წიგნი დაბადებისა, რომელსა ეწოდების ებრაელთაგან ბერესით

36

1. ესე შობანი არიან ესავისნი, ესე იგი არს ედომ.

2. და მოიყვანნა ესავ თავისა თჳსისა ცოლნი მისნი ასულთაგან ქანანისთა: ადან, ასული სელონისი ქეტელისა, და ოლიბემან, ასული ენანისი, ძისა სებეგონისი ეველისა.

3. და ბასემათ, ასული ისმაელისი, დაჲ ნაბეოთისი.

4. და უშვა მას - ადან ესავს ელიფას და ბასიმათ უშვა რაგოელ.

5. და ოლიბემან უშვა იეულ და ეგლომ და კორე. ესე ძენი ესავისნი, რომელნი ესხნეს მას ქუეყანასა ქანანისასა.

6. წარიყუანა ესავ ცოლნი თჳსნი, ძენი და ასულნი თჳსნი და ყოველი კაცი სახლისა თჳსისა და ყოველივე მონაგები მისი და ყოველი საცხოვარი და ყოველი ძენი თჳსნი და ყოველივე, რაჲცა მოეგო ქუეყანასა ქანანისსა, და წარვიდა ქუეყანით ქანანისათ პირისაგან იაკობისა, ძმისა თჳსისა.

7. რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად და ვერ ეძლო მკჳდრობად ერთად და ვერ ეძლო ქუეყანასა მწირობისა მათისასა ტჳრთვად მათა სიმრავლისაგან მონაგებთა მათთასა.

8. და დაეშენა ესავ მთასა სეირსა, და ესე იგი არს, ედომ.

9. ესე შობანი არიან ესავისნი, მამისა ედომისნი, მთასა სეირსა.

10. და ესე სახელები არს ძეთა ესავისთაჲ: ელიფას, ძე ადასი, ცოლისა ესავისი, როგოველ, ძე ბასემათისი, ცოლისა ესავისი.

11. იყუნეს ძენი ელიფასნი: თემან, ომარ, სოფორ, გოთომ, კენეზ.

12. ხოლო თამნა, ხარჭმან ელიფასისმან, ძისა ესავისმან, უშვა ელიფაზს ამალეკი. ესე ძენი ადასნი, ცოლისა ესავისნი.

13. და ესე არიან ძენი რაგოელისნი: ნაქეთ, ზარეთ, ბოსრ და მოზე. ესე იყვნეს ძენი ბასემათისნი, ცოლისა ესავისნი.

14. და ესე იყვნეს ძენი ოლიბემასნი, ასულისა ენანისნი, ძისა სებეგორისა; ცოლისა ესავისნი. და უშვა ესავს იეოლ და იეგლონ და კორე.

15. ესე იყვნეს მთავარნი, ძენი ესავისნი: ძენი ელიფასნი, პირმშო ესავისი: მთავარი თემან, მთავარი ომარ, მთავარი სოფარ, მთავარი კინეზ.

16. მთავარი კორე, მთავარი გოთომ, მთავარი ამალეკ. ესე არიან მთავარნი ელიფასისნი ქუეყანასა იდუმიასასა. ესე ძენი ადასნი.

17. და ესე ძენი რაგოელისნი, ძისა ესავისნი: მთავარი ნაქეთ, მთავარი ზარეთ, მთავარი ომეთ, მთავარი მოზე. ესე მთავარნი რაგოელისნი ქუეყანასა ედომისასა. ესე ძენი ბასემათისნი, ცოლისა ესავისნი.

18. და ესე ძენი ილიბემასნი, ცოლისა ესავისნი: მთავარი იულ, მთავარი ეგლომ, და მთავარი კორე. ესე მთავარნი ილიბემასნი. და ესე ძენი ესავისნი.

19. და ესე მთავარნი მათნი. ესე არიან ძენი ედომისნი.

20. ხოლო ესე ძენი სეირისნი ქორელისანი, რომელი დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას ლოტანისსა: სობალ, სებეგონ, ანა.

21. და დესონ, ასარ და რისონ. ესე მთავარნი სეირის ქორელისანი. ქუეყანასა ედომისსა.

22. ხოლო იყვნეს ძენი, ლოტანისანი: ქორრი და ემან, ხოლო დაჲ ლოტანისნი თამნა.

