაჲ მსხუერპლისაჲ და აღჰკიდა ისაკს, ძესა თჳსსა. და მოიღო ცეცხლიცა ჴელითა თჳსითა და დანაკი. და წარვიდეს ორნი-ვე ზოგად.

7. ჰრქუა ისაკ აბრაჰამს, მამასა თჳსსა: თქუ, მამაო. ხოლო მან ჰრქუა: რაჲ არს, შჳლო? და ისაკ ჰრქუა: აჰა ცეცხლი და შეშაჲ; სადა არს ცხოვარი მსხუერპლისაჲ?

8. ხოლო აბრაჰამ ჰრქუა: ღმერთმან იგულოს თავისა თჳსისა ცხოვარი მსხუერპლად, შჳლო წარვიდეს ორნივე ზოგად.

9. და მიიწივნეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქუა მას ღმერთმან. და აღაშენა აბრაჰამ საკურთხეველი და დაასხა შეშაჲ. და შეკრა ისაკი, ძე თჳსი, და დადვა იგი საკურთხეველსა მას ზედა შეშასა თანა.

10. და განყო ჴელი თჳსი მოღებად მახჳლისა დაკლვად ძისა თჳსისა.

11. ხოლო უწოდდა ანგელოზი უფლისა ზეცით და ჰრქუა: აბრაჰამ. აბრაჰამ. და მან თქუა: აჰა მე.

12. და ჰრქუა მას. ნუ მიჰყოფ ჴელსა შენსა ყრმისა მაგის ზედა, ნუ-ცა რას უყოფ მას. აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისაჲ და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს.

13. და აღიხილნა თუალნი თჳსნი აბრაჰამ და იხილა: და აჰა, ვერძი ერთი გამოკიდებულ იყო რქათაგან ნერგსა საბეკსა, რქათა მიერ. და მივიდა აბრაჰამ და მოიბა ვერძი იგი და შეწირა იგი მსხუერპლად უფლისა ისაკის წილ, ძისა თჳსისა.

14. და უწოდა აბრაჰამ სახელი ადგილსა მას "უფალმან იხილა", რომელსა ჰრქჳან დღესა მთასა მას "უფალი გამოჩნდა".

15. და უწოდა ანგელოზი უფლისა აბრაჰამს მეორედ ზეცით და ჰრქუა.

16. თავსა ჩემსა ვფუცე, თქუა უფალმან, ვინათგან ჰყავ სიტყაჲ ესე. და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს.

17. კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო ნათესავი შენი, ვითარ-ცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსკიდისაჲ. და დაიმკჳდროს ნათესავმან შენმან ქალაქები იგი მტერთა.

18. და იკურთხეოდიან შენდა მომართ და ნათესავისა შენისა მომართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, ამისთჳს რამეთუ ისმინე ჴმისა ჩემისა.

19. და მიიქცა აბრაჰამ მონათა თჳსთა თანა. და აღდგეს და წარვიდეს. ერთბამად ჯურღმულად ფიცისა და დაეშენა აბრაჰამ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა.

20. და იყო, შემდგომად სიტყუათა ამათ უთხრეს აბრაჰამ და ჰრქუეს: აჰა ესერა, უშვა მელქამანცა ძეებ ნაქორს, ძმასა შენსა.

21. ოქს პირმშოჲ და კავქს, ძმაჲ მისი, და კამოელ მამაჲ ასურთაჲ.

22. და ქაზათ და აზავ და ფალდას და ალაბ და ბათოელ.

23. და ბათოელს ესუა რებეკა. რვანი ესე ძენი, რომელნი უსხნა მელქა ნაქორს, ძმასა აბრაჰამისსა.

24. და ხარჭმან მისმან, რომელსა ერქუა რეჰმა, შვა მანცა, ბაეკ და ტაბეკ და ტოქოს და მუქან.

23

1. იყო ცხორებაჲ სარრასი ასოცდაშჳდ წელ.

2. და მოკუდა სარრა ქალაქსა შინა არბოკსა, რომელ არს ღელოვანსა მას, ესე იგი არს, ქებრონი ქუეყანასა ქანანისსა. მოვიდა აბრაჰამ ტყებად სარრასა და გლოვად.

