წინასწარმეტყველება დანიელისა

1

1. მეამესა შორის წელსა მეფობისა იოაკიმისსა, მეფისა იუდაჲსსა, მოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისა, იერუსალიმად და მოადგა მას.

2. და მისცა უფალმან ჴელსა შორის მისსა იოაკიმ, მეფე იუდაჲსაჲ, და კერძოჲ ჭურჭელთა სახლისა უფლისათაჲ, და შთაიხუნა იგინი ქუეყანად სენაარად, სახიდ ღმრთისა მისისა, და ჭურჭელნი შეიხუნა სახიდ საუნჯისა ღმრთისა თჳსისა.

3. და ჰრქუა მეფემან ასფანაქს, საჭურისმთავარსა თჳსსა, შეყვანებად ძეთაგან ტყუეობისა ისრაილისა და თესლისაგან მეფობისა და ფორთომმინთაგან

4. ჭაბუკთა, რომელთა არა იყოს მათ შორის ბიწი, და შუენიერთა ხილვითა და გულისხმიერთა ყოველსა შინა სიბრძნესა და მცოდნელთა მეცნიერებასა, და განმგონებელთა ცნობასა, რომელთა იყო მთავარშესატყჳსობაჲ მათ შორის დგომად სახლსა შინა მეფისასა, და სწავლად მათდა ნაწერნი და ენაჲ ქალდეველთაჲ.

5. და განუწესა მათ მეფემან დღისაჲ-დღითიდღედი ტაბლისაგან მეფისა, და ღჳნისაგან სასუმელისა მისისა და ზრდად მათდა სამ წელს და შემდგომად ამათსა დადგინებად მათდა წინაშე მეფისა.

6. და იყო მათ შორის ძეთა იუდაჲსათა: დანიილ, და ანანია, და აზარია და მისაელ.

7. და ზედ დაჰსხნა მათ საჭურისთმთავარმან სახელნი დანიელსა - ვალტასარ, და ანანიასა სედრაქ, და მისაილსა - მისაქ, და აზარიასა აბედნაქო.

8. და დაიდვა დანიილმან გულსა შორის თჳსსა, რაჲთა არა იუსიტყოს ტაბლისაგან მეფისა და ღჳნისაგან სასუმელისა მისისა, და ევედრა საჭურისთმთავარსა, რაჲთა არა სცეს მისგან.

9. და მისცა ღმერთმან დანიელს წყალობაჲ და შეწყნარება წინაშე საჭურისთმთავარისა

10. და ჰრქუა საჭურისთმთავარმან დანიილსა: მეშინის მე უფლისა ჩემისა მეფისა, დამაწესებელისა საჭმელსა თქუენსა და სასუმელსა. ნუსადა იხილნეს პირნი თქუენნი მჭმუნვარენი უფროს ყრმათა თანმოჰასაკეთა თქუენთასა და დასაჯოს თავი ჩემი მეფემან.

11. და თქუა დანიელმან ამელსადის მიმართ, რომელი დაადგინა საჭურისთმთავარმან დანიილის ზედა, ანანია, მისაილ და აზარიაჲსსა:

12. და გამოცადენ მონანი შენნი დღეთა ათთა, და მომეცემოდენ ჩუენ თესლთაგან, და ვჭამდეთ და წყალსა ვსუმიდეთ.

13. და იხილნედ წინაშე შენსა სახენი ჩუენნი, და სახენი ყრმათა მჭამელთანი ტაბლასა მეფისასა, და ვითარსახედცა იხილო, ქმენ ყრმათა შენთა თანა.

14. და ისმინა მათი სიტყჳსა ამისებრ და გამოცადნა იგინი ათთა დღეთა შინა.

15. და შემდგომად დასრულებისა ათთა დღეთასა იხილვნეს სახენი მათნი კეთილებ და ძლიერებ ჴორცნი უფროს ყოველთა მჭამელთასა ტაბლასა მეფისასა.

16. და იყო ამელსად აღმღებელი სერისა მათისა და ღჳნისა სასუმელისა მათისაჲ, და მისცემდა მათ თესლთა, და ყრმათა ოთხთა.

17. მისცა მათ ღმერთმან გულისხმის-ყოფაჲ და ცნობაჲ ყოველსა შინა ღრამმატიკოსობასა და სიბრძნესა. და დანიილ შეატყუებდა ყოველსა შორის ხილვასა და ძილისშორისსა.

18. და შემდგომად დასრულებისა დღეთაჲსა, რომელნი თქუნა მეფემან შესაყვანებელად მათდა, და შეიყვანნა იგინი საჭურისთმთავარმან წინაშე ნაბუქოდონოსორისსა,

19. და უბნობა-ყო მათ თანა მეფემან, და არა იპოვნეს ყოველთა მათგან მსგავსნი დანიილ და ანანია და მისაილ და აზარიაჲსნი, და დადგეს წინაშე მეფისა,

20. და ყოველსა შინა სიტყჳსა სიბრძნისა და ზედმიწევნულობისასა, რომელნი იძინა მათგან მეფემან, პოვნა იგინი ათწილქმნილნი უფროს ყოველთა მსახრვალთა და მოგუთა, მყოფთა ყოველსა შორის მეფობასა მისსა.

21. და იქმნა დანიილ ვიდრე წლამდე ერთად კჳროზ მეფის პირველისა.

2

1. წელსა შინა მეორესა მეფობისა ნაბუქოდონოსორისსა იძილისშორისა ნაბუქოდონოსორმან ძილისშორისი და განჰკრთა სული მისი და ძილი მისი განიქმნა მისგან.

2. და თქუა მეფემან მოწოდებაჲ მსახრვალთა და მოგუთა და მეწამლეთა და ქალდეველთაჲ მითხრობად მეფისა ძილისშორისი მისი, და მოვიდეს და დადგეს წინაშე მეფისა.

3. და ჰრქუა მათ მეფემან: ძილისშორისი ვიძილისშორისე და განჰკრთა სული ჩემი ცნობად ძილისშორისსა.

4. და ჰრქვეს ქალდეველთა მეფესა ასურებრ: მეფე, საუკუნეთამი ცოცხლებდ! შენ უთხარ ძილისშორისი ყრმათა შენთა და თანშეტყუება მისი მიგითხრათ.

5. მიუგო მეფემან და ჰრქუა ქალდეველთა: სიტყუა განმეყენა ჩემგან. უკუეთუ უკუე არა მაუწყოთ მე ძილისშორისი და თანშეტყუება მისი, წარსაწყმედელად იყუნეთ და სახლნი თქუენნი იავარ-იქმნენ.

6. ხოლო უკუეთუ ძილისშორისი და შეტყუება მისი მაუწყოთ მე, საცემელნი და ნიჭნი და მრავალი პატივი მიიღოთ ჩემგან, გარნა ძილისშორისი და თანაშეტყუება მისი მომითხართ მე. ბ

7. მიუგეს მეორედ და თქუეს: მეფემან უთხარნ ძილისშორისი ყრმათა მისთა და თანშეტყუება მისი მიუთხრათ.

8. და მიუგო მეფემან და ჰრქუა: ჭეშმარიტებისა თანა უწყი მე, ვითარმედ ჟამი თქვენი მოწევნულ არს, ვითარცა უწყით, რამეთუ განმეყენა ჩემგან სიტყუაჲ.