23. და ესე ძენი სობალისნი: გოლომ და მანაქათ, და გებელ, სოფ და ონან.

24. და ესე ძენი სებეგონისნი: ეე და ესან. ესე იგი არს ენან, რომელმან პოვა იამინი უდაბნოსა, რაჟამს-იგი აძოებდა კარაულთა სებეგონისთა, მამისა თჳსისათა.

25. და ესე ძენი ენანისნი: დესონ და ელიბემა, ასული ინანისი.

26. ხოლო ესე ძენი დესონისნი: ამა და აბამა და იეთრამ და ქარრან.

27. ესე ძენი ასარისნი: ბალაამ და ზუკამ და იოვიკამ და ოკამ.

28. და ესე ძენი რისუნისნი: ოს და არრან.

29. ესე მთავარნი ქორისნი: მთავარი ლუტან, მთავარი სობალ, მთავარი სებეგონ, მთავარი ენან.

30. მთავარი ასარ, მთავარი დესონ, მთავარი რისონ. ესე მთავარნი სამთავროსა მათსა ზედა ქუეყანასა მას ედომისასა.

31. და ესე მეფენი, რომელნი მეფობდეს ქუეყანასა ედომისასა ვიდრე მეფისა ყოფადმდე ისრაჱლსა ზედა.

32. და მეფობდა ედომს ბალაკ, ძე ბეორისი, და სახელი ქალაქისა მისისა დენნაბა.

33. მოკუდა ბალაკ და მეფობდა მის წილ იობაბ, ძე ზარასი, ბოსორელი.

34. მოკუდა იობაბ და მეფობდა მის წილ ასონ ქუეყანისაგან თემანელთასა.

35. მოკუდა ასონ და მეფობდა მის წილ ადად, ძე ბარადისი, რომელმან მოსრა მადიამი ველსა მას მოაბისასა და სახელი ქალაქისა მისისა გეთემ.

36. მოკუდა ადად და მეფობდა მის წილ სამალაკ, რომელი იყო მასეკათ.

37. მოკუდა სამალაკ და მეფობდა მის წილ საულ, რომელი იყო რობოთით, რომელ არს მდინარესა ზედა.

38. მოკუდა საულ და მეფობდა მის წილ ბალაენონ, ძე აქაბრისი.

39. მოკუდა ბალაენონ და მეფობდა მის წილ ადად, ძე ბარადისი, და სახელი ქალაქისა მისისა ფოგორ, და სახელი ცოლისა მატებელ, ასული მატრადისი, ძისა მეზოფისი.

40. და ესე სახელები მთავართა მათ ესავისთა ტომთა მათთა და ადგიდ-ადგილსა მათსა და სოფლებსა მათსა და ნათესავსა შორის მათსა: მთავარი თამნა, მთავარი გოლა, მთავარი იეთომ.

41. მთავარი ელიბემა, მთავარი ილას, მთავარი ფინონ.

42. მთავარი კენეზ, მთავარი თემან, მთავარი მაზარ.

43. მთავარი მეგედიელ, მთავარი ზეფოიმ. ესე მთავარნი ედომისნი და შენებულთა შინა ქუეყანისა მის მონაგებისა მათისასა. ესე არს ესავ, მამაჲ ედომისაჲ.

37

1. ხოლო იაკობ დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას, სადაცა დამკჳდრებულ იყო მამაჲ მისი ქუეყანასა მას ქანანისასა.

2. ესე შობანი არიან იაკობისანი: იოსებ აჩჳდმეტის წლის იყო და ჰმწყსიდა ძმათა თჳსთა თანა ცხოვართა მამისა თჳსისათა. ყრმა-ღა იყო ძეთა თანა ბალასთა, და ძეთა თანა ზელფასთა, ხარჭთა მამისა თჳსისა თანა. და დასდვეს ბრალი ბოროტი იოსებს ისრაჱლისა მიმართ, მამისა თჳსისა.

3. ხოლო ისრაჱლს უყუარდა იოსებ უფროჲს ყოველთა ძეთა თჳსთა, რამეთუ შვილი სიბერისაჲ იყო იგი. და უქმნა მას სამოსელი ჭრელი მრავალფერი.