3. და აღდგა აბრაჰამ მკუდრისა მისგან და ჰრქუა ძეთა ქეტისთა მეტყუელმან:

4. მწირ და წარმავალ ვარ მე თქუენ თანა. მომეცით მე ადგილი საფლავისაჲ თქუენ შორის და დავფლა მკუდარი ჩემი ჩემგან.

5. მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ და ჰრქუეს.

6. რად უფალო? ისმინე ჩუენი: მეფე ხარ ღმრთისა მიერ. ჩვენ შორის რჩეულთა საფლავთა დაჰფალ მკუდარი შენი არა ვინ ჩუენგანმან დააყენოს საფლავი მისი შენგან დაფლვად მკუდარი შენი მუნ.

7. აღდგა აბრაჰამ და თაყუანი-სცა ერსა მას მის ქუეყანისასა, ძეთა ქეტისთა.

8. და ეტყოდა მათ და ჰრქუა: უკუეთუ გულითად გნებავს, რათა დავჰფლა მკუდარი ჩემი პირისაგან ჩემისა; ისმინეთ ჩემი და ეტყოდეთ ჩემთჳს ეფრონს, ძესა სარისსა.

9. და მომეცინ მე ქუაბი მრჩობლი. რომელ არს მისი, რომელ-იგი არს ერთკერძო აგარაკსა მისსა, ვეცხლის რაჲ ღირდეს, მომეცინ მე იგი თქუენ შორის მონაგებად საფლავისა.

10. ხოლო ეფრონ ჯდა შორის ძეთა ქეტისთა, მიუგო ეფრონ ქეტელმან აბრაჰამს და ჰრქუა წინაშე ძეთა ქეტისთა და ყოველთა, რომელნი შევიდეს ქალაქად.

11. და ჰრქუა: ჩემდა მოიხილე, უფალო და ისმინე ჩემი: აგარაკსა მას და ქუაბსა, რომელ არს მას შინა, შენ მიგცემ, წინაშე ყოველთა მოქალაქეთა ჩემთა დაჰფალ მუნ მკუდარი შენი.

12. თაყუანის-სცა აბრაჰამ წინაშე ყოვლისა ერისა მის ქუეყანისა.

13. და ჰრქუა ეფრონს ყურთა მიმართ ყოვლისა ერისა მის ქუეყანისათა: რამეთუ ჩემ კერძო ხარ, ისმინე ჩემი, ვეცხლი აგარაკისა მის მიიღე ჩემგან და დავფლა მკუდარი ჩემი მუნ.

14. და მიუგო ეფრონ აბრაჰამს და ჰრქუა:

15. არა, უფალო, რამეთუ მასმიეს, ვითარმედ ქუეყანა ოთხასისა დიდრაქმისა ვეცხლისა არს, არამედ შენ შორის და ჩემ შორის რაჲ არს ესე? ხოლო შენ დაჰფალ მკუდარი შენი.

16. და ისმინა აბრაჰამ ეფრონისი და მისცა აბრაჰამ ეფრონს ვეცხლი იგი, რომელ თქუა ეფრონ წინაშე ძეთა ქეტისთა, ოთხას დიდრაქმაი ვეცხლი გამოცდილითა სავაჭროჲთა.

17. და დაამტკიცა აგარაკი იგი ეფრონისი. რომელი იყო ქუაბსა მა~ მრჩობლსა, რომელ არს პირისპირ წინაშე მამბრესსა აგარაკი იგი და ქუაბი, რომელი იყო მას შინა და ყოველი ხე, რომელი იყო აგარაკსა შინა, რომელ არს საზღვართა მისთა გარემო.

18. ესე მოიგო აბრაჰამ წინაშე ძეთა ქეტისთა და ყოველთა შემავალთა ქალაქისათა.

19. და ამისსა შემდგომად დაჰფლა აბრაჰამ ცოლი თჳსი სარრა, ქუაბსა მას შინა აგარაკისასა მრჩობლსა, რომელ არს წინაშე მამბრესსა. ესე იგი არს, ქებრონი ქუეყანასა ქანანისასა.

20. და დაამტკიცნა აგარაკი იგი და ქუაბი, რომელ იყო მას შინა აბრაჰამისად, მოსაგებად საფლავი ძეთაგან ქეტისთა.

24

1. და იყო აბრაჰამ მოხუცებულ და გარდასრულ დღეთა და უფალმან აკურთხა აბრაჰამ ყოვლითა-ვე.