9. უკეთუ უკუე ძილისშორისი არა მომითხრათ მე, და უწყი, ვითარმედ სიტყვა მტყუარი და განხრწნილი თანდასდევით თქუმად წინაშე ჩემსა, ვიდრემდის არა ჟამი წარჴდეს, ძილისშორისი ჩემი მითხართ მე, და ვცნა, ვითარმედ თანშეტყუებასაცა მისსა მომითხრობთ მე.

10. მიუგეს კუალად ქალდეველთა წინაშე მეფისა და თქუეს: არა არს კაცი ჴმელსა ზედა, რომელი სიტყჳსა უწყებად მეფისა შემძლებელ იქმნეს, ვინაჲთგან ყოველი მეფე დიდი და მთავარი სიტყუასა ეგევითარსა არა ჰკითხავს ყოველსა მსახრვალსა, მოგუსა ქალდეველსა,

11. რამეთუ სიტყვა, რომელსა მეფე იკითხავს, მძიმე არს, და სხუა არა არს, რომელმან მიუთხრას იგი წინაშე მეფისა, გარნა თუ ღმერთნი, რომელთაჲ არა არს მკჳდრობაჲ ყოვლისა თანა ჴორცისა, ვინაჲცა არ ეგების ქმნაჲ, ვითარ ჰგონებ.

12. მაშინ მეფემან გულისწყრომისა მიერ და რისხვისა მრავლისა თქუა წარწყმედა ყოველთა ბრძენთა ბაბილონისათა,

13. და რწმენაჲ გამოვიდა და ბრძენნი მოიკლვოდეს, და იძინეს დანიილ და მოყუასნი მისნი სიკუდილად.

14. მაშინ დანიილმან მიუგო განზრახვაჲ და ჯერ-ჩინებაჲ არიოქს, მთავარმზარაულსა მეფისასა, რომელი გამოვიდა მოწყუედად ბრძენთა ბაბილონისათა, და ჰკითხვიდა მას მეტყუელი: მთავარო მეფისაო,

15. რაჲსათჳს გამოვიდა ჯერ-ჩინებაჲ ესე უსახური პირისაგან მეფისა? მაშინ აუწყა სიტყვა არიოქმან დანიილს.

16. და დანიილი შევიდა და ევედრა მეფესა, რჲთა ჟამი მისცეს მას და თანშეტყვება მისი მიუთხრას მეფესა.

17. და შევიდა დანიილი სახიდ თჳსა, და ანანიას და მისაილს და აზარიას აცნობა სიტყუა,

18. და წყალობათა ეძიებდა ღმრთისაგან ცისაჲსა საიდუმლოჲსა ამისთჳს, რათა არ წარწყმდენ დანიილი და მეგობარნი მისნი ნეშტთა თანა ბრძენთა ბაბილონისათა.

19. მაშინ დანიილსა ჩუენებასა შინა ღამისასა საიდუმლოჲ გამოეცხადა და აკურთხა ღმერთი ცისაჲ დანიილმან.

20. და თქუა: იყავნ სახლი ღმრთისაჲ კურთხეულ საუკუნითგან და ვიდრე საუკუნომდე, რამეთუ სიბრძნე და გულისხმის-ყოფაჲ და ძალი მისი არს

21. და იგი სცვალებს წამთა და ჟამთა, დაადგენს მეფეთა და გარდაადგენს, მისცემს სიბრძნესა ბრძენთა და ცნობასა მეცნიერთა გულისხმის-ყოფისათა,

22. იგი გამოაცხადებს ღრმათა და დაფარულთა, მეცნიერი ბნელისშინათაჲ, და ნათელი მის თანა არს.

23. შენ, ღმერთსა მამათა ჩემთასა, აღგიარებ და გაქებ, რამეთუ სიძრძნე, ძალი მომეც მე და მაუწყენ მე, რომელნი ვითხოენით შენგან და სიტყუაჲ მეფისაჲ მაუწყე მე.

24. და მოვიდა დანიილ არიოქის მიმართ, რომელი დაადგინა მეფემან წარწყმედად ბრძენთა ბაბილონისათა, და ჰრქუა მას: ბრძენთა მათ ბაბილონისათა ნუ წარსწყმედ, ხოლო შემიყვანე მე წინაშე მეფისა და თანშეტყუებაჲ ჩუენებისაჲ მიუთხრა მეფესა.

25. მაშინ არიოქმან სწრაფისა თანა შეიყვანა დანიილ წინაშე მეფისა და ჰრქუა მას: ვპოე მამაკაცი ძეთა შორის ტყუეობისა იუდაჲსთა, რომელმანცა თანშეტყუებაჲ მიუთხრას მეფესა.

26. და მიუგო მეფემან და ჰრქუა დანიილსა, რომლისა სახელი ვალტასარ: უკუეთუ ძალ-გიც თხრობად ჩემდა ძილისშორისი, რომელი ვიხილე, და თანშეტყუება მისი?

27. და მიუგო დანიილმან წინაშე მეფისა და თქუა: საიდუმლოჲ, რომელსა მეფე იკითხავს, არა არს ბრძენთა, მოგუთა, მსახრვალთა, ზაღარინელთაჲ მითხრობად მეფისა.

28. არამედ არს ღმერთი ცისა შორის გამომაცხადებელი საიდუმლოჲსაჲ. და აუწყნა მეფესა ნაბუქოდონოსორს, რომელნი ჯერ-არიან ქმნად უკუანაჲსკნელთა დღეთასა, ძილისშორისი შენი და ხილვაჲ თავისა შენისა საწოლსა ზედა შენსა, ესე არს, მეფე,

29. გულისზრახვანი შენნი საწოლსა შენსა ზედა აღვიდეს, რაჲ ჯერ-არს ქმნად ამათსა შემდგომად და გამომაცხადებელმან საიდუმლოთამან მაუწყნა მე, რომელთაჲ ჯერ-არს ქმნაჲ.

30. და მე არა სიბრძნისა მიერ მყოფისა ჩემ შორის უფროს ყოველთა ცოცხალთასა საიდმლოჲ ესე გამომიცხადა, არამედ თანშეტყუებასა უწყებისათჳს მეფესა, რაჲთა გულისზრახვანი გულისა შენისანი სცნნე.

31. შენ, მეფე, ჰხედევდ, და, აჰა, ხატი ერთი დიდი. და ხატი იგი და შესახედავი მისი საშინელ მდგომარე წინაშე პირსა შენსა, და ხილვაჲ მისი საშინელ, ხატი,

32. რომლისა თავი ოქროჲსა წმიდისა, ჴელნი და მკერდი და მკლავნი მისნი ვეცხლნი, მუცელი და თეძონი რვალისა,

33. და ბარკალნი რკინანი, ფერჴნი კერძოჲთა, რომლითამე უკუე რკინისანი, და კერძოჲთა კეცისანი.

34. ჰხედევდ, ვიდრე არა გამოეკუეთა ლოდი მთისაგან თჳნიერ ჴელთასა, და დაეკუეთა ხატსა ფერჴთა ზედა რკინისათა და კეცისათა, და დააწულილნა იგინი სრულიად.