4. და ვითარცა იხილეს ძმათა მისთა, რამეთუ მამასა უყვარს იგი უფროჲს ყოველთა ძეთა მისთა, მოიძულეს იგი ძმათა თჳსთა და ვერ ეძლო მათ მშჳდობისა სიტყუად მის თანა რაჲთურთით.

5. ჩუენებაჲ იხილა იოსებ და უთხრა ძმათა თჳსთა.

6. და ჰრქუა: იხილეთ ჩუენებაჲ ესე, რომელი მეჩუენა.

7. მეგონა მე, ვითარმედ თქუენ ჰკრევდით მჭელეულსა შორის ველსა და აღდგა მჭელეული ჩემი და აღემართა. და მოიქცეს მჭელეულნი თქუენნი და თაყუანის-სცეს მჭელეულსა ჩემსა.

8. ჰრქუეს მას ძმათა თჳსთა: აწ მეფობით ნუ მეფობდი-ა ჩუენ ზედა, ანუ უფლებით უფლებდე ჩუენ ზედა? და შესძინეს მერმე სიძულილი მისი ჩუენებათა მათ მისთათჳს და სიტყუათათჳს მისთა.

9. მერმე იხილა ჩუენებაჲ სხუაჲ და უთხრა იგი მამასა და ძმათა და თქუა: აჰა მეჩუენა მე ჩუენებაჲ სხუაჲ, ვითარმედ მზე და მთოვარე და ათერთმეტნი ვარსკულავნი თაყუანის-მცემდეს.

10. შერისხნა მამამან მისმან და ჰრქუა: რაჲ არს ჩუნებაჲ ესე, რომელ გეჩუენა შენ? აწ უკუუე მო-მე-ვიდეთა მოსლვით მე და დედაჲ შენი და ძმანი შენნი თაყუანის-ცემად შენდა ქუეყანასა ზედა?

11. და ეშურებოდეს მას ძმანი მისნი ხოლო მამასა მისსა დაემარხა სიტყუაჲ ესე.

12. და წარვიდეს ძმანი მისნი ძოვნად ცხოვართა მამისა თჳსისათა სჳქემად.

13. და ჰრქუა ისრაჱლ იოსების მიმართ: ანუ არა ძმანი შენნი მწყსიან სჳქემს? მოვედ და წარგავლინო შენ მათდა მიმართ.

14. ხოლო მან ჰრქუა: აჰა, მე. და ჰრქუა მის ისრაჱლ: წარვედ და იხილენ ძმანი შენნი, ვითარძი ცოცხლებით არიან, საცხოვარი, და მითხარ მე. და წარავლინა იგი ღელეთაგან ქებრონისთა და მივიდა სჳქემად.

15. და პოვა იგი კაცმან შეცთომილი ველსა ზედა. და ჰკითხა მას: ვის ეძიებ?

16. ხოლო მან ჰრქუა: ძმათა ჩემთა ვეძიებ: მითხარ მე სადა აძოებენ?

17. და ჰრქუა მას კაცმან მან: წარვიდეს ამიერ, რამეთუ მესმა მათი, იტყოდეს რაჲ, ვითარმედ წარვიდეთ დოთაიმად. და წარვიდა იოსებ კუალსა ძმათა თჳსთასა და პოვნა იგინი დოთაიმს.

18. და მათ წინასწარ იხილეს იგი მიმავალი მათა შორის, ვიდრე მიახლებადმდე მათა, მოი-ძმაჲ-ცვეს მოკლვა მისი, ვიდრე მისლვადმდე მისა.

19. და ჰრქუა კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა: აჰა, ჩუენებისმხილველი იგი მოვალს.

20. აწ მოვედით და მოვკლათ იგი და შთავაგდოთ იგი ერთსა ჯურღმულთაგანსა და ვთქუათ, ვითარმედ მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იგი. და ვიხილოთ, რაჲძი იყოს ჩუენებაჲ იგი მისი.

21. ესმა ესე რუბენს და განარინა იგი ჴელისაგან მათისა.

22. და ჰრქუა მათ: არა მოვჰკლათ იგი მოკლვით, ნუ დასთხევთ სისხლსა. შთააგდეთ ეგე ჯურღმულსა უდაბნოსასა, ხოლო ჴელსა ნუ მიჰყოფთ მის ზედა, რათამცა განარინა იგი ჴელთაგან მათთა და მისცა მამასა თჳსსა.