2. და ჰრქუა აბრაჰამ მონასა თჳსსა უხუცესსა სახლისა მისისასა, მთავარსა მას ყოვლისასა, რომელ-რაჲ იყო მისი: დამდევ ჴელი შენი წყვილთა ჩემთა.

3. და გაფუცო შენ უფალსა ღმერთსა ცათასა და ქუეყანისასა, რათა არა მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ისაკს ასულთაგან ქანანელთასა, რომელთა თანა მე დამკჳდრებულ ვარ მათ შორის.

4. არამედ ქუეყანით ჩუენით, ვინა-იგი ვიყავ მე, მუნ წარხჳდე ნათესავთა ჩემთა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ისაკს მიერ.

5. ჰრქუა მას მონამან მან უკეთუ არა ინებოს დედაკაცმან მოსლვად ჩემ თანა ქუეყანასა ამას, მივაქციოა ძე შენი ქუეყანასა მას, ვინა-ცა გამოხუედ შენ მიერ?

6. ჰრქუა მას აბრაჰამ: ეკრძალე თავსა შენსა, ნუ მიაქცევ ძესა ჩემსა მუნ.

7. უფალმან ღმერთმან ცისამან და ღმერთმან ქუეყანისამან, რომელმან გამომიყუანა მე სახლისაგან მამისა ჩემისა და ქუეყანისა მისგან, რომელსა ვიშევ, რომელ-იგი მეტყოდა მე და მეფუცა და მრქუა: შენ მიგცე ქუეყანაჲ ესე და ნათესავსა შენსა, მან წარავლინოს ანგელოზი მისი წინაშე შენსა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა მუნით.

8. ხოლო უკუეთუ არა ინებოს დედაკაცმან მოსლვაჲ ჩუენ თანა ქუეყანასა ამას, უბრალო იყო შენ ფიცისა ამისგან, გარნა ძესა ჩემსა ნუ მიაქცევ მუნ

9. და დასდვა ჴელი მონამან მან წყჳლთა აბრაჰამისთა, უფლისა თჳსისათა, და ეფუცა მას სიტყჳსა ამისთჳს.

10. და წარიყუანა მონამან მან ათი აქლემი აქლემთაგან უფლისა თჳსისათა და ყოვლისაგან კეთილისა უფლისა თჳსისა თავისა თჳსისა თანა და აღდგა და წარვიდა შუამდინარედ ქალაქად ნაქორისაჲ.

11. და დააწვინნა აქლემნი იგი გარეშე ქალაქსა ჯურღმულსა მას თანა მიმწუხრი, რაჟამს გამოვლენედ მერწყულნი.

12. და თქუა: უფალო ღმერთო, უფლისა ჩემისა აბრაჰამისო, წარმიმართე მე წინაშე ჩემსა დღეს და ყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა.

13. აჰა ესერა, ვდგა მე წყაროსა ამას ზედა წყლისასა და ასულნი ამის ქალაქისა მკჳდრნი გამოვლენ ვსებად წყლისა.

14. და იყოს ქალწული. რომელსა ვჰრქუა მე: მომიდრიკე მე სარწყული შენი, რათა ვსუა მე. ხოლო მან მრქუას: შენცა სუ და აქლემთაცა შენთა ასუ, ესე არს დედაკაცი, რომელი განუმზადე მონასა შენსა ისაკს. და ამით ვცნა, რამეთუ ჰყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა.

15. და ვიდრე აღსრულებადმდე სიტყუათა ამათ გონებასა შინა. მუნთქუეს-ვე რებეკა გამოვიდოდა, შობილი ბათოელისი, ძისა მელქასი, ცოლისა ნაქორისა, ძმისა აბრაჰამისაჲ, და აქუნდა სარწყული მჴართა თჳსთა.

16. ხოლო ქალწული შუენიერ იყო ხილვითა ფრიად, და ქალწული იყო, მამაკაცი არა უწყოდა მან. და შთავიდა წყაროსა მას და აღმოავსო სარწყული და აღმოვიდა.

17. ხოლო მირბიოდა ყრმაჲ მიგებებად მისსა და ჰრქუა მას: მეც მე წყალი, ისწრაფა და გარდამოიღო სარწყული იგი მისგან.

18. და თქუა: სუ, უფალო. და ასუა.

19. ვიდრე განძღებოდა სმითა. და თქუა: აქლემთაცა შენთა ვასუა, ვიდრემდის ყოველთა სუან.