35. მაშინ დამწულილდეს ერთბამად კეცი, რკინაჲ, რვალი, ვეცხლი, ოქროჲ, და იქმნეს, ვითარცა მტუერი კალოჲსაგან ზაფხულისაჲსა, და აღიღო იგი სიმრავლემან სულისამან, და ყოველი ადგილი არა იპოვა მათი, და ლოღი დაკუეთებული ხატისაჲ იქმნა მთა დიდ, და აღავსო ყოველი ქუეყანა.

36. ესე არს ძილისშორისი და თანშეტყუებაჲ მისი ვთქუათ წინაშე მეფისა.

37. შენ, მეფე, მეფეჲ მეფეთაჲ, რომელსა ღმერთმან ცისამან მეფობაჲ ძლიერი და მტკიცე და პატიოსანი მოგცა შენ.

38. ყოველსა შორის ადგილსა, სადა მკჳდრ არიან ძენი კაცთანი, მჴეცნი ველისანი, მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღჳსანი, მოგცნა ჴელსა შინა შენსა, და დაგადგინა შენ უფლად ყოველთა; შენ ხარ თავი ოქროჲსაჲ.

39. და შემდგომად შენსა აღდგეს მეფობაჲ სხუაჲ, უდარესი შენი, და მეფობაჲ მესამე, რომელ არს რვალი, რომელი ეუფლოს ყოველსა ქუეყანასა,

40. და მეფობაჲ მეოთხე იყოს ძლიერ, ვითარცა რკინაჲ, რამეთუ, ვითარსახედ რკინაჲ დაამწულილებს და დაჰმწყსის ყოველთა, ეგრეთ დაამწულილნეს და დამწყსნეს ყოველნი.

41. და რამეთუ იხილენ ფერჴნი და თითნი კერძოდ უკუე რკინისანი და კერძოდ კეცისანი - მეფობა განწვალებული იყო და ძირისაგან რკინისა იყო მის შორის, ვითარსახედ იხილე რკინაჲ, აღრეული კეცსა თიჴისასა,

42. და თითნი ფერჴთანი, ზოგნი უკუე რკინისანი, ხოლო ზოგნი კეცისანი, და ზოგი მეფობისაჲ იყოს ძლიერ, და მისგან იყოს შემუსრვილი.

43. და რამეთუ იხილე რკინა, აღრეული კეცსა თიჴისასა, თანაღრეულნი იყუნენ თესლთა შორის კაცთასა და არა იყვნენ თანაღწებულნი, ესრეთსახედ მათსა, ვითარ-იგი რკინა არ თანაღეზავების კეცსა.

44. და დღეთა შინა მათ მეფესათასა აღადგინოს ღმერთმან ცისამან მეფობა, რომელი საუკუნეთადმი არა განიხრწნას, და მეფობაჲ მისი ერსა სხუასა არა დაუშთეს და დააწულილნეს და განფიწლნეს მეფობანი ყოველნი, და იგი აღდგეს საუკუნეთადმი.

45. ვითარგუარად იხილეს, რამეთუ მთისაგან გამოეკუეთა ლოდი თჳნიერ ჴელთასა, და დააწულილა კეცი, რკინაჲ, რვალი, ვეცხლი, ოქროჲ, - ღმერთმან დიდმან აუწყა მეფესა, რომელთა ჯერ-არს ქმნა ამათი, და ჭეშმარიტი ძილისშორისი და სარწმუნო თანშეტყუებაჲ მისი.

46. მაშინ მეფე ნაბუქოდონოსორ დავარდა პირსა ზედა და დანიელსა თაყუანი-სცა და მანანაჲ და სულნელნი შეწირნა მისსა.

47. და მიმგებელმან მეფემან ჰრქვა მას: ჭეშმარიტებით ღმერთი თქუენი იგი არს ღმერთ ღმერთთა, და უფალი უფალთა, და მეუფე მეფეთა და გამომაცხადებელ საიდუმლოთა, რამეთუ შეუძლე გამოცხადებად საიდუმლოჲ ესე.

48. და განადიდა მეფემან დანიილ და საცემელნი დიდნი და მრავალნი მისცნა მას. და დაადგინა იგი ყოველსა ზედა სოფელსა ბაბილონისასა და მთავრად სატრაპესთა და ყოველთა ზედა ბრძენთა ბაბილონისათა.

49. და დანიილმან ითხოვა მეფისაგან და დაადგინნა საქმეთა ზედა სოფლისა ბაბილონისათა სედრაქ, მისაქ და აბედნაქო. და დანიილ იყო ეზოსა შინა მეფისა.

3

1. წელთა რვადაათთა ნაბუქოდონოსორ მეფემან ქმნა ხატი ოქროსაჲ, სიმაღლე მისი წყრთათა სამოცთა და სივრცე მისი წყრთათა ექუსთა. და აღდგა იგი ველსა შორის დეირასა, სოფელსა შინა ბაბილონსა.

2. და ნაბუქოდონოსორ მეფემან წარავლინა შეკრებად ყოველთა მის ქუეშეთა, და სატრაპეზთა, და ადგილისმთავართა, წინამძღვართა მძლავრთა, და ჴელმწიფებათზედათა და ყოველთა მთავართა სოფელთასა მოსლვად ენკენიათა ხატისათა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან.

3. და შეკრბეს ადგილისმთავარნი, ჳპატოსნი, სპასპეტნი, წინამძღუარნი დიდნი, ჴელმწიფებათზედანი, ყოველნი მთავარნი სოფელთანი მოსლვად ენკენიობასა ხატისასა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან, და დგეს წინაშე ხატისა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ.

4. და ქადაგი ჴმობდა ძლიერებისა თანა: თქუენ გეტყჳ, ნათესავთა, ერთა, ტომთა, ენათა,

5. რომელსაცა ჟამსა გესმასყე ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმონისა, და თანმეჴმეობისა და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა, დამრდომთა თაყვანის-ეცით ხატსა ოქროსასა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან.

6. და რომელმანცა არა თაყუანის-სცეს, მასვე ჟამსა შევარდეს საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა მგზებარისა.

7. და იყო, ოდეს ესმოდის ერთა ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმუნისა, და თანმეჴმეობისა, და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა, დამრდომნი ერნი, ტომნი, ენანი თაყვანის-სცემდეს ხატსა ოქროჲსასა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან წინაშე ამისსა.

8. მაშინ მოუჴდეს მამრნი ქალდეველნი და შეასმენდეს იუდეანთა, და მიმგებელთა ჰრქუეს მეფესა ნაბუქოდონოსორს:

9. მეფეჲ საუკუნეთადმი ცოცხლებდინ!

10. შენ, მეფე, დასდევ რწმენაჲ: ყოველმან კაცმან, რომელმანცა ისმინოს ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა, და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმუნისა, და თანმეჴმეობისა და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა,

11. დავარდეს და თაყუანი-სცეს ხატსა ოქროჲსასა; და რომელმან უკეთუ არდავრდომილმან თაყუანი-სცეს, შევარდეს საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა აგზებულისა.

12. არიან უკუე მამრნი იუდეანნი, რომელნი დაადგინენ საქმეთა ზედა სოფლისა ბაბილონისათა: სედრაკ, მისაკ, აბედნაქო; მათ მამრთა არა უსმინეს რწმენასა შენსა და ღმერთთა შენთა არმკუთველ არიან და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-სცემენ.