23. და იყო, რაჟამს მოვიდა იოსებ ძმათა თჳსთა, განძარცუეს მას სამოსელი იგი ჭრელი, რომელ ემოსა.

24. და მიიყუანეს და შთააგდეს იგი ჯურღმულსა მას. ხოლო ჯურღმული იგი ცალიერ იყო, წყალი არა დგა.

25. და დასხდეს ჭამად პურისა და აღიხილნეს თუალნი მათნი და იხილნეს, და, აჰა ესერა, მოგზაურნი ისმაელიტელნი ვაჭარნი მოვიდოდეს გალათით. და აქლემნი მათნი სავსე იყვნეს საკუმეველითა, შტახსითა და მკურისკევითა და მივიდოდეს შთასლვად ეგჳპტედ.

26. ჰრქუა იუდა ძმათა თჳსთა: რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ მოვჰკლათ ძმა ჩუენი და დავმალოთ სისხლი მისი?

27. მოდით და მივჰყიდოთ იგი ისმაელიტელთა მათ, ხოლო ჴელი ჩუენი ნუ იყოფინ მის ზედა, რამეთუ ძმაჲ ჩუენი არს. ისმინეს მისი ძმათა მისთა.

28. და წარმოვიდეს კაცნი იგი მადიამელნი ვაჭარნი, და აღმოიყუანეს იოსებ მიერ ჯურღმულით და მიჰყიდეს ისმაელიტელთა მათ ოც დრაჰკნისა.

29. და შთაიყუანეს იგი ეგჳპტედ. მოაქცია რუბენ ჯურღმულსა მას და არა პოვა იოსებ ჯურღმულსა მას.

30. და დაიპო სამოსელი თჳსი და მიაქცია ძმათა თჳსთა და ჰრქუა მათ: ყრმაჲ იგი აქა არა არს და მე ვიდრე მივიდე?

31. ხოლო მათ მოიღეს სამოსელი იოსებისი და დაკლეს თიკანი თხათაჲ და შებღალეს სამოსელი იგი სისხლითა.

32. და სამოსელი ჭრელი მიუძღუანეს მამასა თჳსსა და ჰრქუეს: ესე ვპოვეთ. იცან, უკუეთუ სამოსელი ძისა შენისა არს, ანუ არა.

33. და იცნა იგი და თქუა: სამოსელი ძისა ჩემისა არს ესე. მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იოსებ, მჴეცმან ბოროტმან მიმტაცა იოსებ.

34. და დაიპო იაკობ სამოსელი თჳსი და შეიმოსა ძაძა წელთა მისთა და ეგლოვდა ძესა თჳსსა დღეთა მრავალთა.

35. შეკრბეს ყოველნი ძენი მისნი და ასულნი და მოვიდეს ნუგეშინის- ცემად მისა. და არა უნდა ნუგეშინის-ცემისა და თქუა, ვითარმედ: შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად. და ტიროდა მამა თჳსი.

36. ხოლო მადიამელთა მათ ვაჭართა მიჰყიდეს იოსებ ეგჳპტეს პეტეფრეს, საჭურისსა ფარაოსასა მატაკარანსა.

38

1. და იყო მის ჟამსა, ოდენ წარმოვიდა იუდა ძმათა თჳსთაგან და მოვიდა ვიდრე კაცისა ვისამე ოდოლამელისა, რომელსა სახელი ერქუა ირას.

2. და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ, რომელსა სახელი ერქუა სავანა, და მოიყუანა იგი და შეირთო.

3. და მიუდგა და შვა ძე და უწოდა სახელი მისი ჱერ.

4. და მერმე მიუდგა და შვა ძე და უწოდა სახელი მისი ავნან.

5. და შესძინა მერმე და შვა ძე და უწოდა სახელი მისი სელომ. ესე იყო ქაზბის, რაჟამს შვნა იგინი.

6. და მოჰგუარა იუდა ცოლი ჰერს, პირმშოსა ძესა თჳსსა, რომელსა სახელი ერქუა თამარ.

7. და იყო პირმშო იგი ჰერ, ძე იუდასი, უკეთურ წინაშე უფლისა და მოკლა იგი უფალმან.

8. და ჰრქუა იუდა ავნანს: შევედ ცოლისა ძმისა შენისა და ესიძე მას და აღუდგინე თესლი ძმასა შენსა.

