წიგნი დაბადებისა, რომელსა ეწოდების ებრაელთაგან ბერესით

6

1. და იყო, რაჟამს იწყეს განმრავლებად კაცთა ქუეყანასა ზედა. და ასულნი იშვნეს მათდა.

2. ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი, რამეთუ შუენიერ არიან, მიიყვანეს თავთა თჳსთა ცოლებად ყოველთაგან, რომელნი გამოირჩინეს.

3. და თქუა უფალმან ღმერთმან:არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათჳს მათისა ჴორც, ხოლო იყვნენ ასოც წელ.

4. და გმირნი იყვნენ ქუეყანასა ზედა მათ დღეთა შინა და შემდგომად ამისსა ვითარცა შევიდოდეს ძენი ღმრთისანი ასულთა მიმართ კაცთასა და შობდეს თავთა თჳსთად. და იგინი იყვნეს გმირნი საუკუნითგან, კაცნი სახელოვანნი.

5. ხოლო იხილა რაჲ უფალმან ღმერთმან, ვითარმედ განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი ქუეყანასა ზედა. და ყოველი ვინ გონებს გულსა შინა თჳსსა მოსწრაფებით ბოროტთა ყოველთა დღეთა.

6. და შეიგონა ღმერთმან, რამეთუ შექმნა კაცი ქუეყანასა ზედა, და განიგონა.

7. და თქუა ღმერთმან:აღვჴოცო კაცი, რომელი შევქმენ პირისაგან ქუეყანისა კაცთაგან მიპირუტყუთამდე და ქუეწარმავალთაგან მფრინველთამდე ცისათა, რამეთუ შევინანე, რამეთუ შევქმენ იგინი.

8. ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა.

9. ესე შობანი ნოესი :ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე.

10. ხოლო შვნა ნოე სამ ძე: სემ, ქამ და იაფეთ.

11. ხოლო ქუეყანა განიხრწნა წინაშე ღმრთისა და აღივსო ქუეყანა უსამართლოებითა.

12. და იხილა უფალმან ღმერთმან ქუეყანა და იყო განხრწნილ, რამეთუ განხრწნა ყოველმან ჴორციელმან გზაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა.

13. და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა, რამეთუ აღივსო ყოველი ქუეყანა უსამართლოებითა. მათგან. და აჰა, მე განვხრწნი მათ და ქუეყანასა.

14. იქმენ უკუე თავისა შენისა კიდობანი ძელთაგან ოთხკედლედთა, ბუდებად ჰქმნა კიდობანი და მოჰკირო იგი შინათ და გარეთ კირითა.

15. და ესრეთ ჰქმნა კიდობანი, სამასი წყრთა - სიგრძე კიდობნისა და ერგასისი წყრთა - სივრცე. და ოცდაათი წყრთა - სიმაღლე მისი.

16. შეკრებულ-ჰყო კიდობანი და წყრთეულად შეასრულო იგი ზედა კერძო, ხოლო კარი კიდობნისა ჰქმნე იგურდივ ქვენად საყოფელად, ორ სართულებად და სამ სართულებად ჰყო იგი.

17. ხოლო მე მოვჰჴადო რღუნა წყლისა ქუეყანასა ზედა განხრწნად ყოვლისა ჴორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისა ცასა ქუეშე და, რაოდენიცა-რაჲ არს ქუეყანასა ზედა, აღესრულოს.

18. და დავამტკიცო აღთქმაჲ ჩემი შენ თანა, ხოლო შეხჳდე კიდობნად შენ და ძენი შენნი და ცოლი შენი. და ცოლნი ძეთა შენთანი, შენ თანა.

19. და ყოველთაგან ქუეწარმავალთა და ყოველთაგან საცხოვართა და ყოველთაგან მჴეცთა და ყოვლისაგან ჴორცისა; ორ-ორი ყოველთაგან შეიყვანო კიდობნად, რათა ჰზრდიდე თავისა შენისა თანა, მამალი და დედალი იყვნენ.