13. მაშინ ნაბუქოდონოსორ გულისწყრომისა თანა და რისხვისა თქუა მოყვანებად სედრაკ, მისაკ და აბედნაქოსი; და მამრნი იგი მოიყვანნეს წინაშე მეფისა.

14. და მიუგო ნაბუქოდონოსორ და ჰრქუა მათ: უკუეთუ ჭეშმარიტად, სედრაკ, მისაკ და ავდენაღო, ღმერთთა ჩემთა არამკუთნველ ხართ და ხატსა ოქროსასა, რომელი აღვსდგი, არ თაყუანის-სცემთ?

15. აწ უკუე, უკეთუ გაქუსყე მზად, რაჲთა, ვითარცა გესმასყე ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა, და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმუნისა, და თანმეჴმეობისა და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა, დავრდომილთა თაყუანი-სცეთ ხატსა, რომელი შევქმენ. ხოლო უკუეთუ არ თაყუანის-სცეთ, მასვე ჟამსა შესცჳვეთ საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა მგზებარისა. და ვინ არს ღმერთი, რომელმან განგარინნეს თქუენ ჴელთაგან ჩემთა?

16. და მიუგეს სედრაკ, მისაკ და ავდენაგო, მეტყუელთა, მეფესა ნაბუქოდონოსორსა: არა საჴმარად მაქუს ჩუენ სიტყჳსა ამისთჳს მიგებად შენდა,

17. რამეთუ არს ღმერთი ჩუენი ცათა შინა, რომელსა განმკუთნველ ვართ, შემძლებელი განრინებად ჩუენდა საჴმილისაგან ცეცხლისაჲსა მგზებარისა და ჴელთაგანცა შენთა მიჴსნნეს ჩუენ.

18. და უკუეთუ არა საცნაურ იყვნენ შენდა, მეფე, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვეკუთნვით და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-ვსცემთ.

19. მაშინ ნაბუქოდონოსორ აღივსო გულისწყრომითა და შესახედავი პირისა მისისა იცვალა სედრახს ზედა, მისაქს, ავდენაქოს, და თქუა აღგზნებად საჴმილი შჳდწილად, ვიდრე არა სრულიად აღატყდეს,

20. და მამრთა, ძლიერთა ძალითა, ჰრქუა, შემკრველთა სედრახ, მისახ, ავდენაღოჲსთა, შეთხევაჲ საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა მგზებარისა.

21. მაშინ მამრნი იგი შეიკრნეს სარავარებისა თანა მათისა, და ტიარებისა, და პერიკნიმებისა და შესამოსლებისა მათისა. და შევარდეს შორის საჴმილისა ცეცხლისაჲსა მგზებარისა,

22. ვინათგან სიტყუა მეფისა უფროს განძლიერდა და საჴმილი აღეტყინა შჳდწილ უმეტეს.

23. და კაცთა მათ შემასმენელთა სედრაქ მისაქ, ავდენაქოჲსთა მოსწყუედდა მათ ალი ცეცხლისაჲ გარემოს და მამრნი იგი, სედრაქ, მისაქ და აბედნაქო, შეცჳვეს საშუალ საჴმილისა ცეცხლისაჲსა მგზებარისა შეკრულნი.

24. და ვიდოდეს საშუალ მის ალისა, უგალობდეს ღმერთსა და აკურთხევდეს უფალსა.

25. და წარდგომილმან შორის მათსა აზარია ილოცა ესრეთ, და აღმაღებელმან პირისა თჳსისამან შორის ცეცხლისა თქუა:

26. კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, და ქებულ და დიდებულ არს სახელი შენი საუკუნეთამდი,

27. რამეთუ მართალ ხარ ყოველთა ზედა, რომელნი მიყვენ ჩუენ, და ყოველნი საქმენი შენნი ჭეშმარიტებ, და წრფელ გზანი შენნი და ყოველნი გზანი შენნი ჭეშმარიტებ.

28. და მშჯავრითა ჭეშმარიტებისათა ჰყავ ყოველთაებრ, რომელნი მოაწიენ ჩუენ ზედა, და ქალაქსა ზედა წმიდასა მამათა ჩუენთასა იერუსალიმსა, და რამეთუ ჭეშმარიტებისა მიერ და მსჯავრისა მოაწიენ ესე ყოველნი ჩვენ ზედა ცოდვათა ჩუენთათჳს,

29. რამეთუ ვცოდეთ და ვიუსჯულოეთ განდგომილთა შენგან და ვცოდვთ ყოველთაგან,

30. და მცნებათა შენთა არა ვისმინეთ, არცა დავიცევით, და არცა ვყავთ, ვითარ-იგი მამცენ ჩუენ, რაჲთა კეთილ იქმნეს ჩუენდა.

31. და ყოველნი, რავდენნი მოაწიენ ჩუენ ზედა, და ყოველნი, რავდენნი მიყვენ, მართლისა მიერ მსჯავრისა მიყვენ.

32. და მიმცენ ჩუენ ჴელთა მტერთა უსჯულოთა, ფიცხელთა, განდგომილთა და მეფისა ცრუსა და უუსჯულოესსა უფროს ყოვლისა ქუეყანისა.

33. და აწ არა არს ჩუენი აღება პირისა, სირცხჳლი და ყუედრება იქმნა მონათა შენთა და მმსახურებელთა შენთა.

34. ნუ განმცემ სრულიად სახელისა შენისათჳს და ნუ განაქარვებ აღთქმასა შენსა,

35. და ნუ განმაყენებ წყალობასა შენსა ჩუენგან აბრაჰამისთჳს შეყუარებულისა შენ მიერ, და ისაკ მონისა შენისა და ისრაილ წმიდისა შენისა,

36. რომელთა სთქუ მათდა მიმართ მეტყუელმან: განვამრავლო თესლი თქუენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი, და ვითარცა ქჳშა ბაგისა თანა ზღჳსა,

37. რამეთუ, მეუფეო, შევმცირდით უფროს ყოველთა ნათესავთა და ვართ მდაბალნი ყოველსა შორის ქუეყანასა დღეს ცოდვათა ჩვენთათჳს.

38. და არა არს ჟამსა ამას მთავარი, და წინაწარმეტყუელი, და წინამძღუარი, არცა ყოვლადდასაწველი, არცა მსხუერპლი, არცა შესაწირავი, არცა საკუმეველი, არცა ადგილი ნაყოფებად წინაშე შენსა.

39. და პოვნად წყალობაჲ, არამედ სულისა მიერ შემუსრვილისა და მბერავისა სიმდაბლისაჲსა შემიწყნარე,

40. ვითარცა ყოვლადდასაწველებისა მიერ ვერძთა და კუროთაჲსა, და ვითარცა ბევრებისა მიერ კრავთა პოხიერთაჲსა, ესრეთ იქმენინ მსხუერპლი ჩუენი წინაშე შენსა, უფალო, დღეს, და სრულ-ჰყავ შემდგომად შენსა, რამეთუ არა არს სირცხჳლი მოსავთა შენდამი.

41. და აწ შეგიდგთ ყოვლისა მიერ გულისა და გეშიშვით შენ და ვეძიებთ პირსა შენსა.