20. ისწრაფა და წარმოაცალიერა სარწყული ისარნებსა შინა. და მირბიოდა მერმეცა ჯურღმულისა მიმართ აღმოვსებად წყლისა და ასვა ყოველთავე აქლემთა.

21. ხოლო კაცი შეისწავლიდა მას და ზომდა ცნობად, უკუეთუ კეთილ-ყო ღმერთმან გზაჲ მისი, ანუ არა.

22. და იყო, ვითარცა დასცხრეს ყოველნი აქლემნი სმისაგან, მოიხუნა კაცმან საყურნი ოქროჲსანი თითოჲ დიდრაქმისა საწონისანი და ორნი სალტენი ჴელთა მისთა ოქროჲ საწონი მათნი.

23. და ჰკითხა მას და ჰრქუა: ასული ვისი ხარ. შენ? მითხარ მე. უკუეთუ არს მამისა შენისა თანა ადგილი ჩემთჳს დავანებად.

24. და ჰრქუა მან მას: ასული ბათოელისი ვარ მე მელქაჲსისაჲ, რომელი უშვა მან ნაქორს.

25. და ჰრქუა მას: ბზე-ცა და თივაჲ არს ჩუენდა და ადგილი დავანებად.

26. და სთნდა კაცსა მას და თაყუანის-სცა უფალსა.

27. და თქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი. რომელმან არა დამაკლო სიმართლე მისი და ჭეშმარიტებაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამისგან, მე მომიძღუა უფალი სახიდ ძმისა უფლისა ჩემისა

28. და მირბიოდა ქალი და მიუთხრა სახლსა დედისა თჳსისასა მსგავსად სიტყუათა ამათ.

29. ხოლო რებეკას ძმაჲ იყო, რომლისა სახელი ლაბან. და მირბიოდა კაცისა მიმართ გარე წყაროსა ზედა.

30. და იყო ვითარცა იხილნა სალტენი და საყურნი ჴელთა ზედა დისა თჳსისათა, რამეთუ ესმნეს სიტყუანი დისა მისისა რებეკას მეტყუელისანი: ესრეთ მეტყოდა მე კაცი, და მოვიდა კაცისა მომართ, დგა რა იგი აქლემთა თანა წყაროსა ზედა.

31. და ჰრქუა მას: მოედ, შემოვედ კურთხეულ არს უფალი, რაჲსათჳს სდგა გარე? რამეთუ მე განმიმზადებიეს სახლი ღა ადგილი აქლემთა.

32. და შევიდა კაცი სახიდ და გარდატჳრთნა აქლემნი და მისცა ბზე და თივაჲ აქლემთა და წყალი დასაბანელად ფერჴთა მისთა და ფერჴთა მისთანათა კაცთასა.

33. და დაუგნა მან პურნი ჭამად. და თქუა მან: არა ვჭამო ვიდრე თქუმადმდე სიტყუათა ჩემთა.

34. და ჰრქუა მონაჲ აბრაჰამისი ვარ მე.

35. უფალმან აკურთხა უფალი ჩემი ფრიად, და ამაღლდა. და მისცნა მას ცხოვარნი და ზროხანი, ოქროჲ და ვეცხლი, აქლემი და ვირნი.

36. და უშვა სარრა, ცოლმან უფლისა ჩემისამან, ძე ერთი უფალსა ჩემსა შემდგომად დაბერებისა მისისა და მისცა მას ყოველი, რაოდენი-რაჲ იყო მისი.

37. და მაფუცა მე უფალმან ჩემმან მეტყუელმან: არა მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ასულთაგან ქანანელთასა, რომელთა თანა მე მკჳდრ ვარ ქუეყანასა მათსა.

38. არამედ სახიდ მამისა ჩემისა წარხჳდე და ტომისა მიმართ ჩემისა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა, ისაკს, მუნით.

39. ხოლო მე ვარქუ: უკუეთუ არა მოვიდეს დედაკაცი ჩემ თანა?

40. და მრქუა მე უფალმან ღმერთმან, რომლისა სათნო-ვიქმენ წინაშე მისსა, მან წარმოავლინენ ანგელოზი თჳსი შენ თანა და წარმართენ გზა შენი და მოგუარო ცოლი ძესა ჩემსა ტომისაგან ჩემისა და სახლისაგან მამისა ჩემისა.