20. ყოველთაგან ფრთოანთა მფრინველთა ცისათა ნათესაობისაებრ და ყოველთაგან ქუეწარმავალთა, რომელნი ვლენან ქუეყანასა ზედა ნათესაობისაებრ მათისა, ორ-ორი ყოველთაგან შევიდეს შენ თანა ზრდად შენ თანა - მამალი და დედალი.

21. ხოლო შენ მიიღო თავისა შენისად ყოველთაგან ჭამადთა, რომელთა სჭამთ და შეჰკრიბო თავისა შენისა თანა და იყოს შენდა და მათდა საზრდელად

22. და ქმნნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო მას უფალმან ღმერთმან, ეგრეთ ქმნნა.

7

1. და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: შევედ შენ და ყოველი სახლი შენი კიდობნად, რამეთუ შენ გიხილე მართლად წინაშე ჩემსა ნათესავსა ამას შინა.

2. ხოლო ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა შეიყუანე შენ თანა შვიდ-შვიდი მამალი და დედალი ხოლო საცხოვართაგან არაწმიდათა ორ-ორი მამალი და დედალი.

3. და მფრინველთაგან ცისათა წმიდათაგან შვიდ-შვიდი მამალი და დედალი და მფრინველთაგან არაწმიდათ ორ-ორი მამალი და დედალი დამარხვად თესლი ყოველსა ქუეყანასა ზედა.

4. რამეთუ მერმე-ღა შჳდნი დღენი მოვჰჴადო მე წვიმაჲ ქუეყანასა ზედა ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა. და აღვჰჴოცო ყოველი აღმდგომი, რომელი შევქმენ პირისაგან ყოვლისა ქუეყანისა.

5. და ქმნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო უფალმან ღმერთმან.

6. ხოლო ნოე იყო ექუსასთა წელთა. და წყალი რღუნისა იქმნა ქუეყანასა ზედა.

7. და შევიდა ნოე და ძენი მისნი მის თანა და ცოლი მისი და ცოლნი ძეთა მისთანი კიდობნად წყლისათჳს რღუნისა.

8. და ყოველთაგან მფრინველთა წმიდათა და ყოველთაგან მფრინველთა არაწმიდათა და ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა და ყოველთაგან საცხოვართა არაწმიდათა და ყოველთაგან ქუეწარმავალთა ქუეყანისზედათა.

9. ორ-ორი ყოველთაგან შევიდეს ნოეს თანა კიდობნად - მამალი და დედალი - ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან.

10. და იყო შემდგომად შვიდთა დღეთასა, და წყალი რღუნისა იქმნა ქუეყანასა ზედა.

11. მეექუსასესა წელსა ცხორებასა ნოესსა, მეორესა თთუესა, ოცდამეშჳდესა თთჳსასა, ამას დღესა შინა გამოეცნეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი განეხუნეს.

12. და იქმნა წჳმა ქუეყანასა ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე.

13. ამას დღესა შევიდა ნოე, სემ, ქამ და იაფეთ, ძენი ნოესნი, და ცოლი ნოესი, და სამნი ცოლნი ძეთა მისთანი მის თანა კიდობნად.

14. და ყოველნი მჴეცნი ქუეყანისანი ნათესაობით, და ყოველნი ქუეწარმავალნი ნათესაობით, და ყოველნი საცხოვარნი ნათესაობით, და ყოველნი მფრინველნი ნათესაობით მისით, ყოველი მფრინვალე, ყოველი ფრთოსანი.

15. და შევიდა კიდობნად ნოეს თანა ორ-ორი ყოვლისაგან ჴორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისაჲ.

16. და შემავალი მამალი და დედალი ყოვლისაგან ჴორცისა შევიდა, ვითარცა ამცნო ღმერთმან ნოეს.

17. და დაჴშა უფალმან ღმერთმან გარეგნით მისსა კიდობანი, და იქმნა რღუნა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე ქუეყანასა ზედა, და განმრავლდა წყალი და აღიღო კიდობანი და აღმაღლდა ზედა ქუეყანისა.