42. ნუ მარცხუენ ჩუენ, არამედ ყავ ჩუენ თანა სახიერებისაებრ შენისა და სიმრავლისაებრ წყალობისა შენისა,

43. და განმარინენ ჩუენ საკჳრველებათაებრ შენთა და ეც დიდებაჲ სახელსა შენსა, უფალო!

44. და სირცხჳლეულ იქმნედ ყოველნი მაჩუენებელნი მონათა შენთა ძჳრებსა და კდემულ იყუნენ ყოვლისაგან მძლავრებისა, და ძალი მათი შემუსრენ.

45. ცნედ, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი მხოლო და დიდებული ყოველსა ზედა მკჳდროანსა.

46. და არ დასცხრებოდეს, რომელთა შესთხინეს მსახურნი მეფისანი, მაგზებელნი საჴმილსა, ნავთსა და ფისსა, ნაძეძსა და ნასხლევსა.

47. და გარდაეცემოდა ალი ზედაჲთ საჴმილისა წყრთათა ორმეოცდაცხრათა,

48. და მოგზნნა და მოწუნა, რომელნი პოვნა გარემოჲს საჴმილისა ქალდეველთაგანნი,

49. ხოლო ანგელოზი უფლისაჲ თანაშთავიდა მყის აზარიაეთსა საჴმილად მიმართ და განყარა ალი ცეცხლისა საჴმილისაგან.

50. და ყო შორის საჴმილისა, ვითარცა სული ცუარისა, ვითარცა-რაჲ მსტჳნავი, და არ შეეხო მათ ყოვლითურთ ცეცხლი მათდა, და არ შეაწუხნა იგინი და არ აღაშფოთნა იგინი.

51. მაშინ სამნივე, ვითარცა ერთისაგან პირისა, აქებდეს და აკურთხევდეს და ადიდებდეს ღმერთსა, საჴმილსა შორის მეტყუელნი:

52. კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, და ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა, და კურთხეულ სახელი დიდებისა შენისა წმიდაჲ და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა,

53. კურთხეულ ხარ ტაძარსა შორის წმიდისა დიდებისა შენისასა, და ზეშთა ქებულ და ზეშთა დიდებულ საუკუნეთა,

54. კურთხეულ ხარ მხედველი უფსკრულთა, მჯდომარე ქერაბინთა ზედა, და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა,

55. კურთხეულ ხარ საყდარსა ზედა მეფობისა შენისასა და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა,

56. კურთხეულ ხარ სამყაროსა შორის ცისასა და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა.

57. აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლსანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

58. აკურთხევდით ანგელოზნი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

59. აკურთხევდით ცანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

60. აკურთხევდით წყალნი ყოველნი, ზეშთაზენი ცათანი, უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

61. აკურთხევდით ყოველნი ძალნი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

62. აკურთხევდით მზე და მთოვარე უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

63. აკურთხევდით ვარსკულავნი ცისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

64. აკურთხევდით ყოველნი წჳმანი და ცუარი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

65. აკურთხევდით ყოველნი ქარნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

66. აკურთხევდით ცეცხლი და სიცხე უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

67. აკურთხევდით ნეფხუა და მწველი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

68. აკურთხევდით ცუარნი და ღრუბელნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

69. აკურთხევდით ყინელი, ნეფხვა უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

70. აკურთხევდით თრთჳლნი და თოვლნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

71. აკურთხევდით ღამენი და დღენი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

72. აკურთხევდით ნათელი და ბნელი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

73. აკურთხევდით ელვანი და ღრუბელნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

74. აკურთხევდით ქუეყანაჲ უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

75. აკურთხევდით მთანი და ბორცვნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

76. აკურთხევდით ყოველნი მცენარენი ქუეყანისა შორის უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

77. აკურთხევდით წყაროები უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

78. აკურთხევდით ზღუანი და მდინარენი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

79. აკურთხევდით ვეშაპნი და ყოველნი მოძრავნი წყალთა შორის უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

80. აკურთხევდით ყოველნი მფრინველნი ცისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

81. აკურთხევდით მჴეცნი და ყოველნი საცხოვარნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

82. აკურთხევდით ძენი კაცთანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

83. აკურთხევდით ძენი ისრაჱლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

84. აკურთხევდით მღდელნი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

85. აკურთხევდით მონანი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

86. აკურთხევდით სულნი და მბერავნი მართალნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

87. აკურთხევდით ღირსნი და მდაბალნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

88. აკურთხევდით ანანია, აზარია და მისაილ უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა, რამეთუ განმარინნა ჩვენ ჯოჯოხეთისაგან და ჴელისა სიკუდილისაჲსა მაცხოვნნა ჩუენ, და გამომიჴსნნა ჩუენ საშუალ მგზებარისაგან ალისა და საშუალისაგან ცეცხლისა მიჴსნნა ჩუენ.

89. აღუარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.

90. აკურთხევდით მსახურებელნი უფალსა ღმერთსა ღმერთთასა, უგალობდით და აღუარებდით, რამეთუ ყოველთა საუკუნეთადმი წყალობა მისი.

91. და ნაბუქოდონოსორსა ესმა მგალობელთა და დაუკჳრდა. და აღდგა სწრაფისა თანა და ჰრქუა დიდ-დიდთა თჳსთა: არა მამრნი სამნი შევსთხიენითა საშუალ ცეცხლისა შებორკილებულნი? და ჰრქუეს მეფესა: ჭეშმარიტად, მეფე.

92. და მიმგებელმან თქუა მეფემან: ხოლო ვითარმე ვხედავ მამრთა ოთხთა ჴსნილთა და მოარულთა საშუალ ცეცხლისა და განყოფილებაჲ არა არს მათ შორის? და ხილვაჲ მეოთხისაჲ მსგავს არს ძისა ღმრთისა.

93. მაშინ მოუჴდა ნაბუქოდონოსორ კარისა მიმართ საჴუმილისა ცეცხლისაჲსა მგზებარისა და თქუა: სედრაქ, მისაქ, აბედნაქო, მონანი ღმრთისა მაღლისანი, გამოვედით და მოვედით! და გამოვიდეს სედრაქ, მისაქ, აბედენაქო საშუალისაგან ცეცხლისა.

94. და შემოკრბეს სატრაპესნი და სპისმყუანნი, და ადგილისმთავარნი და ძლიერნი მეფისანი და ჰხედვიდეს მამაკაცთა მათ, რამეთუ ვერ ეუფლა ცეცხლი სხეულთა მათთა, და თმაჲ თავისა მათისაჲ არ შეიტუსა და სარავარნი მათნი არა განირყუნეს, და საყნოსი ცეცხლისაჲ არა იყო მათ შორის.

95. და თაყვანის-სცა წინაშე მათსა მეფემან უფალსა, და მიუგო ნაბუქოდონოსორ და თქუა: კურთხეულ არს ღმერთი სედრაქ, მისაქ და აბედნაქოსი, რომელმან მოავლინა ანგელოზი მისი და განარინნა მონანი მისნი, რამეთუ ესვიდეს მისდამი, და სიტყუა მეფისა უგულებელს-ყვეს და განსცნეს სხეულნი მათნი, რათა არა მკუთნველ იქმნენ, არცა თაყუანის-სცენ ყოველსავე ღმერთსა, არამედ ღმერთსა ხოლო მათსა.