9. გულისჴმა-ყო ავნან, ვითარმედ არა მისსა იყოს თესლი იგი. და იყო, ვითარცა შევიდა ცოლისა მის ძმისა თჳსისა, დასთხია ქუეყანასა, რათა არა მისცეს თესლი ძმასა თჳსსა.

10. ბოროტ-უჩნდა წინაშე ღმრთისა საქმე, ესე, რამეთუ ყო ესრეთ, და მოაკუდინა ესეცა უფალმან.

11. ჰრქუა იუდა თამარს, სძალსა თჳსსა: დაჯედ ქურივად სახლსა შინა მამისა შენისასა, ვიდრემდის განმწჳსნეს სელომ, ძე ჩემი, რამეთუ, თქუა: ნუუკუე მოკუდეს ესეცა, ვითარცა ძმანი მისნი. ხოლო თამარ წარვიდა და დაჯდა სახლსა შინა მამისა თჳსისასა.

12. აღესრულნეს დღენი და მოკუდა სავანა, ცოლი იუდასი, და ნუგეშინის-იცა გლოისაგან იუდა და მივიდა მრისველთა ცხოვართა მისთასა და ირა, მწყემსი იგი ოდოლამელი, თამნად.

13. და უთხრეს თამარს, სძალსა მისსა, და ჰრქუეს: ესერა, მამამთილი შენი აღვალს თამნად რისვად ცხოვართა თჳსთა ღა ირას, მწყემსი მისი.

14. განიძარცუა თამარ სამოსელი ქურიობისა მისგან და გარემოისხა თერისტროჲ და შეიმკო და დაჯდა იგი ბჭეთა თანა ენანისთა, რომელ არს თანაწარსავალსა თამნასასა, რამეთუ იხილა, ვითარმედ განჰმწჳსნა სელომ, ძე მისი, და მან არა მისცა იგი მას ცოლად.

15. და ვითარ იხილა იგი იუდა, აგონა, ვითარმედ მეძავი ნუ იყოს, რამეთუ დაიფარა პირი და ვერ იცნა იგი.

16. და მიაქცია მისა გზისა მისგან და ჰრქუა მას: მიტევე მე შესლვად შენდა. რამეთუ ვერ იცნა იგი, ვითარმედ ძის ცოლი მისსა არს. ხოლო მან ჰრქუა მას: რაჲ მომცე მე, უკუეთუ შემოხჳდე ჩემდა.

17. და იუდა ჰრქუა მას: მე მოგიძღუანო შენ თიკანი თხათა სამწყსოთ. ხოლო მან ჰრქუა მას: მომეც მე წინდი ვიდრე მოძღუანებადმდე შენდა.

18. და იუდა ჰრქუა: რაჲ წინდი მიგცე შენ? ხოლო მან ჰრქუა: ბეჭედი შენნი და მძივი და კუერთხი ეგე, რომელ გაქუს ჴელსა შენსა. და მან მისცა იგი და შევიდა მისა, და მიუდგა მისგან.

19. და იგი აღდგა და მოიძარცვა თერისტრა თავისაგან თჳსისა და შეიმოსა სამოსელი იგი ქურიობისა მისისა.

20. ხოლო იუდა მიუძღუანა თიკანი თხათაჲ ჴელითა მწყემსისა მის ოდოლამელისათა, რათა მიიღოს წინდი იგი დედაკაცისა მისგან. ხოლო მან არა პოვა იგი

21. და ჰკითხა კაცითა მის ადგილისათა: ვითარმედ სადა არს მეძავი იგი, რომელი იყო ენანს გზასა ზედა?

22. და მათ ჰრქუეს: არა არს მეძავი აქა. და მიიქცა მწყემსი იგი იუდასა ღა ჰრქუა: არა ვპოვე; და კაცთა მის ადგილისათა თქუეს: არა არს აქა მეძავი.

23. და თქუა იუდა: აქუნდინ იგი მას არამედ ნუუკუე მოვიკიცხნეთ, მე, მიუძღუანე თიკანი ესე, ხოლო შენ არა ჰპოვე იგი.

24. და შემდგომად სამისა თთჳსა უთხრეს იუდას და ჰრქუეს, ვითარმედ ისიძა თამარ, სძალმან შენმან, და მიდგომილ არს იგი სიძვით. თქუა იუდა: გამოიყუანეთ იგი და დაწვით ცეცხლითა.