18. და დაიპყრო წყალმან და განმრავლდებოდა ფრიად ქუეყანასა ზედა. და ზე მოაქუნდა კიდობანი ზედა კერძო წყლისა.

19. ხოლო წყალი განძლიერდა ფრიად-ფრიად ქუეყანასა ზედა და დაფარნა ყოველნი მთანი მაღალნი, რომელნი იყვნეს ქუეშე ცისა.

20. ათხუთმეტ წყრთა ზედა კერძო ამაღლდა წყალი და დაფარნა ყოველნი მთანი.

21. და მოკუდა ყოველი ჴორცი მოკუდავი ქუეყანასა ზედა და ყოველი კაცი.

22. და ყოველი, რაოდენსა აქუნდა სული სიცოცხლისაჲ, და ყოველი, რაოდენი იყო ჴმელსა ზედა, მოკუდა.

23. და აღჴოცა ყოველი აღმდგომი,რომელი იყო პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, დაშთა მხოლოდ ნოე და მისთანანი,რომელნი იყუნეს კიდობანსა შინა.

24. და ამაღლდა წყალი ქუეყანასა ზედა ასერგასის დღე.

8

1. და მოეჴსენა ღმერთსა ნოესი და ყოველთა მჴეცთა, და ყოველთა საცხოვართა, და ყოველთა მფრინველთა და ყოველთა ქუეწარმავალთა, რაოდენნი იყვნეს მის თანა კიდობანსა შინა.

2. და მოაწია ღმერთმან სული ქუეყანასა ზედა და მოაკლდა წყალი და დასწყდეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი. და მოაკლდა წყალი, მავალი ქუეყანისაგან, და შედგებოდა.

3. და შემცირდებოდა წყალი შემდგომად ასერგასისთა დღეთასა.

4. და დადგა კიდობანი თთუესა მეშჳდესა ოცდაშჳდისა მის თთჳსასა მთათა ზედა არარატისასა.

5. ხოლო წყალი მავალი შემცირდებოდა ვიდრე მეათედ თთუემდე და მეთერთმეტესა თთუესა, პირველსა თთჳსასა, გამოჩნდეს თავნი მთათანი.

6. ხოლო იყო, შემდგომად ორმეოცთა დღეთასა განაღო ნოე კარი კიდობნისა, რომელ ქმნა.

7. და განავლინა ყორანი ხილვად, უკუეთუ მოაკლდა წყალი და განსრული არა კუალად იქცა ვიდრე განჴმობადმდე წყლისა ქუეყანისაგან.

8. და განავლინა ტრედი უკუანა მისა, უკუე-თუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა.

9. და ვერ მპოვნელი განსუენებასა ტრედი ფერჴთა მისთასა მოიქცა მისა მიმართ კიდობნად, რამეთუ წყალი იყო ყოველსა ზედა პირსა ქუეყანისასა, და განყო ჴელი მისი, მიიქუა იგი და შეიყუანა იგი თავისა თჳსისა თანა კიდობნად.

10. მერმე შემდგომად შჳდთა დღეთასა კუალად განავლინა ტრედი კიდობნისაგან.

11. და მოაქცია მისა მიმართ ტრედმან მიმწუხრი და აქუნდა ზეთისხილისა ფურცელი რტოჲთა პირსა შინა მისსა და ცნა ნოე, რამეთუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა.

12. და მერმე და-ღა-ითმინა შჳდ დღე. და კუალად განავლინა ტრედი და არ-ღა-რა შესძინა მოქცევად მისსა მომართ მერმე.

13. და იყო ექუსასსა და ერთსა წელსა ცხორებასა ნოესსა, პირველსა თთუესა, ერთსა თთჳსასა, მოაკლდა წყალი ქუეყანისაგან და აღსძარცვა ნოე სართული კიდობნისა, რომელ ქმნა, და იხილა, რამეთუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა.