96. და მე დავსდებ რწმენასა, რაჲთა ყოველმან ერმან, ტომმან, ენამან, რომელმან უკუეთუ თქუას გმობაჲ ძჳნად ღმრთისა სედრაქ, მისაქ და აბედნაქოსსა, წარსაწყმედელად იყოს და სახლნი მათნი დასატაცებელად, ვინათგან არა ვინ არს ღმერთი სხუაჲ, რომელიმცა შემძლებელ იყოს ჴსნად ესრეთ.

97. მაშინ მეფემან წარმართნა სედრაქ, მისაქ და აბედნაქო სოფელსა მას ბაბილოვნისასა და აღაორძინნა იგინი და ღირს-ყო წინამძღუანვად ყოველთა ჰურიათა, რომელნი იყვნეს სამეფოსა ქუეშე მისსა:

98. ნაბუქოდონოსორ მეფე ყოველთა ერთა, ტომთა, ენათა, მყოფთა ყოველთა შორის ქუეყანასა, მშჳდობა თქვენი განმრავლდინ.

99. სასწაულნი და ნიშნი, რომელნი ქმნნა ღმერთმან მაღალმან ჩემ თანა, სათნო იქმნა წინაშე ჩემსა მითხრობად თქუენდა,

100. ვითარცა დიდნი და ძლიერნი, და ვითარცა დიდ და ძლიერ არს მეფობა მისი. მეფობა მისი - მეფობა საუკუნე და ჴელმწიფება მისი ნათესავამდე და ნათესავად.

4

1. მე, ნაბუქოდონოსორ, წარმართებით ვიყავ სახლსა შორის ჩემსა და კეთილმყუავან საყდარსა ზედა ჩემსა.

2. ძილისშორისი ვიხილე და შემაშინა მე. და შევშფოთენ საწოლსა ზედა ჩემსა და ხილვათა თავისა ჩემისათა აღმაშფოთეს მე.

3. და ჩემ მიერ დაიდვა რწმენაჲ შემოყვანებად წინაშე ჩემსა ყოველთა ბრძენთა ბაბილონისათა, რაჲთა თანშეტყუებაჲ ძილისშორისისაჲ მაუწყონ მე.

4. და შემოვიდოდეს მსახრვალნი, მოგუნი, ღაზარისნი, ქალდეველნი, და ძილისშორისი მე ვთქუ წინაშე მათსა, და თანშეტყუება მისი არა მაუწყეს მე,

5. ვიდრე არა სხუაჲ ვინმე შემოვიდა წინაშე ჩემსა დანიილი, რომლისა სახელი ვალტასარ, სახელისაებრ ღმრთისა ჩუენისა, რომელსა სული ღმრთისა წმიდაჲ აქუს მის შორის და მე ძილისშორისი წინაშე მისსა ვთქუ.

6. ვალტასარ, მთავარო მსახრვალთაო, რომლისა მე უწყი, ვითარმედ სული ღმრთისაჲ წმიდაჲ შენ შორის და ყოველი საიდუმლო არშეუძლებელ არს შენდა, ისმინე ხილვაჲ ძილისშორისისაჲ, რომელი ვიხილე და თანშეტყუება მისი მითხარ მე.

7. და ხილვანი თავისა ჩემისანი საწოლსა ჩემსა ზედა, ვხედევდ, და, აჰა, ხე შორის ქუეყანისა და სიმაღლე მისი მრავალ.

8. განდიდნა ხე და განძლიერდა; და სიმაღლე მისი მისწუდა ვიდრე ცამდე და სივრცე მისი კიდეთა ყოვლისა ქუეყანისათა,

9. ფურცელნი მისნი შუენიერებ და ნაყოფი მისი მრავალ, და საზრდელი ყოველთაჲ მის შორის და მის ქუეშე დაიმკჳდრებდეს მჴეცნი ველურნი და რტოთა მისთა შორის მყოფობდეს მფრინველნი ცისანი, მისგან იზრდებოდა ყოველი ჴორცი.

10. ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა სარეცელსა ზედა ჩემსა, და, აჰა, ირისე და წმიდაჲ ცით გამო გარდამოვიდა,

11. და ჴმა-ყო ძალისა თანა და ესრეთ თქუა: მოჰკუეთეთ ხე ეგე და მოჰკაფენით რტონი მისნი და შთამობერტყენით ფურცელნი მისნი და განაბნიენით ნაყოფნი მისნი! შეიძრნედ მჴეცნი ქუეშე კერძო მისსა და მფრინველნი რტოთაგან მისთა,

12. თჳნიერ მორჩი ძირთა მისთა შორის ქვეყანისა მიუშჳთ და საკრველისა შორის რკინისა და რვალისაჲსა და მწუანვილისა შორის გარისა და ცუარისა შორის ცისაჲსა სადგურიანობდეს; და მჴეცთა თანა ნაწილი მისი თივასა შორის ქუეყანისასა.

13. გული მისი კაცთაგან იცვალოს და გული მჴეცისა მოეცეს მას. და შჳდნი ჟამნი იცვალნენ მის ზედა.

14. თანშეტყუებისა მიერ ირისე სიტყუაჲ და თქმული წმიდათაჲ ზედნაკითხი, რაჲთა ცნან ცოცხალთა, ვითარმედ უფალ არს მაღალი მეფობისა კაცთაჲსა და, ვისიცა სთნდეს, მისცემს მას და შეურაცხებაჲ კაცთაჲ აღადგინის მის ზედა.

15. ესე ძილისშორისი ვიხილე მე, მეფემან ნაბუქოდონოსორ, და შენ, ვალტასარ, თქუ შეტყუება წინაშე, რამეთუ ყოველნი ბრძენნი მეფობისა ჩემისანი ვერ შემძლებელ არიან თანშეტყუებასა მისსა ცხად-ქმნად ჩემდა, ხოლო შენ, დანიელო, ძალ-გიც, რამეთუ სული ღმრთისაჲ წმიდაჲ შენ შორის.

16. მაშინ დანიილ, რომლისა სახელი ვალტასარ, დაყმუნდა ვითარ ჟამ ერთ და გულისზრახვანი მისნი შეაშფოთებდეს მას. და მიუგო მეფემან და ჰრქუა: ვალტასარ, ძილისშორისი და თანშეტყუებაჲ მისი ნუ აგაჩქარებენ შენ. და მიუგო ვალტასარ და თქვა: უფალო, ძილისშორისი ესე მოძულეთა შენთა და თანშეტყუება მისი მტერთა შენთა.

17. ხე, რომელ იხილე განდიდებული და განძლიერებული, რომლისა სიმაღლე მისწუთა ცამდე, და სივრცე მისი ყოვლისა ქუეყანისადმი,

18. და ფურცელნი მისნი კეთილმცენნი, და ნაყოფი მისი მრავალ და საზრდელი ყოველთა მის შორის, ქუეშე მისსა მკჳდრ იყუნეს მჴეცნი ველურნი და რტოთა შორის მისთა მყოფობდეს მფრინველნი ცისანი,

19. შენ ხარ, მეფე, რამეთუ განსდიდენ და განძლიერდი და სიდიდე შენი განდიდნა და მისწუდა ცად მიმართ და უფლება შენი კიდეთა მიმართ ქუეყანისათა.