41. მაშინ უბრალო იყო წყევისაგან ჩემისა, ხოლო რაჟამს წარხჳდე ტომისა მიმართ ჩემისა და არა მოგცენ შენ და იყო უბრალო ფიცისაგან.

42. და მო-რა-ვედ მე დღეს წყაროსა ზედა, ვთქუ: უფალო ღმერთო უფლისა ჩემისა აბრაჰამისო! უკუეთუ შენ გზა კეთილ ჰყოფ გზასა ჩემსა, რომელსა ზედა ვალ მე.

43. აჰა, მე ვდგა წყაროსა ზედა წყლისასა, ხოლო ასულნი კაცთა ქალაქისათანი გამოვლენ ვსებად წყლისა. და იყოს ქალწული, რომელსაცა ვჰრქუა მე: მასუ მცირედი წყალი სარწყულისაგან შენისა.

44. და მრქუას მე: და შენ სუ და აქლემთაცა შენთა ვასუა, ესე დედაკაცი არს, რომელი განუმზადა უფალმან მსახურსა თჳსსა ისაკს, და ამით ვცნა, ვითარმედ უყავ წყალობაჲ უფალსა ჩემსა აბრაჰამს.

45. და იყო პირველ დასრულებისა ჩემგან, მეტყუელისა გონებასა შინა, მეყსეულად რებეკა გამოვიდოდა მქონებელი სარწყულისა მჴართა ზედა. და შთავიდა წყაროსა ზედა და აღმოივსო. ხოლო ვარქუ მას: მასუ მე.

46. და მოსწრაფე ქმნილმან შთა-მოიღო სარწყული თავისაგან თჳსისა და თქუა: სუ შენცა ღა აქლემთაცა შენთა ვასუა. და აქლემთაცა ასუა.

47. და ვჰკითხე მას და ვარქუ: ვისი ხარ ასული? ხოლო მან თქუა: ასული ბათოელისი, რომელი უშვა მელქა. და შეუსხენ მას საყურნი და სალტენი ჴელთა მისთა.

48. და სათნო ჩენილმან თაყუანის-ვეც უფალსა და ვაკურთხე უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი, რომელმან წარმიმართა მე გზასა ჭეშმარიტებისასა მიყვანებად ასულისა ძმისა უფლისა ჩემისა ძისა მისისათჳს.

49. აწ უკუეთუ ჰყოფთ ვიდრემე თქუენ წყალობასა და სიმართლესა უფლისა თანა ჩემისა, მითხართ მე, ხოლო უკუეთუ არა, რათა მივაქციო მარჯუენით, ანუ მარცხენით.

50. მიუბეს ლაბან და ბათოელ და თქუეს: უფლისაგან გამოვიდა ბრძანებაჲ ესე. ვერ ძალ-გჳც უკუე წინააღდგომად, თქუმად ჰავ-კარგობისა.

51. აჰა, რებეკა წინაშე შენსა, მიიყუანე და განისწრაფე და ეყავნ ცოლ ძესა უფლისა შენისასა, ვითარცა თქუა უფალმან.

52. ხოლო იყო ყრმისაგან სმენასა აბრაჰამისსა სიტყუათა მათთასა, თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა უფალსა.

53. და გამომღებელმან ყრმამან ჭურჭლისა ოქროჲსა და ვეცხლისა და შესამოსლისა და მისცნა რებეკას. და ძღუენი მისცა ძმასა მისსა და დედასა მისსა.

54. და ჭამეს და სუეს მან და მისთანათა მყოფთა კაცთა. და დაიძინეს და აღ-რაჲ-დგა განთიად ყრმაჲ იგი და თქუა: განმავლინე მე, რათა წარვიდე უფლისა ჩემისა.

55. მიუგეს ძმათა რებეკასთა და დედამან და ჰრქუეს: იყავნ ჩუენ თანა ქალწული ესე ვითარ აწ დღე ოდენ ათთა და ამისსა შემდგომად წარვიდეთ.

56. ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ მაბრკოლებთ მე, რამეთუ უფლისა მიერ წარმემართა გზაჲ ჩემი, წარმგზავნეთ მე და წარვიდე უფლისა ჩემისა.

57. ხოლო მათ ჰრქუეს: მოუწოდეთ ქალწულსა მასცა და ვჰკითხოთ პირსა მისსა.