25. და ვითარცა გამოჰყვანდა, მიუვლინა მამამთილსა თჳსსა და ჰრქუა: კაცითა მისგან, რომლისა არს ესე წინდი, მისგან მიდგომილ ვარ; და თქუა: იცან, ვისი არს ბეჭედი ესე და მძივი და კუერთხი.

26. ხოლო იუდა იცნა იგი და თქუა: მართალ არს თამარ, ვიდრე-ღა მე რამეთუ არა მივეც სელომს, ძესა ჩემსა. და არღარა შესძინა მერმე ცნობად მისა.

27. და იყო, რაჟამს შობდა იგი, იყვნეს მარჩბივნი მუცელსა მისსა. და შობასა მისსა ერთმან მან პირველ გამოყო ჴელი მისი. მოიღო ამქუმელმან და გამოაბა მეწამული ჴელსა მისსა.

28. და თქუა: ესე გამოვიდეს პირველად.

29. და ვითარცა შეყო ჴელი მისი, მეყსეულად გამოვიდა ძმაჲ მისი და აღმქუმელმან თქუა: რაჲსა განეღო შენთჳს ღობე? და უწოდა სახელი მისი ფარეზ.

30. და მისა შემდგომად გამოვიდა ძმაჲ მისი, რომლისსა იყო ჴელსა მისსა ზედა მეწამული და უწოდა სახელი მისი ზარა.

39

1. ხოლო იოსებ შთაიყუანეს ეგჳპტედ და მიიყიდა იგი პეტეფრი, საჭურისმან ფარაოსმან, მზარაულთა მთავარმან, კაცმან ეგჳპტელმან, ჴელთაგან ისმაელიტელთასა, რომელთა შთაიყვანეს იგი მუნ.

2. და იყო უფალი იოსების თანა. და იყო კაც მაგებელ, და იყო სახლსა შინა კაცისა მის ეგჳპტელისა წინაშე.

3. ხოლო იცოდა უფალმან მისმან, რამეთუ ღმერთი იყო მის თანა, და რაოდენსა-რას იქმს, უფალი წარმართებს ჴელთა შინა მისთა.

4. და პოვა იოსებ მადლი წინაშე უფლისა თჳსისა და სათნო-ეყო იგი მას. და დაადგინა იგი სახლსა ზედა თჳსსა და ყოველივე რაჲცა იყო, მისცა ჴელთა იოსებისთა, და იყო შემდგომად დადგინებისა მისისა სახლსა ზედა მისსა, რაჲცა იყო მისი, აკურთხონ სახლი ეგჳპტელისა მის იოსებისათჳს.

5. და იყო კურთხევაჲ უფლისაჲ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა. სახლსა შინა და აგარაკსა. და მისცა ყოველივე, რაჲცა იყო მისი, ჴელთა იოსებისთა.

6. და არღარა იცოდა, რასა იქმოდა იოსებ, გარნა პური, რომელ ჭამის მან. და იყო იოსებ კეთილ სახითა, შუენიერ ქმნულობითა.

7. და იყო შემდგომად სიტყჳსა ამის, თუალ-აგნა ცოლმან უფლისა თჳსისამან იოსებს და ჰრქუა მას: დაწევ ჩემ თანა.

8. ხოლო მან არა ინება და ჰრქუა ცოლსა მას უფლისა თჳსისასა: უკუეთუ უფალმან ჩემმან არა უწყის ჩემთჳს სახლსა შინა მისსა.

9. და ყოველივე, რაჲცა არს მისი, მომცა ჴელთა ჩემთა და არარაჲთ ვინ მმატს მე სახლსა ამას შინა და არცა გარეშე, რაჲ არს ჴელსა ჩემსა, არცა თჳნიერ ხოლო შენსა, რამეთუ ცოლი ხარ შენ მისი, და ვითარ ვქმნე საქმე ბოროტი და ვცოდო წინაშე ღმრთისა?

10. და რაჟამს ეტყჳნ იგი დღითი დღედ, არა ერჩდა იოსებ დაწოლად მის თანა და თანა-ყოფად მას.

11. და იყო ეგე ვითარ რაჲმე დღე და შევიდა იოსებ სახიდ საქმედ საქმესა თჳსსა, და არა ვინ იყო სახლსა მას შინა.