20. და რამეთუ იხილა მეფემან ირისე და წმიდაჲ გარდამომავალი ზეცისაგან, და თქუა: დაკაფეთ ხე და განხრწენით იგი, თჳნიერ მორჩი ძირთა მისთა ქუეყანისა შორის აცადეთ და საკრველისა მიერ რკინისა და რვალისაჲსა, და მწუანვილითა გარისაჲთა და ცუარისა მიერ ცისაჲსა სრულიად გუარიანობდეს, და მჴეცთა თანა ველურთა ნაწილი მისი, ვიდრე არა შჳდნი ჟამნი იცვალნენ მის ზედა.

21. ესე თანშეტყუება მისი, მეფე, და თანშეტყუება მაღლისა არს, რომელი მოიწია უფალსა ჩემსა ზედა მეფესა.

22. და შენ განგდევნონ კაცთაგან და მჴეცთა თანა ველურთა იყოს მკჳდრობა შენი. და თივასა, ვითარცა ზროხასა, გაჭამებდენ შენ და ცუარისაგან ცისა სხეული შენი შეიღებოს. და შჳდნი ჟამნი იცვალნენ შენ ზედა, ვიდრემდის სცნა, ვითარმედ უფალ არს მაღალი მეფობისა კაცთაჲსა და, რომლისაჲცა სთნდის, მისცის იგი.

23. და რამეთუ თქუა: აცადოთ მორჩი ძირთა ხისათაჲ. მეფობა შენი შენ გიგებდეს, ვიდრემდის სცნობდე ჴელმწიფებასა ზეციერსა.

24. ამისთჳს, მეფე, განზრახვაჲ ჩემი სათნო-გეყავნ შენ. და ცოდვანი შენნი მოწყალებითა იჴსნენ და უსამართლოებანი შენნი შეწყნარებითა დავრდომილთა თანა, ნუუკუე სულგრძელ ექმნის შეცოდებათა შენთა.

25. ესე ყოველნი მოიწინენ ნაბუქოდონოსორსა ზედა მეფისასა,

26. შემდგომად ათორმეტთა თთუეთასა ტაძარსა შინა მეფობისა მისისასა ბაბილონს შინა მავალ იყო.

27. და მიუგო მეფემან და თქუა: არა ესე არსა ბაბილონი დიდი, რომელი მე აღვაშენე სახლად სამეუფოდ სიმტკიცისა მიერ ძალისა ჩემისაჲსა პატივად დიდებისა ჩემისა?

28. ვიდრე იყოღა სიტყჳსა პირსავე შინა მეფისასა ყოფასა, ჴმაჲ წამებდა ზეცით: შენ გერქუმის ნაბუქოდონოსორ მეფე; მეფობა შენი წარჴდა შენგან,

29. და კაცთაგან განგდევნონ შენ, და მჴეცთა თანა ველურთა იყოს მკჳდრობა შენი და თივასა, ვითარცა ზროხასა, გაჭამებდენ შენ, და შჳდნი ჟამნი იცვალნენ შენ ზედა, ვიდრე არა სცნა, ვითარმედ უფალ არს მაღალი მეფობასა კაცთაჲსა და, რომლისა სთნდეს, მისცემს მას.

30. მასვე ჟამსა სიტყუაჲ შესრულდა ნაბუქოდონოსორის ზედა, და კაცთაგან განიდევნა, და თივასა, ვითარცა ზროხა, ჭამდა, და ცუარისაგან ცისა სხეული მისი შეიღებვოდა, და თმანი მისნი, ვითარცა ლომთანი, განდიდნეს, და ფრჩხილნი მისნი, ვითარცა მფრინველთანი. ზ

31. და შემდგომად დღეთასა მე, ნაბუქოდონოსორ, თუალნი ჩემნი ცად მიმართ აღვიხუენ და გრძნობანი ჩემნი მოიქცეს ჩემდამო, და მაღალი ვაკურთხე, და მცხოვნი საუკუნოდ ვაქე და ვადიდე, რამეთუ ჴელმწიფება მისი ჴელმწიფება საუკუნე, და მეფობა მისი ნათესავად და ნათესავად.

32. და ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანისანი, ვითარცა არარა, შეირაცხნეს და ნებისაებრ მისისა ჰყოფს ძალსა შორის ცისასა და მკჳდრობასა შორის ქუეყანისასა და არა არს, რომელი წინადაუდგეს ჴელსა მისსა და ჰრქუას მას: რაჲ ჰყავ?

33. მას ჟამსა გრძნობანი ჩემნი მოიქცეს ჩემდამო, და პატივად მეფობისა ჩემისა მოვედ, და შესახედავი ჩემი მოიქცა ჩემ ზედა, და მძლავრნი ჩემნი და დიდებულნი ჩემნი მეძიებდეს მე, და მეფობასა ჩემსა ზედა განვმტკიცენ, და სიდიდე უმეტესი მომემატა მე.

34. აწ მე, ნაბუქოდონოსორ, ვაქებ და ზეშთა ავამაღლებ და ვადიდებ მეფესა ცისასა, რამეთუ ყოველნი საქმენი მისნი ჭეშმარიტებ და ალაგნი მისნი მსჯავრ, და ყოველთა მავალთა ამპარტავანებით შემძლებელ არს დამდაბლებად.

5

1. ვალტასარ მეფემან უქმნა სერი დიდი დიდებულთა მისთა მამრთა ათასთა და წინაშე ათასთასა ღჳნოჲ, და მსუმელმან ვალტასარ მეფემან გემებათა შინა ღჳნისასა

2. ბრძანა შემოხუმად ჭურჭელთა ოქროჲსა და ვეცხლისათა, რომელნი გამოიღო ნაბუქოდონოსორმან, მამამან მისმან, ტაძრისაგან იერუსალჱმისა, და სუმიდეს მათ მიერ მეფე და დიდებულნი მისნი, და თანამწოლნი მისნი და ხარჭნი მისნი.

3. და მოიღეს ჭურჭელნი ოქროსანი და ვეცხლისანი, რომელი გამოღებულ იყო ტაძრისაგან ღმრთისა, რომელი იერუსალჱმს, და სუეს მეფემან და დიდებულთა მისთა, და ხარჭთა მათთა და თანამწოლთა მათთა,

4. სუმიდეს ღჳნოსა და აქებდეს ღმერთთა ოქროსათა, და ვეცხლისათა, და რვალისა, და რკინისათა, და ძელისათა და ქვისათა.

5. მას ჟამსა შინა გამოვიდეს თითნი ჴელისა კაცისანი და წერდეს პირისპრ ლამპრისა, საგოზელსა ზედა კედლისასა სახლისა მეფისაჲსა და მეფე ხედვიდა თითთა მათ ჴელისა მწერლისასა.

6. მაშინ შესახედავი მეფისა შეიცვალა, და გულისზრახვანი მისნი აღშფოთებულ იქმნეს, და სანაწევრონი წელთა მისთანი ყოვლითურთ დაიჴსნებოდეს და მუჴლნი მისნი ერეკებოდეს.