58. და მოუწოდეს რებეკას და ჰრქუეს: წარხჳდეა კაცისა ამის თანა? ხოლო მან თქუა: წარვიდე.

59. და წარგზავნეს რებეკა, დაჲ მათი, და ზითევი მისი და მონაჲ იგი აბრაჰამისი და მისთანანი ყოველნი.

60. და აკურთხეს რებეკა, დაჲ მათი, და ჰრქუეს: დაჲ ჩუენი ხარ შენ, იყავ ათასეულად ბევრეულთა და დაიმკჳდრონ ნათესავმან შენმან ქალაქები მტერთაჲ.

61. აღდგა რებეკა და შიმუნვარნი მისნი და აღსხდეს აქლემებსა ზედა და წარვიდეს, კაცისა მის თანა და წარიყუანა მონამან მან რებეკა და წარვიდა.

62. ხოლო ისაკ იქცეოდა უდაბნოსა, ჯურღმულსა მას თანა ხილვისასა, რამეთუ იგი დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას სამხრითკერძოსა.

63. და განსრულ იყო იგი ველად განცხრომად მიმწუხრი. და აღმხილველმან თუალთამან იხილნა აქლემნი მომავალნი ათნი.

64. და მიადგნა რებეკა თუალნი თჳსნი და იხილა ისაკ შთამავალი სწრაფი აქლემთა მომართ.

65. და ჰრქუა მონასა მას: ვინ არს კაცი ესე, რომელი მოგებებად ჩუენდა? ხოლო მან ჰრქუა: ესე უფალი ჩემი. და გარდამოჴდა იგი აქლემისა მისგან და მოიღო თერისტროჲ და გარე მოისხა.

66. მაშინ მიუთხრა მონამან მან ისაკს ყოველივე ესე სიტყუაჲ, რაჲცა ყო.

67. ხოლო შევიდა ისაკ სახიდ დედისა თჳსისასა და შეიყუანა რებეკა და იყო იგი მისა ცოლად. და შეიყუარა იგი და ნუგეშინის-იცა ისაკ სარრაჲსთჳს დედისა თჳსისა.

25

1. მერმე შესძინა აბრაჰამ და მოიყუანა ცოლი, რომელსა სახელი ერქუა ქეტურა.

2. და უშვა მას ზემბრან და იეკტან და მანადან და მადიამ, იესბოკამ და სუვიე.

3. და იეკტან შვა სამან და თემან და დედან. და ძენი დედანისნი იყუნეს: რაგველ და ნაბდიელ და სურინ და ლატუსინ და ლომიმ.

4. და ძენი მადიამისნი: გეფარ და აფერ და ენოქ და აბიდრა და სერგამაჲ. ესე ყოველნი იყვნეს ძენი ქეტურაჲსნი.

5. და მისცა აბრაჰამ ყოველივე მონაგები ისაკს, ძესა თჳსსა.

6. და ძეთა მათ ხარჭთა მისთასა სცა საცემელი და განავლინნა იგინი ისაკისგან, ძისა თჳსისა, ცხორებასავე თჳსსა აღმოსლვად ქუეყანად აღმოსავალთასა.

7. ესე არიან წელნი დღეთა აბრაჰამისთანი, რაოდენ ცხოვნდა ასსამეოცდაათხუთმეტ წელ.

8. და მოკუდა აბრაჰამ სიბერითა კეთილითა მოხუცებული ღა დღითა სავსე და შეეძინა ერსა თჳსსა.

9. და დაფლეს იგი ისაკ და ისმაელ, ძეთა მისთა, ქუაბსა მრჩობლსა, აგარაკსა მას ეფრონისსა, ძისა საარისსა ქეტელისასა, რომელ არს წინაშე მამბრესსა.

10. აგარაკი იგი და ქუაბი, რომელ მოიგო აბრაჰამ ძეთაგან ქეტისთა, მუნ დაჰფლეს აბრაჰამ და სარრა, ცოლი მისი.

11. და იყო, შემდგომად სიკუდილისა აბრაჰამისა აკურთხა ღმერთმან ისაკი, ძე მისი. და დაემკჳდრა ისაკ ჯურღმულსა მას თანა ხილვისასა.

12. და ესე შობანი არიან ისმაელისნი, ძისა აბრაჰამისნი, რომელ უშვა აგარ მეგჳპტელმან, მჴევალმან აბრაჰამს.