14. ხოლო მეორესა თთუესა, ოცდაშჳდსა თთჳსასა,განჴმა ქუეყანა.

15. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს.

16. გამოვედ კიდობნისაგან შენ და ცოლი შენი, და ძენი შენნი და ცოლნი ძეთა შენთანი.

17. და ყოველნი მჴეცნი, რაოდენნი არიან შენ თანა, და ყოველი ჴორცი მფრინველთაგან საცხოვართამდე, და ყოველი ქუეწარმავალი მოძრავი ქუეყანასა ზედა, გამოიყუანე თავისა შენისა თანა და აღორძნდით და განმრავლდით ქუეყანასა ზედა.

18. და გამოვიდა ნოე და ცოლი მისი, ძენი მისნი და ცოლნი ძეთა მისთანი.

19. და ყოველნი მჴეცნი და ყოველნი საცხოვარნი, და ყოველი მფრინველი და ყოველი ქუეწარმავალი მოძრავი ქუეყანასა ზედა ნათესაობისაებრ მათისა გამოვიდეს კიდობნისაგან.

20. და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა და მოიღო ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა და ყოველთაგან მფრინველთა წმიდათა და შეწირნა იგინი ყოვლად ნაყოფებად საკურთხეველსა ზედა.

21. და იყნოსა უფალმან ღმერთმან სული სულნელებისაჲ. და თქუა უფალმან ღმერთმან: შევინანე, არ-ღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა საქმეთათჳს კაცთასა, რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით, არ-ღა შევსძინო უკუე მოსპოლვად მერმე ყოვლისა ჴორცისა ცხოველისა.

22. ვითარ-ცა ვჰყავ და ყოველთა დღეთა ქუეყანისათა თესვად და მკად, სიგრილე და სიცხე, ზაფხული და არე, და დღე და ღამე არა მოაკლდენ.

9

1. და აკურთხნა ღმერთმან ნოე და ძენი მისნი და ჰრქუა მათ აღორძნდით, და განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას.

2. და შიში თქუენი და ძრწოლაჲ თქუენი იყოს ყოველთა ზედა მჴეცთა ქუეყანისათა, და ყოველთა ზედა მფრინველთა ცისათა.

3. და ყოველთა ზედა იძრვისთა ქუეყანისათა. და ყოველნი თევზნი ზღჳსანი ჴელის ქუეშე მიგცე თქუენ და ყოველი ქუეწარმავალი, რომლისა არს სიცოცხლე, თქუენდა იყოს საჭამადად ვითარ-ცა მხალი თივისაჲ, მიგცენ თქუენ ყოველნი.

4. გარნა ჴორცი სისხლითურთ სულისათ არა სჭამოთ.

5. და რამეთუ სისხლიცა თქუენი სულთა თქუენთა გამოვიძიო ჴელისაგან მჴეცთასა და გამოვიძიო იგი ჴელისაგან კაცისა ძმისა მისისა გამოვიძიო სული კაცისა.

6. და დამთხეველისა სისხლსა კაცისასა ნაცვლად სისხლისა მისისა დაითხიოს, რამეთუ ხატად ღმრთისა შევქმენ კაცი.

7. ხოლო თქუენ აღორძნდით და განმრავლდით და განავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას.

8. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა მეტყუელმან:

9. აჰა, მე აღვადგენ აღთქუმასა ჩემსა თქუენდა და თესლისა თქუენისა შემდგომად თქუენსა.

10. და ყოვლისა სულისა ცხოველისა თქუენ თანა მფრინველთაგან და საცხოვართაგან და ყოველთაგან მჴეცთა ქუეყანისათა, რაოდენნი არიან თქუენ თანა, ყოველთა თანა გამოსრულთა კიდობნით და ყოველთა პირუტყუთა ქუეყანისათა.