12. შებმა-უყო სამოსელსა მისსა და ეტყოდა: დაწევ ჩემ თანა. ხოლო იოსებ მიუტევა სამოსელი თჳსი ჴელთა მისთა და ივლტოდა და განვიდა გარე.

13. და ვითარცა იხილა, რამეთუ დაუტევა სამოსელი მისი ჴელთა მისთა და ივლტოდა და განვიდა გარე.

14. მოუწოდა, რომელნი-იგი იყვნეს სახლსა შინა, და ეტყოდა მათ და ჰრქუა: იხილეთ აწ, რამეთუ შემომგუარა ჩუენ მონაჲ ებრაელი საკიცხევად ჩუენდა: შემოვიდა დაწოლად ჩემ თანა. და მე ღაღად-ვყავ ჴმითა დიდითა.

15. მას ვითარცა ესმა, რამეთუ აღვიმაღლე ჴმაჲ ჩემი და ღაღად-ვყავ, დაუტევა სამოსელი მისი ჩემ თანა, და ივლტოდა და განვიდა გარე.

16. და დაიყენა სამოსელი იგი მის თანა, ვიდრემდე მოვიდა უფალი იგი სახიდ თჳსად. და უთხრა მას მსგავსად სიტყჳსა ამის და ჰრქუა:

17. შემოვიდა ჩემდა მონაჲ ესე ებრაელი, რომელი შემოიყვანე, კიცხევად შენდა, და მრქუა მე: დავწვე შენ თანა.

18. ვითარცა ესმა, რამეთუ ღაღად-ვყავ და აღვიმაღლე ჴმაჲ ჩემი, დაუტევა სამოსელი თჳსი და ივლტოდა და განვიდა გარე.

19. და იყო, ვითარცა ესმა უფალსა მისსა სიტყუანი იგი ცოლისა მისისანი, რაოდენ-იგი უთხრა მას და ჰრქუა, ვითარმედ ესე მიყო მე მონამან შენმან, განრისხნა პეტეფრე გულისწყრომით.

20. და მოიყუანა იოსებ და შესუა იგი საპყრობილესა, სადაცა პყრობილნი იგი მეფისანი იყვნეს საპყრობილესა შინა.

21. და იყო უფალი იოსების თანა და მოსცემდა წყალობასა და პოვა მადლი წინაშე მისა მესაპყრობილეთა მოძღურისა მის.

22. და მისცა მესაპყრობილეთ მთავარმან მან საპყრობილე იგი ჴელთა იოსებისთა და ყოველნი იგი პყრობილნი, რაოდენნი იყვნეს საპყრობილესა შინა, რა ყოველივე, რაჲცა ქმნიან მუნ შინა.

23. არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ, რამეთუ ყოველივე იყო ჴელთა შინა იოსებისთა, ამისთჳს რამეთუ უფალი იყო მის თანა. და რაოდენსა-იგი იქმოდა, უფალი წარუმართებდა ჴელთა შინა მისთა.

40

1. და იყო, შემდგომად სიტყუათა ამათ შესცოდა მთავარღჳნისმწდემან მეფისა ეგჳპტისამან და მეპურეთ მოძღუარმან უფალსა მათსა მეფესა ეგჳპტისასა.

2. და განურისხნა ფარაო ორთავე მათ საჭურისთა, ღჳნისმნესა მას და მეპურეთმოძღუარსა.

3. და მისცნა იგინი საპყრობილესა, სადაცა-იგი იოსებ პყრობილ იყო.

4. და შეჰვედრნა იგინი მესაპყრობილეთმთავარმან მან იოსებს. და დგა იგი წინაშე მათსა და იყუნეს იგინი საპყრობილესა შინა მრავალ დღე.

5. და იხილეს ჩუენებაჲ ორთავე, კაცად-კაცადმან მათმან ღამესა ერთსა, ხილვაჲ იგი ჩუენებისა მათისა, ღჳნისმნემან მან და მეპურეთმოძღუარმან მან, რომელ-იგი იყვნეს მეფისა მის ეგჳპტელისანი. და ესენი იყვნეს საპყრობილესა შინა.

6. შევიდა მათა იოსებ განთიად და იხილნა იგინი, რამეთუ იყვნეს შეძრწუნებულ.