13. და ესე სახელები არს ძეთა ისმაელისთა მსგავსად სახელებისა ნათესავთა მათთასა: პირმშოჲ ისმაელისი-ნაბეოთ და კედარ და აბდიელ, მასმან.

14. და მასონ და იდუმა და მასე.

15. და ქოლდადად და თემან, და ესტურ და ნაფეს და კედნაჲ.

16. ესე არიან ძენი ისმაელისნი ესე არს სახელები მათი კარვებსა მათსა და ეზოთა შინა მათსა, ათორმეტნი მთავარნი ნათესავთა მათთანი.

17. და ესე არიან წელნი დღეთა ცხორებისა ისმაელისანი: ასოცდაჩჳდმეტ წელ. და მოკლებით მოკუდა და შეეძინა ნათესავსა თჳსსა.

18. და დაეშენა ევლათიდგან ვიდრე სურდამდე, რომელ არს წინაშე პირსა ეგჳპტისასა ვიდრე მოსულადმდე ასურასტანელთა წინაშე, პირსა ყოველთა ძმათა მისთასა დაემკჳდრა.

19. და ესე შობანი არიან ისაკისნი, ძისა აბრაჰამისნი: აბრაჰამ შვა ისაკ.

20. და იყო ისაკ ორმეოცდასამთა წლისა, ოდეს მოიყუანა რებეკა, ასული ბათოელისი, ასურისა შუამდინარით, დაჲ ლაბანისი, თჳსსა ცოლად

21. და ევედრებოდა ისაკ ღმერთსა, ცოლისა თჳსისა რებეკასთჳს, რამეთუ ბერწ იყო. და შეისმინა მისი ღმერთმან და მუცლად-იღო ცოლმან მისმან, რებეკა

22. და ჰკრთებოდეს ყრმანი მუცელსა მისსა და თქუა: უკუეთუ ესრეთ ყოფად არს ჩემდა, რაჲსათჳსმე ესე ჩემდა? და წარვიდა იგი კითხვად უფლისა მიერ.

23. და ჰრქუა მას უფალმან: აჰა ეგერა, ორი ნათესავი არს მუცელსა შენსა და ორნი ერნი მუცლისა შენისაგან გამოვიდენ. და ერი ერსა წარემატოს და უხუცესი ჰმონებდეს მრწემსა.

24. და აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი და იყვნეს მარჩბივნი მუცელსა მისსა.

25. და გამოვიდა პირმშოჲ იგი მწითური ყოვლად, ვითარცა ტყავი ფაჩუნიერი. და დასდვა მას სახელი ესავ. და ამისსა შემდგომად გამოვიდა ძმაჲ მისი და ჴელი მისი მოხეული იყო ბრჭალსა ესავისსა და უწოდა სახელი მისი იაკობ.

26. და ისაკ იყო სამეოცსა წელსა, რომელსა ჟამსა შვნა იგინი რებეკა

27. აღორძნდეს ჭაბუკნი ესე. და იყო ესავ მეცნიერ ნადირობად, მეველე. ხოლო იაკობ - კაცი უმანკოჲ, მყოფ სახლსა შინა.

28. უყვარდა ისაკს ესავ, რამეთუ ნადირი მისი იყო საზრდელად მისა, და რებეკას უყვარდა იაკობ.

29. შეგბოლა იაკობ გბოლვილი. და მოვიდა ესავ ველით დამაშურალი.

30. და ჰრქუა ესავ იაკობს: გემო მაჩუენე მე მგბარისა მისგან ოსპისანი, რამეთუ მოუძლურდი. ამისთჳს ეწოდა სახელი მისი ედომ.

31. და ჰრქუა იაკობ ესავს: მომეც მე დღეს პირმშოებაჲ შენი.

32. ჰრქუა მას ესავ: აჰა ესერა, მე მივახ აღსრულებად და ჩემდა რაჲ სარგებელ არს პირმშოებაჲ ესე?

33. ჰრქუა მას იაკობ: მეფუცე მე დღეს. და ეფუცა მას და მისცა პირმშოებაჲ თჳსი იაკობს.

34. ხოლო იაკობ სცა ესავს პური და მგბარი ოსპნისა. ჭამა და სუა, აღდგა და წარვიდა. და განაქარვა ესავ პირმშოებაჲ თჳსი.