11. და დავამტკიცო აღთქუმაჲ ჩემი თქუენდა მიმართ და არ-ღა-რა მოჰკუდეთ ყოველი ჴორცი წყლისა მიერ რღუნისა და არ-ღა-რა იყოს მერმე რღუნა წყლისა განხრწნად ყოვლისა ქუეყანისა.

12. და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა: ესე სასწაული აღთქუმისა ჩემისაჲ, რომელსა მე მოვსცემ შორის ჩემსა და შორის თქუენსა და შორის ყოვლისა სულისა ცხოველისა, რომელი არს თქუენ თანა ნათესავად საუკუნოდ.

13. რამეთუ მშვილდსა ჩემსა დავსდებ ღრუბელთა შინა და იყოს სასწაულად აღთქუმისა შორის ჩემსა და ქუეყანისა.

14. და იყოს, რაჟამს მოვავლინო ღრუბელი შორის ქუეყანასა, გამოჩნდეს მშჳლდი იგი ღრუბელთა შინა.

15. და მოვიჴსენო აღთქუმაჲ ჩემი, რომელ არს შორის ჩემსა და თქუენსა და შორის ყოვლისა ჴორციელისა ცხოველისა ყოვლისა მიმართ ჴორცისა და არ-ღა-რა იყოს წყალი იგი რღუნისა მოსპოლვად ყოველსა ჴორციელსა.

16. და იყოს მშვილდი იგი ღრუბელთა შინა და ვიხილო და მოვიჴსენო აღთქუმაჲ საუკუნო შორის ჩემსა. და შორის ყოვლისა ცხოველისა და ყოვლისა ჴორციელისა, რომელ არს ქუეყანასა ზედა.

17. და ჰრქუა უფალმან ნოეს: ესე სასწაული არს აღთქუმისა ჩემისაჲ, რომელი დავდევ შორის ჩემსა და შორის ყოვლისა ჴორციელისა, რომელ არს ქუეყანასა ზედა.

18. ხოლო იყუნეს ძენი ნოესნი გამოსრულ კიდობნისაგან: სემ, ქამ, და იაფეთ, ხოლო ქამ იყო მამაჲ ქანანისი.

19. ესე სამნი, იყვნეს ძენი ნოესნი, ამათგან განითესნეს ყოველსა ზედა ქუეყანასა.

20. და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა და დაასხა ვენაჴი.

21. და სუა ღჳნისაგან და დაითრო და განშიშულდა სახლსა შინა თჳსსა.

22. და იხილა ქამ, მამამან ქანანისამან, სიშიშულე მამისა თჳსისა და გამოსრულმან მიუთხრა ძმათა თჳსთა გარე.

23. და მიიღეს სემ და იაფეთ სამოსელი და დაიდვეს ორთავე მჴართა მათთა ზედა. და ვიდოდეს ზურგ უკუნქცევით და შიშლოებაჲ მამისა მათისა არა იხილეს.

24. და განიფრთხო ნოე ღჳნისაგან და ცნა, რაოდენ უყო მას ძემან მისმან უჭაბუკესმან.

25. და თქუა: წყეულ ქანან ყრმა, მონა იყავნ ძმათა მისთაჲ.

26. და თქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი სემისი და იყოს ქანან მონა მისსა.

27. განავრცენ ღმერთმან იაფეთ და დაემკჳდრენინ საყოფელთა შინა სემისთა. და იქმენინ ქანან მონა მისა.

28. ხოლო ცხოვნდა ნოე შემდგომად წყლით რღუნისა სამასორმეოცდაათ წელ.

29. იქმნნეს ყოველნი დღენი ნოესნი ცხრაასერგისის წელ და მოკუდა.

10

1. ესე შობანი ძეთა ნოესთანი: სემ, ქამ და იაფეთ. და იყვნეს მათდა ძენი შემდგომად წყლით რღუნისა.

2. ძენი იაფეთისანი ღამერ, და მაგოგ, და მადიმ, და ავან და ელიოსან, და თობელ და მოსოქ და თირას.

3. და ძენი ღამერისანი: ასქანაზ და რიფათ და თორღამა.