7. და ღაღად-ყო მეფემან ძლიერად შეყუანება მოგუთა, ქალდეველთა, და ღაზარინელთა. მიუგო მეფემან და ჰრქუა ბრძენთა ბაბილონისათა, ვითარმედ: ყოველმან კაცმან, რომელმან წარიკითხოს ნაწერი ესე და თანშეტყუება მისი მაუწყოს მე, პორფირი შეიმოსოს და მანიაკი ოქროსაჲ ქედსა ზედა მისსა, და მესამედ მთავრობდეს მეფობასა შორის ჩემსა.

8. და შევიდოდეს ყოველნი ბრძენნი მეფისანი და ვერ შეუძლებდეს წარკითხვასა ნაწერისასა, ვერცა თანშეტყუებასა უწყებად მეფისა.

9. და მეფე ვალტასარ აღშფოთნა და შესახედავი მისი იცვალა მის ზედა და დიდებულნი მისნი შეშფოთნებოდეს. გ

10. და მეფეაჲ პირისპირ სიტყუათა მეფისათა და დიდებულთა მისთასა სახიდ სუმისაჲსა შევიდა. და მიუგო მეფეამან და ჰრქუა: მეფე, საუკუნოთადმი ცოცხლებდ, ნუ აღგაშფოთებენ შენ გულისზრახვანი შენნი და შესახედავი შენი ნუ იცვალებინ.

11. არს მამაკაცი მეფობისა შენსა ქუეშე, რომლისა შორის სული ღმრთისაჲ წმიდაჲ არს მის თანა. და დღეთა შინა მამისა შენისათა მღჳძარებაჲ და გულისხმის-ყოფაჲ იპოა მის შორის და მეფემან ნაბუქოდონოსორმა, მამამან შენმან, მთავრად მსახრვალთა, მოგუთა და ქალდეველთა და ღაზარინელთა დაადგინა იგი.

12. რამეთუ სული მეტი არს მის შორის და ცნობაჲ და გულისხმის-ყოფაჲ თანშემტყუები ძილისშორისთა და მიმთხრობი დაფარულთაჲ, და განმჴსნელი საკრველთაჲ - დანიელ. და მეფემან დასდვა მას სახელი ვალტასარ. აწ იწოდენ დანიელი და თანაშეტყუებაჲ მიგითხრას შენ. დ

13. მაშინ დანიელ შეიყვანა წინაშე მეფისა და მეფემან ჰრქუა დანიილს: შენ ხარა დანიელ, ძეთაგანი ტყუეობისა იუდაჲსათაჲ, რომელი წარმოიღო მეფემან, მამამან ჩემმან, იუდეაჲთ?

14. და მესმა შენთჳს, ვითარმედ სული ღმრთისაჲ შენ შორის არს და მღჳძარებაჲ, და გულისხმის-ყოფაჲ და სიბრძნე ნამეტნავი იპოვა შენ შორის.

15. და აწ შემოვიდეს წინაშე ჩემსა ბრძენნი მოგუნი, ღაზარინელნი, რაჲთა წერილი ესე აღმოიკითხონ. და თანაშეტყუება მისი მამცნონ მე, და ვერ შეუძლეს შეტყუებასა სიტყჳსასა მოთხრობად ჩემისა.

16. და მე მესმა შენთჳს, ვითარმედ ძალ-გიც მსჯავრთა თანშეტყუებად და დაჴსნად საკრველთა. და აწ შემძლებელ თუ იქმნე წარკითხვად წერილისა ამის და თანშეტყუებასა მისსა უწყებად ჩემდა, პორფირი შეიმოსო და მანიაკი ოქროსაჲ იყოს ქედსა ზედა შენსა, და მესამედ ჰმთავრობდე მეფობასა შინა ჩემსა. ე

17. მაშინ მიუგო დანიელმან და თქუა წინაშე მეფისა: საცემელნი შენნი შენდა იყუნენ, და ნიჭნი სახლისა შენისაჲ სხუათა მიეც, ხოლო მე ნაწერი წაუკითხო მეფესა და შეტყუებაჲ მისი გამცნო შენ.

18. მეფე, ღმერთმან მაღალმან მეფობა, და სიდიდე და პატივი, და დიდება მისცა ნაბუქოდონოსორს, მამასა შენსა.

19. და სიდიდისაგან, რომელი მისცა მას, ყოველნი ერნი, ტომნი, ენანი იყუნეს მძრწოლარენი და მოშიშნი პირისაგან მისისა, რომელთა ენება, მას მოჰკლვიდა, და რომელთა ენება, სცემდა, და, რომელთა ენება, მას აღამაღლებდა, და, რომელთა ენება, მას დაამდაბლებდა.

20. და ოდეს ამაღლდა გული მისი და სული მისი განძლიერდა გაამპარტავნებად შთამოქუევდა საყდრისაგან მეფობისა მისისა და პატივი მისი მიეღო მისგან,

21. და კაცთაგან განიდევნა, და გული მისი მჴეცთა თანა მიეცა, და ვირთა თანა ველურთა მკჳდრობა მისი, და თივასა, ვითარცა ზროხასა, აჭამებდეს მას და ცუარისაგან ცისა სხეული მისი შეიღება, ვიდრეღა ცნა, ვითარმედ უფლებს ღმერთი მაღალი მეფობასა ზედა კაცთასა და, რომლისაცა უნდეს, მისცეს მას.

22. და შენ, ძეო მისო ვალტასარ, არ დაიმდაბლე გული შენი წინაშე ღმრთისა, რომელმან ესე ყოველნი იცოდენ,

23. და უფალსა და ღმერთსა ცათასა აჰმაღლდი, და ჭურჭელნი სახლისა მისისანი მოიხუენ წინაშე შენსა, და შენ, და დიდებულნი შენნი, და თანამყოფნი შენნი და ხარჭნი შენნი ღჳნოსა სუემდით მათ მიერ, და ღმერთთა ოქროსა და ვეცხლისა, რვალისა და რკინისა, და ძელისა და ქვისათა, რომელნი არა ჰხედვენ, და არა ესმის და არა იცნობენ, აქებდით. ხოლო ღმერთი, რომლისა მშჳნვაჲ შენი ჴელსა შინა მისსა და ყოველნი გზანი შენნი, იგი არა ადიდე.

24. ამისთჳს პირისაგან მისისა მოივლინა უსაქციელოჲ ჴელი და ნაწერი მისი დასახა.

25. და ესე არს ნაწერი დასახული: მაკი, თეკელ, ფარეს.

26. და ესე თანშეტყუებაჲ სიტყჳსაჲ: მაკი - განზომა ღმერთმან მეფობა შენი და აღავსო იგი.

27. თეკელ - აღწონა უღლითა და იპოვა მოკლებულად.

28. ფარეს - განიწვალა მეფობაჲ შენი და მიეცა მიდთა და სპარსთა.

29. და თქუა ვალტასარმან, და შეჰმოსეს დანიელსა პორფირი, და მანიაკი ოქროჲსაჲ გარემოსდვეს გარემოს ქედისა მისისა, და ქადაგა მისთჳს ყოფად იგი მესამედ მთავრად სამეფოსა შინა.

30. ამას ღამესა შინა მოიკლა ვალტასარ, მეფე ქალდეველი.

31. და დარიოს მიდმან მიიღო მეფობა, მყოფმან წელთა სამეოცდაორთად.