7. და ჰკითხვიდა საჭურისთა მათ ფარაოსთა, რომელნი იყვნეს საპყრობილესა მას შინა უფლისა თჳსისასა, და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს პირნი თქუენნი მწუხარე არიან დღეს.

8. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენებაჲ ვიხილეთ და გამომეტყუელ მისა არა ვინ არს. ჰრქუა მათ იოსებ: ანუ არა ღმრთისა მიერ არს გამოთქმაჲ მათი? მითხართ იგი მე.

9. და უთხრა ღჳნისმნემან მან ჩუენებაჲ იგი თჳსი იოსებს და თქუა: ვხედევდ ძილსა შინა ჩემსა.

10. და იყო ვენაჴი წინაშე ჩემსა და ვენაჴსა მას სამნი ძირნი ჯდა. იგი ჩენთა და აღმოორძნდა მორჩი და მწიფე იყვნეს ტევანნი მისნი.

11. და სასუმელი ფარაოჲსი ჴელსა ჩემსა და მოვიღე ყურძენი, იგი და გამოვწურე სასუმელსა შინა ფარაოჲსსა და მივეც სასუმელი იგი ჴელთა ფარაოსთა.

12. და ჰრქუა მას იოსებ: ესე არს გამოთარგმანებაჲ მაგისი: სამნი იგი ძირნი სამნი დღენი არიან.

13. სამნი დღენი წარჴდენ, მოეჴსენოს ფარაოს სამთავროჲ შენი და კუალად დაგადგინოს შენ მთავრად ღჳნისმნეობასავე შენსა და მისცე სასუმელი ფარაოჲსი ჴელსა მისსა, პირველისაებრ მთავრობისა შენისა, ვითარცა-იგი იყავ პირისმწდე.

14. არამედ მომიჴსენე მე თავით შენით, რაჟამს კეთილი გიყოს შენ, და ყავ ჩემ ზედა წყალობაჲ და მოიჴსენე ჩემთჳს წინაშე ფარაოჲსა და განმიყვანოს მე საპყრობილისა ამისგან.

15. რამეთუ პარვით წარმომიპარეს მე ქუეყანით ებრაელთაჲთ და აქა-ცა არარაჲ ვქმენ ბოროტი და შემომაგდეს მე სახლსა ამას ჯურღმულისასა.

16. და ვითარცა იხილა მეპურეთმოძღუარმან მან, რამეთუ მართალ გამოუთარგმნა მას, ჰრქუა იოსებს: მეცა ვიხილე ჩუენებაჲ: მეგონა მე, ვითარმედ სამნი ლაკანნი სამინდოთა მაქუნდეს თავსა ზედა ჩემსა.

17. ხოლო ლაკანსა მას ზედა კერძოჲსა იყო ყოვლისაგან სანოვაგისა, რომელსა ჭამნ მეფე ფარაო, ქმნული მეპურეთ მოძღურისა. და მფრინველნი ცისანი შესჭამდეს მას ლაკნისა მისგან, რომელ იყო თავსა ზედა ჩემსა.

18. მიუგო მას იოსებ და ჰრქუა: ესე არს შეტყუებაჲ მაგისი: სამნი ეგე ლაკანნი სამნი დღენი არიან.

19. სამნი-ღა დღენი წარჴდენ, მოგკუეთოს ფარაო თავი შენი შენგან და დამოგკიდონ შენ ძელსა. და მოვიდენ მფრინველნი ცისანი და შეჭამონ ჴორცნი შენნი.

20. და იყო, მესამესა დღესა დღე იყო შობისა ფარაოსი და ყო სმა დიდი ყოველთა მონათა თჳსთა თანა და მოეჴსენა პატივი ღჳნისმნისა მის და პატიჟი მეპურეთმოძღურისა მის შორის მონათა თჳსთა.

21. და კუალად დაადგინა ღჳნისმნე იგი მთავრობასავე თჳსსა ზედა და მისცა სასუმელი ჴელთა ფარაოჲსთა.

22. ხოლო მეპურეთმოძღუარი იგი დამოჰკიდა ძელსა, ვითარცა-იგი გამოუთარგმნა მას იოსებ.

23. ხოლო ღჳნისმნესა მას არა მოეჴსენა იოსებ, არამედ დაავიწყდა.