4. და ძენი ავანისნი: ელისა და თარშის კიტელნი.

5. როდელნი, ამათგან განიყვნეს ჭალაკნი წარმართთანი ქუეყანასა მათსა, თჳთეულნი ენად-ენად ტომთა შინა მათთა და ნათესავთა შინა მათთა.

6. ხოლო ძენი ქამისნი: ხუს, და მესარაიმ, ფუდ და ქანან.

7. ხოლო ძენი ხუსისნი: სავა, და ლვილატ, და სავათა, და რეღმაჲ და სავაკათა, ხოლო ძენი რეღმასნი: სავან და დათან.

8. ხოლო ხუს შვა ნებაროთ. ამან იწყო გმირ-ყოფად ქვეყანასა ზედა.

9. ესე იყო გმირი მონადირე წინაშე უფლისა ღმრთისა.

10. და იქმნა დასაბამ მეფობისა მისისა ბაბილონი, ორექი, აქადი და ტალანი ქუეყანასა სენარისსა.

11. ქუეყანისა მისგან გამოვიდა ასურ და აღაშენა ნინევი, და ქალაქი რომოთი, და ხალანი.

12. და დასე, საშუალ ნინევისა და საშუალ ხალანისა, ესე ქალაქი დიდი.

13. და მესარიმ შვნა ლუდიიმელნი, და ემატიიმელნი, და ლავიიმელნი, და ნეფთალიმილნი.

14. და პატროსონიმელნი და ხასლორიმელნი, ვინა გამოვიდა მიერ ფილისტიმ და კაფთორიიმელნი.

15. ხოლო ქანან შვა სიდონ პირმშოდ და ქეტელი.

16. და იებოსლელი, და ამორეველი, და გერგესეველი.

17. და ეველი, და არუკეველი, და ასენეველნი.

18. და არადელნი, და სამარეელნი, და ამათეფელნი და ამაათი, შედგომად მათსა განეთესნეს, ტომნი ქანანელთანი.

19. და იქმნნეს საზღვარნი ქანენელთანი სიდონისაგან და ვიდრე შესლვადმდე გერარად და ღაზად, და ვიდრე შესლვადმდე სოდომად და გომორად.

20. ადად და სებვომად - ესე ძენი ქამისნი ტომთა შინა მათთა და ენათა მათთა და სოფელთა მათთა.

21. და სემისსა იშუნეს მის-და-ცა მამისა ყოველთა ძეთა ებერისთასა, ძმისა იაფეთისა, ძმისა უხუცესისა.

22. ძენი სემისნი: ალიმ, და ასსურ, და არფაქსად, და ლუდდა, არამ და კაინან.

23. და ძენი არამისნი: ოს, და იულ, და ღათერ და მოსოხ.

24. და არფაქსად შვა სალაჲ. და სალა შვა ებერ.

25. და ებერისსა იშვნეს ორნი ძენი: სახელი ერთისა მის ფალეკ, რამეთუ დღეთა მისთა განინაწილა ქუეყანა და სახელი ძმისა მისისა იეკტან.

26. ხოლო იეკტან შვა ელმოდად, და სალეფ, და ასარმოთ, და იერარ.

27. და დორრა, და ღაზილ, და დეკლაჲ.

28. და გებარ, და აბიმეილ, და სავარ.

29. და უფირ, და ევილატ, და იობაბ ესე ყოველნი - ძენი იეკტანისნი.

30. და იქმნა დამკჳდრებაჲ მათი მასისითგან ვიდრე მოსულადმდე სოფირად, მთად აღმოსავლისად.

31. ესე ძენი სემისნი - ტომთა შინა მათთა, სოფელთა შინა მათთა და ნათესავთა შინა მათთა.

32. ესე ტომნი ძეთა ნოესთანი ნათესაობათაებრ მათთა თესლისაებრ მათისა. ამათგან განეთესნეს ჭალაკნი ნათესავთანი ქუეყანასა ზედა შემდგომად წყლით რღუნისა.